Blog Archives

ცოცხალი კადრი

ზღვა, უღრუბლო ცა და შენ…

ვხედავ შენს სახეს ცის ფონზე, ბედნიერ ღიმილს და მინდა დავაფიქსირო.

და მერე ეს ფოტო სულ თან მქონდეს…

ვიღებ ბევრ ფოტოს და შენ გგონია ვმაიმუნობ. არადა არც ერთი არ გამომდის ისეთი, როგორიც მინდა…

მზე, ზღვა, უღრუბლო ცა და შენ…

თბილი ღიმილი ცის ფონზე…

მინდა ეს კადრი გადავიღო, მაგრამ სხვანაირი გამოდის…

გეხუტები და ვხვდები, რომ არაფერია თუ ასეთი ფოტო არ მექნება. სამაგიეროდ, ვეცდები ასეთი კადრი მქონდეს სულ, ცოცხალი კადრი…

ჩვენი ჩრდილი ქვიშაზე და ზღვის ხმა…

მე ის კადრი მაქვს…

“თბილი”სამდე…

ზღვა და ცა თითქოს გაერთიანდა, გაერთფერდა. ზღვის ჰორიზონტის ხაზი სადღაც გამქრალა და მანქანის მინიდან გაშლილი სივრცე ჩანს, თითქოს უკიდეგანო, რომელსაც კოპლებივით ამჩნევია თოლიები. მოძრავი, თეთრი კოპლებივით.

ასფალტზე ხეების და შენობების ჩრდილები არც სიმაღლის მიხედვითაა ჩალაგებული და არც ფორმის. ისე, უბრალოდ.

მანქანაში რომელიღაც რადიოს რომელიღაც წამყვანის მონოტონური ხმა ისმის, მინის იქით კი ხეები საწინააღმდეგო მიმართულებით გარბიან. მგზავრობა და ეს ყველაფერი თვლემას იწვევს…

… რომ გამეღვიძა, სიზმარში მეგონა თავი. ფანჯრის მინის მიღმა დათოვლილი ნაძვები ჩანდა, ტყისკენ მიმავალი ბილიკი კი ჯერ კიდევ გაუკვალავი თოვლით იყო დაფარული.

“სიზმარი” მალევე ცხადად იქცა, რადგან ეს ყველაფერი გზის განაპირა მხარეს იყო და თვალების კარგად მოფშვნეტის გარეშეც კი ცხადი იყო, რომ მანქანა ასე კომფორტულად მხოლოდ გაწმენდილ ასფალტზე ივლიდა.

ხოდა, მე და ჩემი თანამგზავრები მინაზე ცხვირმიჭყლეტილები ვიყურებოდით ტყისკენ და ფიქრებით ვმოგზაურობდით საკმაოდ ახლო ტერიტორიაზე 🙂

სადღაც სურამთან თოვლი უფრო ახლოს იყო გზასთან და ჩვენც იმდენი ვიწუწუნეთ, მანქანა გააჩერეს და საგუნდაოდ ჩავედით. ის-ის იყო სუფთა და ხელ-ფეხ შეუხებელ თოვლში გადავედით და გუნდების გამზადება დავიწყეთ, რომ ფრაზა ავისმომასწავლებელი ფრაზა გავიგეთ – “ხომ გინდოდათ გუნდაობა?” და რამდენიმე წამში თოვლში ჩაფლულები აღმოვჩნდით 😀 გუნდაობაც დაწყებული არ იყო, ისე მორჩა, რადგან როგორც კი ფეხზე წამოვდექით, წივილ-კივილით შევცვივდით მანქანაში. საოცარია, მარა თოვლი ცივი იყო 😀

ვერც ერთი დელიკატესი ვერ შეედრება გაყინული ხელებით დაგლეჯილ თბილ ნაზუქებს 😀 ასე გემრიელად არასდროს მიჭამია, მით უმეტეს ნაზუქები.

შიმშილ და სიცივე დაძლეულებს სიმღერა და ცეკვაც მოგვინდა, იმ იგავ-არაკის არ იყოს. ხოდა, უბედური “ოპელის” (თურმე :D) სკამებზევე დავიწყეთ ცეკვა, მერე კი გაგვიმართლა (!) – მანქანაში ბენზინი გათავდა. ამ დროს ვართ სადღაც წეროვანის ტერიტორიაზე, მაგისტრალთან. ბენზინგასამართი სადგური ახლოს არ არსებობს. მძღოლი ბუზღუნით დაეშვა ბენზინის საძებნელად, ჩვენ კი უკვე მანქანასთან გავაგრძელეთ ცეკვა.

ზოგადად, გამოვტყდები და, მსგავსი რაღაცეებით ვერ ვერთობი 🙂 და არამარტო ვერ ვერთობი, სხვას დავცინებდი კიდეც. მაგრამ განწყობის ამბავია ალბათ და იმ მომენტში სულ არ მიქმნიდა დისკომფორტს ის ფაქტი, რომ შუა მაგიტრალზე ვცეკვავდით და გამვლელი მანქანის ფანჯრებიდან ისევე გვაკვირდებოდნენ, როგორც ჩვენ სურამის თოვლს ცოტა ხნის წინ 😀

სამაგიეროდ, ნახევარი საათის განმავლობაში ვისწავლეთ და დავხვეწეთ რამდენიმე ახალი ჰიტი (აქამდე მხოლოდ ერთ მათგანს ვიცნობდი თან :D) და ჯგუფი “კენზოს” მოძრაობები 😀 რუსულები და ჩქარები არ იყო რეპერტუარში სამწუხაროდ 😀

ბოლოს ბენზინიც მოიტანეს, მაგრამ ახალი გასართობი გაგვიჩნდა – მანქანა არ იქოქებოდა. რატომ გვიხაროდა ასე არ ვიცი, მარა კი ჩავცვივდით ბიჭებზე სწრაფად და მანქანას ვაწვებოდით 😀 არ ვიცი რამდენ ხანს ვათრიეთ, მაგრამ ბოლოს დაღლილი და ბედნიერი სახეებით ჩავეყარეთ მანქანაში, თითქოს საოცრება მოგვეხდინოს.

მერე გამოჩნდა თბილისის მონაცრისფრო ცა და გამიხარდა კიდეც. მერე რა, რომ ცასთან ახლოს ზღვა არ ჩანს. სამაგიეროდ, “თბილი”სშიც თბილა უკვე. ან მე მგონია ასე 😀 რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ თბილად ვარ ^_^

 

ქოხი ზღვის პირას

რა მინდა იცი? სახლი სანაპიროზე. არა, სახლიც არა, უფრო ქოხი, ხისგან დამზადებული და თივის სახურავით.

ქოხს დიდი ფანჯრები მინდა ჰქონდეს. კარგ ამინდში მოწმენდილ ცას და ლურჯ ზღვას ვხედავდე ოთახის ყველა კუთხიდან, გაწვიმებისას კი წვეთებიანი ფანჯრის მიღმა აზვირთებულ ტალღებს, მათ სინქრონულ მოძრაობას ვაკვირდებოდე.

მინდა დილით მზის სხივმა გამაღვიძოს, ფეხშიშველმა ჩავირბინო პლიაჟზე და ფეხქვეშ მოქცეული ქვიშის ხმა გავიგო. ჯერ ნელა შევცურო ზღვაში, მერე სწრაფად ვამოძრაო ხელები და ბოლოს თითქმის უმოძრაოდ, სხეულის მსუბუქი რხევით გავცურო. გავიდე შორს, ისე, რომ ქოხს ძლივს ვხედავდე. წყალში დიდხანს გავჩერდები, პირაღმა წამოვწვები და ჩუმად, ძლივს გასაგონად ვიღიღინებ:

“გაგონდება თუ არა,
კარალეთის დღეები
მთების ლურჯი კამარა,
უცხო სამოთხეები.
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები,
თუ დრომ გადაურა
და ჩაუქრო ალები…”

მერე ტალღას გამოვყვები ნაპირამდე, ზღვის წყალი წურწურით ჩამოვა სხეულზე და თბილი მზის შეხება საშინლად მესიამოვნება. ნელი ნაბიჯით გავყვები პლიაჟს და უკან სველ ნაფეხურებს დავტოვებ. ცერებით შევალ ქოხში და რატომღაც შევეცდები ნაკვალევი არ დავტოვო ხის იატაკზე. ფეხაკრებით შევალ სამზარეულოსთვის განკუთვნილ პატარა ოთახში, მაგიდიდან დიდ ვაშლს ავიღებ და მერე მწარე ყავას მოვამზადებ.

შემდეგ ფანჯრის რაფაზე დავჯდები, დავაკვირდები ზღვის მოძრაობას და თან უკვე მომზადებული ყავის არომატს შევიგრძნობ. ნელ-ნელა, ნება-ნება დავლევ არომატულ სასმელს და თან ზღვას არ მოვაშორებ თვალს.

შუადღით, როცა დაცხება, ხის ქვეშ გაბმულ ჰამაკზე წამოვწვები და რამეს წავიკითხავ. ნელ-ნელა თვლემა მომერევა და გემრიელად ჩამეძინება.

საღამოს მინი კინოთეტრს მოვიწყობ ღია ცის ქვეშ, ფეხმორთხმით დავჯდები ქვიშაზე, დიდი თეფშით ბატი-ბუტს (და არა პოპ-კორნს) ჩავიდებ კალთაში და რამე გემრიელ ფილმს ვუყურებ.

როცა კარგად დაღამდება და ცა ვარსკვლავებით მოიჭედება, ზღვაში ვიბანავებ და მერე, დაღლილი, ქვიშაზე დავეგდები, ხელებს თავქვეშ ამოვიდებ და ვარსკვლავებს დავაკვირდები, თან ზღვას მოვუსმენ. ვერ მივხვდები დროის გასვლას და სანამ რული არ მომერევა, მანამ არ წამოვდგები. მერე ზოზინით ავალ ქოხში და უკვე საკმაოდ შეციებულზე საშინლად მესიამოვნება თბილი საწოლი. დავიძინებ ყველაზე ტკბილი ძილით, რაც კი არსებობს და დილით ისევ დიდ ფანჯარაში შემოჭრილი მზის პირველი სხივები გამაღვიძებს.

არ მექნება ტელეფონი და ინტერნეტი, მხოლოდ წიგნები და ფილმები დიდი რაოდენობით. და მე იქ ვიქნები მარტო, შენს გარეშე. საერთოდაც, მე მარტო უნდა ვიყო. ასე იყო და ასეც იქნება, რადგან ურთიერთობები იმ სახით, როგორიც მე მინდა და მჭირდება, უბრალოდ არ არსებობს.

დილით…

წვიმის შემდეგ ქალაქი თითქოს იწმინდება ყველაფერ ცუდისგან და დილით, ნაწვიმარზე სეირნობა ერთი სიამოვნებაა.

სუფთა ქალაქში ჰაერიც სხვაგვარია და მზეც სხვანაირად ანათებს.

ჯერ დილაა. ის პერიოდია, როცა ადამიანებს ძირითადად დილის გემრიელი ძილით სძინავთ და ქალაქიც რამდენიმე საათით ისვენებს მათგან. ამიტომაც მშვიდია და უფრო ლამაზი.

შენობებს და ხეებს წვიმის წვეთები არ შეშრობიათ ჯერ. მზეც ღრუბლებიდან გამოღწევას ცდილობს და პატარა ნაკუწებად გლეჯს მათ. ცა ისევ ისეთია, როგორიც უნდა იყოს – ცის ფერი, ცისფერი. აქა-იქ მიმობნეული ღრუბლების პატარა ნაგლეჯები კი უფრო აცოცხლებს მას. მზემ უკვე დააღწია თავი და მაღალი შენობის უკან გამოჩნდა, ჯერ ნახევრად, შემდეგ კი გაიზარდა და გაცოცხლდა.

ბულვარი ისეთი ცარიელია, როგორიც თითქმის არასდროს. ერთნაირი შეფერილობის სკამები და ხეები ჯერ კიდევ სველი. სანაპიროსთან მოხუცები ვარჯიშობენ, ხანდახან ველოსიპედითაც ჩამოირბენს ვინმე.

ხის ხშირი ფოთლებიდან მზის სხივი აღწევს და ასფალტზე ხეების და ბუჩქების ჩრდილები იხატება.

მოხუცი ჩია კაცი მოდის ჩქარი, სერიოზული ნაბიჯებით და რადიოს უსმენს ხმამაღლა.

ზღვის სუნია.

…ზღვა ჩუმია და მშვიდი.

ქვიშა სველი, მაგრამ სასიამოვნო. ნელ-ნელა მასზეც იხატება და მერე მკვეთრდება ჩრდილები, რომლებიც მოძრაობენ და ხმაურობენ.

უკანასკნელი ნასროლი ქვაც მიიღო ზღვამ, ტალღა გამოუშვა და ხმაურით ჩაიყოლა ქვიშა.

%d bloggers like this: