Blog Archives

ეგოიზმი

უკვე რამდენი ხანია ვზივარ და ვფიქრობ რა და როგორ დავწერო. როგორ დავწერო ის, რასაც ვგრძნობ… არის ხოლმე მომენტები, როცა გინდა მაქსიმალურად გამოხატო რაღაც და უბრალოდ არ შეგიძლია. ასე ვარ ახლა. სიტყვები არ მყოფნის საერთოდ. დაწერა რომ გადავწყვიტე, რაღაცები ტივტივებდა თავში, მერე გაქრა. მთავარი ისაა, რომ დღეს დაბადების დღე აქვს. იცი როგორ მიყვარს? უკვე რამდენჯერ ვცადე მეთქვა და ვერ გიხსნი… მთელი არსებით მიყვარს და მთლიანად, თავისი უმნიშვნელო “მინუსებით”, რომელიც იმდენად უმნიშვნელოა, რომ… მინდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად, ხელიხელჩაკიდებულმა გავატარო. მინდა მასთან ერთდ ვიძინებდე და ვიღვიძებდე სულ; მინდა ყოველთვის ისე მიყურებდეს, როგორც ახლა; მინდა რაც შეიძლება ბევრი “ჩვენი”; <3 რეალისტი ვარ, არ მჯერა ზოგადი ზღაპრების, მაგრამ მე ჩემი ზღაპარი მაქვს, ინდივიდუალური და ეს იმიტომ, რომ ის ჩემს გვერდითაა; იმიტომ, რომ როცა კარგად ვარ ჩემთანაა, როცა ვწუწუნებ, ვბუზღუნებ და უბრალოდ ტირილი მინდა, მაშინაც ჩემთანაა; მასთან ვისწავლე, რომ მთავარია დღეს იყო ბედნიერი, რომ დეტალებშიცაა ბედნიერება. ვისწავლე რა არის დიდი ბედნიერებაც და რა მინდა ყველაზე მეტად. დავრწმუნდი, რომ ჩემი შეხედულებები გრძნობებზე უბრალო ფანტაზია არაა და ეს დღეს ჩემი რეალობაა. დავრწმუნდი, რომ არ შემიძლია მისი ნახვისას ღიმილი შევიკავო და არც მას შეუძლია. დავრწმუნდი, რომ ჩემი პოზიტივი და ენერგიაა, რომ მისი ერთი ჩახუტება საკმარისია ჩემი გაცოცხლებითვის. მისი ერთი შეხება უკვე ბედნიერებაა… ის არის ის, ვინც უნდა იყოს და ის არის ჩემი. ბედნიერი ვარ, რომ ის არსებობს და ეგოისტურად მიხარია, რომ ჩემია. ის ჩემი ერთადერთი ეგოიზმია, რომელსაც ვერასდროს დავთმობ.

ფეხები კედელზე

დილით მისი კოცნა მაღვიძებს… როგორც ყოველთვის, ჯერ ფრთხილად მკოცნის ლოყაზე და მერე მთელ სახეს მიკოცნის…

მე ჯერ კიდევ ნახევრადმძინარე მოვხვევ ხელებს და გულთან მივიხუტებ… ისე მიყურებს ხოლმე, თვალებში რომ ჩანს რას გრძნობს… მერე თბილად მიღიმის და მეუბნება რომ ყველაზე ლამაზი ვარ. მე კი ვიცი რომ ასე არაა, მარა მაგას რა მნიშვნელობა აქვს, თვითონ ასე ფიქრობს და მე მისი ყველაზე ლამაზი ვარ… მიხარია და კიდევ უფრო მაგრად ვეხუტები…

ხოდა, ახლა ისევ ასე მინდა… მინდა სადმე ვიყოთ, სულ ერთია ფანჯარაში ზღვის ხედს დავინახავ თუ მთის, თუნდაც ისევ თბილისის იყოს, ოღონდ ისევ ასე… იმდენად ბევრია 10 დღე ჩახუტების გარეშე…

ისევ კოცნით მაღვიძებს ყოველ დილით, ოღონდ ვირტუალურად. მინდა ჩვენ ორნი, სადმე ყველასგან შორს და ისევ ისე…

ფეხებს კედელზე ავაწყობდი და ათას სისულელეზე ველაპარაკებოდი… მერე თავისი ხელით მაჭმევდა თავისსავე მომზადებულ გემრიელობას… საღამოს მივეხუტებოდი და რამე ფილმს ვუყურებდით ერთად, დროდადრო უფრო მაგრად მიმიხუტებდა და თბილად მაკოცებდა… მერე სადმე გავისერნებდით, თბილად ჩამკიდება ხელს და ალბათ სულ აღარ ვილაპარაკებდით ეკონომიურ გაათებაზე 🙂 ხელში ამიტაცებდა და მე ისევ ვიკივლებდი, ის ისევ იფიქრებდა რომ მგონია დავუვარდები და მაგიტომ მეშინია და გაიბუტებოდა. მე კისერზე, ყურთან ახლოს ვაკოცები, მერე სახეს დავუკოცნიდი და ვეტყოდი როგორ ძალიან მიყვარს… მერე ისევ ამიტაცებდა ხელში და მასწავლიდა როგორ უნდა დავიჭირო თავი ისე, რომ ნაკლებად მქონდეს ვარდნის შიში 🙂

გა-დაღლა…

დავიღალე… უბრალოდ კი არა, ძალიან დავიღალე…

ვხვდები, რომ თანდათან ვკარგავ კონტროლს საკუთარ თავზე, რომ ნამდვილი ხატია ცოტაღა დარჩა ჩემში და საკუთარი თავის ნარჩენებიღა ვარ…

მთელი დღე სამსახურში და ერთი პოზიტიური ფიქრი – საღამოს ისევ ვნახავ, ისევ ისე თბილად ჩამეხუტება და ყველაფერი გამივლის.

არაფერი მინდა მასთან ყოფნის გარდა. მინდა ერთად გადავიკარგოთ სადმე ცოტა ხნით, მარტო ჩვენ.

კარგად მხოლოდ მაშინ ვგრძნობ თავს, როცა მასთან ვარ…

არ მინდა მინისტრობის კანდიდატები მესიზმრებოდეს. გემრიელი, ჩემებური ძილი მინდა, თუნდაც ძველებურად უსიზმრო…

ჩვენი შაბათი და კვირა მინდა…

სეირნობა მინდა საღამოს…

მინდა ამ სეირნობის ძალა მქონდეს და სამსახურის მერე უსულო საგანივით არ ვეგდო მანქანაში…

მინდა არ ვწუწუნებდე და არ ვბუზღუნებდე…

მინდა სამსახურში ისევ არ უკვირდეთ ჩემი ღიმილი, განსაკუთრებულ შემთხვევად არ თვლიდნენ. მინდა ისევ ისე ვიყო ღიმილის განწყობაზე, როგორც ადრე…

ბათუმი მინდა და სახლი, მაგრამ იქ მარტო ვიქნები, მის გარეშე და ვერ გავძლებ, ვერ შევძლებ…

სადმე ტყეში, მიკარგულში მინდა წასვლა მასთან ერთად…

ტყეში მასთან ერთად…

მინდა ერთად ვიძინებდეთ და ვიღვიძებდეთ…

მინდა ჩემს ხელში მის თბილ ხელს ვგრძნობდე, გული რომ მითბება ისე…

მარტო ჩვენ, ცოტა ხნით მაინც შორს ყველაფრისგან…

მინდა ორივემ დავისვენოთ და ადამიანების სახე დავიბრუნოთ.

მინდა მის ღიმილიან სახეს ვხედავდე და მეც არ მშორდებოდეს სახიდან ღიმილი, ღიმილი მისთვის…

ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ასე გვინდა… ვიცი, რომ მასთან ერთად სულ კარგად ვიქნები…

უბრალოდ რესტარტი მჭირდება ყველაფრისგან… ყველაფრისგან მის გარდა…

ზღაპარი…

…გავჩერდი, ჩაკიდებული ხელი გავუშვი, მისკენ მივტრიალდი, ცერებზე დავდექი და კისერზე ვაკოცე… ვაკოცე ბევრჯერ, ისე, თითქოს ის წყალი იყო და მე მოწყურებული მგზავრი…

ძალიან მომენატრა, სულის შეხუთვამდე…

მივეწებე და ვეღარ მოვშორდი, ეს უბრალოდ აღემატებოდა ჩემს ძალებს…

მერე იყო ზღაპარი, მთელი სამი დღე…

მეოთხე დღეს არ მჯეროდა რომ ზღაპარი დროებით შეწყდა… არც შემწყდარა, ვირტუალურად გაგრძელდა უბრალოდ…

ორი დღე დაგროვილი ემოციით ვუმკლავდებოდი მონატრებას, მესამე დღეს ისევ ისე შემეკუმშა გული…

მერე არ ვიცი რამდენი დღე გავიდა ასე… ერთხელაც მივტრიალდი და ჩემს უკან იდგა, რეალური… წარმოგიდგენია?

ისე მაგრად მოვეხვიე, შემეშინდა არ დამეხრჩო…

ისევ ზღაპარი… ყველაზე ლამაზი დღე, ყველაზე დიდი სითბო…

ვსხედვართ ზღვასთან და მზესთან სულ ახლოს… მე ვირუჯები, ის მეხუტება და მიკვირს რატომ არ მაწუხებს ზაფხულის სიცხე… ძალიან რომ გცივა და ჩახუტება გათბობს ისე ვარ…

საღამოა და ისევ ზღვასთან ვართ… ისევ გულში მიკრავს და მე პატარა ბავშვი მგონია თავი, რომელსაც უვლიან და ცდილობენ სითბო არ მოაკლონ…

ტირილი მინდა… ამჯერად ბედნიერებისგან…

მიყვარს… ისე მიყვარს რომ… რომ ვერ ვამბობ, არ ვიცი როგორ ვთქვა…

მიხარია რომ არსებობს ჩემს ცხოვრებაში…

მე არ ვიცი რა არის სიყვარული… მე ვიცი როგორია ჩემი სიყვარული…

მე არ ვიცი რა არის ბედნიერება… მე ვიცი როგორია ჩემი ბედნიერება და ისიც ვიცი, რომ ჩემი ბედნიერება მის გარეშე არ არსებობს…

მაბედნიერებს და ვიცი, ყველანაირად ვეცდები მეც რომ გავაბედნიერო…

“უ” …

ადამიანებს დასაბამიდანვე უამრავი განუკურნებელი დაავადება აქვთ. არა, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არ მაქვს საუბარი, რადგან თუ მასთან დაკავშირებულ პრობლემებს დრო და ტექნოლოგიური პროგრესი მოაგვარებს, უპასუხისმგებლობას, უყურადღებობას და სხვა “უ”-ებს არაფერი ეშველება მგონი.

ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან და არ გააკეთებენ, ფეხებზე დაიკიდებენ ყველას და ყველაფერს. შესაბამისად, ყოველთვის იქნებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც იმედი გაუცრუვდებათ, რომლებსაც ფეხებზე დაიკიდებენ.

ალბათ ესეც “ბუნების კანონია” და ერთ უბრალო მოკვდავს არაფერი შეგიძლია, გარდა იმისა, რომ შენც არ დაავადდე იგივე სენით.

შენთვის უთქვამთ 10 საათზე ვიწყებთ მუშაობას, მაგრამ 11-ზე მოდიო და მერე თორმეტ საათამდე კარებთან ატუზულხარ? ან ნახევარ საათიანი შესვენება ორ საათს გაგრძელებულა? უთქვამთ “გზაში ვარ” და გიგრძვნია, რომ სარკესთან ტრიალებს? ერთი ქუჩიდან მეორემდე მანძილი, წამებში რომ გაქვს გათვლილი მის დასაფარად დრო და შვიდ წუთს ვერანაირად ვერ გაცდება, ნახევარ საათს უვლიათ? – თუ კი, “ბედნიერი” ხარ და თუ არა, ე.ი. შენ ხარ ის “პუნქტუალური” ადამიანი, სამ საათზე თუა შეხვედრა, ოთხის ნახევარზე რომ გადის სახლიდან. ხო, ალბათ შუალედიც არსებობს ამ შემთხვევაში, ანუ ამ ორი კატეგორიიდან არც ერთი არ ხარ, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა იამაყო შენს ირგვლივ მყოფი ადამიანებით და საკუთარი თავითაც.

პუნქტუალობას ერთი უჩვეულო თვისება აქვს – ხშირად უფრო გარშემომყოფებზეა დამოკიდებული, ვიდრე შენზე და გარკვეულ დროში შეიძლება შენგან მოულოდნელად გაქრეს, გარშემომყოფების ზეგავლენით რა თქმა უნდა. თუმცა, შესაძლებელია “ბრძოლაც” და ამ თვისების “გაჩუქებაც”.

საერთოდ, პუნქტუალობაც პასუხისმგებლობის ნაწილია ალბათ. პასუხისმგებლობა კი ძალიან, ძალიან ფართო ცნებაა და ხშირად ახასიათებს რადიკალიზმი – ადამიანი ან მეტისმტად უპასუხისმგებლოა, ან გადამეტებული პასუხისმგებლობა აქვს (ეს უკანასკნელი ალბათ მხოლოდ იდეალისტებს ახასიათებთ). თუმცა, პასუხისმგებლობას აქვს ერთგვარი “ოქროს შუალედიც”, რომელიც ყველაზე მისაღები და სასურველია. ეს ის შემთხვევაა, როცა იცი ვის წინაშე გაქვს პოზიტიური “ვალდებულება” და ვის წინაშე არა, თან ამ “ვალდებულებას” ასრულებ კიდეც.

პასუხისმგებლობაა, როცა დროულად აკეთებ საქმეს, თუმცა იცი, რომ დაგვიანებით არც არაფერი დაშავდება. შეხვედრის ადგილზე დროზე მისვლაც პასუხისმგებლობაა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გელოდება. ისიც პასუხისმგებლობაა, როცა იცი ვიღაც შენზე ნერვიულობს და სანამ გასართობად წახვალ, მიწერ რომ კარგად ხარ.

რა არის უპასუხისმგებლობა და რატომ აქვთ ადამიანებს ეს თვისება? ალბათ ხშირად ეს იმ ადამიანების თუ პროცესების უმნიშვნელობაზე მიუთითებს მათ ცხოვრებაში, ვის მიმართაც არიან უპასუხისმგებლონი. არ ვფიქრობ, რომ ამ თვისებით იბადებიან. თუ ადამიანი, ან/და სხვა მოვლენა შენთვის მნიშვნელოვანია, ფეხებზე უბრალოდ ვერ დაიკიდებ. არის ეპიზოდები, როცა ჩვენდაუნებურად, დროებით კარგავს რაღაცეები მნიშვნელობას. მაგრამ თუ ძვირფასია, ყველაფერი უბრუნდება თავის ადგილს.

როცა გიყვარს გავიწყდება? ალბათ არა. და სიყვარული ხომ უბრალო გრძნობა, ემოცია არ არის. თუ გიყვარს, ე.ი. ძვირფასია, მნიშვნელოვანია. ლოგიკურად რომ მივყვეთ, თუ მნიშვნელოვანია, ე.ი. არ გავიწყდება. არ გავიწყდება, ე.ი. ხარ ყურადღებიანი მის მიმართ (იქნება ეს ადამიანი თუ მოვლენა) და გრძნობ პასუხისმგებლობას.

ალბათ შემედავებიან და იტყვიან, რომ შეიძლება იყო უყურადღებო და უპასუხისმგებლო, მაგრამ ძვირფასი იყოს. მე კი ვფიქრობ, რომ სწორედ ეს “” გამოხატავს იმ ადამიანის თუ მოვლენის -მნიშვნელობას შენს ცხოვრებაში.

%d bloggers like this: