Blog Archives

ეგოიზმი

უკვე რამდენი ხანია ვზივარ და ვფიქრობ რა და როგორ დავწერო. როგორ დავწერო ის, რასაც ვგრძნობ… არის ხოლმე მომენტები, როცა გინდა მაქსიმალურად გამოხატო რაღაც და უბრალოდ არ შეგიძლია. ასე ვარ ახლა. სიტყვები არ მყოფნის საერთოდ. დაწერა რომ გადავწყვიტე, რაღაცები ტივტივებდა თავში, მერე გაქრა. მთავარი ისაა, რომ დღეს დაბადების დღე აქვს. იცი როგორ მიყვარს? უკვე რამდენჯერ ვცადე მეთქვა და ვერ გიხსნი… მთელი არსებით მიყვარს და მთლიანად, თავისი უმნიშვნელო “მინუსებით”, რომელიც იმდენად უმნიშვნელოა, რომ… მინდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად, ხელიხელჩაკიდებულმა გავატარო. მინდა მასთან ერთდ ვიძინებდე და ვიღვიძებდე სულ; მინდა ყოველთვის ისე მიყურებდეს, როგორც ახლა; მინდა რაც შეიძლება ბევრი “ჩვენი”; <3 რეალისტი ვარ, არ მჯერა ზოგადი ზღაპრების, მაგრამ მე ჩემი ზღაპარი მაქვს, ინდივიდუალური და ეს იმიტომ, რომ ის ჩემს გვერდითაა; იმიტომ, რომ როცა კარგად ვარ ჩემთანაა, როცა ვწუწუნებ, ვბუზღუნებ და უბრალოდ ტირილი მინდა, მაშინაც ჩემთანაა; მასთან ვისწავლე, რომ მთავარია დღეს იყო ბედნიერი, რომ დეტალებშიცაა ბედნიერება. ვისწავლე რა არის დიდი ბედნიერებაც და რა მინდა ყველაზე მეტად. დავრწმუნდი, რომ ჩემი შეხედულებები გრძნობებზე უბრალო ფანტაზია არაა და ეს დღეს ჩემი რეალობაა. დავრწმუნდი, რომ არ შემიძლია მისი ნახვისას ღიმილი შევიკავო და არც მას შეუძლია. დავრწმუნდი, რომ ჩემი პოზიტივი და ენერგიაა, რომ მისი ერთი ჩახუტება საკმარისია ჩემი გაცოცხლებითვის. მისი ერთი შეხება უკვე ბედნიერებაა… ის არის ის, ვინც უნდა იყოს და ის არის ჩემი. ბედნიერი ვარ, რომ ის არსებობს და ეგოისტურად მიხარია, რომ ჩემია. ის ჩემი ერთადერთი ეგოიზმია, რომელსაც ვერასდროს დავთმობ.

ორი

<3ბოლომდე ვარ მისით გაჟღენთილი, მთელ სხეულში ვგრძნობ მის არსებობას და ბედნიერებას, რომელსაც მისი ყოფნა მანიჭებს. მთელი სხეულით მიყვარს მისი ყველა უჯრედი, მისი სუნი, რომელსაც ყელზე კოცნისას ყველაზე მეტად ვგრძნობ…

ხანდახან იმდენი ემოცია მიგროვდება ხოლმე, უაზროდ ვიღიმი და თან ვტირი…

მაბედნიერებს… ორი წლის შემდეგაც საკმარისია მისი ერთი ჩახუტება, რომ კვლავ დამიბრუნდეს იმედი, ენერგია, ძალა, პოზიტივი, რომელიც რთულმა დღემ წამართვა. არ ვიცი როგორ ახერხებს ჩამეხუტოს ისე, რომ მთლიანად შთანმთქოს ამ ჩახუტებით, არავინ და არაფერი მოუშვას ჩემამდე, რისიც მეშინია და გარშემო ყველაფერმა აზრი დაკარგოს.

მიყვარს ჩუმად რომ ვუთვალთვალებ. ჭამს, მანქანას აკეთებს, მეცადინეობს, ლაპარაკობს – ვუყურებ და მიხარია რომ არსებობს, მიხარია რომ ჩემია…

დილა… ცხელი ტუჩები ლოყაზე … თვალებში მიყურებს, სიტყვებით რომ ვერ გადმოვცემ ისე… ლამაზია… ვუთხარი და დამცინა. არადა ლამაზია, დილით ყველაზე მეტად.

ოდესმე წასვლის წინ თუ არ ჩამეხუტება, ალბათ ვიფიქრებ რომ რაღაც შეიცვალა… მეხუტება… მერე ფანჯრიდან ვხედავ როგორ ჯდება მანქანაში, ვხედავ მხოლოდ ერთ მხარეს და ხელს, რომელიც ყოველ დღე ერთი და იგივე მოძრაობებს აკეთებს – რადიოს რთავს, ტელეფონს იღებს ჯიბიდან, მანქანის დამტენზე აერთებს და მერე იმ სკამზე დებს, სადაც მე ვზივარ ხოლმე. მანქანაც ხურდება და ზუსტად იგივე მოძრაობით გადის ეზოდან, როგორც ყოველ დღე… და მე ისევე ვარ ბედნიერი, როგორც ყოველ დღე…

ორი წელი… ორი წლის წინ პირველ თოვლთან ერთად სითბო… პირველი სითბო უეჭველად, ახლა დარწმუნებული ვარ… პირველი ხელის ჩაკიდება, პირველი ჩახუტება და პირველი კოცნა… საშინლად ცივი ზამთარი და საშინლად თბილი ჩემთვის…

იმ დღეს რომ თოვდა, ისე ლამაზად ალბათ არასდროს უთოვია თბილისში. გარეთ გამოსულს მოულოდნელი და დიდი ფიფქები დამხვდა… საშინლად მომინდა მისი ნახვა და საშინლად გამიხარდა მესიჯი. თითქმის ცარიელ ქუჩებზე, დაბალ, ჯერ კიდევ გაუკვალავ თოვლზე ვიარეთ ალბათ რამდენიმე კილომეტრი, ფეხები საშინლად გამეყინა, მაგრამ ხელები მქონდა ისე თბილად, როგორც არასდროს… ალბათ ნახევარ საათზე მეტხანს ვიდექით ჩახუტებულები, ყინვაში და სითბოში ერთდროულად. მივხვდი, რომ წასვლა არ მინდოდა, რომ საშინლად მომწონს მისი თბილი ჩახუტება და სულ ფეხებზე მკიდია ის ავტონომია, რომელსაც ვებღაუჭებოდი…

გუშინ თბილისში ამ წლის პირველი თოვლი მოვიდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ჩვენც გავიზარდეთ და ჩვენი გრძნობაც, ურთიერთობაც… მაგრამ ყოველი ჩახუტებისას ისევ ისე ვგრძნობ მის გულისცემას, სუნთქვას და ისევ ისე ბედნიერი ვარ… არა, უფრო მეტადაც…

იცი რა მაგარია როცა ზომაზე მეტად დაღლილს შეგიძლია სწრაფად სიარული და ამის ენერგიას მისი ჩახუტების  მოლოდინი გაძლევს? მე ვიცი და ბედნიერი ვარ…

image

17

Imageშეყვარებული ვარ. 17 წლის შეყვარებული გოგო ვარ, 24 წლის ასაკში. ყურადღება მინდა, სიყვარული და სითბო. პრინციპში, არც ერთი არ მაკლია. მარა როგორც 17 წლის შეყვარებული გოგო, მეც ყველაფერზე ვბუზღუნებ და ვწუწუნებ, ვიბუტები და მერე ჩახუტება მინდა საშინლად.

შენი აზრით, რამდენჯერ შეიძლება შეგიყვარდეს ერთი და იგივე ადამიანი თავიდან? ოღონდ ისე, რომ შუალედში გა-დაყვარება საერთოდ არ იყოს… აი ასე, სულ გიყვარდებოდეს და გიყვარდებოდეს… გუშინ შემიყვარდა, იმის წინაც შემიყვარდა და დღესაც… მიყვარს ყველანაირი, მზრუნველიც და ზრუნვა რომ სჭირდება ისეთიც…

ხანდახან მინდა ამიტაცოს და მარბენინოს გიჟივით, მარა სიმაღლის მეშინია და მერე მთელ თბილისს ესმის ჩემი კივილი :))

შენ არ იცი რა გემრიელად მეხუტება  ხოლმე, ვერც წარმოიდგენ… სხვა დანარჩენზე დასაწერად ემოცია არ მყოფნის…

ისე, რატომ ითვლება რომ გულია სიყვარულის ორგანო? ადრე მქონია გულის აჩქარების მომენტები კონკრეტულად ადამიანებზე. ახლა მთელი არსებით მიყვარს, არ ვიცი როგორ ვთქვა… მთელი სხეული გრძნობს სიყვარულს, რაღაცნაირად…

ადრე მეგონა მე რომ მინდა ისეთი სიყვარული არ არსებობდა… როგორი სიყვარული მინდა მე? შეუზღუდავი, თავისუფალი, ნაკლებად კონფლიქტიანი, მზრუნველი, ყურადღებიანი… მოკლედ, დიდი და მოსაწყენი საკითხია :)) ხოდა, საქმე იმაშია, რომ ახლა ისეთი სიყვარული მაქვს, როგორიც მინდოდა… რა სისულელეა არა? როგორ შეიძლება სიყვარული იყოს ისეთი ან ასეთი? არადა შეიძლება, მართლა… ხოდა, ხანდახან ისევ გამკრავს ხოლმე ის ფიქრი, რომ “ისეთი” სიყვარული მართლა არ არსებობს. მერე ვიბუტები ისევ. მგონი იმიტომ ვიბუტები, რომ შერიგების პროცესმა დამარწმუნოს ჩემი ბოლო ფიქრის არამართებულობაში :))

ახლა გაბუტული არ ვარ, შესაბამისად, არც შერიგება მინდა. არც დარწმუნება იმაში, რომ ეს ისეთი სიყვარულია, მე რომ მინდა. ჩავალ, მოვეხვევი კისერზე და მთელ სახეს დავუკოცნი… მერე დამარწმუნოს ვინმემ რომ ეს ისეთი სიყვარული არაა, მე რომ მინდა!Image

მცირე მონოლოგი

გახსოვს რამდენს ვსაუბრობდი აწმყოზე? იმაზე, რომ მთავარია აწმყო არ დაივიწყო და თუ თითოეული წამით იცხოვრებ, მომავალშიც შეძლებ გზის გაკვლევას…

იმაზე, რომ უნდა შეძლო ბედნიერი იყო ახლა და მხოლოდ მომავლის ბედნიერებით არ იცხოვრო…

იმაზე, რომ უნდა გადახედო შენს კრიტერიუმებს ბედნიერებისთვის, იქნებ შეიცვალა რამე და ახალი პუნქტებია ჩასამატებელი, რამდენიმე ძველი კი აღარაა საჭირო…

იმაზე, რომ იცოდე რა არის შენთვის ბედნიერება ამ კონკრეტულ მომენტში…

სრულყოფილება გიგრძვნია? მე კი… იცი როდის? როცა ერთად ვართ, როცა მის მკლავებში ვარ და სული მეხუთება ბედნიერებისგან…

ადრე მეშინოდა…

მეშინოდა გრძნობების…

მეშინოდა რომ მეტკინებოდა და უფრო მეტად იმის მეშინოდა რომ ვატკენდი…

მერე ბედნიერების მეშინოდა, მეგონა რომ არ არსებობს ასე კარგად ყოფნა, რომ ეს ადრე თუ გვიან დამთავრდება…

ერთ რამეს მივხვდი – ყველაფერი აუცილებელი, რაც მჭირდება, უკვე მაქვს.

სითბო მაქვს, ჯერ კიდევ ზამთრიდან მომყვება და გაყინულ ხელებს მითბობს…

გრძნობა მაქვს, რომელიც არ ვიცი საიდან, როდის, ან რატომ მოვიდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს.

ადამიანი მყავს, ადამიანი რომელიც მაბედნიერებს…

ბედნიერი ვარ რომ ვიპოვე, რომ ზუსტად ის ვიპოვე და არა სხვა.

და მე ისევ იმ აზრზე ვარ – ჩემი სიყვარული არ იქნება მატერიალური.

მე მინდა ნულიდან დავიწყოთ და ჩვენი ხელით შევქმნათ ყველაფერი, ერთად…

მე არ ვგეგმავ მომავალს, არ ვიცი რა იქნება ხვალ. მხოლოდ ის ვიცი, რომ მინდა ჩემს მომავალში არსებობდეს, აუცილებლად…

მინდა ყოველი დღე მისი კოცნით იწყებოდეს და მთავრდებოდეს…

მინდა შემეძლოს მასზე ვიზრუნო, მინდა ჩემთან კარგად იყოს.

ხანდახან პატარა ბავშვივით მომეხუტება ხოლმე და მე მგონია რომ შემიძლია დავიცვა, გავაძლიერო…

და ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? მეც ასევე შემიძლია მივეხუტო, თავი პატარა ბავშვი მეგონოს, ვიბუზღუნო და ვიცი რომ ჩემს გვერდით იქნება…

მე არ ვიცი რა იქნება ხვალ, მაგრამ ძალიან მომწონს დღეს…

და ხვალ სრული სიცარიელეც რომ იყოს, ერთი რამ ნამდვილად ვიცი – დღეს იმდენად ლამაზია ყველაფერი, ეს ამად ღირს.

ვიცი რომ არ დავფრინავ ღრუბლებში და ამ ყველაფერს იმიტომ არ ვამბობ, რომ ახლა მეჩვენება ლამაზად და მერე შეიძლება სხვაგვარად იყოს. არანაირად…

ისიც ვიცი, რომ დატვირთული დღის შემდეგ ფაქტიურად ერთადერთი პოზიტივი მაქვს და ეს პოზიტივი იმხელაა, ყველა ნეგატივს ამარცხებს.

კიდევ ის ვიცი, რომ ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ.

და მინდა შენც იყო ასე… ხო, შენ, რატომღაც რომ შემოდიხარ ჩემს ბლოგზე, ამ ნაბჟუტურებს კითხულობ, გესმის ან არ გესმის ჩემი… ამას რა მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ მინდა შენც ასე იყო, ასე გიყვარდეს და ასე უყვარდე, იმიტომ რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, მართლა…

ზღაპარი…

…გავჩერდი, ჩაკიდებული ხელი გავუშვი, მისკენ მივტრიალდი, ცერებზე დავდექი და კისერზე ვაკოცე… ვაკოცე ბევრჯერ, ისე, თითქოს ის წყალი იყო და მე მოწყურებული მგზავრი…

ძალიან მომენატრა, სულის შეხუთვამდე…

მივეწებე და ვეღარ მოვშორდი, ეს უბრალოდ აღემატებოდა ჩემს ძალებს…

მერე იყო ზღაპარი, მთელი სამი დღე…

მეოთხე დღეს არ მჯეროდა რომ ზღაპარი დროებით შეწყდა… არც შემწყდარა, ვირტუალურად გაგრძელდა უბრალოდ…

ორი დღე დაგროვილი ემოციით ვუმკლავდებოდი მონატრებას, მესამე დღეს ისევ ისე შემეკუმშა გული…

მერე არ ვიცი რამდენი დღე გავიდა ასე… ერთხელაც მივტრიალდი და ჩემს უკან იდგა, რეალური… წარმოგიდგენია?

ისე მაგრად მოვეხვიე, შემეშინდა არ დამეხრჩო…

ისევ ზღაპარი… ყველაზე ლამაზი დღე, ყველაზე დიდი სითბო…

ვსხედვართ ზღვასთან და მზესთან სულ ახლოს… მე ვირუჯები, ის მეხუტება და მიკვირს რატომ არ მაწუხებს ზაფხულის სიცხე… ძალიან რომ გცივა და ჩახუტება გათბობს ისე ვარ…

საღამოა და ისევ ზღვასთან ვართ… ისევ გულში მიკრავს და მე პატარა ბავშვი მგონია თავი, რომელსაც უვლიან და ცდილობენ სითბო არ მოაკლონ…

ტირილი მინდა… ამჯერად ბედნიერებისგან…

მიყვარს… ისე მიყვარს რომ… რომ ვერ ვამბობ, არ ვიცი როგორ ვთქვა…

მიხარია რომ არსებობს ჩემს ცხოვრებაში…

მე არ ვიცი რა არის სიყვარული… მე ვიცი როგორია ჩემი სიყვარული…

მე არ ვიცი რა არის ბედნიერება… მე ვიცი როგორია ჩემი ბედნიერება და ისიც ვიცი, რომ ჩემი ბედნიერება მის გარეშე არ არსებობს…

მაბედნიერებს და ვიცი, ყველანაირად ვეცდები მეც რომ გავაბედნიერო…

მომენატრა…

რა მომენატრა იცი? შებინდებისას ნაწვიმარ და შეშრობა დაწყებულ ასფალტზე სეირნობა. როცა უბრალოდ მიდიხარ ხელიხელჩაკიდებული და გრძნობებს საუბარი არ სჭირდება.

ჩახუტება მომენატრა და სითბო. ხო, სითბო. მომბეზრდა ცივი და კედელი ადამიანები.

როგორი დღე მომენატრა იცი? სრულიად თავისუფალი, ექსპრომტად დაგეგმილი და ურთიერთობის სიამოვნებისგან გული რომ გებერება ისეთი.

კაი ფილმი და მისგან მიღებული  შთაბეჭდილება – დამუნჯება მომენატრა.

ზღვაც მომენატრა, არა ტურისტული და მხოლოდ ჩემი. მოღრუბლულ ამინდში რომ უნდა გაისეირნო და სახე ქარს შეაგებო, ისეთი.

საღამო მომენატრა და ღამის ბათუმში სეირნობა უსიტყვოდ.

წვიმა მომენატრა, გიჟი და გადარეული, მხირული და განწყობის გადამდები.

სალოს სახლი მომენატრა, მეორე სართულის ბუნებრივი სიგრილე. გათიშული გონებით პირაღმა გდება საწოლზე და მერე ნადირობა ტყემალზე ან მანდარინზე, სეზონის მიხედვით.

მომენატრა შეგრძნება, რომ ვიღაცისთვის სულ ერთი არაა ჩემი არსებობა. თეორიული ცოდნა ფეხებზე მკიდია ამ ეტაპზე, მინდა ვიგრძნო ეს.

მომენატრა ღამით პლიაჟზე პირაღმა წოლა, უსიტყვოდ ცქერა ცაში და ზღვის ხმაზე მიყურადება.

მომენატრა დილა, როცა მზის სხივი მაღვიძებს.

უსიტყვოდ საუბარი მომენატრა.

სარკეში საკუთარ გამოსახულებას რომ უღიმი ის შეგრძნება მომენატრა.

მომენატრა ვიყო სუსტი და ვიღაცის იმედი მქონდეს.

ყურადღება მომენატრა, მომაბეზრებელი კიარა, უბრალო, ადამიანური ყურადღება, შიგნიდან რომ გათბობს ისეთი.

გრძნობების გამოხატვა რომ შეუძლიათ ისეთი ადამიანები მომენატრა. მე არ შემიძლია იგივე, ამიტომ სხვებს მაინც უნდა შეეძლოთ. ადრე ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, ახლა აქვს.

კიდევ რა მომენატრა იცი? როცა გგონია, რომ ყველა წინაღობის დაძლევას შეძლებ. როცა შეგიძლია იარო წინ და წვრილმანები ფეხებზე დაიკიდო – ეს შეგრძნებები მომენატრა, თანაც იმდენად, რომ უკვე ახლოს ვარ მათთან.

%d bloggers like this: