Blog Archives

ხუთი წლის შემდეგ

ჩავიცვი, მოვწესრიგდი, შედარებით თბილი ზედა მხარზე მოვიგდე და სოფლის სამ კილომეტრიან გზას გავყევი, როგორც ძველად.

– ინგა, ინგა!.. – ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ გავძახე სკოლისდროინდელ მეგობარს. ისიც ძველებურად, სასაცილოდ გამოცუნცულდა აივანზე და სახლში მიმიპატიჟა. მეც, ძველებურად, დროის უქონლობის გამო უარი განვაცხადე და ჩვენ, კვლავ ძველებურად, მაინც გამოგვივიდა ნახევარი საათით კარებთან დგომა და ლაპარაკი.

ძლივს ვწყდებით ერთმანეთს და ვაგრძელებ გზას. ცოტა ხანში უკვე ძველი კლასელის და პარალელურად მეგობრის სახლს ვუახლოვდები.

– ნინო, ნინო!.. – მინდა დავიძახო ისევ ისე, მაგრამ სახლი მეცარიელება. რამდენიმე თვის წინ გათხოვდა და დღეს პირველად, ამდენი წლის შემდეგ, ისე ჩავუვლი ამ სახლს, რომ არ დავიძახებ.

სკოლას ვუახლოვდები, გადავდივარ ხიდზე, რომლის ბოლოში ძველებურად მელოდება ორი მეგობარი. შორიდანვე ვხედავთ ერთმანეთს და სიცილს ვერ ვიკავებთ.

– ოჰ,  ჯენტლმენები! – მიახლოებისას ვამბობ მე და სამივეს გვეცინება.

რესტორანი არც ისე შორსაა და ფეხით ვაგრძელებთ გზას. მათ შორის ვდგები და ხან ერთის ამბებს ვისმენ, ხან მეორისას. ერთმა სწავლა დაამთავრა და სამსახურს ეძებს, მაგისტრატურაში ჩაბარებასაც ფიქრობს. მეორე მეზღვაურია უკვე, რამდენჯერმე ყოფილა უკვე წასული ზვაში და ამ დღეებში კვლავ აპირებს.

მივუახლოვდით რესტორანსაც, თუმცა ჩვენიანი ჯერ არავინ მოსულა. საერთოდაც, სკოლის დამთავრებიდან ხუთი წლისთავის აღნიშვნა ყველას უნდოდა, მაგრამ უმრავლესობამ ვერ შეძლო. ოჯახები ჰყავთ უკვე, ქმრები/ცოლები და შვილები. ყველამ თავისი გზა იპოვა მეტ-ნაკლებად და ბავშვები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მშობლებს და მასწავლებლებს აბრაზებდნენ, ახლა უკვე დიდი კაცები და ქალები არიან, საკუთარი ოჯახებით და ფინანსებით.

სანამ სამსახურის მაძიებელი ჯენტლმენი ტელეფონზე საუბრობს და უცნაურად იღიმება, მეზღვაური თავგადასავლებს მიყვება. იმაზე, თუ როგორ გაძლო ორი თვე შუა ზღვაში, გაჩერებულ გემზე. რომ ამ ორიდან ერთი თვე თითქმის შიმშილობდა და ერთ ცალ მოხარშულ კარტოფილს ჭამდა შიმშილით რომ არ მომკვდარიყო. ვერ წარმოვიდგენდი ამხელა ნებისყოფა თუ ჰქონდა და ამ ყველაფრის მერე კვლავ ისურვებდა ზღვაში გასვლას. მიხარია კიდეც რაღაც სირთულე რომ შეხვდა, მთავარია გადალახა და სამაგიეროდ, ბევრი ისწავლა, თვითონაც ასე ამბობს. მიხარია ისიც, რომ ამდენი წლის შემდეგ ჩვენ ისევ ისე ვლაპარაკობთ. მეშინოდა, რომ მასთან რთული დასაძლევი იქნებოდა ის უხერხულობა, რაც მისმა გრძნობებმა გამოიწვია ადრე. კონტაქტი აღდგა, ჩვენ ისევ ბავშვობის მეგობრები ვართ, თითქოს არც ყოფილა ის ერთწლიანი მონაკვეთი ჩვენს ურთიერთობაში.

სხვებიც მოვიდნენ. ზოგი საცოლესთან ერთად, ზოგიც მარტო. აღმოჩნდა, რომ კლასელებიდან ვერც ერთი გოგო ვერ წამოვიდა ჩემ გარდა. და ამ ხალხთან ურთიერთობას სწორედ ის პლიუსი აქვს, რომ სულ ფეხებზე გკიდია ძველ დაქალს თუ ვერ ეჭორავები, სხვებთან ერთადაც მშვენივრად გაატარებ დროს და წამით არ მოიწყენ.

ალბათ კარგია ის, რომ ერთ-ერთი ჯენტლმენთაგანი იმდენად გენდობა, მის ტელეფონზე მოსული მესიჯის წაკითხვას გთხოვს. და ცუდია ის, რომ გახსნილი მესიჯის ავტორი შენი “დაქალი” აღმოჩნდება, რომელიც ადრესატს შენი იქ ყოფნის შესახებ ეკითხება რატომღაც და მერე არც ისე პოზიტიურ კონტექსტში მოგიხსენიებს. ვერაფრით ვერ ვიგებ საიდან ჩნდება ადამიანებში ამდენი ბოღმა და ნეგატივი. მით უმეტეს, რომ ამის არანაირი საფუძველი, მიზეზი არ არსებობს და თითქოს ვმეგობრობთ. რა საჭიროა თვალთმაქცობა? არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ. მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მტკივნეულია, თითქოს გულში რაღაც ჩუმად, უხმაუროდ ჩაწყდა, განადგურდა.

– ვინ იყო? – მეკითხება მეგობარი.

– ნინო…

– რაო?

– არაფერი, მოგიკითხა პროსტა.

– კაი, იყოს, მერე მივწერ.

… ვაბრუნებ ტელეფონს თავის ადგილას და ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო. ვცეკვავ, ვერთობი, ვიცინი და თან გამომაქვს განაჩენი (უფრო საკუთარი თავისთვის ალბათ) – ნაკლები სიახლოვე და კონტაქტები ადამიანებთან.

დრო უფრო სასიამოვნოდ გრძელდება. ერთმანეთს ვუყვებით რაღაცეებს, ცოტას ვსვამთ კიდეც. კლასის ყოფილი “დამრიგებელიც” თავის ამპლუაშაია  და მიდის სადღეგრძელოების ბრახა-ბრუხი.

დღე სასიამოვნოდ გრძელდება. თუმცა, ჩემი ბავშვობის მეგობარი კვლავ გაიჭყიპა ღვინით. ტრადიციისამებრ მოვახერხე სახლში წასვლაზე მისი დათანხმება და მანქანაშიც შეტენეს. მშვენივრად მოკალათდა უკანა სკამზე და თვლემს კიდეც. ჩემი ჯენტლმენები მანქანის კარებამდე მაცილებენ. ძველებურად ესალმებიან მამაჩემს და იკითხავენ. მეც ძველებურად მსიამოვნებს მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება.

მანქანა სოფლის ტალახიან გზაზე გაჭირვებით მიდის.

უკანა სკამიდან მონოტონური ხვრინვა ისმის.

“ნაუშნიკებს” ვირგებ და ვცდილობ წარსულიდან დაბრუნებას.

დავიჯერო მიცნობ? ^_^

(“ქუჩაში რომ შემოგხვდეთ, ვერ მიცნობთ!” – მინდოდა დამეწყო მე, მაგრამ ფაქტები საწინააღმდეგოდ მეტყველებენ. თუმცა, წერეთლის მეტროს და პეკინის შემთხვევაში ალბათ მასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ფოტოები ნანახი ჰქონდათ (არადა, რავა გამიცრუა იმედი სანდრომ :-D). ხოდა, სწორედ ეს მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ მკითხველის უმრავლესობა მართლა ვერ მიცნობს და შესაბამისად, პოსტსაც ისე დავიწყებ, როგორც მინდოდა.)

ქუჩაში რომ შემოგხვდე, სავარაუდოდ (და იმედია :-P) ვერ მიცნობ.

ალბათ ქუჩაში მოსიარულე მასისგან ბევრი არაფრით განვსხვავდები, მაგრამ ყველა ადამიანი ხომ ერთადერთია და განუმეორებელი. კი ჟღერს ცოტა ქედმაღლურად, მარა ფაქტია. და მიუხედავად ამისა, მეც იმ ერთი შეხედვით ერთგვაროვანი მასის ნაწილი ვარ, ქუჩაში რომ დაიარება.

თუ ხედავ, რომ მოდის გოგო ალადინის შარვლით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, კოხტად გადაწეული თმით, მაკიაჟით, სამკაულებით და გვერდით რომ ჩაგივლის ტკბილი სუნამოს სურნელს გრძნობ – ეს მე არ ვარ.

შავი კედები, ჯინსი და “მაიკა” (მაისური არ ჟღერს კარგად) რამე საყვარელი ნახატით – დაახლოებით ასე მაცვია ყოველ დღე. ამასთან, “მაიკა” ხშირად მწვანე ფერის რომელიმე ტონალობაშია, ჯინსი კი შეიძლება ჩაანაცვლოს მუხლამდე შორტმა. შავი კედები თითქმის უცვლელია, როცა ძველდება, ზუსტად იდენტურს ვყიდულობ 😀 ნუ, თუ მაინცდამაინც იმ დღეს დამინახავ, როცა საცოდავი ორი კაბიდან ერთ-ერთი მეცმევა, შესაბამისად, შავი კედებიც აღარ იქნება. თუმცა, ეს ამბავი ფრიად იშვიათად ხდება, კაბის ჩაცმის სურვილი მთლიანად დამოკიდებულია განწყობაზე და ამინდზე.

რაც შეეხება ჩანთას, უსაშველოდ გრძელია, ხანდახან მუხლამდე და ზოგჯერ უფრო ქვევით იწევს. ბრელოკად საყვარელი დათუნია მყავს და კიდევ ჩემი მეგობრის დამზადებული აქსესუარი ამშვენებს. ჩანთები სულ ამოჩემებული მაქვს და რთულია გადავწყვიტო იმ ათასი სისულელის სხვა ჩანთაში გადალაგება. ამიტომ, რამდენიმე თვე ერთი და იგივე ჩანთით დავდივარ, რომელიც ყოველთვის მარჯვენა მხარზეა თავისთვის და მაქსიმუმ “ნაუშნიკებში” გადაიხლართოს. ამ დროს სასაცილო რაღაცეები მემართება თუ მაინცდამაინც მაშინ დამინახავ, დამეხმარე, გთხოვ 😀

თმა აუცილებლად გაშლილი მექნება და ე.წ. “ჩოლკა” თითქმის ფარავს თვალებს, რომლებიც, როგორც წესი, მხოლოდ მქუბუქადაა შეღებილი, ანუ ტუში და შავი ფანქარი (თვალის ფერს კვეთს :-P). მაინცდამაინც გვერდით თუ ჩამივლი, სუნამოს სურნელსაც იგრძნობ, მაგრამ იქნება გრილი და ჰაეროვანი, ტკბილ სუნამოს ვერ ვიტან!

“ნაუშნიკები” ჩემთვის ისეთივე განუყრელი აქსესუარია, როგორც რამდენიმე “სამაჯური”. ეს ვითომ სამაჯურები სქელი ძაფებისგანაა დამზადებული და პლასტმასის პატარა თევზი, გასაღები და რკინის ექვსქიმიანი ვარსკვლავი ამშვენებს. მარცხენა ხელზე მხოლოდ ვერცხლის რგოლის ბეჭედი მიკეთია და სხვა სამკაულებიდან ისევ მცირე ზომის ვერცხლის საყურეს თუ შენიშნავ, ზოგჯერ კი პატარა ობობას ან დაახლოებით გვირილას ფორმის თექის ულამაზეს ყვავილს, მთლიანად მუქი მწვანეა და მაჩუქეს, განსაკუთრებულად მიყვარს.

დიდი შანსია მე ვერ შეგნიშნო, რადგან მუსიკას როცა ვუსმენ (და ქუჩაში ყოველთვის მუსიკას ვუსმენ) ცას ვათვალიერებ 😀 სხვა შემთხვევაში ვიყურები ვიტრინაში ან მესიჯს ვწერ. იმასაც გააჩნია რას მწერენ, შეიძლება შუა ქუჩაში უაზროდ ვიცინოდე. არ გვიკვირს და ვაგრძელებთ გზას 😀 არც ისაა გამორიცხული, დაგინახო, გიცნო და ჩაგიარო. ეს არ ეხება იმ ხალხს, ვინც თვითონაც მიცნობს, ანუ ფოტო ნანახი აქვს. სხვებმა კი მაპატიონ 🙂

P.S. თეგ თამაშია ეს და მაცუნიამ დამთაგა. მეც ტრადიციულად, ვაგრძელებ თამაშს და ვთაგავ: თეას, ჯესის. აქსიომას, შიოს. გამიხარდება ფინიკი და heart1ess-ი თუ დაწერენ.

ვსიო ^_^

მერე… :-)

საღამოს სეირნობას სხვა ხიბლი აქვს, სულ სხვა…

ვგიჟდები ლამპიონებზე და ღამით განათებული თბილისი ყველაზე მეტად მომწონს.

მერე რა, რომ მანძილი დიდია და ბოლომდე ვერ მისეირნდები. ამ დროს მანქანიდან დაკვირვებაც კი სასიამოვნოა.

ფანჯარა ბოლომდეა ჩაწეული, ნელა მოძრავი მანქანა და მუსიკა… ქარი თმებს უცნაურ ფორმებს აძლევს, მაგრამ ამ დროს სასიამოვნოც კია სახეზე თმის შეხება…

თითქოს (ან იქნებ ასეცაა) ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ მიდიხარ, ან მანქანა ჭრის ჰაერს და ქარს წარმოქმნის (სადღა მახსოვს ფიზიკა :-))… რაღაცნაირად სასიამოვნოა…

მერე… მერე მატარებელი და ერთი დღით ნანახი ერთი საყვარელი ადამიანის გაცილება.

დაკვირვებიხარ? უფრო მარტივია შენ წახვიდე, ვიდრე შენგან წავიდნენ. წამოსვლაც გიჭირს, მაგრამ მაინც მხნედ ხარ. აი, შენ რომ აცილებ და მიდიან…

ალბათ ისიც რთულია, დატოვო უკვე შეჩვეული ქალაქი თითქმის მთელი ზაფხულით.

ამაზე ზუსტად ერთ თვეში ვისაუბრებ 🙂

მანამდე ვისეირნებ ღამის თბილისში და დავაკვირდები განათებულ ქალაქს.

ერთი თვე… მერე მატარებელი თბილისი-ბათუმი. გამთენიისას დანახული ზღვა, ზაფხულის დილის მზე და სითბო, სიცხე არა.

მერე უფრო ბევრი ზღვა, პატარა ქუჩები, საყვარელი ხალხი და სეირნობა უსასრულობამდე.

სოფელიც… მურადა არც მე დამხვდება, მაგრამ კავკასიური ნაგაზი, სახელად “ბარსა” (“ბარსელონას” ფან-კლუბი არ მაქვს სახლში და რატომ “ბარსა” დღემდე ვერ გამირკვევია) აუცილებლად. მანამ არ მოისვენებს, სანამ მხრებზე არ დამადებს დიდ თათებს და მერე კუდის ქიცინით არ გაიქცევა.

მაგრამ ამაზე მერე… ფაქტებით, და არა ვარაუდით 🙂

წვიმს, წვიმს!..

სიგიჟე? სულაც არა!..

უბრალოდ წვიმა…

ჯერ დილა, ლექცია და ძილის სურვილი. ცხელა, ცხელა…

მერე წიგნი და პარკი.

მერე შეხვედრა თითქოს ძველ მეგობართან, სასიამოვნო საუბარი.

საღამო და მეტრო წიგნთან და მუსიკასთან სინთეზში.

… და წვიმა! დიდი, გრანდიოზული.

შხაპუნა და თავისი ჭექა-ქუხილით.

რამდენიმე წამიანი ფიქრი და გადაწყვეტილება.

მერე წვიმის წვეთების შეგრძნება სხეულზე. სირბილი. სველი თმის “სილა” სახეში და სასიამოვნო ჟრუანტელი.

მერე სეირნობა, უბრალოდ.

ერთადერთი დარდი იმ წამს და ისიც “ნაუშნიკის” შესაძლო დასველებასთან დაკავშირებით.

წვიმის წვეთების შეგრძნება სახეზე და რაღაცნაირი სიხარული. წვიმის გემო და ერთგვარი ნოსტალგია…

წვიმს, წვიმს!

წვეთები გეცემა, სველდები და თბილა. ხო, წვიმს და თბილა!

მთლიანად სველი ტანსაცმელი გეკვრის, არ გცივა. მისეირნობ და უსმენ მუსიკას.

მერე რა, რომ ტუშს უკვე თვალის ირგვლივ გრძნობ და არა იქ, სადაც უნდა იყოს 🙂

არც ისაა ტრაგედია, წვიმამ ვარცხნილობა რომ გააფუჭა. “ჩორტ ს ნიმ!..”

წვიმს, წვიმს!..

ზოგჯერ მცირედ დეტალებსაც რამხელა სიხარული მოაქვს…

ბათუმური წვიმა და ჯერ სირბილი, მერე სეირნობა რატომღაც ღიმილიანი სახით და მოგზაურობა მოგონებებში…

აბა რას ვამბობდი? დროა სხვა რაღაცეებიც ვინატრო 😀

წვიმს, წვიმს!

#1??

მის მოსვლას მოუთმენლად ელოდები. ამ მოლოდინისას ისე შფოთავ, თითქოს პირველი პაემანი იყოს და შენ კიარა, ის აგვიანებდეს.

ის თითქმის არასდროს გტოვებს მარტო, სახლიდან უნივერსიტეტამდე და უნივერსიტეტიდან სახლამდეც გაცილებს. ხანდახან შენ ღალატობ ჩუმად, როცა ამ სამსახურს არ უფასებ და უნივერსიტეტიდან სახლამდე მანძილს მის გარეშე, სეირნობით ამარცხებ.

დგება ნანატრი წამი და აი, ისიც გამოჩნდა. ის ყველასგან გამორჩეულია და შორიდანვე იცნობ. ამაში მისი “ტრაფარეტის” განსხვავებული ფერიც გიწყობს ხელს.

ნორმალური “მარშუტკებისგან” განსხვავებით და თბილისური “მაშუტკების” მსგავსად, “სამოთხეში” შესასვლელად მასაც ერთი კარი აქვს.

როგორც წესი, ამ “სამოთხეში” მეტისმეტად ბევრი ხალხია. თუმცა, გაგვიანდება და სხვა გზა არაა, ამ ნანატრ წამს ხელიდან ვერ გაუშვებ.

ამ ერთადერთი კარის საშუალებით უერთდები “სამოთხეს”, სადაც უამრავი განსხვავებული ადამიანი მოხვედრილა და სულაც არ ხარ დარწმუნებული, რომ მათ ეს დაიმსახურეს.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სკამზე მხოლოდ ერთი ბიჭი ზის და იმასაც პროცესორი ჩაუხუტებია. “ჩორტ ს ნიმ!..” – ფიქრობ გულში და ეგუები მდგომარეობას. მყარად დგები სკამებს შორის ვიწრო გასასვლელში და ერთი მეგობრის რჩევის გათვალისწინებით, წარმოიდგენ, რომ სეინობ. სწორედ ამ რჩევის წაკითხვისას გეცინება და მწველი მზერითაც გაჯილდოებენ. ამას ემატება “ნაუშნიკები” და დიდი ჩანთა, საიდანაც ცალი ხელით ცდილობ ამოიღო საფულე იმ დაწყევლილი 50 თეთრის გამო. წარმოიდგენ როგორი სანახავი იქნები ამ დროს და უფრო გეცინება. “ვსიო”, ლამისაა გესმის “ნწუ, ნწუ, ნწუ, საცოდავი ბავშვი”. გიჟი თუ არა, არც მთლად ჭკვიანი ჰგონიხარ ყველას.

და აი, დადგა ნანატრი წამი!.. მგზავრი ჩავიდა, სკამი თავისუფალია!.. (“ასლანი წავიდა, აჭარა თავისუფალია”-ს სხვაგვარი ინტერპრეტაცია :-D). ეს სკამი საერთოდ სხვა ფენომენია. როგორც წესი, ორი განყოფილება აქვს და მგზავრები ერთმანეთისგან ზურგით სხედან. ძალიანაც რომ მოინდომო და ფეხები თავზე შემოიწყო, არც ერთი მგზავრი არ ჩაგივლის ისე, გემრიელად რომ არ ჩაგეხუტოს.

მძღოლი რა თქმა უნდა იგინება, რა თქმა უნდა ხელისუფლებას აგინებს და რა თქმა უნდა კონკრეტულად პრეზიდენტს. ღვედი მზარზე მსუბუქად გადაუგდია და დროდადრო ისწორებს, დამაგრება რა აუცილებელია, მთავარია პატრული დარწმუნდეს, რომ ყველაფერი რიგზეა. ღვედის მსგავდსად, ხანდახან ულვაშებსაც გადაუსვამს ხელს. საერთოდაც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მძღოლი, გარდა იმისა რომ მართავს “მარშუტკას”, სხვა სასარგებლო საქმეებსაც აკეთებს: იგინება, “ტრაფარეტს” ატრიალებს და შიგადაშიგ იმ ბოთლსაც ასწორებს, რომლითაც დამაგრებულია ეს “ტრაფარეტი”, უსმენს ნინო ჩხეიძეს და შიგადაშიგ “ბუტირკას” (ან პირიქით. ეს დამოკიდებულია მძღოლზე, მის განწყობაზე და შენს “იღბალზე”), ულვაშები და ღვედი ხომ თავისთავად. გარდა ამისა, რომელიმე მგზავრით უკმაყოფილოა აუცილებლად და ამ უკმაყოფილების ხარისხიდან გამომდინარე, სიჩქარეს უმატებს ან უკლებს. და რაც მთავარია, მძღოლი რის მძღოლია, ნეკა თითს მშვენიერი ფრჩხილი რომ არ უმშვენებდეს.

მძღოლზე დაკვირვების ბედნიერებას ის უეცრად ჩასული მგზავრი გისპობს, ფანჯარასთან გამოყოფილ ერთ სკამზე რომ იჯდა. საოცნებო ადგილი თავისუფალია და მზად ხარ მისთვის დათმო მძღოლის შესწავლა. პატარა ღია ფანჯრიდან შემოსული არც ისე სუსტი ნიავი გარწმუნებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე და გზა სასიამოვნოდ გრძელდება უფრო სასიამოვნო მელოდიის ფონზე. ამ დროს ქუჩაში მიმავალი ხალხი სხვანაირია, შორეული, თითქოს ფილმს უყურებ. სწორედ აქედან გამომდინარე, სულ არ გიკვირს, ერთ-ერთი სალონის წინ ორმოციოდე წლის ქერა ქალს ახალ ვარცხნილობაზე ერთჯერადი ცელოფნის პარკი რომ დაუფარებია ნაზად, უცებ წამოსული წვიმისგან დასაცავად და თან ხელით ამაგრებს, ასევე უცებ მოსულმა ქარმა რომ არ წაიღოს.

მერე ქუჩებს ერთგვარი კლდეები ცვლის და სასიამოვნო მელოდიაც მათ ფონზე უფრო სასიამოვნოდ ისმინება. “მარშუტკაც” ცოტათი გამსუბუქდა და თვალის გასახარად ცარიელი სკამებიც კი შეინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეისთვის თბილი ჩახუტებები დამთავრებულია.

თუ “მარშუტკაში” ბიჭი ამოვა და თან ზურგჩანთიანი, ის აუცილებლად მძღოლის გვერდით რომ “სკამია”, იქ დაჯდება, მგზავრობის საფასურს მაშინვე გადაიხდის და შეიძლება მძღოლს საუბარიც გაუბას. (ეს ფენომენი ჯერ კიდევ ამოუხსნელია, ვცდილობ გავერკვე მიზეზებში, მაგრამ ამაოდ).

ფრაზა “სანამ გადახვალთ შუქნიშანთან გამიჩერეთ” არამარტო მძღოლს, შენც გაბნევს და კინაღამ გავიწყდება, რომ ეს სწორედ ის შუქნიშანია, რომელიც ამ “სამოთხიდან” გასასვლელის ფუნქციას ასრულებს.

არაყალბი ბედნიერი მზერით უწოდებ მძღოლს მგზავრობის საფასურს და გეღიმება კიდეც სუფთა ჰაერის და სიოს შეგრძნების სიამოვნებისგან.

დილით…

როგორი დილაა იცი? ბავშვობაში რომ იყო, დილაადრიან რომ წამოგაგდებდა ფეხზე. კი გეძინებოდა, მარა მზის სხივი ისე გეთამაშებოდა, სასწრაფოდ წამოდგებოდი და ეზოსკენ გავარდებოდი. დილაადრიან ეზოში თამაშს არაფერი სჯობდა, რაღაცნაირი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მუხლის დაზიანებები ყველაზე ხშირად სწორედ ამ დროს ხდებოდა, მაინც ყველაზე მეტად მიმზიდველი იყო ეზო დილით და უდროო დროს საუზმეზე მოხმობაც ნერვებს გიშლიდა.

დღესაც მასეთი ამინდია. გინდა გარეთ გახვიდე, სადაც ბავშვობის მეგობრები გელოდებიან და მათთან ერთად ითამაშო ათასგვარი სისულელე. მაგრამ ამის უფლებას არც ასაკი გაძლევს და არც ბავშვობის მეგობრების სიშორე.

გარეთ გასვლა იმდენად გინდა, გიხარია კიდეც დილის ლექცია. მუსიკის თანხლებით გადიხარ სადარბაზოდან და თითქმის გალურჯებულ ცას უყურებ უკვე ამწვანებული ჭადრების ფონზე.

შორიახლოს მდებარე ყვავილების მაღაზიასთან ახალი ყვავილები გამოუტანიათ. თეთრი კალათი სავსეა, არა, დახუნძლულია დიდი გვირილებით. რაც მომენტალურად იწვევს ღიმილს, ჟრუანტელი გივლის სიამოვნებისგან და აგრძელებ გზას.

გეჩვენება თითქოს, მაგრამ ხალხი ლაღად დადის ქუჩაში. ეს ის დროა, როცა ყველა გამოდის სახლიდან და სამსახურში, უნივერსიტეტში, სკოლაში და ა.შ. მიემართება. იგრძნობა, რომ ამინდს ჯადოსნური ძალა აქვს და ყველას განწყობაზე იმოქმედა დილაადრიან. ყველა გამვლელი ტოვებს სასიამოვნო განწყობას და დილით მიპკურებული სუნამოს სურნელს.

სილამაზის სალონთან ისევ ტრიალებენ გამოპრანჭული თანამშრომლები, ჯერ არავინ მისულა და ერთმანეთს უკეთებენ ვარცხნილობებს. სალონის თანამშრომლების ვარცხნილობა მუდამ ფორმაშია.

ვიღაც ქალი გადაგიხტა წინ, პირს აფჩენს რატომღაც. რამდენიმე წამით გაკვირვებული უყურებ, მერე ხვდები – “ნაუშნიკი”! იშორებ გარე სამყაროს ხმის დამხშობ საშუალებას და უკვე პირის ფჩენად არ გეჩვენება, ლაპარაკობს ქალი – “შვილი, დღეს სწავლა არი?”

მოხუცი კაცი მისეირნობს. გაზეთი დაუხვევია და ისე უჭირავს ხელში. ძველებური შარვალ-კოსტიუმი აცვია და როგორია იცი? რომ იტყვიან აკურატულიო, ზუსტად ისეთი, სხვა სიტყვას ვერ შეურჩევ.

ქალი ტრანსპორტს ელოდება, ერთი ხელით მზეს იჩრდილავს, მეორეში მიხაკების “თაიგული” უჭირავს, თითქოს გახუნებულა ყვავილები. სულ რამდენიმე მიხაკს ისე უღიმღამოდ აქვს გამჭვირვალე პარკი შემოხვეული, ცოცხალიაო ვერ იფიქრებ, ყველანაირ სილამაზეს კარგავს. ეს ყვავილებიანი ხელიც თავზე შემოუდვია ქალს და ერთიანობაში საინტერესო სანახავია.

გოგო მიხტუნაობს მაღალ ქუსლებზე. არა, ცუდად კი არ დადის, უბრალოდ ნაბიჯებს თითქოს ნახტომში აკეთებს, რაც უფრო ეფექტურს ხდის.

საათი დაჟინებით გეუბნება, რომ გაგვიანდება და დროა ნაბიჯს მოუჩქარო, მაგრამ იმდენად კომფორტულად გრძნობ თავს ასე, ისევ იმ ტემპით აგრძელებ გზას.

კორპუსის ქვემოთ პატარა სკვერია, სამი სკამი დგას სულ. ერთ-ერთზე ახალგაზრდა ქალი მოკალათებულა ბავშვით ხელში.

მეტრო. ბოლო წამს ასწრებ ვაგონში შეხტომას და ამის გამო გაურკვეველი რამდენიმე წამიანი სიხარული გეუფლება. ვაგონის კარებთან მიყუჟული განაგრძობ ამოჩემებული სიმღერის მელოდიით ტკბობას. კარებში უეცრად დაჭერილი დაჟინებული მზერა, გვერდით მდგომ ახალგაზრდას რომ ეკუთვნის. ამჯერად დისკომფორტს არ გრძნობ, გიხარია კიდეც, რადგან ჩუმად შენიშნე მზერა, რომელიც პატრონს ფარული ეგონა.

რუსთაველი – ყველაზე საყვარელი, მაგრამ ყველაზე ნაკლებთბილისური ქუჩა. ლამაზია, თბილისთან ასოცირდება, მარა არ უხდება ამ ქალაქს დიდი და ფართო ქუჩები.

ბიჭმა ჩამირბინა, შარვალ-კოსტუმიანმა, უნიფორმა უნდა იყოს აშკარად. ქარი ამ კოსტუმს აფრიალებს და წამით ჰალსტუხსაც მოკრავ თვალს, მისი ფერის მიხედვით რწმუნდები, რომ არ შემცდარხარ და ბიჭი ერთ-ერთ ბანკში მუშაობს. გოგოს წამოეწია, ჩაეხუტა თბილათ. უცებ გგონია დეჟავიუ გაქვს, ეს თითქოს უკვე იყო. მერე ხვდები, რომ უბრალოდ ძალიან ჰგავს კადრს ძველებური ფილმიდან. წინ მისეირნობს წყვილი და აკვირდები, იგრძნობა სიყვარული. ერთი კვარტალის შემდეგ ბიჭი ემშვიდობება, ჯერ თბილად იკრავს გულში, მერე ხელს უქნევს და უკან მოდის, ოღონდ სახე აქვს საოცრად ბედნიერი, ძველ ფილმებში შეყვარებული ბიჭები გინახავს? აი, ისეთი. მიხარია.

სკამზე მოხუცი კაცი ზის, ფეხი ფეხზე გადაუდვია და გაზეთს ჩაჰკირკიტებს.

არც ისე სუსტი სიოა და ხედავ, რომ ქუჩაში მოძრავ ყველა მდედრს ერთი პრობლემა აერთიანებს – ვარცხნილობა. ამის გამო ვარაუდობ რაოდენ საინტერესო შეიძლება იყოს იმ მაღაზიებში მუშაობა, რომლის ვიტრინებშიც ესენი იყურებიან.

ახლადმოჭრილი ბალახის სუნია რუსთაველზე. დილით მოსასმენი ბოლო სიმღერაც დაიწყო და საათი 10:54-ს აჩვენებს. ცხადია, რომ დააგვიანე, მაგრამ კიდევ არ გენაღვლება რატომღაც, საინტერესო კადრების მოლოდინში აგრძელებ გზას. დაე, დაიწყოს ფლეილისტმა მოქმედება თავიდან!..

%d bloggers like this: