Blog Archives

ერთად…

მის სახეს სახით ვეფერები…

სადღაციდან ზემფირას მელოდია ისმის…

თბილი შეხება…

ვეხები სახის ყველა ნაწილს ერთად და ცალ-ცალკე, სახის ყველა ნაწილით, ერთად და ცალ-ცალკე…

მისი სუნი… ყველაზე მეტად მენატრება ხოლმე…

ზემფირას მელოდია ძალებს იკრებს, მე თვალებს ვხუჭავ და სადღაც, სხვა სამყაროში გადავდივარ…

სახით ვეფერები მის სახეს…

. . .

შარშან შემოდგომაზე პირველად ჩამკიდა ხელი… არა, ერთმანეთს ჩავკიდეთ ხელი…

მერე ზამთარი იყო… იმ ხელიდან წამოვიდა სითბო, ჯერ ხელები გაათბო და მერე მთლიანად მე…

გვეშინოდა… ზამთრის, სიცივის… ზაფხულის და სიცხისაც კი… ნელი და ფრთხილი ნაბიჯებით დავიწყეთ…

მაშინ, როცა კუს ტბიდან ვეშვებოდით ქალაქისკენ… მაშინ პირველად შემეცვალა განწყობა დადებითიდან უარყოფითისკენ… მახსოვს… ცალი ხელით საჭე ეჭირა და მეორე მე ჩამკიდა…

და დღემდე, სახლში წასვლისას იცვლება ჩემი განწყობა, თუმცა მე ახლაღა მივხვდი რატომ… უბრალოდ არ მინდა მასთან ყოფნის დრო ამოიწუროს, მერე რა რომ მეორე დღემდე, მაინც…
მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი…

მაშინ ვერც იმას ვხვედებოდი, რომ ასე შემეძლო მყვარებოდა, რომ რეალურად შემიცვლიდა ეს ყველაფერს და რომ რეალობა ზღაპარი იქნებოდა, ან პირიქით…

და ახლაც, როცა სახლში წასვლისას თავისით, სადღაციდან მომეპარება უაზრო განწყობა, ის ისევ იჭერს ჩემს ხელს და მე ვიცი, რომ ხვალ უკვეთესი იქნება, რომ „ხვალ“ ჩემი და მისია, ჩვენი…

. . .

ზემფირა ისევ მღერის საიდანღაც და მე ისევ ვეფერები მის სახეს სახით… მერე რა, რომ ეს მელოდია და ტექსტი არანაირად არ შეეფერება ჩვენს ახლანდელ მდგომარეობას.

კისერზე ვკოცნი და მის სუნს ვგრძობ, რომლითაც მილიონში ამოვიცნობ. მის სუნს და მის შეხებას…

სახით ვეფერები მის სახეს…

Advertisements

გა-დაღლა…

დავიღალე… უბრალოდ კი არა, ძალიან დავიღალე…

ვხვდები, რომ თანდათან ვკარგავ კონტროლს საკუთარ თავზე, რომ ნამდვილი ხატია ცოტაღა დარჩა ჩემში და საკუთარი თავის ნარჩენებიღა ვარ…

მთელი დღე სამსახურში და ერთი პოზიტიური ფიქრი – საღამოს ისევ ვნახავ, ისევ ისე თბილად ჩამეხუტება და ყველაფერი გამივლის.

არაფერი მინდა მასთან ყოფნის გარდა. მინდა ერთად გადავიკარგოთ სადმე ცოტა ხნით, მარტო ჩვენ.

კარგად მხოლოდ მაშინ ვგრძნობ თავს, როცა მასთან ვარ…

არ მინდა მინისტრობის კანდიდატები მესიზმრებოდეს. გემრიელი, ჩემებური ძილი მინდა, თუნდაც ძველებურად უსიზმრო…

ჩვენი შაბათი და კვირა მინდა…

სეირნობა მინდა საღამოს…

მინდა ამ სეირნობის ძალა მქონდეს და სამსახურის მერე უსულო საგანივით არ ვეგდო მანქანაში…

მინდა არ ვწუწუნებდე და არ ვბუზღუნებდე…

მინდა სამსახურში ისევ არ უკვირდეთ ჩემი ღიმილი, განსაკუთრებულ შემთხვევად არ თვლიდნენ. მინდა ისევ ისე ვიყო ღიმილის განწყობაზე, როგორც ადრე…

ბათუმი მინდა და სახლი, მაგრამ იქ მარტო ვიქნები, მის გარეშე და ვერ გავძლებ, ვერ შევძლებ…

სადმე ტყეში, მიკარგულში მინდა წასვლა მასთან ერთად…

ტყეში მასთან ერთად…

მინდა ერთად ვიძინებდეთ და ვიღვიძებდეთ…

მინდა ჩემს ხელში მის თბილ ხელს ვგრძნობდე, გული რომ მითბება ისე…

მარტო ჩვენ, ცოტა ხნით მაინც შორს ყველაფრისგან…

მინდა ორივემ დავისვენოთ და ადამიანების სახე დავიბრუნოთ.

მინდა მის ღიმილიან სახეს ვხედავდე და მეც არ მშორდებოდეს სახიდან ღიმილი, ღიმილი მისთვის…

ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ასე გვინდა… ვიცი, რომ მასთან ერთად სულ კარგად ვიქნები…

უბრალოდ რესტარტი მჭირდება ყველაფრისგან… ყველაფრისგან მის გარდა…

ზღაპარი…

…გავჩერდი, ჩაკიდებული ხელი გავუშვი, მისკენ მივტრიალდი, ცერებზე დავდექი და კისერზე ვაკოცე… ვაკოცე ბევრჯერ, ისე, თითქოს ის წყალი იყო და მე მოწყურებული მგზავრი…

ძალიან მომენატრა, სულის შეხუთვამდე…

მივეწებე და ვეღარ მოვშორდი, ეს უბრალოდ აღემატებოდა ჩემს ძალებს…

მერე იყო ზღაპარი, მთელი სამი დღე…

მეოთხე დღეს არ მჯეროდა რომ ზღაპარი დროებით შეწყდა… არც შემწყდარა, ვირტუალურად გაგრძელდა უბრალოდ…

ორი დღე დაგროვილი ემოციით ვუმკლავდებოდი მონატრებას, მესამე დღეს ისევ ისე შემეკუმშა გული…

მერე არ ვიცი რამდენი დღე გავიდა ასე… ერთხელაც მივტრიალდი და ჩემს უკან იდგა, რეალური… წარმოგიდგენია?

ისე მაგრად მოვეხვიე, შემეშინდა არ დამეხრჩო…

ისევ ზღაპარი… ყველაზე ლამაზი დღე, ყველაზე დიდი სითბო…

ვსხედვართ ზღვასთან და მზესთან სულ ახლოს… მე ვირუჯები, ის მეხუტება და მიკვირს რატომ არ მაწუხებს ზაფხულის სიცხე… ძალიან რომ გცივა და ჩახუტება გათბობს ისე ვარ…

საღამოა და ისევ ზღვასთან ვართ… ისევ გულში მიკრავს და მე პატარა ბავშვი მგონია თავი, რომელსაც უვლიან და ცდილობენ სითბო არ მოაკლონ…

ტირილი მინდა… ამჯერად ბედნიერებისგან…

მიყვარს… ისე მიყვარს რომ… რომ ვერ ვამბობ, არ ვიცი როგორ ვთქვა…

მიხარია რომ არსებობს ჩემს ცხოვრებაში…

მე არ ვიცი რა არის სიყვარული… მე ვიცი როგორია ჩემი სიყვარული…

მე არ ვიცი რა არის ბედნიერება… მე ვიცი როგორია ჩემი ბედნიერება და ისიც ვიცი, რომ ჩემი ბედნიერება მის გარეშე არ არსებობს…

მაბედნიერებს და ვიცი, ყველანაირად ვეცდები მეც რომ გავაბედნიერო…

კარგად…

კარგად ვარ მეთქი…

ასე მოკლედო?

ხო, ამ ყველაფერს კარგად ყოფნა ჰქვია თქო…

ვერ მოვიფიქრე სხვაგვარად როგორ მეთქვა დიდი ხნის უნახავი მეგობრისთვის ჩემი ამბები.

ხოდა კარგად ვარ…

არის ცხოვრებაში მომენტები, როცა არ გჯერა ასე კარგად თუ ხარ…

და მაინც, მე კარგად ვარ.

მიუხედავად იმისა, რომ ისე მენატრება, ვერ გადმოვცემ; მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაზე მეტად ცხელ თბილისში ყოფნა მინდა; მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ყოფნის ყოველი დღე უფრო და უფრო რთულდება…

კარგად ვარ…

გახსოვს? ადრე ვამბობდი სადმე რომ მიდიხარ რაღაცას ტოვებ ან რაღაც მიგაქვს თქო… ადრე ბათუმში ვტოვებდი ყველაფერს და თბილისიდან ამ ყველაფრისთვის მოვდოდი. თბილისში არაფერს ვტოვებდი, ყველაფერი ბათუმში მომყვებოდა…

ახლა დავტოვე… ყველაფერი…

ის სამი დღე… შენ არ იცი როგორი სამი დღე მქონდა… ყველაზე ლამაზი მთელს მსოფლიოში… ზაფხული ყველაზე ლამაზი სამი დღე… მთელი დღე ერთად, წყალში და ხმელეთზე…

სითბო… იმდენი სითბო რომ გეშინია გული არ გასკდეს…

შენ იცი რა ბედნიერებაა როცა ის, ვინც გიყვარს, სიგიჟემდე შეყვარებული თვალებით გიყურებს?

როცა უბრალოდ ვერ ახერხებ ხმის ამოღებას და უყურებ, რეალურს…

ისე მენატრება, ისე რომ…

მაგრამ იცი რა? კარგად ვარ…

კარგად ვარ… იმიტომ რომ შემიძლია ასე მიყვარდეს; იმიტომ რომ შემიძლია ასე მენატრებოდეს; იმიტომ რომ მყავს ადამიანი, ვინც მეიმედება; იმიტომ რომ მხოლოდ ეს ურთიერთობაც მაბედნიერებს; იმიტომ რომ მასთან რაღაცნაირად ვარ, სრულყოფილად და მის გარეშე კი თითქოს სხეულის ნაწილი მაკლია…

და იცი კიდევ რატომ ვარ კარგად? იმიტომ რომ რამდენიმე დღეში ისევ ვიგრძნობ მის თბილ ჩახუტებას და ბედნიერებისგან ვიტირებ… და არასდროს, არასდროს წავალ ამდენი ხნით…

მზიანი წვიმა

გამარჯობა გვირილა!

მე ხატია ვარ და მე დავბრუნდი, მგონი…

იცი? მომენატრე.

ცუდად ვიქცევი უყურადღებოდ რომ გტოვებ ხშირად, მაგარამ იცი რამდენი საქმე მაქვს? ხუთასი! 😀

ამბობენ კარგად როცა ხარ წერა არ გამოდისო, ცუდად ყოფნაა აუცილებელიო…

არადა, იცი რამდენი რამ დამიგროვდა და იცი რა კარგად ვარ?

ხოდა ახლა მოგიყვები 😉

ა, მოიცა, ჯერ ეს ჩართე და ისე 🙂

ახლა მელოდიას აყევი და იღიღინე, მერე რა, რომ შეიძლება ტექსტი არ იცოდე…

. . .

იცი რა მაგარია როცა გიყვარს?

იცი რა მაგარია, როცა არ იცი რატომ გიყვარს, კონკრეტულად რა თვისების გამო? უბრალოდ გიყვარს, მიზეზი რა საჭიროა…

იცი რა მაგარია, როცა გრძნობის გადმოსაცემად სიტყვები და ემოციები არ გყოფნის?

მთელი დღე რაღაც რომ გაკლია და საღამოს ხვდები რომ ეს ჩახუტებაა. და ჩახუტება იცი როგორია? არ ვიცი როგორ გითხრა… უცებ ყველაფერი რომ გავიწყდება და გრძნობ რომ კარგად ხარ, ძალიან კარგად!

სადღაც თბილისის ზემოთ, მზიან წვიმაში ყოფილხარ? თბილი წვიმა რომ მოდის, მზე ანათებს და ჩახუტებული გადმოყურებ თბილისს… მე ვყოფილვარ…

გქონია შემთხვევა, როცა ხვდები, რომ ავტობუსში/მეტროში/“მარშუტკაში“ გაკრეჭილი ზიხარ, თითქოს სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო? მე კი…

გქონია ბედნიერების ჟრუანტელი? მე კი…

დაღლილი დღის შემდეგ გქონია იმის ძალა რომ რამდენიმე კილომეტრი გესეირნა? მე კი…

ისე მოგნატრებია რომ ლაპარაკი არ შეგძლებია? მე მომნატრებია…

გყვარებია ისე, რომ საკუთარი თავისგან გაგკვირვებია? მე კი… ახლა მიყვარს…

გახსოვს, მეგონა რომ სიყვარული ის ნიჭია, რომელიც მე არ გამაჩნია. ვცდებოდი. დიახ, სიყვარული ნიჭია, მაგრამ ის ყველას აქვს, უბრალოდ ზოგს უფრო დიდი ნიჭი აქვს, ზოგს მცირე.

ამიტომ არ დაიჯერო რომ შენ სიყვარული არ შეგიძლია, რომ გული გატკინეს და მერე ვეღარ შეიყვარებ. არა! უნდა გიყვარდეს. ვალდებული ხარ გიყვარდეს, იმიტომ რომ კარგად უნდა იყო, ცუდად ყოფნის უფლება უბრალოდ არ გაქვს. ადამიანი სიყვარულისთვისაა გაჩენილი და დედამიწას მართლა სიყვარული ატრიალებს, დამიჯერე.

მე ვხედავ მზეს! და მინდა შენც დაინახო… ხო, შენ, რაღაც უცნაური მიზეზით რომ შემოდიხარ აქ ყოველ დღე და მე უნამუსოდ გექცევი – არაფერს ვწერ ახალს.

ხოდა, მე დავბრუნდი, უფრო ხატია, ვიდრე გვირილა. თუმცა ორივე 🙂

მინდა ერთად ვხედავდეთ მზეს…

მინდა ყველა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ხედავდეს მზეს…

და მინდა ბედნიერებისგან ჟრუანტელი გივლიდეს…

. . .

Image

ბლოგმა მითხრა მომხედეო. მე ვუთხარი კაი მეთქი…

ხოდა უნდა მივხედო.

ჯერ მოვუყვები რაღაცებს, ჩუმად…

ვეტყვი, რომ სულაც არ დამვიწყებია და მასთან ურთიერთობა ისევ ისე მომწონს, როგორც ადრე. თავს გავიმართლებ იმით, რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს ბოლო დროს და ვეღარ ვიცლი მისთვის.

მერე ვეტყვი, რომ კარგად ვარ, რომ მიყვარს… ბლოგი კი არა… კიარადა, ბლოგიც 🙂

ვეტყვი რომ გულწრფელად წერა მომენატრა და მინდა დავწერო რამე.

იმასაც ვეტყვი, რომ ტყუილია, როცა ამბობენ მხოლოდ მაშინ შეუძლია ადამიანს წერა, როცა ცუდადააო. მე კარგად ვარ და შემიძლია წერა, თუ ჯღაბნა, რაცაა მოკლედ… მერე რა, რომ ბოლო დროს ვერ ვიცლი, როცა მოვიცლი ავანაზღაურებ 😉

გაზაფხულია, ფერადი… წავალ ახლა და უნივერსიტეტისკენ წავსეირნდები.

ხო, რაღაც უცნაური მიზეზით ამ ბლოგს რომ კითხულობს ის ხალხიც მომენატრა.

იცი რა? მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ მაქვს უფლება არ ვიყო ბედნიერი. ხოდა აუცილებლად ვიქნები ბედნიერი, პატარა-პატარა და დიდი ბედნიერებებით. და მინდა ბეეევრი ადამიანი იყოს ასე.

მომენატრა…

რა მომენატრა იცი? შებინდებისას ნაწვიმარ და შეშრობა დაწყებულ ასფალტზე სეირნობა. როცა უბრალოდ მიდიხარ ხელიხელჩაკიდებული და გრძნობებს საუბარი არ სჭირდება.

ჩახუტება მომენატრა და სითბო. ხო, სითბო. მომბეზრდა ცივი და კედელი ადამიანები.

როგორი დღე მომენატრა იცი? სრულიად თავისუფალი, ექსპრომტად დაგეგმილი და ურთიერთობის სიამოვნებისგან გული რომ გებერება ისეთი.

კაი ფილმი და მისგან მიღებული  შთაბეჭდილება – დამუნჯება მომენატრა.

ზღვაც მომენატრა, არა ტურისტული და მხოლოდ ჩემი. მოღრუბლულ ამინდში რომ უნდა გაისეირნო და სახე ქარს შეაგებო, ისეთი.

საღამო მომენატრა და ღამის ბათუმში სეირნობა უსიტყვოდ.

წვიმა მომენატრა, გიჟი და გადარეული, მხირული და განწყობის გადამდები.

სალოს სახლი მომენატრა, მეორე სართულის ბუნებრივი სიგრილე. გათიშული გონებით პირაღმა გდება საწოლზე და მერე ნადირობა ტყემალზე ან მანდარინზე, სეზონის მიხედვით.

მომენატრა შეგრძნება, რომ ვიღაცისთვის სულ ერთი არაა ჩემი არსებობა. თეორიული ცოდნა ფეხებზე მკიდია ამ ეტაპზე, მინდა ვიგრძნო ეს.

მომენატრა ღამით პლიაჟზე პირაღმა წოლა, უსიტყვოდ ცქერა ცაში და ზღვის ხმაზე მიყურადება.

მომენატრა დილა, როცა მზის სხივი მაღვიძებს.

უსიტყვოდ საუბარი მომენატრა.

სარკეში საკუთარ გამოსახულებას რომ უღიმი ის შეგრძნება მომენატრა.

მომენატრა ვიყო სუსტი და ვიღაცის იმედი მქონდეს.

ყურადღება მომენატრა, მომაბეზრებელი კიარა, უბრალო, ადამიანური ყურადღება, შიგნიდან რომ გათბობს ისეთი.

გრძნობების გამოხატვა რომ შეუძლიათ ისეთი ადამიანები მომენატრა. მე არ შემიძლია იგივე, ამიტომ სხვებს მაინც უნდა შეეძლოთ. ადრე ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, ახლა აქვს.

კიდევ რა მომენატრა იცი? როცა გგონია, რომ ყველა წინაღობის დაძლევას შეძლებ. როცა შეგიძლია იარო წინ და წვრილმანები ფეხებზე დაიკიდო – ეს შეგრძნებები მომენატრა, თანაც იმდენად, რომ უკვე ახლოს ვარ მათთან.

%d bloggers like this: