Blog Archives

ეგოიზმი

უკვე რამდენი ხანია ვზივარ და ვფიქრობ რა და როგორ დავწერო. როგორ დავწერო ის, რასაც ვგრძნობ… არის ხოლმე მომენტები, როცა გინდა მაქსიმალურად გამოხატო რაღაც და უბრალოდ არ შეგიძლია. ასე ვარ ახლა. სიტყვები არ მყოფნის საერთოდ. დაწერა რომ გადავწყვიტე, რაღაცები ტივტივებდა თავში, მერე გაქრა. მთავარი ისაა, რომ დღეს დაბადების დღე აქვს. იცი როგორ მიყვარს? უკვე რამდენჯერ ვცადე მეთქვა და ვერ გიხსნი… მთელი არსებით მიყვარს და მთლიანად, თავისი უმნიშვნელო “მინუსებით”, რომელიც იმდენად უმნიშვნელოა, რომ… მინდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად, ხელიხელჩაკიდებულმა გავატარო. მინდა მასთან ერთდ ვიძინებდე და ვიღვიძებდე სულ; მინდა ყოველთვის ისე მიყურებდეს, როგორც ახლა; მინდა რაც შეიძლება ბევრი “ჩვენი”; <3 რეალისტი ვარ, არ მჯერა ზოგადი ზღაპრების, მაგრამ მე ჩემი ზღაპარი მაქვს, ინდივიდუალური და ეს იმიტომ, რომ ის ჩემს გვერდითაა; იმიტომ, რომ როცა კარგად ვარ ჩემთანაა, როცა ვწუწუნებ, ვბუზღუნებ და უბრალოდ ტირილი მინდა, მაშინაც ჩემთანაა; მასთან ვისწავლე, რომ მთავარია დღეს იყო ბედნიერი, რომ დეტალებშიცაა ბედნიერება. ვისწავლე რა არის დიდი ბედნიერებაც და რა მინდა ყველაზე მეტად. დავრწმუნდი, რომ ჩემი შეხედულებები გრძნობებზე უბრალო ფანტაზია არაა და ეს დღეს ჩემი რეალობაა. დავრწმუნდი, რომ არ შემიძლია მისი ნახვისას ღიმილი შევიკავო და არც მას შეუძლია. დავრწმუნდი, რომ ჩემი პოზიტივი და ენერგიაა, რომ მისი ერთი ჩახუტება საკმარისია ჩემი გაცოცხლებითვის. მისი ერთი შეხება უკვე ბედნიერებაა… ის არის ის, ვინც უნდა იყოს და ის არის ჩემი. ბედნიერი ვარ, რომ ის არსებობს და ეგოისტურად მიხარია, რომ ჩემია. ის ჩემი ერთადერთი ეგოიზმია, რომელსაც ვერასდროს დავთმობ.

Advertisements

იცი რა მაგარია როცა ზომაზე მეტად დაღლილს შეგიძლია სწრაფად სიარული და ამის ენერგიას მისი ჩახუტების  მოლოდინი გაძლევს? მე ვიცი და ბედნიერი ვარ…

image

ფეხები კედელზე

დილით მისი კოცნა მაღვიძებს… როგორც ყოველთვის, ჯერ ფრთხილად მკოცნის ლოყაზე და მერე მთელ სახეს მიკოცნის…

მე ჯერ კიდევ ნახევრადმძინარე მოვხვევ ხელებს და გულთან მივიხუტებ… ისე მიყურებს ხოლმე, თვალებში რომ ჩანს რას გრძნობს… მერე თბილად მიღიმის და მეუბნება რომ ყველაზე ლამაზი ვარ. მე კი ვიცი რომ ასე არაა, მარა მაგას რა მნიშვნელობა აქვს, თვითონ ასე ფიქრობს და მე მისი ყველაზე ლამაზი ვარ… მიხარია და კიდევ უფრო მაგრად ვეხუტები…

ხოდა, ახლა ისევ ასე მინდა… მინდა სადმე ვიყოთ, სულ ერთია ფანჯარაში ზღვის ხედს დავინახავ თუ მთის, თუნდაც ისევ თბილისის იყოს, ოღონდ ისევ ასე… იმდენად ბევრია 10 დღე ჩახუტების გარეშე…

ისევ კოცნით მაღვიძებს ყოველ დილით, ოღონდ ვირტუალურად. მინდა ჩვენ ორნი, სადმე ყველასგან შორს და ისევ ისე…

ფეხებს კედელზე ავაწყობდი და ათას სისულელეზე ველაპარაკებოდი… მერე თავისი ხელით მაჭმევდა თავისსავე მომზადებულ გემრიელობას… საღამოს მივეხუტებოდი და რამე ფილმს ვუყურებდით ერთად, დროდადრო უფრო მაგრად მიმიხუტებდა და თბილად მაკოცებდა… მერე სადმე გავისერნებდით, თბილად ჩამკიდება ხელს და ალბათ სულ აღარ ვილაპარაკებდით ეკონომიურ გაათებაზე 🙂 ხელში ამიტაცებდა და მე ისევ ვიკივლებდი, ის ისევ იფიქრებდა რომ მგონია დავუვარდები და მაგიტომ მეშინია და გაიბუტებოდა. მე კისერზე, ყურთან ახლოს ვაკოცები, მერე სახეს დავუკოცნიდი და ვეტყოდი როგორ ძალიან მიყვარს… მერე ისევ ამიტაცებდა ხელში და მასწავლიდა როგორ უნდა დავიჭირო თავი ისე, რომ ნაკლებად მქონდეს ვარდნის შიში 🙂

17

Imageშეყვარებული ვარ. 17 წლის შეყვარებული გოგო ვარ, 24 წლის ასაკში. ყურადღება მინდა, სიყვარული და სითბო. პრინციპში, არც ერთი არ მაკლია. მარა როგორც 17 წლის შეყვარებული გოგო, მეც ყველაფერზე ვბუზღუნებ და ვწუწუნებ, ვიბუტები და მერე ჩახუტება მინდა საშინლად.

შენი აზრით, რამდენჯერ შეიძლება შეგიყვარდეს ერთი და იგივე ადამიანი თავიდან? ოღონდ ისე, რომ შუალედში გა-დაყვარება საერთოდ არ იყოს… აი ასე, სულ გიყვარდებოდეს და გიყვარდებოდეს… გუშინ შემიყვარდა, იმის წინაც შემიყვარდა და დღესაც… მიყვარს ყველანაირი, მზრუნველიც და ზრუნვა რომ სჭირდება ისეთიც…

ხანდახან მინდა ამიტაცოს და მარბენინოს გიჟივით, მარა სიმაღლის მეშინია და მერე მთელ თბილისს ესმის ჩემი კივილი :))

შენ არ იცი რა გემრიელად მეხუტება  ხოლმე, ვერც წარმოიდგენ… სხვა დანარჩენზე დასაწერად ემოცია არ მყოფნის…

ისე, რატომ ითვლება რომ გულია სიყვარულის ორგანო? ადრე მქონია გულის აჩქარების მომენტები კონკრეტულად ადამიანებზე. ახლა მთელი არსებით მიყვარს, არ ვიცი როგორ ვთქვა… მთელი სხეული გრძნობს სიყვარულს, რაღაცნაირად…

ადრე მეგონა მე რომ მინდა ისეთი სიყვარული არ არსებობდა… როგორი სიყვარული მინდა მე? შეუზღუდავი, თავისუფალი, ნაკლებად კონფლიქტიანი, მზრუნველი, ყურადღებიანი… მოკლედ, დიდი და მოსაწყენი საკითხია :)) ხოდა, საქმე იმაშია, რომ ახლა ისეთი სიყვარული მაქვს, როგორიც მინდოდა… რა სისულელეა არა? როგორ შეიძლება სიყვარული იყოს ისეთი ან ასეთი? არადა შეიძლება, მართლა… ხოდა, ხანდახან ისევ გამკრავს ხოლმე ის ფიქრი, რომ “ისეთი” სიყვარული მართლა არ არსებობს. მერე ვიბუტები ისევ. მგონი იმიტომ ვიბუტები, რომ შერიგების პროცესმა დამარწმუნოს ჩემი ბოლო ფიქრის არამართებულობაში :))

ახლა გაბუტული არ ვარ, შესაბამისად, არც შერიგება მინდა. არც დარწმუნება იმაში, რომ ეს ისეთი სიყვარულია, მე რომ მინდა. ჩავალ, მოვეხვევი კისერზე და მთელ სახეს დავუკოცნი… მერე დამარწმუნოს ვინმემ რომ ეს ისეთი სიყვარული არაა, მე რომ მინდა!Image

ცოცხალი კადრი

ზღვა, უღრუბლო ცა და შენ…

ვხედავ შენს სახეს ცის ფონზე, ბედნიერ ღიმილს და მინდა დავაფიქსირო.

და მერე ეს ფოტო სულ თან მქონდეს…

ვიღებ ბევრ ფოტოს და შენ გგონია ვმაიმუნობ. არადა არც ერთი არ გამომდის ისეთი, როგორიც მინდა…

მზე, ზღვა, უღრუბლო ცა და შენ…

თბილი ღიმილი ცის ფონზე…

მინდა ეს კადრი გადავიღო, მაგრამ სხვანაირი გამოდის…

გეხუტები და ვხვდები, რომ არაფერია თუ ასეთი ფოტო არ მექნება. სამაგიეროდ, ვეცდები ასეთი კადრი მქონდეს სულ, ცოცხალი კადრი…

ჩვენი ჩრდილი ქვიშაზე და ზღვის ხმა…

მე ის კადრი მაქვს…

მზიანი წვიმა

გამარჯობა გვირილა!

მე ხატია ვარ და მე დავბრუნდი, მგონი…

იცი? მომენატრე.

ცუდად ვიქცევი უყურადღებოდ რომ გტოვებ ხშირად, მაგარამ იცი რამდენი საქმე მაქვს? ხუთასი! 😀

ამბობენ კარგად როცა ხარ წერა არ გამოდისო, ცუდად ყოფნაა აუცილებელიო…

არადა, იცი რამდენი რამ დამიგროვდა და იცი რა კარგად ვარ?

ხოდა ახლა მოგიყვები 😉

ა, მოიცა, ჯერ ეს ჩართე და ისე 🙂

ახლა მელოდიას აყევი და იღიღინე, მერე რა, რომ შეიძლება ტექსტი არ იცოდე…

. . .

იცი რა მაგარია როცა გიყვარს?

იცი რა მაგარია, როცა არ იცი რატომ გიყვარს, კონკრეტულად რა თვისების გამო? უბრალოდ გიყვარს, მიზეზი რა საჭიროა…

იცი რა მაგარია, როცა გრძნობის გადმოსაცემად სიტყვები და ემოციები არ გყოფნის?

მთელი დღე რაღაც რომ გაკლია და საღამოს ხვდები რომ ეს ჩახუტებაა. და ჩახუტება იცი როგორია? არ ვიცი როგორ გითხრა… უცებ ყველაფერი რომ გავიწყდება და გრძნობ რომ კარგად ხარ, ძალიან კარგად!

სადღაც თბილისის ზემოთ, მზიან წვიმაში ყოფილხარ? თბილი წვიმა რომ მოდის, მზე ანათებს და ჩახუტებული გადმოყურებ თბილისს… მე ვყოფილვარ…

გქონია შემთხვევა, როცა ხვდები, რომ ავტობუსში/მეტროში/“მარშუტკაში“ გაკრეჭილი ზიხარ, თითქოს სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო? მე კი…

გქონია ბედნიერების ჟრუანტელი? მე კი…

დაღლილი დღის შემდეგ გქონია იმის ძალა რომ რამდენიმე კილომეტრი გესეირნა? მე კი…

ისე მოგნატრებია რომ ლაპარაკი არ შეგძლებია? მე მომნატრებია…

გყვარებია ისე, რომ საკუთარი თავისგან გაგკვირვებია? მე კი… ახლა მიყვარს…

გახსოვს, მეგონა რომ სიყვარული ის ნიჭია, რომელიც მე არ გამაჩნია. ვცდებოდი. დიახ, სიყვარული ნიჭია, მაგრამ ის ყველას აქვს, უბრალოდ ზოგს უფრო დიდი ნიჭი აქვს, ზოგს მცირე.

ამიტომ არ დაიჯერო რომ შენ სიყვარული არ შეგიძლია, რომ გული გატკინეს და მერე ვეღარ შეიყვარებ. არა! უნდა გიყვარდეს. ვალდებული ხარ გიყვარდეს, იმიტომ რომ კარგად უნდა იყო, ცუდად ყოფნის უფლება უბრალოდ არ გაქვს. ადამიანი სიყვარულისთვისაა გაჩენილი და დედამიწას მართლა სიყვარული ატრიალებს, დამიჯერე.

მე ვხედავ მზეს! და მინდა შენც დაინახო… ხო, შენ, რაღაც უცნაური მიზეზით რომ შემოდიხარ აქ ყოველ დღე და მე უნამუსოდ გექცევი – არაფერს ვწერ ახალს.

ხოდა, მე დავბრუნდი, უფრო ხატია, ვიდრე გვირილა. თუმცა ორივე 🙂

მინდა ერთად ვხედავდეთ მზეს…

მინდა ყველა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ხედავდეს მზეს…

და მინდა ბედნიერებისგან ჟრუანტელი გივლიდეს…

გაზაფხული

გაზაფხული მინდა – სახლშიც, სამსახურშიც, ქუჩაშიც, ფბ-ზეც, ფოტოებზეც, ბლოგზეც და ისეც 🙂

დილით მზის სხივმა მინდა გამაღვიძოს, მერე გარეთ გავიხედო და მოწმენდილი ცა დავინახო, ასფალტზე კი ხეების, ფოთლებიანი ხეების ჩრდილები.

მინდა მოვალეობის გამო არ „გამოვიპრანჭო“ და ეს სურვილი დილის მზის გამოგზავნილმა სასიამოვნო განწყობამ მოიტანოს.

მინდა სადარბაზოდან გასვლისას მზის სითბო ვიგრძნო, ღრმად ჩავისუნთქო და საიდანღაც ყვავილების სურნელი მოვიდეს.

სეირნობა მინდა და დაუგეგმავი დღე, მერე ექსპრომტად დაგეგმვა და სასიამოვნო შედეგი.

შაბათი დილა მინდა, ფერადი და სურნელოვანი. დაუღალავად ბოდიალი და კითხვა.

ჩახუტება მინდა, ყველაზე თბილი…

ხელიხელჩაკიდებული სიარული მინდა ყვავილებიან ადგილას, უხმოდ ან თუნდაც ეკონომიურ განათებაზე საუბრით 🙂

სითბო მინდა, დაახლოებით ისეთი, როგორიც უკვე ყოველ დღე მაქვს, გული რომ მებერება და ვრძნობ, როგორ ლღვება რაღაც ღრმად გულში.

მზიური მინდა სითბოში, ბოდიალის მერე ჩემს მუხლებზე რომ დადებ თავს და მე ბოლოსდაბოლოს წაგიკითხავ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონს“ 🙂

ხო, გაზაფხული მინდა! სახლშიც, სამსახურშიც, ქუჩაშიც, ფბ-ზეც, ფოტოებზეც, ბლოგზეც და ისეც – ყველგან! 🙂

მერე რა, რომ მე ცივ ნოემბერშიც მქონდა გაზაფხული. ახლაც მინდა 🙂 ოღონდ ამჯერად თოვლიანი კი არა, ყვავილებიანი, ფერადი გაზაფხული.

მზინი, ღიმილიანი გაზაფხული…

 

არ ვიცი…

შემთხვევით ჩემთვის უცნობ ბლოგს გადავაწყდი. უცნობს, მაგრამ საინტერესოს. ვკითხულობდი უშუალო და ძალიან მარტივ პოსტებს, ადამიანურს და არა კუდაბზიკურს.

სხვისი მოსმენის შემდეგ შენც გინდება საუბარი.

მეც ასე ვარ ახლა. მინდა საუბარი… კარგა ხანია მინდა თან, მაგრამ არ თუ ვერ გამოდის. გავხსნი პოსტის ფანჯარას და ხან სხვა საქმე მიჩნდება, ხან არ მეწერინება, ხანაც უბრალოდ არ მინდა დავწერო.

არც ახლა ვიცი რა დავწერო, მაგრამ მჭირდება ეს.

არეული ვარ…

რეალური ადამიანები მჭირდება.

ხანდახან უბრალოდ მინდა ვიტირო, ხანდახან არ მინდა და თავისით მოდის ცრემლები.

სულ მგონია რომ მარტო ვარ, ბავშვობიდან…

ახლა არ ვიცი, იქნებ არც ვარ მარტო…

არ ვიცი, არაფერი არ ვიცი…

არ ვიცი რა მჭირს…

უბრალოდ… მჭირდები… მჭირდები და მაკლიხარ…

ალბათ ბევრს ვითხოვ ადამიანებისგან…

თოვს… ალბათ ლამაზადაც… თუმცა მხოლოდ სიცივე იგრძნობა.

გაზაფხული მინდა და სითბო…

იები რომ აყვავდება ხომ წამიყვან მათ სანახავად?

 

წავალ, დავიძინებ…

ხვალ ახალი დღე იქნება და მზიანი. მერე რა რომ თოვს? თოვლში მზე არ გინახავს? იცი რა ლამაზია მზე და თოვლი? თოვლი ბრწყინავს და მზეც ისეთი თბილია, როგორიც შენი ჩახუტება.

მე ვხედავ მზეს. შენც დაინახე რა…

To be :)

მაშინ, როცა რომელიმე ენის მასწავლებელი დროებზე გვესაუბრებოდა, მეგონა ეს მხოლოდ სიტყვებს შეეხებოდა, იმას, თუ როგორ დაწერ და ისაუბრებ ამა თუ იმ დროში. ხოდა, მეც ქართულად, რუსულად თუ ინგლისურად ვიმახსოვრებდი შესაბამის სიტყვებს.

არ ვიცი როდის და როგორ, მაგრამ მივხვდი, რომ ეს უბრალოდ სიტყვები კი არა, ჩვენი მდგომარეობაა. მდგომარეობა წარსულში, აწმყოსა თუ მომავალში.

წარსული მაგარია! ყველაზე მაგარი, თუნდაც მაშინ, აწმყოში არც არაფერი ყოფილიყო. გახსენდება კონკრეტული დრო, ადამიანები და რაღაცნაირი სიამოვნება გეღვრება გულში. იქნებ მერე ის ადამიანებიც გაქრნენ და დრო ხომ თავისთავად, მაგრამ იყო რაღაც, რაც გიზიდავს და გაიძულებს მათი გახსენებისას შენდაუნებურად გაიღიმო.

მაგრამ ეს რაა, მომავალში უკეთესი იქნება! აი, იმ მომავალში, როდის დადგება რომ არ იცი. ხოდა მიდიხარ მისკენ, ხან ნელა და შეფერხებით, ხანაც პირიქით. ამ დროს ერთადერთი, რაც იცი, არის ის, რომ იქ, სადღაც უკეთესია. უკეთესია წარსულზე და აწმყოზეც, იმაზე, რაც ახლა გაქვს.

ახლა რა გაქვს? არაფერი! გარდა პრობლემებისა, დაულაგებელი პირადი ცხოვრებისა, აწეწილი გეგმებისა და რავი, კიდევ ათასი უბედურებისა. ამ დროს ერთადერთი, რაზეც ფიქრობ, დასვენებაა და ამ ყველაფრისგან გათავისუფლება.

რამდენიმე დღის წინ თითქმის ერთი თვის მუშაობა წყალში ჩამეყარა – “ფლეშკა” დამივირუსდა და დედლაინის წინა დღით ყველა ფაილი წამეშალა. მაშინ, როცა მასალის დასკვნით ნაწილზე ვფიქრობდი არხეინად, აღმოჩნდა, რომ შესავალიც აღარ მაქვს.

იმ საღამოს მივხვდი, რომ სუსტი ვარ, იმდენად სუსტი რომ შემიძლია დავყარო ყველაფერი, შევეშვა და უბრალოდ ვიტირო. ვიტირე კიდეც, მთელი ნახევარი საათის განმავლობაში 🙂 მაგრამ ამით რა? ცოდო ვარ? შემიცოდებს ვინმე? თუნდაც ლექტორი?

ყველაზე ცუდად მაშინ ხარ, როცა საკუთარი თავი გეცოდება. მეც შემცოდებია საკუთარი თავი. იმ დღესაც შემეცოდა. საზიზღობაა! საკუთარი თავის შეცოდება დანებების ტოლფასია. დანებდები ერთ წაშლილ მასალას, მერე ცუდ შეფასებას, ყოველდღიურობას და ბოლოს მთლიანად ცხოვრებას.

… მაგარი შეგრძნებაა, როცა განთიადის მოახლოებას იგრძნობ, ღამე გაფერმკრთალდება და მონიტორზე უკვე მზა მასალა გეგულება. წელში გაიმართები, ოდნავ გაიღიმები და რამდენიმე საათით დაიძინებ.

მერე ახალი დღე იწყება, მზიანი. დილის სუსხი სასიამოვნოდ გაფხიზლებს, მზის სხივი კი სითბოს გიღვრის მთელ სხეულში. ხვდები, რომ ყოველ დღეს აქვს თავისი პლიუსი, პოზიტივი და რატომ არ უნდა დაინახო? რატომ უნდა გაუშვა ხელიდან მარტივად და რატომ არ უნდა მიიღო სიამოვნება მათგან?

ხოდა მეღიმება… მეღიმება, იმიტომ, რომ ჭადრის ფოთლების ფერის ჩიტი ძალიან ლამაზია; მეღიმება, იმიტომ რომ სასიამოვნო მუსიკას ვუსმენ; მეღიმება, იმიტომ რომ დილა სასიამოვნოდ იწყება; მეღიმება, იმიტომ რომ იმ მოხუც ქალს გაეღიმა, ადგილი რომ დავუთმე ავტობუსში; მეღიმება, იმიტომ რომ ხელები თბილად მაქვს და მეღიმება იმიტომ, რომ სითბოს ვგრძნობ;

მეღიმება, იმიტომ რომ წამის შეგრძნება შევძელი… და მიხარია… მიხარია, რომ შემიძლია ვიცხოვრო აწმყოთი.

დილით…

წვიმის შემდეგ ქალაქი თითქოს იწმინდება ყველაფერ ცუდისგან და დილით, ნაწვიმარზე სეირნობა ერთი სიამოვნებაა.

სუფთა ქალაქში ჰაერიც სხვაგვარია და მზეც სხვანაირად ანათებს.

ჯერ დილაა. ის პერიოდია, როცა ადამიანებს ძირითადად დილის გემრიელი ძილით სძინავთ და ქალაქიც რამდენიმე საათით ისვენებს მათგან. ამიტომაც მშვიდია და უფრო ლამაზი.

შენობებს და ხეებს წვიმის წვეთები არ შეშრობიათ ჯერ. მზეც ღრუბლებიდან გამოღწევას ცდილობს და პატარა ნაკუწებად გლეჯს მათ. ცა ისევ ისეთია, როგორიც უნდა იყოს – ცის ფერი, ცისფერი. აქა-იქ მიმობნეული ღრუბლების პატარა ნაგლეჯები კი უფრო აცოცხლებს მას. მზემ უკვე დააღწია თავი და მაღალი შენობის უკან გამოჩნდა, ჯერ ნახევრად, შემდეგ კი გაიზარდა და გაცოცხლდა.

ბულვარი ისეთი ცარიელია, როგორიც თითქმის არასდროს. ერთნაირი შეფერილობის სკამები და ხეები ჯერ კიდევ სველი. სანაპიროსთან მოხუცები ვარჯიშობენ, ხანდახან ველოსიპედითაც ჩამოირბენს ვინმე.

ხის ხშირი ფოთლებიდან მზის სხივი აღწევს და ასფალტზე ხეების და ბუჩქების ჩრდილები იხატება.

მოხუცი ჩია კაცი მოდის ჩქარი, სერიოზული ნაბიჯებით და რადიოს უსმენს ხმამაღლა.

ზღვის სუნია.

…ზღვა ჩუმია და მშვიდი.

ქვიშა სველი, მაგრამ სასიამოვნო. ნელ-ნელა მასზეც იხატება და მერე მკვეთრდება ჩრდილები, რომლებიც მოძრაობენ და ხმაურობენ.

უკანასკნელი ნასროლი ქვაც მიიღო ზღვამ, ტალღა გამოუშვა და ხმაურით ჩაიყოლა ქვიშა.

%d bloggers like this: