Blog Archives

BNG

რამდენიმე თვის წინ თეასთან და აქსიომასთან საუბარს ტრადიციულად, გვიანობამდე შემოვრჩი. ამიტომ დილითაც ტრადიციულად ჩამეძინა და ფეისბუქში მხოლოდ სამსახურში მისვლის შემდეგ შევიხედე.  ნოტიფიკაციებმა შემაშფოთა! აღმოჩნდა, რომ მოუსვენარ აქსიომას რაღაც ჯგუფი გაუკეთებია, სადაც ერთ-ერთი ადმინი ვარ.

ამ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა გვირილას პროფაილი, ჩემი ვინაობა კი სულ რამდენიმე ადამიანმა (ბლოგერმა ანუ) იცოდა. მათ შორის აქსიომამაც და პირადი პროფაილით გავხდი ჯგუფის ადმინი. აღარ მოვყვები იმაზე, კინაღამ ყველამ რომ გაიგო ვინ იყო გვირილა 🙂 ამიტომაც გადაწყდა ახალი პროფაილის გაკეთება, სპეციალურად BNG-სთვის. კ სტაწე, ჯგუფს თავიდან NEO ბლოგე(რე)ბი ერქვა.

ადრე ჯგუფში სულ ცოტანი ვიყავით, რამდენიმე ადამიანი. ვსაუბრობდით ყველაფერზე, ვკამათობდით, ფილოსოფიური მსჯელობებიც გვქონდა.  დროის გასვლას ვერ ვგრძნობდით და ბევრჯერ განთიადს შევხვედრივართ ერთად.

ჯგუფს ნელა, მაგრამ ახალი წევრები ემატებოდა. წამოვიდა ახალი იდეეები, შეიქმნა საერთო ბლოგიც. მერე პიარ-პროექტები გავაკეთეთ, გადავინაწილეთ ათ-ათი ბლოგი და დღის განმავლობაში ვაშეარებდით. რაღაცნაირი, შინაურული განწყობა იყო.

დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის ის, რომ თურმე სრულიად უცხო ადამიანებთან კარგად ვგრძნობ თავს, რომ არაა აუცილებელი საუკუნოვანი ნაცნობობა სითბოს გამოსახატავად, რომ შეიძლება ენდო და არც ინანო… და კიდევ ერთი და ყველაზე მთავარი – მაშინ მე ჩემდაუნებურად აღმოვჩნდი სრულიად მარტო უცხო გარემოში და უცხო ხალხში, ძალიან გამიჭირდა. ვთვლი, რომ ეს პერიოდი უმტკივნეულოდ რომ გადავიტანე, BNG-ის დამსახურებაცაა.

მერე მოვიდა ზაფხული და ყველა მიმოიფანტა. თითქოს გაცივდა აქაურობა. მაგრამ მოვიდნენ ახალი წევრებიც, მათ შორის ბევრი სკოლის მოსწავლე. მათ თავისებური მხიარულება შემოიტანეს ჯგუფში. რომ არ მოვიტყუო, თავიდან ცოტა გამიჭირდა შევგუებოდი რაღაც ცვლილებებს, ბევრი ახალი წევრი ერთგვარ გაუცხოებას ნიშნავდა თითქოს…

მაგრამ მოხდა საპირისპიროდ. ნელ-ნელა ყველა შეეგუა ერთმანეთს და ჯგუფში კვლავ დაბრუნდა ერთგვარი ოჯახური გარემო. ოღონდ ამჯერად ადმინის უფლება-მოვალეობების გამოყენებაც გახდა საჭირო რამდენჯერმე. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს რამდენიმე ადმინი ჰყავს, თავიდანვე ყველა ერთნაირად გრძნობდა თავს და ასეც უნდა იყოს. BNG ყველა წევრისაა და არა ადმინების, ჩვენ უბრალოდ რაღაც მოვალეობები გვაკისრია. ეს აუცილებელია ჯგუფში სიმშვიდისთვის.

ძალიან მიხარია, როცა ვგრძნობ, რომ ახალ წევრს ჯგუფში მოსწონს. რაღაცნაირად, მასპინძელივით ვგრძნობ თავს იქ და როგორც კაი დიასახლისს უხარია კმაყოფილი სტუმარი, ისე ვარ მეც.

ყველაზე მთავარი, რაც აქ მომწონს, სითბოა. ვეხმარებით ერთმანეთს, ვუზიარებთ რაღაც შთაბეჭდილებებს, ვერთობით, ვკამათობთ ან უბრალოდ ვსაუბრობთ… რამდენჯერმე ითქვა, რომ ჯგუფში ზედმეტი სითბოა,  ყველას “უყვარს” ერთმანეთი და ა.შ. ჯერ ვიფიქრე, რომ ეს სიყვარულები მართლაც შეიძლება ყოფილიყო თამაში, მაგრამ მერე რას მივხვდი იცი? თუ მე შემიძლია მიყვარდეს ჯგუფის წევრები, მართლაც კარგად ვგრძნობდე აქ თავს, რატომ არ უნდა დავიჯერო, რომ სხვაც ანალოგიურადაა?

მომწონს, რომ ჯგუფში ბევრი ახალბედა ბლოგერია, მომწონს, რომ მათ ეხმარებიან. მომწონს დილით ბევრი ნოტიფიკაცია რომ მხვდება და მომწონს კიდევ რომ ათენებენ ჯგუფში საუბრისას. მომწონს ჯგუფში ბევრი მკითხველიც რომაა. კიდევ რა მომწონს იცი? აქ ყველა რაღაცნაირად, თავისუფლადაა, არ თამაშობს “ძაან ბლოგერს” და თუ ვინმეზე მეტი იცის, უზიარებს ამ ცოდნას.

ყველაზე მეტად კი ის მომწონს, რომ სრულიად ექსპრომტად მოფიქრებული ფრაზა – “თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ ვოლზე”, ამართლებს.

ფაქტია, რომ გვირილას პროფაილი BNG-სთვის შეიქმნა და ამ ჯგუფის გარეშე წარმოუდგენელია პროფაილის არსებობაც.

მიხარია, რომ ეს თეგ-თამაშია და ჯგუფის ერთ-ერთმა ახალმა წევრმა, მელომოჰოლიკმა დაიწყო. არავის დავთაგავდი, ჯგუფის შექმნის იდეის ავტორის, აქსიომას აზრი რომ არ მაინტერესებდეს. ხოდა, აქსიომ, გისმენ 😉

შენ კი, თუ ამას კითხულობ და არ ხარ BNG-ში, გეპატიჟები: welcome!

წერილი მშობლებს

თქვენ ალბათ ვერასდროს ნახავთ ამ წერილს და თუ მაინც მოხდა საოცრება, გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რომ ამას მე ვწერ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ რასაც აქ ვიტყვი, მაგაზე იშვიათად ვსაუბრობ (საერთოდაც, ჩვენ იშვიათად ვსაუბრობთ). მეორეც, ალბათ არც იცით რა არის ბლოგი და მით უმეტეს ვერ იფიქრებთ, რომ მე რარაცეებს ვწერ (გარდა სტატიებისა 🙂 ), თან ასე “საქვეყნოდ”.

თუ თქვენ ახლა ამას კითხულობთ, ე.ი. ძალიან, ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ჩემში და ზოგადად…

მოკლედ, დავიწყებ თავიდან – ეს ბლოგია, ჩემი პირადი ბლოგი. არ შეშინდეთ, ანონიმურია 🙂 ბლოგი სხვადასხვა სახის არსებობს, ჩემი პერსონალურია, დღიურივით. ბავშვობაში რომ მქონდა დღიური და საგულდაგულოდ ვმალავდი, დაახლოებით ისეთი. ოღონდ აქ ყოველდრიურობაზე არ ვწერ. ხანდახან მომაწვება რარაც ყელში და უნდა ამოხეთქოს. ხოდა, მოვდივარ და ვიწყებ ამ რაღაცის ბლოგზე გადმოტანას. გითხარით უკვე, რომ ანონიმური ბლოგი მაქვს, თუმცა ჩემდაუნებურად დავუმეგობრდი რამდენიმე ბლოგერს (ბლოგერი – ის, ვინც ბლოგზე წერს, ბლოგი აქვს, რავი…). ხოდა, ბლოგერებში ერთი ვირუსია გავრცელებული, სახელად “თეგ თამაშები”. დაიწყებს ერთი წერას რამე საინტერესო თემაზე და აყვება მთელი საბლოგეთი. “თეგ-თამაში” კიდე იმიტომ ქვია ამ ყველაფერს, რომ ერთმანეთს თაგავენ. დათაგვა მონიშვნას ნიშნავს. როგორ ხდება ნუ ამახსნევინებთ ახლა, არაა ეს თქვენთვის საინტერესო.

ხოდა, მეც დამთაგეს. კონკრეტულად მელმოჰოლიკმა. მის ბლოგს არ ვიცნობ კარგად, მაგრამ კაი ადამიანი ჩანს. საერთოდ, ვირტუალურ სამყაროში ბევრი კაი ადამიანი ვიპოვე. არ უნდა ახლა გაოცება 🙂 ამაზე მერე 😉 მოკლედ, მელმოჰოლიკმა დაწერა პოსტი (პოსტი – ის, რაც ბლოგზე იწერება. ახლა რასაც კითხულობთ პოსტია) – “წერილი მშობლებს” და მე დამთაგა. ახლა ჩემი რიგია, უნდა გავაგრძელო მარათონი და რამე მოგწეროთ.

რა მოგწეროთ? მაშინ, როცა ვთვლიდი, რომ ბევრი გვქონდა სალაპარაკო, უფრო მარტივად დავწერდი ალბათ ამ წერილს. ახლა ყველაფერი მეტ-ნაკლებად დალაგდა. პრინციპში, არც ადრე იყო აურზაური, ჩემ გამო პრობლემა რომ არ შეგქმნიათ, ჩემზე უკეთ იცით. ხანდახან ვფიქრობ, რომ ჭკვიანი ბავშვის სტატუსი სულ ტყუილად მქონდა, დებილი ვიყავი და მეტი არაფერი! აბა უპრეტენზიო ბავშვი გაგონილა?!

რა მინდა გითხრათ იცი? მადლობა! მიუხედავდ იმისა, რომ ხშირად არ გეთანხმებოდით, არ მომწონდა თქვენი “აღზრდის მეთოდები”, მერე მივხვდი, რომ ასე იყო საჭირო. ერთია მხოლოდ – ის, რაც თქვენ თეორიულად მასწავლეთ და ცდილობდით პრაქტიკულად არ შევჯახებოდი, მოგვიანებით ხომ მაინც მოხდა. არ ჯობდა თავიდანვე თვითონ მივმხდარიყავი რა იყო კარგი და რა ცუდი? იქნებ მერე არარ მტკენოდა, როგორმე დამეზღვია თავი ამისგან.

ეს არაფერი, მაგაზე ნუ ინაღვლებთ თქვენ. მე ხომ ვიცი, რომ გინდოდათ დაგეცავით. რთულია იყო მშობელი, ახლა უფრო ვხვდები. მაგრამ ბავშვმა თავიდანვე უნდა ისწავლოს ბრძოლა, გვიან რომ არ შეეჯახოს ელემენტარულ სირთულეებს, რომლებიც ბავშვობაში უნდა დაეძლია.

მიყვარხართ! ეს ალბათ ისედაც იცით, მაგრამ მე ხომ არ მითქვამს არასდროს ხმამაღლა. საშინლად მერთულება გრძნობების გამოხატვა და იმიტომ. ხოდა, ახლა გეუბნებით – ძალიან მიყვარხართ და მიხარია, რომ ჩემი მშობლები თქვენ ხართ და არა სხვა.

მადლობა იმისთვის, რომ დღეს პრანჭია, უტვინო და უგრძნობი ადამიანი არ ვარ. მადლობა, რომ მხარში მიდგახართ დღემდე და მაქსიმალურად მეხმარებით დასახული მიზნის მისაღწევად. ხომ ვიცი, როგორ არ გინდოდათ ჟურნალისტიკა ამერჩია, მაინც არ შემზღუდეთ. ისიც ვიცი, რომ არ ნანობთ ამას და ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია ეს ამბავი.

მადლობა, რომ მასწავლეთ ცოდნის ფასი. არ ვყოფილვარ განებივრებული ბავშვი ოფიციალურად მირებული კრიტერიუმებით, მაგრამ იმდენი რამ გავიგე ბავშვობაში, იმდენი ვისწავლე, ეს თავისთავად მანებივრებდა.

მიხარია, რომ თქვენი წყალობით მე ვიცი ადამიანობის, ურთიერთობების ფასი. მართალია, თეორიულად არ გისწავლებიათ ეს ყველაფერი, მაგრამ რასაც ვხედავდი, ის თავისთავად ჩაინერგა.

ვიცი, რომ თქვენთვის რთულია ძირითადად თქვენგან შორს რომ ვარ. მაგრამ ისიც ვიცი, როგორ გიხარიათ ჩემი თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი, თქვენ “წარმატებას” რომ ეძახით. ხოდა, სწორედ ამისთვის ვარ მტელი დღე გარეტ, სწორედ ამიტომ ვარ სახლში სტუმარივით…

მიხარია, რომ თქვენნაირი მშობლები მყავს, მართლა…

P.S. ნუ ნერვიულობთ, ვერავინ მიხვდება, რომ ამას მე ვწერ და ადრესატები თქვენ ხართ 🙂 ბევრი რამ გამომრჩა ალბათ. მაგრამ ხომ იცით ჩემი გრაფიკის ამბავი, სულ გადარბენებზე ვარ. ხოდა, ჩაწერაზე უნდა გავიქცე ახლაც. ხო, არ უნდა ახლა გამეორება, ვიცი რომ სტატია უნდა მოვიტანო და გაჩვენოთ 🙂 წავედი ახლა მე და მთლად ყველაფერსაც ნუ წაიკითხავთ, დამიტოვეთ ცოტა რამ. კომენტარებს თუ დაწერთ, სახელი არ მიაწეროთ ცემი, არ იცის უმრავლესობამ 🙂 ხო მართლა, სახელისთვისაც მადლობა 😛

მომენატრა…

რა მომენატრა იცი? შებინდებისას ნაწვიმარ და შეშრობა დაწყებულ ასფალტზე სეირნობა. როცა უბრალოდ მიდიხარ ხელიხელჩაკიდებული და გრძნობებს საუბარი არ სჭირდება.

ჩახუტება მომენატრა და სითბო. ხო, სითბო. მომბეზრდა ცივი და კედელი ადამიანები.

როგორი დღე მომენატრა იცი? სრულიად თავისუფალი, ექსპრომტად დაგეგმილი და ურთიერთობის სიამოვნებისგან გული რომ გებერება ისეთი.

კაი ფილმი და მისგან მიღებული  შთაბეჭდილება – დამუნჯება მომენატრა.

ზღვაც მომენატრა, არა ტურისტული და მხოლოდ ჩემი. მოღრუბლულ ამინდში რომ უნდა გაისეირნო და სახე ქარს შეაგებო, ისეთი.

საღამო მომენატრა და ღამის ბათუმში სეირნობა უსიტყვოდ.

წვიმა მომენატრა, გიჟი და გადარეული, მხირული და განწყობის გადამდები.

სალოს სახლი მომენატრა, მეორე სართულის ბუნებრივი სიგრილე. გათიშული გონებით პირაღმა გდება საწოლზე და მერე ნადირობა ტყემალზე ან მანდარინზე, სეზონის მიხედვით.

მომენატრა შეგრძნება, რომ ვიღაცისთვის სულ ერთი არაა ჩემი არსებობა. თეორიული ცოდნა ფეხებზე მკიდია ამ ეტაპზე, მინდა ვიგრძნო ეს.

მომენატრა ღამით პლიაჟზე პირაღმა წოლა, უსიტყვოდ ცქერა ცაში და ზღვის ხმაზე მიყურადება.

მომენატრა დილა, როცა მზის სხივი მაღვიძებს.

უსიტყვოდ საუბარი მომენატრა.

სარკეში საკუთარ გამოსახულებას რომ უღიმი ის შეგრძნება მომენატრა.

მომენატრა ვიყო სუსტი და ვიღაცის იმედი მქონდეს.

ყურადღება მომენატრა, მომაბეზრებელი კიარა, უბრალო, ადამიანური ყურადღება, შიგნიდან რომ გათბობს ისეთი.

გრძნობების გამოხატვა რომ შეუძლიათ ისეთი ადამიანები მომენატრა. მე არ შემიძლია იგივე, ამიტომ სხვებს მაინც უნდა შეეძლოთ. ადრე ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, ახლა აქვს.

კიდევ რა მომენატრა იცი? როცა გგონია, რომ ყველა წინაღობის დაძლევას შეძლებ. როცა შეგიძლია იარო წინ და წვრილმანები ფეხებზე დაიკიდო – ეს შეგრძნებები მომენატრა, თანაც იმდენად, რომ უკვე ახლოს ვარ მათთან.

ხუთი წლის შემდეგ

ჩავიცვი, მოვწესრიგდი, შედარებით თბილი ზედა მხარზე მოვიგდე და სოფლის სამ კილომეტრიან გზას გავყევი, როგორც ძველად.

– ინგა, ინგა!.. – ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ გავძახე სკოლისდროინდელ მეგობარს. ისიც ძველებურად, სასაცილოდ გამოცუნცულდა აივანზე და სახლში მიმიპატიჟა. მეც, ძველებურად, დროის უქონლობის გამო უარი განვაცხადე და ჩვენ, კვლავ ძველებურად, მაინც გამოგვივიდა ნახევარი საათით კარებთან დგომა და ლაპარაკი.

ძლივს ვწყდებით ერთმანეთს და ვაგრძელებ გზას. ცოტა ხანში უკვე ძველი კლასელის და პარალელურად მეგობრის სახლს ვუახლოვდები.

– ნინო, ნინო!.. – მინდა დავიძახო ისევ ისე, მაგრამ სახლი მეცარიელება. რამდენიმე თვის წინ გათხოვდა და დღეს პირველად, ამდენი წლის შემდეგ, ისე ჩავუვლი ამ სახლს, რომ არ დავიძახებ.

სკოლას ვუახლოვდები, გადავდივარ ხიდზე, რომლის ბოლოში ძველებურად მელოდება ორი მეგობარი. შორიდანვე ვხედავთ ერთმანეთს და სიცილს ვერ ვიკავებთ.

– ოჰ,  ჯენტლმენები! – მიახლოებისას ვამბობ მე და სამივეს გვეცინება.

რესტორანი არც ისე შორსაა და ფეხით ვაგრძელებთ გზას. მათ შორის ვდგები და ხან ერთის ამბებს ვისმენ, ხან მეორისას. ერთმა სწავლა დაამთავრა და სამსახურს ეძებს, მაგისტრატურაში ჩაბარებასაც ფიქრობს. მეორე მეზღვაურია უკვე, რამდენჯერმე ყოფილა უკვე წასული ზვაში და ამ დღეებში კვლავ აპირებს.

მივუახლოვდით რესტორანსაც, თუმცა ჩვენიანი ჯერ არავინ მოსულა. საერთოდაც, სკოლის დამთავრებიდან ხუთი წლისთავის აღნიშვნა ყველას უნდოდა, მაგრამ უმრავლესობამ ვერ შეძლო. ოჯახები ჰყავთ უკვე, ქმრები/ცოლები და შვილები. ყველამ თავისი გზა იპოვა მეტ-ნაკლებად და ბავშვები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მშობლებს და მასწავლებლებს აბრაზებდნენ, ახლა უკვე დიდი კაცები და ქალები არიან, საკუთარი ოჯახებით და ფინანსებით.

სანამ სამსახურის მაძიებელი ჯენტლმენი ტელეფონზე საუბრობს და უცნაურად იღიმება, მეზღვაური თავგადასავლებს მიყვება. იმაზე, თუ როგორ გაძლო ორი თვე შუა ზღვაში, გაჩერებულ გემზე. რომ ამ ორიდან ერთი თვე თითქმის შიმშილობდა და ერთ ცალ მოხარშულ კარტოფილს ჭამდა შიმშილით რომ არ მომკვდარიყო. ვერ წარმოვიდგენდი ამხელა ნებისყოფა თუ ჰქონდა და ამ ყველაფრის მერე კვლავ ისურვებდა ზღვაში გასვლას. მიხარია კიდეც რაღაც სირთულე რომ შეხვდა, მთავარია გადალახა და სამაგიეროდ, ბევრი ისწავლა, თვითონაც ასე ამბობს. მიხარია ისიც, რომ ამდენი წლის შემდეგ ჩვენ ისევ ისე ვლაპარაკობთ. მეშინოდა, რომ მასთან რთული დასაძლევი იქნებოდა ის უხერხულობა, რაც მისმა გრძნობებმა გამოიწვია ადრე. კონტაქტი აღდგა, ჩვენ ისევ ბავშვობის მეგობრები ვართ, თითქოს არც ყოფილა ის ერთწლიანი მონაკვეთი ჩვენს ურთიერთობაში.

სხვებიც მოვიდნენ. ზოგი საცოლესთან ერთად, ზოგიც მარტო. აღმოჩნდა, რომ კლასელებიდან ვერც ერთი გოგო ვერ წამოვიდა ჩემ გარდა. და ამ ხალხთან ურთიერთობას სწორედ ის პლიუსი აქვს, რომ სულ ფეხებზე გკიდია ძველ დაქალს თუ ვერ ეჭორავები, სხვებთან ერთადაც მშვენივრად გაატარებ დროს და წამით არ მოიწყენ.

ალბათ კარგია ის, რომ ერთ-ერთი ჯენტლმენთაგანი იმდენად გენდობა, მის ტელეფონზე მოსული მესიჯის წაკითხვას გთხოვს. და ცუდია ის, რომ გახსნილი მესიჯის ავტორი შენი “დაქალი” აღმოჩნდება, რომელიც ადრესატს შენი იქ ყოფნის შესახებ ეკითხება რატომღაც და მერე არც ისე პოზიტიურ კონტექსტში მოგიხსენიებს. ვერაფრით ვერ ვიგებ საიდან ჩნდება ადამიანებში ამდენი ბოღმა და ნეგატივი. მით უმეტეს, რომ ამის არანაირი საფუძველი, მიზეზი არ არსებობს და თითქოს ვმეგობრობთ. რა საჭიროა თვალთმაქცობა? არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ. მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მტკივნეულია, თითქოს გულში რაღაც ჩუმად, უხმაუროდ ჩაწყდა, განადგურდა.

– ვინ იყო? – მეკითხება მეგობარი.

– ნინო…

– რაო?

– არაფერი, მოგიკითხა პროსტა.

– კაი, იყოს, მერე მივწერ.

… ვაბრუნებ ტელეფონს თავის ადგილას და ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო. ვცეკვავ, ვერთობი, ვიცინი და თან გამომაქვს განაჩენი (უფრო საკუთარი თავისთვის ალბათ) – ნაკლები სიახლოვე და კონტაქტები ადამიანებთან.

დრო უფრო სასიამოვნოდ გრძელდება. ერთმანეთს ვუყვებით რაღაცეებს, ცოტას ვსვამთ კიდეც. კლასის ყოფილი “დამრიგებელიც” თავის ამპლუაშაია  და მიდის სადღეგრძელოების ბრახა-ბრუხი.

დღე სასიამოვნოდ გრძელდება. თუმცა, ჩემი ბავშვობის მეგობარი კვლავ გაიჭყიპა ღვინით. ტრადიციისამებრ მოვახერხე სახლში წასვლაზე მისი დათანხმება და მანქანაშიც შეტენეს. მშვენივრად მოკალათდა უკანა სკამზე და თვლემს კიდეც. ჩემი ჯენტლმენები მანქანის კარებამდე მაცილებენ. ძველებურად ესალმებიან მამაჩემს და იკითხავენ. მეც ძველებურად მსიამოვნებს მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება.

მანქანა სოფლის ტალახიან გზაზე გაჭირვებით მიდის.

უკანა სკამიდან მონოტონური ხვრინვა ისმის.

“ნაუშნიკებს” ვირგებ და ვცდილობ წარსულიდან დაბრუნებას.

“უ” …

ადამიანებს დასაბამიდანვე უამრავი განუკურნებელი დაავადება აქვთ. არა, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არ მაქვს საუბარი, რადგან თუ მასთან დაკავშირებულ პრობლემებს დრო და ტექნოლოგიური პროგრესი მოაგვარებს, უპასუხისმგებლობას, უყურადღებობას და სხვა “უ”-ებს არაფერი ეშველება მგონი.

ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან და არ გააკეთებენ, ფეხებზე დაიკიდებენ ყველას და ყველაფერს. შესაბამისად, ყოველთვის იქნებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც იმედი გაუცრუვდებათ, რომლებსაც ფეხებზე დაიკიდებენ.

ალბათ ესეც “ბუნების კანონია” და ერთ უბრალო მოკვდავს არაფერი შეგიძლია, გარდა იმისა, რომ შენც არ დაავადდე იგივე სენით.

შენთვის უთქვამთ 10 საათზე ვიწყებთ მუშაობას, მაგრამ 11-ზე მოდიო და მერე თორმეტ საათამდე კარებთან ატუზულხარ? ან ნახევარ საათიანი შესვენება ორ საათს გაგრძელებულა? უთქვამთ “გზაში ვარ” და გიგრძვნია, რომ სარკესთან ტრიალებს? ერთი ქუჩიდან მეორემდე მანძილი, წამებში რომ გაქვს გათვლილი მის დასაფარად დრო და შვიდ წუთს ვერანაირად ვერ გაცდება, ნახევარ საათს უვლიათ? – თუ კი, “ბედნიერი” ხარ და თუ არა, ე.ი. შენ ხარ ის “პუნქტუალური” ადამიანი, სამ საათზე თუა შეხვედრა, ოთხის ნახევარზე რომ გადის სახლიდან. ხო, ალბათ შუალედიც არსებობს ამ შემთხვევაში, ანუ ამ ორი კატეგორიიდან არც ერთი არ ხარ, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა იამაყო შენს ირგვლივ მყოფი ადამიანებით და საკუთარი თავითაც.

პუნქტუალობას ერთი უჩვეულო თვისება აქვს – ხშირად უფრო გარშემომყოფებზეა დამოკიდებული, ვიდრე შენზე და გარკვეულ დროში შეიძლება შენგან მოულოდნელად გაქრეს, გარშემომყოფების ზეგავლენით რა თქმა უნდა. თუმცა, შესაძლებელია “ბრძოლაც” და ამ თვისების “გაჩუქებაც”.

საერთოდ, პუნქტუალობაც პასუხისმგებლობის ნაწილია ალბათ. პასუხისმგებლობა კი ძალიან, ძალიან ფართო ცნებაა და ხშირად ახასიათებს რადიკალიზმი – ადამიანი ან მეტისმტად უპასუხისმგებლოა, ან გადამეტებული პასუხისმგებლობა აქვს (ეს უკანასკნელი ალბათ მხოლოდ იდეალისტებს ახასიათებთ). თუმცა, პასუხისმგებლობას აქვს ერთგვარი “ოქროს შუალედიც”, რომელიც ყველაზე მისაღები და სასურველია. ეს ის შემთხვევაა, როცა იცი ვის წინაშე გაქვს პოზიტიური “ვალდებულება” და ვის წინაშე არა, თან ამ “ვალდებულებას” ასრულებ კიდეც.

პასუხისმგებლობაა, როცა დროულად აკეთებ საქმეს, თუმცა იცი, რომ დაგვიანებით არც არაფერი დაშავდება. შეხვედრის ადგილზე დროზე მისვლაც პასუხისმგებლობაა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გელოდება. ისიც პასუხისმგებლობაა, როცა იცი ვიღაც შენზე ნერვიულობს და სანამ გასართობად წახვალ, მიწერ რომ კარგად ხარ.

რა არის უპასუხისმგებლობა და რატომ აქვთ ადამიანებს ეს თვისება? ალბათ ხშირად ეს იმ ადამიანების თუ პროცესების უმნიშვნელობაზე მიუთითებს მათ ცხოვრებაში, ვის მიმართაც არიან უპასუხისმგებლონი. არ ვფიქრობ, რომ ამ თვისებით იბადებიან. თუ ადამიანი, ან/და სხვა მოვლენა შენთვის მნიშვნელოვანია, ფეხებზე უბრალოდ ვერ დაიკიდებ. არის ეპიზოდები, როცა ჩვენდაუნებურად, დროებით კარგავს რაღაცეები მნიშვნელობას. მაგრამ თუ ძვირფასია, ყველაფერი უბრუნდება თავის ადგილს.

როცა გიყვარს გავიწყდება? ალბათ არა. და სიყვარული ხომ უბრალო გრძნობა, ემოცია არ არის. თუ გიყვარს, ე.ი. ძვირფასია, მნიშვნელოვანია. ლოგიკურად რომ მივყვეთ, თუ მნიშვნელოვანია, ე.ი. არ გავიწყდება. არ გავიწყდება, ე.ი. ხარ ყურადღებიანი მის მიმართ (იქნება ეს ადამიანი თუ მოვლენა) და გრძნობ პასუხისმგებლობას.

ალბათ შემედავებიან და იტყვიან, რომ შეიძლება იყო უყურადღებო და უპასუხისმგებლო, მაგრამ ძვირფასი იყოს. მე კი ვფიქრობ, რომ სწორედ ეს “” გამოხატავს იმ ადამიანის თუ მოვლენის -მნიშვნელობას შენს ცხოვრებაში.

%d bloggers like this: