Blog Archives

ბედნიერება

ბედნიერება ორი სახის არსებობს – ისეთი, როგორიც წარმოგიდგენია და ისეთი, როგორიცაა სინამდვილეში.

… შემოდგომაა. სუსტი, მაგრამ თბილი სიო იგრძნობა და ფეხქვეშ ხმელი ფოთლები ხრაშუნებენ. ცა ისეთია, როგორიც უნდა იყოს – ცის ფერი. ვუსმენ გემრიელ მელოდიას და მინდა მეც ვიღიღინო.

… პლიაჟზე მივსეირნობთ უხმოდ, ფეხქვეშ მოქცეული ქვიშის ხმა გვესმის. ზუსტად ის დროა, როცა მზეც ზღვაში ჩახტომას გადაწყვეტს და ცა წითელ შეფერილობას იღებს. ორივე ერთდროულად ვჩერდებით და მზეს ვაკვირდებით. ვგრძნობ, რომ სადღაც სხვა სამყაროში გადავდივარ და ხელზე ხელის მოჭერა მაფიქრებინებს, რომ იქ მარტო არ ვარ.

… ვხედავ შენს სახეს, მიხარია ღიმილს რომ ვერ იკავებ ჩემი დანახვისას და მეც მეცინება. ვუსმენ შენს ძველებურ, ვითომ საქმიან ტიტინს და რაღაც მიხარია.

… ხელიხელჩაკიდებულები მივდივართ და ათას სისულელეზე ვსაუბრობთ. ერთ ხელში რბილ და ფაფუკ ხელს ვგრძნობ, მეორეში თითქმის ძვლებს 🙂 ორივე ხელი თბილია, ძალიან თბილი და თითქოს ძალას მმატებს.

… ვსეირნობთ. გრანდიოზულად გაწვიმდა, სეტყვასაც ურევს. საკმაოდ ცივა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად სასიამოვნოა. ადამიანები ფანჯრებს მიღმა დგანან, ჩვენ კი გავრბივართ და რატომღაც ვიცინით.

… ვკითხულობ და თან მწარე ყავას ნება-ნება ვწრუპავ. გარედან წვიმის ხმა მესმის, ალბათ ცივა კიდეც, ჩემი პლედი ძალიან თბილია და ვერ ვგრძნობ სიცივეს. ფანჯრიდან ვიხედები. ვიღაცეები გარბიან და იცინიან. მეც რატომღაც მეღიმება…

… მზის სხივი მაღვიძებს, თვალებს ვიფშვნეტ და ფეხებს რატომღაც კედელზე ვაწყობ, ვაკვირდები თითების განლაგებას და ვფიქრობ არაფერზე.

… პატარა, მყუდრო ზღვისპირა ქალაქში ვარ. მსუბუქად წვიმს და ვიწრო ქუჩებში დავსეირნობ.

… ქუჩაში დავბოდიალებ და მუსიკას ვუსმენ. ვიტრინებში საკუთარ თავს ვათვალიერებ და ჩემდაუნებურად მეღიმება. რატომღაც ნაბიჯს ვუჩქარებ, ცაში ვიხედები და თითქოს გული იბერება, მოცულობაში იზრდება.

… გვიანი გაზაფხულია. ბათუმის პარკი იისფერია, რადგან დეკას მაგვარი ყვავილები აფეთქებულა. ფეხაკრებით მივდივარ ერთ-ერთ ბუჩქთან, “ვპარავ” ერთ ცალ ყვავილს, თმაში ვირჭობ და რატომღაც მიხარია.

… ღამეა. პლიაჟზე ვყრივართ. ვუსმენთ ზღვას, თან ერთ კონკრეტულ ვარსკვლავს მივჩერებივართ და ვფიქრობთ კვლავ არაფერზე.

… შემოდგომაა. ბათუმის ქუჩებში იმ ყვავილის სუნი ტრიალებს, მხოლოდ ამ ქალაქში რომაა და თამამად შეიძლება ეწოდოს ბათუმის სურნელი. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და იმ ხეს ვეძებ, საიდანაც ეს სურნელი მოდის.

… ისე ვარ, თითქოს შუშანიკის შვილმა ჩამიარა – რაღაცა რომ გიხარია და არ იცი რა (მარტო ამ ფრაზის გამოც ღირდა “შუშანიკის შვილების” წაკითხვა).

… ვრწმუნდები, რომ ვიღაცას შეუძლია ჩემთვის რაღაც, თუნდაც ელემენრატული გააკეთოს.

… დამშვიდობების დროა. ახლა გვახსენდება ყველა ძველი თუ ახალი ამბავი და მოყოლას ვიწყებთ. მერე ყველა სახის დასამშვიდობებელ სიტყვას ვამბობთ და რაღაცნაირად, თითქოს უკმაყოფილოდ, მაგრამ მაინც ბედნიერები ვშორდებით ერთმანეთს.

კი, ნამდვილად, ბედნიერება ორი სახის არსებობს – ისეთი, როგორიც წარმოგიდგენია და ისეთი, როგორიცაა სინამდვილეში.

Advertisements

facebook-ი რომ არა…

ვაპირებდი პოსტი დამეწყო ფრაზით – “დიდი ამბავი!..”, მაგრამ დაახლოებით ერთი საათის წინ პირადი პროფაილი მეუბნებოდა უცნაურობებს და მივხვდი, რომ არც მთლად მასეა საქმე.

ჯერ ერთი, სოციალური ქსელი მეხმარება სამსახურში. ხო, რთული წარმოსადგენია იქნებ, მაგრამ ყველაზე ხშირად სწორედ სამსახურისთვის ვიყენებ. გარდა იმისა, რომ უამრავი რესპოდენტი მიპოვია აქ და სხვაგვარად თუ შეუძლებელია, ფეისბუქით დავკავშირებივარ, ხშირად ამიღია ფოტოებიც. ხდება ისე, რომ სასწრაფო თემაა და ვერაფრით გადადებ, არადა ის ადამიანი, ვინც უნდა გელაპარაკოს, ქალაქში არაა. რას აკეთებ ამ შემთხვევაში? ურეკავ და წერ ტელეფონით, ფოტოზე კიდე გეუბნება – “ფეისბუქიდან აიღე”.

გარდა ამისა, პირად ფოტოებს იშვიათად ვინახავ და ვერასდროს ვერ ვპოულობ, რატომღაც მავიწყდება ფოტოაპარატიდან კომპიუტერში დაბინავება. ამიტომ, თუ ერთხელაც გამახსენდა, ფეისბუქზე ვყრი და მერე ძებნა აღარ დამჭირდება, აქ მაქვს 🙂 მოკლედ, არქივის ფუნქციაც აქვს ფეისბუქს 🙂

რაც შეეხება მეგობრებს, პირად პროფაილში სულ 80 მეგობარი მყავს, თითოეულ მათგანს ვიცნობ და მათთან კონტაქტის სხვა საშუალებებიც გამაჩნია შესაბამისად. ხშირად ამბობენ, რომ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს აქ ეკონტაქტებიან. ჩემს შემთხვევაში ესეც იშვიათადაა, რადგან ბოლო დროს ონლაინ იშვიათად ვარ და ვისაც ვწერ, იმათ ტელეფონითაც ვეკონტაქტები. ასე რომ, მეგობრების დაკარგვის საფრთხე არ მემუქრება. საერთოდაც, ალბათ უფრო პასიური მომხმარებელი ვარ.

თუმცა, არის მეორე პროფაილიც, გვირილა. აქ განსხვავებული სიტუაციაა. ჯერ ერთი, რომ აქაური მეგობრებიდან სულ ცოტას ვიცნობ და თუ გამიუქმდა ექაუნთი, მათი დაკარგვის საფრთხე რეალურია.  არადა, რამდენიმე ძალიან, ძალიან კაი ადამიანი მყავს აქ და საშინლად დამწყდება გული მათი დაკარგვის გამო.

ასე რომ, ბატონო მარკ, შეეშვით გვირილას!..

ისადა, მე, როგორც ამ თემით ნაკლებად დაინტერესებულმა ადამიანმა, არ გადავხედე რაღაცეებს და თუ საფრთხე არი ვთქვათ რეალური, მეორედ მაინც ხომ გავაკეთებ პროფაილს კაცო? თუ ქსელი უქმდება სულ?

P.S. ნაბჟუტურები წარმოადგენს თეგ თამაშს, რომელიც ადომ წამოიწყო და მე ცინიკოსმა და ცოტნემ ჩამითრიეს.  მე კიდე ვახოს გადავცემ ესტაფეტას 😉

ხუთი წლის შემდეგ

ჩავიცვი, მოვწესრიგდი, შედარებით თბილი ზედა მხარზე მოვიგდე და სოფლის სამ კილომეტრიან გზას გავყევი, როგორც ძველად.

– ინგა, ინგა!.. – ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ გავძახე სკოლისდროინდელ მეგობარს. ისიც ძველებურად, სასაცილოდ გამოცუნცულდა აივანზე და სახლში მიმიპატიჟა. მეც, ძველებურად, დროის უქონლობის გამო უარი განვაცხადე და ჩვენ, კვლავ ძველებურად, მაინც გამოგვივიდა ნახევარი საათით კარებთან დგომა და ლაპარაკი.

ძლივს ვწყდებით ერთმანეთს და ვაგრძელებ გზას. ცოტა ხანში უკვე ძველი კლასელის და პარალელურად მეგობრის სახლს ვუახლოვდები.

– ნინო, ნინო!.. – მინდა დავიძახო ისევ ისე, მაგრამ სახლი მეცარიელება. რამდენიმე თვის წინ გათხოვდა და დღეს პირველად, ამდენი წლის შემდეგ, ისე ჩავუვლი ამ სახლს, რომ არ დავიძახებ.

სკოლას ვუახლოვდები, გადავდივარ ხიდზე, რომლის ბოლოში ძველებურად მელოდება ორი მეგობარი. შორიდანვე ვხედავთ ერთმანეთს და სიცილს ვერ ვიკავებთ.

– ოჰ,  ჯენტლმენები! – მიახლოებისას ვამბობ მე და სამივეს გვეცინება.

რესტორანი არც ისე შორსაა და ფეხით ვაგრძელებთ გზას. მათ შორის ვდგები და ხან ერთის ამბებს ვისმენ, ხან მეორისას. ერთმა სწავლა დაამთავრა და სამსახურს ეძებს, მაგისტრატურაში ჩაბარებასაც ფიქრობს. მეორე მეზღვაურია უკვე, რამდენჯერმე ყოფილა უკვე წასული ზვაში და ამ დღეებში კვლავ აპირებს.

მივუახლოვდით რესტორანსაც, თუმცა ჩვენიანი ჯერ არავინ მოსულა. საერთოდაც, სკოლის დამთავრებიდან ხუთი წლისთავის აღნიშვნა ყველას უნდოდა, მაგრამ უმრავლესობამ ვერ შეძლო. ოჯახები ჰყავთ უკვე, ქმრები/ცოლები და შვილები. ყველამ თავისი გზა იპოვა მეტ-ნაკლებად და ბავშვები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მშობლებს და მასწავლებლებს აბრაზებდნენ, ახლა უკვე დიდი კაცები და ქალები არიან, საკუთარი ოჯახებით და ფინანსებით.

სანამ სამსახურის მაძიებელი ჯენტლმენი ტელეფონზე საუბრობს და უცნაურად იღიმება, მეზღვაური თავგადასავლებს მიყვება. იმაზე, თუ როგორ გაძლო ორი თვე შუა ზღვაში, გაჩერებულ გემზე. რომ ამ ორიდან ერთი თვე თითქმის შიმშილობდა და ერთ ცალ მოხარშულ კარტოფილს ჭამდა შიმშილით რომ არ მომკვდარიყო. ვერ წარმოვიდგენდი ამხელა ნებისყოფა თუ ჰქონდა და ამ ყველაფრის მერე კვლავ ისურვებდა ზღვაში გასვლას. მიხარია კიდეც რაღაც სირთულე რომ შეხვდა, მთავარია გადალახა და სამაგიეროდ, ბევრი ისწავლა, თვითონაც ასე ამბობს. მიხარია ისიც, რომ ამდენი წლის შემდეგ ჩვენ ისევ ისე ვლაპარაკობთ. მეშინოდა, რომ მასთან რთული დასაძლევი იქნებოდა ის უხერხულობა, რაც მისმა გრძნობებმა გამოიწვია ადრე. კონტაქტი აღდგა, ჩვენ ისევ ბავშვობის მეგობრები ვართ, თითქოს არც ყოფილა ის ერთწლიანი მონაკვეთი ჩვენს ურთიერთობაში.

სხვებიც მოვიდნენ. ზოგი საცოლესთან ერთად, ზოგიც მარტო. აღმოჩნდა, რომ კლასელებიდან ვერც ერთი გოგო ვერ წამოვიდა ჩემ გარდა. და ამ ხალხთან ურთიერთობას სწორედ ის პლიუსი აქვს, რომ სულ ფეხებზე გკიდია ძველ დაქალს თუ ვერ ეჭორავები, სხვებთან ერთადაც მშვენივრად გაატარებ დროს და წამით არ მოიწყენ.

ალბათ კარგია ის, რომ ერთ-ერთი ჯენტლმენთაგანი იმდენად გენდობა, მის ტელეფონზე მოსული მესიჯის წაკითხვას გთხოვს. და ცუდია ის, რომ გახსნილი მესიჯის ავტორი შენი “დაქალი” აღმოჩნდება, რომელიც ადრესატს შენი იქ ყოფნის შესახებ ეკითხება რატომღაც და მერე არც ისე პოზიტიურ კონტექსტში მოგიხსენიებს. ვერაფრით ვერ ვიგებ საიდან ჩნდება ადამიანებში ამდენი ბოღმა და ნეგატივი. მით უმეტეს, რომ ამის არანაირი საფუძველი, მიზეზი არ არსებობს და თითქოს ვმეგობრობთ. რა საჭიროა თვალთმაქცობა? არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ. მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მტკივნეულია, თითქოს გულში რაღაც ჩუმად, უხმაუროდ ჩაწყდა, განადგურდა.

– ვინ იყო? – მეკითხება მეგობარი.

– ნინო…

– რაო?

– არაფერი, მოგიკითხა პროსტა.

– კაი, იყოს, მერე მივწერ.

… ვაბრუნებ ტელეფონს თავის ადგილას და ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო. ვცეკვავ, ვერთობი, ვიცინი და თან გამომაქვს განაჩენი (უფრო საკუთარი თავისთვის ალბათ) – ნაკლები სიახლოვე და კონტაქტები ადამიანებთან.

დრო უფრო სასიამოვნოდ გრძელდება. ერთმანეთს ვუყვებით რაღაცეებს, ცოტას ვსვამთ კიდეც. კლასის ყოფილი “დამრიგებელიც” თავის ამპლუაშაია  და მიდის სადღეგრძელოების ბრახა-ბრუხი.

დღე სასიამოვნოდ გრძელდება. თუმცა, ჩემი ბავშვობის მეგობარი კვლავ გაიჭყიპა ღვინით. ტრადიციისამებრ მოვახერხე სახლში წასვლაზე მისი დათანხმება და მანქანაშიც შეტენეს. მშვენივრად მოკალათდა უკანა სკამზე და თვლემს კიდეც. ჩემი ჯენტლმენები მანქანის კარებამდე მაცილებენ. ძველებურად ესალმებიან მამაჩემს და იკითხავენ. მეც ძველებურად მსიამოვნებს მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება.

მანქანა სოფლის ტალახიან გზაზე გაჭირვებით მიდის.

უკანა სკამიდან მონოტონური ხვრინვა ისმის.

“ნაუშნიკებს” ვირგებ და ვცდილობ წარსულიდან დაბრუნებას.

“დევუშკა, მანი, მანი!..” ანუ როგორ მოვიარე სვანეთი

სვანეთში ყოფილხარ? თუ არა, აუცილებლად უნდა წახვიდე. შენი თვალით უნდა ნახო ის მთები, კოშკები, მცენარეები…

დილით ხუთ საათზე უკვე ტრანსპორტთან უნდა ვყოფილიყავით. ძლივს მივათრიე ჩანთა, რომელშიც ყველა სეზონის შესაბამისი სამოსი ჩავყარე, როგორი ამინდი იქნებოდა ვერავინ გვითხრა ზუსტად.
და რადგანაც ფაქტების ქრონოლოგიას აქედან აზრი ეკარგება, უკეთესია პუნქტებად დავყო.

გზა – მზის ამოსვლა ჯერ კიდევ ბათუმის მიდამოებში ვნახეთ. რაღაცნაირი შეგრძნებაა ქალაქიდან რომ გადიხარ, სხვადასხვაგვარი ემოცია გეუფლება. მე ამ დროს მუსიკას ვრთავ და ფანჯარაში ვიყურები.
მგზავრობას გამორჩეული და მით უმეტეს სახალისო არ შეიძლება ეწოდოს. რამდენიმე თანამგზავრმა სცადა სიმღერის დაწყება და გიტარაც ააჟღერეს, მაგრამ მალევე მიჩუმდნენ და ყველა სადღაც, საკუთარ სამყაროში გადავიდა.
ზუგდიდში ჩასვლის შემდეგ დავინახეთ ერთმანეთი ფაქტიურად პირველად, ახლა შევნიშნეთ ზოგი ნაცნობი და ზოგიც უცნობი სახე. სვანეთის გზებზე კი უკვე ლაპარაკიც დავიწყეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთ-ერთმა თანამგზავრა ღვინის კასრები ხრამში გადაყარა დაუდევრობით 😀
ენგურის სიდიდე და სილამაზე ასე, ერთი სიტყვით არ შეიძლება თქვა. იმაზე დიდი და ლამაზია, ვიდრე წარმოგიდგენია. მდინარე ამწვანებული მთების შუაშია და ვერც შენიშნავ თუ მოძრაობს საერთოდ. ისეთი სილამაზეა აქ, რამდენიმე წამით სუნთქვას წყვეტ. საერთოდ, პატრიოტიზმზე იშვიათად ვფიქრობ, მეტისმეტად აბსტრაქტული ცნებაა და იმიტომ. პატრიოტიზმს ფიქრი იშვიათად სჭირდება, ის უფრო კონკრეტული მოქმედებებია. მაგრამ აქ შეუძლებელია არ იფიქრო ამაზე. აი, სულ პატარა რომ იყავი, ჯერ კიდევ “მე პატარა ქართველი ვარ”-ს რომ გასწავლიდნენ და შენც სიამაყით ამბობდი ამ ლექსს, გახსოვს? მაშინ როგორი წარმოგედგინა საქართველო? უცებ დაფიქრდი და ჩამოყარე ასოციაციები. ხოდა ზუსტად ასეთია აქ საქართველო. ამიტომაც, აქ რაღაცნაირად, სხვანაირად გრძნობ თავს. თან გტკივა რაღაც გულში და თან იბღინძები სიამაყით იმის გამო, რომ ეს ყველაფერი შენია და შენი მოსავლელიც.
გზებს აკეთებდნენ და ამიტომ საშინელი მტვერი იყო. რაც უფრო მაღლა მივდიოდით, მით უფრო მეტად გვევსებოდა ფილტვები სვანეთის ნატურალური მტვერით. ერთ მონაკვეთში კი გზა საერთოდ არ იყო გაყვანილი და ერთი საათი ველოდეთ, სანამ ტრაქტორი გაწმენდდა. ზემოდან დიდი კლდე გვიყურებდა და ქვემოთ კიდე უშველებელი ხრამი იყო.
როგორც იქნა, მივაღწიეთ მესტიასაც, მაგრამ ემოციებისთვის არ გვეცალა, დავბინავდით სასტუმროში და გავითიშეთ. მარა ჯერ დილა იყო მაინც და მერე გასვლაც მოვასწარით.

მესტია – პირველი სვანური კოშკის დანახვა რომ გაგვიხარდა, ისე მესტიაში ასვლა არ გაგვხარებია მგონი. მით უმეტეს, რომ მოლოდინი სულ სხვა იყო და მესტია თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი დაგხვდა.
საოჯახო სასტუმროც არაფრით განსხვავდებოდა ბათუმის ყველაზე მაგარი საოჯახო სასტუმროსგან და რაც მთავარია, მასპინძლები დაგვხვდნენ ძალიან კარგად.
იმავე დღეს მოვასწარით მხოლოდ სვანურ კოშკში ასვლა და რამდენიმე ფოტოს გადაღება. იგეგმებოდა კოცონიც, ბიჭებს გიტარაც ჰქონდათ და არაუშავს მღეროდნენ, მაგრამ ისეთი დაღლილები ვიყავით, კოშკიდან ჩამოსვლის შემდეგ ჭამისთვის ძლივს გვეყო ძალა. მერე უკვე ძილის დრო იყო, მით უმეტეს, რომ მეორე დღეს კი უშგული გველოდა.

მესტია. ხედი სვანური კოშკიდან.

მესტია. ხედი სვანური კოშკიდან.

ძილი/უძილობა – როგორც უკვე ვთქვი, დილით ხუთ საათზე გავედით ბათუმიდან. აზრიც არ ჰქონდა ძილს, მაინც ვერ გამოვიძინებდი და სამსახურის მერე (რომელიც იმ დღეს 11 საათზე დამიმთავრდა სტატიის ძლივს ჩამთავრების გამო) ცოტა დავისვენე უბრალოდ. მგზავრობაზე ვამყარებდი იმედებს, ტრასპორტშიც მშვენივრად შემიძლია გამოძინება. მაგრამ ვერ გავთვალე, რომ სვანეთის გზებზე ეს შეუძლებელი იყო, ნუ, თუ გინდოდა ჯანმრთელი ასულიყავი და არა თავგადაპობილი 😀
გზაში სულ ცოტა ხნით ვიძინე ამიტომ, მაგრამ წინ სასტუმრო იყო და გემრიელად გამოვიძინებდი. როგორც კი გახდა შესაძლებელი, ოთახისკენ გავიძურწე და დავიძინე, მაგრამ რამდენიმე საათში კარზე კაკუნი მოგვესმა. აღმოჩნდა, რომ ბიჭების ნაწილი ეხუმრა ერთს და თავისი საწოლით გადმოიყვანეს ჩვენს კარებთან. დააკაკუნეს კარებზე, ჩვენ გავიხედეთ და არავინაა, ძირს კი ვიღაც გდია თავისი საწოლითურთ.
დილით კიდე გაისმა იდუმალი კაკუნი, კიარადა ბრახუნი, მაგრამ ვინ იყო ვერ გავიგეთ დღემდე. მიზანი ერთი იყო – ჩვენი გაღვიძება და კი მიაღწია.
მერე იყო უშგული და ისევ დაღლილ-დაქანცულები მივედით სახლში (სასტუმროდ აღარ გვეჩვენებოდა უკვე, უცებ მეტისმეტად ახლობელი გახდა :-D). აღმოჩნდა, რომ დილით ხუთ საათზე უნდა წამოვსულიყავით ბათუმისკენაც, ამიტომ ძილს აზრი აღარ ჰქონდა და დავლიეთ ცოტა. ვისთვის ცოტა, ვისთვის კიდე სიმთვრალისთვის საკმარისი. ხოდა, კი მერეოდა ნაბიჯები, მარა მაგას შევიმჩნევდი ახლა მე?! (© მიშა ანდღულაძე – ინტონაციური პოეზია :-D).
ბათუმისკენ რომ მოვდიოდით მაშინ დავიძინე სამაგიეროდ ისე გემრიელად, სახლში რომ ვერ მძინავს ხანდახან. ჩემს გვერდით სკამი გათავისუფლდა და ორ სკამზე ისე გემრიელად ვიყავი მოკუნტული, ჩაქვს სანამ არ გამოვცდით, ვერავინ გაბედა ჩემი გაღვიძება 😀

უშგული. ქვემოთ ჩანს ის პატარა სოფელი, უკან კიდე მყინვარია.

უშგული. ქვემოთ ჩანს ის პატარა სოფელი, უკან კიდე მყინვარია.


უშგული – წასვლისას მითხრეს, მეორე მაგისთანა ადგილს ვერ ნახავო და მართლაც ასე აღმოჩნდა. ავედით სადღაც, მთების გასწვრივ. ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული და პატარა მდინარეც მოედინება. მდინარეზე ხის პატარა ხიდით გადადიხარ და იქით სოფელია, რომელშიც ძველებური სახლები, სასტუმროები, სვანური კოშკები და ერთი კაფეა. სოფელი ძალიან პატარაა და ნახევარ საათში ფეხით შეიძლება შემოვლა.
უამრავი უცნაური ყვავილებია აქ და გვირილებიც, სხვადასხვა ზომის და სახეობის. ჩუმად გამოვეყე სხვებს და მარტომ მოვიარე მთელი სოფელი, გადავიღე რაღაცეები და გვირილებიც. მართალია, სულ ახლოს მყინვარი იყო, მაგრამ მაინც საკმაოდ ცხელოდა და შემაღლებულ ადგილას ერთ-ერთი კოშკი სამოთხედ მომეჩვენა. იქვე ვიპოვე ჩემი თანამგზავრები და რამდენიმე საათი უბრალოდ ვეგდეთ კოშკის ძირს, ჩრდილში და სუფთა ჰაერის თანხლებით. აქვე დამიწნეს გვირილების თაიგული და სხვა რაღა მინდოდა ბედნიერებისთვის 😀
უშგული ძალიან ლამაზია, მესტიაში განადგურბული ასოციაციები აქ დაბრუნდა. უშგული ისეთია, როგორიც წარმოგიდგენია, ოღონდ სვანური ქუდით იშვიათად ნახავ ვინმეს (ჩემი ასოციაციები ამასაც გულისხმობდა რატომღაც :-D).

დადიანების სახლ-მუზეუმი
– ვინაიდან და რადგანაც უმრავლესობას ნანახი არ გვქონდა, ბათუმისკენ მომავალ გზაზე დადიანების სახლ-მუზეუმშიც შევიარეთ. მუზეუმი ნამდვილად შთამბეჭდავია. სასახლეა ძველებური და იმ ფართო კიბეებზე ჩამოსვლისას რამდენჯერმე მოვასწარი საკუთარი თავის წარმოდგენ დიდი, გრძელი კაბით 😀 ყველა ძველისძველ სარკეშიც ჩავიხედე (რაღაც მისტიკური ვიპოვე, მარა ვერ მივხვდი რა, ამიტომ არც ერთი არ გამოვტოვე) და წამებში დროში ვიმოგზაურე. სიამოვნება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან მუზეუმის ქალი ყველა ახალ ფრაზას კივილით იწყებდა რატომღაც და კონცენტრირება შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, მუზეუმის ექსპონატების დიდი ნაწილი საცხა ჯანდაბაში გადაუნახავთ და ყველაფრის ნახვა არ შეიძლება თურმე, არც ფანჯრიდან უნდა გაიხედო და შენობაში ფოტოს გადაღებაში ორი ლარი უნდა მისცე. არ მიყვარს ხალხის განსხავება ეროვნების და მით უმეტეს, უბრალოდ კუთხის მიხედვით, შესაბამისად, ამ ფაქტებს არ მინდა მოვუძებნო ერთადერთი ახსნა, რომელიც სამეგრელოს და მეგრელებს უკავშირდება.

დაღლილი გვირილა მესტიაში :-D

დაღლილი გვირილა მესტიაში 😀

“დევუშკა, მანი, მანი!..” – ეს ფრაზა გავიგეთ პირველად დადიანების სახლ-მუზეუმიდან გამოსულებმა, ეზოში მდებარე ტუალეტს რომ ჩავუარეთ. იქედან სასიამოვნო გარეგნობის უცხოელი გოგო გამოდიოდა და ეტყობა, არც დაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ იმ ტუალეტში შესვლისთვის ფული უნდა გადაეხადა. ამიტომაც კიოდა ის ქალი – “დევუშკა, მანი, მანი!..”. გოგო აშკარად ვერ მიხვდა ფრაზა მას თუ ეკუთვნოდა და გზა გააგრძელა, ქალმა კი შემდეგი ფრაზა მიაძახა – “ალო, ალო, ტი კუდა, მანი, მანი!..”. არ ვიცი ადრესატი მიხვდა რომ მას ეძახოდნენ თუ ინტერესის გამო მოტრიალდა, მაგრამ დაბნეული სახე კი ჰქონდა. ამ დროს მოხდა კიდევ ერთი უცნაურობა – ჩვენმა თანამგზავრმა გადაწყვიტა, რომ თვითონ უნდა გადაეხადა ის ოცი თეთრი. თუმცა, უცხოელი ლამაზმანის ტუალეტში დაპატიჟება არ გამოუვიდა და იმ გოგომ თვითონ მიაწოდა რკინის ლარიანი. და მეორე უცნაურობა – ტურისტს ხურდაში მოატყუეს და ზედმეტი ათი თეთრი აიღეს. მე ძალიან, ძალიან მიხარია, რომ კონკრეტულად ეს ფაქტი თვითონ ვერ შევნიშნე.
ჩვენ გვახლდა 13 წლის ბავშვი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და ზაფხულობით ისვენებს ბათუმში, ბებიასთან და ბაბუასთან. ხოდა, ტუალეტში შესვლამდე გავაფრთხილეთ, რომ გარეთ ყოფნისას ღრმად ჩაისუნთქოს და იქ არ ისუნთქოს საერთოდ. კი ჩავიდა გაბერილი ფილტვებით, მაგრამ იქედან სიცილის ხმა მოგვესმა. დავინტერესდით რა ხდებაო ცხადია და რას ვხედავთ – დგას კარებთან და კვდება სიცილით. საშინლად მომხვდა გულზე, მაგრამ რა, სასაცილო და დასაცინია და გაიცინა ბავშვმა. გამოსვლისას კიდე მშვიდად თქვა – “აქ შემოსვლისთვის ფულს იქით უნდა მიხდიდნენო”.

ხოდა ასე, ესეც ჩვენი სვანეთი და დადიანების სახლ-მუზეუმი. შთაბეჭდილება ზოგადად დადებითია რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ იმის მიმართ, რაც ბუნებამ მოგვცა. ჩვენ არ ვართ სტუმართმოყვარე ერი, ჩვენ საშინელი მასპინძლები ვართ.

დროებით…

“…და აი, მეგობრებო, დადგა ეს ნანატრი დღეც!” – თუ როგორ იწყებენ ხოლმე გამოსამშვიდობებელ საღამოებს 😀

მოკლედ, დღეს ღამით გვირილა მოკალათდება თბილისი-ბათუმის მატარებელში და დილით, როცა გაიღვიძებს და თვალებს მოიფშვნეტს, ზღვას დაინახავს. მერე ჩანთებს სადმე დაყრის და პირველი, რასაც გააკეთებს, ზღვაში ჩახტება.

მერე გააღვიძებს მეგობრებს და მაგრად ჩაეხუტება, მათთან ერთად იბოდიალებს მთელი დღე ბათუმში და საღამოსკენ სოფელში წავა სავარაუდოდ.

სოფელში იქნება მთელი ოჯახი და კიდე კავკასიური ნაგაზის მაგვარი ბარსა, რომელიც შეხვედრისას მხრებზე თათებს შემოაწყობს და მერე კუდის ქიცინს დაიწყებს.

მერე… მერე იქნება ყველაზე გემრიელი ძილი მთელ მსოფლიოში, ასე მხოლოდ ამ სოფელში რომ შეიძლება დაიძინო და დილით უგემრიელესი საუზმე, სავარაუდოდ ხაჭაპური.

მთელი დღეები ბევრი წიგნი, მონატრებული ადამიანები და ნებივრობა, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით.

… და გვირილა დაისვენებს ძალიან მაგრად. ივლის სოფელში, ზღვაზეც რა თქმა უნდა და იქნებ ბეშუმშიც.

* * *
ხო, საათები დარჩა მატარებლის გასვლამდე 🙂 რომ ვთქვა თბილისი არ მომენატრება-მეთქი, ალბათ არ ვიქნები მართალი. ვნახოთ, ჯერ ორი თვე წინაა. წასვლამდე კი ღამის თბილისში ვისეირნე, მეტროში ჩასვლაც მოვასწარი და ესკალატორზე ქვევით დაშვებისას ზემოთკენ მივტრიალდი 😀 მაგარი სასაცილოა, გგონია სადღაც უფსკრულში ეშვები. რა თქმა უნდა ლიანდაგის გასწვრივ, მაქსიმალურად ახლოს (ჩემი სიმაღლის შიში რამდენადაც მაძლევს საშუალებას, იმდენად) გავიარ-გამოვიარე და ამ დროს მომავალი მატარებლისგან წარმოქმნილი სასიამოვნო ქარიც ვიგრძენი.

რაც შეეხება გეგმებს ამ ზაფხულისთვის, საკმაოდ მაქვს. პირველი კვირა მხოლოდ ნებივრობას დაეთმობა. მერე მინდა რამე სეზონური სამსახურიც ვიშოვო, თითქმის ოთხი თვეა არ მიმუშავია და არ მინდა მოვდუნდე და უსაქმურობას მივეჩვიო.

პარალელურად წავიკითხავ ბევრს, რა თქმა უნდა ვნახავ მეგობრებს და თუ დრო დამრჩა, იქნებ ბეშუმშიც ავიდე ერთი კვირით.

ისე მიხარია წასვლის ამბავი, ვერ ვაზროვნებ და ვერ ვხვდები კიდევ რა შეიძლება დავწერო.

ხო, ინტერნეტთან ინტენსიურდ ალბათ ვერ ვიქნები, ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, ხანდახან შემოვივლი.

და სანამ მე იქ ვიქნები, ბლოგს ძალიან ნუ მომიწყენთ, ცოდოა 😦

რამდენიმე ბლოგის ავტორს ვეპატიჟები სტუმრად. სტუმართა სია დიდია, მაგრამ არაა აუცილებელი დაწეროთ რამე, თუ არ გინდათ. ისე კი, ნებისმიერი თქვენგანის მასპინძლობა გამიხარდება.

მოკლედ, ამ ორი თვის განმავლობაში გვირილა სტუმრად იწვევს:

მოლი ბლუმი

ჭიამაია

ნინიკო

ჯესი

შიო

ფინიკი

აქსიომა

TamaRa – რომლის ბლოგი მერამდენე თვეა ინახება და ვერა და ვერ წავიკითხე საფუძვლიანად, არადა უბრალოდ თვალის გადასავლები ბლოგი არაა აშკარად.

მაცო

სანდრო

თეა

ქეთუსი

ვანი

heart1ess

სია აშკარად დიდია, მარა არა აუცილებელი. თუ რომელიმეს მოგინდებათ დაწეროთ რამე გვირილას ბლოგზე, მე მზად ვარ მასპინძლობისთვის. გარდა ამისა, თუ სხვა ვინმესაც გაუჩნდება სურვილი, აქვე დააკომენტაროს და მალევე გახდება გესტ-ავტორი გვირილასთან.
ხო, წავედი ახლა მე და ისა… მომენატრებით ^_^ ოღონდ მართლა…

★ იხუსაპ-ავხთიკ ★

თეგ-თამაშების დედოფალმა კიდევ ერთ თამაშში ჩამრთო და სანამ ცოტა ხანში პლაჟზე, ქვიშაში თამაშს დავიწყებ, მანამ თეგ-თამაშებით “გავერთობი”.

კითხვარი საყვარლად სასაცილოა, თუმცა გართობა “მოჟნა” და რას ვკარგავ, წავედი 😉

* ტანსაცმლით გძინავს თუ მის გარეშე? – მოკლე შორტით და “მაიკით”. ტანსაცმელია ეს თუ “მის გარეშე”? 😀

* შავი თუ ლურჯი კალამი? – კლავიატურა 😀 თუ მაინცდამაინც კალამი გახდა საჭირო, ფერი ამ დროს კარგავს მნიშნელობას.

* მოგწონთ მოგზაურობა? – არც ისე სხვათაშორის. უფრო სწორად, მოგზაურობის თანმხლები დისკომფორტები არ მიყვარს, თორემ ახალ-ახალი ადგილები, მით უმეტეს ჩემს ხალხთან ერთად ვარ, ნამეტანი მხიბლავს. “დაჟე” დიიიდი ჩანთის ჩალაგებაც მიყვარს, ვერაფერს რომ ვერ ვატევ შიგნით ერთი დღით თუ გავდივარ მაშინაც კი.

* მოგწონს ვინმე? – ამ ეტაპზე მხოლოდ ჯუდ ლოუ მესიმპათიურება ცოტა 😀 “ადნალიუბი” ვარ 😛 😀

* იცის? – ჯუდ ლოუმ? ნუ, ახლა, მე მაგის გიჟი ფანატი არ ვარ და “სიყვარულს” გულში ვიმარხავ, ცოცხალი თავით არ ვამჟღავნებ, პირველ ნაბიჯს ველოდები მისგან 😀

* ფიქრობ, რომ მიმზიდველი ხარ? – უf, არ იკითხო, ყველა გიჟს და გადარეულს ვიზიდავ 😀

* გინდა დაქორწილდე? – “დავქორწილდე” თუ “დავქორწინდე”?

* ვისზე? – რა ვისზე? ჯერ მითხარი უნდა “დავქორწილდე” თუ “დავქორწინდე”?

* კარგი სტუდენტი ხარ? – ნუ, არ მიყვარს ახლა თავის ქება, მარა… 😀

* ახლა ბედნიერი ხარ? – ახლა საცხა ზღვარზე ვარ მგონი 😀 “უბედური” და რაცხა ამდაგვარი არ ვარ ყოველ შემთხვევაში.

* მოგიტყუებია როდესმე? ან მოუტყუებიხარ ვინმეს? – გაბედონ!.. ჩემი და ყოფილი კარატისტია!

* დაბადების ადგილი – ბათუმი.

* შობა თუ ჰელოვინი? – ორივე არა? არ დამცხო ახლა, არ ვარ ათეისტი!..

* ფერადი თუ შავ–თეთრი ფოტო? – საიდან მოათრიე ეს დებილი კითხვები? “თუ”, “ან” და ჯანდაბა!.. ორივე არ იქნება?

* შორ მანძილზე ურთიერთობები ძლებს? – დიახთ ბატონო, ძლებს.

* ასტროლოგიის გჯერა? – კი, იმდენად, რომ ცაგარელის “პადიეზდთან” ვარ ყოველ დილით 😀

* გჯერა ერთი ნახვით სიყვარულის? – კი, წეღან ჩამირბინა ვიღაცამ და ბედითი ბნედა მჭირს 😀

* სვამ? – კი, მთვრალი ვარ ახლაც და ამ კითხვების ავტორი გავხიო უნდა ცემაში!..

* ხალხს ამხიარულებ? – ე, ახლა გავიხადე კლოუნის სამოსი.

* ფიქრობ რომ ოცნებები ხდება? – სად წავა აბა 😉

* საყვარელი გამოგონილი პერსონაჟი – ეს როგორ? პერსონაჟი ყველა გამოგონილია იდეაში, ნუ მაინცდამაინც დოკუმენტურ მასალებზე თუ არაა საუბარი. რაცხა ვერ ხარ შენ 😀

* მოგიპარავს ოდესმე რამე? – კი, წეღან გამოვათრიე ბანკიდან ოქროს ზოდები და მერე ლეპტოპში გადავცვალე უკლებლივ ყველა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კითხვებისთვის მეპასუხა.

* როგორი ამინდია ახლა? – რავიცი მე! სად მცალია მაგისთვის, კითხვებს ვპასუხობ ფრიად საინტერესოს 😀

* ბოლოს როდის შეიჭერით თმები? – ეეე ^_^ გაპატიე ყველა სულელური კითხვა, რახან ჩემს თმაზეც მკითხე. ორი წლის წინ შევიჭერი ბოლოს მგონი და ახლა ხელს არ ვაკარებ ^_^

* ბოლოს ვის ელაპარაკე ტელეფონზე? – მამაჩემს. რაზე ველაპარაკე ისიც უნდა გითხრა?

* როდის იბანავე ბოლოს? – საახალწლოდ ვბანაობ მხოლოდ 😀 გამოთვალე ახლა რამდენი თვე გავიდა მას მერე და მიპასუხე – როდის ვიბანავე ბოლოს?

* წყნარი თუ მშვიდი მუსიკა? – მდააა… დავიჯერო პახმელია მაქვს კიდე?!

* Mcdonalds თუ Burger King? – დედაჩემის გამზადებული ღომი, ხაჭაპური და ა.შ. ეს ქუჩის ნაგავი შენი იყოს თუ კაია 😀

* ღამე თუ დღე? – დღე-ღამე.

* ბალიშების რაოდენობა? – ორი ცალი დიიიდი ფუმფულა ბალიში.

* პიანინო თუ გიტარა? – ვერც ერთი… შენ “მოგზავნილი” ხარ? ორივე მიყვარს ძალიან და სწავლაც მინდოდა, მარა არც ერთი არ ვიცი. მომწყდი ახლა თავიდან!..

* მომავალი სამსახური – მოიცა, ლელა კაკულიას ვკითხავ და გეტყვი 😉

* ახლანდელი სამსახური – ჯანდაბა 😀

* ახლანდელი სიყვარული – არა რა, მაინცდამაინც უნდა გამოვტყდე, სხვა გზა არაა. “ის” შენ ხარ!.. მგონი ისე შევყევით საუბარს მე და შენ, ისე გავუგეთ და შევეჩვიეთ ერთმანეთს, გულში ჩამივარდი 😀

* ახლანდელი იმედგაცრუება – კითხვებს გადავხედე ჯერ კიდევ პასუხგაუცმელს და… 😀

* ახლანდელი გაბრაზება – მგონი მალე იქნება…

* ბოლო რაღაც რაც ჭამე – ოოო ^_^ საზამთრო, მართალია, არც ისე წითელი, მარა მაინც საზამთრო 😀 კიდე ნაყინი მომითრიეს წეღან, შოკოლადის თან ^_^ მანამდე კიდე ახალი ტყემალი ვჭამე ამ წელში პირველად. იცი როგორ მიყვარს? თან სოფელში აკეთებდა დედაჩემი და რაღაცნაირად ბავშვობასთანაც ასოცირდება თითქოს…

* ბოლო რაღაც რაც შეიძინე – გუშინ ვიყიდე ულამაზესი “მაიკა”. მწვანე ფერის ერთ-ერთი ტონალობაა და საყვარელი პატარა გოგო ახატია ^_^

* რა გესმით ახლა?ვინის ერთ-ერთი მელოდია, დღეს მილიონჯერ ვუსმინე მგონი, მარა საშინლად მომწონს და ვერ მოვშორდი.

* გაქვს გეგმები weekend-ისთვის? – კი, მშვენიერი გეგმები მაქვს. ამ შაბათ-კვირას ავიხდენ დიდი ხნის სურვილს და ვიყიდი ბილეთს თბილისი-ბათუმის მიმართულებით. ხოდა, ორშაბათ დილით ბათუმში უნდა ვიყო ლოგიკურად.

* რა ქენი დღეს? – ვიყავი ინგლისურზე, ცოტა წავიბოდიალე გზაში. მერე შევუარე ჯგუფელს, ბალი ვჭამე ბევრი 😀 საღამოსკენ ვნახე “ძველი” მეგობარი ერთ-ერთ შეკრებაზე. მერე მოვბოდიალდი სახლში, ცოტა დავისვენე, უფრო მეტი ვიმეცადინე, მერე წავიკითხე და ახლა თეგ-თამაშის გაგრძელება გადავწყვიტე, რომელსაც ბოლო არ უჩანს 😀

* გაიხედე უკან, რა არის? – ჩემი საწოლი მასზე მოთავსებული დიდი ჩანთით (“სტოპ! რა გაიგონეთ ამ წუთში” რატომ არ მკითხე? “მეგობრობის დღიურებში” კი იყო და… :-D).

* მინდა? – ლონდონში ვისეირნო წვიმიან დღეს.

* ვისურვებდი – დავიწყო ჩამოთვლა? 😛

* მაინტერესებს – რა მიზნით დაიწერა ეს კითხვები საერთოდ, ოღონდ მართლა. ვერც ერთ “მიზანში” ვერ გავაერთიანე.

* ახლა მაცვია – “ჩუსტები”, “მაიკა”, ჯინსი.

უბრალოდ მეგობრობა…

ბათუმში ბათუმურად წვიმდა და ქუჩები დატბორილი იყო. ჩვენ სტატიისთვის ინფორმაციის მოსაძიებლად მივდიოდით ქალაქის თითქმის მიკარგულ უბანში. “მარშუტკიდან” გადმოსვლის შემდეგ დიდი ძალისხმევა იყო საჭირო გუბეებს რომ გავცდენოდით. ერთ-ერთი გრანდიოზული გუბე რომ შემოგვხვდა, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ სხვა გზა არ იყო და კედებით უნდა “გადამეცურა”. ჩემს მეგობარს “ვალინკები” ეცვა და იცი რა ქნა? არა, ფეხსაცმელი არ გაგვიცვლია. ჩადგა ამ ტბა-გუბეში თავისი “ვალინკებით”, მე კი ჩემი კედებიანი ფეხები შემომაწყონია ზედ. მის ფეხზე ვიდექი და ისე გადავლახეთ გუბე. იმ მომენტში არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ფეხის დასველებას გადავრჩი. ამ შემთხვევაში შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მნიშვნელოვანი იყო ამ შედეგამდე მისვლის პროცესი.

გახსოვს მეგობრობის დღიურები ბავშვობიდან? ან შაბლონური კითხვა ყველა მათგანში – “თქვენი აზრით, რა არის მეგობრობა?“. პასუხებიც შაბლონური იყო, ზოგი ლექსით პასუხობდა და ზოგიც ლამაზი ფრაზებით. არადა, მეგობრობის ფასი ბავშვობაშიც ვიცით მეტ-ნაკლებად და გონების დაძაბვის შედეგად შეიძლება ჩვენც დაგვეწერა რამე ლამაზი. მაგრამ მეგობრობას ასე, სიტყვებით ვერ ახსნი, მეგობრობა არაა ლამაზი სიტყვები და იმიტომ. ის გრძნობაა, რომლის სიტყვით გადმოცემა ხშირად ჭირს, მაგრამ სულ პატარა საქმეშიც კარგად ჩანს.

მეგობრობაა, როცა მასთან ისე ლაპარაკობ, როგორც საკუთარ თავთან. მეგობრობაა, როცა მხოლოდ მისთვის ცნობილ რამეს სხვა გაიგებს და უფრო საკუთარ თავში შეგეპარება ეჭვი, ვიდრე მასში. მეგობრობაა, როცა ნებისმიერ დროს შეგიძლია დაურეკო, დაუძახო და მოგისმენს, დაგეხმარება. მეგობრობაა, როცა შენი სიხარულის გაზირება შეუძლია გულწრფელად. მეგობრობაა, როცა არ შურს. და მეგობრობაა, როცა იმდენად გიყვარს, რომ სიტყვები აზრს კარგავს, ეს ისედაც ცხადია…

მეგობარია, როცა ნაკლს პირდაპირ გეუბნება და გამოსწორებაში გეხმარება. მეგობარია, როცა შორიდან ხედავ მის სილუეტს და გრძნობ, რომ გაბადრული სახით მოდის, მერე გიახლოვდება და გიხარია, რომ არ ცდები, ვერც ერთი რომ ვერ მალავთ ღიმილს და რატომღაც ყურებამდე იკრიჭებით 😀 მეგობარია, როცა სიცივეში, გაჩერებაზე, ჩახუტებით გათბობს. მეგობარია, როცა ცდილობს გათოშილი ხელები სულის შებერვით გაგითბოს. მეგობარია, როცა შენი წარმატება შენზე მეტად უხარია. მეგობარია, როცა დაეცემი, წამოგაყენებს და შენს ნაცვლად თვითონ ტირის 😀 მეგობარია, როცა უჭირს, ვერ ეხმარები და არ გკიდია, უბრალოდ არ იცი რა ქნა და ცმუკავ, წრიალებ. მეგობარია, როცა მასთან ერთად რამდენიმე წუთიანი გასეირნება გრანდიოზულ ფართის გირჩევნია.

მეგობრობაა, როცა დღე და ღამე ერთად ხართ და მაინც ვერ “ძღებით” ერთმანეთით. მეგობრობაა, როცა მის გარეშე გართობები და მსგავსი რაღაცეები აზრს კარგავს. მეგობრობაა, როცა არ ავიწყდები. მეგობრობაა, როცა არც კი გაიფიქრებ, რომ არის რაღაც, რაც მან არ უნდა იცოდეს.

ალბათ ისიც მეგობრობის შედეგია, მათ გარეშე ყველაზე ყველაზე მაგარ ხალხთანაც კი მსოფლიოში ყველაზე მარტოდ იგრძნო თავი და გენატრებოდეს, საშინლად გენატრებოდეს…

მერე… :-)

საღამოს სეირნობას სხვა ხიბლი აქვს, სულ სხვა…

ვგიჟდები ლამპიონებზე და ღამით განათებული თბილისი ყველაზე მეტად მომწონს.

მერე რა, რომ მანძილი დიდია და ბოლომდე ვერ მისეირნდები. ამ დროს მანქანიდან დაკვირვებაც კი სასიამოვნოა.

ფანჯარა ბოლომდეა ჩაწეული, ნელა მოძრავი მანქანა და მუსიკა… ქარი თმებს უცნაურ ფორმებს აძლევს, მაგრამ ამ დროს სასიამოვნოც კია სახეზე თმის შეხება…

თითქოს (ან იქნებ ასეცაა) ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ მიდიხარ, ან მანქანა ჭრის ჰაერს და ქარს წარმოქმნის (სადღა მახსოვს ფიზიკა :-))… რაღაცნაირად სასიამოვნოა…

მერე… მერე მატარებელი და ერთი დღით ნანახი ერთი საყვარელი ადამიანის გაცილება.

დაკვირვებიხარ? უფრო მარტივია შენ წახვიდე, ვიდრე შენგან წავიდნენ. წამოსვლაც გიჭირს, მაგრამ მაინც მხნედ ხარ. აი, შენ რომ აცილებ და მიდიან…

ალბათ ისიც რთულია, დატოვო უკვე შეჩვეული ქალაქი თითქმის მთელი ზაფხულით.

ამაზე ზუსტად ერთ თვეში ვისაუბრებ 🙂

მანამდე ვისეირნებ ღამის თბილისში და დავაკვირდები განათებულ ქალაქს.

ერთი თვე… მერე მატარებელი თბილისი-ბათუმი. გამთენიისას დანახული ზღვა, ზაფხულის დილის მზე და სითბო, სიცხე არა.

მერე უფრო ბევრი ზღვა, პატარა ქუჩები, საყვარელი ხალხი და სეირნობა უსასრულობამდე.

სოფელიც… მურადა არც მე დამხვდება, მაგრამ კავკასიური ნაგაზი, სახელად “ბარსა” (“ბარსელონას” ფან-კლუბი არ მაქვს სახლში და რატომ “ბარსა” დღემდე ვერ გამირკვევია) აუცილებლად. მანამ არ მოისვენებს, სანამ მხრებზე არ დამადებს დიდ თათებს და მერე კუდის ქიცინით არ გაიქცევა.

მაგრამ ამაზე მერე… ფაქტებით, და არა ვარაუდით 🙂

ურთიერთობები

დაკვირვებიხარ, რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ ადამიანები სულ პატარა ნივთებს თუ მოვლენებს? ხშირად სიმბოლურსაც და რაღაცეებთან ასოცირებას ვახდენთ.

საერთოდ, ვთვლი, რომ ადამიანებზე და ნივთებზე შეჩვევა არც ისე კაი ამბავია, მაგრამ რობოტები არ ვართ და ყველაფერი თავისთავად ხდება.

მერე ადამიანებიც შეიძლება ისე გაქრენ ჩვენი ცხოვრებიდან, როგორც პატარა ნივთები, რომელთა დაკარგვაც არ გვინდა, რაღაცით მნიშვნელოვანნი არიან და ვერ ვთმობთ. თუმცა, ჩვენ არავინ გვეკითხება. ისინი მიდიან და მოდიან. ვიცი რომ ცუდად ჟღერს, ვიცი.

ერთხელ მითხრეს – მთელი ცხოვრება შენს გვერდით მხოლოდ ოჯახის წევრი თუ დარჩება, სხვა არავინო. მაქსიმუმ ერთი ადამიანი კიდევ, ვისაც უყვარხარ და ვინც გიყვარს, ერთგვარი “მეორე ნახევარი”-ო. მაშინ არ დავეთანხმე. მერე მივხვდი, რომ არის აქ სიმართლის მარცვალი. ახლა გვგონია, რომ კონკრეტული ადამიანების გარეშე ვერ გავძლებთ და ვერც ისინი უჩვენოდ, თუმცა, როგორც კი იქნება შესაფერისი მომენტი, უკანასკნელი ეგოისტები და იდიოტები ვხდებით, ვივიწყებთ მათ, ვინც მანამდე არ გვავიწყდებოდა.

თუმცა, თუ ადამიანი ნამდვილად ძვირფასია, ეს ერთგვარი ეგოიზმის პერიოდიც მალე გადადის და უბრუნდები საკუთარ თავს, ჩვეულებრივს. ამ დროს უბრალოდ უნდა დაფიქრდე, რას ნიშნავს თუნდაც ერთი, უბრალო მოკითხვა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს შენთვის. შესაბამისად, არც სხვისთვის უნდა იყოს უმიშვნელო.

როცა ხვდები, რომ ადამიანი შენთვის ძვირფასია და შენც მისთვის, შეიძლება უბრალო მიზეზით დაკარგო? ხომ არ ჯობია გადააბიჯო პრინციპს ერთხელაც? არ ვიცი…

მაგრამ ვიცი, რამდენად მტკივნეულია საყვარელი ადამიანების უმიზეზოდ დაკარგვა.

ხო, ადამიანები ძალიან მარტივად ვეჩვევით სხვა ადამიანებს და პატარა ნივთებსაც კი.

და მე მინდა ისინი უფრო ძვირფასნი იყვნენ ჩვენთვის, ვიდრე პატარა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ნივთები.
მინდა უფრო გავუფრთხილდეთ მათ, ვიდრე იმ პატარა, მნიშვნელოვან ნივთებს.

მინდა მათი პოვნა უფრო გაგვიხარდეს, ვიდრე იმ პატარა და მნიშვნელოვანი ნივთის, დაკარგვის შემდეგ.

რა სასიხარულოა, რომ იცი ვიღაცას სადღაც უყვარხარ, ენატრები და სჭიდები. დიახ, ერთი ადამიანი მაინც არსებობს ასეთი და ეს დიდი ბედნიერებაა!..

საერთოდაც, მინდა გავუფრთხილდეთ ურთიერთობებს და შეგვეძლოს სიყვარული. დავფიქრდეთ, რა უაზრობა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება კონკეტული ადამიანების გარეშე.

გაწვიმდა…

(ამის ფონზე უკეთესად იკითხება წესით ;-))


გაწვიმდა…

ამ შუა თბილისში ბათუმურად გაწვიმდა.

გადარეული წვიმა წამოვიდა და გადასარევი განწყობა მოიტანა.

დღეს წვიმას თითქოს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – შექმნას სასიამოვნო განწყობა.

ბაღში სხვადასხვა ფერის ვარდებიც დასველდნენ, მაგრამ მაინც ამაყად უჭირავთ თავი და მსუბუქი სიოს დახმარებით კეკლუცად იბერტყავენ წვიმის წვეთებს.

ჰაერში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს, წვიმის და ყვავილების ერთგვარი სინთეზის შედეგად წარმოქმნილი. წვიმას სუნი აქვს?

ამშვიდებს ეს წვიმა.

არ ცივა.

მაინც ვიცმევ თბილად, ფეხმორთხმით ვჯდები აივანზე და ვაკვირდები წვიმას.

წვიმა – გიჟი და გადარეული.

ბათუმი – თბილი და ახლობელი.

ორივე ერთად ძალიან საყვარელი.

… ზაფხულია, ცხელა. მიდიხარ პატარა ქუჩაზე, მშვიდად და უარაფროდ. უცებ მოდის ისიც, ხმაურიანი და გიჟი. ყველა სადღაც გარბის, არც შენ გინდა დანებდე და ბოლომდე იბრძვი. არადა იცი, კარგად იცი, რომ ის ძლიერია, მაინც წამოგეწევა და სირბილს აზრი არ აქვს. მაგრამ წვიმაში სირბილი სხვანაირია, ვერც აცნობიერებ, მაგრამ მოგწონს ეს პროცესი და ამიტომაც გარბიხარ… მერე ისე გადადის სირბილი სეირნობაში, ვერც ხვდები. სასიამოვნოა სეირნობა, თბილა. ფეხსაცმელიც მნიშვნელობას კარგავს და უკვე მის გარეშე აგრძელებ გზას.
გამსუბუქებს წვიმა რაღაცნაირად. გინდა ირბინო, იცეკვო, იცინო…

წვიმა… სიცხე და ზღვა… ბანაობა წვიმაში, როცა ზღვა ისეთი თბილი გეჩვენება, როგორც არასდროს…

წვიმა… ბათუმი… საღამო და სეირნობა… მერე სირბილი, ვითომ სადარბაზო, კიდევ სირბილი… წვიმა, ბევრი წვიმა… და სახლი, სასიამოვნოდ დაღლილი და სველი რომ დაეგდები საწოლზე…

წვიმა… ჩვენ, სამივე… სახლი… ფილმი, შოკოლადი და ბევრი “სემიჩკა”, ძალიან ბევრი. თბილი პლედი და სისულელეებზე ლაპარაკი…

წვიმა… პლიაჟი… დალევა მაშველის “კოშკის” ქვეშ და მერე ტრენინგი. სიცილი, ბევრი სიცილი…

წვიმა და ბეშუმი… ცისარტყელა და მის ფონზე კითხვა. საღამოს კოცონი, სველ მიწაზე ძლივს გაცოცხლებული.
ხო, წვიმა…

გაწვიმდა თბილისში, ოღონდ ბათუმურად.

ვარდები ისევ ამაყად დგანან და ფოთოლზე ნელა მოსრიალებს წვიმის წვეთი.

ყველა სახლში შეყუჟულა, არავინაა გარეთ. ვხვდები განსხვავებას ბათუმის წვიმასა და თბილისის თუნდაც ბათუმურ წვიმას შორის.

და მაინც, თბილისში ბათუმურად გაწვიმდა, საშინლად რომანტიკულ განწყობაზე ვარ და გარეთ მინდა, წვიმაში…

%d bloggers like this: