Blog Archives

რაცხა :)

ადრე ვამბობდი, როცა სადმე მიდიხარ, რაღაცას ტოვებ, ან რაღაც მიგაქვს თქო. მაშინ ყველაფერი მიმქონდა, ახლა ცოტას დავტოვებ 🙂

ისე, ჩუმად და რაღაცნაირად გავიდა ერთი წელი, ძალიან დატვირთული და საინტერესოც. წლის შეჯამებას არ დავწერ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ბევრი სირთულის მიუხედავად, მაინც თბილი წელი გამოვიდა.

ხანდხან მციოდა, ნოემბრის თოვლში განსაკუთრებით. ზაფხულშიც მციოდა, გაზაფხულზე კინაღამ გავიყინე. ზამთარში გავთბი სამაგიეროდ. თოვლში და ყინვაში მე არ მციოდა.

ახლაც თბილად ვარ. არადა, ცა ისეთი ნაცრისფერია, ახალ წელს თოვლი უნდა მოვიდეს. უხდება ახალ წელს თოვლი და დიდი, თეთრი ფიფქებიც საშინლად ლამაზია.

თუმცა, მე ახლა ბათუმის თოვლზე უნდა ვფიქრობდე. რამდენიმე საათში გავა თბილისი-ბათუმის მატარებელი, რომლის ერთ-ერთი მგზავრი მე ვიქნები.

ხვალ დილით უკვე ბათუმში გავიღვიძებ და სახეს იქაურ ქარს შევაგებებ, “თბილ”-ისის ქარზე უფრო თბილს.

ჯერ ზღვას დავინახავ, მანქანიდან კი ბათუმს დავაკვირდები და სადღაც გულში რაღაც გალღვება. მერე კვლავ სირბილით ავირბენ სამ სართულს, კარებთან ისევ დავისვენებ და შემდეგ დავაკაკუნებ.

ვიბოდიალებ მშვიდი ბათუმის თითქმის ცარიელ ქუჩებში, აივნებიდან ვიგრძნობ ახალი წლის სურნელს და მერე იაკოს და სალოს ჩავეხუტები გემრიელად.

საღამოს სოფელში წავალ. პირველად ბარსა შემომეგებება, ალბათ ვერც მიცნობს თავიდან, ერთი წუთის მერე კი აქეთ-იქით სირბილს დაიწყებს და მილიონჯერ დამეჯახება. ძლივს მოვახერხებ გასხლტომას და სახლში შევაბიჯებ. მოვივლი ყველა ოთახს და დავათვალიერებ. ახალი არც არაფერი დამხვდება, მაგრამ მაგისთვის არც შემოვსულვარ.

სამზარეულოდან ერთმანეთში არეული უამრავი გემრიელი სურნელი გამოვა. დედაჩემი და ჩემი და კვლავ იკამათებენ რომელიღაც კერძის რომელიღაც ინგრედიენტის თაობაზე. მე “ფეჩთან” დავჯდები და ჩემს ძმას ამბებს გამოვკითხავ. მერე ავდგებით და ახალ წლამდე ორი საათით ადრე ერთად მოვრთავთ ნაძვის ხეს.

მერე დავეხმარები მაგიდის გაწყობაში და ახალ წელს დაველოდები.

12-ს რამდენიმე წუთი რომ დააკლდება, ჩემი ძმა გაამზადებს შუშხუნას, რომლის ზომა და ფასი ჩემი ძმის ზრდის პარალელურად იკლებს. რომელიღაც მეზობელი აუცილებლად გაუშვებს შუშხუნებს უფრო ადრე, ვიდრე საჭიროა. 12 საათზე უკვე მთელი სოფელი ცეცხლისფერი გახდება. ფანჯარას გამოვაღებ და ცივი ჰაერი შემოვა, რომელსაც ახალი წლის სუნი მოყვება. როგორც ყოველ ახალ წელს, წელსაც გამკრავს გულში რაღაც უცნაური გრძნობა, რომელსაც არ ვიცი რა ჰქვია და რომელიც ყოველი 31 დეკემბრის ღამეს განწყობას მიფუჭებს.

ფანჯარას დავხურავ და მაგიდას მივუჯდები. მამაჩემი ჭიქას აიღებს ხელში და სადღეგრძელოს არატრადიციულად იტყვის. მაშინ ვგრძნობ, რომ შეიძლება სადღეგრძელო იყოს გულწრფელი და არა დაზეპირებული. ღვინოს ოდნავ გაუსინჯავს გემოს, ყველას სათითაოდ მოგვილოცავს და სუფრას ჩემს ძმას მიანდობს. ისიც იტყვის პირველ სადღეგრძელოს, ოღონდ უფრო დახვეწილად, ვიდრე წინა წლებში. ჭიქას ბოლომდე დაცლის და აივნიდან გრუხუნის ხმასაც გავიგებთ. ყველამ ვიცით, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი, მეზებელი და თან ბიძაშვილი მოვიდა. ყოველ წელს პირველი სტუმარია. თუმცა შარშან შუშხუნის ხმამ ბარსა შეაშინა და პირველი ის შემოვარდა, თან კარის შემომტვრევით 😀

პირველს მეორე და ა.შ. სტუმარი მოყვება, მერე ყველანი უკვე ჩემს ძმასთან ერთად გაყვებიან შემდეგი მეზობლისკენ. დედაჩემი და მამაჩემი რამდენიმე საათი დაელოდებიან სტუმრებს და მერე საძინებლისკენ გაიპარებიან. მე და ჩემი და რამე სისულელეს ვუყურებთ რომელიმე არხე და ერთმანეთს დაგროვილ ამბებს მოვუყვებით.

დილით მორიგი შუშხუნის ხმა გამაღვიძებს. გავბრაზდები და ბუზღუნს დავიწყებ. ჩემი და მეტყვის, რომ სტუმრებს თვითონ მიხედავს, ოღონდ მეც უნდა გამოვიდე. მე მაინც ვეწუწუნები, რომ ძილი მინდა, თორემ სუფრის გაშლა კი არ მეზარება 😀 მერე შემრცხვება და გამოვძვრები თბილი საწოლიდან იმ იმედით, რომ ხვალ დილით დიდხანს და გემრიელად ვიძინებ.

სამი დღე სახლიდან არ გავალ, დავჯდები “ფეჩთან” და რამეს წავიკითხავ. დროდადრო ფანჯარაში გავიხედავ, სადაც იმედია თოვლის ფანტელებს შევნიშნავ. აუცილებლად გამახსენდება თბილისი და აქაური თოვლი. და არამარტო. მერე მომენატრება ეს ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე. ტელეფონიც დროულად ახმაურდება და მესიჯის ტექსტის წაკითხვამდე გამეღიმება. მერე ალბათ პირველად ამ წლის მანძილზე, მომინდება მალე დავბრუნდე “თბილ”-ისში.

 

22:25 !!!

სადგურში მისულს მატარებელი წასული დაგხვედრია? უცებ ჰოლივუდის ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი გამხდარხარ საკუთარ წარმოსახვაში? მატარებელზე მანქანით გამოკიდება გიცდია?

… 10 წუთით ადრე მივედი მატარებელთან მეთქი უნდა გამხარებოდა “კაკ რაზ”, როცა მანქანამ მოუხვია და ცარიელი სადგური დავინახე. ბილეთს მაშინღა დავხედე და 22:45 კი არა, 22:25 ეწერა. საქმე იმაშია, რომ ამ 22:45-ს იმდენად მივეჩვიე, ერთხელ რომ შევამოწმე დილით და 22 დავლანდე, აღარ გავაგრძელე კითხვა. ამიტომაც მომიწია მგზავრობა ძლივს ნაპოვნი “მარშუტკით”, სიცივეში და დიდი ბოდიში მაგათთან, მარა მოდებილო კომპანიაში.

ჯერ იყო და მძღოლმა გასვლა ვერ გადაწყვიტა, მერე ყველა ფანჯარა თამამად ჩამოსწია და მიაქროლებდა ამ თავის “მარშუტკას”, კი იყო “მერსედესის” ფირმის და ეამაყებოდა ალბათ. სანამ ეს ბოლო ხმაზე უსმენდა ნინო ჩხეიძეს და მსგავს ღირსშესანიშნაობებს, ყველა ათ წუთში ერთხელ ეწეოდა და გვერდით მჯდომ მისივე ასაკის ბიჭს მამამისის ბიზნესზე ელაპარაკებოდა, ამ ყველაფრის პარალელურად კი ვიღაცას “ეგონკავებოდა”, უკან მგზავრები იყიდებოდნენ ამ სიტყვის პირდპირი მნიშვნელობით.

როცა სიცივემ უკვე მეოთხედ თუ მეხუთედ გამაღვიძა ძლივს ჩაძინებული და სიმწრის ცრემლების სიახლოვე ვიგრძენი, გამახსენდა, რომ იმდენად მაგარი ვარ, თუ მოვინდომე მძღოლს მანქანიდან ჩამოვაბრძანებ.

ასეც მოხდა. ეწევინებოდა და აჩერებდა მანქანას.

იქ, სადაც თბილისისკენ მომავალი თითქმის ყველა “მარშუტკა” აჩერებს და ძირითადად მძღოლი საუზმობს, სადილობს ან ვახშმობს, ამჯერადაც გავჩერდით. აღმოჩნდა, რომ ე.წ. “დისპეჩერი” და მამაჩემი ნაცნობები ყოფილან და ამ “დისპეჩერს” დაუბარებია მძღოლისთვის ყურადღება მიაქციეო. მაგრად კი გაოცდა საბრალო, როცა მიხვდა, რომ მისი ყურადღების ობიექტი მე უნდა ვყოფილიყავი. არც მე მქონია დიდად სურვილი ამ სტატუსის ტარების, მაგრამ ღამის სამ საათზე ყავა მაინც დამალევინეს, ყურადღების ნიშნად. უარის თქმა უშედეგო აღმოჩნდა და ქაბაბის ჭამას კიდევ ყავა ვარჩიე. თან ფრიად სასიამოვნო საუბარი მელოდა წინ:

–      გათბობა რომ ჩავთო მეძინება, გეიგე? ორი ღამის უძინარი ვარ და აქ რომ დემეძინოს…

მერე ჩემი საქმიანობით დაინტერესდა და რომ გაიგო, ჩაიბურტყუნა:

–      კი გამოვა შენიდან ჟურნალისტი ისე…

აქვე გამიმხილა ერთი საიდუმლო – წინ უფრო თბილად იქნები და გადმოდიო. იმ უცნაური დაწესებულებიდან რომ გავედით, მართლაც გადავბარგდი წინ, სადაც ერთ სკამზე 20-25 წლის ბიჭი დასკუპებულიყო უკვე. მეც მეორე სკამი დავიკავე და სანამ ძილისთვის ვემზადებოდი, ის თუთიყუშივით იმეორებდა მძღოლთან “საუბრის” დროს გამოყენებულ ჩემს სიტყვებს და თბილად მიღიმოდა.

მანქანა დაიძრა და მეც შეძლებისდაგვარად კომფორტულად მოვკლათდი, სადაცაა ძილს ვეგებები ხელგაშლილი, რომ ჩემი აწ უკვე თანამგზავრის ხმა ჩამესმის – “მართალია ხომ?” და “მარშუტკის” მაგნიტოფონისკენ მითითებს თავით, საიდანაც ნინო ჩხეიძე სიყვარულისთვის დამახასიათებელ ვაი-უბედურებებს უჩივის.

დილით ექვსის ნახევარზე უკვე თბილისში ვიყავი და კიდე კაი, რომ ჩემს გვერდით მჯდომ ნინო ჩხეიძის სიტყვებით მოხიბლულ ყმაწვილს “ღირსეული” პასუხი არ გავეცი, რადგან ჩანთა საშინლად მძიმე აღმოჩნდა და მაგ დროს ვერავის გავაღვიძებდი. იმანაც შეიფერა და დიდის ამბით გამოთქვა დახმარების სურვილი, ჩანთა მომათრევინა და დამშვიდობებისას სხვათაშორის იკითხა – “ტელეფონის ნომერი არა ხო?”. მე შევაქე მისი მიხვედრილობა და დავემშვიდობე.

სახლში მისულმა სასწრაფოდ დავიძინე, რადგან რამდენიმე საათში ლექცია მქონდა. ტელეფონის გაუცნობიერებლად გავთიშე და დილით მგონი ყველა ნათესავისგან შემოსული ზარი დამხვდა. არ ვიცი რა იფიქრეს, მაგრამ კაი არაფერი აშკარად.

მოკლედ, ერთ-დღე ღამეზე ცოტა მეტ ხანში მოვასწარი ბათუმში ჩასვლა და მატარებელში ვიღაც ბავშვის კივილის მოსმენა, აქედან გამომდინარე უძილობა და დაღლილობა; მშობლების აფორიაქება, მატარებელზე დაგვიანება და “მარშუტკაზე” ძლივს მისწრება; უაზრო და ნერვების მომშლელი მგზავრობა, “სასიამოვნო” ნაცნობობა და ბოლოს დავაგვირგვინე ჩემების ნერვიულობით.

სამაგიეროდ – მატარებლიდან ჩამოსულმა დავინახე ზღვა, დილის ნიავის თანხლებით ვიბოდიალე და სახლის დანახვისას სიარულს ისევ ქვეცნობიერად და ჩემდაუნებურად მოვუჩქარე. კიბეებზე ავირბინე და კარებთან შევისვენე, მერე ზარი ისე დავრეკე, ვითომ მშვიდად და აუჩქარებლად მოვდიოდი; ბათუმში ის ყვავილები კიდევ დარჩენილა, შემოდგომის და ბათუმის სუნი რომ აქვს და კიდევ ერთხელ შევიგრძენი ეს სურნელი; და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ამჯერად იყო მეორეხარისხოვანი, რადგან ვიგრძენი, რომ იმას ვჭირდებოდი, ვის გამოც ჩავედი და შემეძლო იმ მომეტში მასთან ერთად ვყოფილიყავი.

ია ვსიო არგანიზუიუ!

“კოკისპირულად კი არა, ვედრისპირულად წვიმს!”, “ფეხსაცმელში წყალი შედის და გამოდის…” – ეს ფრაზები რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ჟურნალისტის სიუჟეტში გაჟღერდა, რესპოდენტების მიერ რა თქმა უნდა (სხვათაშორის, ამავე სიუჟტის დასასრულს, ჟურნალისტმა ქალაქის მერს პირველ შეკითხვაში მოსალოდნელი ამინდი ჰკითხა). შორს წავედი 🙂 არადა, მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ მატარებლიდან სადგურისკენ მიმავალს, სოწრედ ეს ფრაზები გამახსენდა. ბათუმში ბათუმურად, ანუ გრანდიოზულად წვიმდა!

გზაშივე მივხვდი, რომ ჩემი რაღაც ნაწილი აქ რჩებოდა. თუმცა, ჩანთების სიმძიმემ და ჩემების საუბარმა არ მომცა ფიქრის საშუალება. 22:50-ს უჩვენებდა საათი და მატარებელიც ნელა დაიძრა, მერე კი უკვე მონოტონურად გაგრძელდა “ტადამ-დადამ, ტადამ-დადამ…”

მარტო მგზავრობის დროს კუპეს არასდროს ვიღებ. ახლაც ე.წ. “პლაცკარტი” ვარჩიე. ჩემი “მეზობლები” პოლონელი ტურისტები აღმოჩნდნენ, რაც საინტერესო საუბრის გარანტი უნდა ყოფილიყო.

ბათუმში იყვნენ ერთი დღით, ახლა კი კახეთისკენ აპირებენ, თბილისის გავლით. სულ შვიდი ადამიანი იყო და ქართული ღვინის და ლუდის დაგემოვნებასაც მგზავრობისას გეგმავდნენ.

როგორც კი ალკოჰოლი ახსენეს, საიდანღაც გაჩნდა 20-22 წლის ბიჭი. საწოლებს შორის ვიწრო გასასვლელში ბარბაცით მოაბიჯებდა და ქართულ აქცენტიანი რუსულით გამოხატავდა პატივისცემას პოლონელების მიმართ. პირველი გაოცებული სახე მაშინ დავინახე, როცა ერთ-ერთი პოლონელი დაჯილდოვებულ იქნა მთვრალის გულითადი ხვევნა-კოცნით. მეორე იყო გენიალური ფრაზა – “მაია ჟინა ინგლიშ თიჩერ!”. კარგა ხანს ვერ გავარკვიეთ რა იყო ამ სიტყვების მიზანი. გენიოსმა ალბათ დაფიქრებულ სახეებზე შეგვატყო რაღაც და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა – “ატტუდა იდიომ პრიამა კამნე, ია ვსიო არგანიზუიუ!”. მერე განწირული თვალებით მიმოიხედა და იკითხა – “ხალხი არ ხართ? მითხარით ვინმემ ცოლი რაფერაა ინგლისურად”. მგონი ბოროტი ვარ 🙂 ამიტომაც, გენიოსს ისევ დამტვრეული რუსულით მოუხდა იმის ახსნა, რომ მისი ცოლი ინგლისურის მასწავლებელია და ყველაფერი ესმის. ამით სავარაუდოდ, ენობრივი ბარიერის პრობლემის მოხსნას ჰპირდებოდა სტუმრებს.

აშკარა იყო ისიც, რომ გენიოსის ცოდნა პოლონეთის შესახებ ვარშავათი შემოიფარგლებოდა. როგორც კი პოლონელები თავით ქვეყანას ახსენებდნენ, ეს ბედნიერი სახით ჩაეკითხებოდა – “ვი იზ ვარშავ და? ვარშვა…”, ისე მრავალმნიშვნელოვნად აგრძელებდა ამ ფრაზას, ვიფიქრე კიდეც რამე განსაკუთრებული ხომ არ აკავშირებდა ამ ქალაქთან.

ბოლოს საკმაოდ ტაქტიანად დასმულ შეკითხვაზე – “რატომ არ იძენებ?”, უფრო შთამბეჭდავი პასუხი მიიღეს – “პოეზდ შატაეტსია ი ნი მაგუ სპატ”.

დარწმუნებული ვარ, ფრაზის – “я все организую” ამ ხალხს საქართველო გაახსენდება. ვერც ღვინო, ვერც ლუდი, ვერც წვიმიანი ბათუმი და ვერც კახეთი ალბათ არ იქნება იმდენად შთამბეჭდავი, ვიდრე ყოველი წინადადების ბოლოს ნათქვამი – “ია ვსიო არგანიზუიუ!”

დაცვის პოლიციის პირველი გაფრთხილების შემდეგ გენიოსი ისეთ სერიოზულ გამომეტყველებას იღებდა მათი ყოველი გამოჩენისას, საკუთარი თვალით რომ არ მენახა ვერ დავიჯერებდი რამდენიმე წამის წინანდელ ამბებს. შემდეგ სახე კვლავ იცვლებოდა და იწყებოდა იმაზე ლაპარაკი, რომ “მაია ჟინა ვსიო ზნაიეტ”, რომ “უ მენია დომა ჩიტირი სარტა ვინა”, რომ “ია ზაკონჩილ რუსკუიუ შკოლუ, აბა?!”, რომ “დაჟე ფრანცუსკი ზნაიუ: ენ, დე, ტყვა…”

და როცა ერთ-ერთ მგზავრს შესთავაზა “პამენიაემსია მესტამი”-ო, ყურში “ტა-და-და-დააამ”-ის მსგავსი მელოდია ჩამესმა 🙂 მივხვდი, რომ გენიოსი რამდენიმე წამში კიდევ აქ თუ იქნებოდა, ცუდი რამე მოხდებოდა და ინიციატორიც მე ვიქნებოდი.

… მატარებელი ისევ თავის მელოდიას ღიღინებს მონოტონურად. წვიმის წვეთებიანი ფანჯრის მიღმა კი ხეები და შენობები საწინააღმდეგო მიმართულებით გარბიან. ძილი მომინდა. წარმოვიდგინე, რომ თეთრი ჭერი ვარსკვლავებით მოჭედილი ცაა. მუსიკა ჩავრთე, ხელები თავქვეშ ამოვიწყვე და დავაკვირდი “ცას”. ვარსკვლავებმა და ჯონ ლენონმა წამიყვანეს უსიზმრო ძილში…

თბილისს სხვანაირი, მხოლოდ მისთვის დამახასითებელი სუნი რომ აქვს იცოდი?

დროებით…

“…და აი, მეგობრებო, დადგა ეს ნანატრი დღეც!” – თუ როგორ იწყებენ ხოლმე გამოსამშვიდობებელ საღამოებს 😀

მოკლედ, დღეს ღამით გვირილა მოკალათდება თბილისი-ბათუმის მატარებელში და დილით, როცა გაიღვიძებს და თვალებს მოიფშვნეტს, ზღვას დაინახავს. მერე ჩანთებს სადმე დაყრის და პირველი, რასაც გააკეთებს, ზღვაში ჩახტება.

მერე გააღვიძებს მეგობრებს და მაგრად ჩაეხუტება, მათთან ერთად იბოდიალებს მთელი დღე ბათუმში და საღამოსკენ სოფელში წავა სავარაუდოდ.

სოფელში იქნება მთელი ოჯახი და კიდე კავკასიური ნაგაზის მაგვარი ბარსა, რომელიც შეხვედრისას მხრებზე თათებს შემოაწყობს და მერე კუდის ქიცინს დაიწყებს.

მერე… მერე იქნება ყველაზე გემრიელი ძილი მთელ მსოფლიოში, ასე მხოლოდ ამ სოფელში რომ შეიძლება დაიძინო და დილით უგემრიელესი საუზმე, სავარაუდოდ ხაჭაპური.

მთელი დღეები ბევრი წიგნი, მონატრებული ადამიანები და ნებივრობა, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით.

… და გვირილა დაისვენებს ძალიან მაგრად. ივლის სოფელში, ზღვაზეც რა თქმა უნდა და იქნებ ბეშუმშიც.

* * *
ხო, საათები დარჩა მატარებლის გასვლამდე 🙂 რომ ვთქვა თბილისი არ მომენატრება-მეთქი, ალბათ არ ვიქნები მართალი. ვნახოთ, ჯერ ორი თვე წინაა. წასვლამდე კი ღამის თბილისში ვისეირნე, მეტროში ჩასვლაც მოვასწარი და ესკალატორზე ქვევით დაშვებისას ზემოთკენ მივტრიალდი 😀 მაგარი სასაცილოა, გგონია სადღაც უფსკრულში ეშვები. რა თქმა უნდა ლიანდაგის გასწვრივ, მაქსიმალურად ახლოს (ჩემი სიმაღლის შიში რამდენადაც მაძლევს საშუალებას, იმდენად) გავიარ-გამოვიარე და ამ დროს მომავალი მატარებლისგან წარმოქმნილი სასიამოვნო ქარიც ვიგრძენი.

რაც შეეხება გეგმებს ამ ზაფხულისთვის, საკმაოდ მაქვს. პირველი კვირა მხოლოდ ნებივრობას დაეთმობა. მერე მინდა რამე სეზონური სამსახურიც ვიშოვო, თითქმის ოთხი თვეა არ მიმუშავია და არ მინდა მოვდუნდე და უსაქმურობას მივეჩვიო.

პარალელურად წავიკითხავ ბევრს, რა თქმა უნდა ვნახავ მეგობრებს და თუ დრო დამრჩა, იქნებ ბეშუმშიც ავიდე ერთი კვირით.

ისე მიხარია წასვლის ამბავი, ვერ ვაზროვნებ და ვერ ვხვდები კიდევ რა შეიძლება დავწერო.

ხო, ინტერნეტთან ინტენსიურდ ალბათ ვერ ვიქნები, ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, ხანდახან შემოვივლი.

და სანამ მე იქ ვიქნები, ბლოგს ძალიან ნუ მომიწყენთ, ცოდოა 😦

რამდენიმე ბლოგის ავტორს ვეპატიჟები სტუმრად. სტუმართა სია დიდია, მაგრამ არაა აუცილებელი დაწეროთ რამე, თუ არ გინდათ. ისე კი, ნებისმიერი თქვენგანის მასპინძლობა გამიხარდება.

მოკლედ, ამ ორი თვის განმავლობაში გვირილა სტუმრად იწვევს:

მოლი ბლუმი

ჭიამაია

ნინიკო

ჯესი

შიო

ფინიკი

აქსიომა

TamaRa – რომლის ბლოგი მერამდენე თვეა ინახება და ვერა და ვერ წავიკითხე საფუძვლიანად, არადა უბრალოდ თვალის გადასავლები ბლოგი არაა აშკარად.

მაცო

სანდრო

თეა

ქეთუსი

ვანი

heart1ess

სია აშკარად დიდია, მარა არა აუცილებელი. თუ რომელიმეს მოგინდებათ დაწეროთ რამე გვირილას ბლოგზე, მე მზად ვარ მასპინძლობისთვის. გარდა ამისა, თუ სხვა ვინმესაც გაუჩნდება სურვილი, აქვე დააკომენტაროს და მალევე გახდება გესტ-ავტორი გვირილასთან.
ხო, წავედი ახლა მე და ისა… მომენატრებით ^_^ ოღონდ მართლა…

%d bloggers like this: