Blog Archives

22:25 !!!

სადგურში მისულს მატარებელი წასული დაგხვედრია? უცებ ჰოლივუდის ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი გამხდარხარ საკუთარ წარმოსახვაში? მატარებელზე მანქანით გამოკიდება გიცდია?

… 10 წუთით ადრე მივედი მატარებელთან მეთქი უნდა გამხარებოდა “კაკ რაზ”, როცა მანქანამ მოუხვია და ცარიელი სადგური დავინახე. ბილეთს მაშინღა დავხედე და 22:45 კი არა, 22:25 ეწერა. საქმე იმაშია, რომ ამ 22:45-ს იმდენად მივეჩვიე, ერთხელ რომ შევამოწმე დილით და 22 დავლანდე, აღარ გავაგრძელე კითხვა. ამიტომაც მომიწია მგზავრობა ძლივს ნაპოვნი “მარშუტკით”, სიცივეში და დიდი ბოდიში მაგათთან, მარა მოდებილო კომპანიაში.

ჯერ იყო და მძღოლმა გასვლა ვერ გადაწყვიტა, მერე ყველა ფანჯარა თამამად ჩამოსწია და მიაქროლებდა ამ თავის “მარშუტკას”, კი იყო “მერსედესის” ფირმის და ეამაყებოდა ალბათ. სანამ ეს ბოლო ხმაზე უსმენდა ნინო ჩხეიძეს და მსგავს ღირსშესანიშნაობებს, ყველა ათ წუთში ერთხელ ეწეოდა და გვერდით მჯდომ მისივე ასაკის ბიჭს მამამისის ბიზნესზე ელაპარაკებოდა, ამ ყველაფრის პარალელურად კი ვიღაცას “ეგონკავებოდა”, უკან მგზავრები იყიდებოდნენ ამ სიტყვის პირდპირი მნიშვნელობით.

როცა სიცივემ უკვე მეოთხედ თუ მეხუთედ გამაღვიძა ძლივს ჩაძინებული და სიმწრის ცრემლების სიახლოვე ვიგრძენი, გამახსენდა, რომ იმდენად მაგარი ვარ, თუ მოვინდომე მძღოლს მანქანიდან ჩამოვაბრძანებ.

ასეც მოხდა. ეწევინებოდა და აჩერებდა მანქანას.

იქ, სადაც თბილისისკენ მომავალი თითქმის ყველა “მარშუტკა” აჩერებს და ძირითადად მძღოლი საუზმობს, სადილობს ან ვახშმობს, ამჯერადაც გავჩერდით. აღმოჩნდა, რომ ე.წ. “დისპეჩერი” და მამაჩემი ნაცნობები ყოფილან და ამ “დისპეჩერს” დაუბარებია მძღოლისთვის ყურადღება მიაქციეო. მაგრად კი გაოცდა საბრალო, როცა მიხვდა, რომ მისი ყურადღების ობიექტი მე უნდა ვყოფილიყავი. არც მე მქონია დიდად სურვილი ამ სტატუსის ტარების, მაგრამ ღამის სამ საათზე ყავა მაინც დამალევინეს, ყურადღების ნიშნად. უარის თქმა უშედეგო აღმოჩნდა და ქაბაბის ჭამას კიდევ ყავა ვარჩიე. თან ფრიად სასიამოვნო საუბარი მელოდა წინ:

–      გათბობა რომ ჩავთო მეძინება, გეიგე? ორი ღამის უძინარი ვარ და აქ რომ დემეძინოს…

მერე ჩემი საქმიანობით დაინტერესდა და რომ გაიგო, ჩაიბურტყუნა:

–      კი გამოვა შენიდან ჟურნალისტი ისე…

აქვე გამიმხილა ერთი საიდუმლო – წინ უფრო თბილად იქნები და გადმოდიო. იმ უცნაური დაწესებულებიდან რომ გავედით, მართლაც გადავბარგდი წინ, სადაც ერთ სკამზე 20-25 წლის ბიჭი დასკუპებულიყო უკვე. მეც მეორე სკამი დავიკავე და სანამ ძილისთვის ვემზადებოდი, ის თუთიყუშივით იმეორებდა მძღოლთან “საუბრის” დროს გამოყენებულ ჩემს სიტყვებს და თბილად მიღიმოდა.

მანქანა დაიძრა და მეც შეძლებისდაგვარად კომფორტულად მოვკლათდი, სადაცაა ძილს ვეგებები ხელგაშლილი, რომ ჩემი აწ უკვე თანამგზავრის ხმა ჩამესმის – “მართალია ხომ?” და “მარშუტკის” მაგნიტოფონისკენ მითითებს თავით, საიდანაც ნინო ჩხეიძე სიყვარულისთვის დამახასიათებელ ვაი-უბედურებებს უჩივის.

დილით ექვსის ნახევარზე უკვე თბილისში ვიყავი და კიდე კაი, რომ ჩემს გვერდით მჯდომ ნინო ჩხეიძის სიტყვებით მოხიბლულ ყმაწვილს “ღირსეული” პასუხი არ გავეცი, რადგან ჩანთა საშინლად მძიმე აღმოჩნდა და მაგ დროს ვერავის გავაღვიძებდი. იმანაც შეიფერა და დიდის ამბით გამოთქვა დახმარების სურვილი, ჩანთა მომათრევინა და დამშვიდობებისას სხვათაშორის იკითხა – “ტელეფონის ნომერი არა ხო?”. მე შევაქე მისი მიხვედრილობა და დავემშვიდობე.

სახლში მისულმა სასწრაფოდ დავიძინე, რადგან რამდენიმე საათში ლექცია მქონდა. ტელეფონის გაუცნობიერებლად გავთიშე და დილით მგონი ყველა ნათესავისგან შემოსული ზარი დამხვდა. არ ვიცი რა იფიქრეს, მაგრამ კაი არაფერი აშკარად.

მოკლედ, ერთ-დღე ღამეზე ცოტა მეტ ხანში მოვასწარი ბათუმში ჩასვლა და მატარებელში ვიღაც ბავშვის კივილის მოსმენა, აქედან გამომდინარე უძილობა და დაღლილობა; მშობლების აფორიაქება, მატარებელზე დაგვიანება და “მარშუტკაზე” ძლივს მისწრება; უაზრო და ნერვების მომშლელი მგზავრობა, “სასიამოვნო” ნაცნობობა და ბოლოს დავაგვირგვინე ჩემების ნერვიულობით.

სამაგიეროდ – მატარებლიდან ჩამოსულმა დავინახე ზღვა, დილის ნიავის თანხლებით ვიბოდიალე და სახლის დანახვისას სიარულს ისევ ქვეცნობიერად და ჩემდაუნებურად მოვუჩქარე. კიბეებზე ავირბინე და კარებთან შევისვენე, მერე ზარი ისე დავრეკე, ვითომ მშვიდად და აუჩქარებლად მოვდიოდი; ბათუმში ის ყვავილები კიდევ დარჩენილა, შემოდგომის და ბათუმის სუნი რომ აქვს და კიდევ ერთხელ შევიგრძენი ეს სურნელი; და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ამჯერად იყო მეორეხარისხოვანი, რადგან ვიგრძენი, რომ იმას ვჭირდებოდი, ვის გამოც ჩავედი და შემეძლო იმ მომეტში მასთან ერთად ვყოფილიყავი.

ე.წ. “ზრდილობა”

როცა ზოგადი უნარები ჯერ კიდევ უცხო ხილი იყო და “რაცხა უბედურებას” ნიშნავდა, მაშინ მთელი საქართველო ლაპარაკობდა იმ ერთ კითხვაზე ტესტში, ავტობუსში ადგილის დათმობას რომ ეხებოდა.

“დევიღუპეთ”

“ესენი ააშენებენ ქვეყანას?!”

“რას ასწავლიან ბავშვებს?”

მსგავსი ფრაზები ისმოდა ყველგან – სახლში თუ ქუჩაში, მაღაზიაში თუ ბანკში, მეტროში თუ ავტობუსში. ლამის “ზოგადი უნარების თაობა” დაგვერქვა. ალბათ ტრანსპორტში მოხუცისთვის ადგილის არ დათმობა ამ ტესტთან ასოცირდებოდა ავტომატურად, ითვლებოდა, რომ მთავრობამ “გააფუჭა” ბავშვები და ათასი უბედურება ასწავლა.

ზოგადად, ცხადია, რომ ამ ტესტის პასუხი მართალი იყო და მგზავრობის საფასურსაც ვიღაცაზე ზრუნვისთვის არ იხდი.

მაგრამ!

… დილაა. მეგობარი მელოდება. ვაგვიანებ და საშინლად ვნერვიულობ. “მარშუტკა” გადაჭედილია სამსახურში, უნივერსიტეტში თუ სკოლაში მიმავალი ადამიანებით. ყველას სადღაც ეჩქარება, ზოგი მაჯის საათს უყურებს ყოველ წამს, ზოგი ტელეფონს, ზოგიც უბრალოდ ფშვინავს. ერთი ბიჭი წამოდგა და ადგილი დამითმო. დიდი არაფერი ვთქვათ, მერე რა? მაგრამ იმ მომენტში ნერვიულობა გადაფარა ამ ფაქტმა და მუსიკის ფონზე, მშვიდად მივედი დანიშნულების ადგილას.

საღამოა. დაღლილი მოვდივარ ლექციებიდან. მკვდარივით ვაგდივარ სკამზე და “მარშუტკის” ფანჯრიდან ვიყურები, თუმცა ვერაფერს აღვიქვამ. ჩანთებით დატვირთული ქალი ამოდის, 60-მდე წლის იქნება. სახეზე აწერია რომ მთელი დღე მუშაობდა და ახლა ვალმოხდილი მიდის სახლისკენ. თვალებს სიცოცხლის ნიშანი არ ეტყობათ, არანაირი სხივი არ კრთის. პარკები ძირს დააწყო, საფულიანი ხელი სკამის საზურგეს ჩასჭიდა, მეორე, ცხვირსახოციანი ხელი შუბლზე გადაისვა და უემოციოდ მიაშტერდა არაფერს. საშინლად მომინდა როგორმე, ოდნავ მაინც გამეხარებინა ეს ქალი, წამოვდექი და ღიმილით ვანიშნე რომ დამჯდარიყო უკვე თავისუფალ სკამზე. მხოლოდ თავი დამიქნია მადლობის ნიშნად და მის თვალებში ის სხივი დავინახე, რომელიც აქამდე არ ჩანდა. რაღაცნაირად გამიხარდა, თითქოს ძალებიც მომემატა.

პიკის საათია. ის დროა, როცა ყველა სადღაც გარბის და ტრანსპორტი ხალხით, ხოლო ქუჩები ამ ტრანსპორტითაა გადაჭედილი. საშინელ განწყობაზე ვარ. ისეთზე, რომ ვგრძნობ წარბშეკრული დავდივარ, მაგრამ არ შემიძლია გამოსწორებ. ვიწრო ქუჩაზეც საშინელი საცობია, შუქნიშანი არაა და გადაკვეთაც ჭირს. რამდენიმე წუთია ვდგავარ და უიმედოდ ველოდები გადასვლის შესაძლებლობას. ერთი მანქანა ჩერდება და მითმობს გზას, ამ დროს საპირისპირო მიმართულებით მიმავალმა მეორე მანქანამ გამოსასვლელი იპოვა და ძლივს გამოძვრა. მძღოლმა შუა ქუჩაში რომ დამინახა, რაღაცნაირად, გემრიელად გაიღიმა და გზა დამითმო. იმ ბიჭის ღიმილზე მეც გამეცინა და მთელი დღე რატომღაც დადებითად დაიმუხტა.

არც მე ვიღებ დიდ მსხვერპლს, როცა ვიღაცას ტრანსპორტში ადგილს ვუთმობ, არც ისინი, ვინც მე მითმობენ ადგილს და არც ის ბიჭი დაზარალდებოდა, თავისდაუნებურად მთელი დღის სასიამოვნო განწყობა რომ მომიტანა.
ხოდა, მერე რა, რომ წესით ეს ადგილი მე მეკუთვნოდა? ამაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ შევძელი ადამიანისთვის მესიამოვნებინა. მაგარი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ თუნდაც ძალიან პატარა, მაგრამ მაინც გააკეთე რაღაც კარგი და ვიღაც დადებითად დამუხტე.

…და რა დაშავდება, ათი წუთით ფეხზე რომ იდგე “მარშუტკაში”, კარებში ჯერ ქალი გაატარო და მერე გახვიდე, ვიღაცას რიგი დაუთმო როცა არ გეჩქარება და ა.შ.?

ცხელა!!!

ცხელა! სახლშიც ცხელა, გზაშიც ცხელა, “მარშუტკაში” ხომ ცხელა და ცხელა.

სუნთქვა ჭირს, ჰაერი ცოტაა, ასფალტიც გახურებულია და თითქოს სხვა სამყაროში ხარ, გონება გებინდება.

“მარშუტკაში”, როგორც ყოველთვის, ბევრი ხალხია. ფანჯარასთან სკამები რა თქმა უნდა დაკავებულია და ცდილობ მძღოლის ფანჯრიდან დაიჭირო “სუფთა” ჰაერის ნაკადი. გვერდით კი დალუქული ფანჯარაა, რომლის მიღმა მომდინარე მოვლენები რომელიღაც ფილმს ჰგავს. გრძნობ, რომ გარეთაც საშინლად ცხელა, ქუჩაში მოძრავი ყველა ტრანსპორტი გახურებულია და რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. ხალხი შეწუხებული სახით დადის ქუჩაში, ერთ პატარა, წითელ მანქანაში კი ვიღაც გოგო მანქანის მართვას სწავლობს. გვერდით მჯდომი უხსნის რაღაცეებს, გოგოს სახე უპრიალებს ოფლისგან, ცდილობს მზის სხივებს თვალი მაინც გაუსწოროს და საჭეს მაგრად ეჭიდება.

“მარშუტკაში” ხალხის რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება და ეჭვობ, ტრანსპორტი სითბოში ხომ არ ფართოვდება, ამდენ ხალხს რომ იტევს ერთდროულად.

ახალგაზრდა ქალს შეწუხებული სახე ოფლით აქვს დაცვარული და ცდილობს ცალი ხელით მოიწმინდოს. ღიპიან კაცს სკამი შეხვდა და “კლეჩატი” ცხვირსახოცი აუფარებია ცხვირ-პირზე. თან ცალი ხელი ღია ფანჯარაში გაუყვია.

უცებ ყველაფერი ჩერდება, უბრალოდ შეშდება და…

… ფეხით სინჯავ მდინარის წყლის სავარაუდო ტემპერატურას, სასიამოვნო ჟრუანტელი გივლის ტანში და ორ მეტრში მდებარე დიდ ქვაზე ადიხარ. უცებ გიტევს სიმაღლის შიში და მის დასაფარად თვალებს ხუჭავ. მაქსიმალურად იმართები წელში, ფეხებს ერთმანეთზე მიატყუპებ და ეშვები ქვევით. წამის მეათედებში გრძნობ ყინულივით ცივი წყლის შეხებას ჯერ ფეხის წვერებზე და მერე, თანდათან მთელ სხეულზე. მთლიანად წყალში ხარ, ახელ თვალებს და ქვებს ხედავ, კამკამა წყალში მათი თითოეული ნაკაწრი რომ ჩანს. იმ რამდენიმე წამს ბედნიერი ხარ, უბედნიერესი. გრძნობ თითოეულ წვეთს, რომელიც გეხება და სიმხურვალეც თანდათან ქრება.

ამოდიხარ ფსკერიდან და სახეზე თბილ ნიავს გრძნობ. რამდენჯერმე გაცურავ და მერე ნაპირს უახლოვდები. ფეხი გისრიალებს სველ ქვაზე, მაგრამ მაინც ინარჩუნებ წონასწორობას და სველი სამოსიდან ჩამოვარდნილი წვეთების წკაპაწკუპი გესმის, თან თითოეულ მათგანს გრძნობ… გრძნობ, როგორ დაცურავენ სხეულზე.

სველი თმა მხარზე გეხება და წამში სიცივესაც გრძნობ, ოღონდ საშინლად გსიამოვნებს. მერე თბილ და მშრალ ქვაზე წვები, მდინარეს კამკამა უყურებ და გრძნობ, როგორ ორთქლდება თითოეული წვეთი სხეულიდან.

… გაშეშებული კადრი კვლავ იწყებს მოძრაობას და ღიპიანი კაცი “მარშუტკას” აჩრებს. ფანჯარასთან გადადიხარ, ბოლომდე გასწევ მინას და არც ისე სუფთა, მაგრამ ცივ ჰაერს გრძნობ სახეზე. მანქანის მოძრაობის სიჩქარე მატულობს და ჰაერში საკუთარ თმას ხედავ მზის სხივების ფონზე.

#1??

მის მოსვლას მოუთმენლად ელოდები. ამ მოლოდინისას ისე შფოთავ, თითქოს პირველი პაემანი იყოს და შენ კიარა, ის აგვიანებდეს.

ის თითქმის არასდროს გტოვებს მარტო, სახლიდან უნივერსიტეტამდე და უნივერსიტეტიდან სახლამდეც გაცილებს. ხანდახან შენ ღალატობ ჩუმად, როცა ამ სამსახურს არ უფასებ და უნივერსიტეტიდან სახლამდე მანძილს მის გარეშე, სეირნობით ამარცხებ.

დგება ნანატრი წამი და აი, ისიც გამოჩნდა. ის ყველასგან გამორჩეულია და შორიდანვე იცნობ. ამაში მისი “ტრაფარეტის” განსხვავებული ფერიც გიწყობს ხელს.

ნორმალური “მარშუტკებისგან” განსხვავებით და თბილისური “მაშუტკების” მსგავსად, “სამოთხეში” შესასვლელად მასაც ერთი კარი აქვს.

როგორც წესი, ამ “სამოთხეში” მეტისმეტად ბევრი ხალხია. თუმცა, გაგვიანდება და სხვა გზა არაა, ამ ნანატრ წამს ხელიდან ვერ გაუშვებ.

ამ ერთადერთი კარის საშუალებით უერთდები “სამოთხეს”, სადაც უამრავი განსხვავებული ადამიანი მოხვედრილა და სულაც არ ხარ დარწმუნებული, რომ მათ ეს დაიმსახურეს.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სკამზე მხოლოდ ერთი ბიჭი ზის და იმასაც პროცესორი ჩაუხუტებია. “ჩორტ ს ნიმ!..” – ფიქრობ გულში და ეგუები მდგომარეობას. მყარად დგები სკამებს შორის ვიწრო გასასვლელში და ერთი მეგობრის რჩევის გათვალისწინებით, წარმოიდგენ, რომ სეინობ. სწორედ ამ რჩევის წაკითხვისას გეცინება და მწველი მზერითაც გაჯილდოებენ. ამას ემატება “ნაუშნიკები” და დიდი ჩანთა, საიდანაც ცალი ხელით ცდილობ ამოიღო საფულე იმ დაწყევლილი 50 თეთრის გამო. წარმოიდგენ როგორი სანახავი იქნები ამ დროს და უფრო გეცინება. “ვსიო”, ლამისაა გესმის “ნწუ, ნწუ, ნწუ, საცოდავი ბავშვი”. გიჟი თუ არა, არც მთლად ჭკვიანი ჰგონიხარ ყველას.

და აი, დადგა ნანატრი წამი!.. მგზავრი ჩავიდა, სკამი თავისუფალია!.. (“ასლანი წავიდა, აჭარა თავისუფალია”-ს სხვაგვარი ინტერპრეტაცია :-D). ეს სკამი საერთოდ სხვა ფენომენია. როგორც წესი, ორი განყოფილება აქვს და მგზავრები ერთმანეთისგან ზურგით სხედან. ძალიანაც რომ მოინდომო და ფეხები თავზე შემოიწყო, არც ერთი მგზავრი არ ჩაგივლის ისე, გემრიელად რომ არ ჩაგეხუტოს.

მძღოლი რა თქმა უნდა იგინება, რა თქმა უნდა ხელისუფლებას აგინებს და რა თქმა უნდა კონკრეტულად პრეზიდენტს. ღვედი მზარზე მსუბუქად გადაუგდია და დროდადრო ისწორებს, დამაგრება რა აუცილებელია, მთავარია პატრული დარწმუნდეს, რომ ყველაფერი რიგზეა. ღვედის მსგავდსად, ხანდახან ულვაშებსაც გადაუსვამს ხელს. საერთოდაც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მძღოლი, გარდა იმისა რომ მართავს “მარშუტკას”, სხვა სასარგებლო საქმეებსაც აკეთებს: იგინება, “ტრაფარეტს” ატრიალებს და შიგადაშიგ იმ ბოთლსაც ასწორებს, რომლითაც დამაგრებულია ეს “ტრაფარეტი”, უსმენს ნინო ჩხეიძეს და შიგადაშიგ “ბუტირკას” (ან პირიქით. ეს დამოკიდებულია მძღოლზე, მის განწყობაზე და შენს “იღბალზე”), ულვაშები და ღვედი ხომ თავისთავად. გარდა ამისა, რომელიმე მგზავრით უკმაყოფილოა აუცილებლად და ამ უკმაყოფილების ხარისხიდან გამომდინარე, სიჩქარეს უმატებს ან უკლებს. და რაც მთავარია, მძღოლი რის მძღოლია, ნეკა თითს მშვენიერი ფრჩხილი რომ არ უმშვენებდეს.

მძღოლზე დაკვირვების ბედნიერებას ის უეცრად ჩასული მგზავრი გისპობს, ფანჯარასთან გამოყოფილ ერთ სკამზე რომ იჯდა. საოცნებო ადგილი თავისუფალია და მზად ხარ მისთვის დათმო მძღოლის შესწავლა. პატარა ღია ფანჯრიდან შემოსული არც ისე სუსტი ნიავი გარწმუნებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე და გზა სასიამოვნოდ გრძელდება უფრო სასიამოვნო მელოდიის ფონზე. ამ დროს ქუჩაში მიმავალი ხალხი სხვანაირია, შორეული, თითქოს ფილმს უყურებ. სწორედ აქედან გამომდინარე, სულ არ გიკვირს, ერთ-ერთი სალონის წინ ორმოციოდე წლის ქერა ქალს ახალ ვარცხნილობაზე ერთჯერადი ცელოფნის პარკი რომ დაუფარებია ნაზად, უცებ წამოსული წვიმისგან დასაცავად და თან ხელით ამაგრებს, ასევე უცებ მოსულმა ქარმა რომ არ წაიღოს.

მერე ქუჩებს ერთგვარი კლდეები ცვლის და სასიამოვნო მელოდიაც მათ ფონზე უფრო სასიამოვნოდ ისმინება. “მარშუტკაც” ცოტათი გამსუბუქდა და თვალის გასახარად ცარიელი სკამებიც კი შეინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეისთვის თბილი ჩახუტებები დამთავრებულია.

თუ “მარშუტკაში” ბიჭი ამოვა და თან ზურგჩანთიანი, ის აუცილებლად მძღოლის გვერდით რომ “სკამია”, იქ დაჯდება, მგზავრობის საფასურს მაშინვე გადაიხდის და შეიძლება მძღოლს საუბარიც გაუბას. (ეს ფენომენი ჯერ კიდევ ამოუხსნელია, ვცდილობ გავერკვე მიზეზებში, მაგრამ ამაოდ).

ფრაზა “სანამ გადახვალთ შუქნიშანთან გამიჩერეთ” არამარტო მძღოლს, შენც გაბნევს და კინაღამ გავიწყდება, რომ ეს სწორედ ის შუქნიშანია, რომელიც ამ “სამოთხიდან” გასასვლელის ფუნქციას ასრულებს.

არაყალბი ბედნიერი მზერით უწოდებ მძღოლს მგზავრობის საფასურს და გეღიმება კიდეც სუფთა ჰაერის და სიოს შეგრძნების სიამოვნებისგან.

>რა სი-სუ-ლე-ლე-ა! :-)

>
მოკლედ, გადავწყვიტე უცნაურ სიტუაციებზე დამეწერა, რომლებიც ამ ერთ კვირაში მრავლად გადამხდა და რომლებსაც ხშირად ისტერიულ სიცილამდეც მივყავარ.

პირველი შემთხვევა, რომელიც დღეს გადამხდა და რომელმაც პრინციპში გადამაწყვეტინა პოსტის დაწერა, მეტისმეტად უცნაურია. ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, იმის ნაცვლად, რომ გავიხედო და დავრწმუნდე შუაღამე მართლა იწვის და დნება თუ არა, სწორედ ამ შემთხვევის გამო დებილივით ვიცინი, ისტერიულად ალბათ.

მოკლედ, დაღლილი მოვდივარ სახლში, სულ ცოტა დამრჩა, ქუჩას გადავალ და მორჩა. კუთხეში პატარა მარკეტია. გარეთ რაღაცეები ალაგია, ერთ-ერთ პარკთან კატა ჩაცუცქულა და რაღაცას მიირთმევს იქედან, ისე, რომ მაღაზიის პატრონებს აინუნშიაც არ აგდებს (რამდენი ხანია არ გამომიყენებია ეს სიტყვა, ობი მოედო ფაქტიურად :-D). ნუ, მე დიადი ილია გამახსენდა და “აბა დღეს მე ვის რა ვარგე” – თქო და შევდივარ მაღაზიაში, ვეუბნები რომ კატა რაღაცას ჭამს. სადღაციდან გამოძვრა “კაცი” და სრული სერიოზულობით მეუბნება – “კატაააა? მართლაააა? ვაიმეეე, რას ჭააამს, აგურს ხო არააა?”. არ მინდა ვიფიქრო, რომ იმდენად დებილია, რეალურად თქვა ასე, ამიტომ მგონია მეხუმრა ცუდად, ან მისი ჭკუით დამცინა. ვუბღვერ და გავდივარ. ვაკვირდები პარკს და ვხედავ, კატის საჭმელითაა სავსე. დიდი პარკი, სურსათის რა. კატა მიადგა და ჭამს, ძროხა ხომ არაა? მეც კაი დებილი ვარ, ჯერ შეხედე რა. ასე რომ ყოფილიყო, “პროსტა” გამიკვირდებოდა, აგურის ჭამის შესახებ კომენტარს ვერ მოვისმენდი 🙂 გზაში ისტერიკული სიცილი მივარდება, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მომინელებია.

დღე იგივე, რამდენიმე საათით ადრე. აღმოჩნდა, რომ ლექტორი ვერ მოდის დღეს და თავისუფალი ორი საათი გადავწყვიტე კითხვას დავუთმო. ჩავდივარ ვაკის პაკში, სადღაც მიკარგულში ვპოულობ ცარიელ ადგილს, ერთი სკამი დგას და ისიც დაზიანებული. ალბათ სწორედ ამიტომ ვიღაცას კუნძი დაუდგამს გვერდით. მადლობა გადავუხადე გულში იმ ვიღაცას და მოხერხებულად მოვკალათდი კუნძზე, დავიწყე კითხვა, გადავედი სხვა სამყაროში და რას ხედავ, ორი უცნაურობა არ მომიცუცქდა?! გოგო ჩემხელაა, კაცი ალბათ მამაჩემზე ოდნავ უმცროსი. აქ დავისვენოთო და სკამის საზურგეზე ჩამოჯდნენ. ნუ, მეთქი კაი, ალბათ მყუდრო ადგილი სხვაგან ვერსად ნახეს. დაიწყეს ყატყატი, “უჟას”!.. თავიდან ბოლომდე გავიცანი მათი “სასტავი”, ტელეფონის ნომრებიც გავიგე და “დაჟე” ისიც, რომ ამ გოგოს პარლამენტის წევრის კორპორატიული ნომერი აქვს ერთ ტელეფონში, რომელსაც ეკრანი გაფუჭებული აქვს და ახლა მისი დის ტელეფონით სარგებლობს, მარა ის ნომერი მაინც ჩართული აქვს.

ამბავი მესამე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა – საღამოა, სადაცაა 9 შესრულდება. ჯერ სამსახური, მერე ლექციები და მოვდივარ სახლში დაღლილი. “მარშუტკაში” ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში არავინაა აშკარად, ისეა ყველა გასუსული, მგზავრობაც დასვენებად ეჩვენებათ რთული დღის შემდეგ და ჩაფიქრებულან რაღაცაზე. მანქანაში ამოდის ვიღაცა კაცი, გათხრეშილი მთვრალი, მძღოლს ეუბნება არ ვიცი სად ვარ და წამიყვან?-ო. ეს არც ეუბნება სადაა, არც იმას რომ ვერ წაიყვანს, კრა უცებ ხელი და ჩააგდო, მთვრალი და ლოთი დამაკლდაო თუ რაღაც ამდაგვარი ჩაიბურდღუნა. არ ჩერდება თან, ლანძღავს ამ კაცს მთელი გზა. ერთი, რომ ლოთი კაცი დიდი ვერაფერი სანახავია და მეც არ მომწონს, მაგრამ მეორეა ადამიანური მხარე, ჰუმანურობა და რაღაც ამდაგვარი. ვერ ვხვდები რომელი ემოცია ჭარბობს. ჩემ გვერდით რომ გოგო ზის, ისიც აშკარად ჩემს დღეშია და რაღაცნაირად მიღიმის.

იგივე “მარშუტკა”, იგივე დღე. ჩემი ასაკის გოგო ამოხტა და ჩემს უკან სკამზე დახტა. რაც შეიძლება ხმამაღლა კივის – “გასიებული შავი მძღოლი!..” მდააა… რა გინდა რომ იფიქრო. ცოტა ხანში ირკვევა, რომ ტელეფონზე ელაპარაკება დაქალს და სულ სხვა მძღოლზეა საუბარი. თან ეჩხუბება, მგზავრობის ფული რატომ გადამიხადეო.

დღე იგივე. ზოომაღაზიასთან სამი გოგო შემეფეთა, “Sex In The city” – ის უნიჭო პაროდია, მოკაკუნობენ და ჟღურტულებენ. ერთს თითქოს სპორტული და რაღაცნაირად კლასიკურიც კი ჩანთა აქვს გაშვერილ ხელზე ჩამოპორწიალებული. ჩანთა მცირე ზომისაა და თეთრი, პრიალა. შავად აწერია I love ny. Love რა თქმა უნდა გულით და წითლად. კითხულობს ხმამაღლა და დამარცვლით – “ზო-ო-მა-ღა-ზი-ა…”. მეორე პასუხობს – “ეგ გოგო ცხოველების მაღაზიაა”.

პრობლემა ერთია აქ – მე. მე ვერ ვიგებ მსგავს რაღაცეებს და ყველაზე კაი შემთხვევაში მიკვირს.
ისე ყველაფერი კარგადაა კაცო, რა სისულელეა (ამას დამარცვლით და “ს”-ების ხაზგასმით ვამბობ).

საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ To be continued…

%d bloggers like this: