Blog Archives

სახლი

უკვე მერამდენე დღეა დილით სახლის ხმები მაღვიძებს.

სახლის ხმები როგორია იცი? ფეხის ხმა რომ გესმის და იცი დედამ ჩაიარა, მამამ, დამ თუ ძმამ.

სამზარეულოდან ხმები რომ მოდის და დარწმუნებული ხარ გემრიელ საუზმეს გიმზადებენ.

კარების ხმით რომ ხვდები ვინ გამოვიდა ოთახიდან.

ონკანის ხმა რომ გესმის და ზუსტად იცი ვინაა სააბაზანოში.

ტელევიზორი რომ ხმაურობს და ხვდები რომელ არხზეა გადართული, რა გადაცემაა იქ და ვინ უყურებს საქმესთან შეთავსებით.

რომ გგონია თვალს გაახელ, მხარს იცვლი და მეორე საწოლს დაინახავ, რომლიც ტრადიციულად ცარიელი იქნება, იმიტომ რომ სალომემ უკვე გაიღვიძა.

ოთახში ვიღაც რომ შემოდის და დარწმუნებული ხარ უნდა გაგაღვიძონ და ფრთხილად გაგახსენონ,  რომ გაგვიანდება.

ხო, ესაა სახლის ხმები და უკვე მერამდენე დღეა, გავიღვიძებ თუ არა მესმის. მერე ვახელ თვალს, ვხვდები რომ ჭერი ჩემი სახლის არაა და არც ხმებია იქაური.

სოფელში თოვლი დადოო, მანქანები ვერ დადიანო… ახლა ალბათ “ფეჩთან” სხედან და ყველა თავის საქმეს აკეთებს – კითხულობს, წერს ან კროსვორდს ჩაჰკირკიტებს. ტელევიზორი ჩართულია, მაგრამ არავინ უყურებს. ალბათ ბარსა მოწყენილი ზის თავის სახლში…

__________________________________________

რაც ძალიან მენატრება, იმაზე ბევრს არ ვფიქრობ ხოლმე. სადღაც დალექილია ეს მონატრება და დროდადრო წამოტივტივდება. მანამდე კი მთელი დღეები თითქოს არც არსებობს. ასე უფრო მარტივია…

მაგრამ ხანდახან ძალიან მინდა იქ, ჩემს სახლში… მერე რა, რომ თითქოს არასდროს მომნატრებია სახლი და ყოველთვის შემძლო სხვაგან კომფორტულად ვყოფილიყავი. მერე რა, რომ ერთ კვირაზე მეტხანს ვეღარ გავძლებ ალბათ იქ და ისევ წამოსვლა მომინდება. უბრალოდ, მომენატრა…

და არ მინდა ხვალ დილითაც სახლის ხმა გავიგო…

Advertisements

არ ვიცი…

შემთხვევით ჩემთვის უცნობ ბლოგს გადავაწყდი. უცნობს, მაგრამ საინტერესოს. ვკითხულობდი უშუალო და ძალიან მარტივ პოსტებს, ადამიანურს და არა კუდაბზიკურს.

სხვისი მოსმენის შემდეგ შენც გინდება საუბარი.

მეც ასე ვარ ახლა. მინდა საუბარი… კარგა ხანია მინდა თან, მაგრამ არ თუ ვერ გამოდის. გავხსნი პოსტის ფანჯარას და ხან სხვა საქმე მიჩნდება, ხან არ მეწერინება, ხანაც უბრალოდ არ მინდა დავწერო.

არც ახლა ვიცი რა დავწერო, მაგრამ მჭირდება ეს.

არეული ვარ…

რეალური ადამიანები მჭირდება.

ხანდახან უბრალოდ მინდა ვიტირო, ხანდახან არ მინდა და თავისით მოდის ცრემლები.

სულ მგონია რომ მარტო ვარ, ბავშვობიდან…

ახლა არ ვიცი, იქნებ არც ვარ მარტო…

არ ვიცი, არაფერი არ ვიცი…

არ ვიცი რა მჭირს…

უბრალოდ… მჭირდები… მჭირდები და მაკლიხარ…

ალბათ ბევრს ვითხოვ ადამიანებისგან…

თოვს… ალბათ ლამაზადაც… თუმცა მხოლოდ სიცივე იგრძნობა.

გაზაფხული მინდა და სითბო…

იები რომ აყვავდება ხომ წამიყვან მათ სანახავად?

 

წავალ, დავიძინებ…

ხვალ ახალი დღე იქნება და მზიანი. მერე რა რომ თოვს? თოვლში მზე არ გინახავს? იცი რა ლამაზია მზე და თოვლი? თოვლი ბრწყინავს და მზეც ისეთი თბილია, როგორიც შენი ჩახუტება.

მე ვხედავ მზეს. შენც დაინახე რა…

თოვლი ^_^

თოვს. არა, კი არ თოვს, ჰაერში პატარა, თეთრი უცნაურობები ტრიალებს.

ცას მოძრავი და თეთრი ვარსკვლავები ფარავს.

ვარსკვლავები ჰაერში, ასფალტზე, ლამპიონის შუქის ირგვლივ და ჩემს თმაში.

ცივი ვარსკვლავები სახეზე და ხელში.

ფიფქის ფორმის ვარსკვლავები და ვარსკვლავის ფორმის ფიფქები.

როცა რაღაც ძალიან გინდა, მოხდება კიდეც. თუნდაც სულ არ იყოს შენზე დამოკიდებული.

სახე გამეყინა, მაგრამ მაინც ვუშვერ თოვლს და მაინც მსიამოვნებს თითოეული ფიფქის შეხება. ხელებიც სიცივისგან გაწითლდა უკვე, მაგრამ ცდუნებას – დეტალურად შევისწავლო ერთი ცალი ფიფქის ვიზუალი, ვერ ვუძლებ. ვაკვირდები ფიფქს და ვხვდები, რომ ის ისეთია, როგორიც ნახატზე.

და არც ისე ცივია, როგორც თავიდან გგონია. ან მე მეჩვენება ასე. სითბო მინდა და თოვლი…

თოვს. არა, კი არ თოვს, ჰაერში პატარა, თეთრი უცნაურობები ტრიალებს.

“თბილი”სამდე…

ზღვა და ცა თითქოს გაერთიანდა, გაერთფერდა. ზღვის ჰორიზონტის ხაზი სადღაც გამქრალა და მანქანის მინიდან გაშლილი სივრცე ჩანს, თითქოს უკიდეგანო, რომელსაც კოპლებივით ამჩნევია თოლიები. მოძრავი, თეთრი კოპლებივით.

ასფალტზე ხეების და შენობების ჩრდილები არც სიმაღლის მიხედვითაა ჩალაგებული და არც ფორმის. ისე, უბრალოდ.

მანქანაში რომელიღაც რადიოს რომელიღაც წამყვანის მონოტონური ხმა ისმის, მინის იქით კი ხეები საწინააღმდეგო მიმართულებით გარბიან. მგზავრობა და ეს ყველაფერი თვლემას იწვევს…

… რომ გამეღვიძა, სიზმარში მეგონა თავი. ფანჯრის მინის მიღმა დათოვლილი ნაძვები ჩანდა, ტყისკენ მიმავალი ბილიკი კი ჯერ კიდევ გაუკვალავი თოვლით იყო დაფარული.

“სიზმარი” მალევე ცხადად იქცა, რადგან ეს ყველაფერი გზის განაპირა მხარეს იყო და თვალების კარგად მოფშვნეტის გარეშეც კი ცხადი იყო, რომ მანქანა ასე კომფორტულად მხოლოდ გაწმენდილ ასფალტზე ივლიდა.

ხოდა, მე და ჩემი თანამგზავრები მინაზე ცხვირმიჭყლეტილები ვიყურებოდით ტყისკენ და ფიქრებით ვმოგზაურობდით საკმაოდ ახლო ტერიტორიაზე 🙂

სადღაც სურამთან თოვლი უფრო ახლოს იყო გზასთან და ჩვენც იმდენი ვიწუწუნეთ, მანქანა გააჩერეს და საგუნდაოდ ჩავედით. ის-ის იყო სუფთა და ხელ-ფეხ შეუხებელ თოვლში გადავედით და გუნდების გამზადება დავიწყეთ, რომ ფრაზა ავისმომასწავლებელი ფრაზა გავიგეთ – “ხომ გინდოდათ გუნდაობა?” და რამდენიმე წამში თოვლში ჩაფლულები აღმოვჩნდით 😀 გუნდაობაც დაწყებული არ იყო, ისე მორჩა, რადგან როგორც კი ფეხზე წამოვდექით, წივილ-კივილით შევცვივდით მანქანაში. საოცარია, მარა თოვლი ცივი იყო 😀

ვერც ერთი დელიკატესი ვერ შეედრება გაყინული ხელებით დაგლეჯილ თბილ ნაზუქებს 😀 ასე გემრიელად არასდროს მიჭამია, მით უმეტეს ნაზუქები.

შიმშილ და სიცივე დაძლეულებს სიმღერა და ცეკვაც მოგვინდა, იმ იგავ-არაკის არ იყოს. ხოდა, უბედური “ოპელის” (თურმე :D) სკამებზევე დავიწყეთ ცეკვა, მერე კი გაგვიმართლა (!) – მანქანაში ბენზინი გათავდა. ამ დროს ვართ სადღაც წეროვანის ტერიტორიაზე, მაგისტრალთან. ბენზინგასამართი სადგური ახლოს არ არსებობს. მძღოლი ბუზღუნით დაეშვა ბენზინის საძებნელად, ჩვენ კი უკვე მანქანასთან გავაგრძელეთ ცეკვა.

ზოგადად, გამოვტყდები და, მსგავსი რაღაცეებით ვერ ვერთობი 🙂 და არამარტო ვერ ვერთობი, სხვას დავცინებდი კიდეც. მაგრამ განწყობის ამბავია ალბათ და იმ მომენტში სულ არ მიქმნიდა დისკომფორტს ის ფაქტი, რომ შუა მაგიტრალზე ვცეკვავდით და გამვლელი მანქანის ფანჯრებიდან ისევე გვაკვირდებოდნენ, როგორც ჩვენ სურამის თოვლს ცოტა ხნის წინ 😀

სამაგიეროდ, ნახევარი საათის განმავლობაში ვისწავლეთ და დავხვეწეთ რამდენიმე ახალი ჰიტი (აქამდე მხოლოდ ერთ მათგანს ვიცნობდი თან :D) და ჯგუფი “კენზოს” მოძრაობები 😀 რუსულები და ჩქარები არ იყო რეპერტუარში სამწუხაროდ 😀

ბოლოს ბენზინიც მოიტანეს, მაგრამ ახალი გასართობი გაგვიჩნდა – მანქანა არ იქოქებოდა. რატომ გვიხაროდა ასე არ ვიცი, მარა კი ჩავცვივდით ბიჭებზე სწრაფად და მანქანას ვაწვებოდით 😀 არ ვიცი რამდენ ხანს ვათრიეთ, მაგრამ ბოლოს დაღლილი და ბედნიერი სახეებით ჩავეყარეთ მანქანაში, თითქოს საოცრება მოგვეხდინოს.

მერე გამოჩნდა თბილისის მონაცრისფრო ცა და გამიხარდა კიდეც. მერე რა, რომ ცასთან ახლოს ზღვა არ ჩანს. სამაგიეროდ, “თბილი”სშიც თბილა უკვე. ან მე მგონია ასე 😀 რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ თბილად ვარ ^_^

 

რაცხა :)

ადრე ვამბობდი, როცა სადმე მიდიხარ, რაღაცას ტოვებ, ან რაღაც მიგაქვს თქო. მაშინ ყველაფერი მიმქონდა, ახლა ცოტას დავტოვებ 🙂

ისე, ჩუმად და რაღაცნაირად გავიდა ერთი წელი, ძალიან დატვირთული და საინტერესოც. წლის შეჯამებას არ დავწერ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ბევრი სირთულის მიუხედავად, მაინც თბილი წელი გამოვიდა.

ხანდხან მციოდა, ნოემბრის თოვლში განსაკუთრებით. ზაფხულშიც მციოდა, გაზაფხულზე კინაღამ გავიყინე. ზამთარში გავთბი სამაგიეროდ. თოვლში და ყინვაში მე არ მციოდა.

ახლაც თბილად ვარ. არადა, ცა ისეთი ნაცრისფერია, ახალ წელს თოვლი უნდა მოვიდეს. უხდება ახალ წელს თოვლი და დიდი, თეთრი ფიფქებიც საშინლად ლამაზია.

თუმცა, მე ახლა ბათუმის თოვლზე უნდა ვფიქრობდე. რამდენიმე საათში გავა თბილისი-ბათუმის მატარებელი, რომლის ერთ-ერთი მგზავრი მე ვიქნები.

ხვალ დილით უკვე ბათუმში გავიღვიძებ და სახეს იქაურ ქარს შევაგებებ, “თბილ”-ისის ქარზე უფრო თბილს.

ჯერ ზღვას დავინახავ, მანქანიდან კი ბათუმს დავაკვირდები და სადღაც გულში რაღაც გალღვება. მერე კვლავ სირბილით ავირბენ სამ სართულს, კარებთან ისევ დავისვენებ და შემდეგ დავაკაკუნებ.

ვიბოდიალებ მშვიდი ბათუმის თითქმის ცარიელ ქუჩებში, აივნებიდან ვიგრძნობ ახალი წლის სურნელს და მერე იაკოს და სალოს ჩავეხუტები გემრიელად.

საღამოს სოფელში წავალ. პირველად ბარსა შემომეგებება, ალბათ ვერც მიცნობს თავიდან, ერთი წუთის მერე კი აქეთ-იქით სირბილს დაიწყებს და მილიონჯერ დამეჯახება. ძლივს მოვახერხებ გასხლტომას და სახლში შევაბიჯებ. მოვივლი ყველა ოთახს და დავათვალიერებ. ახალი არც არაფერი დამხვდება, მაგრამ მაგისთვის არც შემოვსულვარ.

სამზარეულოდან ერთმანეთში არეული უამრავი გემრიელი სურნელი გამოვა. დედაჩემი და ჩემი და კვლავ იკამათებენ რომელიღაც კერძის რომელიღაც ინგრედიენტის თაობაზე. მე “ფეჩთან” დავჯდები და ჩემს ძმას ამბებს გამოვკითხავ. მერე ავდგებით და ახალ წლამდე ორი საათით ადრე ერთად მოვრთავთ ნაძვის ხეს.

მერე დავეხმარები მაგიდის გაწყობაში და ახალ წელს დაველოდები.

12-ს რამდენიმე წუთი რომ დააკლდება, ჩემი ძმა გაამზადებს შუშხუნას, რომლის ზომა და ფასი ჩემი ძმის ზრდის პარალელურად იკლებს. რომელიღაც მეზობელი აუცილებლად გაუშვებს შუშხუნებს უფრო ადრე, ვიდრე საჭიროა. 12 საათზე უკვე მთელი სოფელი ცეცხლისფერი გახდება. ფანჯარას გამოვაღებ და ცივი ჰაერი შემოვა, რომელსაც ახალი წლის სუნი მოყვება. როგორც ყოველ ახალ წელს, წელსაც გამკრავს გულში რაღაც უცნაური გრძნობა, რომელსაც არ ვიცი რა ჰქვია და რომელიც ყოველი 31 დეკემბრის ღამეს განწყობას მიფუჭებს.

ფანჯარას დავხურავ და მაგიდას მივუჯდები. მამაჩემი ჭიქას აიღებს ხელში და სადღეგრძელოს არატრადიციულად იტყვის. მაშინ ვგრძნობ, რომ შეიძლება სადღეგრძელო იყოს გულწრფელი და არა დაზეპირებული. ღვინოს ოდნავ გაუსინჯავს გემოს, ყველას სათითაოდ მოგვილოცავს და სუფრას ჩემს ძმას მიანდობს. ისიც იტყვის პირველ სადღეგრძელოს, ოღონდ უფრო დახვეწილად, ვიდრე წინა წლებში. ჭიქას ბოლომდე დაცლის და აივნიდან გრუხუნის ხმასაც გავიგებთ. ყველამ ვიცით, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი, მეზებელი და თან ბიძაშვილი მოვიდა. ყოველ წელს პირველი სტუმარია. თუმცა შარშან შუშხუნის ხმამ ბარსა შეაშინა და პირველი ის შემოვარდა, თან კარის შემომტვრევით 😀

პირველს მეორე და ა.შ. სტუმარი მოყვება, მერე ყველანი უკვე ჩემს ძმასთან ერთად გაყვებიან შემდეგი მეზობლისკენ. დედაჩემი და მამაჩემი რამდენიმე საათი დაელოდებიან სტუმრებს და მერე საძინებლისკენ გაიპარებიან. მე და ჩემი და რამე სისულელეს ვუყურებთ რომელიმე არხე და ერთმანეთს დაგროვილ ამბებს მოვუყვებით.

დილით მორიგი შუშხუნის ხმა გამაღვიძებს. გავბრაზდები და ბუზღუნს დავიწყებ. ჩემი და მეტყვის, რომ სტუმრებს თვითონ მიხედავს, ოღონდ მეც უნდა გამოვიდე. მე მაინც ვეწუწუნები, რომ ძილი მინდა, თორემ სუფრის გაშლა კი არ მეზარება 😀 მერე შემრცხვება და გამოვძვრები თბილი საწოლიდან იმ იმედით, რომ ხვალ დილით დიდხანს და გემრიელად ვიძინებ.

სამი დღე სახლიდან არ გავალ, დავჯდები “ფეჩთან” და რამეს წავიკითხავ. დროდადრო ფანჯარაში გავიხედავ, სადაც იმედია თოვლის ფანტელებს შევნიშნავ. აუცილებლად გამახსენდება თბილისი და აქაური თოვლი. და არამარტო. მერე მომენატრება ეს ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე. ტელეფონიც დროულად ახმაურდება და მესიჯის ტექსტის წაკითხვამდე გამეღიმება. მერე ალბათ პირველად ამ წლის მანძილზე, მომინდება მალე დავბრუნდე “თბილ”-ისში.

 

სითბო

დიდი, თეთრი ფიფქები ლამპიონის ირგვლივ ტრიალებენ და შუქზე მაგიურ ეფექტს იძენენ, მერე ზანტად ეშვებიან ჩემს თმაზე.

იმდენად ლამაზია დათოვლილი პატარა ქუჩა, ჩემდაუნებურად მეღიმება.

ვიღაც ბიჭმა ჩამიარა, შემომხედა და გაეღიმა. მივხვდი, რომ გაბადრული მოვდივარ შუა ქუჩაში და კინაღამ ხმამაღლა გამეცინა.

უცებ ზურიკელა მახსენდება და –

“ღამე არის მთვარიანი,

თოვლიანი, ქარიანი…

ცრემლი მომდის სიხარულის,

მიყვარს ღამე სიარული,

მთელი ღამე უძილო ვარ,

სულ მთლად გადარეული ვარ!”

… და მეშინია. მეშინია საკუთარი თავის, მეშინია შეჩვევის, მეშინია “ავტონომიის” დაკარგვის… მერე ვხვდები, რომ სისულელეა ამაზე ფიქრი საერთოდ, მით უმეტეს, რომ ჯერ არ მჭირს ზურიკელას “სენი”.

უბრალოდ… უბრალოდ კარგად ვარ, მგონი…

… გაყინული ხელებიც მოვიდა აზრზე. თბილად ვარ და გულისცემა მესმის, ჩემი არა ოღონდ 🙂

>ჩამოვთბილისდი…

>
მივედით და პირდაპირ პლაჟზე დავეყარეთ… სამივე ვიყავით… დავლიეთ ცოტა… ცოტა, მაგრამ მე “მალალიტრაშკა” ვარ 🙂
ვეყარეთ ქვიშაზე, ვწრუპავდით (ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით) გემრიელ სასმელს და ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით… იმაზეც, რომ მალე თვითონაც ჩამოვლენ, მიწისქვეშა გადასასვლელში შევხვდებით ერთმანეთს და ვივლით ბომჟებივით, სამივე…

მერე ვისეირნეთ, მივედ-მოვედეთ მთელ ქალაქს…

მერე ცოტა ხანს მაკნატუნა ვაკნატუნეთ და დიდი წითელი ვაშლები ვჭამეთ…

მერე ჯონი დეპი, ჯუდ ლოუ და 10 წლის წინანდელი ბრედ პიტი შემოგვხვდნენ… ქართულად ლაპარაკობდნენ და ყავაზე გვეპატიჟებოდნენ, მაგრამ სად გვეცალა მაგენისთვის, მერე შეგვეხმიანებიან და ვნახავთ სადმე. ხო, ჯუდი ალბათ თბილისში გამომყვება… 😀 😀

მერე წვიმას იწყებდა და თან ჩამობინდდასავით, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი მალე მატარებლისკენ უნდა გაქანებულიყო…

დავემშვიდობე, ჩვეულებრივად… იმდენად მივეჩვიეთ ერთმანეთს, იმასაც, რომ ყოველ დღე უნდა ვნახოთ ერთმანეთი, უცებ ვერც გავაცნობიერე, რომ ხვალ ვერ ვნახავდი. ჩვეულებრივად დავემშვიდობე ორივეს. არადა მაგრად, ისე მაგრად უნდა ჩავხუტებოდი, ცოტა ხანს რომ გამყოლოდა სითბო…

მართალია, დედამიწას სიყვარული ატრიელებსო. კი დომენიკო, კი…

მერე იყო მატარებელი… გრძნობა, რომ მძიმე ჩანთებისგან ხელები არამარტო დამეწეწა, არამედ მოგლეჯილი ყრია სადღაც, მალე გავიდა…

ტადამ-დადამ, ტადამ-დადამ…
ხეები და ლამპიონები საწინააღმდეგო მიმართულებით გარბოდნენ…
ტადამ-დადამ, ტადამ-დადამ…

… და გემრიელად ჩამეძინა, მატარებელში თუ ვიყავი ვერც ვგრძნობდი ამჯერად…

გაღვიძებულს თოვლი დამხვდა, ლამაზი ძალიან…
ხომ ვამბობდი, ბათუმიდან ჩავიტან თოვლს-თქო 🙂
ლამაზია თოვლიანი თბილისი…

სასიამოვნო იყო დილის “სუფთა” ჰაერი, მატარებლიდან ჩამოსვლისთანავე რომ მეტაკა ცხვირში… და საერთოდაც, დილა თბილისში სხვანაირია…

ჩამოვთბილისდი…

>ბათუმი თოვლში… ♥

>

როგორც იქნა, შუაღამისას წვიმას თოვლმა სძლია და დილით ფანჯარაში რომ გავიხედე, გადათეთრებული დამხვდა ყველაფერი…

თოვლი მოვიდა ბათუმში, თოვლიიი…

ისე ლამაზად თოვდა… გზაში უამრავი ფოტო გადავიღე, ხელები გამეყინა, მაგრამ მაინც მიხარია…

აჰა!.. ახლაც არაა თოვლი?! (dance)

ფოტორეპორტაჟი თოვლიანი ბათუმიდან:

მემედ აბაშიძის, ყოფილი სტალინის ქუჩა

ზ.გამსასურდიას, ყოფილი ორჯონიკიძის ქუჩა

ისევ ზ.გამსასურდიას, ყოფილი ორჯონიკიძის ქუჩა

მემედ აბაშიძის და ზ.გამსახურდიას ქუჩების კვეთა…

მედეა გადამეჭრა, ტელეფონის ”ობიექტივში” არ ჩაეტიაა 🙂

ესეც თოვლიანი ნაძვი ჩემს სახლთან ახლოს 🙂

ეს ისე…

ესეც თოვლი და ლამაზი აივანი 🙂

უცნაური ბუჩქი 🙂

ეს უბრალოდ თოვლი, ბევრი თოვლი…

და ბოლოს, თოვლი ჩემს თმაზე 🙂

>სიურპრიზებიიიიი ♥

>
დილით წვიმის ხმა რომ გაგაღვიძებს, ცოტა არ იყოს უსიამოვნოა… გინდა სახლში ეგდო მთელი დღე და რამე საყვარლობას უყურო… თან გემრიელობები მიირთვა…
მაგრამ როცა სხვა გზა არაა, იცმევ, შეძლებისდაგვარად ”იპრანჭები” და ემზადები სამსახურში წასასვლელად…

სახლის კარი გავაღე თუ არა, დავინახე რომ ციდან უდიდესი და ულამაზესი ფანტელები ცვიოდა… ისე გამიხარდაააა… ერთი წელია არ მინახია თოვლი და მგონი ბავშვობაში არ გამხარებია თოვლის მოსვლა ისე, როგორც დღეს. სიხარულისგან ვერც გავაცნობიერე, რომ ჩემი ლამაზი ქოლგის ნაცვლად, დიდ შავ ქოლგას ვტაცე ხელი… მობრუნებას აზრი არ ჰქონდა, თან ქოლგის გამოყენებას არც ვაპირებდი… დებილივით დავდიოდი დათოვლილ ქუჩებზე და ვიღიმებოდი. მერე რა, რომ თოვლი იმდენად პატარა იყო, ასფალტი ჩანდა…

მერე წვიმამ მოუგო თოვლს და ქოლგის გამოყენება მაინც დამჭირდა…

ხო, დღეს მომავალი სწავლის საფასური გადავიხადე, ჩემი დანაზოგიდან… მიხარია…

რამდენიმე წუთით რესპოდენტის ჩასაწერად გასულს კი სეტყვა წამომეწია… თოვლს უფრო ჰგავდა, მსუბუქი იყო… გაწეწილ თმაში თეთრი ფანტელები მქონდააა…

დღე შედეგიანი იყო და ბევრი საქმე გავაკეთე…

ახლა მამაჩემმა დამირეკა- სადილი მოგიმზადეო… ინგრედიენტები ჩამომითვალა და ხომ მოგეწონებაო… შენ? -მეთქი, რა იყო, მე ვერ მოვამზადებდიო?!… დღეს მარტო ვართ სახლში, თვითონ სადღაც წავიდა და თბილი სადილი უნდა დამახვედროს… მიყვარს მამაჩემი… დედაჩემიც მიყვარს, ძმაც და დაც… კიდევ იაკო და სალუკა… და სხვა მეგობრები… მიყვარს, მიყვარს, მიყვარს… მიყვარს ყველა და ყველაფერი, მიუხედავად ყველაფრისა… ♥

მოკლედ, დღეს სიურპრიზების დღეა…

წავედი მე, ვნახო რა გაამზადა მამაჩემმა…

%d bloggers like this: