Blog Archives

თბილისი (♥)

თბილისი ჩემთვის მოკირწყლული აღმართების ქალაქია. არც სინათლის, არც ფუნიკულიორის და არც არაფრის, მხოლოდ პატარა, ძალიან ლამაზი აღმართების. ზოგჯერ ეს აღმართები იმდენად ვიწროა, გული მეკუმშება სიამოვნებისგან.

თითქოს თბილისთან დაკავშირებული პირველი ასოციაცია რუსთაველი და თავისუფლება უნდა იყოს, მაგრამ ეს არ არის თბილისი. თბილისი აღმართები და დაღმართებია (გააჩნია საიდან მოდიხარ, როგორც დოჩანაშვილი იტყოდა :-)), ძველი, მოვარაყებული და ჯერ კიდევ არარესტავრირებული შენობებია, მშრალი ხიდი და მთაწმინდაა…

თბილისი ღამით ყველაზე ლამაზია, მაშინ, როცა განათებული თბილისის ანძა და მთვარე გვერდიგვერდ დგანან. ცენტრალური და დიდი, არათბილისური ქუჩები განათებულია და მათ დამაკავშირებელ ჩიხებს მხოლოდ ეს სინათლე წვდება. ამ ნახევრად განათებულ ჩიხებში სეირნობა ერთი სიამოვნებაა. საღამოს სიგრილეც ყველაზე მეტად აქ იგრძნობა და ყოველი წამი რაღაცნაირ, გამოუთქმელ სიამოვნებას განიჭებს.

საერთოდ, თბილისი ორ ნაწილად იყოფა ჩემთვის (ფრიად სუბიექტური შეხედულებით). არა, მტკვრის სანაპიროები არა. უბრალოდ, უბნები, საიდანაც თბილისის ანძა ჩანს და საიდანაც არ ჩანს.

ძალიან ლამაზია ღამით თბილისი და დიდი, ძალიან დიდი. თუმცა, იმაზე გაცილებით უფრო მეტად თბილი, ვიდრე დღისით.

რთული წარმოსადგენია, მაგრამ რომანტიკული ქალაქიცაა თბილისი. ოღონდ ჩემი თბილისი, აღმართებიანი. ამ ოკრობოკრო ქუჩებში სიარულისას როგორ შეიძლება არ იყო რომანტიულ განწყობაზე, არ მოგინდეს ლამაზი კადრის გადაღება და წამით მაინც არ წარმოიდგინო ვინმე, სრულიად უცნობი, ვისთან ერთადაც, ხელიხელჩაკიდებული სიამოვნებით შემოივლიდი ყველა ამ ქუჩას.

თბილისში ღამით სეირნობა რაღაცნაირია, სხვანაირი… ვერც ხალხს აკვირდები და ვერც გარემოს. ხედავ მხოლოდ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და თითოეული წამით შენდაუნებურად ტკბები, რომ ვერ აცნობიერებ ისე. ყველაზე ნელი ნაბიჯებით დადიხარ, რაც კი შეგიძლია და ღრმად ისუნთქავ თითქოს უკვე დაწმენდილ ჰაერს. ამ დროს სუსტი სიო გეალერსება, ყურში რომელიღაც მუსიკოსი ღიღინებს და რატომღაც გინდა იყვირო.

ცა ისევ მოჭედილია ვარსკვლავებით და მის ფონზე შესანიშნავად ერწყმიან ერთმანეთს გვერდიგვერდ მდგომი თბილისის ანძა და მთვარე.

დოგმები!!!

ხანდახან ალკოჰოლი კაი რამეა. რაღაცისგან გათავისუფლებს, გიშვებს და თავისუფლად ცურვის საშუალებას გაძლევს. ამ დროს შეგიძლია უბრალოდ გამოეთიშო რეალობას.

ცუდია, როცა იმდენად ზღუდავ თავს, იმდენად გეშინია შეცდომების, რომ ჩვეულებრივზე საკმაოდ მეტი ალკოჰოლის მიღების შემდეგაც სიმთვრალე არ უნდა გეტყობოდეს.

არადა, თავში რაღაცა ტრიალებს, ხსნის გრძნობებს და ემოციებს თავისუფლებისკენ უშვებს. გინდა ილაპარაკო გრძნობებზე, რომლებიც სიფხიზლეში არც ისე მარტივი გამოსახატია და მხოლოდ საქმით ჩანს, სიტყვით არანაირად. გინდა უბრალოდ მოეშვა. თქვა, რომ გენატრება; გინდა იყო სუსტი და იტირო როცა გეტირება; დაიკიდო ყველა და ყველაფერი; უთხრა ადამიანებს, რომ შენც შეიძლება მოგბეზრდეს რაღაცეები.

მარაზმია, როცა თავისუფლებაზე საუბრობ, ცდილობ სხვისი თავისუფლება არ გათელო სიტყვით თუ საქმით, ამ დროს კი საკუთარ თავისუფლებას მკაცრად ზღუდავ!

მარაზმია გაჩუმება იმის გამო, რომ რამე ზედმეტი არ თქვა და მარაზმია არ შეირგო იშვიათი სიმთვრალე. სვამ დადებითი ემოციის გამო და იღებ მხოლოდ მომქანცველ თავბრუსხვევას.

ამ დროს გეზიზღება საკუთარი თავი და დოგმები, რომლებშიც ცხოვრობ და არ გინდა აღიარო. იდეალური არავინაა და შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ ამის პრაქტიკულად გააზრება ცოტას შეუძლია, ქვეცნობიერად ვისწრაფვით იდეალურობისკენ და ვიზღუდებით, ვიხვევთ საკუთარ თავში რაღაცეებს. ამის მიზეზი კი ერთია – მიუშვებ თავს და შედეგი იქნება ის, რაც ზოგადად მიჩნეულია ცუდად. ეს ცუდი კი შეიძლება იყოს თუნდაც ბევრი და უაზრო ლაპარაკი, რაც შენ არ გეპატიება!

რომელ თავისუფლებაზე გაქვს პრეტენზია?! ვის აკრიტიკებ?! იხრჩობი დოგმებში!!!

ახლაც, ზუსტად ახლა, როგორც არასდროს, გინდა ფეხები მაგიდაზე შემოაწყო, მოწიო ყავასთან ერთად და რამე გემრიელ მელოდრამას უყურო პარალელურად. მარა არა, ფეხების მაგიდაზე შემოწყობა ცუდია, ყავისთვისაც უკვე გვიანია და სიგარეტი ხომ საერთოდ – მოწევა კლავს!

დოგმები, ჩარჩოები!!!
ჯანდაბა!!!

ხელოვნება და “წიპა ტავო”

თუ სიგარეტის კვამლისგან გვერდით მდგომ მეგობარს ვეღარ ხედავ, თუ ხანდახან უხერხულად ეჯახები ვიღაც უცნობს, თუ გგონია რომ ირგვლივ პოლიგლოტები გახვევია და ვერ მიმხვდარხარ რატომ ურევენ ამდენ ენას ერთმანეთში, თუ კვამლში ხანდახან გამოანათებს რაღაც და ეს რაღაც ფოტოაპარატის “ვსპიშკაა” – ე.ი. შენ იქ მიხვედი, სადაც ხელოვნება ყვავის. სადაც ყველა ყველას იცნობს, სადაც ყველა ცდილობს სადღაც ნაწლავებიდან ამოუშვას ხმა და მაღალ მატერიებზე ისაუბროს.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა წიგნის პრეზენტაცია. რა თქმა უნდა ახალი ავტორის, რა თქმა უნდა სკანდალურის და რა თქმა უნდა ძააალიან ორიგინალურის. აი, ისეთის, შეფუთვაც რომ ძააალიან ორიგინალური აქვს და ერთ პოეტს რომ შურს, ნეტა მე რატომ არ მომაფიქრდა თავის დროზეო.

ღრმა ამოსუნთქვით ნათქვამი ბრძნული ფრაზები (მადლობა ავტორს :-P), უცებ დაჭერილი კადრები უცებ დაჭერილი ფოტოაპარატებიდან, კვლავ სიგარეტის კვამლი და კვლავ დაკარგული მეგობარი.

აქ ყველა თავისუფლად იქცევა. ამის დასტურად ყვირიან ბოლო ხმაზე, ისვრიან ნებისმიერ რეპლიცას, რაც თავში გაუელვებთ და რაღა თქმა უნდა იატაკზე სხედან კომფორტულად. ხანდახან სკამებიც თავისუფალია, მარა ხელოვნებაც მსხვერპლს მოითხოვს, ისევე როგორც სილამაზე.

აქ ყველა თავისუფალია. აცვიათ დახეული ჯინსები და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი, ძააალიან ორიგინალური ვარცხნილობა კი არაჩვეულებრივ სინთეზშია დიდი რაოდენობით მაკიაჟთან.

აქ ყველა თავისუფალია. იმდენად თავისუფალი, რომ პრეზენტაციის დროს წიგნის ავტორზე მოსმენას, მეგობარ მამაკაცთან ალერსს ამჯობინებს.

თუმცა, არის ნაკლებად თავისუფალი ადამანების კატეგორიაც, რომლებიც რეალურად ამ “ძააან თავისუფალ” ხალხზე თავისუფალია. უბრალოდ ისინი არ თამაშობენ ამას.

როცა წიგნის ავტორი იწყებს საუბარს მის ნაშრომზე, ყველა იღებს თბილ სახეს, “წიპა” (სიტყვა გამოვიყოლე მაინც, რა იცი რა ხდება და სად ვიქნებით ხვალ) – აბა, აბა, როგორ მესმის შენი.

მთავარი კი იწყება მაშინ, როცა ავტორი წიგნიდან ამონარიდებს კითხულობს. ხმას უცნაურ ინტონაციას აძლევს, დაძაბული გრძნობების მთელი ჯარი გამოჰყავს და იწყებს. სახეზე ყველა იხატავს მიმიკას სახელად – “ვაა, რა ორიგინალურიააა”. სანამ ავტორი კითხულობს, ღრმად ჩაფიქრდებიან მის სიტყვებზე და აჩვენებენ, როგორ მოქმედებს მათზე ყოველივე ზემოთ თქმული. არადა, უმრავლესობას ან საერთოდ არ ესმის რაზეა საუბარი, ან სისულელედ მიაჩნია.

და მაშინ, როცა ავტორი სრულ განცხრომაშია, თავს დიდ ორატორად გრძნობს, მოდიან ისინი. “ისინი” მიკროფონიანი და კამარებიანი ხალხია. მათ მოსვლას ყველგან ელოდებიან და ღელავენ. ისინიც იფერებენ ამას და განცხრომაში მყოფ ავტორსა და მის მომავალ მკითხველს უეცრად ეჭრებიან. ავტორიც შვებით ამოისუნთქავს და კითხვას აგრძელებს, ხმაში ხელოვნურობა ელვის სისწრაფით მატულობს. ისინი სვამენ კითხვებს შუა საუბრისას, თან უბრალოს კიარა, მაგალითად ავტორს ეკითხებიან რაზეა წიგნი და ვინაა ავტორი. ისინი იწვევენ ხმაურს და მათ შესწევთ უნარი მაფიქრებინონ, რომ ნაგავი პროფესია მაქვს. მათი ხილვის ბედნიერება დამსწრე საზოგადოებას დიდხანს არ აქვს. ისინი ისევე სწრაფად ქრებიან, როგორც გაჩნდნენ.

მას შემდეგ, რაც ავტორი ამონარიდებს ჩაიკითხვას, ყველა ერთბაშად იღებს დაფიქრებულ სახეს, ყველას უნდა რამე იკითხოს, თან აუცილებლად ჭკვიანური. ხოდა, ამას ფიქრი ხომ უნდა, არა? მანამდე ავტორის ყველა ნაცნობი გამოდის სიტყვით და აქებს მის ნაშრომს, რომ ეს ახალი სიტყვაა ქართულ ლიტერატურაში. ავტორს რაღაცნაირად ეღიმება, რაღაცის რომ არ სჯერა ადამიანს, აი ისე.

აქ აუცილებლად იქნება რომელიმე დიდი მწერალი, რომელსაც მოეთხოვება გამოთქვას თავისი აზრი. იმას თავისთავად პოზიტიური აზრი აქვს და გაგიმართლა, თუ წიგნი არ აქვს წაკითხული, უბრალოდ შეაქებს და მორჩა.

ნახევარ საათიანი ხელოვნების ზეიმის შემდეგ ყველა ერთხმად დგება ფეხზე და გარბის, რაღაცნაირი უცნაური სისწრაფით. რჩებიან მხოლოდ რჩეულები, რომლებიც ისევ იფარებიან კვამლში და ბჭობენ, აფასებენ…

ხელოვნება კი ამ კედლებიდან გაქცევას ლამობს. თუმცა რამდენიმე ადამიანს ბოროტად ჩაუვლია ხელი და არ უშვებს.

>თბილისი რომ შეიგრძნო…

>თბილისი რომ შეიგრძნო, მეტროთი უნდა იმგზავრო…

იმ ქალის ცივ სახეს შეხედო და დაეშვა ქვევით…

სანამ მატარებელი მოვა, ხალხს უნდა დააკვირდე, ამასობაში ვიღაცის მზერა თვითონაც უნდა იგრძნო, მარა არ გაიხედო მისკენ. მზერა რომ მოგშორდება, მერე შეათვალიერო, მუქი ლურჯი კოსტუმი უნდა ეცვას, ოთხკუთხედი ჯიბეებით და პაგონებით, რომ მოგწონს ისეთი. მერე მატარებელში შეხვიდე სასწრაფოდ, ჩამოჯდე და სალექციო მასალას გადახედო. ამ დროს ბევრი მზერა იგრძნო, გამჭოლი და უხერხული, თან ცარიელი და არაფრისმთქმელი, მხოლოდ ერთი იყოს თბილი და იმასაც ლურჯი კოსტიუმი ეცვას. ჩამოსვლისას ჯერ შენ უნდა ადგე ფეხზე და მერე ლურჯი კოსტუმი თბილი მზერით, უცებ უნდა იფიქრო, რომ არ აპირებდა აქ ჩამოსვლას და შენს გამო ჩამოვიდა, მაგრამ მატარებლიდან პირველი გავიდეს და საწინააღმდეგო მიმართულებით აიღოს გეზი. შენ გააგრძელო გზა და უკვე სულ ზევით რომ ახვალ, სინათლე გამოჩნდება და რამდენიმე კიბეღა დაგრჩება, ვიღაცამ ამოირბინოს, მიმოიხედოს და ისევ ჩავიდეს უკან. შენ მარტო ლურჯ კოსტუმს უნდა მოკრა თვალი და გჯეროდეს, რომ შენ გეძებდა, მაგრამ ვერ შეგამჩნია…

თბილისი რომ შეიგრძნო, რუსთაველზე უნდა გაიარო აუცილებლად, მთელი რუსთაველი ფეხით ჩაიარო და ერთ-ერთ ასახვევზე, მთაწმინდისკენ რომ ადის, საკუთარი თავი წარმოიდგინო – ქვევითკენ ეშვები, რუსთაველისკენ და სამი ცალი ხარ, ერთი კიარა. ფოტოაპარატი გკიდია მხარზე, სამივეს… დროდადრო ერთ-ერთი გამოეყოფა სამს, რაღაცის გადასაღებად ჩერდება. მერე ისევ ჩაკიდებს ხელს დანარჩენ ორს და ისევ ქვევით ეშვები, სამი ცალი…

მიყვები ისევ რუსთაველს, აკაკი და ილია ისევ იქ დგანან, სად უნდა წასულიყვნენ აბა. ხედავ, ისევ დგას გვერდით ორი კაცი, ზუსტად ისე, როგორც აკაკი და ილია, შენც ისევ სამი ხარ, ერთი გამოდიხარ და ამ კადრს აფიქსირებ…

აგრძელებ გზას, ბევრი ხალხი გხვდება, ძალიან ბევრი… უკვე საღამოა და ყველა სასეირნოდ გამოსულა, შენ კიდე სამსახურში ხარ მისასვლელი…ერთი…

მერე თავიდან უნდა დაუყვე რუსთაველს, უკან რა… მთაწმინდის ასახვევთან გადაწყვიტო, რომ ერთხელაც აყვები ამ ასახვევს, მარტო ოღონდ და იმ სახლთან გაივლი, ისე, უბრალოდ…

ხელნაკეთ სილამაზეებთენ ისევ გამოიარო, ამჯერად ერთი სასაცილო საყურე იყიდო და იმ პორტრეტს დააკვირდე, ლამაზი, კულულა და ცისფერთვალება ბავშვი რომაა გამოსახული…

მერე მაკდონალდსში უნდა შეიარო აუცილებლად, სამი უნდა იყო ისევ და ზამთარში ნაყინი ჭამო. ცოტათი იმაზე ტკბილი, ვიდრე გიყვარს, მაგრამ მაინც ნაყინი…

მაკდონალდსიდან მარტო გამოხვიდე და სამსახურისკენ წახვიდე, ისევ მეტროთი, ისევ ის უემოციო თვალები რომ დაინახო… ისევ იმ იმედით, რომ ისევ იგრძნობ ერთ თბილ მზეარას მაინც, არ აქვს მნიშვნელობა ლურჯი კოსტუმის თუ ყავისფერის…

თბილისი რომ შეიგრძნო, თავისუფლების მოედანს უნდა ესტუმრო, ნაყინი უნდა იყიდო მეტროსთან, შოკოლადის, ახლა უკვე იმდენი აქვს სიტკბო, როგორიც გიყვარს. ნაყინი გემრიელად მიირთვა და თან იმ პარკს მიუახლოვდე, ძალიან ლამაზი რომაა და სახელი რომ არ იცი. ცოტა ხანს მოვლენებს გარედან უყურო და მერე უახლოეს გაჩერებასთან გადახვიდე, წარმოიდგინო რომ სისხამი დილაა, წვიმს მაგრად და ქოლგა არ გაქვს, თან ცივა, ცივა მაგრად… ამჯერად ორი ხარ ოღონდ და ერთმანეთს უნდა ჩაეხუტო, რომ გათბე…

მერე… მერე ავტობუსი გამოივლის, ნამდვილი ავტობუსი, ხალხით გაჭედილი და ძლივს უნდა ახვიდე, ბილეთი დიდი სირთულით აიღო და მყარად დგომას შეეცადო. მერე მთელი გზა იმაზე უნდა ინერვიულო იმ მთვრალმა კაცმა რომ ჩაიფსა, შენც ხომ არ მოგაფსა შემთხვევით, შენს გაჩერებას მოუთმენლად უნდა ელოდე, რომ გაარკვიო ბოლოსდაბოლოს, თფუ!.. მერე უნივერსიტეტთან უნდა ჩამოხვიდე, დარწმუნდე რომ “მშრალად გამოხვედი” და ბედნიერებისგან გაგეღიმოს… ლექციაზე უნდა ახვიდე მერე და ლექტორის ხმა საამურად ჩაგესმას, იავნანასავით…

მერე ერთი კვარტალი ფეხით უნდა გაიარო და 15-ს დაელოდო, გაგიხარდეს დასაჯდომი ადგილი თუა და ფანჯრიდან ნახევრად თეთრად შეღებილ ხეებს დააკვირდე, საწინააღმდეგო მიმართულებით რომ გარბიან…

პეკინიდან ერთი კვარტალი კიდევ ფეხით უნდა გაიარო და კარზე დარეკო. სანამ კარი გაიღება, კიბის მოაჯირს მსუბუქად დაეყრდნო და იგრძნო, რომ მაგრად დაიღალე…

თბილისი რომ შეიგრძნო, ამ ყველაფერმა თავი არ უნდა მოგაბეზროს და დილით მაღვიძარას ხმა რომ გაგაღვიძებს, კი შეგეზაროს წამოდგომა ცოტა, მარა მაინც არ გადაიფიქრო წასვლა…

%d bloggers like this: