Blog Archives

სითბო

დიდი, თეთრი ფიფქები ლამპიონის ირგვლივ ტრიალებენ და შუქზე მაგიურ ეფექტს იძენენ, მერე ზანტად ეშვებიან ჩემს თმაზე.

იმდენად ლამაზია დათოვლილი პატარა ქუჩა, ჩემდაუნებურად მეღიმება.

ვიღაც ბიჭმა ჩამიარა, შემომხედა და გაეღიმა. მივხვდი, რომ გაბადრული მოვდივარ შუა ქუჩაში და კინაღამ ხმამაღლა გამეცინა.

უცებ ზურიკელა მახსენდება და –

“ღამე არის მთვარიანი,

თოვლიანი, ქარიანი…

ცრემლი მომდის სიხარულის,

მიყვარს ღამე სიარული,

მთელი ღამე უძილო ვარ,

სულ მთლად გადარეული ვარ!”

… და მეშინია. მეშინია საკუთარი თავის, მეშინია შეჩვევის, მეშინია “ავტონომიის” დაკარგვის… მერე ვხვდები, რომ სისულელეა ამაზე ფიქრი საერთოდ, მით უმეტეს, რომ ჯერ არ მჭირს ზურიკელას “სენი”.

უბრალოდ… უბრალოდ კარგად ვარ, მგონი…

… გაყინული ხელებიც მოვიდა აზრზე. თბილად ვარ და გულისცემა მესმის, ჩემი არა ოღონდ 🙂

Advertisements

>ერთი საათი ბავშვობაში

>
სიხარულით მიმიღო, გამიღიმა და ბავშვობის კარიც გამიღო.

არ უსაყვედურია ამდენ ხანს რომ არ მივედი. მასზე უკეთესი არავინ იყო, მარა მაინც სხვაგან რომ დავდიოდი და არა მასთან.

გაზაფხული დამახვედრა, კარებთანვე. ერთი მერცხალი თუ ვერა, ერთი აყვავებული და ძალიან ლამაზი ხე მოიყვანს გაზაფხულს, კი.

შევაბიჯე ბავშვობაში.

ოლღა ბებია შემეგება ხაზარულას ვაშლებით, არამარტო ზურიკელას, ჩემი ბებიაც და ყველას ბებია რომაა.

ზურიკელაც იქ იყო, ილიკოც და ილარიონიც. მურადაც.

ხატიას ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნოდი. თვითონ ალბათ მხედავდა. არა, მზე არ ვარ, მარა მაინც.

სოსოიაც იქ იყო და მისი რუსიც, ბეჟანაც გაცოცხლებულიყო და მხიარულად ცხოვრობდა.

აქ იყო ბავშვობა, მეგობრობა მათთან, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება.

ცხოვრება, რომლითაც ისინი ცხოვრობდნენ ჩვენც მათთან ერთად. და ბედნიერება, მიუხედავად სირთულეებისა.

პირველად დაფიქრება ცხოვრების ნამდვილ სირთულეზე და თეიმურაზ ჭიჭინაძე. ქურთი მეეზოვე, აკაცია და დედა. ცხოვრებისეული სირთულეები, რომელიც პირველად ჩანს ასე ახლოს და ასე აშკარად.

მეც დავრბოდი მათთან ერთად მინდორზე, ხელიხელჩაკიდებული და სისულელეებზე ვლაპარაკობდი.

აქ, ქალაქს თითქოს მოწყვეტილი სხვა სამყარო, სადაც დრო ბრუნდება.

ყველაფერი ძველებურია, სეირნობა ალბათ არასდროს ყოფილა ასეთი გემრიელი.

საქანალებიც, ზუსტად ისეთი, ბავშვობაში რომ იყო.

დავჯექი. კვლავ ამიფართხალდა გული, ისე, როგორც ბავშვობაში.

სასაცილო რამეა მოგონებები, წამში შეუძლია ერთი სამყაროდან მეორეში გადაგისროლოს. იქ, სადაც პირველად შეხვდი ზურიკელას და მერის, ოლღა ბებიას, ილიკო ბრუციანს და ილარიონა შევარდნაძეს, მურადას… ხატიას და სოსოიას, ბეჟანას და დათიკოს… კუკარაჩას და მურტალოს, ინგას, 7 ტყვია რომ ესროლა მურტალოს და შვიდივე ააცილა… აკაკი-კაკო-კაკი… შოშია, ლიმონა, ნუნუ ექიმი და “ტანო, ტატანო…” ჯაყო, დადუნა… და “ჰელადოს”:
“- იანგული ლაწირაკი!.
– ჯემალ სკრიპკა.
– გოგოების მაჩალკა…”

ბავშვის ხმამ დამაბრუნა…

“- мама, мама!.. я хочу такие же!.
– что? что такие же?
– сережки, как у неё.
– ои, простите пожалуйсто. она недавно проколола уши и…
– хочешь, подарю.
– ???
– только, они серебряные. можна еи?
– нельзя, недавно проколола и только золото.”

დავბრუნდი…

დავბრუნდი და ამ ყველაფერთან ერთად მოუვლელი და მოუწესრიგებელი რაღაცეებიც შევნიშნე. გულში რაღაც ჩამწყდა.

მე დღეს პირველად ვნახე “მზიური” (კი, მრცხვენია. მაპატიებს ალბათ ზურიკელა.), მინდა ყოველ დღე ვიარო და მივიღო ის სიამოვნება, რაც დღეს. საწყენია, ასე მოუვლელი რომაა და ჭორები გავიგე, გაყიდულია და რაღაცის იგეგმება მის ადგილასო. ზუსტად არ ვიცი, ვერც დავიჩემებ. მარა გთხოვთ, ნუ წაგვართმევთ ბავშვობაში მოგზაურობის შანსს და საყვარელ გმირებთან “შეხვედრის” შესაძლებლობას. თუ არ იგეგმება რამე ისეთი, მოვუაროთ მაინც, მე დავასუფთავებ, ჩემი ხელით, ოღონდ არ “გავათანამედროვოთ”რა. იყოს ისეთი, ძველი და ბავშვობის დროინდელი, ოღონდ მოვლილი…

>♥♥♥♥

>
”ღამე არის მთვარიანი,
თოვლიანი, ქარიანი…
ცრემლი მომდის სიხარულის,
მიყვარს ღამე სიარული,
მთელი ღამე უძილო ვარ,
სულ მთლად გადარეული ვარ!”

p.s. ეს ისე, მართალია ღამეა, მაგრამ თოვლი არაა და არც მე მჭირს ზურიკელას ”სენი”, უბრალოდ ძალიან დავიღალე და დავაგდე ეს… მიყვარს ♥♥♥♥♥

>ჩემი ფისუნია!..

>
”მე ძალინ მიყვარდა მურადა, ქვეყანას მერჩია. ის, ბებია, ილიკო და ილარიონი ერთნაირად მიყვარს. მე ძალიან მიყვარს მურადა, უიმისოდ სიცოცხლე არ შემიძლია, რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო მიყვარდება. მურადას მე ძალიან ვუყვარდი. მე მურადას, როგორც კაცს, ისე ველაპარაკებოდი. მე მესმოდა მისი ლაპარაკი, ყველაფერი მესმოდა, სულ ყველაფერი. მურადა რომ მოკვდა, თავს მოვიკლავდი მეგონა, ჩემი მურადა ყველაზე კარგი იყო ქვეყანაზე და მე ყველაზე უფრო მიყვარს იგი ქვეყანაზე. სიყვარულით მართლა შეიძლება გაგიჟდეს კაცი!_ ეს ზურიკელაა, ალბათ ყველასთვის ნაცნობი. მეც მიყვარდა მურადა, მაგრამ ჩემი ფისო უფრო 🙂
მეც ძალიან მიყვარს ჩემი ფისო, მასაც ძალიან ვუყვარდი. მეც, ჩემს ფისოს, როგორც ადამიანს, ისე ველაპარაკებოდი ხანდახან და მეც მესმოდა მისი ლაპარაკი, მართლა.
სასაცილოც კია პოსტს კატას რომ ვუძღვნი, მაგრამ თქვენ არ იცნობდით ჩემს ფისოს, ის უფრო მეტი იყო, ვიდრე კატა.
საერთოდ, ცხოველების თავგადაკლული მოყვარული ვარ მეთქი რომ ვთქვა, ნამდვილად მოვიტყუებ, თუმცა,არც უარყოფითად ვარ განწყობილი. ჩემი ფისო ჯერ კიდევ ბავშვობაში, უფრო კონკრეტულად მეშვიდე-მერვე კლასში მაჩუქა მეგობარმა. სულ პატარა იყო, მოფერებისაც ეშინოდა 🙂 მერე შემეჩვია, მეც ძალიან შევეჩვიე, სახლში მისულს პირველად ფისო მეგებებოდა ეზოშივე, თავით მომეფერებოდა და ”მრრრ”-ო მეუბნებოდა 🙂 იმ დაქალის და ჩემი გზები მალე გაიყო, თან სამუდამოდ, მაგრამ ფისოს უფრო მივეჩვიე, არ ვიცი, ალბათ მახსენებდა რაღაცეებს… ფაქტია, რომ ძალიან მიყვარდა და ზოგჯერ ადამიანივით მიგებდა. ჩახუტებაც იცოდა ჩემმა ფისომ, მართლა ოღონდ…
ჩემებმა პატარა ძაღლიც მოიყვანეს სახლში, იცით როგორ ეჭვიანობდა ჩემი ფისო? ეჩხუბებოდა მისი ჭკუით კონკურენტს და გვერდიდან არ მცილდებოდა 😀

წელს კი ერთხელაც წავიდა სახლიდან და აღარ მოვიდა 😦 გამიგია, ცხოველები გრძნობენ გარდაცვალების მოახლოებას და სახლიდან მიდიანო, ჩემი ფისო უკვე 10ზე მეტი წლის იყო და როგორც მითხრეს, კატებისთვის ეს საკმაოდ დიდი ასაკია 😦
ადრე, რამდენიმე წლის წინ, ვერ წარმომედგინა, რომ ერთ დღესაც ჩემი ფისო აღარ მეყოლებოდა, მაგრამ წელს ისეთი დაკავებული ვიყავი, ფაქტიურად ყურადღების მიღმა დამრჩა ეს ამბავი. არადა, ზოგჯერ როგორ მინდა ისევ კალთაში მეჯდეს და კრუტუნებდეს, ვერ წარმოიდგენთ. ახლაც შემთხვევით ტელეფონში წავაწყდი ფოტოებს, ასე შემთხვევით თუ გამახსენდება ხოლმე და საშინლად დამნაშავედ ვგრძნობ თავს 😦
ამასწინათ, ჩემებმა მითხრეს შენი ფისო დაბრუნდაო, ამიწყლიანდა თვალები, გავიბადრე და თურმე სხვა კატაში შეეშალათ 😦
ხო, ახლაც შემთხვევით გამახსენდა ჩემი ფისუნია და მგონი სისულელეც შემომეპოსტა 🙂 მაგრამ არაუშავს 🙂

ხო მართლა, ჩემებმა ახალი ფისო მოათრიეს ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად. თეთრია და ჩემი ფისოსგან სრულიად განსხვავებული, ცოტა დებილიც 🙂 მაგრამ საყვარელია 🙂
ხო, აი ისიც:

%d bloggers like this: