Blog Archives

ორი

<3ბოლომდე ვარ მისით გაჟღენთილი, მთელ სხეულში ვგრძნობ მის არსებობას და ბედნიერებას, რომელსაც მისი ყოფნა მანიჭებს. მთელი სხეულით მიყვარს მისი ყველა უჯრედი, მისი სუნი, რომელსაც ყელზე კოცნისას ყველაზე მეტად ვგრძნობ…

ხანდახან იმდენი ემოცია მიგროვდება ხოლმე, უაზროდ ვიღიმი და თან ვტირი…

მაბედნიერებს… ორი წლის შემდეგაც საკმარისია მისი ერთი ჩახუტება, რომ კვლავ დამიბრუნდეს იმედი, ენერგია, ძალა, პოზიტივი, რომელიც რთულმა დღემ წამართვა. არ ვიცი როგორ ახერხებს ჩამეხუტოს ისე, რომ მთლიანად შთანმთქოს ამ ჩახუტებით, არავინ და არაფერი მოუშვას ჩემამდე, რისიც მეშინია და გარშემო ყველაფერმა აზრი დაკარგოს.

მიყვარს ჩუმად რომ ვუთვალთვალებ. ჭამს, მანქანას აკეთებს, მეცადინეობს, ლაპარაკობს – ვუყურებ და მიხარია რომ არსებობს, მიხარია რომ ჩემია…

დილა… ცხელი ტუჩები ლოყაზე … თვალებში მიყურებს, სიტყვებით რომ ვერ გადმოვცემ ისე… ლამაზია… ვუთხარი და დამცინა. არადა ლამაზია, დილით ყველაზე მეტად.

ოდესმე წასვლის წინ თუ არ ჩამეხუტება, ალბათ ვიფიქრებ რომ რაღაც შეიცვალა… მეხუტება… მერე ფანჯრიდან ვხედავ როგორ ჯდება მანქანაში, ვხედავ მხოლოდ ერთ მხარეს და ხელს, რომელიც ყოველ დღე ერთი და იგივე მოძრაობებს აკეთებს – რადიოს რთავს, ტელეფონს იღებს ჯიბიდან, მანქანის დამტენზე აერთებს და მერე იმ სკამზე დებს, სადაც მე ვზივარ ხოლმე. მანქანაც ხურდება და ზუსტად იგივე მოძრაობით გადის ეზოდან, როგორც ყოველ დღე… და მე ისევე ვარ ბედნიერი, როგორც ყოველ დღე…

ორი წელი… ორი წლის წინ პირველ თოვლთან ერთად სითბო… პირველი სითბო უეჭველად, ახლა დარწმუნებული ვარ… პირველი ხელის ჩაკიდება, პირველი ჩახუტება და პირველი კოცნა… საშინლად ცივი ზამთარი და საშინლად თბილი ჩემთვის…

იმ დღეს რომ თოვდა, ისე ლამაზად ალბათ არასდროს უთოვია თბილისში. გარეთ გამოსულს მოულოდნელი და დიდი ფიფქები დამხვდა… საშინლად მომინდა მისი ნახვა და საშინლად გამიხარდა მესიჯი. თითქმის ცარიელ ქუჩებზე, დაბალ, ჯერ კიდევ გაუკვალავ თოვლზე ვიარეთ ალბათ რამდენიმე კილომეტრი, ფეხები საშინლად გამეყინა, მაგრამ ხელები მქონდა ისე თბილად, როგორც არასდროს… ალბათ ნახევარ საათზე მეტხანს ვიდექით ჩახუტებულები, ყინვაში და სითბოში ერთდროულად. მივხვდი, რომ წასვლა არ მინდოდა, რომ საშინლად მომწონს მისი თბილი ჩახუტება და სულ ფეხებზე მკიდია ის ავტონომია, რომელსაც ვებღაუჭებოდი…

გუშინ თბილისში ამ წლის პირველი თოვლი მოვიდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ჩვენც გავიზარდეთ და ჩვენი გრძნობაც, ურთიერთობაც… მაგრამ ყოველი ჩახუტებისას ისევ ისე ვგრძნობ მის გულისცემას, სუნთქვას და ისევ ისე ბედნიერი ვარ… არა, უფრო მეტადაც…

გაზაფხული (?)

ცივა, საშინლად ცივა. მოკუნტული ვზივარ თბილი პლედის ქვეშ, მაგრამ სითბო არ მეკარება. ყველაფერს ორპირ ქარს ვაბრალებ, მაგრამ უკან მდებარე ნახევრად ღია კარის ბოლომდე დახურვა მიჭირს, წინა კარის დახურვა კი რატომღაც არ მინდა, თან იქედან თბილი ქარი მოდის და რაღაცნაირად მსიამოვნებს კიდეც მისი შეხება.

არა, ორივე თუ არა, ერთი მაინც უნდა დაიხუროს! – ვფიქრობ და პლედიდან ვძვრები. ჯერ უკანა კართან მივდივარ, გარეთ ვიხედები. ცივი ქარი ქრის და ჭადრის ფოთლებს ჰაერში ატრიალებს. მიმზიდველია აქაურობა და შთამბეჭდავი, წამით გარეთ გასვლაზეც ვფიქრობ…

მაინც ვბრუნდები, მაგრამ კარს ოდნავ ღიად ვტოვებ და მეორე კართან გადავდივარ, რომელიც აივანზე გადის. აივანს მიღმა ახლად აყვავებული იები და ყოჩივარდებია, რამდენიმე გვირილაც და საიდანღაც აკაციის სურნელიც მოდის. მოაჯირს ვეყრდნობი და კარგად ვაკვირდები გარემოს. ეზოში ჩასვლა ვერ გადამიწყვეტია, მეშინია ყვავილებთან ახლოს მისულმა არ აღმოვაჩინო, რომ ეს ილუზიაა, არარსებულია. აბა ვის გაუგია შუაგულ შემოდგომაზე გაზაფხული და სითბო?

… რამდენიმე წლის წინ, შუა ზამთარში, სოფელში ახლად ამოსული იების მთელი ჯგუფი შევნიშნე. თბილოდა იმ ზამთარს და გაზაფხული ეგონათ ალბათ. ვიცოდი, რომ მალე თოვლი იქნებოდა და იებიც ვერ გადარჩებოდნენ. არადა, იმ წელს თოვლი საერთოდ არ მოსულა, ის ზამთარი ყველაზე თბილი იყო მათ შორის, რაც მახსოვს.

…ახლაც ვზივარ აივანზე, ვაკვირდები თითქოს უდროოდ მოსულ ყვავილებს და მეშინია ზამთრის მოახლოების. იქნებ წელსაც არ იყოს თოვლი, მაგრამ ოდესღაც ხომ მოვა? მე კიდე მეშინია, რომ შევეჩვევი ამ ყვავილებს, გარემოს, ამ სამყაროს მთლიანად და მისი დამსხვრევა ტკივილს მომაყენებს. თან არამარტო მე…

მაგრამ მგონი მომწონს ეს სამყარო და სანამ შესაძლებელია მისი არსებობა, რატომაც არა? მარადიული ხომ არაფერია და ერთ დღეს ჩვენც აღარ ვიქნებით. ხოდა, სანამ ვართ და სანამ შეგვიძლია შევიგრძნოთ რაღაცეები, რატომ უნდა დავკარგოთ? ეს ყველაფერი ხვალ შეიძლება აღარ იყოს, მაგრამ ჩვენ ხომ დღეს ვცხოვრობთ? – ვუსვამ ამ კითხვებს საკუთარ თავს და დამაჯერებელ საწინააღმდეგო არგუმენტებს ვერ ვპოულობ.

ვბრუნდები ოთახში და კარს თითქმის ბოლომდე ვტოვებ ღიად. ვეხვევი ჩემს პლედში და ნელ-ნელა, მაგრამ მაინც შევიგრძნობ სითბოს. უკანა კარიდან ქარი კიდევ უბერავს, მაგრამ წინა კარი უფრო ფართოდაა ღია და სითბოც საგრძნობლად აღწევს.

%d bloggers like this: