Blog Archives

კომა

მკერდიდან რომ ამოვიგლიჯე, ჯერ ისევ ფეთქავდა. მეჭირა ხელში თითქოს ცოცხალი არსება და ვფიქრობდი იმაზე, თუ რა პატარა ყოფილა სინამდვილეში, არადა რამდენ ნაგავს იტევს. ერთი წამით ისიც გავიფიქრე, რომ ნახატებში და წარმოდგენებში სულ სხვაგვარია, ასე კი ერთი უბრალო ორგანო, თითქოს არაფრით მნიშვნელოვანი, მაგრამ სიცოცხლისთვის აუცილებელი.

ჯერ მშვიდად ვუყურებდი, ვაკვირდებოდი როგორ მცირდებოდა მისი მოძრაობის რიტმი. თითქმის უსიცოცხლო რომ ვნახე, ერთგვარი სიამოვნებაც კი ვიგრძენი.

გადაწყვეტილება წამის მეასედში მოვიყვანე სისრულეში და თითქმის მკვდარი მთელი ძალით მოვისროლე. სანამ გაცრეცილ კედელს მიენარცხებოდა, იმის გაფიქრებაც მოვასწარი, რომ იქნებ ის შუშის იყო და წარმოვიდგინე კიდეც როგორ ცვიოდა ნამსხვრევები აქეთ-იქით.

არა, შუშის არ იყო. სულ ოდნავ დაზიანდა და სუსტად, მაგრამ მაინც ფეთქავდა. შემეცოდა. ხო, შემეცოდა… სანამ მე გადაწყვეტილების შეცვლაზე ვფიქრობდი, საიდანღაც გაჩენილმა ხალხმა გადათელა. რიგრიგობით გადაუარეს და ფეხები შეიწმინდეს მასზე.

მკერდში გამოთავისუფლებულ ადგილას რაღაცნაირი ტკივილი ვიგრძენი. “ალბათ ბოლომდე ვერ ამოვგლიჯე…” – გავიფიქრე და საშინლად გავბრაზდი საკუთარ უსუსურობაზე. ვხვდებოდი, რომ ტკივილისგან სახე მემანჭებოდა, მოვიკუნტე და ფეხზე დგომაც აღარ შემეძლო. მაინც მოვიკრიბე ძალები და უკანასკნელი დარტყმა სწორედ ჩემი იყო. ზედ შევდექი, გამალებით ვცდილობდი გამესრისა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. ეს უფრო მამწარებდა და ძალებს არ ვიშურებდი საბოლოოდ განადგურებისთვის. ტკივილი იზრდებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ კიდევ ცოტაც და საბოლოოდ მოკვდებოდა ეს ტკივილიც და თითქმის უმოძრაო საგანიც ფეხქვეშ.

… ალბათ ტკივილმა თუ დამაკარგვინა გონი, მეტი აღარაფერი მახსოვს. ყველაფერი ისე გაგრძელდა, თითქოს ეს დღე არც ყოფილიყოს. ვერც ვგრძნობდი, რომ სადღაც, მკერდთან სიცარიელე იყო. და როცა შემთხვევით აღმოვაჩინე კომაში მყოფი, მაშინღა მივხვდი, რომ ის ჩემი ნაწილი იყო.

არ ვიცი გადარჩება თუ არა. არც ის ვიცი, მინდა თუ არა მისი გადარჩენა. იქნებ უკეთესია ჰოლივუდის ფილმების სცენარის მსგავსად, ერთ დღესაც მივიპარო და სასუნთქი აპარატი გავთიშო?!

Advertisements

ზღვა

ამის ფონზე უკეთესად იკითხება 😉

მიდიხარ პლიაჟზე, ფეხი ქვიშაში გეფლობა და უცნაური სიარული გამოგდის. მერე გადადიხარ უფრო ახლოს, კენჭებიან ნაწილში. აქ უკვე გრძნობ, რომე ფეხებით ქმნი გარკვეულ მელოდიას, ძალიან სასიამოვნოს. მიხვედი. გინდა მოკალათდე, მაგრამ იმდენად სასიამოვნოდ ერწყმის ზღვის ხმას შენი სიარულისგან გამოწვეული ხმაური ქვებზე, ნაპირს მიყვები სეირნობით. ბოლოს მაინც ვეღარ ითმენ, გინდა დაჯდე და უბრალოდ უყურო ზღვას.

ზღვა არასდროსაა მომაბეზრებელი. ზიხარ საშინლად მოუხერხებელ ქვებზე, მაგრამ თავს იდეალურად გრძნობ. ხელებს ნიკაპქვეშ ამოიდებ და უყურებ ზღვას, თითქოს კინოში ხარ და წინ ყველაზე საინტერესო ფილმია მთელს მსოფლიოში.

დიდი, რაღაცნაირად შემაშფოთებელი, მაგრამ მაინც ახლობელი და ყველაზე თბილი.

ზღვის მელოდია ყველა მელოდიაზე უკეთესია. როცა პლიაჟზე ზიხარ, რატომ გბეზრდება ყველაზე საყვარელი მელოდიაც კი? დაფიქრებულხარ? ზღვას არც ერთი მელოდია არ უხდება. ყველაზე უკეთესად ის ღიღინებს და როცა მასთან მიდიხარ, მხოლოდ მის მელოდიას უნდა უსმინო, ასე უნდა ზღვას.

მხოლოდ ქვიშის ხმას ეგუება ზღვა. ამ მელოდიასაც თვითონ ქმნის და იმიტომ. მოდის ტალღა, თითქოს ნელა, მაგრამ მაინც ეხეთქება ქვიშას. ისიც სრიალით მიყვება და იმისთანა ხმას გამოსცემს, ადამიანს კიარა, ზღვასაც სიამოვნებს. ხოდა, აგრძელებს ზღვა ტალღების მოხეთქებას, უფრო ხშირად რომ გაიგოს ეს მელოდია.

“ზღვა წყნარია ნამეტანი, თითქოს სძინავს…” – იდეალურია, სხვაგვარად უბრალოდ ვერ იტყოდი.

მშვიდია ზღვა, მშვიდი და ლურჯი. უსასრულო კიდე.

ღამით გინახია ზღვა?
იცი როგორია? მყუდრო, სასიამოვნო და იდუმალი. მაგრამ გულში რაღაც გიზის, ერთგვარი შიში, უსასრულობის ალბათ.

ღამე პლიაჟზე პირაღმა უნდა დაწვე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დააკვირდე ზღვის მელოდიის ფონზე. აქ დრო უცებ გარბის, გგონია სულ ამ წამს მოხვედი, არ გინდა წასვლა, ვერ ელევი აქაურობას. ფიქრობ, რომ შეგიძლია მთელი ცხოვრება აქ იყო, დანარჩენი სამყარო უბრალოდ არ არსებობს.

კენჭებს ისვრი ზღვაში. რატომ? – არ იცი. აქ ყოფნის სიამოვნება იმდენად დიდია, რომ სუნთქვა გეკვრება და გინდა რამე მოიმოქმედო. ვერ ხვდები სად წაიღო ეს ემოცია. ხოდა, იღებ კენჭს და ზღვაში ისვრი. ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ… ასჯერ… მიაყურადებ ხმას, რომელსაც ზღვა გამოსცემს კენჭის ჩაგდებისას. საშინლად სასიამოვნოა.

უეცრად მოვარდნილი ტალღა გაბრუნებს რეალობაში. თითქოს მოგიახლოვდა, მაგრამ არა, ეს მხოლოდ ერთგვარი გაფრთხილება თუ მუქარაა, ან საკუთარი ძალების დემონსტრირება. გეთამაშება ზღვა, თითქოს პატარა ფისო იყოს – ჯერ თათებით გეთამაშება, მაგრამ მაინც გეშინია უცებ კლანჭი არ გამოგკრას. არადა, ეს პატარა კლანჭი სერიოზულად ვერ დაგაზიანებს. ასეა ზღვაც. არაფერს გერჩის, გეთამაშება უბრალოდ და თავის სიძლიერეს უსვამს ხაზს, მთავარია შენ არ გაუთავხედდე.

უეცრად მოვარდნილი ტალღა მაინც გაფრთხობს და წამოხტები, უკან იხევ.
მიყვები ნაპირს და ზღვის და ფეხის ხმის სინთეზს უსმენ. არ იცი სად მთავრდება ეს მელოდია და არც გაინტერესებს. უბრალოდ მიდიხარ და უსმენ…

ქუჩა ბავშვობიდან…

>

გინდა ბავშვობაში ვიმოგზაუროთ?

მაშინ გამომყევი. ხელი ჩამჭიდე ოღონდ. ხო, მასე…

* * *
უბრალო ქუჩაა, ოღონდ ძალიან ლამაზი. ისეთი კი არა, თანამედროვე და მოპირკეთებული. არა, თავისებური სილამაზე აქვს, რაღაცნაირად ბუნებრივი.

ქუჩა მოასფალტებულია, ოღონდ ჯერ კიდევ ძველ დროს. აქა-იქ ამოტეხილია ასფალტი და გზა ოღრო-ჩოღროა. სადღაც ზევით მიჰყავხარ გზას, ოდნავ აღმართია ოღონდ და არა ძალიან, როგორც ტრადიციული თბილისური აღმართები.

ქუჩის ორივე მხარეს აივნიანი კორპუსებია. ყველაზე მაღალი ხუთსართულიანი თუ იქნება.

კორპუსების აივნებზე ახალგარეცხილი თეთრეული და სამოსია გადმოფენილი, უღრუბლო ცის ფონზე საშინლად ლამაზია. სადარბაზოებთან ძველებური მანქანები დგას, ერთ-ორი, ისიც დანჯღრეული. როგორც ადრე იყო ისე.

ცა მოწმენდილია, მარა მზე ამინც არ აჭყიტებს. დაბურული მინებიდან იყურები თითქოს.

კერძო სახლებიც ჩაუდგამთ აქა-იქ. აგურით ნაშენები სახლები ხის მესერითაა შემოღობილი, რომლის უკან აყვავებული ხეები და მინდვრის ყვავილები მოჩანს, ალბათ დისახლისმა თუ ჩარგო.
ტროტუარის ერთი მხარე არ არის მოასფალტებული. წინა დღის ნაწვიმარ და ჩამუქებულ მიწას საშინლად უხდება ხეებიდან ჩამოცვენილი თეთრი ყვავილები.

მთელს ჩაყოლებაზე აყვავებული პატარა ხეებია. ისეთი სუნი ტრიალებს ირგვლივ, სიამოვნებისგან არ იცი რა ქნა.

“ნაუშნიკებიდან” ბავშვობის მელოდიები ისმის. არ აქვს მნიშვნელობა ვინ მღერის, არც იმას, კინოფილმიდან იქნება ეს მელოდია თუ მულტფილმიდან საერთოდ, მთავარია ბავშვობისაა.
მელოდიებს დროის მანქანის ეფექტი რომ აქვთ ეს ხომ იცი უკვე? ხოდა, მიდიხარ ბავშვობის დროინდელ ქუჩაზე, ბავშვობის მელოდიებით… და “იქ” ხარ ფაქტიურად.

ტროტუარის კიდეზე ადიხარ. აი, იქ, სულ კუთხეში და ფრთხილად დგამ ნაბიჯებს. მერე რა, რომ ახლა ეს დაბალია, ბავშვობაში მაღალი გეგონა და გეშინოდა არ “ჩამოვარდნილიყავი”.

მოიცა, მე ავალ, შენ ქვევით დადექი, ხელი ჩამჭიდე და ისე გამატარე ამ ვიწრო ზოლზე. ხო, მასე…

ამ დროს ცეკვა მოგინდება. ბავშვური ცეკვა ოღონდ, შენებური და სასაცილო, სხეულის ყველა ნაწილი რომ მოძრაობს ერთდროულად. არა, აქ არ ვცეკვავთ, გიჟები ვეგონებით. ნაბიჯს ვუჩქარებთ და თითქმის სირბილით მივდივათ, ასე ვიკლავთ ცეკვის ჟინს. სახეზე დებილურ და ბედნიერ ღიმილსაც მოვუხერხებთ რამეს, ცოტა ხანი იყოს ოღონდ.

* * *
ჰა, რას ფიქრობ, მოგეწონა “მოგზაურობა”?
არც ისე?

რას ვიზამთ, მე ასეთი მახსოვს ჩემი ბავშვობის ლამაზი ქუჩა.

არაუშავს, ხანდახან რთულია ნაწერით გადმოსცე გრძნობები.
სულ სხვაა, როცა იქ ხარ.
მე ვიყავი…

>დაკვირვებიხარ?

>
დაკვირვებიხარ, როგორ შეუძლია ერთ წამს მთელი დღის განწყობა წყალს გაატანოს?

დაკვირვებიხარ, რომ შეიძლება “მოკვდე” ერთ წამში?

იმას თუ დაკვირვებიხარ, რომ შეიძლება თავიდან “დაიბადო” კიდეც ერთ წამში?

დაკვირვებიხარ, რა უცებ იძენენ გარკვეულ მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში თითქოსდა უმნიშვნელო ადამიანები?

იცი, რა უცებ შეგიძლია ატკინო ვინმეს გული? შორეულსაც კი? ისევე, როგორც მათ შეუძლიათ გატკინონ.

დაკვირვებიხარ, რამდენად საყვარელია ყველაფერი ძველი? ცუდიც კი, რა სასიამოვნოდ გაგონდება?

დაკვირვებიხარ, რომ ზოგიერთ მელოდიას დროის მანქანის ეფექტი აქვს?

დაკვირვებიხარ, რომ ვინც გიყვარს ის არასდროს გავიწყდება?

დაკვირვებიხარ, რას გრძნობ, როცა საყვარელ ადამიანს ხედავ?

თვალებით გისაუბრია? ისე, რომ ხმის ამოღების სურვილი არ გაგჩენია?

საყვარელი ადამიანის ხელის გულის სითბო გიგრძვნია? ხელი უფრო მაგრად ჩაგიჭიდია ამის გამო?

წარმოგიდგენია ოდესმე ადამიანი, რომელიც არ იცი ვინაა, სადაა, მაგრამ თბილია და მაგრად გიკრავს გულში?

საყვარელი ადამიანის დანახვისას გული აგჩქარებია და ღიმილი ვერ შეგიკავებია?

ნაცნობი გამოსახულება გიძებნია ხალხში?

მოლოდნელად მოსული მესიჯის სიტკბო იცი როგორია? ის მოლოდინი იცი, შემდეგი მესიჯის მოსვლამდე რომ გაფორიაქებს?

ის სიხარული თუ იცი, როცა აცნობიერებ, რომ უკვე მოულოდნელად მოსული მესიჯის დაკიდება შეგიძლია.

დაკვირვებიხარ, რომ რამდენიმე მელოდია მხოლოდ შენია?

სარკეში საკუთარი გამოსახულებისთვის ღიმილი გიჩუქნია?

გარეთ გასულს ცაში აგიხედია და გაგიღიმია?

სასიამოვნო სილამაზე შეგხვედრია? რომ გიხარია მისი არსებობა ისეთი.

მოგნატრებია? ძლიერ თუ მოგნატრებია, ჩახუტებაზე რომ გიოცნებია…

მერე ეს ოცნება რეალური გამხდარა და გაგხარებია?

ღამით მარტოს გისეირნია?

გაზაფხულის სუნი შეგიგრძვნია?

დაკვირვებიხარ, რა ლამაზია ზღვა? ტალღების მოძრაობას დაკვირვებიხარ? ზღვის ხმა მოგისმენია? ტალღას გაყოლილი ქვიშის ხმა იცი როგორია?

რა ბედნიერი ხარ რომ იცოდე 🙂

P.S. ეს სიმღერა ისე, რაღაცნაირი ღრმა გრძნობებისთვის 🙂

>სიცხეა?.. (საშინლად სასიამოვნო სიმყუდროვე)

>
ამინდი გაგიჟდა, გადაირია და გააპროტესტა ყველაფერი ერთად.
მერე იფიქრა, ირიბი შეტევა უფრო მესიამოვნებაო.

გინდოდათ ზამთარი და თოვლი? – აჰა თქვენ, წაიღეთ.
ააა, მოგბეზრდათ?! აკი ძალიან გინდოდათ?!
ახლა სითბო გინდათ?!
კაი, აჰა თქვენ სითბო, იარეთ ახლა “კურტკებით”!..
ცხელა? მართლა? აკი სითბო გინდოდათ?

ცხელა ქუჩაში? ძალიან? ტრანსპორტში უფრო?

კაი ერთი, იკადრეთ და გაისეირნეთ ცოტა, შეიარეთ პარკში და ჩამოჯექით, თან წაიკითხეთ რამე. მერე მადლობა მითხარით კაი ამინდისთვის.

* * *
ლამაზ-ქალაქი იცი როგორია?
მე კი…

პატარაა, დიდი პარკისოდენა. მანქანები არ მოძრაობენ (მაქსიმუმ ტრამვაი), სამაგიეროდ ეტლია, ორი თეთრი ცხენით.

შუაში დიდი ფანტანია (მერე რა, რომ “მშრალი”), რომლის ირგვლივ კოხტად შეკრეჭილი ოთხკუთხა და მრგვალი ბუჩქებია.

მზე ანათებს სასიამოვნოდ, კი არ ცხელა, თბილა.

ცას თავისი ფერი აქვს, არც ღრუბელია და არაფერი, ცა ცის ფერია, ცისფერი.

კიბეებია, ფართო და პატარ-პატარა, სიამოვნებით და მხიარულად ჩასარბენი.

წინ სამი პოლიციელი მიდის მხიარულად, რაღაცნაირად სხვანაირად. ქუდები ხელში უჭირავთ და ხუმრობენ რაღაცაზე, თან სასიამოვნოდ იცინიან. ძალიან სასიამოვნოდ, ადამიანურად.

ჩარბიხარ კიბეებზე და მსუბუქი ნიავი გეფერება, თმა ლოყაზე გეხება.

მზის სხივები უფრო სასიამოვნო ფერს აძლევს თმას, მოწითუროს თითქოს.

ფანტანთან (მერე რა, რომ “დამშრალია”) ხალხი სეირნობს, ყველას ღიმილიანი სახე აქვს. მშობლები პატარებს ასეირნებენ ფერადი ეტლებით, ან პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარებიან. ბავშვებს ფერადი და ლამაზი ტანსაცმელი აცვიათ, ცალ ხელში დიდი ბუშტი აქვთ, მეორეში დედის ხელი.

აქვე ბაღის მასწავლებლებიც ასეირნებენ ბავშვებს. მატარებლის ვაგონების მსგავს მდგომარეობაში ჩაუყენებიათ. “ჩუქ-ჩუქ, ჩუქ-ჩუქ”, ხმაურობენ ფერადი ვაგონები.

უფრო სიღრმისკენ თუ გაიხედავ, ატრაქციონები მოჩანს, ფერადი და ბავშვებით დახუნძლული.

ფანტანის (რომლის “სიმშრალესაც” ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს) ირგვლივ ბილიკებია, თავისი სკამებით და წყვილებით.

სიმყუდროვეა. ეს ყველაფერი ჯაჭვისებურია და ერთობლიობაში საშინლად სასიამოვნო სიმყუდროვეს ქმნის.

მყუდროებას წამით ქალის კივილი არღვევს, რომელიც მტრედების შესაჭმელად გავარდნილ ძაღლს უკივის.

უფრო სიღრმეში თუ შეხვალ, ხალხის რაოდენობა მცირდება, მყუდროების ხარისხი კი პირიქით.

თეთრძირიან ხეებთან ერთი წყვილია, გოგო მხიარულად კისკისებს და ხეებს ეფარება, ბიჭი ფოტოებს უღებს…

ცოტა უფრო იქით კანტი-კუნტად (ო, როგორ მიყვარს ეს სიტყვა) თუ იქნებიან მოსეირნენი. სკამების რაოდენობაც იკლებს.

ოთხკუთხა ბუჩქებით შემოსაზღვრული პატარა ადგილი სულ ცარიელია. აქა-იქ (ღმერთო ჩემო, ეს სიტყვაც როგორ მიყვარს), წიწვოვანი თეთრძირიანი ხეების ჩრდილში კუნძებია.
შემოდგომიდან შემორჩენილ ფოთლებზე მარტოხელა მტრედი დასეირნობს, ფოთლები მსუბუქად შრიალებენ.
ნიავიც მსუბუქად დასეირნობს წიწვებიდან თმაზე, მერე იმ შემოდგომისდროინდელ ფოთლებზე.
აქ ყველაზე უინტერესო წიგნიც კი სასიამოვნოდ იკითხება.

სიმყუდროვეა, საშინლად სასიამოვნო სიმყუდროვე.

* * *
სიცხეა? გცხელათ?

(ქარი ამოვარდა, საშინელი.
მშობლებმა შვილები ხელში აიყვანეს.
ცარიელი ფერადი ეტლები და ბუშტები ერთმანეთში ირევიან.
ოთხკუთხა და მრგვალი ბუჩქებიდან ჩამოვარდნილი ფოთლები შემოდგომისდროინდელ ფოთლებთან ერთად ჰაერში ბზრიალით იჭრებიან.
მტვერია და ცა მოიქუფრა.
ქალი კივილით დასდევს ძაღლს. წყვილებიც გარბიან.
პოლიციელებიც რაღაცაზე ბრაზობენ.
თმა სასიამოვნოდ აღარ გეხება ლოყაზე, გაუხეშდა და გაწუხებს.
ქაოსია, საშინელი ქაოსი
.)

– არა, მშვენიერი ამინდია.

თბილა. სასიამოვნო გაზაფხულია.

>რა სი-სუ-ლე-ლე-ა! :-)

>
მოკლედ, გადავწყვიტე უცნაურ სიტუაციებზე დამეწერა, რომლებიც ამ ერთ კვირაში მრავლად გადამხდა და რომლებსაც ხშირად ისტერიულ სიცილამდეც მივყავარ.

პირველი შემთხვევა, რომელიც დღეს გადამხდა და რომელმაც პრინციპში გადამაწყვეტინა პოსტის დაწერა, მეტისმეტად უცნაურია. ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, იმის ნაცვლად, რომ გავიხედო და დავრწმუნდე შუაღამე მართლა იწვის და დნება თუ არა, სწორედ ამ შემთხვევის გამო დებილივით ვიცინი, ისტერიულად ალბათ.

მოკლედ, დაღლილი მოვდივარ სახლში, სულ ცოტა დამრჩა, ქუჩას გადავალ და მორჩა. კუთხეში პატარა მარკეტია. გარეთ რაღაცეები ალაგია, ერთ-ერთ პარკთან კატა ჩაცუცქულა და რაღაცას მიირთმევს იქედან, ისე, რომ მაღაზიის პატრონებს აინუნშიაც არ აგდებს (რამდენი ხანია არ გამომიყენებია ეს სიტყვა, ობი მოედო ფაქტიურად :-D). ნუ, მე დიადი ილია გამახსენდა და “აბა დღეს მე ვის რა ვარგე” – თქო და შევდივარ მაღაზიაში, ვეუბნები რომ კატა რაღაცას ჭამს. სადღაციდან გამოძვრა “კაცი” და სრული სერიოზულობით მეუბნება – “კატაააა? მართლაააა? ვაიმეეე, რას ჭააამს, აგურს ხო არააა?”. არ მინდა ვიფიქრო, რომ იმდენად დებილია, რეალურად თქვა ასე, ამიტომ მგონია მეხუმრა ცუდად, ან მისი ჭკუით დამცინა. ვუბღვერ და გავდივარ. ვაკვირდები პარკს და ვხედავ, კატის საჭმელითაა სავსე. დიდი პარკი, სურსათის რა. კატა მიადგა და ჭამს, ძროხა ხომ არაა? მეც კაი დებილი ვარ, ჯერ შეხედე რა. ასე რომ ყოფილიყო, “პროსტა” გამიკვირდებოდა, აგურის ჭამის შესახებ კომენტარს ვერ მოვისმენდი 🙂 გზაში ისტერიკული სიცილი მივარდება, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მომინელებია.

დღე იგივე, რამდენიმე საათით ადრე. აღმოჩნდა, რომ ლექტორი ვერ მოდის დღეს და თავისუფალი ორი საათი გადავწყვიტე კითხვას დავუთმო. ჩავდივარ ვაკის პაკში, სადღაც მიკარგულში ვპოულობ ცარიელ ადგილს, ერთი სკამი დგას და ისიც დაზიანებული. ალბათ სწორედ ამიტომ ვიღაცას კუნძი დაუდგამს გვერდით. მადლობა გადავუხადე გულში იმ ვიღაცას და მოხერხებულად მოვკალათდი კუნძზე, დავიწყე კითხვა, გადავედი სხვა სამყაროში და რას ხედავ, ორი უცნაურობა არ მომიცუცქდა?! გოგო ჩემხელაა, კაცი ალბათ მამაჩემზე ოდნავ უმცროსი. აქ დავისვენოთო და სკამის საზურგეზე ჩამოჯდნენ. ნუ, მეთქი კაი, ალბათ მყუდრო ადგილი სხვაგან ვერსად ნახეს. დაიწყეს ყატყატი, “უჟას”!.. თავიდან ბოლომდე გავიცანი მათი “სასტავი”, ტელეფონის ნომრებიც გავიგე და “დაჟე” ისიც, რომ ამ გოგოს პარლამენტის წევრის კორპორატიული ნომერი აქვს ერთ ტელეფონში, რომელსაც ეკრანი გაფუჭებული აქვს და ახლა მისი დის ტელეფონით სარგებლობს, მარა ის ნომერი მაინც ჩართული აქვს.

ამბავი მესამე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა – საღამოა, სადაცაა 9 შესრულდება. ჯერ სამსახური, მერე ლექციები და მოვდივარ სახლში დაღლილი. “მარშუტკაში” ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში არავინაა აშკარად, ისეა ყველა გასუსული, მგზავრობაც დასვენებად ეჩვენებათ რთული დღის შემდეგ და ჩაფიქრებულან რაღაცაზე. მანქანაში ამოდის ვიღაცა კაცი, გათხრეშილი მთვრალი, მძღოლს ეუბნება არ ვიცი სად ვარ და წამიყვან?-ო. ეს არც ეუბნება სადაა, არც იმას რომ ვერ წაიყვანს, კრა უცებ ხელი და ჩააგდო, მთვრალი და ლოთი დამაკლდაო თუ რაღაც ამდაგვარი ჩაიბურდღუნა. არ ჩერდება თან, ლანძღავს ამ კაცს მთელი გზა. ერთი, რომ ლოთი კაცი დიდი ვერაფერი სანახავია და მეც არ მომწონს, მაგრამ მეორეა ადამიანური მხარე, ჰუმანურობა და რაღაც ამდაგვარი. ვერ ვხვდები რომელი ემოცია ჭარბობს. ჩემ გვერდით რომ გოგო ზის, ისიც აშკარად ჩემს დღეშია და რაღაცნაირად მიღიმის.

იგივე “მარშუტკა”, იგივე დღე. ჩემი ასაკის გოგო ამოხტა და ჩემს უკან სკამზე დახტა. რაც შეიძლება ხმამაღლა კივის – “გასიებული შავი მძღოლი!..” მდააა… რა გინდა რომ იფიქრო. ცოტა ხანში ირკვევა, რომ ტელეფონზე ელაპარაკება დაქალს და სულ სხვა მძღოლზეა საუბარი. თან ეჩხუბება, მგზავრობის ფული რატომ გადამიხადეო.

დღე იგივე. ზოომაღაზიასთან სამი გოგო შემეფეთა, “Sex In The city” – ის უნიჭო პაროდია, მოკაკუნობენ და ჟღურტულებენ. ერთს თითქოს სპორტული და რაღაცნაირად კლასიკურიც კი ჩანთა აქვს გაშვერილ ხელზე ჩამოპორწიალებული. ჩანთა მცირე ზომისაა და თეთრი, პრიალა. შავად აწერია I love ny. Love რა თქმა უნდა გულით და წითლად. კითხულობს ხმამაღლა და დამარცვლით – “ზო-ო-მა-ღა-ზი-ა…”. მეორე პასუხობს – “ეგ გოგო ცხოველების მაღაზიაა”.

პრობლემა ერთია აქ – მე. მე ვერ ვიგებ მსგავს რაღაცეებს და ყველაზე კაი შემთხვევაში მიკვირს.
ისე ყველაფერი კარგადაა კაცო, რა სისულელეა (ამას დამარცვლით და “ს”-ების ხაზგასმით ვამბობ).

საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ To be continued…

>ერთი საათი ბავშვობაში

>
სიხარულით მიმიღო, გამიღიმა და ბავშვობის კარიც გამიღო.

არ უსაყვედურია ამდენ ხანს რომ არ მივედი. მასზე უკეთესი არავინ იყო, მარა მაინც სხვაგან რომ დავდიოდი და არა მასთან.

გაზაფხული დამახვედრა, კარებთანვე. ერთი მერცხალი თუ ვერა, ერთი აყვავებული და ძალიან ლამაზი ხე მოიყვანს გაზაფხულს, კი.

შევაბიჯე ბავშვობაში.

ოლღა ბებია შემეგება ხაზარულას ვაშლებით, არამარტო ზურიკელას, ჩემი ბებიაც და ყველას ბებია რომაა.

ზურიკელაც იქ იყო, ილიკოც და ილარიონიც. მურადაც.

ხატიას ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნოდი. თვითონ ალბათ მხედავდა. არა, მზე არ ვარ, მარა მაინც.

სოსოიაც იქ იყო და მისი რუსიც, ბეჟანაც გაცოცხლებულიყო და მხიარულად ცხოვრობდა.

აქ იყო ბავშვობა, მეგობრობა მათთან, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება.

ცხოვრება, რომლითაც ისინი ცხოვრობდნენ ჩვენც მათთან ერთად. და ბედნიერება, მიუხედავად სირთულეებისა.

პირველად დაფიქრება ცხოვრების ნამდვილ სირთულეზე და თეიმურაზ ჭიჭინაძე. ქურთი მეეზოვე, აკაცია და დედა. ცხოვრებისეული სირთულეები, რომელიც პირველად ჩანს ასე ახლოს და ასე აშკარად.

მეც დავრბოდი მათთან ერთად მინდორზე, ხელიხელჩაკიდებული და სისულელეებზე ვლაპარაკობდი.

აქ, ქალაქს თითქოს მოწყვეტილი სხვა სამყარო, სადაც დრო ბრუნდება.

ყველაფერი ძველებურია, სეირნობა ალბათ არასდროს ყოფილა ასეთი გემრიელი.

საქანალებიც, ზუსტად ისეთი, ბავშვობაში რომ იყო.

დავჯექი. კვლავ ამიფართხალდა გული, ისე, როგორც ბავშვობაში.

სასაცილო რამეა მოგონებები, წამში შეუძლია ერთი სამყაროდან მეორეში გადაგისროლოს. იქ, სადაც პირველად შეხვდი ზურიკელას და მერის, ოლღა ბებიას, ილიკო ბრუციანს და ილარიონა შევარდნაძეს, მურადას… ხატიას და სოსოიას, ბეჟანას და დათიკოს… კუკარაჩას და მურტალოს, ინგას, 7 ტყვია რომ ესროლა მურტალოს და შვიდივე ააცილა… აკაკი-კაკო-კაკი… შოშია, ლიმონა, ნუნუ ექიმი და “ტანო, ტატანო…” ჯაყო, დადუნა… და “ჰელადოს”:
“- იანგული ლაწირაკი!.
– ჯემალ სკრიპკა.
– გოგოების მაჩალკა…”

ბავშვის ხმამ დამაბრუნა…

“- мама, мама!.. я хочу такие же!.
– что? что такие же?
– сережки, как у неё.
– ои, простите пожалуйсто. она недавно проколола уши и…
– хочешь, подарю.
– ???
– только, они серебряные. можна еи?
– нельзя, недавно проколола и только золото.”

დავბრუნდი…

დავბრუნდი და ამ ყველაფერთან ერთად მოუვლელი და მოუწესრიგებელი რაღაცეებიც შევნიშნე. გულში რაღაც ჩამწყდა.

მე დღეს პირველად ვნახე “მზიური” (კი, მრცხვენია. მაპატიებს ალბათ ზურიკელა.), მინდა ყოველ დღე ვიარო და მივიღო ის სიამოვნება, რაც დღეს. საწყენია, ასე მოუვლელი რომაა და ჭორები გავიგე, გაყიდულია და რაღაცის იგეგმება მის ადგილასო. ზუსტად არ ვიცი, ვერც დავიჩემებ. მარა გთხოვთ, ნუ წაგვართმევთ ბავშვობაში მოგზაურობის შანსს და საყვარელ გმირებთან “შეხვედრის” შესაძლებლობას. თუ არ იგეგმება რამე ისეთი, მოვუაროთ მაინც, მე დავასუფთავებ, ჩემი ხელით, ოღონდ არ “გავათანამედროვოთ”რა. იყოს ისეთი, ძველი და ბავშვობის დროინდელი, ოღონდ მოვლილი…

>გზა…

>
სპონტანურობა. კი.

შაბათია, სამსახურისგან ვისვენებ და ორი ცალი ლექციის მერე მინდა სადმე გავიარო. ვსიო.

ფეხით დავყევი სახლისკენ. გზა აშკარად დიდია. მკიდია.

თეთრად შეღებილი ნაძვები საწინააღმდეგო მიმართულებით ახლა აღარ გარბიან, საერთოდ აღარ გარბიან. ისინი დგანან, წიწვებით დამძიმებულ ტოტებს ზანტად არხევენ და მაკვირდებიან.

ამ უცნაური ტყის თუ პარკის შუაში გზა გადის ისეთი, ბავშვობა გაგახსენდება. ასფალტი საუკუნის წინაა დაგებული, ძირითადად ამოთხრილია და აქა-იქ ჩაბურცულიც (ამობურცულის საწინააღმდეგო მდგომარეობა – ავტ. :-D), კაცმა არ იცის საიდან.

შენობა დიდი. უფრო გრძელი, ვიდრე მაღალი. მარტო ამ შენობითაც იგძნობ კომუნისტურ წარსულს. თავის დროზე ალბათ სერიოზულ დაწესებულებას წარმოადგენდა. ძველი ფილმებიდან გეგონება ამომხტარი. სტილი შენარჩუნებულია.

აქვე ტყეა. ისეთი კიარა, გაუვალი და რამე. არა. ქალაქში როგორი ტყეც შეიძლება იყოს, ისეთი. მის სიღრმეში პატარა სტადიონ-მოედანია, სადაც ერთი ბიჭი ვარჯიშობს ბურთით და სპორტული ფორმით. მიზანი აქვს აშკარად, სასიამოვნოა.

ხომ შუა ქალაქია, მიკარგულია მაინც რაღაცნაირად. შენობები ან არაა, ან კომუნისტების დროინდელი. მარტო ბენზინგასამართი სადგურებია, სოკოებივით ამოზრდილან.

ცა ცისფერია, როგორიც უნდა იყოს, ცის ფერი.

ამ ქალაქში ჭადრები ყველაზე მეტად მომწონს.
ყველგან არიან ლამაზი ჭადრები, თავიანთი უცნაური გირჩებით თუ რაღაცეებით, ძალიან ლამაზია ცის ფონზე. ყველაზე ცუდი ცის ფონზეც ლამაზია ჭადრები, ყველაზე ლამაზი.

გამოჩნდა ხალხი და დასახლება. ტროტუარზე პატარა მოაჯირისმაგვარი რაღაცაა, რომელსაც მობაიკერო ბიჭი მიყრდნობია. გაშეშებულია და ერთ ადგილს მიშტერებია, არ ექანება.

ვიტრინები, ნაცნობი გამოსახულება მათში.

მაღაზიები და ზაბეგალოვკები სარდაფებში. სადილის დროა, სწარაფი კვების ობიექტებთან ხალხი ირევა, ზოგი უკვე “პერაშკ”-ხაჭაპურითურთ სადღაც გარბის, ზოგიც უპერაშკხაჭაპუროდ.

დელისი… კიბეებზე ბავშვი, ფორთოხლებიანი პარკით. მელოდია, ცოცხალი და საკმაოდ სასიამოვნო. სიტუაცია – რაღაცნაირი, ეიფორიული. ხალხი – შავი, მარა მაინც ჭრელი.

“კარები იკეტება, შემდეგი სადგური – სამედიცინო ინსტიტუტი”.

ისევ თვალები, უარაფრო და ამავდროულად ცივი.

სამედიცინო… მელოდია, ისევ სასიამოვნო, ოღონდ არა ცოცხალი.

ისევ ცა, ცის ფერი.

მტრედი, ერთი ცალი, მწვანე კაბიანმა გოგომ დააფრთხო და ააფრინა.

მოხუცი კაცი მაღაზიასთან და მელოდია იქვე, ისიც მოხუცი, მარა დროის მანქანის ეფექტით. მინდა ვიცეკვო, სასაცილოდ მინდა ვიცეკვო, ავყვე რიტმს, ხელებს თამამად ვწევდე ზევით და სხეულის თითოეული ნაწილი ცეკვავდეს, თავისუფლად.

ჭადრები ისევ, ბევრი.

ცა უფრო ცისფერია და სახლი უფრო ახლო.

სპონტანურობა – სასაცილო, გრძნობა – დაღლილობის, არსაიდან მოსული სიამოვნებისგან.

>რაცხა უცნაურობა :-D :-D

>
ისეთი ამინდია, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა და მაკიაჟის გაკეთება რომ მოგინდება.

მარა არსად ვარ წასასვლელი, კვირაა და მიხარიასავით.

აივანზე ვზივარ, მზე აჭყიტებს და განწყობაც არაა ურიგო…

ვკითხულობ… წინ პატარა ბაღია, სადაც იები და სასუტელები მოჰყავს ჩემს მასპინძელს… ულამაზესია, ყოჩივარდები აკლია მხოლოდ…

ვხედავ, ყოჩივარდებიც გამოჩნდა, ციცაბო კლდეა, ულამაზესია იქაურობა. გაზაფხულის სუნია, ისეთი გემრიელი, რომ რავიცი… ორი გოგო გამოჩნდა, სულ პატარები. ძვრებიან იმ ციცაბო კლდეზე და ყოჩივარდებს აგროვებენ, რატომ? – თვითონაც არ იციან. თან თითოეულ ყვავილს ყნოსავენ, თვალებს ნაბავენ სიამოვნებისგან. მერე სახლში მიიტანენ უშველებელ თაიგულს და ლარნაკში ჩადებენ.

საღამოა უკვე, ეზოში ერთი ტყემლის ხე დგას, ისე გადაპენტილა ყვავილებით, ისე, რომ, ჩაეხუტო მოგინდება. საღამოს მზეს, გაზაფხულისას, ეფიცხებიან ადამიანები, სასიამოვნო დღეა…

დავბრუნდი…

წიგნი… წიგნი…

კაი ხანია არ წამიკითხია. ჩემთვის არ წამიკითხია, თორემ ისე კი…

მზე ისე საყვარლად აჭყიტებს, რაღაცა რომ გიხარია და ვერ ხვდები კონკრეტულად რა, ის მომენტია. თან “შუშანიკის შვილების” კითხვა დავიწყე და იქაა ერთი კაი მომენტი – შუშანიკის შვილი გვერდით რომ ჩაგივლის, ვერ ხედავ, მარა რაღაცა რომ გიხარია და არ იცი რა, ე.ი. შუშანიკის შვილმა ჩაგიარაო – დაახლოებით ასეა.

მე რა მიხარია? არ ვიცი… შუშანიკის შვილი მიზის ალბათ გვერდით, უბრალოდ კი არ ჩამიარა…

გაზაფხულია, დილა, მივდივარ უნივერსიტეტში, ბათუმის…

იქ, ახლოს, პარკთან, ლამაზი ყვავილების ბუჩქია, სახელი რომ ვერა და ვერ გავიგე. იასამნისფერი ყვავილი აქვს და ფოთლები სულ არ ჩანს, იასამისფრ ბუჩქს ვხედავ ყოველ დღე. ყოველ დღე ერთ-ერთ ბუჩქს ერთი ყვავილი აკლდება და ჩემს თმაზე ინაცვლებს, რიტუალია უკვე. ასეთ ფორმაში უნივერსიტეტში შესული, გიჟი ვგონივარ ალბათ ბევრს, მარა ეს არაფერი.

უნივერსიტეტიდან ერთად გამოვალთ, ხელიხელჩაკიდებულები და პლაჟს გავყვებით ბოლომდე. მზე თვალებში გვაჭყიტებს და თვალებმოჭუტულები დავსეირნობთ. მერე რას ვიზამთ? – არ ვიცი. საღამომდე რომ ერთად ვიქნებით ვიცი.

… შუშანიკის შვილებო, სად ხართ?

წახვედით?

კაი…

>ღამით თბილისი რანაირია იცი?

>
ღამით თბილისი რანაირია იცი? რაღაცნაირი, უცხო და ცივი…

მაგრამ აქვს რაღაც, მასთან ყოფნას რომ გაიძულებს…

სადღაც იქით, პატარა პარკის უკან, დიდ დასახლებაშიც შუქები რომ აინთება, უფრო დიდი ჩანს ქალაქი…

ერთხელ, ძველმა მეგობარმა მასწავლა ასეთი რამ – უნდა დაჯდე ქუჩის კუთხეში და დააკვირდე მანქანების მოძრაობას, ხალხს ქუჩაზე გადასვლისას და ა.შ. დაახლოებით ისეთი სურათი იშლება, ფილმებში რომ ვხედავთ. როგორც ფილმებში, არც აქ ხარ შენ, ყველაფერი იგივეა – ქალაქი, ქუჩა, ტრანსპორტი… შენ არ ხარ უბრალოდ და გარედან აკვირდები ამ ყველაფერს. საშინელი შეგრძნებაა.

დაახლოებით ასე ვარ ახლაც, ვუყურებ განათებულ და მაინც რაღაცნაირად ჩაბნელებულ თბილისს (ღამეა ბოლოსდაბოლოს) გარედან, უცხოდ და უბრალო მაყურებლად ვგრძნობ თავს.

მანქანები მიიზლაზნებიან, შენელებული კადრი გეგონება.

ყვავილებით მოვაჭრე ქალი ალაგებას იწყებს. დღეს დავინახე როგორ გაყიდა ერთი თაიგული, უსაზღვროდ მესიამოვნა.

თითქოს კაი ამინდი იყო დღეს, მაგრამ ქუჩაში ცოტა ხალხი დადიოდა, პატარა პარკიც სულ ცარიელი იყო.

სეირნობა მომინდა. ასეთ ამინდში სეირნობას რა ჯობია.

ღამით უფრო ცოტა ხალხია ქუჩაში, თან ყველა სადღაც მიიჩქარის, ერთმანეთს ვერც ამჩნევენ.
ზოგს თმა ეწეწება, ზოგი სიცივისგან მობუზული დადის.

ერთ ბიჭს გრძელ, გაბურძგვნილ თმაზე ქუდი ჩამოუფხატებია, თხელი “კურტკის” სახელოებით თითებს მალავს და მილასლასებს.

მერე ორი ბიჭი გაჩნდა საიდანღაც, მოკლე ნაქსოვი ქუდები ახურავთ, მოთეთრო რუხი ფერის და მჭიდრო ჯინსები აცვიათ. ხელებით ლაპარაკობენ…

გოგო გამოჩნდა, ულამაზესი… თმა მკერდამდე წვდება, თან ქარი უწეწავს. ქუდი მსუბუქად ახურია და შარფიც შემოუხვევია ყელზე. დიდი ზომის გრძელი ქურქი თუ რაღაც ამდაგვარი აცვია და დაბალძირიანი ჩექმები, გამხდარი და მაღალია… ქარის და თანმხლები ძაღლის, ლაბრადორის წყალობით თავს ვერ იმორჩილებს, ხან ძაღლი ექაჩება, ხან ქარი უბიძგებს, ამიტომ სწრაფ ნაბიჯს სირბილით ანაცვლებს და პირიქით. მშვენიერი კადრია, მშვენიერი სანახავი.

მოხუცების წყვილი გამოჩნდა. “პადრუჩკით” მოდიან, სეირნობა-სეირნობით, არსად მიიჩქარიან.

პირველი სართულის ფანჯარასთან ვდგავარ, მოსიარულე ადამიანების თავები ლამის ამ ფანჯარას წვდება. ვერ მამჩნევენ…

ალბათ მეც მაკვირდება ვინმე ასე… უსიამოვნოა…

გარეთ ისევ განათებული სიბნელეა და ისევ მაყურებლად ვგრძნობ თავს…

ღამით თბილისი რანაირია იცი? რაღაცნაირი, უცხო და ცივი…

%d bloggers like this: