Blog Archives

>ჩამოვთბილისდი…

>
მივედით და პირდაპირ პლაჟზე დავეყარეთ… სამივე ვიყავით… დავლიეთ ცოტა… ცოტა, მაგრამ მე “მალალიტრაშკა” ვარ 🙂
ვეყარეთ ქვიშაზე, ვწრუპავდით (ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით) გემრიელ სასმელს და ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით… იმაზეც, რომ მალე თვითონაც ჩამოვლენ, მიწისქვეშა გადასასვლელში შევხვდებით ერთმანეთს და ვივლით ბომჟებივით, სამივე…

მერე ვისეირნეთ, მივედ-მოვედეთ მთელ ქალაქს…

მერე ცოტა ხანს მაკნატუნა ვაკნატუნეთ და დიდი წითელი ვაშლები ვჭამეთ…

მერე ჯონი დეპი, ჯუდ ლოუ და 10 წლის წინანდელი ბრედ პიტი შემოგვხვდნენ… ქართულად ლაპარაკობდნენ და ყავაზე გვეპატიჟებოდნენ, მაგრამ სად გვეცალა მაგენისთვის, მერე შეგვეხმიანებიან და ვნახავთ სადმე. ხო, ჯუდი ალბათ თბილისში გამომყვება… 😀 😀

მერე წვიმას იწყებდა და თან ჩამობინდდასავით, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი მალე მატარებლისკენ უნდა გაქანებულიყო…

დავემშვიდობე, ჩვეულებრივად… იმდენად მივეჩვიეთ ერთმანეთს, იმასაც, რომ ყოველ დღე უნდა ვნახოთ ერთმანეთი, უცებ ვერც გავაცნობიერე, რომ ხვალ ვერ ვნახავდი. ჩვეულებრივად დავემშვიდობე ორივეს. არადა მაგრად, ისე მაგრად უნდა ჩავხუტებოდი, ცოტა ხანს რომ გამყოლოდა სითბო…

მართალია, დედამიწას სიყვარული ატრიელებსო. კი დომენიკო, კი…

მერე იყო მატარებელი… გრძნობა, რომ მძიმე ჩანთებისგან ხელები არამარტო დამეწეწა, არამედ მოგლეჯილი ყრია სადღაც, მალე გავიდა…

ტადამ-დადამ, ტადამ-დადამ…
ხეები და ლამპიონები საწინააღმდეგო მიმართულებით გარბოდნენ…
ტადამ-დადამ, ტადამ-დადამ…

… და გემრიელად ჩამეძინა, მატარებელში თუ ვიყავი ვერც ვგრძნობდი ამჯერად…

გაღვიძებულს თოვლი დამხვდა, ლამაზი ძალიან…
ხომ ვამბობდი, ბათუმიდან ჩავიტან თოვლს-თქო 🙂
ლამაზია თოვლიანი თბილისი…

სასიამოვნო იყო დილის “სუფთა” ჰაერი, მატარებლიდან ჩამოსვლისთანავე რომ მეტაკა ცხვირში… და საერთოდაც, დილა თბილისში სხვანაირია…

ჩამოვთბილისდი…

Advertisements

>რაც / ვინც მიყვარს

>

მანდარინი მიყვარს, ახალად შემოსული, ჯერ კიდევ მწვანე რომაა და ოდნავ სიყვითლეში გადადის, გემოც ასეთი აქვს, მჟავე და ოდნავ სიტკბოში გადასული 🙂

მეგობრები მიყვარს, განსაკუთრებით 2 ცალი ძალიან საყვარელი მეგობარი…

მიყვარს მათთან ერთად რომ ვსეირნობ, არსად გვეჩქარება და ხელიხელჩაკიდებულები დავბოდიალებთ აქეთ-იქით… მიყვარს პლაჟზე რომ ჩავდივართ ღამე, დავეგდებით ქვიშზე და ვარსკვლავებს ვუყურებთ რატომღაც… ამ დროს ან საერთოდ არ ვლაპარაკობთ, ან სისულელეებზე ვსაუბრობთ 🙂

გაზაფხულის სურნელი მიყვარს…

ბათუმი მიყვარს, თავისი პატარა ქუჩებითა და ჩიხებით, სულ ცოტა ხანში მთელი ქალაქის შემოვლა რომ შემიძლია…

ზღვა მიყვარს, ვგიჟდები ზღვაზე… დიდი ხნის შემდეგ პირველად რომ შედიხარ და ისე მიცურავ, გგონია ხელ-ფეხს არც აქანებ, ზღვას თავისით მიყავხარ…

მიყვარს დილით მზის სხივი რომ მაღვიძებს…

მშობლები მიყვარს ძალიან, და-ძმაც ასევე… (ეს ბუნებრივი მოვლენა მეგონა მე, მაგრამ თანდათან ვრწმუნდები, რომ იშვითობად იქცა…)

ჩემი ფისო მიყვარს…

ბიძაჩემი მიყვარს და მენატრება ძალიან…

კითხვა მიყვარს ძალიან და ის შეგრძნება, სახლში რომ მიგეჩქარება წიგნის კითხვის გამო, აუცილებელი საქმე რომ გაქვს და თითოეული წაკითხული აბზაცი ძვირფასია, საქმეზე წასული კიდევ წიგნის სიუჟეტზე რომ ფიქრობ და სული ერთი გაქვს როდის მიხვიდე სახლში… აივანზე ან ფანჯარასთან რომ კითხულობ, უკვე ბნელდება, არადა შუქის ჩართვა საშინლად გეზარება, ეს დრო საუკუნედ გეჩვენება და გგონია რაღაც გამოგრჩება ახლა რომ ადგე და ჩართო ეს შუქი… ნორმალურად რომ ვეღარ არჩევ რა წერია, მარა მაინც კითხულობ…

ნოდარ დუმბაძე მიყვარს, ზურიკელა და სოსოია, ხატია და ბეჟანა…

დომენიკო მიყვარს კიდე და ის კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ, ძლიერ უყვარდა… მისი ტერმინი მიყვარს _ ”მისალოცი”…

მოწმენდილი ცა მიყვარს, მის ფონზე ხეები და სახლები ფოტოშოპში დამუშავებულ სურათს რომ ჰგავს…

ერთი ყვავილი მიყვარს, სახელი არ ვიცი, მარა ბათუმში შემოდგომაზე სულ მისი სურნელი ტრიალებს… ყვავილი კი არა, ხეა, თეთრი პაწაწინა ყვავილებით. ახლოს რომ ჩაუვლი და იმდენად ღრმად ჩაისუნთქავ, გაბერილი დადიხარ მერე 🙂
ვარდები მიყვარს კიდე ძალიან და მათი სურნელი…

ვაშლი მიყვარს…

მიყვარს, ის დღე, როცა სარკეში საკუთარ გამოსახულებას ვუღიმი…

მიყვარს დიდხანს რომ ვეძებ რაღაცას ან მინდა რამე და ვპოულობ…

მიყვარს რამდენიმე ადამიანის დანახვისას გული რომ მეკუმშება სიხარულით…

მიყვარს ის ადამიანები ჩემთან შესახვედრად ბოლომდე გაბადრულები რომ მოდიან, სახეზე აწერიათ, რომ მართლა გაუხარდათ ჩემი ნახვა… გულწრფელად რომ ეღიმებათ და ვერ მალავენ ღიმილს…

ჩემი ბლოგიც მიყვარს, სხვისთვის შეიძლება უინტერესო და უაზროც კი, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აზრიანი…

გვირილები მიყვარს…

>მჟავე ვაშლი, კარალიოკი და სკოლა სოფელში…

>სოფელში ვიყავი ერთდღიანი ვიზიტით… დასვენებით ნაკლებად დავისვენე, მაგრამ მაინც კაი იყო… მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ ხშირად ავიდე, სულ მენატრება სოფელი, მაგრამ ერთ კვირაზე მეტხანს ვერ ვძლებ იქ…
შემოდგომაა და ამჟამინდელი ასვლა წარმატებით დასრულდა _ ბეეეეევრი და სხვადასხვაგვარი ხილი ვჭამე. ყველანაირ ვაშლზე ვგიჟდები, მაგრამ მეზობელმა მომითრია უსაყვარლესი ვაშლი, რომელიც ბავშვობას მახსენებს. ეზოში გვქონდა ეს ვაშლი და იმიტომ. ”ცარსკი” ქვია, ან ეძახიან ასე, არ ვიცი… მართლაც მეფური ვაშლია!.. მახსოვს, ნაყოფს გამოიღებდა თუ არა ხეზე ვიყავით და პატარა, მწვანე და საშინლად მჟავე ვაშლუკებს მივირთმევდით, მაგრამ მაინც უგემრიელესი იყო და დღესაც მახსოვს იმის გემო. ხოდა, იმას ვამბობდი, რომ ეს ვაშლი მომითრია მეზობელმა, ისეთივე მწვანე და მჟავე, ბავშვობა გამახსენდა… რატომღაც არ მომწონს გამოთქმა ”ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა”, ბავშვობა ყოველთვის ბედნიერია, ძალიან გამონაკლისი შემთხვევების გარდა. უბრალოდ, ამ დროს ნაკლებად ფიქრობ პრობლემებზე და ბევრ სხვა რამეზე.მერე, რომ იზრდები გენატრება ის დრო და მასთან დაკავშირებული ყველაფერი. მე ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, მაგრამ მაინც მაქვს მონატრების მაგვარი რაღაც და ბავშვობისდროინდელ ”რაღაცეები” უფრო მიმძაფრებენ ამ გრძნობას.
ხოდა, კარალიოკი ვჭამე კიდე 🙂 ამ ხილის არსებობის შესახებ იშვიათად მახსენდება, არადა ძალიან მიყვარს. მაგარი ხილია, სახელიც რომ შესაბამისი აქვს 🙂 მახსოვს, ბავშვობაში მე და ჩემი მეზობელი, ამავე დროს რაღაცნაირი ბიძაშვილი ყოველდღე რომ ვივსებდით ჩანთებს კარალიოკით… სოფელში ერთ ეზოში ვცხოვრობდით და მიუხედავად იმისა, რომ სულ ვჩხუბობდით, უჩემოდ სკოლაში ფეხს არ გაადგამდა. სკოლა საშინლად არ უყვარდა, ყოველ დილით მეკითხებოდა მივდიოდი თუ არა, უმეტეს შემთხვევაში დადებით პასუხს იღებდა და მერე შემომაპარებდა უკეთესია დღეს თუ არ წავალთ, მგონი წვიმას აპირებსო 🙂 ერთ მერხთან ვიჯექით და მთელი გაკვეთილის განმავლობაში ენას არ აჩერებდა. ერთხელაც განცვიფრებულ-გაოცებული მეძახის და წარწერას მაჩვენებს რვეულზე. ეს ის მომწვანო რვეულია, როგროც იქნა რუსული ” тетрадь”-ის ქვეშ ქართულად ”რვეულიც” რომ მიაწერეს. ხოდა, მეუბნებოდა შეცდომა მოსვლიათ ”მაგ შტერებს”-ო, ”რეული” უნდა ეწეროს და ”რვეული” წერიაო:-) (ასე ამახინჯებდა ყველა სიტყვას და დღესაც ურევს ხოლმე)…
გაკვეთილების შემდეგ მე და ჩემი მეგობარი ხელიხელჩაკიდებულები მივდიოდით სახლისკენ, რომელსაც 3 კილომეტრი გვაშორებდა. გზაში ნაპოვნი თითოეული ვაშლი თუ მსხალი ჩვენთვის ერთნაირად ძვირფასი იყო. ამიტომ შემოდგომა განსაკუთრებით გვიყვარდა, სულ ხეებისკენ ვიყურებოდით 🙂 ერთ ეზოში პატარა კარალიოკის ხე გვეგულებოდა, თან პირდაპირ ”ზაბორთან” იყო და ასვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. მახსოვს, ერთხელ კარალიოკის პატრონმა გამოგვხედა გვითხრა ოღონდ თქვენ ფრთხილად იყავით და ეს ხე თქვენთვის მიჩუქნიაო. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, პატარა ხე გვქონდა და თანაც კარალიოკის!.. მას შემდეგ, შემოდგომის დადგომისთანავე, ჩვენს პატარა კარალიკს ვაკვირდებოდით და როგორც კი ნაყოფი გაიზრდებოდა, ვჭამდით უამრავს. მერე რა რომ ცოტას წაიმლაშებდა, ბოლომდე დამწიფებას ნამდვილად ვერ დაველოდებოდით. ყოველდღე ადიოდა ჩემი თანამგზავრი ხეზე, კარალიოკით გაავსებდა ჯერ მის და შემდეგ ჩემს ჩანთას და არხეინად მივდიოდით სახლისკენ.
ხოდა, იმ ერთმა კარალიოკმა ამომიტივტივა ბავშვობის სასაცილო მოგონებები. ისევ მომინდა კარალიოკებით ჩანთადამძიმებულმა და წელში მოხრილმა ავიარო ის გზა, როგორც მაშინ…
P.S. აქვე ერთი სასაცილო ისტორიაც გამახსენდა _ რადგან სკოლა საკმაოდ შორს გვქონდა და გაკვეთილების შემდეგ საშინლად ვიღლებოდით, მე და ჩემს მეგობარს დედაჩვენები საგზალს გვიმზადებდნენ, რომელშიც 2 ცალი ბუტერბროდი შედიოდა. სახლში სხვა მეზობელ ბავშვებთან ერთად ვბრუნდებოდით, მე მარტო ჭამა მერიდებოდა და უკანვე მიმყვებოდა დედაჩემის დამზადებული ბუტერბროდები. ამ დროს ჯერ კიდევ ძალინ პატარები ვიყავით და სკოლაში უფროსკლასელ მეზობლებთან ერთად დავდიოდით, ირინა, შორენა და ია ერქვათ იმ გოგონებს:-) ხოდა, დედაჩემმა ყველაზე უფროსს თხოვა მიმიხედე ამას და შეახსენე ჭამაო. ჩემი მეგობარი თავის საგზალს სკოლაში ”ტურბოს სერიებში” ცვლიდა და გზაში როგორც კი მოშივდებოდა, იმ გოგოს ეუბნებოდა – ”ირინა, რაღაც გავიწყდება!”. ის გოგო ხვდებოდა რაც ავიწყდებოდა და საგზალის ჭამას მახსენდებდა, რომლის ნახევარი თავისთავად ჩემი მეგობრის იყო, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მის გარეშე ვერაფრით შევჭამდი და მეორეც, ის ერთი ბუტერბროდიც სახლის ჭიშკრამდე მიმყვებოდა ხოლმე.

ახლაც მახსოვს იმ ბუტერბრდების გემო, არადა არაფერი იყო ისეთი განსაკუთრებული _ კარაქინი ან ყველიანი პური და ა.შ. კიდევ, ძალინ მიყვარდა დედაჩემი რომ მაჭმევდა თავისი ხელით გაკეთებული ლუკმებით, ასე სულ სხვანაირი გემო ჰქონდა საჭმელს. ის ბუტერბროდებიც დედაჩემის გაკეთებული ლუკმებივით, რაღაცნაირად გემრილი იყო, რომ ვერ აღწერ ისეთი…

%d bloggers like this: