Blog Archives

To be :)

მაშინ, როცა რომელიმე ენის მასწავლებელი დროებზე გვესაუბრებოდა, მეგონა ეს მხოლოდ სიტყვებს შეეხებოდა, იმას, თუ როგორ დაწერ და ისაუბრებ ამა თუ იმ დროში. ხოდა, მეც ქართულად, რუსულად თუ ინგლისურად ვიმახსოვრებდი შესაბამის სიტყვებს.

არ ვიცი როდის და როგორ, მაგრამ მივხვდი, რომ ეს უბრალოდ სიტყვები კი არა, ჩვენი მდგომარეობაა. მდგომარეობა წარსულში, აწმყოსა თუ მომავალში.

წარსული მაგარია! ყველაზე მაგარი, თუნდაც მაშინ, აწმყოში არც არაფერი ყოფილიყო. გახსენდება კონკრეტული დრო, ადამიანები და რაღაცნაირი სიამოვნება გეღვრება გულში. იქნებ მერე ის ადამიანებიც გაქრნენ და დრო ხომ თავისთავად, მაგრამ იყო რაღაც, რაც გიზიდავს და გაიძულებს მათი გახსენებისას შენდაუნებურად გაიღიმო.

მაგრამ ეს რაა, მომავალში უკეთესი იქნება! აი, იმ მომავალში, როდის დადგება რომ არ იცი. ხოდა მიდიხარ მისკენ, ხან ნელა და შეფერხებით, ხანაც პირიქით. ამ დროს ერთადერთი, რაც იცი, არის ის, რომ იქ, სადღაც უკეთესია. უკეთესია წარსულზე და აწმყოზეც, იმაზე, რაც ახლა გაქვს.

ახლა რა გაქვს? არაფერი! გარდა პრობლემებისა, დაულაგებელი პირადი ცხოვრებისა, აწეწილი გეგმებისა და რავი, კიდევ ათასი უბედურებისა. ამ დროს ერთადერთი, რაზეც ფიქრობ, დასვენებაა და ამ ყველაფრისგან გათავისუფლება.

რამდენიმე დღის წინ თითქმის ერთი თვის მუშაობა წყალში ჩამეყარა – “ფლეშკა” დამივირუსდა და დედლაინის წინა დღით ყველა ფაილი წამეშალა. მაშინ, როცა მასალის დასკვნით ნაწილზე ვფიქრობდი არხეინად, აღმოჩნდა, რომ შესავალიც აღარ მაქვს.

იმ საღამოს მივხვდი, რომ სუსტი ვარ, იმდენად სუსტი რომ შემიძლია დავყარო ყველაფერი, შევეშვა და უბრალოდ ვიტირო. ვიტირე კიდეც, მთელი ნახევარი საათის განმავლობაში 🙂 მაგრამ ამით რა? ცოდო ვარ? შემიცოდებს ვინმე? თუნდაც ლექტორი?

ყველაზე ცუდად მაშინ ხარ, როცა საკუთარი თავი გეცოდება. მეც შემცოდებია საკუთარი თავი. იმ დღესაც შემეცოდა. საზიზღობაა! საკუთარი თავის შეცოდება დანებების ტოლფასია. დანებდები ერთ წაშლილ მასალას, მერე ცუდ შეფასებას, ყოველდღიურობას და ბოლოს მთლიანად ცხოვრებას.

… მაგარი შეგრძნებაა, როცა განთიადის მოახლოებას იგრძნობ, ღამე გაფერმკრთალდება და მონიტორზე უკვე მზა მასალა გეგულება. წელში გაიმართები, ოდნავ გაიღიმები და რამდენიმე საათით დაიძინებ.

მერე ახალი დღე იწყება, მზიანი. დილის სუსხი სასიამოვნოდ გაფხიზლებს, მზის სხივი კი სითბოს გიღვრის მთელ სხეულში. ხვდები, რომ ყოველ დღეს აქვს თავისი პლიუსი, პოზიტივი და რატომ არ უნდა დაინახო? რატომ უნდა გაუშვა ხელიდან მარტივად და რატომ არ უნდა მიიღო სიამოვნება მათგან?

ხოდა მეღიმება… მეღიმება, იმიტომ, რომ ჭადრის ფოთლების ფერის ჩიტი ძალიან ლამაზია; მეღიმება, იმიტომ რომ სასიამოვნო მუსიკას ვუსმენ; მეღიმება, იმიტომ რომ დილა სასიამოვნოდ იწყება; მეღიმება, იმიტომ რომ იმ მოხუც ქალს გაეღიმა, ადგილი რომ დავუთმე ავტობუსში; მეღიმება, იმიტომ რომ ხელები თბილად მაქვს და მეღიმება იმიტომ, რომ სითბოს ვგრძნობ;

მეღიმება, იმიტომ რომ წამის შეგრძნება შევძელი… და მიხარია… მიხარია, რომ შემიძლია ვიცხოვრო აწმყოთი.

Advertisements

აწმყო

იშვიათად მაქვს სურვილი ვინმეს საკუთარ თავზეც ველაპარაკო, გავიხსნა, შედეგად კი ცოტა მომეშვას. მარტივად ვერ ვლაპარაკობ პირად რაღაცეებზე და ალბათ ბლოგიც ამიტომ მაქვს.

იშვითად, მაგრამ ხდება ისეც, რომ მინდა ადამიანს ველაპარაკო და არა ბლოგს, ის რაღაც წინაღობაც თავისთავად ქრება და ვიხსნები. მაგრამ ამ დროს კედელს ვეჯახები ძირითადად, რომელიც არ მიშვებს იქით და იძულებული ვარ უკან დავიხიო. იმის გაცნობიერება, რომ როცა შენ გჭირდება მაშინ არავინაა გვერდით, ვინც უბრალოდ მოგისმენს, დაინტერესდება რა გიჭირს და ა.შ., არც ისე მარტივია.

ადამიანები აწმყოთი იშვიათად ვცხოვრობთ, ან წარსულია ჩვენი ცხოვრება, ან მომავალი, აწმყო ყველაზე ნაკლებად. ხომ შეიძლება უბრალოდ მივყვეთ საკუთარ თავს, სურვილებს და არ ვიფიქროთ წარსულზე და მომავალზე, ვიყოთ ისეთები, როგორებიც ახლა ვართ, ვიცხოვროთ ისე, როგორც გვინდა.

წარსულით იშვიათად, მაგრამ თითქმის მთელი ცხოვრება მომავლით ვცხოვრობ, მომავალზე ვფიქრობ და არა აწმყოზე. და როცა შევძელი ფეხებზე დამეკიდა რა მოხდებოდა მომავლში კონკრეტული შემთხვევების გამო, სხვებმა არ დაიკიდეს.

და რა არის ურთიერთობები? ნებისმიერი სახის ურთიერთობა იმიტომაა, რომ აწმყოში მიიღო მისგან სიამოვნება, მომავალში რა მოხდება არავინ იცის. დრო ძალიან სწრაფად გადის და ერთი ხელის მოსმით ანგრევს ყველაფერს, სამაგიეროდ ქმნის ახალს, ხშირად ძველზე უკეთესს, ხშირად კი პირიქით.

ხომ ვთქვი, იშვიათად მაქვს სურვილი ავდგე და რამე მოვყვე, ყველაფერთან მარტო გამკლავებას მივეჩვიე და იმიტომ ალბათ. მაგრამ როცა მეც მინდა ვიყო სუსტი, ერთხელ მაინც და ვილაპარაკო იმაზე, რაზეც ზოგადად არ ვსაუბრობ, ყველა სადღაც მიდის. ხოდა, ბედნიერი მგზავრობა!..

წასვლა მეც შემიძლია, მეტკინება, მაგრამ მაინც. ერთადერთი, რამაც შეიძლება შემაჩეროს, ისევ ის ხალხია, ვისთვისაც მეც შეიძლება ვიყო ძვირფასი და ჩემი წასვლით ვატკინო. მთავარია იმათ არ ვატკინო, ვინც მიყვარს, საკუთარ ტკივილს გადავიტან. და თუ მათ არ ეტკინებათ, რა პრობლემაა, ახლავე წავალ!.. ხო, აარიდო თავი საყვარელი ადამიანების ტკივილისგან გამოწვეულ საკუთარ ტკივილს – ეს ეგოიზმის ყველაზე მაღალი საფეხურია ალბათ, მაგრამ დაე!..

ხოდა, მე ვიქნები ძლიერი! ჩემი ცხოვრებაა და რასაც მინდა იმას ვუზამ. მერე რა, რომ მეტკინება, ფეხებზე მკიდია!.. შემიძლია გავუმკლავდე, ეს არაფერია. მალე გადამივლის და ყველაფერი დალაგდება, თავის ადგილს დაუბრუნდება.

მე და შენ

         ის იმ დიდმა სითბომ და ნეტარებამ გააჩინა, რომელსაც– სიყვარული ქვია.  რამდენიმე დღე თვალების გახელაზე არც უფიქრია. ასე თვალდახუჭული იწვა დედის მკერდს ჩახუტებული და მთელი სამყარო იმ სათამაშო ოთახად გადაიქცა რომელში მოხვედრის გამო, ანგელოზებსაც კი სიხარულის ჟრუანტელი უვლით ხოლმე.

აი ასეთია ახლად დაბადებული სიცოცხლის შეგრძნება.

როდესაც მზისგან გავარვარებულ მიწაზე ორფუთიანი ხმლით ხელში მტრის ლაშქარისკენ გამძვინვარებული გარბოდა მთელი მისი აზრები მეგობრების, სამშობლოს და საერთოდ მისი ძვირფასი სათამაშოების ოთახის დაცვას დასტრიალებდა გარშემო.  მას და კიდევ უამრავ მის მოძმეს: ისე აათალეს მარჯვენა და ისე გაუპეს თავი, რომ სიკვდილი–ნეტარების ეიფორიამ შეცვალა მყისიერად.

ალბათ ასეთია მოტივირებული სიკვდილი.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: