Blog Archives

>სიცხეა?.. (საშინლად სასიამოვნო სიმყუდროვე)

>
ამინდი გაგიჟდა, გადაირია და გააპროტესტა ყველაფერი ერთად.
მერე იფიქრა, ირიბი შეტევა უფრო მესიამოვნებაო.

გინდოდათ ზამთარი და თოვლი? – აჰა თქვენ, წაიღეთ.
ააა, მოგბეზრდათ?! აკი ძალიან გინდოდათ?!
ახლა სითბო გინდათ?!
კაი, აჰა თქვენ სითბო, იარეთ ახლა “კურტკებით”!..
ცხელა? მართლა? აკი სითბო გინდოდათ?

ცხელა ქუჩაში? ძალიან? ტრანსპორტში უფრო?

კაი ერთი, იკადრეთ და გაისეირნეთ ცოტა, შეიარეთ პარკში და ჩამოჯექით, თან წაიკითხეთ რამე. მერე მადლობა მითხარით კაი ამინდისთვის.

* * *
ლამაზ-ქალაქი იცი როგორია?
მე კი…

პატარაა, დიდი პარკისოდენა. მანქანები არ მოძრაობენ (მაქსიმუმ ტრამვაი), სამაგიეროდ ეტლია, ორი თეთრი ცხენით.

შუაში დიდი ფანტანია (მერე რა, რომ “მშრალი”), რომლის ირგვლივ კოხტად შეკრეჭილი ოთხკუთხა და მრგვალი ბუჩქებია.

მზე ანათებს სასიამოვნოდ, კი არ ცხელა, თბილა.

ცას თავისი ფერი აქვს, არც ღრუბელია და არაფერი, ცა ცის ფერია, ცისფერი.

კიბეებია, ფართო და პატარ-პატარა, სიამოვნებით და მხიარულად ჩასარბენი.

წინ სამი პოლიციელი მიდის მხიარულად, რაღაცნაირად სხვანაირად. ქუდები ხელში უჭირავთ და ხუმრობენ რაღაცაზე, თან სასიამოვნოდ იცინიან. ძალიან სასიამოვნოდ, ადამიანურად.

ჩარბიხარ კიბეებზე და მსუბუქი ნიავი გეფერება, თმა ლოყაზე გეხება.

მზის სხივები უფრო სასიამოვნო ფერს აძლევს თმას, მოწითუროს თითქოს.

ფანტანთან (მერე რა, რომ “დამშრალია”) ხალხი სეირნობს, ყველას ღიმილიანი სახე აქვს. მშობლები პატარებს ასეირნებენ ფერადი ეტლებით, ან პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარებიან. ბავშვებს ფერადი და ლამაზი ტანსაცმელი აცვიათ, ცალ ხელში დიდი ბუშტი აქვთ, მეორეში დედის ხელი.

აქვე ბაღის მასწავლებლებიც ასეირნებენ ბავშვებს. მატარებლის ვაგონების მსგავს მდგომარეობაში ჩაუყენებიათ. “ჩუქ-ჩუქ, ჩუქ-ჩუქ”, ხმაურობენ ფერადი ვაგონები.

უფრო სიღრმისკენ თუ გაიხედავ, ატრაქციონები მოჩანს, ფერადი და ბავშვებით დახუნძლული.

ფანტანის (რომლის “სიმშრალესაც” ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს) ირგვლივ ბილიკებია, თავისი სკამებით და წყვილებით.

სიმყუდროვეა. ეს ყველაფერი ჯაჭვისებურია და ერთობლიობაში საშინლად სასიამოვნო სიმყუდროვეს ქმნის.

მყუდროებას წამით ქალის კივილი არღვევს, რომელიც მტრედების შესაჭმელად გავარდნილ ძაღლს უკივის.

უფრო სიღრმეში თუ შეხვალ, ხალხის რაოდენობა მცირდება, მყუდროების ხარისხი კი პირიქით.

თეთრძირიან ხეებთან ერთი წყვილია, გოგო მხიარულად კისკისებს და ხეებს ეფარება, ბიჭი ფოტოებს უღებს…

ცოტა უფრო იქით კანტი-კუნტად (ო, როგორ მიყვარს ეს სიტყვა) თუ იქნებიან მოსეირნენი. სკამების რაოდენობაც იკლებს.

ოთხკუთხა ბუჩქებით შემოსაზღვრული პატარა ადგილი სულ ცარიელია. აქა-იქ (ღმერთო ჩემო, ეს სიტყვაც როგორ მიყვარს), წიწვოვანი თეთრძირიანი ხეების ჩრდილში კუნძებია.
შემოდგომიდან შემორჩენილ ფოთლებზე მარტოხელა მტრედი დასეირნობს, ფოთლები მსუბუქად შრიალებენ.
ნიავიც მსუბუქად დასეირნობს წიწვებიდან თმაზე, მერე იმ შემოდგომისდროინდელ ფოთლებზე.
აქ ყველაზე უინტერესო წიგნიც კი სასიამოვნოდ იკითხება.

სიმყუდროვეა, საშინლად სასიამოვნო სიმყუდროვე.

* * *
სიცხეა? გცხელათ?

(ქარი ამოვარდა, საშინელი.
მშობლებმა შვილები ხელში აიყვანეს.
ცარიელი ფერადი ეტლები და ბუშტები ერთმანეთში ირევიან.
ოთხკუთხა და მრგვალი ბუჩქებიდან ჩამოვარდნილი ფოთლები შემოდგომისდროინდელ ფოთლებთან ერთად ჰაერში ბზრიალით იჭრებიან.
მტვერია და ცა მოიქუფრა.
ქალი კივილით დასდევს ძაღლს. წყვილებიც გარბიან.
პოლიციელებიც რაღაცაზე ბრაზობენ.
თმა სასიამოვნოდ აღარ გეხება ლოყაზე, გაუხეშდა და გაწუხებს.
ქაოსია, საშინელი ქაოსი
.)

– არა, მშვენიერი ამინდია.

თბილა. სასიამოვნო გაზაფხულია.

>გემრიელი არდადეგები…

>
გემრიელი არდადეგები იყო…

დაღლილი და შედეგიანი კვირის შემდეგ სოფელში წავედი, სულ რაღაც ერთი დღით, მაგრამ ხომ წავედი…

თოვლი იყო სოფელში, დიდი თოვლი…
ამიტომ მანქანა ბოლომდე ვერ ავიდა და სამი კილომეტრის გავლა ფეხით მომიხდა…

სასიამოვნოა ჯერ სულ ახალ, ფაფუკ თოვლში შევარდნა…

ბავშვობა გამახსენდა…

მეზობელი დაგვემგზავრა, ბავშვობაში სკოლაში რომ დამათრევდა ის 🙂
გავიხსენეთ ბავშვობის სისულელეები, როგორ ვეფლობოდით მუხლამდე თოვლში და ვსრიალებდით ჩანთებით 🙂

მე და ის გოგო დავწინაურდით და სეირნობა-სეირნობით გავყევით სოფლისკენ მიმავალ გზას… მამაჩემი და კიდევ ერთი მეზობელი უკან მოვიტოვეთ…

მე გზადაგზა ჩემი ”ყოვლისშემძლე” ტელეფონით ფოტოებს ვიღებდი, მონატრებული სოფლის და მონატრებული თოვლის…

ჩამობნელდა, დაღამებას ცოტა აკლდა… მზე ისე ლამაზად ჩაესვენააა (ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით)…

თითქმის სახლთან მისულებმა, შორს უცნაური ცხოველი დავინახეთ… არ ვიცი ძაღლი იყო თუ ტურა, მაგრამ ის გოგო კი შეშინდა მაგრად 🙂 ჩემდა გასაკვირად, მე უფრო გაბედული აღმოვჩნდი და დავუყვირე, გაიქცა ის უბედური… მაგრამ თითქოს მეორეც დავინახეთ, იმას ყვირილმა არ უშველა და ფეხი არ მოიცვალა… სხვა გზა არ იყო, უნდა დავლოდებოდით მამაჩემს და იმ კაცს…
აღმოჩნდა, რომ ეს მეორე ჩვენი შიშნარევი ფანტაზიის ნაყოფი იყო 🙂 გვეცინებოდა ჩვენს სისულელეზე:-) იმ კაცმა გადაწყვიტა საინტერესო ისტორია მოეყოლა იმაზე, თუ როგორ მოკლა ერთხელ ტურა… ტყიდან ისმოდა ღამით ტურების ხმებიო, წავედი მეორე დილით მოსაძებნად და ბუნაგს მივაგენიო… მარა არ დამხვდნენო და ყოველ დღე დავდიოდიო. ერთხელაც, მძინარე ტურა დახვდა თურმე შიგნით და… აქ მამაჩემი აჩერებს და ეკითხება გაოცებულ-შეშფოთებული ტონით: მძინარე მოკალი კაცო?! და პასუხი: არა კაცო, გავაღვიძე და ისეო … გავიგუდე კინაღამ სიცილით 🙂

ასე, სიცილ სიცილით და სასაცილო ისტორიებით მივაღწიეთ სახლამდეც…

გამახსენდა როგორ გავდიოდი ბავშვობაში ყოველ დღე ამ გზას და არ ვიღლებოდი… ახლა კი ცოტა მაკლდა გმირულად დაცემამდე 🙂 ხოდა, ბავშვობისდროინდელი პროცედურა გავიმეორე სახლთან მისულმა – ახალ, ფაფუკ თოვლში პირქვე დავემხე… სასიამოვნო სიგრილე იყო…

დედაჩემის წვნიანიც სასიამოვნო იყო, კვირა დილის ძილიც და საუზმეზე ხაჭაპურიც… სასიამოვნო შაბათი და კვირა იყო, სასიამოვნო…

და ბოლოს, ჩემი სოფელი:

P.S. და გემრიელი შაბათ-კვირის შემდეგ მოსულ უღიმღამო ორშაბათს უეცრად გაგებული ამბავი იმის შესახებ, რომ სულ რაღაც 4-5 დღეში გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრის საშუალება გექნება, (კიდევ გემრიელ საბათს ვგრძნობ…)თან ბათუმში და თან პრესკაფეში, ძალიან სასიამოვნოა… მაგრამ არის ერთი ”ნო” – არ შევხვედრივარ არასდროს დოჩანაშვილს და რომ არ მომეწონოს საუბარში, გაცამტვერდება ამდენი ხნის სიყვარული მგონი… ე, ამის მეშინაია რატომღაც…

%d bloggers like this: