Blog Archives

ერთი წელი

ზუსტად ერთი წლის წინ, დაახლოებით დღის ამავე მონაკვეთში, სამსახურში ვიჯექი და რამდენიმე დღის წინანდელი ბანკეტის ამბები მიტრიალებდა თავში. გასახსენებელი კი არც ისე ბევრი იყო და ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჯგუფელებს მეორე დღის აღსანიშნავად “ჩანჩქერზე” წასვლა გადაეწყვიტათ. დიდხანს რომ არ გამიგრძელდეს, ვიტყვი, რომ დღე საკმაოდ დატვირთული გამოდგა და ამის მიზეზი მხოლოდ “ჩანჩქერი” არ ყოფილა. ხოდა, სწორედ ამაზე ვწერდი 2010 წლის 26 ივლისს, ბლოგის პირველ პოსტში.

ამ პირველი, მართლაც რომ სულელური პოსტით დავიწყე ე.წ. “ბლოგინგი” და ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო “სამყარო” აღმოვაჩინე.  გარდა იმისა, რომ რამდენიმე მეგობარი შევიძინე, ძველი პოსტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წერაც სკმაოდ დავხვეწე.

ფაქტია, რომ ამ დროში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ყველაფერს ბლოგს ვერ “დავაბრალებ”. “გვირილა” ჩემთვის არასდროს  ყოფილა სერიოზული საქმე და როგორც ერთი წლის წინ, დღესაც ვფიქრობ, რომ ბლოგი უპირველესად არის ჩემი და შემდეგ მკითხველის. შესაბამისად, ვწერ ჯერ საკუთარი თავისთვის და შემდეგ მკითხველისთვის. ვაღიარებ, რომ ხშირად ისეთ დროს დამხმარებია “გვირილა”, ვერაფრით რომ წარმოვიდგენდი. უბრალოდ ვწერდი და ვთავისუფლდებოდი რაღაცისგან. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ვწერ საკუთარი თავისთვის. თუმცა, მხატვრულ წერაზე აქცენტი არასადროს გამიკეთებია, ვწერ ისე, როგორც ვგრძნობ და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მიხარია თითოეული ახალი მკითხველი და მათი შეფასება, თუნდაც კრიტიკული. მაგრამ ვცდილობ ეს არასდროს გახდეს მკითხველის აზრზე ფიქრის საფუძველი, რადგან, როგორც კი ამაზე ვფიქრობ, საშინლად ვიკეტები და ვიზღუდები. ამიტომაც, ვცდილობ არ ვიფიქრო მკითხველზე და ვწერო ისე, როგორც მე მინდა.

გარდა იმისა, რომ ბლოგს “ვეუბნებოდი” იმას, რაზეც ზოგადად არ ვსაუბრობ, რამდენიმე თვის წინ სწორედ ის დამეხმარა გადამელახა არც ისე მარტივი პერიოდი, როცა სრულიად უცხო გარემოში, სრულიად მარტო აღმოვჩნდი. აქ ვამბობდი იმას და ისე, როგორც ვფიქრობდი. აქვე ვნახე რამდენიმე ბლოგი, რომელთა ავტორებთან ურთიერთობას ჰქვია ვირტუალური, მაგრამ უფრო მეტია. აქსიომა, შიო, თეა, ფინიკი, heart1ess, სანდრო, ნინიკო, მაცო, ჯესი, ნიკა და სხვები დღეს ჩემთვის სწორედ ასეთი მეგობრები არიან  და მათთვის მე დავთმე (ზოგ შემთხვევაში ჩემდაუნებურად :-)) ყველაზე ძვირფასი, რაც ბლოგზე მქონდა – საკუთარი ანონიმურობა. თუმცა, რამდენიმე მათგანიც ანონიმი იყო და საკუთარი თავის “გამჟღავნებით” ქვეცნობიერად მიბიძგეს ამისკენ. სხვა რამდენიმე ბლოგის ავტორთან ურთიერთობაშიც გავცდებოდი ალბათ ვირტუალურ სამყაროს, თუმცა თანაბარ პირობებში და ეს სწორედ მათი მხრიდან ანონიმურობის დათმობას გულისხმობს.

ხო, რაც შეეხება ანონიმურობას – ამაზე იმდენად ხშირად მეკითხებიან, მგონია გასაგებად ვერ ვხსნი. ანონიმურობის მიზეზი ორია: 1. ვარ ჟურნალისტი და პროფესიული ეთიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც,. საჯაროდ საკუთარი აზრების ფრქვევისგან თავს ვიკავებ. ანონიმურობა კი ამის საშუალებას მაძლევს. 2. პირადი მოტივი – უბრალოდ არ მინდა ჩემი პირადი სხვისთვის ხელმისაწვდომი იყოს, მით უმეტეს პოსტის ადრესატისთვის.

ხო, კიდევ რა მინდოდა მეთქვა… ის, რომ ბლოგმა ბოლო პერიოდში საკმაო მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის, თუმცა მე, როგორც ერთი წლის წინ, არც ახლა ვარ “ბლოგერი” და არ მივეკუთვნები “ქართველი ბლოგერების” ლამისაა კასტას 🙂 ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათთან არ ვმეგობრობ. რამდენიმე ბლოგის ავტორმა დამარწმუნა, რომ სრულიად უცნობი ადამიანი შეიძლება იყოს შენს მიმართ არანაკლებ ყურადღებიანი, ვიდრე რეალური მეგობრები. ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო ვანის ნახატები, აქსიომას პოსტი (და კიდევ უამრავი საყვარელი საჩუქარი, რომლებსაც არ ჩამოვთვლი), გიგოლის ფოტო-კოლაჟი, ნიკსოლოგის ყავა და შოკოლადი კომენტარებში, გრიოს ღია წერილი… გამაოცა მაცოს სურვილებმა და ნინიკოს წერილმა…

მოკლედ, მიხარია, რომ ერთი წლის წინ ნერვი მომიშალეს, მივვარდი ბლოგსპოტს (მერე გადმოვვორდპრესდი) და “გვირილა” დავარეგისტრირე.

ხოდა, ერთი წლისაა უკვე ჩემი ბლოგი და რავიცი, მომილოცეთ ახლა თუ გინდათ 😀

ერთი ცალი მკითხველი ♥

დაახლოებით ერთი თვის წინ facebook-ის PM-ში წერილი მივიღე ერთი გოგონასგან, რომელიც მწერდა, რომ ჩემი ბლოგის მკითხველი იყო და მოსწონდა ჩემი პოსტები – “სულ ვკითხულობ ხოლმე და დაკომენტარებას რაღაცნაირად ვერიდები, როცა რაღაც ძალიან მომწონს, მინდა კომენტარიც კარგი იყოს :))))”.

ვერ აღვწერ როგორ გამახარა ამ წერილმა. სასიამოვნო იყო ისიც, რომ პირადი ფოტოების ნახვას არ ითხოვდა, რა მნიშვნელობა აქვსო. მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს? მე ზოგიერთი ბლოგერი უკვე იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე უბრალო ინტერნეტ ნაცნობი და მგონია ვიცნობ კიდეც მათ.

ხოდა, რას ვამბობდი. მახსოვს ამ წერილისგან გამოწვეული სიხარული. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი ნაბჟუტურები ვიღაცას მოსწონდა, თან ისე, რომ მოეწერა კიდეც ამის შესახებ. უბრალოდ წერით საკუთარ ჭიას ვახარებდი, ესაა და ეს.

იმ დღის მერე თითქმის ყოველ დღე ვსაუბრობთ, ვკითხულობ მის პოსტებს და ვხვდები, რომ რაღაცნაირად ჩემნაირია. გრძნობები, ემოციები…

ამასწინათ კიდევ ერთი წერილი მივიღე მისგან, რომელმაც პირველზე მეტად გამაოცა. და როგორ შეიძლება არ დავთანხმდე? წარმოუდგენელია.

ხოდა, უკვე 12-ს გადაცდა საათი და მისი დაბადების დღე თენდება. მინდა ვუსურვო… არ ვიცი რა მინდა ვუსურვო, უბრალოდ ყველაფერი საუკეთესო მინდა ჰქონდეს.

რას გისურვებ იცი? შენმა პირველმა წერილმა რა ემოციაც გამოიწვია ჩემში, ისეთები გქონდეს უამრავი და მეორე წერილის მიერ გამოწვეული ემოციები კიდევ უფრო ბევრი.

ერთგულ მეგობრებს გისურვებ, ისეთივე თბილებს და საყვარლებს, როგორიც შენ ხარ.

გისურვებ დაფიქრების გარეშე დადებითად გეპასუხოს კითხვაზე – ხარ თუ არა ბედნიერი.

მიზნების და ოცნებების რეალიზება ხომ თავისთავად 😉

და კიდე იმას გისურვებ, რაც მე გამომრჩა, მარა შენ უსურვებდი საკუთარ თავს.

კაი ადამიანი ხარ და ბლოგერულად კიარა, ადამიანურად მიყვარხარ. ეს პოსტი გეძღვნება შენ და სხვა დანარჩენიც თავისთავად, რადგან ვიცი, რომ ჩემს ყოველ პოსტს ერთი მკითხველი მაინც ეყოლება. ძალიან კაი შეგრძნებაა ეს :-*

მინდოდა გამეხარებინე და იმედია ამ პოსტით ეს ცოტათი მაინც შევძელი, დანარჩენი ხვალ 😉

ხო, თუ არ გინდა, სულ არაა აუცილებელი დააკომენტარო და თქვა ვინ ხარ სინამდვილეში, მთავარია მიხვდე შენ გწერ და არა სხვას :-*

P.S. ხატვა რომ არ შემიძლია ამას ვაღიარებ, მარა არ მინდოდა ინტერნეტის ფოტოები დამედო მარტო, ხოდა ძალიან ვეცადე და რაცხა გამომივიდა მგონი 😀 არ დამცინოს არავინ!!! 😀

>რა მოხდა 1989 წლის 17 მარტს?

>
მნიშვნელოვანი არაფერი…

ზუსტად 22 წლის წინ, 1989 წლის 17 მარტს არც ისე ახალგაზრდა აჭარელი მამაკაცისა და ცოტა უფრო ახალგაზრდა მეგრელი ქალის ლამაზ წყვილს შეეძინა პირველი ქალიშვილი. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, პირველი შვილი შეეძინათ!..

ბავშვს ულამაზესი სახელი დაარქვეს, რომელიც 22 წლის წინ არც ისე პოპულარული იყო, როგორც ახლა.

მშვიდი ბავშვი ყოფილა და მსოფლიოში საუკეთესო, ყოველ შემთხვევაში, უკვე სამი შვილის მშობლები ასე იხსენებენ. ეს ბავშვი ფაქტიურად არ ტიროდა თურმე, დედა მასწავლებელი იყო და შვილს ბებიას უტოვებდა. ბავშვი რომ გაიღვიძებდა, აკვნიდან ხელებს ამოუშლიდა ბებია და მორჩა, ის ღიღინებდა თავისთვის.

მამას ძალიან უყვარდა, სამსახურიდან რაც არ უნდა გვიან დაბრუნებულიყო, გააღვიძებდა და ჩაეხუტებოდა.

იზრდებოდა ბავშვი ასე, წყნარად და მშვიდად. სკოლიდან მოსული დიდი სიხარულით სწავლობდა გაკვეთილებს, მერე რუსულ მულტიკებს უყურებდა და “ერალაშს”. ყოველი წლის 17 მარტს დედა ტორტს უკეთებდა, იმ ბნელი წლების მიუხედავად, არც ერთი წელი არ ჩაუგდია.

თუმცა, არასდროს იყო უმცროს და-ძმაზე განსხვავებული, ერთმანეთი განსაკუთრებით უყვარდათ.

და 1989 წლის 17 მარტიდან ზუსტად 22 წლის მერე (შეიძლება ერთი-ორი სათით ადრე ან გვიან) ის ბავშვი პოსტს წერს, თან უკვე ჟურნალისტია, მთლად ჩამოყალიბებული არა, მარა სწავლობს კიდე. პარალეურად მუშაობს და ცხოვრებაში პირველად დაბადების დღეს ძალიან საყვარელი და ახლობელი ადამინების გარეშე შეხვდება, ფაქტიურად მარტო.

სადაცაა გადაცდება 12-ს და დადგება 17 მარტი, ეს კი ზის და სისულელეებს წერს. ცოტა ხანში რამდენიმე მესიჯი მოვა ტელეფონზე, ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანებისგან.

P.S. იცის ხოლმე ასე, ნუ მივაქცევთ ყურადღებას…

%d bloggers like this: