Blog Archives

თამაში

– დავაი, რამე ვითამაშოთ!

– ვითამაშოთ? ახლა, აქ?

– ხო, ახლა და აქ.

– კაი… და რა ვითამაშოთ?

– რავი, რამე… ოღონდ ძალიან აზარტული და საინტერესო.

– იცი რამე მასეთი?

– ერთი ვიცი, ოღონდ არ მითამაშია ჯერ. თითქმის ყველა მაგას თამაშობს.

– ?

– გრძნობებით ვითამაშოთ…

– რთული იქნება… მტკივნეულიც…

– მერე რა? უფრო საინტერესოა. ხომ ხედავ, რამდენი თამაშობს. თან ერთდროულად ეთამაშებიან რამდენიმე ადამიანს, იქმნება ჯგუფები და ყველა აქტიურადაა ჩართული.

– კაი. თამაშის წესები როგორია?

– არანაირი წესები!

– რამდენ ხანს გრძელდება?

– ყველაფერი ჩვენს ნებისყოფაზე და გამძლეობაზეა დამოკიდებული…

ხუთი წლის შემდეგ

ჩავიცვი, მოვწესრიგდი, შედარებით თბილი ზედა მხარზე მოვიგდე და სოფლის სამ კილომეტრიან გზას გავყევი, როგორც ძველად.

– ინგა, ინგა!.. – ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ გავძახე სკოლისდროინდელ მეგობარს. ისიც ძველებურად, სასაცილოდ გამოცუნცულდა აივანზე და სახლში მიმიპატიჟა. მეც, ძველებურად, დროის უქონლობის გამო უარი განვაცხადე და ჩვენ, კვლავ ძველებურად, მაინც გამოგვივიდა ნახევარი საათით კარებთან დგომა და ლაპარაკი.

ძლივს ვწყდებით ერთმანეთს და ვაგრძელებ გზას. ცოტა ხანში უკვე ძველი კლასელის და პარალელურად მეგობრის სახლს ვუახლოვდები.

– ნინო, ნინო!.. – მინდა დავიძახო ისევ ისე, მაგრამ სახლი მეცარიელება. რამდენიმე თვის წინ გათხოვდა და დღეს პირველად, ამდენი წლის შემდეგ, ისე ჩავუვლი ამ სახლს, რომ არ დავიძახებ.

სკოლას ვუახლოვდები, გადავდივარ ხიდზე, რომლის ბოლოში ძველებურად მელოდება ორი მეგობარი. შორიდანვე ვხედავთ ერთმანეთს და სიცილს ვერ ვიკავებთ.

– ოჰ,  ჯენტლმენები! – მიახლოებისას ვამბობ მე და სამივეს გვეცინება.

რესტორანი არც ისე შორსაა და ფეხით ვაგრძელებთ გზას. მათ შორის ვდგები და ხან ერთის ამბებს ვისმენ, ხან მეორისას. ერთმა სწავლა დაამთავრა და სამსახურს ეძებს, მაგისტრატურაში ჩაბარებასაც ფიქრობს. მეორე მეზღვაურია უკვე, რამდენჯერმე ყოფილა უკვე წასული ზვაში და ამ დღეებში კვლავ აპირებს.

მივუახლოვდით რესტორანსაც, თუმცა ჩვენიანი ჯერ არავინ მოსულა. საერთოდაც, სკოლის დამთავრებიდან ხუთი წლისთავის აღნიშვნა ყველას უნდოდა, მაგრამ უმრავლესობამ ვერ შეძლო. ოჯახები ჰყავთ უკვე, ქმრები/ცოლები და შვილები. ყველამ თავისი გზა იპოვა მეტ-ნაკლებად და ბავშვები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მშობლებს და მასწავლებლებს აბრაზებდნენ, ახლა უკვე დიდი კაცები და ქალები არიან, საკუთარი ოჯახებით და ფინანსებით.

სანამ სამსახურის მაძიებელი ჯენტლმენი ტელეფონზე საუბრობს და უცნაურად იღიმება, მეზღვაური თავგადასავლებს მიყვება. იმაზე, თუ როგორ გაძლო ორი თვე შუა ზღვაში, გაჩერებულ გემზე. რომ ამ ორიდან ერთი თვე თითქმის შიმშილობდა და ერთ ცალ მოხარშულ კარტოფილს ჭამდა შიმშილით რომ არ მომკვდარიყო. ვერ წარმოვიდგენდი ამხელა ნებისყოფა თუ ჰქონდა და ამ ყველაფრის მერე კვლავ ისურვებდა ზღვაში გასვლას. მიხარია კიდეც რაღაც სირთულე რომ შეხვდა, მთავარია გადალახა და სამაგიეროდ, ბევრი ისწავლა, თვითონაც ასე ამბობს. მიხარია ისიც, რომ ამდენი წლის შემდეგ ჩვენ ისევ ისე ვლაპარაკობთ. მეშინოდა, რომ მასთან რთული დასაძლევი იქნებოდა ის უხერხულობა, რაც მისმა გრძნობებმა გამოიწვია ადრე. კონტაქტი აღდგა, ჩვენ ისევ ბავშვობის მეგობრები ვართ, თითქოს არც ყოფილა ის ერთწლიანი მონაკვეთი ჩვენს ურთიერთობაში.

სხვებიც მოვიდნენ. ზოგი საცოლესთან ერთად, ზოგიც მარტო. აღმოჩნდა, რომ კლასელებიდან ვერც ერთი გოგო ვერ წამოვიდა ჩემ გარდა. და ამ ხალხთან ურთიერთობას სწორედ ის პლიუსი აქვს, რომ სულ ფეხებზე გკიდია ძველ დაქალს თუ ვერ ეჭორავები, სხვებთან ერთადაც მშვენივრად გაატარებ დროს და წამით არ მოიწყენ.

ალბათ კარგია ის, რომ ერთ-ერთი ჯენტლმენთაგანი იმდენად გენდობა, მის ტელეფონზე მოსული მესიჯის წაკითხვას გთხოვს. და ცუდია ის, რომ გახსნილი მესიჯის ავტორი შენი “დაქალი” აღმოჩნდება, რომელიც ადრესატს შენი იქ ყოფნის შესახებ ეკითხება რატომღაც და მერე არც ისე პოზიტიურ კონტექსტში მოგიხსენიებს. ვერაფრით ვერ ვიგებ საიდან ჩნდება ადამიანებში ამდენი ბოღმა და ნეგატივი. მით უმეტეს, რომ ამის არანაირი საფუძველი, მიზეზი არ არსებობს და თითქოს ვმეგობრობთ. რა საჭიროა თვალთმაქცობა? არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ. მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მტკივნეულია, თითქოს გულში რაღაც ჩუმად, უხმაუროდ ჩაწყდა, განადგურდა.

– ვინ იყო? – მეკითხება მეგობარი.

– ნინო…

– რაო?

– არაფერი, მოგიკითხა პროსტა.

– კაი, იყოს, მერე მივწერ.

… ვაბრუნებ ტელეფონს თავის ადგილას და ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო. ვცეკვავ, ვერთობი, ვიცინი და თან გამომაქვს განაჩენი (უფრო საკუთარი თავისთვის ალბათ) – ნაკლები სიახლოვე და კონტაქტები ადამიანებთან.

დრო უფრო სასიამოვნოდ გრძელდება. ერთმანეთს ვუყვებით რაღაცეებს, ცოტას ვსვამთ კიდეც. კლასის ყოფილი “დამრიგებელიც” თავის ამპლუაშაია  და მიდის სადღეგრძელოების ბრახა-ბრუხი.

დღე სასიამოვნოდ გრძელდება. თუმცა, ჩემი ბავშვობის მეგობარი კვლავ გაიჭყიპა ღვინით. ტრადიციისამებრ მოვახერხე სახლში წასვლაზე მისი დათანხმება და მანქანაშიც შეტენეს. მშვენივრად მოკალათდა უკანა სკამზე და თვლემს კიდეც. ჩემი ჯენტლმენები მანქანის კარებამდე მაცილებენ. ძველებურად ესალმებიან მამაჩემს და იკითხავენ. მეც ძველებურად მსიამოვნებს მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება.

მანქანა სოფლის ტალახიან გზაზე გაჭირვებით მიდის.

უკანა სკამიდან მონოტონური ხვრინვა ისმის.

“ნაუშნიკებს” ვირგებ და ვცდილობ წარსულიდან დაბრუნებას.

დოგმები!!!

ხანდახან ალკოჰოლი კაი რამეა. რაღაცისგან გათავისუფლებს, გიშვებს და თავისუფლად ცურვის საშუალებას გაძლევს. ამ დროს შეგიძლია უბრალოდ გამოეთიშო რეალობას.

ცუდია, როცა იმდენად ზღუდავ თავს, იმდენად გეშინია შეცდომების, რომ ჩვეულებრივზე საკმაოდ მეტი ალკოჰოლის მიღების შემდეგაც სიმთვრალე არ უნდა გეტყობოდეს.

არადა, თავში რაღაცა ტრიალებს, ხსნის გრძნობებს და ემოციებს თავისუფლებისკენ უშვებს. გინდა ილაპარაკო გრძნობებზე, რომლებიც სიფხიზლეში არც ისე მარტივი გამოსახატია და მხოლოდ საქმით ჩანს, სიტყვით არანაირად. გინდა უბრალოდ მოეშვა. თქვა, რომ გენატრება; გინდა იყო სუსტი და იტირო როცა გეტირება; დაიკიდო ყველა და ყველაფერი; უთხრა ადამიანებს, რომ შენც შეიძლება მოგბეზრდეს რაღაცეები.

მარაზმია, როცა თავისუფლებაზე საუბრობ, ცდილობ სხვისი თავისუფლება არ გათელო სიტყვით თუ საქმით, ამ დროს კი საკუთარ თავისუფლებას მკაცრად ზღუდავ!

მარაზმია გაჩუმება იმის გამო, რომ რამე ზედმეტი არ თქვა და მარაზმია არ შეირგო იშვიათი სიმთვრალე. სვამ დადებითი ემოციის გამო და იღებ მხოლოდ მომქანცველ თავბრუსხვევას.

ამ დროს გეზიზღება საკუთარი თავი და დოგმები, რომლებშიც ცხოვრობ და არ გინდა აღიარო. იდეალური არავინაა და შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ ამის პრაქტიკულად გააზრება ცოტას შეუძლია, ქვეცნობიერად ვისწრაფვით იდეალურობისკენ და ვიზღუდებით, ვიხვევთ საკუთარ თავში რაღაცეებს. ამის მიზეზი კი ერთია – მიუშვებ თავს და შედეგი იქნება ის, რაც ზოგადად მიჩნეულია ცუდად. ეს ცუდი კი შეიძლება იყოს თუნდაც ბევრი და უაზრო ლაპარაკი, რაც შენ არ გეპატიება!

რომელ თავისუფლებაზე გაქვს პრეტენზია?! ვის აკრიტიკებ?! იხრჩობი დოგმებში!!!

ახლაც, ზუსტად ახლა, როგორც არასდროს, გინდა ფეხები მაგიდაზე შემოაწყო, მოწიო ყავასთან ერთად და რამე გემრიელ მელოდრამას უყურო პარალელურად. მარა არა, ფეხების მაგიდაზე შემოწყობა ცუდია, ყავისთვისაც უკვე გვიანია და სიგარეტი ხომ საერთოდ – მოწევა კლავს!

დოგმები, ჩარჩოები!!!
ჯანდაბა!!!

%d bloggers like this: