Blog Archives

ეგოიზმი

უკვე რამდენი ხანია ვზივარ და ვფიქრობ რა და როგორ დავწერო. როგორ დავწერო ის, რასაც ვგრძნობ… არის ხოლმე მომენტები, როცა გინდა მაქსიმალურად გამოხატო რაღაც და უბრალოდ არ შეგიძლია. ასე ვარ ახლა. სიტყვები არ მყოფნის საერთოდ. დაწერა რომ გადავწყვიტე, რაღაცები ტივტივებდა თავში, მერე გაქრა. მთავარი ისაა, რომ დღეს დაბადების დღე აქვს. იცი როგორ მიყვარს? უკვე რამდენჯერ ვცადე მეთქვა და ვერ გიხსნი… მთელი არსებით მიყვარს და მთლიანად, თავისი უმნიშვნელო “მინუსებით”, რომელიც იმდენად უმნიშვნელოა, რომ… მინდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად, ხელიხელჩაკიდებულმა გავატარო. მინდა მასთან ერთდ ვიძინებდე და ვიღვიძებდე სულ; მინდა ყოველთვის ისე მიყურებდეს, როგორც ახლა; მინდა რაც შეიძლება ბევრი “ჩვენი”; <3 რეალისტი ვარ, არ მჯერა ზოგადი ზღაპრების, მაგრამ მე ჩემი ზღაპარი მაქვს, ინდივიდუალური და ეს იმიტომ, რომ ის ჩემს გვერდითაა; იმიტომ, რომ როცა კარგად ვარ ჩემთანაა, როცა ვწუწუნებ, ვბუზღუნებ და უბრალოდ ტირილი მინდა, მაშინაც ჩემთანაა; მასთან ვისწავლე, რომ მთავარია დღეს იყო ბედნიერი, რომ დეტალებშიცაა ბედნიერება. ვისწავლე რა არის დიდი ბედნიერებაც და რა მინდა ყველაზე მეტად. დავრწმუნდი, რომ ჩემი შეხედულებები გრძნობებზე უბრალო ფანტაზია არაა და ეს დღეს ჩემი რეალობაა. დავრწმუნდი, რომ არ შემიძლია მისი ნახვისას ღიმილი შევიკავო და არც მას შეუძლია. დავრწმუნდი, რომ ჩემი პოზიტივი და ენერგიაა, რომ მისი ერთი ჩახუტება საკმარისია ჩემი გაცოცხლებითვის. მისი ერთი შეხება უკვე ბედნიერებაა… ის არის ის, ვინც უნდა იყოს და ის არის ჩემი. ბედნიერი ვარ, რომ ის არსებობს და ეგოისტურად მიხარია, რომ ჩემია. ის ჩემი ერთადერთი ეგოიზმია, რომელსაც ვერასდროს დავთმობ.

Advertisements

კარგად…

კარგად ვარ მეთქი…

ასე მოკლედო?

ხო, ამ ყველაფერს კარგად ყოფნა ჰქვია თქო…

ვერ მოვიფიქრე სხვაგვარად როგორ მეთქვა დიდი ხნის უნახავი მეგობრისთვის ჩემი ამბები.

ხოდა კარგად ვარ…

არის ცხოვრებაში მომენტები, როცა არ გჯერა ასე კარგად თუ ხარ…

და მაინც, მე კარგად ვარ.

მიუხედავად იმისა, რომ ისე მენატრება, ვერ გადმოვცემ; მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაზე მეტად ცხელ თბილისში ყოფნა მინდა; მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ყოფნის ყოველი დღე უფრო და უფრო რთულდება…

კარგად ვარ…

გახსოვს? ადრე ვამბობდი სადმე რომ მიდიხარ რაღაცას ტოვებ ან რაღაც მიგაქვს თქო… ადრე ბათუმში ვტოვებდი ყველაფერს და თბილისიდან ამ ყველაფრისთვის მოვდოდი. თბილისში არაფერს ვტოვებდი, ყველაფერი ბათუმში მომყვებოდა…

ახლა დავტოვე… ყველაფერი…

ის სამი დღე… შენ არ იცი როგორი სამი დღე მქონდა… ყველაზე ლამაზი მთელს მსოფლიოში… ზაფხული ყველაზე ლამაზი სამი დღე… მთელი დღე ერთად, წყალში და ხმელეთზე…

სითბო… იმდენი სითბო რომ გეშინია გული არ გასკდეს…

შენ იცი რა ბედნიერებაა როცა ის, ვინც გიყვარს, სიგიჟემდე შეყვარებული თვალებით გიყურებს?

როცა უბრალოდ ვერ ახერხებ ხმის ამოღებას და უყურებ, რეალურს…

ისე მენატრება, ისე რომ…

მაგრამ იცი რა? კარგად ვარ…

კარგად ვარ… იმიტომ რომ შემიძლია ასე მიყვარდეს; იმიტომ რომ შემიძლია ასე მენატრებოდეს; იმიტომ რომ მყავს ადამიანი, ვინც მეიმედება; იმიტომ რომ მხოლოდ ეს ურთიერთობაც მაბედნიერებს; იმიტომ რომ მასთან რაღაცნაირად ვარ, სრულყოფილად და მის გარეშე კი თითქოს სხეულის ნაწილი მაკლია…

და იცი კიდევ რატომ ვარ კარგად? იმიტომ რომ რამდენიმე დღეში ისევ ვიგრძნობ მის თბილ ჩახუტებას და ბედნიერებისგან ვიტირებ… და არასდროს, არასდროს წავალ ამდენი ხნით…

შენთან…

რა კაია შენთან…

სხვანაირად ვარ, სრულყოფილად…

რაღაცნაირად, მშვიდად…

აბა როგორ შეიძლება არ ვიყო კარგად, როცა ისე მიყურებ, თითქოს… თითქოს შეუფასებლად ძვირფასი ვიყო.

პატარა ბავშვივით რომ მაჭმევ სალათს და რაღაცებს მატყუებ რომ ბევრი ვჭამო 🙂

ახლა საშინლად მინდა წვიმაში ვისეირნო, შენთან ერთად… ჩემი ხელი გეჭიროს შენებურად, თბილად და ათას სისულელეზე ვსაუბრობდეთ.

ადრე მეგონა რომ ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და არ შეიძლებოდა ასე კარგად ყოფნა რეალური ყოფილიყო. ახლა მივხვდი რომ შესაძლებელია.

შესაძლებელია ჩახუტება საკმარისი იყოს ბედნიერებისთვის…

შესაძლებელია საათები ისე გავიდეს, ვერ გაიგო…

შესაძლებელია “სხივისი” ტკივილი გტკიოდეს და სიხარული გიხაროდეს…

შესაძლებელია გიყვარდეს ისე რომ… თითქოს სული გეხუთება…

შესაძლებელია სიმაღლის გეშინოდეს, მაგრამ ხიდიდან ჩახუტებული გადმოხტომა დიდი სიამოვნება იყოს 🙂

შესაძლებელია ისე გენატრებოდეს, ისე, რომ…

შესაძლებელია იყო ბედნიერი და აცნობიერებდე ამას, აწმყოში! და ეს გაძლევდეს სტიმულს იმისთვის, რომ მომავალში კიდევ უფრო ბედნიერი იყო.

შესაძლებელია გინდოდეს იზრუნო ვინმეზე, მოუარო, თბილად გყავდეს 🙂

მე მომწონს “ჩვენ”… და ყველაფერი ის, რაც ჩვენია.

გახსოვს, ადრე მინდოდა გავმქრალიყავი ცოტა ხნით, სხვა სამყაროში გადავსულიყავი… ახლაც ასეა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მინდა შენთან ერთად დავიკარგო სადმე…

რა კაია შენთან…

მზიანი წვიმა

გამარჯობა გვირილა!

მე ხატია ვარ და მე დავბრუნდი, მგონი…

იცი? მომენატრე.

ცუდად ვიქცევი უყურადღებოდ რომ გტოვებ ხშირად, მაგარამ იცი რამდენი საქმე მაქვს? ხუთასი! 😀

ამბობენ კარგად როცა ხარ წერა არ გამოდისო, ცუდად ყოფნაა აუცილებელიო…

არადა, იცი რამდენი რამ დამიგროვდა და იცი რა კარგად ვარ?

ხოდა ახლა მოგიყვები 😉

ა, მოიცა, ჯერ ეს ჩართე და ისე 🙂

ახლა მელოდიას აყევი და იღიღინე, მერე რა, რომ შეიძლება ტექსტი არ იცოდე…

. . .

იცი რა მაგარია როცა გიყვარს?

იცი რა მაგარია, როცა არ იცი რატომ გიყვარს, კონკრეტულად რა თვისების გამო? უბრალოდ გიყვარს, მიზეზი რა საჭიროა…

იცი რა მაგარია, როცა გრძნობის გადმოსაცემად სიტყვები და ემოციები არ გყოფნის?

მთელი დღე რაღაც რომ გაკლია და საღამოს ხვდები რომ ეს ჩახუტებაა. და ჩახუტება იცი როგორია? არ ვიცი როგორ გითხრა… უცებ ყველაფერი რომ გავიწყდება და გრძნობ რომ კარგად ხარ, ძალიან კარგად!

სადღაც თბილისის ზემოთ, მზიან წვიმაში ყოფილხარ? თბილი წვიმა რომ მოდის, მზე ანათებს და ჩახუტებული გადმოყურებ თბილისს… მე ვყოფილვარ…

გქონია შემთხვევა, როცა ხვდები, რომ ავტობუსში/მეტროში/“მარშუტკაში“ გაკრეჭილი ზიხარ, თითქოს სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო? მე კი…

გქონია ბედნიერების ჟრუანტელი? მე კი…

დაღლილი დღის შემდეგ გქონია იმის ძალა რომ რამდენიმე კილომეტრი გესეირნა? მე კი…

ისე მოგნატრებია რომ ლაპარაკი არ შეგძლებია? მე მომნატრებია…

გყვარებია ისე, რომ საკუთარი თავისგან გაგკვირვებია? მე კი… ახლა მიყვარს…

გახსოვს, მეგონა რომ სიყვარული ის ნიჭია, რომელიც მე არ გამაჩნია. ვცდებოდი. დიახ, სიყვარული ნიჭია, მაგრამ ის ყველას აქვს, უბრალოდ ზოგს უფრო დიდი ნიჭი აქვს, ზოგს მცირე.

ამიტომ არ დაიჯერო რომ შენ სიყვარული არ შეგიძლია, რომ გული გატკინეს და მერე ვეღარ შეიყვარებ. არა! უნდა გიყვარდეს. ვალდებული ხარ გიყვარდეს, იმიტომ რომ კარგად უნდა იყო, ცუდად ყოფნის უფლება უბრალოდ არ გაქვს. ადამიანი სიყვარულისთვისაა გაჩენილი და დედამიწას მართლა სიყვარული ატრიალებს, დამიჯერე.

მე ვხედავ მზეს! და მინდა შენც დაინახო… ხო, შენ, რაღაც უცნაური მიზეზით რომ შემოდიხარ აქ ყოველ დღე და მე უნამუსოდ გექცევი – არაფერს ვწერ ახალს.

ხოდა, მე დავბრუნდი, უფრო ხატია, ვიდრე გვირილა. თუმცა ორივე 🙂

მინდა ერთად ვხედავდეთ მზეს…

მინდა ყველა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ხედავდეს მზეს…

და მინდა ბედნიერებისგან ჟრუანტელი გივლიდეს…

. . .

Image

ბლოგმა მითხრა მომხედეო. მე ვუთხარი კაი მეთქი…

ხოდა უნდა მივხედო.

ჯერ მოვუყვები რაღაცებს, ჩუმად…

ვეტყვი, რომ სულაც არ დამვიწყებია და მასთან ურთიერთობა ისევ ისე მომწონს, როგორც ადრე. თავს გავიმართლებ იმით, რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს ბოლო დროს და ვეღარ ვიცლი მისთვის.

მერე ვეტყვი, რომ კარგად ვარ, რომ მიყვარს… ბლოგი კი არა… კიარადა, ბლოგიც 🙂

ვეტყვი რომ გულწრფელად წერა მომენატრა და მინდა დავწერო რამე.

იმასაც ვეტყვი, რომ ტყუილია, როცა ამბობენ მხოლოდ მაშინ შეუძლია ადამიანს წერა, როცა ცუდადააო. მე კარგად ვარ და შემიძლია წერა, თუ ჯღაბნა, რაცაა მოკლედ… მერე რა, რომ ბოლო დროს ვერ ვიცლი, როცა მოვიცლი ავანაზღაურებ 😉

გაზაფხულია, ფერადი… წავალ ახლა და უნივერსიტეტისკენ წავსეირნდები.

ხო, რაღაც უცნაური მიზეზით ამ ბლოგს რომ კითხულობს ის ხალხიც მომენატრა.

იცი რა? მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ მაქვს უფლება არ ვიყო ბედნიერი. ხოდა აუცილებლად ვიქნები ბედნიერი, პატარა-პატარა და დიდი ბედნიერებებით. და მინდა ბეეევრი ადამიანი იყოს ასე.

არ ვიცი…

შემთხვევით ჩემთვის უცნობ ბლოგს გადავაწყდი. უცნობს, მაგრამ საინტერესოს. ვკითხულობდი უშუალო და ძალიან მარტივ პოსტებს, ადამიანურს და არა კუდაბზიკურს.

სხვისი მოსმენის შემდეგ შენც გინდება საუბარი.

მეც ასე ვარ ახლა. მინდა საუბარი… კარგა ხანია მინდა თან, მაგრამ არ თუ ვერ გამოდის. გავხსნი პოსტის ფანჯარას და ხან სხვა საქმე მიჩნდება, ხან არ მეწერინება, ხანაც უბრალოდ არ მინდა დავწერო.

არც ახლა ვიცი რა დავწერო, მაგრამ მჭირდება ეს.

არეული ვარ…

რეალური ადამიანები მჭირდება.

ხანდახან უბრალოდ მინდა ვიტირო, ხანდახან არ მინდა და თავისით მოდის ცრემლები.

სულ მგონია რომ მარტო ვარ, ბავშვობიდან…

ახლა არ ვიცი, იქნებ არც ვარ მარტო…

არ ვიცი, არაფერი არ ვიცი…

არ ვიცი რა მჭირს…

უბრალოდ… მჭირდები… მჭირდები და მაკლიხარ…

ალბათ ბევრს ვითხოვ ადამიანებისგან…

თოვს… ალბათ ლამაზადაც… თუმცა მხოლოდ სიცივე იგრძნობა.

გაზაფხული მინდა და სითბო…

იები რომ აყვავდება ხომ წამიყვან მათ სანახავად?

 

წავალ, დავიძინებ…

ხვალ ახალი დღე იქნება და მზიანი. მერე რა რომ თოვს? თოვლში მზე არ გინახავს? იცი რა ლამაზია მზე და თოვლი? თოვლი ბრწყინავს და მზეც ისეთი თბილია, როგორიც შენი ჩახუტება.

მე ვხედავ მზეს. შენც დაინახე რა…

ე.წ. “ზრდილობა”

როცა ზოგადი უნარები ჯერ კიდევ უცხო ხილი იყო და “რაცხა უბედურებას” ნიშნავდა, მაშინ მთელი საქართველო ლაპარაკობდა იმ ერთ კითხვაზე ტესტში, ავტობუსში ადგილის დათმობას რომ ეხებოდა.

“დევიღუპეთ”

“ესენი ააშენებენ ქვეყანას?!”

“რას ასწავლიან ბავშვებს?”

მსგავსი ფრაზები ისმოდა ყველგან – სახლში თუ ქუჩაში, მაღაზიაში თუ ბანკში, მეტროში თუ ავტობუსში. ლამის “ზოგადი უნარების თაობა” დაგვერქვა. ალბათ ტრანსპორტში მოხუცისთვის ადგილის არ დათმობა ამ ტესტთან ასოცირდებოდა ავტომატურად, ითვლებოდა, რომ მთავრობამ “გააფუჭა” ბავშვები და ათასი უბედურება ასწავლა.

ზოგადად, ცხადია, რომ ამ ტესტის პასუხი მართალი იყო და მგზავრობის საფასურსაც ვიღაცაზე ზრუნვისთვის არ იხდი.

მაგრამ!

… დილაა. მეგობარი მელოდება. ვაგვიანებ და საშინლად ვნერვიულობ. “მარშუტკა” გადაჭედილია სამსახურში, უნივერსიტეტში თუ სკოლაში მიმავალი ადამიანებით. ყველას სადღაც ეჩქარება, ზოგი მაჯის საათს უყურებს ყოველ წამს, ზოგი ტელეფონს, ზოგიც უბრალოდ ფშვინავს. ერთი ბიჭი წამოდგა და ადგილი დამითმო. დიდი არაფერი ვთქვათ, მერე რა? მაგრამ იმ მომენტში ნერვიულობა გადაფარა ამ ფაქტმა და მუსიკის ფონზე, მშვიდად მივედი დანიშნულების ადგილას.

საღამოა. დაღლილი მოვდივარ ლექციებიდან. მკვდარივით ვაგდივარ სკამზე და “მარშუტკის” ფანჯრიდან ვიყურები, თუმცა ვერაფერს აღვიქვამ. ჩანთებით დატვირთული ქალი ამოდის, 60-მდე წლის იქნება. სახეზე აწერია რომ მთელი დღე მუშაობდა და ახლა ვალმოხდილი მიდის სახლისკენ. თვალებს სიცოცხლის ნიშანი არ ეტყობათ, არანაირი სხივი არ კრთის. პარკები ძირს დააწყო, საფულიანი ხელი სკამის საზურგეს ჩასჭიდა, მეორე, ცხვირსახოციანი ხელი შუბლზე გადაისვა და უემოციოდ მიაშტერდა არაფერს. საშინლად მომინდა როგორმე, ოდნავ მაინც გამეხარებინა ეს ქალი, წამოვდექი და ღიმილით ვანიშნე რომ დამჯდარიყო უკვე თავისუფალ სკამზე. მხოლოდ თავი დამიქნია მადლობის ნიშნად და მის თვალებში ის სხივი დავინახე, რომელიც აქამდე არ ჩანდა. რაღაცნაირად გამიხარდა, თითქოს ძალებიც მომემატა.

პიკის საათია. ის დროა, როცა ყველა სადღაც გარბის და ტრანსპორტი ხალხით, ხოლო ქუჩები ამ ტრანსპორტითაა გადაჭედილი. საშინელ განწყობაზე ვარ. ისეთზე, რომ ვგრძნობ წარბშეკრული დავდივარ, მაგრამ არ შემიძლია გამოსწორებ. ვიწრო ქუჩაზეც საშინელი საცობია, შუქნიშანი არაა და გადაკვეთაც ჭირს. რამდენიმე წუთია ვდგავარ და უიმედოდ ველოდები გადასვლის შესაძლებლობას. ერთი მანქანა ჩერდება და მითმობს გზას, ამ დროს საპირისპირო მიმართულებით მიმავალმა მეორე მანქანამ გამოსასვლელი იპოვა და ძლივს გამოძვრა. მძღოლმა შუა ქუჩაში რომ დამინახა, რაღაცნაირად, გემრიელად გაიღიმა და გზა დამითმო. იმ ბიჭის ღიმილზე მეც გამეცინა და მთელი დღე რატომღაც დადებითად დაიმუხტა.

არც მე ვიღებ დიდ მსხვერპლს, როცა ვიღაცას ტრანსპორტში ადგილს ვუთმობ, არც ისინი, ვინც მე მითმობენ ადგილს და არც ის ბიჭი დაზარალდებოდა, თავისდაუნებურად მთელი დღის სასიამოვნო განწყობა რომ მომიტანა.
ხოდა, მერე რა, რომ წესით ეს ადგილი მე მეკუთვნოდა? ამაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ შევძელი ადამიანისთვის მესიამოვნებინა. მაგარი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ თუნდაც ძალიან პატარა, მაგრამ მაინც გააკეთე რაღაც კარგი და ვიღაც დადებითად დამუხტე.

…და რა დაშავდება, ათი წუთით ფეხზე რომ იდგე “მარშუტკაში”, კარებში ჯერ ქალი გაატარო და მერე გახვიდე, ვიღაცას რიგი დაუთმო როცა არ გეჩქარება და ა.შ.?

ხუთი წლის შემდეგ

ჩავიცვი, მოვწესრიგდი, შედარებით თბილი ზედა მხარზე მოვიგდე და სოფლის სამ კილომეტრიან გზას გავყევი, როგორც ძველად.

– ინგა, ინგა!.. – ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ გავძახე სკოლისდროინდელ მეგობარს. ისიც ძველებურად, სასაცილოდ გამოცუნცულდა აივანზე და სახლში მიმიპატიჟა. მეც, ძველებურად, დროის უქონლობის გამო უარი განვაცხადე და ჩვენ, კვლავ ძველებურად, მაინც გამოგვივიდა ნახევარი საათით კარებთან დგომა და ლაპარაკი.

ძლივს ვწყდებით ერთმანეთს და ვაგრძელებ გზას. ცოტა ხანში უკვე ძველი კლასელის და პარალელურად მეგობრის სახლს ვუახლოვდები.

– ნინო, ნინო!.. – მინდა დავიძახო ისევ ისე, მაგრამ სახლი მეცარიელება. რამდენიმე თვის წინ გათხოვდა და დღეს პირველად, ამდენი წლის შემდეგ, ისე ჩავუვლი ამ სახლს, რომ არ დავიძახებ.

სკოლას ვუახლოვდები, გადავდივარ ხიდზე, რომლის ბოლოში ძველებურად მელოდება ორი მეგობარი. შორიდანვე ვხედავთ ერთმანეთს და სიცილს ვერ ვიკავებთ.

– ოჰ,  ჯენტლმენები! – მიახლოებისას ვამბობ მე და სამივეს გვეცინება.

რესტორანი არც ისე შორსაა და ფეხით ვაგრძელებთ გზას. მათ შორის ვდგები და ხან ერთის ამბებს ვისმენ, ხან მეორისას. ერთმა სწავლა დაამთავრა და სამსახურს ეძებს, მაგისტრატურაში ჩაბარებასაც ფიქრობს. მეორე მეზღვაურია უკვე, რამდენჯერმე ყოფილა უკვე წასული ზვაში და ამ დღეებში კვლავ აპირებს.

მივუახლოვდით რესტორანსაც, თუმცა ჩვენიანი ჯერ არავინ მოსულა. საერთოდაც, სკოლის დამთავრებიდან ხუთი წლისთავის აღნიშვნა ყველას უნდოდა, მაგრამ უმრავლესობამ ვერ შეძლო. ოჯახები ჰყავთ უკვე, ქმრები/ცოლები და შვილები. ყველამ თავისი გზა იპოვა მეტ-ნაკლებად და ბავშვები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მშობლებს და მასწავლებლებს აბრაზებდნენ, ახლა უკვე დიდი კაცები და ქალები არიან, საკუთარი ოჯახებით და ფინანსებით.

სანამ სამსახურის მაძიებელი ჯენტლმენი ტელეფონზე საუბრობს და უცნაურად იღიმება, მეზღვაური თავგადასავლებს მიყვება. იმაზე, თუ როგორ გაძლო ორი თვე შუა ზღვაში, გაჩერებულ გემზე. რომ ამ ორიდან ერთი თვე თითქმის შიმშილობდა და ერთ ცალ მოხარშულ კარტოფილს ჭამდა შიმშილით რომ არ მომკვდარიყო. ვერ წარმოვიდგენდი ამხელა ნებისყოფა თუ ჰქონდა და ამ ყველაფრის მერე კვლავ ისურვებდა ზღვაში გასვლას. მიხარია კიდეც რაღაც სირთულე რომ შეხვდა, მთავარია გადალახა და სამაგიეროდ, ბევრი ისწავლა, თვითონაც ასე ამბობს. მიხარია ისიც, რომ ამდენი წლის შემდეგ ჩვენ ისევ ისე ვლაპარაკობთ. მეშინოდა, რომ მასთან რთული დასაძლევი იქნებოდა ის უხერხულობა, რაც მისმა გრძნობებმა გამოიწვია ადრე. კონტაქტი აღდგა, ჩვენ ისევ ბავშვობის მეგობრები ვართ, თითქოს არც ყოფილა ის ერთწლიანი მონაკვეთი ჩვენს ურთიერთობაში.

სხვებიც მოვიდნენ. ზოგი საცოლესთან ერთად, ზოგიც მარტო. აღმოჩნდა, რომ კლასელებიდან ვერც ერთი გოგო ვერ წამოვიდა ჩემ გარდა. და ამ ხალხთან ურთიერთობას სწორედ ის პლიუსი აქვს, რომ სულ ფეხებზე გკიდია ძველ დაქალს თუ ვერ ეჭორავები, სხვებთან ერთადაც მშვენივრად გაატარებ დროს და წამით არ მოიწყენ.

ალბათ კარგია ის, რომ ერთ-ერთი ჯენტლმენთაგანი იმდენად გენდობა, მის ტელეფონზე მოსული მესიჯის წაკითხვას გთხოვს. და ცუდია ის, რომ გახსნილი მესიჯის ავტორი შენი “დაქალი” აღმოჩნდება, რომელიც ადრესატს შენი იქ ყოფნის შესახებ ეკითხება რატომღაც და მერე არც ისე პოზიტიურ კონტექსტში მოგიხსენიებს. ვერაფრით ვერ ვიგებ საიდან ჩნდება ადამიანებში ამდენი ბოღმა და ნეგატივი. მით უმეტეს, რომ ამის არანაირი საფუძველი, მიზეზი არ არსებობს და თითქოს ვმეგობრობთ. რა საჭიროა თვალთმაქცობა? არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ. მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მტკივნეულია, თითქოს გულში რაღაც ჩუმად, უხმაუროდ ჩაწყდა, განადგურდა.

– ვინ იყო? – მეკითხება მეგობარი.

– ნინო…

– რაო?

– არაფერი, მოგიკითხა პროსტა.

– კაი, იყოს, მერე მივწერ.

… ვაბრუნებ ტელეფონს თავის ადგილას და ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო. ვცეკვავ, ვერთობი, ვიცინი და თან გამომაქვს განაჩენი (უფრო საკუთარი თავისთვის ალბათ) – ნაკლები სიახლოვე და კონტაქტები ადამიანებთან.

დრო უფრო სასიამოვნოდ გრძელდება. ერთმანეთს ვუყვებით რაღაცეებს, ცოტას ვსვამთ კიდეც. კლასის ყოფილი “დამრიგებელიც” თავის ამპლუაშაია  და მიდის სადღეგრძელოების ბრახა-ბრუხი.

დღე სასიამოვნოდ გრძელდება. თუმცა, ჩემი ბავშვობის მეგობარი კვლავ გაიჭყიპა ღვინით. ტრადიციისამებრ მოვახერხე სახლში წასვლაზე მისი დათანხმება და მანქანაშიც შეტენეს. მშვენივრად მოკალათდა უკანა სკამზე და თვლემს კიდეც. ჩემი ჯენტლმენები მანქანის კარებამდე მაცილებენ. ძველებურად ესალმებიან მამაჩემს და იკითხავენ. მეც ძველებურად მსიამოვნებს მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება.

მანქანა სოფლის ტალახიან გზაზე გაჭირვებით მიდის.

უკანა სკამიდან მონოტონური ხვრინვა ისმის.

“ნაუშნიკებს” ვირგებ და ვცდილობ წარსულიდან დაბრუნებას.

უბრალოდ მეგობრობა…

ბათუმში ბათუმურად წვიმდა და ქუჩები დატბორილი იყო. ჩვენ სტატიისთვის ინფორმაციის მოსაძიებლად მივდიოდით ქალაქის თითქმის მიკარგულ უბანში. “მარშუტკიდან” გადმოსვლის შემდეგ დიდი ძალისხმევა იყო საჭირო გუბეებს რომ გავცდენოდით. ერთ-ერთი გრანდიოზული გუბე რომ შემოგვხვდა, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ სხვა გზა არ იყო და კედებით უნდა “გადამეცურა”. ჩემს მეგობარს “ვალინკები” ეცვა და იცი რა ქნა? არა, ფეხსაცმელი არ გაგვიცვლია. ჩადგა ამ ტბა-გუბეში თავისი “ვალინკებით”, მე კი ჩემი კედებიანი ფეხები შემომაწყონია ზედ. მის ფეხზე ვიდექი და ისე გადავლახეთ გუბე. იმ მომენტში არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ფეხის დასველებას გადავრჩი. ამ შემთხვევაში შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მნიშვნელოვანი იყო ამ შედეგამდე მისვლის პროცესი.

გახსოვს მეგობრობის დღიურები ბავშვობიდან? ან შაბლონური კითხვა ყველა მათგანში – “თქვენი აზრით, რა არის მეგობრობა?“. პასუხებიც შაბლონური იყო, ზოგი ლექსით პასუხობდა და ზოგიც ლამაზი ფრაზებით. არადა, მეგობრობის ფასი ბავშვობაშიც ვიცით მეტ-ნაკლებად და გონების დაძაბვის შედეგად შეიძლება ჩვენც დაგვეწერა რამე ლამაზი. მაგრამ მეგობრობას ასე, სიტყვებით ვერ ახსნი, მეგობრობა არაა ლამაზი სიტყვები და იმიტომ. ის გრძნობაა, რომლის სიტყვით გადმოცემა ხშირად ჭირს, მაგრამ სულ პატარა საქმეშიც კარგად ჩანს.

მეგობრობაა, როცა მასთან ისე ლაპარაკობ, როგორც საკუთარ თავთან. მეგობრობაა, როცა მხოლოდ მისთვის ცნობილ რამეს სხვა გაიგებს და უფრო საკუთარ თავში შეგეპარება ეჭვი, ვიდრე მასში. მეგობრობაა, როცა ნებისმიერ დროს შეგიძლია დაურეკო, დაუძახო და მოგისმენს, დაგეხმარება. მეგობრობაა, როცა შენი სიხარულის გაზირება შეუძლია გულწრფელად. მეგობრობაა, როცა არ შურს. და მეგობრობაა, როცა იმდენად გიყვარს, რომ სიტყვები აზრს კარგავს, ეს ისედაც ცხადია…

მეგობარია, როცა ნაკლს პირდაპირ გეუბნება და გამოსწორებაში გეხმარება. მეგობარია, როცა შორიდან ხედავ მის სილუეტს და გრძნობ, რომ გაბადრული სახით მოდის, მერე გიახლოვდება და გიხარია, რომ არ ცდები, ვერც ერთი რომ ვერ მალავთ ღიმილს და რატომღაც ყურებამდე იკრიჭებით 😀 მეგობარია, როცა სიცივეში, გაჩერებაზე, ჩახუტებით გათბობს. მეგობარია, როცა ცდილობს გათოშილი ხელები სულის შებერვით გაგითბოს. მეგობარია, როცა შენი წარმატება შენზე მეტად უხარია. მეგობარია, როცა დაეცემი, წამოგაყენებს და შენს ნაცვლად თვითონ ტირის 😀 მეგობარია, როცა უჭირს, ვერ ეხმარები და არ გკიდია, უბრალოდ არ იცი რა ქნა და ცმუკავ, წრიალებ. მეგობარია, როცა მასთან ერთად რამდენიმე წუთიანი გასეირნება გრანდიოზულ ფართის გირჩევნია.

მეგობრობაა, როცა დღე და ღამე ერთად ხართ და მაინც ვერ “ძღებით” ერთმანეთით. მეგობრობაა, როცა მის გარეშე გართობები და მსგავსი რაღაცეები აზრს კარგავს. მეგობრობაა, როცა არ ავიწყდები. მეგობრობაა, როცა არც კი გაიფიქრებ, რომ არის რაღაც, რაც მან არ უნდა იცოდეს.

ალბათ ისიც მეგობრობის შედეგია, მათ გარეშე ყველაზე ყველაზე მაგარ ხალხთანაც კი მსოფლიოში ყველაზე მარტოდ იგრძნო თავი და გენატრებოდეს, საშინლად გენატრებოდეს…

მირაჟი (?)


რა მინდა იცი?

სისხამ დილით გავიღვიძო, მზე ჯერ კიდევ არ იყოს მწველი და სასიამოვნოდ ათბობდეს. დავყვე პატარა ქუჩას, ორი ჩიხი გავიარო და გემები და კატარღები დავინახო. ნელა, სეირნობით ჩავყვე მათ მწკრივს და ზურგზე უკვე მზის სხივებს ვგრძნობდე.

მერე ქვიშის ხმაური მინდა გავიგო, ჩემი სირულით გამოწვეული. ნაპირს ჩავყვე და თხელი ფეხსაცმელი ვერ მიცავდეს ქვებისგან, რომელებიც სასიამოვნო მასაჟის ფუნქციას ასრულებენ იმ მომენტში.

არც ისე ხალხმრავალი პლიაჟი მინდა დავინახო, ჩანთა და ნივთები იქეთ-აქით მიმოვფანტო და სასწრაფოდ დავიწყო გახდა. მერე მოუთმენლობის გამო სირბილით მინდა დავძლიო პლიაჟიდან ზღვამდე მანძილი და თბილი წყლის შეხება ვიგრძნო, სასიამოვნო ჟრუანტელი რომ დაგივლის ტანში ისეთი.

მერე სიამოვნების გასახანგრძლივებლად ნელ-ნელა მინდა შევიდე წყალში. წყალი კი თანდათან ზევითკენ იწევდეს და მხრებამდე რომ მოაღწევს, მერე დავიწყო ცურვა.

ნელი მოძრაობები მინდა გავაკეთო ცურვისას, თითოეული წამი უკეთ რომ შევიგრძნო. სხეულის სიმსუბუქე მინდა ვიგრძნო წყალში და რაღაცნაირი თავისუფლება.

მერე გავცურო შორს, სასიამოვნოდ დაღლილმა კი წყალზე ტივტივი დავიწყო. ამ დროს მზის სხივი უნდა მწვავდეს და წყალში ყოფნა ორმაგად სასიამოვნო იყოს, იმდენად, რომ ღიღინი მომინდეს.

მინდა ღრმად გასულმა უკან მოვიხედო და უკიდეგანო სივრცე დავინახო. უცებ შემდეშინდეს და მერე მივხვდე, რომ ჩემი ორიენტაციის უნარის წყალობით სანაპირო უკან კიარა, მარცხნივ (ან მარჯვნივ :-D) მოვიტოვე.

მინდა ზღვაში ვიყო და ამავდროულად მზეს ვეფიცხებოდე, შედეგად კი რომ ვერ გამოხატავ ისეთ სიამოვნებას ვგრძნობდე და ჩემდაუნებურად მეღიმებოდეს.

მინდა გავძღე ზღვით და მერე რაღაცნაირად თავისუფალი ავიდე ნაპირზე, თითქოს იქ, წყალში რაღაც დავტოვე, მოვიშორე. მინდა ნაპირთან ქვიშის სრიალის ხმა გავიგო და მერე უბრალოდ დავეგდო პლიაჟზე.

%d bloggers like this: