Blog Archives

ე.წ. “ზრდილობა”

როცა ზოგადი უნარები ჯერ კიდევ უცხო ხილი იყო და “რაცხა უბედურებას” ნიშნავდა, მაშინ მთელი საქართველო ლაპარაკობდა იმ ერთ კითხვაზე ტესტში, ავტობუსში ადგილის დათმობას რომ ეხებოდა.

“დევიღუპეთ”

“ესენი ააშენებენ ქვეყანას?!”

“რას ასწავლიან ბავშვებს?”

მსგავსი ფრაზები ისმოდა ყველგან – სახლში თუ ქუჩაში, მაღაზიაში თუ ბანკში, მეტროში თუ ავტობუსში. ლამის “ზოგადი უნარების თაობა” დაგვერქვა. ალბათ ტრანსპორტში მოხუცისთვის ადგილის არ დათმობა ამ ტესტთან ასოცირდებოდა ავტომატურად, ითვლებოდა, რომ მთავრობამ “გააფუჭა” ბავშვები და ათასი უბედურება ასწავლა.

ზოგადად, ცხადია, რომ ამ ტესტის პასუხი მართალი იყო და მგზავრობის საფასურსაც ვიღაცაზე ზრუნვისთვის არ იხდი.

მაგრამ!

… დილაა. მეგობარი მელოდება. ვაგვიანებ და საშინლად ვნერვიულობ. “მარშუტკა” გადაჭედილია სამსახურში, უნივერსიტეტში თუ სკოლაში მიმავალი ადამიანებით. ყველას სადღაც ეჩქარება, ზოგი მაჯის საათს უყურებს ყოველ წამს, ზოგი ტელეფონს, ზოგიც უბრალოდ ფშვინავს. ერთი ბიჭი წამოდგა და ადგილი დამითმო. დიდი არაფერი ვთქვათ, მერე რა? მაგრამ იმ მომენტში ნერვიულობა გადაფარა ამ ფაქტმა და მუსიკის ფონზე, მშვიდად მივედი დანიშნულების ადგილას.

საღამოა. დაღლილი მოვდივარ ლექციებიდან. მკვდარივით ვაგდივარ სკამზე და “მარშუტკის” ფანჯრიდან ვიყურები, თუმცა ვერაფერს აღვიქვამ. ჩანთებით დატვირთული ქალი ამოდის, 60-მდე წლის იქნება. სახეზე აწერია რომ მთელი დღე მუშაობდა და ახლა ვალმოხდილი მიდის სახლისკენ. თვალებს სიცოცხლის ნიშანი არ ეტყობათ, არანაირი სხივი არ კრთის. პარკები ძირს დააწყო, საფულიანი ხელი სკამის საზურგეს ჩასჭიდა, მეორე, ცხვირსახოციანი ხელი შუბლზე გადაისვა და უემოციოდ მიაშტერდა არაფერს. საშინლად მომინდა როგორმე, ოდნავ მაინც გამეხარებინა ეს ქალი, წამოვდექი და ღიმილით ვანიშნე რომ დამჯდარიყო უკვე თავისუფალ სკამზე. მხოლოდ თავი დამიქნია მადლობის ნიშნად და მის თვალებში ის სხივი დავინახე, რომელიც აქამდე არ ჩანდა. რაღაცნაირად გამიხარდა, თითქოს ძალებიც მომემატა.

პიკის საათია. ის დროა, როცა ყველა სადღაც გარბის და ტრანსპორტი ხალხით, ხოლო ქუჩები ამ ტრანსპორტითაა გადაჭედილი. საშინელ განწყობაზე ვარ. ისეთზე, რომ ვგრძნობ წარბშეკრული დავდივარ, მაგრამ არ შემიძლია გამოსწორებ. ვიწრო ქუჩაზეც საშინელი საცობია, შუქნიშანი არაა და გადაკვეთაც ჭირს. რამდენიმე წუთია ვდგავარ და უიმედოდ ველოდები გადასვლის შესაძლებლობას. ერთი მანქანა ჩერდება და მითმობს გზას, ამ დროს საპირისპირო მიმართულებით მიმავალმა მეორე მანქანამ გამოსასვლელი იპოვა და ძლივს გამოძვრა. მძღოლმა შუა ქუჩაში რომ დამინახა, რაღაცნაირად, გემრიელად გაიღიმა და გზა დამითმო. იმ ბიჭის ღიმილზე მეც გამეცინა და მთელი დღე რატომღაც დადებითად დაიმუხტა.

არც მე ვიღებ დიდ მსხვერპლს, როცა ვიღაცას ტრანსპორტში ადგილს ვუთმობ, არც ისინი, ვინც მე მითმობენ ადგილს და არც ის ბიჭი დაზარალდებოდა, თავისდაუნებურად მთელი დღის სასიამოვნო განწყობა რომ მომიტანა.
ხოდა, მერე რა, რომ წესით ეს ადგილი მე მეკუთვნოდა? ამაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ შევძელი ადამიანისთვის მესიამოვნებინა. მაგარი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ თუნდაც ძალიან პატარა, მაგრამ მაინც გააკეთე რაღაც კარგი და ვიღაც დადებითად დამუხტე.

…და რა დაშავდება, ათი წუთით ფეხზე რომ იდგე “მარშუტკაში”, კარებში ჯერ ქალი გაატარო და მერე გახვიდე, ვიღაცას რიგი დაუთმო როცა არ გეჩქარება და ა.შ.?

Advertisements

“დევუშკა, მანი, მანი!..” ანუ როგორ მოვიარე სვანეთი

სვანეთში ყოფილხარ? თუ არა, აუცილებლად უნდა წახვიდე. შენი თვალით უნდა ნახო ის მთები, კოშკები, მცენარეები…

დილით ხუთ საათზე უკვე ტრანსპორტთან უნდა ვყოფილიყავით. ძლივს მივათრიე ჩანთა, რომელშიც ყველა სეზონის შესაბამისი სამოსი ჩავყარე, როგორი ამინდი იქნებოდა ვერავინ გვითხრა ზუსტად.
და რადგანაც ფაქტების ქრონოლოგიას აქედან აზრი ეკარგება, უკეთესია პუნქტებად დავყო.

გზა – მზის ამოსვლა ჯერ კიდევ ბათუმის მიდამოებში ვნახეთ. რაღაცნაირი შეგრძნებაა ქალაქიდან რომ გადიხარ, სხვადასხვაგვარი ემოცია გეუფლება. მე ამ დროს მუსიკას ვრთავ და ფანჯარაში ვიყურები.
მგზავრობას გამორჩეული და მით უმეტეს სახალისო არ შეიძლება ეწოდოს. რამდენიმე თანამგზავრმა სცადა სიმღერის დაწყება და გიტარაც ააჟღერეს, მაგრამ მალევე მიჩუმდნენ და ყველა სადღაც, საკუთარ სამყაროში გადავიდა.
ზუგდიდში ჩასვლის შემდეგ დავინახეთ ერთმანეთი ფაქტიურად პირველად, ახლა შევნიშნეთ ზოგი ნაცნობი და ზოგიც უცნობი სახე. სვანეთის გზებზე კი უკვე ლაპარაკიც დავიწყეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთ-ერთმა თანამგზავრა ღვინის კასრები ხრამში გადაყარა დაუდევრობით 😀
ენგურის სიდიდე და სილამაზე ასე, ერთი სიტყვით არ შეიძლება თქვა. იმაზე დიდი და ლამაზია, ვიდრე წარმოგიდგენია. მდინარე ამწვანებული მთების შუაშია და ვერც შენიშნავ თუ მოძრაობს საერთოდ. ისეთი სილამაზეა აქ, რამდენიმე წამით სუნთქვას წყვეტ. საერთოდ, პატრიოტიზმზე იშვიათად ვფიქრობ, მეტისმეტად აბსტრაქტული ცნებაა და იმიტომ. პატრიოტიზმს ფიქრი იშვიათად სჭირდება, ის უფრო კონკრეტული მოქმედებებია. მაგრამ აქ შეუძლებელია არ იფიქრო ამაზე. აი, სულ პატარა რომ იყავი, ჯერ კიდევ “მე პატარა ქართველი ვარ”-ს რომ გასწავლიდნენ და შენც სიამაყით ამბობდი ამ ლექსს, გახსოვს? მაშინ როგორი წარმოგედგინა საქართველო? უცებ დაფიქრდი და ჩამოყარე ასოციაციები. ხოდა ზუსტად ასეთია აქ საქართველო. ამიტომაც, აქ რაღაცნაირად, სხვანაირად გრძნობ თავს. თან გტკივა რაღაც გულში და თან იბღინძები სიამაყით იმის გამო, რომ ეს ყველაფერი შენია და შენი მოსავლელიც.
გზებს აკეთებდნენ და ამიტომ საშინელი მტვერი იყო. რაც უფრო მაღლა მივდიოდით, მით უფრო მეტად გვევსებოდა ფილტვები სვანეთის ნატურალური მტვერით. ერთ მონაკვეთში კი გზა საერთოდ არ იყო გაყვანილი და ერთი საათი ველოდეთ, სანამ ტრაქტორი გაწმენდდა. ზემოდან დიდი კლდე გვიყურებდა და ქვემოთ კიდე უშველებელი ხრამი იყო.
როგორც იქნა, მივაღწიეთ მესტიასაც, მაგრამ ემოციებისთვის არ გვეცალა, დავბინავდით სასტუმროში და გავითიშეთ. მარა ჯერ დილა იყო მაინც და მერე გასვლაც მოვასწარით.

მესტია – პირველი სვანური კოშკის დანახვა რომ გაგვიხარდა, ისე მესტიაში ასვლა არ გაგვხარებია მგონი. მით უმეტეს, რომ მოლოდინი სულ სხვა იყო და მესტია თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი დაგხვდა.
საოჯახო სასტუმროც არაფრით განსხვავდებოდა ბათუმის ყველაზე მაგარი საოჯახო სასტუმროსგან და რაც მთავარია, მასპინძლები დაგვხვდნენ ძალიან კარგად.
იმავე დღეს მოვასწარით მხოლოდ სვანურ კოშკში ასვლა და რამდენიმე ფოტოს გადაღება. იგეგმებოდა კოცონიც, ბიჭებს გიტარაც ჰქონდათ და არაუშავს მღეროდნენ, მაგრამ ისეთი დაღლილები ვიყავით, კოშკიდან ჩამოსვლის შემდეგ ჭამისთვის ძლივს გვეყო ძალა. მერე უკვე ძილის დრო იყო, მით უმეტეს, რომ მეორე დღეს კი უშგული გველოდა.

მესტია. ხედი სვანური კოშკიდან.

მესტია. ხედი სვანური კოშკიდან.

ძილი/უძილობა – როგორც უკვე ვთქვი, დილით ხუთ საათზე გავედით ბათუმიდან. აზრიც არ ჰქონდა ძილს, მაინც ვერ გამოვიძინებდი და სამსახურის მერე (რომელიც იმ დღეს 11 საათზე დამიმთავრდა სტატიის ძლივს ჩამთავრების გამო) ცოტა დავისვენე უბრალოდ. მგზავრობაზე ვამყარებდი იმედებს, ტრასპორტშიც მშვენივრად შემიძლია გამოძინება. მაგრამ ვერ გავთვალე, რომ სვანეთის გზებზე ეს შეუძლებელი იყო, ნუ, თუ გინდოდა ჯანმრთელი ასულიყავი და არა თავგადაპობილი 😀
გზაში სულ ცოტა ხნით ვიძინე ამიტომ, მაგრამ წინ სასტუმრო იყო და გემრიელად გამოვიძინებდი. როგორც კი გახდა შესაძლებელი, ოთახისკენ გავიძურწე და დავიძინე, მაგრამ რამდენიმე საათში კარზე კაკუნი მოგვესმა. აღმოჩნდა, რომ ბიჭების ნაწილი ეხუმრა ერთს და თავისი საწოლით გადმოიყვანეს ჩვენს კარებთან. დააკაკუნეს კარებზე, ჩვენ გავიხედეთ და არავინაა, ძირს კი ვიღაც გდია თავისი საწოლითურთ.
დილით კიდე გაისმა იდუმალი კაკუნი, კიარადა ბრახუნი, მაგრამ ვინ იყო ვერ გავიგეთ დღემდე. მიზანი ერთი იყო – ჩვენი გაღვიძება და კი მიაღწია.
მერე იყო უშგული და ისევ დაღლილ-დაქანცულები მივედით სახლში (სასტუმროდ აღარ გვეჩვენებოდა უკვე, უცებ მეტისმეტად ახლობელი გახდა :-D). აღმოჩნდა, რომ დილით ხუთ საათზე უნდა წამოვსულიყავით ბათუმისკენაც, ამიტომ ძილს აზრი აღარ ჰქონდა და დავლიეთ ცოტა. ვისთვის ცოტა, ვისთვის კიდე სიმთვრალისთვის საკმარისი. ხოდა, კი მერეოდა ნაბიჯები, მარა მაგას შევიმჩნევდი ახლა მე?! (© მიშა ანდღულაძე – ინტონაციური პოეზია :-D).
ბათუმისკენ რომ მოვდიოდით მაშინ დავიძინე სამაგიეროდ ისე გემრიელად, სახლში რომ ვერ მძინავს ხანდახან. ჩემს გვერდით სკამი გათავისუფლდა და ორ სკამზე ისე გემრიელად ვიყავი მოკუნტული, ჩაქვს სანამ არ გამოვცდით, ვერავინ გაბედა ჩემი გაღვიძება 😀

უშგული. ქვემოთ ჩანს ის პატარა სოფელი, უკან კიდე მყინვარია.

უშგული. ქვემოთ ჩანს ის პატარა სოფელი, უკან კიდე მყინვარია.


უშგული – წასვლისას მითხრეს, მეორე მაგისთანა ადგილს ვერ ნახავო და მართლაც ასე აღმოჩნდა. ავედით სადღაც, მთების გასწვრივ. ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული და პატარა მდინარეც მოედინება. მდინარეზე ხის პატარა ხიდით გადადიხარ და იქით სოფელია, რომელშიც ძველებური სახლები, სასტუმროები, სვანური კოშკები და ერთი კაფეა. სოფელი ძალიან პატარაა და ნახევარ საათში ფეხით შეიძლება შემოვლა.
უამრავი უცნაური ყვავილებია აქ და გვირილებიც, სხვადასხვა ზომის და სახეობის. ჩუმად გამოვეყე სხვებს და მარტომ მოვიარე მთელი სოფელი, გადავიღე რაღაცეები და გვირილებიც. მართალია, სულ ახლოს მყინვარი იყო, მაგრამ მაინც საკმაოდ ცხელოდა და შემაღლებულ ადგილას ერთ-ერთი კოშკი სამოთხედ მომეჩვენა. იქვე ვიპოვე ჩემი თანამგზავრები და რამდენიმე საათი უბრალოდ ვეგდეთ კოშკის ძირს, ჩრდილში და სუფთა ჰაერის თანხლებით. აქვე დამიწნეს გვირილების თაიგული და სხვა რაღა მინდოდა ბედნიერებისთვის 😀
უშგული ძალიან ლამაზია, მესტიაში განადგურბული ასოციაციები აქ დაბრუნდა. უშგული ისეთია, როგორიც წარმოგიდგენია, ოღონდ სვანური ქუდით იშვიათად ნახავ ვინმეს (ჩემი ასოციაციები ამასაც გულისხმობდა რატომღაც :-D).

დადიანების სახლ-მუზეუმი
– ვინაიდან და რადგანაც უმრავლესობას ნანახი არ გვქონდა, ბათუმისკენ მომავალ გზაზე დადიანების სახლ-მუზეუმშიც შევიარეთ. მუზეუმი ნამდვილად შთამბეჭდავია. სასახლეა ძველებური და იმ ფართო კიბეებზე ჩამოსვლისას რამდენჯერმე მოვასწარი საკუთარი თავის წარმოდგენ დიდი, გრძელი კაბით 😀 ყველა ძველისძველ სარკეშიც ჩავიხედე (რაღაც მისტიკური ვიპოვე, მარა ვერ მივხვდი რა, ამიტომ არც ერთი არ გამოვტოვე) და წამებში დროში ვიმოგზაურე. სიამოვნება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან მუზეუმის ქალი ყველა ახალ ფრაზას კივილით იწყებდა რატომღაც და კონცენტრირება შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, მუზეუმის ექსპონატების დიდი ნაწილი საცხა ჯანდაბაში გადაუნახავთ და ყველაფრის ნახვა არ შეიძლება თურმე, არც ფანჯრიდან უნდა გაიხედო და შენობაში ფოტოს გადაღებაში ორი ლარი უნდა მისცე. არ მიყვარს ხალხის განსხავება ეროვნების და მით უმეტეს, უბრალოდ კუთხის მიხედვით, შესაბამისად, ამ ფაქტებს არ მინდა მოვუძებნო ერთადერთი ახსნა, რომელიც სამეგრელოს და მეგრელებს უკავშირდება.

დაღლილი გვირილა მესტიაში :-D

დაღლილი გვირილა მესტიაში 😀

“დევუშკა, მანი, მანი!..” – ეს ფრაზა გავიგეთ პირველად დადიანების სახლ-მუზეუმიდან გამოსულებმა, ეზოში მდებარე ტუალეტს რომ ჩავუარეთ. იქედან სასიამოვნო გარეგნობის უცხოელი გოგო გამოდიოდა და ეტყობა, არც დაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ იმ ტუალეტში შესვლისთვის ფული უნდა გადაეხადა. ამიტომაც კიოდა ის ქალი – “დევუშკა, მანი, მანი!..”. გოგო აშკარად ვერ მიხვდა ფრაზა მას თუ ეკუთვნოდა და გზა გააგრძელა, ქალმა კი შემდეგი ფრაზა მიაძახა – “ალო, ალო, ტი კუდა, მანი, მანი!..”. არ ვიცი ადრესატი მიხვდა რომ მას ეძახოდნენ თუ ინტერესის გამო მოტრიალდა, მაგრამ დაბნეული სახე კი ჰქონდა. ამ დროს მოხდა კიდევ ერთი უცნაურობა – ჩვენმა თანამგზავრმა გადაწყვიტა, რომ თვითონ უნდა გადაეხადა ის ოცი თეთრი. თუმცა, უცხოელი ლამაზმანის ტუალეტში დაპატიჟება არ გამოუვიდა და იმ გოგომ თვითონ მიაწოდა რკინის ლარიანი. და მეორე უცნაურობა – ტურისტს ხურდაში მოატყუეს და ზედმეტი ათი თეთრი აიღეს. მე ძალიან, ძალიან მიხარია, რომ კონკრეტულად ეს ფაქტი თვითონ ვერ შევნიშნე.
ჩვენ გვახლდა 13 წლის ბავშვი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და ზაფხულობით ისვენებს ბათუმში, ბებიასთან და ბაბუასთან. ხოდა, ტუალეტში შესვლამდე გავაფრთხილეთ, რომ გარეთ ყოფნისას ღრმად ჩაისუნთქოს და იქ არ ისუნთქოს საერთოდ. კი ჩავიდა გაბერილი ფილტვებით, მაგრამ იქედან სიცილის ხმა მოგვესმა. დავინტერესდით რა ხდებაო ცხადია და რას ვხედავთ – დგას კარებთან და კვდება სიცილით. საშინლად მომხვდა გულზე, მაგრამ რა, სასაცილო და დასაცინია და გაიცინა ბავშვმა. გამოსვლისას კიდე მშვიდად თქვა – “აქ შემოსვლისთვის ფულს იქით უნდა მიხდიდნენო”.

ხოდა ასე, ესეც ჩვენი სვანეთი და დადიანების სახლ-მუზეუმი. შთაბეჭდილება ზოგადად დადებითია რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ იმის მიმართ, რაც ბუნებამ მოგვცა. ჩვენ არ ვართ სტუმართმოყვარე ერი, ჩვენ საშინელი მასპინძლები ვართ.

დროებით…

“…და აი, მეგობრებო, დადგა ეს ნანატრი დღეც!” – თუ როგორ იწყებენ ხოლმე გამოსამშვიდობებელ საღამოებს 😀

მოკლედ, დღეს ღამით გვირილა მოკალათდება თბილისი-ბათუმის მატარებელში და დილით, როცა გაიღვიძებს და თვალებს მოიფშვნეტს, ზღვას დაინახავს. მერე ჩანთებს სადმე დაყრის და პირველი, რასაც გააკეთებს, ზღვაში ჩახტება.

მერე გააღვიძებს მეგობრებს და მაგრად ჩაეხუტება, მათთან ერთად იბოდიალებს მთელი დღე ბათუმში და საღამოსკენ სოფელში წავა სავარაუდოდ.

სოფელში იქნება მთელი ოჯახი და კიდე კავკასიური ნაგაზის მაგვარი ბარსა, რომელიც შეხვედრისას მხრებზე თათებს შემოაწყობს და მერე კუდის ქიცინს დაიწყებს.

მერე… მერე იქნება ყველაზე გემრიელი ძილი მთელ მსოფლიოში, ასე მხოლოდ ამ სოფელში რომ შეიძლება დაიძინო და დილით უგემრიელესი საუზმე, სავარაუდოდ ხაჭაპური.

მთელი დღეები ბევრი წიგნი, მონატრებული ადამიანები და ნებივრობა, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით.

… და გვირილა დაისვენებს ძალიან მაგრად. ივლის სოფელში, ზღვაზეც რა თქმა უნდა და იქნებ ბეშუმშიც.

* * *
ხო, საათები დარჩა მატარებლის გასვლამდე 🙂 რომ ვთქვა თბილისი არ მომენატრება-მეთქი, ალბათ არ ვიქნები მართალი. ვნახოთ, ჯერ ორი თვე წინაა. წასვლამდე კი ღამის თბილისში ვისეირნე, მეტროში ჩასვლაც მოვასწარი და ესკალატორზე ქვევით დაშვებისას ზემოთკენ მივტრიალდი 😀 მაგარი სასაცილოა, გგონია სადღაც უფსკრულში ეშვები. რა თქმა უნდა ლიანდაგის გასწვრივ, მაქსიმალურად ახლოს (ჩემი სიმაღლის შიში რამდენადაც მაძლევს საშუალებას, იმდენად) გავიარ-გამოვიარე და ამ დროს მომავალი მატარებლისგან წარმოქმნილი სასიამოვნო ქარიც ვიგრძენი.

რაც შეეხება გეგმებს ამ ზაფხულისთვის, საკმაოდ მაქვს. პირველი კვირა მხოლოდ ნებივრობას დაეთმობა. მერე მინდა რამე სეზონური სამსახურიც ვიშოვო, თითქმის ოთხი თვეა არ მიმუშავია და არ მინდა მოვდუნდე და უსაქმურობას მივეჩვიო.

პარალელურად წავიკითხავ ბევრს, რა თქმა უნდა ვნახავ მეგობრებს და თუ დრო დამრჩა, იქნებ ბეშუმშიც ავიდე ერთი კვირით.

ისე მიხარია წასვლის ამბავი, ვერ ვაზროვნებ და ვერ ვხვდები კიდევ რა შეიძლება დავწერო.

ხო, ინტერნეტთან ინტენსიურდ ალბათ ვერ ვიქნები, ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, ხანდახან შემოვივლი.

და სანამ მე იქ ვიქნები, ბლოგს ძალიან ნუ მომიწყენთ, ცოდოა 😦

რამდენიმე ბლოგის ავტორს ვეპატიჟები სტუმრად. სტუმართა სია დიდია, მაგრამ არაა აუცილებელი დაწეროთ რამე, თუ არ გინდათ. ისე კი, ნებისმიერი თქვენგანის მასპინძლობა გამიხარდება.

მოკლედ, ამ ორი თვის განმავლობაში გვირილა სტუმრად იწვევს:

მოლი ბლუმი

ჭიამაია

ნინიკო

ჯესი

შიო

ფინიკი

აქსიომა

TamaRa – რომლის ბლოგი მერამდენე თვეა ინახება და ვერა და ვერ წავიკითხე საფუძვლიანად, არადა უბრალოდ თვალის გადასავლები ბლოგი არაა აშკარად.

მაცო

სანდრო

თეა

ქეთუსი

ვანი

heart1ess

სია აშკარად დიდია, მარა არა აუცილებელი. თუ რომელიმეს მოგინდებათ დაწეროთ რამე გვირილას ბლოგზე, მე მზად ვარ მასპინძლობისთვის. გარდა ამისა, თუ სხვა ვინმესაც გაუჩნდება სურვილი, აქვე დააკომენტაროს და მალევე გახდება გესტ-ავტორი გვირილასთან.
ხო, წავედი ახლა მე და ისა… მომენატრებით ^_^ ოღონდ მართლა…

თბილისი (♥)

თბილისი ჩემთვის მოკირწყლული აღმართების ქალაქია. არც სინათლის, არც ფუნიკულიორის და არც არაფრის, მხოლოდ პატარა, ძალიან ლამაზი აღმართების. ზოგჯერ ეს აღმართები იმდენად ვიწროა, გული მეკუმშება სიამოვნებისგან.

თითქოს თბილისთან დაკავშირებული პირველი ასოციაცია რუსთაველი და თავისუფლება უნდა იყოს, მაგრამ ეს არ არის თბილისი. თბილისი აღმართები და დაღმართებია (გააჩნია საიდან მოდიხარ, როგორც დოჩანაშვილი იტყოდა :-)), ძველი, მოვარაყებული და ჯერ კიდევ არარესტავრირებული შენობებია, მშრალი ხიდი და მთაწმინდაა…

თბილისი ღამით ყველაზე ლამაზია, მაშინ, როცა განათებული თბილისის ანძა და მთვარე გვერდიგვერდ დგანან. ცენტრალური და დიდი, არათბილისური ქუჩები განათებულია და მათ დამაკავშირებელ ჩიხებს მხოლოდ ეს სინათლე წვდება. ამ ნახევრად განათებულ ჩიხებში სეირნობა ერთი სიამოვნებაა. საღამოს სიგრილეც ყველაზე მეტად აქ იგრძნობა და ყოველი წამი რაღაცნაირ, გამოუთქმელ სიამოვნებას განიჭებს.

საერთოდ, თბილისი ორ ნაწილად იყოფა ჩემთვის (ფრიად სუბიექტური შეხედულებით). არა, მტკვრის სანაპიროები არა. უბრალოდ, უბნები, საიდანაც თბილისის ანძა ჩანს და საიდანაც არ ჩანს.

ძალიან ლამაზია ღამით თბილისი და დიდი, ძალიან დიდი. თუმცა, იმაზე გაცილებით უფრო მეტად თბილი, ვიდრე დღისით.

რთული წარმოსადგენია, მაგრამ რომანტიკული ქალაქიცაა თბილისი. ოღონდ ჩემი თბილისი, აღმართებიანი. ამ ოკრობოკრო ქუჩებში სიარულისას როგორ შეიძლება არ იყო რომანტიულ განწყობაზე, არ მოგინდეს ლამაზი კადრის გადაღება და წამით მაინც არ წარმოიდგინო ვინმე, სრულიად უცნობი, ვისთან ერთადაც, ხელიხელჩაკიდებული სიამოვნებით შემოივლიდი ყველა ამ ქუჩას.

თბილისში ღამით სეირნობა რაღაცნაირია, სხვანაირი… ვერც ხალხს აკვირდები და ვერც გარემოს. ხედავ მხოლოდ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და თითოეული წამით შენდაუნებურად ტკბები, რომ ვერ აცნობიერებ ისე. ყველაზე ნელი ნაბიჯებით დადიხარ, რაც კი შეგიძლია და ღრმად ისუნთქავ თითქოს უკვე დაწმენდილ ჰაერს. ამ დროს სუსტი სიო გეალერსება, ყურში რომელიღაც მუსიკოსი ღიღინებს და რატომღაც გინდა იყვირო.

ცა ისევ მოჭედილია ვარსკვლავებით და მის ფონზე შესანიშნავად ერწყმიან ერთმანეთს გვერდიგვერდ მდგომი თბილისის ანძა და მთვარე.

წვიმს, წვიმს!..

სიგიჟე? სულაც არა!..

უბრალოდ წვიმა…

ჯერ დილა, ლექცია და ძილის სურვილი. ცხელა, ცხელა…

მერე წიგნი და პარკი.

მერე შეხვედრა თითქოს ძველ მეგობართან, სასიამოვნო საუბარი.

საღამო და მეტრო წიგნთან და მუსიკასთან სინთეზში.

… და წვიმა! დიდი, გრანდიოზული.

შხაპუნა და თავისი ჭექა-ქუხილით.

რამდენიმე წამიანი ფიქრი და გადაწყვეტილება.

მერე წვიმის წვეთების შეგრძნება სხეულზე. სირბილი. სველი თმის “სილა” სახეში და სასიამოვნო ჟრუანტელი.

მერე სეირნობა, უბრალოდ.

ერთადერთი დარდი იმ წამს და ისიც “ნაუშნიკის” შესაძლო დასველებასთან დაკავშირებით.

წვიმის წვეთების შეგრძნება სახეზე და რაღაცნაირი სიხარული. წვიმის გემო და ერთგვარი ნოსტალგია…

წვიმს, წვიმს!

წვეთები გეცემა, სველდები და თბილა. ხო, წვიმს და თბილა!

მთლიანად სველი ტანსაცმელი გეკვრის, არ გცივა. მისეირნობ და უსმენ მუსიკას.

მერე რა, რომ ტუშს უკვე თვალის ირგვლივ გრძნობ და არა იქ, სადაც უნდა იყოს 🙂

არც ისაა ტრაგედია, წვიმამ ვარცხნილობა რომ გააფუჭა. “ჩორტ ს ნიმ!..”

წვიმს, წვიმს!..

ზოგჯერ მცირედ დეტალებსაც რამხელა სიხარული მოაქვს…

ბათუმური წვიმა და ჯერ სირბილი, მერე სეირნობა რატომღაც ღიმილიანი სახით და მოგზაურობა მოგონებებში…

აბა რას ვამბობდი? დროა სხვა რაღაცეებიც ვინატრო 😀

წვიმს, წვიმს!

#1??

მის მოსვლას მოუთმენლად ელოდები. ამ მოლოდინისას ისე შფოთავ, თითქოს პირველი პაემანი იყოს და შენ კიარა, ის აგვიანებდეს.

ის თითქმის არასდროს გტოვებს მარტო, სახლიდან უნივერსიტეტამდე და უნივერსიტეტიდან სახლამდეც გაცილებს. ხანდახან შენ ღალატობ ჩუმად, როცა ამ სამსახურს არ უფასებ და უნივერსიტეტიდან სახლამდე მანძილს მის გარეშე, სეირნობით ამარცხებ.

დგება ნანატრი წამი და აი, ისიც გამოჩნდა. ის ყველასგან გამორჩეულია და შორიდანვე იცნობ. ამაში მისი “ტრაფარეტის” განსხვავებული ფერიც გიწყობს ხელს.

ნორმალური “მარშუტკებისგან” განსხვავებით და თბილისური “მაშუტკების” მსგავსად, “სამოთხეში” შესასვლელად მასაც ერთი კარი აქვს.

როგორც წესი, ამ “სამოთხეში” მეტისმეტად ბევრი ხალხია. თუმცა, გაგვიანდება და სხვა გზა არაა, ამ ნანატრ წამს ხელიდან ვერ გაუშვებ.

ამ ერთადერთი კარის საშუალებით უერთდები “სამოთხეს”, სადაც უამრავი განსხვავებული ადამიანი მოხვედრილა და სულაც არ ხარ დარწმუნებული, რომ მათ ეს დაიმსახურეს.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სკამზე მხოლოდ ერთი ბიჭი ზის და იმასაც პროცესორი ჩაუხუტებია. “ჩორტ ს ნიმ!..” – ფიქრობ გულში და ეგუები მდგომარეობას. მყარად დგები სკამებს შორის ვიწრო გასასვლელში და ერთი მეგობრის რჩევის გათვალისწინებით, წარმოიდგენ, რომ სეინობ. სწორედ ამ რჩევის წაკითხვისას გეცინება და მწველი მზერითაც გაჯილდოებენ. ამას ემატება “ნაუშნიკები” და დიდი ჩანთა, საიდანაც ცალი ხელით ცდილობ ამოიღო საფულე იმ დაწყევლილი 50 თეთრის გამო. წარმოიდგენ როგორი სანახავი იქნები ამ დროს და უფრო გეცინება. “ვსიო”, ლამისაა გესმის “ნწუ, ნწუ, ნწუ, საცოდავი ბავშვი”. გიჟი თუ არა, არც მთლად ჭკვიანი ჰგონიხარ ყველას.

და აი, დადგა ნანატრი წამი!.. მგზავრი ჩავიდა, სკამი თავისუფალია!.. (“ასლანი წავიდა, აჭარა თავისუფალია”-ს სხვაგვარი ინტერპრეტაცია :-D). ეს სკამი საერთოდ სხვა ფენომენია. როგორც წესი, ორი განყოფილება აქვს და მგზავრები ერთმანეთისგან ზურგით სხედან. ძალიანაც რომ მოინდომო და ფეხები თავზე შემოიწყო, არც ერთი მგზავრი არ ჩაგივლის ისე, გემრიელად რომ არ ჩაგეხუტოს.

მძღოლი რა თქმა უნდა იგინება, რა თქმა უნდა ხელისუფლებას აგინებს და რა თქმა უნდა კონკრეტულად პრეზიდენტს. ღვედი მზარზე მსუბუქად გადაუგდია და დროდადრო ისწორებს, დამაგრება რა აუცილებელია, მთავარია პატრული დარწმუნდეს, რომ ყველაფერი რიგზეა. ღვედის მსგავდსად, ხანდახან ულვაშებსაც გადაუსვამს ხელს. საერთოდაც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მძღოლი, გარდა იმისა რომ მართავს “მარშუტკას”, სხვა სასარგებლო საქმეებსაც აკეთებს: იგინება, “ტრაფარეტს” ატრიალებს და შიგადაშიგ იმ ბოთლსაც ასწორებს, რომლითაც დამაგრებულია ეს “ტრაფარეტი”, უსმენს ნინო ჩხეიძეს და შიგადაშიგ “ბუტირკას” (ან პირიქით. ეს დამოკიდებულია მძღოლზე, მის განწყობაზე და შენს “იღბალზე”), ულვაშები და ღვედი ხომ თავისთავად. გარდა ამისა, რომელიმე მგზავრით უკმაყოფილოა აუცილებლად და ამ უკმაყოფილების ხარისხიდან გამომდინარე, სიჩქარეს უმატებს ან უკლებს. და რაც მთავარია, მძღოლი რის მძღოლია, ნეკა თითს მშვენიერი ფრჩხილი რომ არ უმშვენებდეს.

მძღოლზე დაკვირვების ბედნიერებას ის უეცრად ჩასული მგზავრი გისპობს, ფანჯარასთან გამოყოფილ ერთ სკამზე რომ იჯდა. საოცნებო ადგილი თავისუფალია და მზად ხარ მისთვის დათმო მძღოლის შესწავლა. პატარა ღია ფანჯრიდან შემოსული არც ისე სუსტი ნიავი გარწმუნებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე და გზა სასიამოვნოდ გრძელდება უფრო სასიამოვნო მელოდიის ფონზე. ამ დროს ქუჩაში მიმავალი ხალხი სხვანაირია, შორეული, თითქოს ფილმს უყურებ. სწორედ აქედან გამომდინარე, სულ არ გიკვირს, ერთ-ერთი სალონის წინ ორმოციოდე წლის ქერა ქალს ახალ ვარცხნილობაზე ერთჯერადი ცელოფნის პარკი რომ დაუფარებია ნაზად, უცებ წამოსული წვიმისგან დასაცავად და თან ხელით ამაგრებს, ასევე უცებ მოსულმა ქარმა რომ არ წაიღოს.

მერე ქუჩებს ერთგვარი კლდეები ცვლის და სასიამოვნო მელოდიაც მათ ფონზე უფრო სასიამოვნოდ ისმინება. “მარშუტკაც” ცოტათი გამსუბუქდა და თვალის გასახარად ცარიელი სკამებიც კი შეინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეისთვის თბილი ჩახუტებები დამთავრებულია.

თუ “მარშუტკაში” ბიჭი ამოვა და თან ზურგჩანთიანი, ის აუცილებლად მძღოლის გვერდით რომ “სკამია”, იქ დაჯდება, მგზავრობის საფასურს მაშინვე გადაიხდის და შეიძლება მძღოლს საუბარიც გაუბას. (ეს ფენომენი ჯერ კიდევ ამოუხსნელია, ვცდილობ გავერკვე მიზეზებში, მაგრამ ამაოდ).

ფრაზა “სანამ გადახვალთ შუქნიშანთან გამიჩერეთ” არამარტო მძღოლს, შენც გაბნევს და კინაღამ გავიწყდება, რომ ეს სწორედ ის შუქნიშანია, რომელიც ამ “სამოთხიდან” გასასვლელის ფუნქციას ასრულებს.

არაყალბი ბედნიერი მზერით უწოდებ მძღოლს მგზავრობის საფასურს და გეღიმება კიდეც სუფთა ჰაერის და სიოს შეგრძნების სიამოვნებისგან.

მეტროში…

დატვირთული და დახუთული ქუჩიდან ჩადიხარ ქვემოთ, ხალხის რაოდენობა მცირდება, მაგრამ იზრდება საინტერესო დეტალები, რომლებზე დაკვირვება რაღაცნაირად გიზიდავს.

ესკალატორი. საწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალი ხალხი, ყველა განსხვავებული. პეპელა გოგონები, თეთრ “საროჩკიანი” და “რუგზაკიანი” რამდენიმე ერთნაირი ბიჭი, დედა კიკინებიანი ბავშვით. ორი მოხუცი ქალი რაღაცას განიხილავს, ერთი გოგო პატარა სარკეში იყურება და პომადას ისწორებს, ტუჩების მოძრაობით რა თქმა უნდა.

ამ დაკვირვებაში გართულს ვიღაცა აუცილებლად დაგეჯახება, კიბეებზე ჩარბის. უკან კიდე ვიღაც გემრიელად მოკალათებულა ერთ-ერთ საფეხურზე.

მოკლე და საინტერესო პერიოდი მატარებლის მოლოდინში. რატომღაც სასიამოვნო სუნი, სულ კიდესთან დგომა სასიამოვნო მუსიკის ფონზე და წათამაშება სიმაღლის შიშთან, რელსებზე დაკვირვება.

ჰაერის სწრაფი მოძრაობის შეხება და ამისგან გაწეწილი თმა, ვერაფრით რომ ვერ იმორჩილებ.

რუსთაველი. შემდეგი სადგური – მარჯანიშვილი.

ხალხით გაჭედილი ძველი ვაგონები.

ქერად შეღებილ ქალს ჩასძინებია. მის გვერდით დედა-შვილი სხედან. დედას ბავშვის სასკოლო ჩანთა მუხლებზე უდევს, გაშლილი ხელი ნიკაპქვეშ ამოუდია და ჩაფიქრებულა. ბავშვი ფეხებს აქანავებს.

“სმენადახშული” ადამიანები და ინტერესი მათი მუსიკისადმი. აბსურდული ვარაუდი, რომ არც ერთ მათგანს არ ექნება ერთი საერთო მუსიკაც კი.

ვაგზლის მოედანი. გადასასვლელი მეორე ხაზზე.

გარბიან, გეჯახებიან… საპირისპიროდ და შენი მიმართულებით… ალბათ უმრავლესობას არც ეჩქარება და აქაც ბრბოს მომენტია – ერთი გარბის და დანარჩენები მიყვებიან.

ფეხს არ უჩქარებ, სეირნობა მეტროშიც სასიამოვნოა.

ბოლო წამს წასული ბოლო ვაგონი და ცხვირწინ დახურული კარი. არ განაღვლებს, რაღაცნაირად გიხარია კიდეც.

ორი გოგო “პადრუჩკით”. ერთს თეთრი, ფუშფუშა და გრძელი ქვედაბოლო აცვია, “საროჩკაც” თეთრი. დიდი, ლურჯთვლიანი საყურე უკეთია და თვალები წარბებამდე შეუღებია. თმები გადაუწევია და თავზე სათვალე “დაუბრძანებია”. ხელზე უცნაური ბიჟუტერია უკეთია, რომელიც არაჩვეულებრივად ავსებს დეფორმირებულ კლატჩს. გრძელი ქვედაბოლოს ქვეშ შავი ფეხსაცმელი ეფექტურად იმალება, მხოლოდ მის ფერს არჩევ და კვდები ინტერესით როგორია.

ხალხის რაოდენობა იზრდება და შესაბამისად დაკვირვების ობიექტთა რიცხვიც. მატარებლის მოსვლა და ჩაშლილი გეგმები, თვალის დახამხამებაში (ალბათ ამ სიტყვის ყველაზე ზუსტი მნიშვნელობით) შევსებული ვაგონები.

ფანჯარასთან დგები და საკუთარ გამოსახულებას აკვირდები. მალევე გბეზრდება და ცდილობ სხვა რამე შენიშნო სიბნელეში, ფანჯრის მიღმა. რაღაც თეთრი მილები, ბევრი… მეტი არაფერი.

ისევ ხალხი. კიდევ ის თეთრი გოგო, ფეხზე დგას და ფეხსაცმელს კვლავ თეთრი ქვედაბოლო უფარავს.

ჭაღარათმიან ბებოს თმები შუბლის მიდამოებში დაუმაგრებია და რუსულ გაზეთს კითხულობს.

არც ისე სიმპათიური წყვილი რამდენიმე თვის ბავშვთან ერთად მგზავრობს. ბავშვი მამის მუხლებზე არხეინად გადაწოლილა და გემრიელად სძინავს. დედა თვალს არ აშორებს.

მზერა, მწვავე. მისი პატრონის წამიერი შეფასებისთვის ჯერ ხელებზე, მერე რატომღაც ფეხსაცმელზე დაკვირვება. ორი მინუსი და ერთი ცალწარბაწეული მზერა. დამკვირვებელი ხვდება, რომ დროა სხვას დაუთმოს მისი მაღალი ყურადღება.

უცებ მოსული აზრი, რომ შენც შეიძლება იყო არამხოლოდ დამკვირვებელი, არამედ დაკვირვების ობიექტიც. ქვეცნობიერად იყურები ვაგონის ფანჯარაში, სარკის ფუნქციას რომ ასრულებს.

ცივი და გაყინული მზერა, უამრავი… ხვდები, რომ უკვე შეგიძლია უხერხულად არ შეიშმუშნო და არც სხვა მხარეს გაიხედო.

ერთ გაჩერებაზე მოსული მესიჯი და მეორე გაჩერებაზე გაგზავნილი პასუხი. ამ მესიჯისგან გამოწვეული ღიმილი და უფრო მეტი მზერა.

სასიამოვნო მელოდია ყურში, რელსებზე მოძრაობის ხმის ჩახშობის ფუნქციით.

ბოლო გაჩერება და გასასვლელში კიდევ ერთი გაბრძოლება სწრაფად მოძრავ ჰაერთან, ამის გამო კვლავ გაწეწილი და პირველივე ვიტრინაში გასწორებული თმა.

… და ცა, თითქმის ლურჯი და ჭადრების მწვანე ფოთლების ფონზე. უკვე მერამდენედ ჩამოვარდნილი ჭადრის ნაყოფის პატარა ნაწილი, რომელიც თვალს უკვე მერამდენე დღეა ვერ აცდა 😀

მოსწავლეები წარწერებიანი თეთრი “საროჩკებით”. კინაღამ ამოტივტივებული და უკან გაბუნძულებული მოგონებები…

საიდანღაც მოსული ახლადმოჭრილი ბალახის სასიამოვნო სურნელი, რომელსაც ახლადგამომცხვარი თონის პურის არომატი ცვლის.

გახსენებული შიმშილის გრძნობა, პატარა ქუჩა, გვირილები და სხვა მინდვრის ყვავილები, ზარი კარებზე, ცივი წყალი სახეზე – დაღლილობის მოხსნის ეფექტით და რბილი საწოლი, შორიდანვე რომ დაეგდო პირაღმა.

თბილისი-ბათუმი ანუ “ერთი კაციც და გავდივართ”

როცა სადმე დიდხანს რჩები და მერე მშობლიურ ქალაქს უბრუნდები, რამეს ტოვებ, ან რამე მიგაქვს.

მე მიმქონდა. ემოციები, პატარა სიახლეები, ჩახუტების დიდი სურვილი და სასაცილოა, მაგრამ ერთგვარი ნოსტალგიაც კი. ამ ყველაფერს თან ახლდა პატარა საჩუქრები მეგობრებისთვის და ერთი დიდი ჩანთა რატომღაც.

ემოცია და ჩანთადატვირთულმა გავიარე დიდუბისკენ მიმავალი არც ისე მოკლე გზა. გაწვიმებას აპირებდა აშკარად, მოწყენილი ამინდი იყო. აქ არაფერს ვტოვებდი, მივდიოდი და ყველაფერი თან მიმქონდა.

“მარშუტკის” მძღოლები ყველანაირი განწყობის გაფუჭების სპეციალისტები არიან, რომანტიკულის განსაკუთრებით. ზიხარ თბილად, მოკალათდი სასურველ სავარძელზე, რთავ მუსიკას და აკვირდები წვიმის წვეთების წკაპუნს, “მარშუტკის” ფაჯრებზეც რომ ლამაზად ჩანს. ცდუნება, რომ დაორთქლილ მინაზე სასაცილო გვირილა მიახატო, მეტისმეტად დიდია. ყურადღების გადატანას ცდილობ, ელოდები, რომ სადაცაა აიღებ გეზს მონატრებული ქალაქისკენ. ვერ მოგართვეს!.. “მარშუტკა” ორ საათზე კი გადის, მარა ოთხამდე ვერ გავა (!). ამ დროს ნერვები გეშლება, ყველანაირი განწყობა გიფუჭდება და ისე უბღვერ “მარშუტკის” მპოვნელ ირაკლის, მერე თვითონვე გეცოდება. მით უმეტეს, რომ სახეზე აწერია, შენზე მეტად უნდა, უხარია და ეჩქარება წასვლა. არგუმენტით – “მარტო მგზავრობას ჯობია” ამშვიდებ საკუთარ თავს.

ერთ-ერთი თანამგზავრი ლუდს მოათრევს საიდანღაც და დანარჩენებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ ასმევს. პროცესი აშკარად საინტერესოა და წამით გავიწყდება კაი ხანია დიდუბის სადგურის უღიმღამო ტერიტორიას რომ მისჩერებიხარ.

როგორც იქნა, მძღოლი გამოჩნდა და იმედი მოგეცა, მარა მისი “5 წუთიც და გავალთ” მაგრად გაშინებს. განწირული მზერა ირაკლის და ისიც მისებურად იწყებს წუწუნს. როდის იყო ერთი კაცი მეორეს წუწუნზე რეაგირებას ახდენდა, ხოდა ეფექტური წუწუნის დროა, ქალის მხრიდან რა თქმა უნდა (ამ დროს ერთი წარბი იწევა – განსაკუთრებით ეფექტურია :-D). შედეგი უფრო სწრაფია, ვიდრე წარმოგედგინა და სადღაც გულის სიღრმეში გჯერა, რომ ეფექტური წუწუნის დამსახურებით.

მერე გზა, მუსიკა, თვლემა რამდენიმე წუთიანი, მძღოლის გაუთავებელი ლაქლაქი და მშობლების ზარი ყველა ნახევარ საათში. რაც მთავარია, აბრები, რომლებიც თანდათან ამცირებენ მანძილს შენსა და დანიშნულების ადგილს შორის.

გაჩერება აუცილებლად თერჯოლაში და ერთ საათიანი ჭამა, აუცილებლად “ოსტრი”. ნამეტანი კი გაუკვირდათ ჩემს თანამგზავრებს შემოთავაზებულ სადილზე მტკიცე უარი რომ მიიღეს, ბოლოს ბაუნტი მომითრიეს მიანც 😀

გურიაში უეცრად ჩართული “მივალ გურიაში მარა…” საოცრად უხდება გურიის გზაზე მოჯაყჯაყე მარშუტკას. ვკვდები ინტერესით მძღოლმა სპეციალურად ჩართო თუ უბრალო დამთხვევაა, მარა ლაპარაკის განწყობაზე არ ვარ.

… და ზღვა, “მარშუტკის” ფანჯრიდან დანახული. გული “საცხა” გარბის და ცდილობ ნამეტანი არ მიუშვა მის ნებაზე.

ბათუმი… ჰაერიც მშობლიური და ტაქსის მძღოლებიც, “მარშუტკიდან” გადმოსვლას რომ არ გაცდიან. ბათუმში ჩამოვედი და მანქანაში დავჯდები? რა სისულელეა!

ჩემ სახლამდე სულ ორი კვარტალია. მინდა გავიქცე. არა, არ მეჩქარება, რაღაცნაირი სიხარული მივლს მთელს სხეულში და ეს იწვევს გაქცევის სურვილსაც. რატომღაც წამოღებული მძიმე ჩანთა მიშლის ხელს და ნელა მივყვები ქუჩას. მიხარია, რომ ჩემებს ჩამოსვლის ზუსტი დრო არ ვუთხარი და მარტო ბოდიალის შესაძლებლობა მაქვს.

ბათუმს ერთი თვისება აქვს, რომელსაც ალბათ არასდროს დაკარგავს – რაც არ უნდა შეცვლილი დაგხვდეს და რაც არ უნდა დიდხანს არ ეწვიო, მაინც ისე მიგიღებს, როგორც ძველად. ბათუმში თავს უცხოდ უბრალოდ ვერ იგრძნობ.

კარი. ვაკაკუნებ და ვიცი, რომ რამდენიმე წამში გაიღება და იქ ჩემი დის (დედაჩემი #2 :-D) გაოცებულ სახეს დავინახავ, რომელიც აუცილებლა მისაყვედურებს რომ ჩამოსვლის ზუსტი დრო არ ვუთხარი და “ამხელა ჩანთა ვათრიე”(სტილი დაცულია 😀 ).

მერე კი…

>გზა…

>
სპონტანურობა. კი.

შაბათია, სამსახურისგან ვისვენებ და ორი ცალი ლექციის მერე მინდა სადმე გავიარო. ვსიო.

ფეხით დავყევი სახლისკენ. გზა აშკარად დიდია. მკიდია.

თეთრად შეღებილი ნაძვები საწინააღმდეგო მიმართულებით ახლა აღარ გარბიან, საერთოდ აღარ გარბიან. ისინი დგანან, წიწვებით დამძიმებულ ტოტებს ზანტად არხევენ და მაკვირდებიან.

ამ უცნაური ტყის თუ პარკის შუაში გზა გადის ისეთი, ბავშვობა გაგახსენდება. ასფალტი საუკუნის წინაა დაგებული, ძირითადად ამოთხრილია და აქა-იქ ჩაბურცულიც (ამობურცულის საწინააღმდეგო მდგომარეობა – ავტ. :-D), კაცმა არ იცის საიდან.

შენობა დიდი. უფრო გრძელი, ვიდრე მაღალი. მარტო ამ შენობითაც იგძნობ კომუნისტურ წარსულს. თავის დროზე ალბათ სერიოზულ დაწესებულებას წარმოადგენდა. ძველი ფილმებიდან გეგონება ამომხტარი. სტილი შენარჩუნებულია.

აქვე ტყეა. ისეთი კიარა, გაუვალი და რამე. არა. ქალაქში როგორი ტყეც შეიძლება იყოს, ისეთი. მის სიღრმეში პატარა სტადიონ-მოედანია, სადაც ერთი ბიჭი ვარჯიშობს ბურთით და სპორტული ფორმით. მიზანი აქვს აშკარად, სასიამოვნოა.

ხომ შუა ქალაქია, მიკარგულია მაინც რაღაცნაირად. შენობები ან არაა, ან კომუნისტების დროინდელი. მარტო ბენზინგასამართი სადგურებია, სოკოებივით ამოზრდილან.

ცა ცისფერია, როგორიც უნდა იყოს, ცის ფერი.

ამ ქალაქში ჭადრები ყველაზე მეტად მომწონს.
ყველგან არიან ლამაზი ჭადრები, თავიანთი უცნაური გირჩებით თუ რაღაცეებით, ძალიან ლამაზია ცის ფონზე. ყველაზე ცუდი ცის ფონზეც ლამაზია ჭადრები, ყველაზე ლამაზი.

გამოჩნდა ხალხი და დასახლება. ტროტუარზე პატარა მოაჯირისმაგვარი რაღაცაა, რომელსაც მობაიკერო ბიჭი მიყრდნობია. გაშეშებულია და ერთ ადგილს მიშტერებია, არ ექანება.

ვიტრინები, ნაცნობი გამოსახულება მათში.

მაღაზიები და ზაბეგალოვკები სარდაფებში. სადილის დროა, სწარაფი კვების ობიექტებთან ხალხი ირევა, ზოგი უკვე “პერაშკ”-ხაჭაპურითურთ სადღაც გარბის, ზოგიც უპერაშკხაჭაპუროდ.

დელისი… კიბეებზე ბავშვი, ფორთოხლებიანი პარკით. მელოდია, ცოცხალი და საკმაოდ სასიამოვნო. სიტუაცია – რაღაცნაირი, ეიფორიული. ხალხი – შავი, მარა მაინც ჭრელი.

“კარები იკეტება, შემდეგი სადგური – სამედიცინო ინსტიტუტი”.

ისევ თვალები, უარაფრო და ამავდროულად ცივი.

სამედიცინო… მელოდია, ისევ სასიამოვნო, ოღონდ არა ცოცხალი.

ისევ ცა, ცის ფერი.

მტრედი, ერთი ცალი, მწვანე კაბიანმა გოგომ დააფრთხო და ააფრინა.

მოხუცი კაცი მაღაზიასთან და მელოდია იქვე, ისიც მოხუცი, მარა დროის მანქანის ეფექტით. მინდა ვიცეკვო, სასაცილოდ მინდა ვიცეკვო, ავყვე რიტმს, ხელებს თამამად ვწევდე ზევით და სხეულის თითოეული ნაწილი ცეკვავდეს, თავისუფლად.

ჭადრები ისევ, ბევრი.

ცა უფრო ცისფერია და სახლი უფრო ახლო.

სპონტანურობა – სასაცილო, გრძნობა – დაღლილობის, არსაიდან მოსული სიამოვნებისგან.

>სიურპრიზებიიიიი ♥

>
დილით წვიმის ხმა რომ გაგაღვიძებს, ცოტა არ იყოს უსიამოვნოა… გინდა სახლში ეგდო მთელი დღე და რამე საყვარლობას უყურო… თან გემრიელობები მიირთვა…
მაგრამ როცა სხვა გზა არაა, იცმევ, შეძლებისდაგვარად ”იპრანჭები” და ემზადები სამსახურში წასასვლელად…

სახლის კარი გავაღე თუ არა, დავინახე რომ ციდან უდიდესი და ულამაზესი ფანტელები ცვიოდა… ისე გამიხარდაააა… ერთი წელია არ მინახია თოვლი და მგონი ბავშვობაში არ გამხარებია თოვლის მოსვლა ისე, როგორც დღეს. სიხარულისგან ვერც გავაცნობიერე, რომ ჩემი ლამაზი ქოლგის ნაცვლად, დიდ შავ ქოლგას ვტაცე ხელი… მობრუნებას აზრი არ ჰქონდა, თან ქოლგის გამოყენებას არც ვაპირებდი… დებილივით დავდიოდი დათოვლილ ქუჩებზე და ვიღიმებოდი. მერე რა, რომ თოვლი იმდენად პატარა იყო, ასფალტი ჩანდა…

მერე წვიმამ მოუგო თოვლს და ქოლგის გამოყენება მაინც დამჭირდა…

ხო, დღეს მომავალი სწავლის საფასური გადავიხადე, ჩემი დანაზოგიდან… მიხარია…

რამდენიმე წუთით რესპოდენტის ჩასაწერად გასულს კი სეტყვა წამომეწია… თოვლს უფრო ჰგავდა, მსუბუქი იყო… გაწეწილ თმაში თეთრი ფანტელები მქონდააა…

დღე შედეგიანი იყო და ბევრი საქმე გავაკეთე…

ახლა მამაჩემმა დამირეკა- სადილი მოგიმზადეო… ინგრედიენტები ჩამომითვალა და ხომ მოგეწონებაო… შენ? -მეთქი, რა იყო, მე ვერ მოვამზადებდიო?!… დღეს მარტო ვართ სახლში, თვითონ სადღაც წავიდა და თბილი სადილი უნდა დამახვედროს… მიყვარს მამაჩემი… დედაჩემიც მიყვარს, ძმაც და დაც… კიდევ იაკო და სალუკა… და სხვა მეგობრები… მიყვარს, მიყვარს, მიყვარს… მიყვარს ყველა და ყველაფერი, მიუხედავად ყველაფრისა… ♥

მოკლედ, დღეს სიურპრიზების დღეა…

წავედი მე, ვნახო რა გაამზადა მამაჩემმა…

%d bloggers like this: