Blog Archives

ეგოიზმი

უკვე რამდენი ხანია ვზივარ და ვფიქრობ რა და როგორ დავწერო. როგორ დავწერო ის, რასაც ვგრძნობ… არის ხოლმე მომენტები, როცა გინდა მაქსიმალურად გამოხატო რაღაც და უბრალოდ არ შეგიძლია. ასე ვარ ახლა. სიტყვები არ მყოფნის საერთოდ. დაწერა რომ გადავწყვიტე, რაღაცები ტივტივებდა თავში, მერე გაქრა. მთავარი ისაა, რომ დღეს დაბადების დღე აქვს. იცი როგორ მიყვარს? უკვე რამდენჯერ ვცადე მეთქვა და ვერ გიხსნი… მთელი არსებით მიყვარს და მთლიანად, თავისი უმნიშვნელო “მინუსებით”, რომელიც იმდენად უმნიშვნელოა, რომ… მინდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად, ხელიხელჩაკიდებულმა გავატარო. მინდა მასთან ერთდ ვიძინებდე და ვიღვიძებდე სულ; მინდა ყოველთვის ისე მიყურებდეს, როგორც ახლა; მინდა რაც შეიძლება ბევრი “ჩვენი”; <3 რეალისტი ვარ, არ მჯერა ზოგადი ზღაპრების, მაგრამ მე ჩემი ზღაპარი მაქვს, ინდივიდუალური და ეს იმიტომ, რომ ის ჩემს გვერდითაა; იმიტომ, რომ როცა კარგად ვარ ჩემთანაა, როცა ვწუწუნებ, ვბუზღუნებ და უბრალოდ ტირილი მინდა, მაშინაც ჩემთანაა; მასთან ვისწავლე, რომ მთავარია დღეს იყო ბედნიერი, რომ დეტალებშიცაა ბედნიერება. ვისწავლე რა არის დიდი ბედნიერებაც და რა მინდა ყველაზე მეტად. დავრწმუნდი, რომ ჩემი შეხედულებები გრძნობებზე უბრალო ფანტაზია არაა და ეს დღეს ჩემი რეალობაა. დავრწმუნდი, რომ არ შემიძლია მისი ნახვისას ღიმილი შევიკავო და არც მას შეუძლია. დავრწმუნდი, რომ ჩემი პოზიტივი და ენერგიაა, რომ მისი ერთი ჩახუტება საკმარისია ჩემი გაცოცხლებითვის. მისი ერთი შეხება უკვე ბედნიერებაა… ის არის ის, ვინც უნდა იყოს და ის არის ჩემი. ბედნიერი ვარ, რომ ის არსებობს და ეგოისტურად მიხარია, რომ ჩემია. ის ჩემი ერთადერთი ეგოიზმია, რომელსაც ვერასდროს დავთმობ.

Advertisements

მზიანი წვიმა

გამარჯობა გვირილა!

მე ხატია ვარ და მე დავბრუნდი, მგონი…

იცი? მომენატრე.

ცუდად ვიქცევი უყურადღებოდ რომ გტოვებ ხშირად, მაგარამ იცი რამდენი საქმე მაქვს? ხუთასი! 😀

ამბობენ კარგად როცა ხარ წერა არ გამოდისო, ცუდად ყოფნაა აუცილებელიო…

არადა, იცი რამდენი რამ დამიგროვდა და იცი რა კარგად ვარ?

ხოდა ახლა მოგიყვები 😉

ა, მოიცა, ჯერ ეს ჩართე და ისე 🙂

ახლა მელოდიას აყევი და იღიღინე, მერე რა, რომ შეიძლება ტექსტი არ იცოდე…

. . .

იცი რა მაგარია როცა გიყვარს?

იცი რა მაგარია, როცა არ იცი რატომ გიყვარს, კონკრეტულად რა თვისების გამო? უბრალოდ გიყვარს, მიზეზი რა საჭიროა…

იცი რა მაგარია, როცა გრძნობის გადმოსაცემად სიტყვები და ემოციები არ გყოფნის?

მთელი დღე რაღაც რომ გაკლია და საღამოს ხვდები რომ ეს ჩახუტებაა. და ჩახუტება იცი როგორია? არ ვიცი როგორ გითხრა… უცებ ყველაფერი რომ გავიწყდება და გრძნობ რომ კარგად ხარ, ძალიან კარგად!

სადღაც თბილისის ზემოთ, მზიან წვიმაში ყოფილხარ? თბილი წვიმა რომ მოდის, მზე ანათებს და ჩახუტებული გადმოყურებ თბილისს… მე ვყოფილვარ…

გქონია შემთხვევა, როცა ხვდები, რომ ავტობუსში/მეტროში/“მარშუტკაში“ გაკრეჭილი ზიხარ, თითქოს სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო? მე კი…

გქონია ბედნიერების ჟრუანტელი? მე კი…

დაღლილი დღის შემდეგ გქონია იმის ძალა რომ რამდენიმე კილომეტრი გესეირნა? მე კი…

ისე მოგნატრებია რომ ლაპარაკი არ შეგძლებია? მე მომნატრებია…

გყვარებია ისე, რომ საკუთარი თავისგან გაგკვირვებია? მე კი… ახლა მიყვარს…

გახსოვს, მეგონა რომ სიყვარული ის ნიჭია, რომელიც მე არ გამაჩნია. ვცდებოდი. დიახ, სიყვარული ნიჭია, მაგრამ ის ყველას აქვს, უბრალოდ ზოგს უფრო დიდი ნიჭი აქვს, ზოგს მცირე.

ამიტომ არ დაიჯერო რომ შენ სიყვარული არ შეგიძლია, რომ გული გატკინეს და მერე ვეღარ შეიყვარებ. არა! უნდა გიყვარდეს. ვალდებული ხარ გიყვარდეს, იმიტომ რომ კარგად უნდა იყო, ცუდად ყოფნის უფლება უბრალოდ არ გაქვს. ადამიანი სიყვარულისთვისაა გაჩენილი და დედამიწას მართლა სიყვარული ატრიალებს, დამიჯერე.

მე ვხედავ მზეს! და მინდა შენც დაინახო… ხო, შენ, რაღაც უცნაური მიზეზით რომ შემოდიხარ აქ ყოველ დღე და მე უნამუსოდ გექცევი – არაფერს ვწერ ახალს.

ხოდა, მე დავბრუნდი, უფრო ხატია, ვიდრე გვირილა. თუმცა ორივე 🙂

მინდა ერთად ვხედავდეთ მზეს…

მინდა ყველა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ხედავდეს მზეს…

და მინდა ბედნიერებისგან ჟრუანტელი გივლიდეს…

უნიღბოდ :)

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე ეს მაინც გამეკეთებინა. საქმე იმაშია, რომ ნათამაშევი და მოჩვენებითი არაფერი მხიბლავს. მაქსიმალისტი ვარ და თუ რამე მაქვს, გამონაკლისები მირჩევნია არ დავუშვა.

მქონდა ანონიმობა. ახლა ფაქტიურად აღარ მაქვს. ათი ადამიანი უნდა ყოფილიყო ყველაზე მაქსიმუმი, ვინც ჩემს ვინაობას გაიგებდა. გადაცდა, ბევრად თან… ზოგი თავისით მიხვდა, ზოგს თვითონ ვუთხარი და ა.შ. მთავარი ისაა, რომ იციან ვინ ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ანონიმი არ ვარ. უბრალოდ თავს ვიტყუებ. მე კიდე არ მიყვარს თავის მოტყუება.

როგორც ადრე, ახლაც მირჩევნია ვიყო ანონიმი და არავინ მიცნობდეს, მაგრამ ასე არაა და თამაში არ მომწონს. ამიტომ, უკეთესია ვიფიქრო პოზიტივზე და ვაღიარო, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი “შევიძინე” მათთან ანონიმურობის დათმობით. გარდა ამისა, მივხვდი, რომ ხანდახან პრინციპების დათმობა შეიძლება, თუ ის, რის გამოც დათმობ, უფრო მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ჩემი ანონიმობის მიზეზებს, იმ პოსტებს დავბლოკავ, რომლებიც ჟურნალისტურ ეთიკას არ მიესადაგება. პირადი პოსტები კი არ მანაღვლებს. ისინი მაშინ იყო მნიშვნელოვანი, როცა ვწერდი.

კი, ამ პოსტით რაღაცეები შეიცვლება. თუმცა გვირილა ბლოგს არ აუქმებს და კვლავ დაწერს მაშინ, როცა იქნება შესაბამისი ემოცია, პოზიტიური თუ ნეგატიური. ოდესღაც ახალ ბლოგსაც გააკეთებს, ოგონდ გვირილა არა, ხატია 🙂 (ხო, ხატია მქვია 🙂 ). იმ ბლოგზე ალბათ დაწერს იმას, რაზეც უნდოდა წერა სულ თავიდან, ანუ ბლოგი იქნება “ჟურნალისტური”.

ბოლოს იმის თქმა მინდა, რომ ანონიმობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ბევრი ცუდი ადამიანი არსებობს ქვეყანაზე, მაგრამ გაცილებით მეტი კარგი. მაგარია, როცა ადამიანმა არ იცის ვინ ხარ და გრძნობ, რომ ის თბილი სიტყვები, რასაც გეუბნება, მაინც გულიდან მოდის და არაა თამაში. შეიძლება სულ არ იცნობდე ადამიანს და გიყვარდეს, ისე, ადამიანურად. შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს ასე რამდენიმე ანონიმი ბლოგერი და სულ არ მიქმნის დისკომფორტს მათი ანონიმობა. ყველა ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს და მე პატივს ვცემ ამას.

… ახლა ალბათ კითხულობ ამას და გეჩქარება ფოტოს ნახვა. არადა, დაფიქრდი, რეალურად გაინტერესებს ვინაა გვირილა? არა. უბრალოდ, ვერ იტან, როცა არსებობს რაღაც, რაც შენთვის “დამალულია”. ან იქნებ შენ ის ხარ, ვისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს ავტორის ანონიმურობას. როცა ანონიმ ბლოგერებს ვკითხულობ, წიგნის პერსონაჟებივით წარმოვიდგენ მათ ვიზუალურ მხარეს. ალბათ სხვებიც ასე არიან. ხოდა, თუ გინდა დავრჩე ისეთი, როგორიც წარმოგიდგენივარ, ნუ გახსნი პოსტს ბოლომდე.  თუ არადა, მიდი 😉  Read the rest of this entry

გამოუსადეგარი

მებაღე ახლად დაკრეფილი ყვავილებით დატვირთულიყო და მაღაზიისკენ მიემართებოდა. ბაღიდან გამოსულმა, ღობის კუთხეში, ზედ ასფალტთან, გვირილაც შენიშნა, მტვრიანი იყო და აქა-იქ ფურცლებიც აკლდა. თუმცა ცოცხალად და მყარად იდგა. “იყოს, ამასაც წავიღებ” _ გაიფიქრა მებაღემ და უკვე მოგლეჯილი გვირილა სხვა ყვავილებთან ერთად მოათავსა.

მეყვავილე გოგონამ მებაღეს ფული ჩაუთვალა და თაიგულების შეკოწიწება დაიწყო. მინდვრის ყვავილებიანმა თაიგულმა დიდი საფიქრალი გაუჩინა – თითქოს სრულყოფილებისთვის რაღაც აკლდა. გვერდით გადადებული, ასფალტიდან მოგლეჯილი უხეშღეროიანი გვირილა ერთი შეხედვით უხდებოდა თაიგულს, დიდი ყვითელი გული ტონალობებსაც ავსებდა. მაგრამ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. არდა, ამ ყვავილის გარეშე თაიგული თითქოს უფერულდებოდა, ფერს კარგავდა.

პრობლემა არა მთლიანად თაიგულში, არამედ იმ ერთ გვირილაში იყო. კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩანდა, არადა, თითქოს აუცილებელი იყო ამ თაიგულისთვის.

… ეს გვირილაც ოდესღაც, სხვებთან ერთად, გაშლილ მინდორში იზრდებოდა. იქ ხშირად დადიოდნენ ლაშქობებზე და გვირილებით ერთობოდნენ – თაიგულებს აკეთებდნენ, გვირგვინებს ან სულაც “ვუყვარვარ – არ ვუყვარვარ”-ს თამაშობდნენ.

ლაშქრობიდან დაბრუნებულ მეგობრებს ყოველთვის მოჰქოდათ გვირილების დიდი თაიგულები. იმდენად დიდი, რომ ხელში ვერ ატევდნენ და უკვე ასფალტზე ტოვებდნენ გვირილებიან კვალს.

… ერთ-ერთმა გვირილამ ასფალტის კუთხეში მიწა იპოვა და ნელ-ნელა ფესვები გაიდგა. მინდვრის ყვავილი ასფალტს რთულად, მაგრამ მაინც ეგუებოდა. უფრო გაიზარდა და გაუხეშდა კიდეც, ქალაქის მტვერი და სიბინძურე რომ აეტანა. თეთრი ფურცლები თანდათან კარგავდნენ ფერს, ზოგი დაცვივდა კიდეც. მაინც მყარად და ამაყად იდგა.
ბევრჯერ გადაუარეს და გადათელეს, ისე, რომ უკან არც მოუხედავთ.

იყვნენ ისეთებიც, ვინც უვლიდა, წყალს უსხამდა და ეფერებოდა. მერე მათ ეჩვეოდა, ისინი კი უცერემონიოდ მიდიოდნენ. უცერემონიოდვე ბრუნდებოდნენ და სახეშევცლილი რომ ხვდებოდათ ყვავილი, ვეღარ იტანდნენ.
ეთამაშებოდნენ კიდეც, იმ სხვების მსგავსები რომ ყოფილიყვნენ, ვისაც მართლა უყვარდა. ჯერ გადაუვლიდნენ და შემდეგ მობრუნდებოდნენ, წელში გაასწორებდნენ და ფოთლებზე უხეშად გადაუსვამდნენ ხელს.

გვირილა არც აქამდე იყო ნაზი და სუსტი, მაგრამ თანდათან უფრო გაძლიერდა, შეიცვალა. ყვითელი გული გამაგრდა და გაუხეშდა. თუმცა ერთი შეხედვით არაფერი ეტყობოდა.

თითქოს ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული, არადა მებაღის ერთი ძალდაუტანებელი მოძრაობით ძირიანად ამოიგლიჯა.

… მეყვავილე გოგონამ მაინც მოახერხა მინდვრის ყვავილებისგან ლამაზი თაიგულის შეკვრა და გამოუსადეგარი, უხეში გვირილა ფანჯრიდან მოისროლა.

“დევუშკა, მანი, მანი!..” ანუ როგორ მოვიარე სვანეთი

სვანეთში ყოფილხარ? თუ არა, აუცილებლად უნდა წახვიდე. შენი თვალით უნდა ნახო ის მთები, კოშკები, მცენარეები…

დილით ხუთ საათზე უკვე ტრანსპორტთან უნდა ვყოფილიყავით. ძლივს მივათრიე ჩანთა, რომელშიც ყველა სეზონის შესაბამისი სამოსი ჩავყარე, როგორი ამინდი იქნებოდა ვერავინ გვითხრა ზუსტად.
და რადგანაც ფაქტების ქრონოლოგიას აქედან აზრი ეკარგება, უკეთესია პუნქტებად დავყო.

გზა – მზის ამოსვლა ჯერ კიდევ ბათუმის მიდამოებში ვნახეთ. რაღაცნაირი შეგრძნებაა ქალაქიდან რომ გადიხარ, სხვადასხვაგვარი ემოცია გეუფლება. მე ამ დროს მუსიკას ვრთავ და ფანჯარაში ვიყურები.
მგზავრობას გამორჩეული და მით უმეტეს სახალისო არ შეიძლება ეწოდოს. რამდენიმე თანამგზავრმა სცადა სიმღერის დაწყება და გიტარაც ააჟღერეს, მაგრამ მალევე მიჩუმდნენ და ყველა სადღაც, საკუთარ სამყაროში გადავიდა.
ზუგდიდში ჩასვლის შემდეგ დავინახეთ ერთმანეთი ფაქტიურად პირველად, ახლა შევნიშნეთ ზოგი ნაცნობი და ზოგიც უცნობი სახე. სვანეთის გზებზე კი უკვე ლაპარაკიც დავიწყეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთ-ერთმა თანამგზავრა ღვინის კასრები ხრამში გადაყარა დაუდევრობით 😀
ენგურის სიდიდე და სილამაზე ასე, ერთი სიტყვით არ შეიძლება თქვა. იმაზე დიდი და ლამაზია, ვიდრე წარმოგიდგენია. მდინარე ამწვანებული მთების შუაშია და ვერც შენიშნავ თუ მოძრაობს საერთოდ. ისეთი სილამაზეა აქ, რამდენიმე წამით სუნთქვას წყვეტ. საერთოდ, პატრიოტიზმზე იშვიათად ვფიქრობ, მეტისმეტად აბსტრაქტული ცნებაა და იმიტომ. პატრიოტიზმს ფიქრი იშვიათად სჭირდება, ის უფრო კონკრეტული მოქმედებებია. მაგრამ აქ შეუძლებელია არ იფიქრო ამაზე. აი, სულ პატარა რომ იყავი, ჯერ კიდევ “მე პატარა ქართველი ვარ”-ს რომ გასწავლიდნენ და შენც სიამაყით ამბობდი ამ ლექსს, გახსოვს? მაშინ როგორი წარმოგედგინა საქართველო? უცებ დაფიქრდი და ჩამოყარე ასოციაციები. ხოდა ზუსტად ასეთია აქ საქართველო. ამიტომაც, აქ რაღაცნაირად, სხვანაირად გრძნობ თავს. თან გტკივა რაღაც გულში და თან იბღინძები სიამაყით იმის გამო, რომ ეს ყველაფერი შენია და შენი მოსავლელიც.
გზებს აკეთებდნენ და ამიტომ საშინელი მტვერი იყო. რაც უფრო მაღლა მივდიოდით, მით უფრო მეტად გვევსებოდა ფილტვები სვანეთის ნატურალური მტვერით. ერთ მონაკვეთში კი გზა საერთოდ არ იყო გაყვანილი და ერთი საათი ველოდეთ, სანამ ტრაქტორი გაწმენდდა. ზემოდან დიდი კლდე გვიყურებდა და ქვემოთ კიდე უშველებელი ხრამი იყო.
როგორც იქნა, მივაღწიეთ მესტიასაც, მაგრამ ემოციებისთვის არ გვეცალა, დავბინავდით სასტუმროში და გავითიშეთ. მარა ჯერ დილა იყო მაინც და მერე გასვლაც მოვასწარით.

მესტია – პირველი სვანური კოშკის დანახვა რომ გაგვიხარდა, ისე მესტიაში ასვლა არ გაგვხარებია მგონი. მით უმეტეს, რომ მოლოდინი სულ სხვა იყო და მესტია თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი დაგხვდა.
საოჯახო სასტუმროც არაფრით განსხვავდებოდა ბათუმის ყველაზე მაგარი საოჯახო სასტუმროსგან და რაც მთავარია, მასპინძლები დაგვხვდნენ ძალიან კარგად.
იმავე დღეს მოვასწარით მხოლოდ სვანურ კოშკში ასვლა და რამდენიმე ფოტოს გადაღება. იგეგმებოდა კოცონიც, ბიჭებს გიტარაც ჰქონდათ და არაუშავს მღეროდნენ, მაგრამ ისეთი დაღლილები ვიყავით, კოშკიდან ჩამოსვლის შემდეგ ჭამისთვის ძლივს გვეყო ძალა. მერე უკვე ძილის დრო იყო, მით უმეტეს, რომ მეორე დღეს კი უშგული გველოდა.

მესტია. ხედი სვანური კოშკიდან.

მესტია. ხედი სვანური კოშკიდან.

ძილი/უძილობა – როგორც უკვე ვთქვი, დილით ხუთ საათზე გავედით ბათუმიდან. აზრიც არ ჰქონდა ძილს, მაინც ვერ გამოვიძინებდი და სამსახურის მერე (რომელიც იმ დღეს 11 საათზე დამიმთავრდა სტატიის ძლივს ჩამთავრების გამო) ცოტა დავისვენე უბრალოდ. მგზავრობაზე ვამყარებდი იმედებს, ტრასპორტშიც მშვენივრად შემიძლია გამოძინება. მაგრამ ვერ გავთვალე, რომ სვანეთის გზებზე ეს შეუძლებელი იყო, ნუ, თუ გინდოდა ჯანმრთელი ასულიყავი და არა თავგადაპობილი 😀
გზაში სულ ცოტა ხნით ვიძინე ამიტომ, მაგრამ წინ სასტუმრო იყო და გემრიელად გამოვიძინებდი. როგორც კი გახდა შესაძლებელი, ოთახისკენ გავიძურწე და დავიძინე, მაგრამ რამდენიმე საათში კარზე კაკუნი მოგვესმა. აღმოჩნდა, რომ ბიჭების ნაწილი ეხუმრა ერთს და თავისი საწოლით გადმოიყვანეს ჩვენს კარებთან. დააკაკუნეს კარებზე, ჩვენ გავიხედეთ და არავინაა, ძირს კი ვიღაც გდია თავისი საწოლითურთ.
დილით კიდე გაისმა იდუმალი კაკუნი, კიარადა ბრახუნი, მაგრამ ვინ იყო ვერ გავიგეთ დღემდე. მიზანი ერთი იყო – ჩვენი გაღვიძება და კი მიაღწია.
მერე იყო უშგული და ისევ დაღლილ-დაქანცულები მივედით სახლში (სასტუმროდ აღარ გვეჩვენებოდა უკვე, უცებ მეტისმეტად ახლობელი გახდა :-D). აღმოჩნდა, რომ დილით ხუთ საათზე უნდა წამოვსულიყავით ბათუმისკენაც, ამიტომ ძილს აზრი აღარ ჰქონდა და დავლიეთ ცოტა. ვისთვის ცოტა, ვისთვის კიდე სიმთვრალისთვის საკმარისი. ხოდა, კი მერეოდა ნაბიჯები, მარა მაგას შევიმჩნევდი ახლა მე?! (© მიშა ანდღულაძე – ინტონაციური პოეზია :-D).
ბათუმისკენ რომ მოვდიოდით მაშინ დავიძინე სამაგიეროდ ისე გემრიელად, სახლში რომ ვერ მძინავს ხანდახან. ჩემს გვერდით სკამი გათავისუფლდა და ორ სკამზე ისე გემრიელად ვიყავი მოკუნტული, ჩაქვს სანამ არ გამოვცდით, ვერავინ გაბედა ჩემი გაღვიძება 😀

უშგული. ქვემოთ ჩანს ის პატარა სოფელი, უკან კიდე მყინვარია.

უშგული. ქვემოთ ჩანს ის პატარა სოფელი, უკან კიდე მყინვარია.


უშგული – წასვლისას მითხრეს, მეორე მაგისთანა ადგილს ვერ ნახავო და მართლაც ასე აღმოჩნდა. ავედით სადღაც, მთების გასწვრივ. ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული და პატარა მდინარეც მოედინება. მდინარეზე ხის პატარა ხიდით გადადიხარ და იქით სოფელია, რომელშიც ძველებური სახლები, სასტუმროები, სვანური კოშკები და ერთი კაფეა. სოფელი ძალიან პატარაა და ნახევარ საათში ფეხით შეიძლება შემოვლა.
უამრავი უცნაური ყვავილებია აქ და გვირილებიც, სხვადასხვა ზომის და სახეობის. ჩუმად გამოვეყე სხვებს და მარტომ მოვიარე მთელი სოფელი, გადავიღე რაღაცეები და გვირილებიც. მართალია, სულ ახლოს მყინვარი იყო, მაგრამ მაინც საკმაოდ ცხელოდა და შემაღლებულ ადგილას ერთ-ერთი კოშკი სამოთხედ მომეჩვენა. იქვე ვიპოვე ჩემი თანამგზავრები და რამდენიმე საათი უბრალოდ ვეგდეთ კოშკის ძირს, ჩრდილში და სუფთა ჰაერის თანხლებით. აქვე დამიწნეს გვირილების თაიგული და სხვა რაღა მინდოდა ბედნიერებისთვის 😀
უშგული ძალიან ლამაზია, მესტიაში განადგურბული ასოციაციები აქ დაბრუნდა. უშგული ისეთია, როგორიც წარმოგიდგენია, ოღონდ სვანური ქუდით იშვიათად ნახავ ვინმეს (ჩემი ასოციაციები ამასაც გულისხმობდა რატომღაც :-D).

დადიანების სახლ-მუზეუმი
– ვინაიდან და რადგანაც უმრავლესობას ნანახი არ გვქონდა, ბათუმისკენ მომავალ გზაზე დადიანების სახლ-მუზეუმშიც შევიარეთ. მუზეუმი ნამდვილად შთამბეჭდავია. სასახლეა ძველებური და იმ ფართო კიბეებზე ჩამოსვლისას რამდენჯერმე მოვასწარი საკუთარი თავის წარმოდგენ დიდი, გრძელი კაბით 😀 ყველა ძველისძველ სარკეშიც ჩავიხედე (რაღაც მისტიკური ვიპოვე, მარა ვერ მივხვდი რა, ამიტომ არც ერთი არ გამოვტოვე) და წამებში დროში ვიმოგზაურე. სიამოვნება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან მუზეუმის ქალი ყველა ახალ ფრაზას კივილით იწყებდა რატომღაც და კონცენტრირება შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, მუზეუმის ექსპონატების დიდი ნაწილი საცხა ჯანდაბაში გადაუნახავთ და ყველაფრის ნახვა არ შეიძლება თურმე, არც ფანჯრიდან უნდა გაიხედო და შენობაში ფოტოს გადაღებაში ორი ლარი უნდა მისცე. არ მიყვარს ხალხის განსხავება ეროვნების და მით უმეტეს, უბრალოდ კუთხის მიხედვით, შესაბამისად, ამ ფაქტებს არ მინდა მოვუძებნო ერთადერთი ახსნა, რომელიც სამეგრელოს და მეგრელებს უკავშირდება.

დაღლილი გვირილა მესტიაში :-D

დაღლილი გვირილა მესტიაში 😀

“დევუშკა, მანი, მანი!..” – ეს ფრაზა გავიგეთ პირველად დადიანების სახლ-მუზეუმიდან გამოსულებმა, ეზოში მდებარე ტუალეტს რომ ჩავუარეთ. იქედან სასიამოვნო გარეგნობის უცხოელი გოგო გამოდიოდა და ეტყობა, არც დაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ იმ ტუალეტში შესვლისთვის ფული უნდა გადაეხადა. ამიტომაც კიოდა ის ქალი – “დევუშკა, მანი, მანი!..”. გოგო აშკარად ვერ მიხვდა ფრაზა მას თუ ეკუთვნოდა და გზა გააგრძელა, ქალმა კი შემდეგი ფრაზა მიაძახა – “ალო, ალო, ტი კუდა, მანი, მანი!..”. არ ვიცი ადრესატი მიხვდა რომ მას ეძახოდნენ თუ ინტერესის გამო მოტრიალდა, მაგრამ დაბნეული სახე კი ჰქონდა. ამ დროს მოხდა კიდევ ერთი უცნაურობა – ჩვენმა თანამგზავრმა გადაწყვიტა, რომ თვითონ უნდა გადაეხადა ის ოცი თეთრი. თუმცა, უცხოელი ლამაზმანის ტუალეტში დაპატიჟება არ გამოუვიდა და იმ გოგომ თვითონ მიაწოდა რკინის ლარიანი. და მეორე უცნაურობა – ტურისტს ხურდაში მოატყუეს და ზედმეტი ათი თეთრი აიღეს. მე ძალიან, ძალიან მიხარია, რომ კონკრეტულად ეს ფაქტი თვითონ ვერ შევნიშნე.
ჩვენ გვახლდა 13 წლის ბავშვი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და ზაფხულობით ისვენებს ბათუმში, ბებიასთან და ბაბუასთან. ხოდა, ტუალეტში შესვლამდე გავაფრთხილეთ, რომ გარეთ ყოფნისას ღრმად ჩაისუნთქოს და იქ არ ისუნთქოს საერთოდ. კი ჩავიდა გაბერილი ფილტვებით, მაგრამ იქედან სიცილის ხმა მოგვესმა. დავინტერესდით რა ხდებაო ცხადია და რას ვხედავთ – დგას კარებთან და კვდება სიცილით. საშინლად მომხვდა გულზე, მაგრამ რა, სასაცილო და დასაცინია და გაიცინა ბავშვმა. გამოსვლისას კიდე მშვიდად თქვა – “აქ შემოსვლისთვის ფულს იქით უნდა მიხდიდნენო”.

ხოდა ასე, ესეც ჩვენი სვანეთი და დადიანების სახლ-მუზეუმი. შთაბეჭდილება ზოგადად დადებითია რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ იმის მიმართ, რაც ბუნებამ მოგვცა. ჩვენ არ ვართ სტუმართმოყვარე ერი, ჩვენ საშინელი მასპინძლები ვართ.

მე და შენ

         ის იმ დიდმა სითბომ და ნეტარებამ გააჩინა, რომელსაც– სიყვარული ქვია.  რამდენიმე დღე თვალების გახელაზე არც უფიქრია. ასე თვალდახუჭული იწვა დედის მკერდს ჩახუტებული და მთელი სამყარო იმ სათამაშო ოთახად გადაიქცა რომელში მოხვედრის გამო, ანგელოზებსაც კი სიხარულის ჟრუანტელი უვლით ხოლმე.

აი ასეთია ახლად დაბადებული სიცოცხლის შეგრძნება.

როდესაც მზისგან გავარვარებულ მიწაზე ორფუთიანი ხმლით ხელში მტრის ლაშქარისკენ გამძვინვარებული გარბოდა მთელი მისი აზრები მეგობრების, სამშობლოს და საერთოდ მისი ძვირფასი სათამაშოების ოთახის დაცვას დასტრიალებდა გარშემო.  მას და კიდევ უამრავ მის მოძმეს: ისე აათალეს მარჯვენა და ისე გაუპეს თავი, რომ სიკვდილი–ნეტარების ეიფორიამ შეცვალა მყისიერად.

ალბათ ასეთია მოტივირებული სიკვდილი.

Read the rest of this entry

საღამოს…


საღამოს რუსთაველზე დაახლოებით ისეთივე სიტუაციაა, როგორც შუა ზაფხულში ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. სასეირნოდ გამოსული ხალხი ფაქტიურად გარბის ბულვარისკენ და იქ უკვე სეირნობენ გვარიანად დაღლილები.

რუსთაველზეც, როგორც ბულვარში, არც ერთი სკამი არაა თავისუფალი ამ დროს და სადაც კი შესაძლებელია, ყველგან ვიღაცა ზის.

მთვარი მსგავსება კი მაინც ისაა, რომ როგორც ბათუმში არაა ბულვარი ყველაზე კარგი ადგილი სასეირნოდ, ისევე თბილისში რუსთაველი, თუმცა, ორივე ადგილას ყოველთვის ყველაზე ბევრი და საინტერესო ხალხის ნახვა შეიძლება.

ყველაზე საინტერესო რუსთაველი შვიდი საათის შემდეგ ხდება. სწორედ ამ დროს შეიძლება აქ ნახო: უამრავი ხელიხელჩაკიდებული თუ მხარზე ხელგადახვეული წყვილი; დიდი რაოდენებოთ ნაყინი, იმდენი, რომ მაგდენი თუ არსებობდა ამ ქუჩაზე საერთოდ, არ გეგონა; გამოპრანჭული გოგონების ბრბო, თან ისე მოდიან, თითქოს ბრძოლის ველისკენ მიეშურებოდნენ; ასევე, ბიჭები აუცილებლად რეიბანით, ჯიბეში ხელით და რა თქმა უნდა, იფურთხებიან; აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შეყვარებულებიანი გოგონები უფრო ნაკლებ გამოპრანჭულები არიან, რაც იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მათ მიზანს უკვე მიაღწიეს და დანარჩენები ბრძოლის პროცესში არიან. ამის დასტურად გამოდგება ერთ სკამზე მოკალათებული სამი გოგო, რომლებიც დროდადრო აპარებენ თვალს გვერდით სკამზე მსხდომი ორი ბიჭისკენ. თუმცა, ბიჭები ალბათ ვერც გრძნობენ ყურადღების ცენტრში ყოფნას და რაღაცას განიხილავენ. ორივე სკამის “წარმომადგენლების” შედარების შედეგად მარტივად შეიძლება დავასკვნათ, რომ გოგოები დროს ტყუილად კარგავენ.

მოკლედ, სეირნობის დროა რუსთაველზე და სასიამოვნო ჩრდილებია ქუჩაზე. ერთ სკამზე გოგო მოკალათებულა, მარა კომფორტულად ნამდვილად არა. გაწკეპილი ზის და პოზირებს მხატვრის წინ, რომელიც დიდი მონდომებით ხატავს. გოგოს თანმხლები ბიჭი დროდადრო ამაყად გადახედავს ხან გოგოს და ხან ჯერ კიდევ დაუსრულებელ სურათს.

რამდენიმე სკამს იქით ახალგაზრდა გოგო ზის, ელეგანტური კაბა აცვია და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც ძალიან უხდება. პოპ-კორნს შეექცევა და გამვლელებს ათვალიერებს.

გვირილები… ქალი გლადიოლუსების შეკვრას ყიდულობს, რომელიც უბრალო პარკშია გახვეული და პატარა ბიჭს უჭირავს, სანამ დედა (სავარაუდოდ) ფულს გადაიხდის.

მშვიდად მოსეირნე ოთხი მამაკაციდან ერთ-ერთს მათხოვარი ბავშვი ჩამოეკიდა ფეხზე და ის ვერაფრით ვერ იშორებს, თანმხლები მამაკაცები ცდილობენ დაეხმარონ გაჭირვებაში ჩავარდნილ მეგობარს, თუმცა ამაოდ. ფემძიმე ქალმა ჩამოიარა, იმდენად ლამაზია და ისე გემოვნებიანად აცვია, ოთხი მამაკაცი და მათხოვარი ბავშვისგან ყურადღება მომენტალურად მისკენ გადადის. თუმცა, მის უკან მომავალი შავსათვალიანი, გადაწეულ და პრიალა თმიანი, მაიკაზე უმკლავო ჯაკეტიანი და ნატახტარის ლუდის ქილიანი ბიჭის დანახვისას, ხვდები, რომ ძველ სურათზე დაკვირვება ჯობდა, რომლისგან მხოლოდ ატირებული მათხოვარი ბავშვი დარჩენილა.

მიყვები ქუჩას ქვევით და სკამებზე მოხუცები მოკალათებულან, მათ წინ კი ბავშვები დარბიან. ერთი ბიჭი ხესთან ატუზულა და თავი მორცხვად დაუხრია, მის წინ გოგო დარბის, ძალიან ლამაზი და ბავშვური კაბა აცვია, ბიჭს ეჯღანება, ენას გამოუყოფს, იცინის და დარბის. ბიჭი ხანდახან მორცხვად ამოიხედავს და ისევ ხრის თავს.

ხელიხელჩაკიდებულ წყვილს ერთი გოგო ახლია, რომელიც ვიტრინაში იყურება და ხანდახან აპარებს მზერას მოალერსე წყვილისკენ.

ის ფაქტი, რომ მანქანებს შორის დარჩენილ მცირე გასასვლელთან რამდენიმე ბიჭი ერთდროულად ჩერდება და გზას გითმობს, რაღაცნაირად გახარებს. გიხარია, რომ არ გადაგიარეს და გიხარია ისიც, რომ უბრალოდ არსებობს კიდევ ასეთი ხალხი.

გსიამოვნებს ლამაზი ოჯახის დანახვაც, წინ და-ძმა რომ მოსეირნობს და რაღაცაზე ტიკტიკებენ ხელებით. გოგოს ჯინსის შორტ-კომბინიზონი აცვია და ბიჭს Casual სტილზე შეუჩერებია თავისი არჩევანი 😀 უკან მშობლები მოდიან, მშვიდად საუბრობენ და ქაღალდისგან დამზადებული ყუთიდან მზესუმზირას შეექცევიან.

წინ კი გოგონა მიდის, წითლად შეღებილი თმით და რატომღაც “რუსალკა” გგონია (ქალთევზა არა).

საპირისპირო მიმართულებით კი ბანცალ-ბანცალით მოდის გოგო, რომელიც წიგნს კითხულობს და ცდილობს არაფერს დაეჯახოს.

უკვე ჩამობნელდა და ლამპიონებიც ჩაირთო. ისევ სასეირნო ამინდია, მარა უფრო რომანტიკული.

ხოდა, მეტროში ჩასვლა ჯობია მგონი.

ვსიო 😀

ერთი ცალი მკითხველი ♥

დაახლოებით ერთი თვის წინ facebook-ის PM-ში წერილი მივიღე ერთი გოგონასგან, რომელიც მწერდა, რომ ჩემი ბლოგის მკითხველი იყო და მოსწონდა ჩემი პოსტები – “სულ ვკითხულობ ხოლმე და დაკომენტარებას რაღაცნაირად ვერიდები, როცა რაღაც ძალიან მომწონს, მინდა კომენტარიც კარგი იყოს :))))”.

ვერ აღვწერ როგორ გამახარა ამ წერილმა. სასიამოვნო იყო ისიც, რომ პირადი ფოტოების ნახვას არ ითხოვდა, რა მნიშვნელობა აქვსო. მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს? მე ზოგიერთი ბლოგერი უკვე იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე უბრალო ინტერნეტ ნაცნობი და მგონია ვიცნობ კიდეც მათ.

ხოდა, რას ვამბობდი. მახსოვს ამ წერილისგან გამოწვეული სიხარული. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი ნაბჟუტურები ვიღაცას მოსწონდა, თან ისე, რომ მოეწერა კიდეც ამის შესახებ. უბრალოდ წერით საკუთარ ჭიას ვახარებდი, ესაა და ეს.

იმ დღის მერე თითქმის ყოველ დღე ვსაუბრობთ, ვკითხულობ მის პოსტებს და ვხვდები, რომ რაღაცნაირად ჩემნაირია. გრძნობები, ემოციები…

ამასწინათ კიდევ ერთი წერილი მივიღე მისგან, რომელმაც პირველზე მეტად გამაოცა. და როგორ შეიძლება არ დავთანხმდე? წარმოუდგენელია.

ხოდა, უკვე 12-ს გადაცდა საათი და მისი დაბადების დღე თენდება. მინდა ვუსურვო… არ ვიცი რა მინდა ვუსურვო, უბრალოდ ყველაფერი საუკეთესო მინდა ჰქონდეს.

რას გისურვებ იცი? შენმა პირველმა წერილმა რა ემოციაც გამოიწვია ჩემში, ისეთები გქონდეს უამრავი და მეორე წერილის მიერ გამოწვეული ემოციები კიდევ უფრო ბევრი.

ერთგულ მეგობრებს გისურვებ, ისეთივე თბილებს და საყვარლებს, როგორიც შენ ხარ.

გისურვებ დაფიქრების გარეშე დადებითად გეპასუხოს კითხვაზე – ხარ თუ არა ბედნიერი.

მიზნების და ოცნებების რეალიზება ხომ თავისთავად 😉

და კიდე იმას გისურვებ, რაც მე გამომრჩა, მარა შენ უსურვებდი საკუთარ თავს.

კაი ადამიანი ხარ და ბლოგერულად კიარა, ადამიანურად მიყვარხარ. ეს პოსტი გეძღვნება შენ და სხვა დანარჩენიც თავისთავად, რადგან ვიცი, რომ ჩემს ყოველ პოსტს ერთი მკითხველი მაინც ეყოლება. ძალიან კაი შეგრძნებაა ეს :-*

მინდოდა გამეხარებინე და იმედია ამ პოსტით ეს ცოტათი მაინც შევძელი, დანარჩენი ხვალ 😉

ხო, თუ არ გინდა, სულ არაა აუცილებელი დააკომენტარო და თქვა ვინ ხარ სინამდვილეში, მთავარია მიხვდე შენ გწერ და არა სხვას :-*

P.S. ხატვა რომ არ შემიძლია ამას ვაღიარებ, მარა არ მინდოდა ინტერნეტის ფოტოები დამედო მარტო, ხოდა ძალიან ვეცადე და რაცხა გამომივიდა მგონი 😀 არ დამცინოს არავინ!!! 😀

მეტროში…

დატვირთული და დახუთული ქუჩიდან ჩადიხარ ქვემოთ, ხალხის რაოდენობა მცირდება, მაგრამ იზრდება საინტერესო დეტალები, რომლებზე დაკვირვება რაღაცნაირად გიზიდავს.

ესკალატორი. საწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალი ხალხი, ყველა განსხვავებული. პეპელა გოგონები, თეთრ “საროჩკიანი” და “რუგზაკიანი” რამდენიმე ერთნაირი ბიჭი, დედა კიკინებიანი ბავშვით. ორი მოხუცი ქალი რაღაცას განიხილავს, ერთი გოგო პატარა სარკეში იყურება და პომადას ისწორებს, ტუჩების მოძრაობით რა თქმა უნდა.

ამ დაკვირვებაში გართულს ვიღაცა აუცილებლად დაგეჯახება, კიბეებზე ჩარბის. უკან კიდე ვიღაც გემრიელად მოკალათებულა ერთ-ერთ საფეხურზე.

მოკლე და საინტერესო პერიოდი მატარებლის მოლოდინში. რატომღაც სასიამოვნო სუნი, სულ კიდესთან დგომა სასიამოვნო მუსიკის ფონზე და წათამაშება სიმაღლის შიშთან, რელსებზე დაკვირვება.

ჰაერის სწრაფი მოძრაობის შეხება და ამისგან გაწეწილი თმა, ვერაფრით რომ ვერ იმორჩილებ.

რუსთაველი. შემდეგი სადგური – მარჯანიშვილი.

ხალხით გაჭედილი ძველი ვაგონები.

ქერად შეღებილ ქალს ჩასძინებია. მის გვერდით დედა-შვილი სხედან. დედას ბავშვის სასკოლო ჩანთა მუხლებზე უდევს, გაშლილი ხელი ნიკაპქვეშ ამოუდია და ჩაფიქრებულა. ბავშვი ფეხებს აქანავებს.

“სმენადახშული” ადამიანები და ინტერესი მათი მუსიკისადმი. აბსურდული ვარაუდი, რომ არც ერთ მათგანს არ ექნება ერთი საერთო მუსიკაც კი.

ვაგზლის მოედანი. გადასასვლელი მეორე ხაზზე.

გარბიან, გეჯახებიან… საპირისპიროდ და შენი მიმართულებით… ალბათ უმრავლესობას არც ეჩქარება და აქაც ბრბოს მომენტია – ერთი გარბის და დანარჩენები მიყვებიან.

ფეხს არ უჩქარებ, სეირნობა მეტროშიც სასიამოვნოა.

ბოლო წამს წასული ბოლო ვაგონი და ცხვირწინ დახურული კარი. არ განაღვლებს, რაღაცნაირად გიხარია კიდეც.

ორი გოგო “პადრუჩკით”. ერთს თეთრი, ფუშფუშა და გრძელი ქვედაბოლო აცვია, “საროჩკაც” თეთრი. დიდი, ლურჯთვლიანი საყურე უკეთია და თვალები წარბებამდე შეუღებია. თმები გადაუწევია და თავზე სათვალე “დაუბრძანებია”. ხელზე უცნაური ბიჟუტერია უკეთია, რომელიც არაჩვეულებრივად ავსებს დეფორმირებულ კლატჩს. გრძელი ქვედაბოლოს ქვეშ შავი ფეხსაცმელი ეფექტურად იმალება, მხოლოდ მის ფერს არჩევ და კვდები ინტერესით როგორია.

ხალხის რაოდენობა იზრდება და შესაბამისად დაკვირვების ობიექტთა რიცხვიც. მატარებლის მოსვლა და ჩაშლილი გეგმები, თვალის დახამხამებაში (ალბათ ამ სიტყვის ყველაზე ზუსტი მნიშვნელობით) შევსებული ვაგონები.

ფანჯარასთან დგები და საკუთარ გამოსახულებას აკვირდები. მალევე გბეზრდება და ცდილობ სხვა რამე შენიშნო სიბნელეში, ფანჯრის მიღმა. რაღაც თეთრი მილები, ბევრი… მეტი არაფერი.

ისევ ხალხი. კიდევ ის თეთრი გოგო, ფეხზე დგას და ფეხსაცმელს კვლავ თეთრი ქვედაბოლო უფარავს.

ჭაღარათმიან ბებოს თმები შუბლის მიდამოებში დაუმაგრებია და რუსულ გაზეთს კითხულობს.

არც ისე სიმპათიური წყვილი რამდენიმე თვის ბავშვთან ერთად მგზავრობს. ბავშვი მამის მუხლებზე არხეინად გადაწოლილა და გემრიელად სძინავს. დედა თვალს არ აშორებს.

მზერა, მწვავე. მისი პატრონის წამიერი შეფასებისთვის ჯერ ხელებზე, მერე რატომღაც ფეხსაცმელზე დაკვირვება. ორი მინუსი და ერთი ცალწარბაწეული მზერა. დამკვირვებელი ხვდება, რომ დროა სხვას დაუთმოს მისი მაღალი ყურადღება.

უცებ მოსული აზრი, რომ შენც შეიძლება იყო არამხოლოდ დამკვირვებელი, არამედ დაკვირვების ობიექტიც. ქვეცნობიერად იყურები ვაგონის ფანჯარაში, სარკის ფუნქციას რომ ასრულებს.

ცივი და გაყინული მზერა, უამრავი… ხვდები, რომ უკვე შეგიძლია უხერხულად არ შეიშმუშნო და არც სხვა მხარეს გაიხედო.

ერთ გაჩერებაზე მოსული მესიჯი და მეორე გაჩერებაზე გაგზავნილი პასუხი. ამ მესიჯისგან გამოწვეული ღიმილი და უფრო მეტი მზერა.

სასიამოვნო მელოდია ყურში, რელსებზე მოძრაობის ხმის ჩახშობის ფუნქციით.

ბოლო გაჩერება და გასასვლელში კიდევ ერთი გაბრძოლება სწრაფად მოძრავ ჰაერთან, ამის გამო კვლავ გაწეწილი და პირველივე ვიტრინაში გასწორებული თმა.

… და ცა, თითქმის ლურჯი და ჭადრების მწვანე ფოთლების ფონზე. უკვე მერამდენედ ჩამოვარდნილი ჭადრის ნაყოფის პატარა ნაწილი, რომელიც თვალს უკვე მერამდენე დღეა ვერ აცდა 😀

მოსწავლეები წარწერებიანი თეთრი “საროჩკებით”. კინაღამ ამოტივტივებული და უკან გაბუნძულებული მოგონებები…

საიდანღაც მოსული ახლადმოჭრილი ბალახის სასიამოვნო სურნელი, რომელსაც ახლადგამომცხვარი თონის პურის არომატი ცვლის.

გახსენებული შიმშილის გრძნობა, პატარა ქუჩა, გვირილები და სხვა მინდვრის ყვავილები, ზარი კარებზე, ცივი წყალი სახეზე – დაღლილობის მოხსნის ეფექტით და რბილი საწოლი, შორიდანვე რომ დაეგდო პირაღმა.

დილით…

როგორი დილაა იცი? ბავშვობაში რომ იყო, დილაადრიან რომ წამოგაგდებდა ფეხზე. კი გეძინებოდა, მარა მზის სხივი ისე გეთამაშებოდა, სასწრაფოდ წამოდგებოდი და ეზოსკენ გავარდებოდი. დილაადრიან ეზოში თამაშს არაფერი სჯობდა, რაღაცნაირი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მუხლის დაზიანებები ყველაზე ხშირად სწორედ ამ დროს ხდებოდა, მაინც ყველაზე მეტად მიმზიდველი იყო ეზო დილით და უდროო დროს საუზმეზე მოხმობაც ნერვებს გიშლიდა.

დღესაც მასეთი ამინდია. გინდა გარეთ გახვიდე, სადაც ბავშვობის მეგობრები გელოდებიან და მათთან ერთად ითამაშო ათასგვარი სისულელე. მაგრამ ამის უფლებას არც ასაკი გაძლევს და არც ბავშვობის მეგობრების სიშორე.

გარეთ გასვლა იმდენად გინდა, გიხარია კიდეც დილის ლექცია. მუსიკის თანხლებით გადიხარ სადარბაზოდან და თითქმის გალურჯებულ ცას უყურებ უკვე ამწვანებული ჭადრების ფონზე.

შორიახლოს მდებარე ყვავილების მაღაზიასთან ახალი ყვავილები გამოუტანიათ. თეთრი კალათი სავსეა, არა, დახუნძლულია დიდი გვირილებით. რაც მომენტალურად იწვევს ღიმილს, ჟრუანტელი გივლის სიამოვნებისგან და აგრძელებ გზას.

გეჩვენება თითქოს, მაგრამ ხალხი ლაღად დადის ქუჩაში. ეს ის დროა, როცა ყველა გამოდის სახლიდან და სამსახურში, უნივერსიტეტში, სკოლაში და ა.შ. მიემართება. იგრძნობა, რომ ამინდს ჯადოსნური ძალა აქვს და ყველას განწყობაზე იმოქმედა დილაადრიან. ყველა გამვლელი ტოვებს სასიამოვნო განწყობას და დილით მიპკურებული სუნამოს სურნელს.

სილამაზის სალონთან ისევ ტრიალებენ გამოპრანჭული თანამშრომლები, ჯერ არავინ მისულა და ერთმანეთს უკეთებენ ვარცხნილობებს. სალონის თანამშრომლების ვარცხნილობა მუდამ ფორმაშია.

ვიღაც ქალი გადაგიხტა წინ, პირს აფჩენს რატომღაც. რამდენიმე წამით გაკვირვებული უყურებ, მერე ხვდები – “ნაუშნიკი”! იშორებ გარე სამყაროს ხმის დამხშობ საშუალებას და უკვე პირის ფჩენად არ გეჩვენება, ლაპარაკობს ქალი – “შვილი, დღეს სწავლა არი?”

მოხუცი კაცი მისეირნობს. გაზეთი დაუხვევია და ისე უჭირავს ხელში. ძველებური შარვალ-კოსტიუმი აცვია და როგორია იცი? რომ იტყვიან აკურატულიო, ზუსტად ისეთი, სხვა სიტყვას ვერ შეურჩევ.

ქალი ტრანსპორტს ელოდება, ერთი ხელით მზეს იჩრდილავს, მეორეში მიხაკების “თაიგული” უჭირავს, თითქოს გახუნებულა ყვავილები. სულ რამდენიმე მიხაკს ისე უღიმღამოდ აქვს გამჭვირვალე პარკი შემოხვეული, ცოცხალიაო ვერ იფიქრებ, ყველანაირ სილამაზეს კარგავს. ეს ყვავილებიანი ხელიც თავზე შემოუდვია ქალს და ერთიანობაში საინტერესო სანახავია.

გოგო მიხტუნაობს მაღალ ქუსლებზე. არა, ცუდად კი არ დადის, უბრალოდ ნაბიჯებს თითქოს ნახტომში აკეთებს, რაც უფრო ეფექტურს ხდის.

საათი დაჟინებით გეუბნება, რომ გაგვიანდება და დროა ნაბიჯს მოუჩქარო, მაგრამ იმდენად კომფორტულად გრძნობ თავს ასე, ისევ იმ ტემპით აგრძელებ გზას.

კორპუსის ქვემოთ პატარა სკვერია, სამი სკამი დგას სულ. ერთ-ერთზე ახალგაზრდა ქალი მოკალათებულა ბავშვით ხელში.

მეტრო. ბოლო წამს ასწრებ ვაგონში შეხტომას და ამის გამო გაურკვეველი რამდენიმე წამიანი სიხარული გეუფლება. ვაგონის კარებთან მიყუჟული განაგრძობ ამოჩემებული სიმღერის მელოდიით ტკბობას. კარებში უეცრად დაჭერილი დაჟინებული მზერა, გვერდით მდგომ ახალგაზრდას რომ ეკუთვნის. ამჯერად დისკომფორტს არ გრძნობ, გიხარია კიდეც, რადგან ჩუმად შენიშნე მზერა, რომელიც პატრონს ფარული ეგონა.

რუსთაველი – ყველაზე საყვარელი, მაგრამ ყველაზე ნაკლებთბილისური ქუჩა. ლამაზია, თბილისთან ასოცირდება, მარა არ უხდება ამ ქალაქს დიდი და ფართო ქუჩები.

ბიჭმა ჩამირბინა, შარვალ-კოსტუმიანმა, უნიფორმა უნდა იყოს აშკარად. ქარი ამ კოსტუმს აფრიალებს და წამით ჰალსტუხსაც მოკრავ თვალს, მისი ფერის მიხედვით რწმუნდები, რომ არ შემცდარხარ და ბიჭი ერთ-ერთ ბანკში მუშაობს. გოგოს წამოეწია, ჩაეხუტა თბილათ. უცებ გგონია დეჟავიუ გაქვს, ეს თითქოს უკვე იყო. მერე ხვდები, რომ უბრალოდ ძალიან ჰგავს კადრს ძველებური ფილმიდან. წინ მისეირნობს წყვილი და აკვირდები, იგრძნობა სიყვარული. ერთი კვარტალის შემდეგ ბიჭი ემშვიდობება, ჯერ თბილად იკრავს გულში, მერე ხელს უქნევს და უკან მოდის, ოღონდ სახე აქვს საოცრად ბედნიერი, ძველ ფილმებში შეყვარებული ბიჭები გინახავს? აი, ისეთი. მიხარია.

სკამზე მოხუცი კაცი ზის, ფეხი ფეხზე გადაუდვია და გაზეთს ჩაჰკირკიტებს.

არც ისე სუსტი სიოა და ხედავ, რომ ქუჩაში მოძრავ ყველა მდედრს ერთი პრობლემა აერთიანებს – ვარცხნილობა. ამის გამო ვარაუდობ რაოდენ საინტერესო შეიძლება იყოს იმ მაღაზიებში მუშაობა, რომლის ვიტრინებშიც ესენი იყურებიან.

ახლადმოჭრილი ბალახის სუნია რუსთაველზე. დილით მოსასმენი ბოლო სიმღერაც დაიწყო და საათი 10:54-ს აჩვენებს. ცხადია, რომ დააგვიანე, მაგრამ კიდევ არ გენაღვლება რატომღაც, საინტერესო კადრების მოლოდინში აგრძელებ გზას. დაე, დაიწყოს ფლეილისტმა მოქმედება თავიდან!..

%d bloggers like this: