Blog Archives

ეგოიზმი

უკვე რამდენი ხანია ვზივარ და ვფიქრობ რა და როგორ დავწერო. როგორ დავწერო ის, რასაც ვგრძნობ… არის ხოლმე მომენტები, როცა გინდა მაქსიმალურად გამოხატო რაღაც და უბრალოდ არ შეგიძლია. ასე ვარ ახლა. სიტყვები არ მყოფნის საერთოდ. დაწერა რომ გადავწყვიტე, რაღაცები ტივტივებდა თავში, მერე გაქრა. მთავარი ისაა, რომ დღეს დაბადების დღე აქვს. იცი როგორ მიყვარს? უკვე რამდენჯერ ვცადე მეთქვა და ვერ გიხსნი… მთელი არსებით მიყვარს და მთლიანად, თავისი უმნიშვნელო “მინუსებით”, რომელიც იმდენად უმნიშვნელოა, რომ… მინდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად, ხელიხელჩაკიდებულმა გავატარო. მინდა მასთან ერთდ ვიძინებდე და ვიღვიძებდე სულ; მინდა ყოველთვის ისე მიყურებდეს, როგორც ახლა; მინდა რაც შეიძლება ბევრი “ჩვენი”; <3 რეალისტი ვარ, არ მჯერა ზოგადი ზღაპრების, მაგრამ მე ჩემი ზღაპარი მაქვს, ინდივიდუალური და ეს იმიტომ, რომ ის ჩემს გვერდითაა; იმიტომ, რომ როცა კარგად ვარ ჩემთანაა, როცა ვწუწუნებ, ვბუზღუნებ და უბრალოდ ტირილი მინდა, მაშინაც ჩემთანაა; მასთან ვისწავლე, რომ მთავარია დღეს იყო ბედნიერი, რომ დეტალებშიცაა ბედნიერება. ვისწავლე რა არის დიდი ბედნიერებაც და რა მინდა ყველაზე მეტად. დავრწმუნდი, რომ ჩემი შეხედულებები გრძნობებზე უბრალო ფანტაზია არაა და ეს დღეს ჩემი რეალობაა. დავრწმუნდი, რომ არ შემიძლია მისი ნახვისას ღიმილი შევიკავო და არც მას შეუძლია. დავრწმუნდი, რომ ჩემი პოზიტივი და ენერგიაა, რომ მისი ერთი ჩახუტება საკმარისია ჩემი გაცოცხლებითვის. მისი ერთი შეხება უკვე ბედნიერებაა… ის არის ის, ვინც უნდა იყოს და ის არის ჩემი. ბედნიერი ვარ, რომ ის არსებობს და ეგოისტურად მიხარია, რომ ჩემია. ის ჩემი ერთადერთი ეგოიზმია, რომელსაც ვერასდროს დავთმობ.

Advertisements

ე.წ. “ზრდილობა”

როცა ზოგადი უნარები ჯერ კიდევ უცხო ხილი იყო და “რაცხა უბედურებას” ნიშნავდა, მაშინ მთელი საქართველო ლაპარაკობდა იმ ერთ კითხვაზე ტესტში, ავტობუსში ადგილის დათმობას რომ ეხებოდა.

“დევიღუპეთ”

“ესენი ააშენებენ ქვეყანას?!”

“რას ასწავლიან ბავშვებს?”

მსგავსი ფრაზები ისმოდა ყველგან – სახლში თუ ქუჩაში, მაღაზიაში თუ ბანკში, მეტროში თუ ავტობუსში. ლამის “ზოგადი უნარების თაობა” დაგვერქვა. ალბათ ტრანსპორტში მოხუცისთვის ადგილის არ დათმობა ამ ტესტთან ასოცირდებოდა ავტომატურად, ითვლებოდა, რომ მთავრობამ “გააფუჭა” ბავშვები და ათასი უბედურება ასწავლა.

ზოგადად, ცხადია, რომ ამ ტესტის პასუხი მართალი იყო და მგზავრობის საფასურსაც ვიღაცაზე ზრუნვისთვის არ იხდი.

მაგრამ!

… დილაა. მეგობარი მელოდება. ვაგვიანებ და საშინლად ვნერვიულობ. “მარშუტკა” გადაჭედილია სამსახურში, უნივერსიტეტში თუ სკოლაში მიმავალი ადამიანებით. ყველას სადღაც ეჩქარება, ზოგი მაჯის საათს უყურებს ყოველ წამს, ზოგი ტელეფონს, ზოგიც უბრალოდ ფშვინავს. ერთი ბიჭი წამოდგა და ადგილი დამითმო. დიდი არაფერი ვთქვათ, მერე რა? მაგრამ იმ მომენტში ნერვიულობა გადაფარა ამ ფაქტმა და მუსიკის ფონზე, მშვიდად მივედი დანიშნულების ადგილას.

საღამოა. დაღლილი მოვდივარ ლექციებიდან. მკვდარივით ვაგდივარ სკამზე და “მარშუტკის” ფანჯრიდან ვიყურები, თუმცა ვერაფერს აღვიქვამ. ჩანთებით დატვირთული ქალი ამოდის, 60-მდე წლის იქნება. სახეზე აწერია რომ მთელი დღე მუშაობდა და ახლა ვალმოხდილი მიდის სახლისკენ. თვალებს სიცოცხლის ნიშანი არ ეტყობათ, არანაირი სხივი არ კრთის. პარკები ძირს დააწყო, საფულიანი ხელი სკამის საზურგეს ჩასჭიდა, მეორე, ცხვირსახოციანი ხელი შუბლზე გადაისვა და უემოციოდ მიაშტერდა არაფერს. საშინლად მომინდა როგორმე, ოდნავ მაინც გამეხარებინა ეს ქალი, წამოვდექი და ღიმილით ვანიშნე რომ დამჯდარიყო უკვე თავისუფალ სკამზე. მხოლოდ თავი დამიქნია მადლობის ნიშნად და მის თვალებში ის სხივი დავინახე, რომელიც აქამდე არ ჩანდა. რაღაცნაირად გამიხარდა, თითქოს ძალებიც მომემატა.

პიკის საათია. ის დროა, როცა ყველა სადღაც გარბის და ტრანსპორტი ხალხით, ხოლო ქუჩები ამ ტრანსპორტითაა გადაჭედილი. საშინელ განწყობაზე ვარ. ისეთზე, რომ ვგრძნობ წარბშეკრული დავდივარ, მაგრამ არ შემიძლია გამოსწორებ. ვიწრო ქუჩაზეც საშინელი საცობია, შუქნიშანი არაა და გადაკვეთაც ჭირს. რამდენიმე წუთია ვდგავარ და უიმედოდ ველოდები გადასვლის შესაძლებლობას. ერთი მანქანა ჩერდება და მითმობს გზას, ამ დროს საპირისპირო მიმართულებით მიმავალმა მეორე მანქანამ გამოსასვლელი იპოვა და ძლივს გამოძვრა. მძღოლმა შუა ქუჩაში რომ დამინახა, რაღაცნაირად, გემრიელად გაიღიმა და გზა დამითმო. იმ ბიჭის ღიმილზე მეც გამეცინა და მთელი დღე რატომღაც დადებითად დაიმუხტა.

არც მე ვიღებ დიდ მსხვერპლს, როცა ვიღაცას ტრანსპორტში ადგილს ვუთმობ, არც ისინი, ვინც მე მითმობენ ადგილს და არც ის ბიჭი დაზარალდებოდა, თავისდაუნებურად მთელი დღის სასიამოვნო განწყობა რომ მომიტანა.
ხოდა, მერე რა, რომ წესით ეს ადგილი მე მეკუთვნოდა? ამაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ შევძელი ადამიანისთვის მესიამოვნებინა. მაგარი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ თუნდაც ძალიან პატარა, მაგრამ მაინც გააკეთე რაღაც კარგი და ვიღაც დადებითად დამუხტე.

…და რა დაშავდება, ათი წუთით ფეხზე რომ იდგე “მარშუტკაში”, კარებში ჯერ ქალი გაატარო და მერე გახვიდე, ვიღაცას რიგი დაუთმო როცა არ გეჩქარება და ა.შ.?

. . .

მივხვდი…

ხო, მივხვდი, რომ დავიღალე და საშინლად მომბეზრდა…

გავქრე მინდა. ასე, უბრალოდ, ერთხელაც ავდგე და გავქრე…

მერე, ოდესღაც ისევ გავჩნდე, ამის აუცილებლობას თუ ვიგრძნობ.

ვსიო.

ერთი დღე…

ადრე მეგონა, რომ როცა მომინდებოდა მაშინ დავწერდი.
არ ყოფილა ასე.

მეგონა, რომ მონატრების ტალღას მარტივად დავძლევდი.
აქაც შევცდი.

მეგონა, რომ ვირტუალური არასდროს გავხდებოდი. გავხდი.

ღიმილიც ყოველთვის შემეძლო მეგონა, თუმცა ამ მხრივ დიდი ხნის წინ გამიცრუვდა იმედები, ყოველთვის ვერ ვიღიმი.

მეგონა რასაც გასცემ იმას მიიღებ. ვერ მოგართვეს!..

მეგონა თამაში არ შემეძლო. შემძლებია, ცუდად და იშვიათად, მაგრამ მაინც.

მეგონა ადამიანები არ იცვლებიან. სისულელეა. იცვლებიან, მაგრამ მხოლოდ უარესობისკენ.

რეალისტი ვიყავი მეგონა. ახლაც მგონია, მარა ოპტიმიზმი მეპარება ხანდახან.

მეგონა ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი ჩვეულებრივი განწყობებით. არა.

ვერ ვიტან არაფრიდან მოსულ უარაფრო განწყობას, ვერ ვიტან როცა მზინი დღეების მერე უეცრად მოიქუფრება ცა. ვერ ვიტან საკუთარ თავს, სადღაციდან მოსული განწყობით. ვერ ვიტან, როცა ეს გადამდებია. ვერ ვიტან, როცა იქით ვამხნევებ აწ უკვე ჩემი განწყობით დაავადებულ ხალხს. ვერ ვიტან როცა უკვირთ რატომ მწყინს და “მგრუზავს” დეტალები. ვერ ვიტან როცა ჰგონიათ, რომ ვალდებული ვარ მუდმივად კაი განწყობაზე ვიყო. ვერ ვიტან, როცა იმდენად უკვირთ ცუდი განწყობა, ვერ მიგებენ. ვერ ვიტან.

მიყვარს როცა საღამოსკენ, მარა მაინც გამოანათებს ღრუბლებიდან მზე. როცა აივანზე საღამოს მზის სითბოა, ქვევით ყვავილებია და ლამპიონები ჯერ კიდევ სუსტად ანათებენ. მიყვარს, როცა ვიღაც ცდილობს თუნდაც სულელური ხუმრობებით განწყობა გამომიკეთოს, და მეც მეღიმება… მიყვარს, როცა დღის ბოლოს მაინც ვგრძნობ, რომ ვიღაცისთვის კიდევ მნიშვნელოვანი ვარ. მიყვარს, როცა ჩემი მეგობრები ინტერნეტისთის იცლიან. თუნდაც არ ვწერდე, მიყვარს, როცა ვხედავ აქ. მიყვარს, როცა შემიძლია უცნობი ხალხის სიყვარულიც და მათაც შეუძლიათ იგივე. მიყვარს, როცა პატარა რამეც მახარებს და მთელი დღის საიდანღაც მოთრეულ ცუდ განწყობას ბოლოს მოუღებს. მიყვარს, როცა ამ ყველაფრის მერე ტკბილად დავიძინებ და ხვალ ახალი დღე იქნება, ხალისიანი და მზიანი. მიყვარს.

P.S. ამ სიმღერას აშკარად მოაქვს ხალისი, ვიდეოც საყვარელია ♥

განწყობა ;-)

ყველას ჰქონია ცხოვრებაში მომენტები, როცა აღარავის და აღარაფრის სჯერა, როცა ფიქრობს, რომ გამოსავალი არ ჩანს.

ხშირად პრობლემებს ვაზვიადებთ, საკუთარ თავთან უფრო. ერთი მეორეს ემატება და იქმნება ცუდი განწყობის დიდი გროვა, რომელიც თანდათან უფრო და უფრო ძნელი დასაშლელი ხდება.

არასასიამოვნოა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანებს გვიყვარს საკუთარი თავის შეცოდება.

მარტივია იფიქრო რომ ყველაფერი ცუდადაა, ჩაიკეტო საკუთარ თავში და გარე სამყაროს მოწყდე. ამ დროს ყველაფერში, უმცირეს დეტალებშიც კი რაღაცეებს ხედავ. გგონია, რომ მთელი სამყარო შენ წინააღმდეგაა მომართული, შენი არავის ესმის და ა.შ. არაა ეს გაზვიადება და თინეიჯერების სიტყვები, მართლა ხდება ასე და თუ არ წუწუნებ მაგ ფრაზით, სადღაც გულის სიღრმეში მაინც ფიქრობ, ვაღიაროთ.

დადიხარ სამსახურში, მეგობრებთანაც, მაგრამ ვაკუუმში ხარ თითქოს, აქ არ ხარ, სადღაც სხვაგან ხარ, შენს სამყაროში, რომელში შემოსვლის უფლებასაც არავის აძლევ.

ხშირად კი, სულ მცირე რამემ შეიძლება გაგვიფუჭოს მთელი დღის განწყობა ან საერთოდ, ვერც ვხვდებოდეთ ცუდი განწყობის მიზეზს.

ასეა თუ ისე, მიზეზიანია თუ უმიზეზო ცუდი განწყობა, მას დაძლევა ჭირდება. რთულია, ნამდვილად, მაგრამ შესაძლებელი. ამ დროს გვერდით გჭირდება ადამიანები, რომლებიც უბრალოდ არ მოგცემენ საკუთარ თავში ჩაკეტვის უფლებას. თუმცა, ყველაზე ნამდვილი და ძლიერი მეგობრობის დროსაც კი შეიძლება გამოგვეპაროს რაღაცეები და დაგვრჩეს ერთმანეთი ცოტათი უყურადღებოდ. ეს არ ნიშნავს, რომ მეგობრები მხარში არ გვიდგანან.

სამწუხაროდ, გრძნობებისთვის და მით უმეტეს მათ გამოსახატავად ნაკლებად ვიცლით ხოლმე. თუმცა, გამოხატვა ხომ მხოლოდ სიტყვები არაა და უფრო საქციელით გამოიხატება ნამდვილი გრძნობა. ხოდა, დავიჯერო, მეგობრებისგან არ გიგრძვნია სიყვარული და სითბო? არ მჯერა.

ცუდად ხარ? იცი რამდენი ვინმეა შენზე უფრო ცუდად? სიკვდილს ებრძვის ხალხი ბოლო წუთამდე და სახეზე ღიმილს არ იშორებს.

მიმოიხედე ირგვლივ, ნახე რამდენი ადამინია შენზე ცუდად და მაინც არ ნებდებიან.

ვიცი, რთულია სძლიო საკუთარ თავს, შემოსახლებულ და მიჩვეულ ცუდ განწყობას, მაგრამ შესაძლებელია.
აბა, შემომხედე ახლა და დაფიქრდი – იცი, რამდენ ადამიანს უყვარხარ? აზრზეც არ ხარ, ვერც წარმოიდგენ. იცი რამდენისთვის ხარ მნიშვნელოვანი? დარწმუნებული ვარ არ იცი.

ვისწავლოთ წვრილმანებით ტკბობაც და თანდათან ისინი გაიზრდებიან და დიდ სიხარულად იქცევიან. აბა დაფიქრდი, როცა ცუდ განწყობაზე ხარ, ყველაფერში ცუდს უფრო მეტს ხედავ. ერთ “ცუდს” მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და ა.შ. აბა ახლა ლოგიკურად ვივარაუდოდ, რომ თუ სუუულ ცოტა კარგ რამეს მაინც შენიშნავ ყოველდღიურობაში, ეს იქნება გადამდები, კიდევ და კიდევ იქნება პატარ-პატარა “სმაილიკები” (ამჯერად ასე მოვიხსენიოთ). შედეგად კი დღის ბოლოს მივიღებთ არც ისე ცუდ განწყობას. მეორე დღესაც ვაგრძელებთ ასე და ახლა ნახე, უფრო სერიოზულ ამბავთან გვაქვს საქმე – თუ ადრე პატარა “სმაილიკებს” აგროვებდი ყოველდღიურად, რამაც შექმნა დღის ბოლოს კარგი განწყობა, ახლა დავაგროვოთ ეს კარგი განწყობები დღეების მიხედვით, ანუ ეს გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე პატარა “სმაილიკი”. მოკლედ, “სმაილიკები” ქმნიან დღის განწყობას, ამ დღეების შეჯამების შედეგად კი ვიღებთ საერთო განწყობას, მთლად ოპტიმისტურს თუ არა, რეალისტურს და პოზიტიურს ნამდვილად.

ეს რაც შეეხებოდა თეორიას 😀 ახლა გადავიდეთ პრაქტიკაზე და დავიწყოთ “სმაილიკების” დათვლა.
ჰა, რა გამოვიდა? ჩემთან 3:5 “სმაილიკების” სასარგებლოდ. მართალია, ”ბოროტი ძალები” უფრო ძლიერები არიან, მაგრამ მერე რა? დავამარცხებ 😉
შენთან როგორაა საქმე? ჰა? 😉

P.S. მოკლედ, რაშია ახლა საქმე, რატომ ვიბჟუტურე ამდენი. ჯერ ერთი, რომ ჩემს ცუდ განწყობას მოვუღე ბოლო და იქნებ სხვებთანაც გაამართლოს ამ მეთოდმა, გამიხარდებოდა (ანუ, კიდევ ერთი “სმაილიკი”). მეორეც, ერთი ჩემი მეგობარი ბოლო დროს ნამეტანი უხასიათობას იჩემებს, გუშინ მიზეზიც დაემატა ამ უხასიათობის. ხოდა, მინდოდა როგორმე მხარში ამოვდგომოდი, ვინაიდან და რადგანაც სხვაგვარად არ შემიძლია, მხოლოდ წერაღა დამრჩა. ხოდა, “კაკ მინიმუმ”, ეღიმება ახლა ამას რომ კითხულობს და ესეც ხომ საქმეა?

ამიტომ, პოსტის მეორე ნახევარში პირველ რიგში მას მივმართავ, დაითვალე “სმაილიკები” 😉
ვამატებ თითო სმაილს ჩემს და შენს ანგარიშზე. ჩემს, იმიტომ რომ მგონი შევძელი ვიღაცისთვის განწყობის ოდნავ გამოკეთება და შენს ანგარიშზე იმიტომ, რომ ამხელა ქალი ვბჟუტურებ აგერ შენი განწყობისთვის 😛 😀

%d bloggers like this: