Blog Archives

. . .

Image

ბლოგმა მითხრა მომხედეო. მე ვუთხარი კაი მეთქი…

ხოდა უნდა მივხედო.

ჯერ მოვუყვები რაღაცებს, ჩუმად…

ვეტყვი, რომ სულაც არ დამვიწყებია და მასთან ურთიერთობა ისევ ისე მომწონს, როგორც ადრე. თავს გავიმართლებ იმით, რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს ბოლო დროს და ვეღარ ვიცლი მისთვის.

მერე ვეტყვი, რომ კარგად ვარ, რომ მიყვარს… ბლოგი კი არა… კიარადა, ბლოგიც 🙂

ვეტყვი რომ გულწრფელად წერა მომენატრა და მინდა დავწერო რამე.

იმასაც ვეტყვი, რომ ტყუილია, როცა ამბობენ მხოლოდ მაშინ შეუძლია ადამიანს წერა, როცა ცუდადააო. მე კარგად ვარ და შემიძლია წერა, თუ ჯღაბნა, რაცაა მოკლედ… მერე რა, რომ ბოლო დროს ვერ ვიცლი, როცა მოვიცლი ავანაზღაურებ 😉

გაზაფხულია, ფერადი… წავალ ახლა და უნივერსიტეტისკენ წავსეირნდები.

ხო, რაღაც უცნაური მიზეზით ამ ბლოგს რომ კითხულობს ის ხალხიც მომენატრა.

იცი რა? მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ მაქვს უფლება არ ვიყო ბედნიერი. ხოდა აუცილებლად ვიქნები ბედნიერი, პატარა-პატარა და დიდი ბედნიერებებით. და მინდა ბეეევრი ადამიანი იყოს ასე.

გაზაფხული

გაზაფხული მინდა – სახლშიც, სამსახურშიც, ქუჩაშიც, ფბ-ზეც, ფოტოებზეც, ბლოგზეც და ისეც 🙂

დილით მზის სხივმა მინდა გამაღვიძოს, მერე გარეთ გავიხედო და მოწმენდილი ცა დავინახო, ასფალტზე კი ხეების, ფოთლებიანი ხეების ჩრდილები.

მინდა მოვალეობის გამო არ „გამოვიპრანჭო“ და ეს სურვილი დილის მზის გამოგზავნილმა სასიამოვნო განწყობამ მოიტანოს.

მინდა სადარბაზოდან გასვლისას მზის სითბო ვიგრძნო, ღრმად ჩავისუნთქო და საიდანღაც ყვავილების სურნელი მოვიდეს.

სეირნობა მინდა და დაუგეგმავი დღე, მერე ექსპრომტად დაგეგმვა და სასიამოვნო შედეგი.

შაბათი დილა მინდა, ფერადი და სურნელოვანი. დაუღალავად ბოდიალი და კითხვა.

ჩახუტება მინდა, ყველაზე თბილი…

ხელიხელჩაკიდებული სიარული მინდა ყვავილებიან ადგილას, უხმოდ ან თუნდაც ეკონომიურ განათებაზე საუბრით 🙂

სითბო მინდა, დაახლოებით ისეთი, როგორიც უკვე ყოველ დღე მაქვს, გული რომ მებერება და ვრძნობ, როგორ ლღვება რაღაც ღრმად გულში.

მზიური მინდა სითბოში, ბოდიალის მერე ჩემს მუხლებზე რომ დადებ თავს და მე ბოლოსდაბოლოს წაგიკითხავ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონს“ 🙂

ხო, გაზაფხული მინდა! სახლშიც, სამსახურშიც, ქუჩაშიც, ფბ-ზეც, ფოტოებზეც, ბლოგზეც და ისეც – ყველგან! 🙂

მერე რა, რომ მე ცივ ნოემბერშიც მქონდა გაზაფხული. ახლაც მინდა 🙂 ოღონდ ამჯერად თოვლიანი კი არა, ყვავილებიანი, ფერადი გაზაფხული.

მზინი, ღიმილიანი გაზაფხული…

 

გაზაფხული (?)

ცივა, საშინლად ცივა. მოკუნტული ვზივარ თბილი პლედის ქვეშ, მაგრამ სითბო არ მეკარება. ყველაფერს ორპირ ქარს ვაბრალებ, მაგრამ უკან მდებარე ნახევრად ღია კარის ბოლომდე დახურვა მიჭირს, წინა კარის დახურვა კი რატომღაც არ მინდა, თან იქედან თბილი ქარი მოდის და რაღაცნაირად მსიამოვნებს კიდეც მისი შეხება.

არა, ორივე თუ არა, ერთი მაინც უნდა დაიხუროს! – ვფიქრობ და პლედიდან ვძვრები. ჯერ უკანა კართან მივდივარ, გარეთ ვიხედები. ცივი ქარი ქრის და ჭადრის ფოთლებს ჰაერში ატრიალებს. მიმზიდველია აქაურობა და შთამბეჭდავი, წამით გარეთ გასვლაზეც ვფიქრობ…

მაინც ვბრუნდები, მაგრამ კარს ოდნავ ღიად ვტოვებ და მეორე კართან გადავდივარ, რომელიც აივანზე გადის. აივანს მიღმა ახლად აყვავებული იები და ყოჩივარდებია, რამდენიმე გვირილაც და საიდანღაც აკაციის სურნელიც მოდის. მოაჯირს ვეყრდნობი და კარგად ვაკვირდები გარემოს. ეზოში ჩასვლა ვერ გადამიწყვეტია, მეშინია ყვავილებთან ახლოს მისულმა არ აღმოვაჩინო, რომ ეს ილუზიაა, არარსებულია. აბა ვის გაუგია შუაგულ შემოდგომაზე გაზაფხული და სითბო?

… რამდენიმე წლის წინ, შუა ზამთარში, სოფელში ახლად ამოსული იების მთელი ჯგუფი შევნიშნე. თბილოდა იმ ზამთარს და გაზაფხული ეგონათ ალბათ. ვიცოდი, რომ მალე თოვლი იქნებოდა და იებიც ვერ გადარჩებოდნენ. არადა, იმ წელს თოვლი საერთოდ არ მოსულა, ის ზამთარი ყველაზე თბილი იყო მათ შორის, რაც მახსოვს.

…ახლაც ვზივარ აივანზე, ვაკვირდები თითქოს უდროოდ მოსულ ყვავილებს და მეშინია ზამთრის მოახლოების. იქნებ წელსაც არ იყოს თოვლი, მაგრამ ოდესღაც ხომ მოვა? მე კიდე მეშინია, რომ შევეჩვევი ამ ყვავილებს, გარემოს, ამ სამყაროს მთლიანად და მისი დამსხვრევა ტკივილს მომაყენებს. თან არამარტო მე…

მაგრამ მგონი მომწონს ეს სამყარო და სანამ შესაძლებელია მისი არსებობა, რატომაც არა? მარადიული ხომ არაფერია და ერთ დღეს ჩვენც აღარ ვიქნებით. ხოდა, სანამ ვართ და სანამ შეგვიძლია შევიგრძნოთ რაღაცეები, რატომ უნდა დავკარგოთ? ეს ყველაფერი ხვალ შეიძლება აღარ იყოს, მაგრამ ჩვენ ხომ დღეს ვცხოვრობთ? – ვუსვამ ამ კითხვებს საკუთარ თავს და დამაჯერებელ საწინააღმდეგო არგუმენტებს ვერ ვპოულობ.

ვბრუნდები ოთახში და კარს თითქმის ბოლომდე ვტოვებ ღიად. ვეხვევი ჩემს პლედში და ნელ-ნელა, მაგრამ მაინც შევიგრძნობ სითბოს. უკანა კარიდან ქარი კიდევ უბერავს, მაგრამ წინა კარი უფრო ფართოდაა ღია და სითბოც საგრძნობლად აღწევს.

>დაკვირვებიხარ?

>
დაკვირვებიხარ, როგორ შეუძლია ერთ წამს მთელი დღის განწყობა წყალს გაატანოს?

დაკვირვებიხარ, რომ შეიძლება “მოკვდე” ერთ წამში?

იმას თუ დაკვირვებიხარ, რომ შეიძლება თავიდან “დაიბადო” კიდეც ერთ წამში?

დაკვირვებიხარ, რა უცებ იძენენ გარკვეულ მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში თითქოსდა უმნიშვნელო ადამიანები?

იცი, რა უცებ შეგიძლია ატკინო ვინმეს გული? შორეულსაც კი? ისევე, როგორც მათ შეუძლიათ გატკინონ.

დაკვირვებიხარ, რამდენად საყვარელია ყველაფერი ძველი? ცუდიც კი, რა სასიამოვნოდ გაგონდება?

დაკვირვებიხარ, რომ ზოგიერთ მელოდიას დროის მანქანის ეფექტი აქვს?

დაკვირვებიხარ, რომ ვინც გიყვარს ის არასდროს გავიწყდება?

დაკვირვებიხარ, რას გრძნობ, როცა საყვარელ ადამიანს ხედავ?

თვალებით გისაუბრია? ისე, რომ ხმის ამოღების სურვილი არ გაგჩენია?

საყვარელი ადამიანის ხელის გულის სითბო გიგრძვნია? ხელი უფრო მაგრად ჩაგიჭიდია ამის გამო?

წარმოგიდგენია ოდესმე ადამიანი, რომელიც არ იცი ვინაა, სადაა, მაგრამ თბილია და მაგრად გიკრავს გულში?

საყვარელი ადამიანის დანახვისას გული აგჩქარებია და ღიმილი ვერ შეგიკავებია?

ნაცნობი გამოსახულება გიძებნია ხალხში?

მოლოდნელად მოსული მესიჯის სიტკბო იცი როგორია? ის მოლოდინი იცი, შემდეგი მესიჯის მოსვლამდე რომ გაფორიაქებს?

ის სიხარული თუ იცი, როცა აცნობიერებ, რომ უკვე მოულოდნელად მოსული მესიჯის დაკიდება შეგიძლია.

დაკვირვებიხარ, რომ რამდენიმე მელოდია მხოლოდ შენია?

სარკეში საკუთარი გამოსახულებისთვის ღიმილი გიჩუქნია?

გარეთ გასულს ცაში აგიხედია და გაგიღიმია?

სასიამოვნო სილამაზე შეგხვედრია? რომ გიხარია მისი არსებობა ისეთი.

მოგნატრებია? ძლიერ თუ მოგნატრებია, ჩახუტებაზე რომ გიოცნებია…

მერე ეს ოცნება რეალური გამხდარა და გაგხარებია?

ღამით მარტოს გისეირნია?

გაზაფხულის სუნი შეგიგრძვნია?

დაკვირვებიხარ, რა ლამაზია ზღვა? ტალღების მოძრაობას დაკვირვებიხარ? ზღვის ხმა მოგისმენია? ტალღას გაყოლილი ქვიშის ხმა იცი როგორია?

რა ბედნიერი ხარ რომ იცოდე 🙂

P.S. ეს სიმღერა ისე, რაღაცნაირი ღრმა გრძნობებისთვის 🙂

>ერთი საათი ბავშვობაში

>
სიხარულით მიმიღო, გამიღიმა და ბავშვობის კარიც გამიღო.

არ უსაყვედურია ამდენ ხანს რომ არ მივედი. მასზე უკეთესი არავინ იყო, მარა მაინც სხვაგან რომ დავდიოდი და არა მასთან.

გაზაფხული დამახვედრა, კარებთანვე. ერთი მერცხალი თუ ვერა, ერთი აყვავებული და ძალიან ლამაზი ხე მოიყვანს გაზაფხულს, კი.

შევაბიჯე ბავშვობაში.

ოლღა ბებია შემეგება ხაზარულას ვაშლებით, არამარტო ზურიკელას, ჩემი ბებიაც და ყველას ბებია რომაა.

ზურიკელაც იქ იყო, ილიკოც და ილარიონიც. მურადაც.

ხატიას ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნოდი. თვითონ ალბათ მხედავდა. არა, მზე არ ვარ, მარა მაინც.

სოსოიაც იქ იყო და მისი რუსიც, ბეჟანაც გაცოცხლებულიყო და მხიარულად ცხოვრობდა.

აქ იყო ბავშვობა, მეგობრობა მათთან, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება.

ცხოვრება, რომლითაც ისინი ცხოვრობდნენ ჩვენც მათთან ერთად. და ბედნიერება, მიუხედავად სირთულეებისა.

პირველად დაფიქრება ცხოვრების ნამდვილ სირთულეზე და თეიმურაზ ჭიჭინაძე. ქურთი მეეზოვე, აკაცია და დედა. ცხოვრებისეული სირთულეები, რომელიც პირველად ჩანს ასე ახლოს და ასე აშკარად.

მეც დავრბოდი მათთან ერთად მინდორზე, ხელიხელჩაკიდებული და სისულელეებზე ვლაპარაკობდი.

აქ, ქალაქს თითქოს მოწყვეტილი სხვა სამყარო, სადაც დრო ბრუნდება.

ყველაფერი ძველებურია, სეირნობა ალბათ არასდროს ყოფილა ასეთი გემრიელი.

საქანალებიც, ზუსტად ისეთი, ბავშვობაში რომ იყო.

დავჯექი. კვლავ ამიფართხალდა გული, ისე, როგორც ბავშვობაში.

სასაცილო რამეა მოგონებები, წამში შეუძლია ერთი სამყაროდან მეორეში გადაგისროლოს. იქ, სადაც პირველად შეხვდი ზურიკელას და მერის, ოლღა ბებიას, ილიკო ბრუციანს და ილარიონა შევარდნაძეს, მურადას… ხატიას და სოსოიას, ბეჟანას და დათიკოს… კუკარაჩას და მურტალოს, ინგას, 7 ტყვია რომ ესროლა მურტალოს და შვიდივე ააცილა… აკაკი-კაკო-კაკი… შოშია, ლიმონა, ნუნუ ექიმი და “ტანო, ტატანო…” ჯაყო, დადუნა… და “ჰელადოს”:
“- იანგული ლაწირაკი!.
– ჯემალ სკრიპკა.
– გოგოების მაჩალკა…”

ბავშვის ხმამ დამაბრუნა…

“- мама, мама!.. я хочу такие же!.
– что? что такие же?
– сережки, как у неё.
– ои, простите пожалуйсто. она недавно проколола уши и…
– хочешь, подарю.
– ???
– только, они серебряные. можна еи?
– нельзя, недавно проколола и только золото.”

დავბრუნდი…

დავბრუნდი და ამ ყველაფერთან ერთად მოუვლელი და მოუწესრიგებელი რაღაცეებიც შევნიშნე. გულში რაღაც ჩამწყდა.

მე დღეს პირველად ვნახე “მზიური” (კი, მრცხვენია. მაპატიებს ალბათ ზურიკელა.), მინდა ყოველ დღე ვიარო და მივიღო ის სიამოვნება, რაც დღეს. საწყენია, ასე მოუვლელი რომაა და ჭორები გავიგე, გაყიდულია და რაღაცის იგეგმება მის ადგილასო. ზუსტად არ ვიცი, ვერც დავიჩემებ. მარა გთხოვთ, ნუ წაგვართმევთ ბავშვობაში მოგზაურობის შანსს და საყვარელ გმირებთან “შეხვედრის” შესაძლებლობას. თუ არ იგეგმება რამე ისეთი, მოვუაროთ მაინც, მე დავასუფთავებ, ჩემი ხელით, ოღონდ არ “გავათანამედროვოთ”რა. იყოს ისეთი, ძველი და ბავშვობის დროინდელი, ოღონდ მოვლილი…

>რაცხა უცნაურობა :-D :-D

>
ისეთი ამინდია, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა და მაკიაჟის გაკეთება რომ მოგინდება.

მარა არსად ვარ წასასვლელი, კვირაა და მიხარიასავით.

აივანზე ვზივარ, მზე აჭყიტებს და განწყობაც არაა ურიგო…

ვკითხულობ… წინ პატარა ბაღია, სადაც იები და სასუტელები მოჰყავს ჩემს მასპინძელს… ულამაზესია, ყოჩივარდები აკლია მხოლოდ…

ვხედავ, ყოჩივარდებიც გამოჩნდა, ციცაბო კლდეა, ულამაზესია იქაურობა. გაზაფხულის სუნია, ისეთი გემრიელი, რომ რავიცი… ორი გოგო გამოჩნდა, სულ პატარები. ძვრებიან იმ ციცაბო კლდეზე და ყოჩივარდებს აგროვებენ, რატომ? – თვითონაც არ იციან. თან თითოეულ ყვავილს ყნოსავენ, თვალებს ნაბავენ სიამოვნებისგან. მერე სახლში მიიტანენ უშველებელ თაიგულს და ლარნაკში ჩადებენ.

საღამოა უკვე, ეზოში ერთი ტყემლის ხე დგას, ისე გადაპენტილა ყვავილებით, ისე, რომ, ჩაეხუტო მოგინდება. საღამოს მზეს, გაზაფხულისას, ეფიცხებიან ადამიანები, სასიამოვნო დღეა…

დავბრუნდი…

წიგნი… წიგნი…

კაი ხანია არ წამიკითხია. ჩემთვის არ წამიკითხია, თორემ ისე კი…

მზე ისე საყვარლად აჭყიტებს, რაღაცა რომ გიხარია და ვერ ხვდები კონკრეტულად რა, ის მომენტია. თან “შუშანიკის შვილების” კითხვა დავიწყე და იქაა ერთი კაი მომენტი – შუშანიკის შვილი გვერდით რომ ჩაგივლის, ვერ ხედავ, მარა რაღაცა რომ გიხარია და არ იცი რა, ე.ი. შუშანიკის შვილმა ჩაგიარაო – დაახლოებით ასეა.

მე რა მიხარია? არ ვიცი… შუშანიკის შვილი მიზის ალბათ გვერდით, უბრალოდ კი არ ჩამიარა…

გაზაფხულია, დილა, მივდივარ უნივერსიტეტში, ბათუმის…

იქ, ახლოს, პარკთან, ლამაზი ყვავილების ბუჩქია, სახელი რომ ვერა და ვერ გავიგე. იასამნისფერი ყვავილი აქვს და ფოთლები სულ არ ჩანს, იასამისფრ ბუჩქს ვხედავ ყოველ დღე. ყოველ დღე ერთ-ერთ ბუჩქს ერთი ყვავილი აკლდება და ჩემს თმაზე ინაცვლებს, რიტუალია უკვე. ასეთ ფორმაში უნივერსიტეტში შესული, გიჟი ვგონივარ ალბათ ბევრს, მარა ეს არაფერი.

უნივერსიტეტიდან ერთად გამოვალთ, ხელიხელჩაკიდებულები და პლაჟს გავყვებით ბოლომდე. მზე თვალებში გვაჭყიტებს და თვალებმოჭუტულები დავსეირნობთ. მერე რას ვიზამთ? – არ ვიცი. საღამომდე რომ ერთად ვიქნებით ვიცი.

… შუშანიკის შვილებო, სად ხართ?

წახვედით?

კაი…

უემოციოდ…


უკვე მერამდენე დღეა თბილისში ვარ, უფრო სწორად ბათუმში აღარ ვარ… რამდენი დღეა არ ვიცი, მეზარება ახლა დათვლა, ერთი კვირა არ გასულა ჯერ…
უემოციო ყველდღიურობაა… ლექციები დღის მეორე ნახევარში მეწყება და მხოლოდ 2 საათს გრძელდება, ამიტომ მთელი დღე ან ვკითხლობ, ან ინტერნეტთან ვარ… რამდენიმე საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე და დავაკვდი კითხვას 🙂

ხო, დღეს დედის დღეა, დედაჩემს აქედან მივულოცე…

დილით მზის სხივმა გამაღვიძა, მიყვარს ასეთი დღეები…

ფინიკი, გაზაფხულიც ჩამოვიტანე თბილისში, აჰა!.. 🙂

გარეთ ყვავილების მოვაჭრეები “დაბანაკებულან”, მთელი დღეა ვუთვალთვალებ… ის ერთი თურმე სულ აქ დგას, მეორე გადმოვიდა სხვა ქუჩიდან და 10-15 მეტრის დაშორებით გამაგრდა… ჯერ ორი გოგო მივიდა წესით მეორე და უკვე პირველ მეყვავილესთან, ვერაფერი შეარჩიეს და აწ უკვე მეორესთან გადავიდნენ…
არასოდეს მიჩუქნია დედისთვის ყვავილები, მით უმეტეს ქუჩაში ნაყიდი. არა, უფრო სწორად ერთხელ ვაჩუქე, მისალოცი ბარათი გავაკეთე ჩემივე ხელით და იებიც დავუკრიფე, სოფელში ვიყავით, სულ პატარები…
სულ ვფიქრობდი, რისი ჩუქება გაუხარდება ყველზე მეტად? პატარა სუვენირის მიღებისასაც კი ბავშვივით უციმციმებს თვალები… მერე მივხვდი, რომ შვილის ნაჩუქარი ყველაფერი გაუხარდებათ… არ არის ეს უბრალო სენტიმენტალური ფრაზები. რამდენჯერ წარმომიდგენია, როგორ ჩნდება ჩემს სხეულში ცოცხალი არსება, იზრდება, ცოცხლობს… ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?! ვერასდროს გავუგებ იმ ადამიანებს, ვინც უკვე დაბადებულ თუ ჯერ კიდეც ჩანასახს სასიკვდილოდ იმეტებს. ეს ხომ შენია, შენში არსებობს რაღაც, მარტო წარმოდგენისას მაჟრიალებს…

არადა, ამ პოსტის დაწყებისას ნამდვილად არ ვფიქრობდი დედის დღეზე დაწერას, პრინციპში, არცაა მთლად “დედის დღე პოსტი”…

იმის თქმა ინდოდა, რომ მომენატრა ბლოგი, კაი ხანია არ დამიწერია ახალი პოსტი, რატომღაც არ მეწერინება, სხვა რაღაცეებით მაქვს თავი გამოტენილი. ახლა მხოლოდ ინფომაციის მიღებაზე ვფიქრობ და არა გაცემაზე…

აქ საინტერესოა, ოღონდ ჯერ უემოციოდ საინტერესო…
თბილისში ყოველთვის მისი სიდიდე მომწონდა, ნუ, ბათუმთან შედარებით…
დავხეტიალობ მარტო, არავინ მიცნობს, არავის ვიცნობ…
რამდენიმე უბანი ვიცოდი, რამდენიმეს ახლა ვსწავლობ და ვეგუები “ახალ ცხოვრებას”, რომლიც ჯერ არ დაწყებულ ფაქტიურად…

>”გაზაფხულის საღამოა მშვიდი”…

>
”გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. სული საზღვარს გადასცილდა ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი”…

გარეთ ნოსტალგიური გაზაფხულია… დიახ, ნოსტალგიური, არ ვიცი რატომ ოღონდ…

ამ საკითხებში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ გაზაფხულზე მგონი მზე განსხვავებულად ანათებს… გარეთ მშვენიერი ამინდია თითქოს, თითქოს ზაფხულს ჰგავს, არადა გაზაფხულია, აშკარად ხედავ რომ გაზაფხულია…

ახლა სოფელში აქა-იქ დარჩენილი თოვლის ქვემოდან იები და ყოჩივარდები წამოყოფდნენ თავს, ტყემალიც აყვავდებოდა და სურნელი… ყვავილების სურნელი იქნება მთელს გზაზე…

”გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.”…

ბარგი ჩალაგებულია, წასვლამდე ორი დღეც არ დარჩა…

მარტო ვიყავი გუშინ სახლში… გადავწყვიტე დრო მომეგო და ჩანთების რაღაც ნაწილი ჩამელაგებინა…

იმ დებილ რუსულ არხზეც უფრო დებილი სევდიანი მელოდიები რაღა ჯანდაბად გადიოდა…

არადა, სახლის მოყვარული და მშობლების კალთას ჩამოკიდებული არასდროს ვყოფილვარ…

ახლა რა მეტაკა…

რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს, რომ არ მინდა ვთქვა ისეთი…
თითქოს სამუდამოდ მივდივარ…

სასაცილოა… სასაცილო ვარ მე!.. თითქოს სადღაც შორს, ქვეყნის დასალიერში მივდიოდე…

არ მინდა წასვლა!..

არ ვიცი რატომ… ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი აქ მაქვს, საყვარელი ადამიანები, მეგობრები, ნორმალური სამსახურიც…

მაძალებდა ვინმე? ამოვიჩემე მაგისტრატურა… მარა მჭირდება აშკარად…

წასვლა მინდა, კი, მინდა…

მაგრამ აქაც მინდა…

არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა…

ვიცი, რომ ახლა ვაზვიადებ… კიარადა, არ ვაზვიადებ, წასვლა მიჭირს ნამდვილად, ძალიან თან… მაგრამ ისიც ვიცი, რომ იქაურობასაც მალე შევეჩვევი, ისე, რომ შეიძლება დაბრუნება არ მომინდეს… მარა წასვლა ჭირს…

”გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.” …

გარეთ ისევ ნოსტალგიური გაზაფხულია…

არადა, როგორ მიყვარდა ადრე ჩანთების ჩალაგება…

საყვარელი სამოსი და სამკაულებიც კი ჩალაგებულია… სამკაულები თუ ქვია ორ ცალ საყურეს 🙂 არადა, ვიცი, რომ არ გავიკეთებ… სულ რგოლის ბეჭედს ვატარებ, ვერცხლს ოღონდ, სამივეს გვაქვს ასეთი… კიდევ სამაჯურის მაგვარ რაღაცეებს, უამრავი ძაფისგან აწყობილს…

ის მედალიონი როგორ დავკარგე, სახელებიანი, სამცალსახელიანი… უნდა გამეკეთებინა ახალი… გამომრჩა, დამავიწყდა თუ რავიცი… ჯანდაბა!..

საყურე რაღად მინდოდა ნეტა… მაგრამ მიყვარს ის საყურეები… ერთი ცდილობს გვირილას დაემსგავსოს და მეორე ობობაა, საყვარლები ორივე…
საერთოდაც მიყვარს საყურეები, იშვიათად ვატარებ ოღონდ…

ან ეს ტერენტი რაღას ამოვიჩემე…
”გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.” …

დედაჩემმა რომ ნაახოს რამდენ სისულელეს მივათრევ, ჯერ გაუკვირდება, მერე ალბათ ჩანთიანად მოისვრის და თან ისე, რომ კიდე მე შემრცხვება…
მაგრამ არაა ისინი სისულელე… სამახსოვრო საყვარლობებია…

გარეთ კიდევ ნოსტალგიური გაზაფხულია… მე კიდევ მივედ-მევედები სისულელეებს…

მომენატრება ყველა და ყველაფერი…

პატარა ჩიხები, ლამპიონები – საყვარლები, ბათუმის წვიმა და ზღვა!.. რა თქმა უნდა ზღვა… უნდა გავიდე წასვლამდე ცოტა ხნით…

მაინც რა მეტაკა, ჰა?!

კი, ნოსტალგიური გაზაფხულია გარეთ…

”გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.” …

%d bloggers like this: