Blog Archives

. . .

Image

ბლოგმა მითხრა მომხედეო. მე ვუთხარი კაი მეთქი…

ხოდა უნდა მივხედო.

ჯერ მოვუყვები რაღაცებს, ჩუმად…

ვეტყვი, რომ სულაც არ დამვიწყებია და მასთან ურთიერთობა ისევ ისე მომწონს, როგორც ადრე. თავს გავიმართლებ იმით, რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს ბოლო დროს და ვეღარ ვიცლი მისთვის.

მერე ვეტყვი, რომ კარგად ვარ, რომ მიყვარს… ბლოგი კი არა… კიარადა, ბლოგიც 🙂

ვეტყვი რომ გულწრფელად წერა მომენატრა და მინდა დავწერო რამე.

იმასაც ვეტყვი, რომ ტყუილია, როცა ამბობენ მხოლოდ მაშინ შეუძლია ადამიანს წერა, როცა ცუდადააო. მე კარგად ვარ და შემიძლია წერა, თუ ჯღაბნა, რაცაა მოკლედ… მერე რა, რომ ბოლო დროს ვერ ვიცლი, როცა მოვიცლი ავანაზღაურებ 😉

გაზაფხულია, ფერადი… წავალ ახლა და უნივერსიტეტისკენ წავსეირნდები.

ხო, რაღაც უცნაური მიზეზით ამ ბლოგს რომ კითხულობს ის ხალხიც მომენატრა.

იცი რა? მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ მაქვს უფლება არ ვიყო ბედნიერი. ხოდა აუცილებლად ვიქნები ბედნიერი, პატარა-პატარა და დიდი ბედნიერებებით. და მინდა ბეეევრი ადამიანი იყოს ასე.

პასუხი (ალბათ)

ალბათ ეს იქნება პირველი პოსტი ბლოგზე, რომელშიც მივმართავ მკითხველს და არ ვწერ მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

ბლოგი ერთ წელზე მეტია რაც გავაკეთე, თავიდან მინდოდა მეწერა საზოგადოებრივ პრობლემატურ თემატიკაზე, იმაზე, რაც მაწუხებს, იქნება ეს ადამიანის უფლებები, თავისუფლება, თუნდაც დემოკრატია და ა.შ. აქ იქნებოდა ჩემი აზრი კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებით.

სანამ ბლოგის სახელს მოვიფიქრებდი, საცდელი ვარიანტის გაკეთება ვცადე, ვინაიდან და რადგანაც, ბლოგის ბევრი არაფერი გამეგებოდა. ერთადერთი, რაც იმ წამს მომაფიქრდა, იყო “გვირილა”, რადგან ეს ყვავილი ძალიან მიყვარს. თან არ ვაპირებდი ბლოგი ვინმესთვის მეჩვენებინა და სახელის ამბავიც დიდად არ მადარდებდა.

შევარჩიე შესაბამისი თემა ბლოგსპოტზე, ვცადე რაღაც ვიჯეტების გამოყენება და  შედეგად საკმაოდ სიმპათიური ბლოგი გამოვიდა. დასაწყისისთვის მშვენიერი იყო.

და როცა ერთ დღეს პოსტის ფანჯარა გავხსენი, მომინდა რამე დამეწერა. ავდექი და დავწერე პირველი სისულელე. პირველს მეორე მოჰყვა, მესამე და ა.შ. თუმცა, ბლოგის თავდაპირველი იდეა ისევ ძალაში რჩებოდა.

მერე… მერე მოხდა ისე, რომ არც ისე მარტივი პერიოდი იყო (თუმცა არც ისე რთული) და უფრო ხშირად მიჩნდებოდა წერის სურვილი. ხოდა, მეც ვწერდი. მერე მივხვდი, რომ მომწონდა ასე და მივყევი “დინებას”. საზოგადოებრივ პრობლემატიკაზე წერა ამ ბლოგზე არ გამოდიოდა, თუნდაც სახელის გამო და ახალი ბლოგის გაკეთება შემეზარა რატომღაც. თან რას მივხვდი იცი? დროის უმეტეს ნაწილს სწორედ სამსახურს და ამ საზოგადოებრივ რაღაცეებზე ფიქრს და მსჯელობას ვუთმობდი, პირადი კი… მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ასე უკეთესად ვარ და ამიტომაც გავაგრძელე მორიგი სისულელეებუს წერა.

ბლოგს არასდროს არ ვუყურებდი მარკეტინგულად. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიცი, როგორ შეიძლება გავხადო პლოგი პოპულარული. უბრალოდ, არ მჭირდება პოპულარობა, სხვა საქმეც ბევრი მაქვს. ვწერ იმიტომ, რომ ასე კარგად ვარ, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. რვეულში რატომ არ წერო… ყველაზე სულელური კითხვაა რაც კი დაუსვამთ ბლოგთან დაკავშირებით. იმიტომ არ ვწერ, რომ ბლოგი და დღიური განსხვავდება. თუ მაქვს რაღაც პროტესტი, აქ ერთი მკითხველიც რომ არ შემოვიდეს, მაინც მექნება შეგრძნება, რომ ხმამაღლა ვთქვი სათქმელი. არავინ ამბობს, რომ ბევრი მკითხველი ცუდია, სხვა საქმეა, როგორ მოდის ის მკითხველი. ჩემთან რომ ერთი ადამიანი შემოვა და დააკომენტარებს გულწრფელად, ეს მირჩევნია მე სკანდალურ, პოპულარულ ბლოგს და მილიონ კომენტარს. შესაბამისად, არც არასდროს დავწერ პოსტს იმისთვის, რომ მკითხველი მოვიზიდო, სათაურში არ გამოვიყენებ გაყიდვად სიტყვებს და ა.შ.

რაც შეეხება ანონიმურობას, უკვე დავიღალე ამის ახსნით. პრინციპში, არც არავის საქმეა ეს ჩემს გარდა და  არავის უნდა ვუხსნიდე, მაგრამ რახან გადავწყვიტე, რომ ეს პოსტი იქნება მკითხველისთვის, ვითვალისწინებ იმასაც, რომ რამდენიმე მათგანს (არსებობის შემეთხვევაში) ალბათ აინტერესებს რატომ ვარ ანონიმური. ხოდა, სწორედ მათთვის დავასახელებ ორ მიზეზს:

1. ჟურნალისტი ვარ და პროფესიული ეთიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, საჯაროდ საკუთარი აზრების ფრქვევისგან თავს ვიკავებ, რადგან ეს ახდენს გავლენას და დღეს მკითხველს თუ ეცოდინება მე რომელი პარტიის მომხრე ვარ ან ის, რომ ვთქვათ, არ მევასება ჰომოსექსუალები, მე ხვალ არც ერთი ჰომოსექსუალი არ ჩამეწერება. ვერც სხვა პარტიის წარმომადგენელი დაინახავს ჩემში ჟურნალისტს, რადგან ქვეცნობიერად თუ ისე, მე მისთვის ვიქნები მხარე. ანონიმურობა კი მაძლევს საშუალებას ვწერო თავისუფლად.

2. პირადი მოტივი – უბრალოდ არ მინდა ჩემი პირადი სხვისთვის ხელმისაწვდომი იყოს, მით უმეტეს პოსტის ადრესატისთვის. გასაგებია, რომ აქ ბევრი ადამიანი კითხულობს ყველაფერს, მაგრამ ისინი ხომ ვერ მიხვდებიან კონკრეტულად რაზე ან ვისზე ვწერ.

კიდევ ბევრი მიზეზის მოყვანა შეიძლება და ამაზე ვრცლად საუბარი. მაგრამ არ ღირს… ერთია, ანონიმურობა ჩემთვის მნიშვნელოვანია და მხოლოდ ჩემი საქმეა გავამხელ თუ არა ვინაობას. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოსტებში ვიტყუები. ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში ბევრი ნიღაბის მორგება გვიხდება, თუნდაც იმიტომ, რომ სხვა ადამიანებმა კარგად იგრძნონ თავი. მიუხედვად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობ არ ვითამაშო რეალურ ცხოვრებაში, ხშირად ხდება ისე, რომ ყველაფერს ვერ იტყვი. ხოდა, ბლოგზე ვარ ზუსტად ის, რაც ვარ რეალურად, უნიღბოდ.

არ მიყვარს სტერეოტიპები. არადა, ანონიმი ბლოგერი თუ ხარ, ე.ი – იტყუები, უშნო ხარ, გარეგნობა გაკომპლექსებს, რაღაცის ან ვიღაცის გეშინია… ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. მე კიდე არც ერთი მათგანი არ მეხება. ანონიმი ვარ იმიტომ, რომ ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.

და ბოლოს, ალბათ ამ პოსტს ვინც წაიკითხავს, უმრავლესობამ იცის, რომ ფეისბუქზე მაქვს ბლოგის პროფაილი,  სადაც საკმაოდ ვაქტიურობ და ვმეგობრობ ანონიმ თუ არაანონიმ ბლოგერებთან. თუმცა, მათი უმრავლესობა მე არ დამიმატებია და თუ ვინმეს აწუხებს ის ფაქტი, რომ ჩემს გვერდზე რეალურ ფოტოს ვერ ხედავს, მარტივად შეუძლია ამომშალოს მეგობრებიდან. ეს ფრაზა არ ეკუთვნის ერთ ადრესატს, ვამბობ ყველას გასაგონად.

არ მჭირდება პოპულარული ბლოგი და ბევრი მკითხველი, რომელიც მიმზიდველი სათაურის გამო შემოვა ჩემთან, ერთიც მეყოფა, ერთგვარი სტიმულისთვის. არ ვიბრძვი კომენტარების და პოპულარობისთვის, არ მაინტერესებს და რა ვქნა. თუ ამ ბლოგს ჰყავს მკითხველი, იმან იცის, რომ მისთვის არ ვწერ. ვწერ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და თუ ვინმეს მოსწონს, ცხადია მიხარია.

თუ შენც იმ მკითხველის კატეგორიას მიეკუთვნები, რომლისთვისაც აუცილებელია სახელის და გვარის ცოდნა, რომელიც ელოდება, რომ პოსტს დავწერ იმიტომ, რომ მას ვასიამოვნო, რომელსაც ჰგონია, რომ თუ თბილად ველაპარაკები ფეისბუქზე ვიტყუები და ასე მკითხველს ვიზიდავ… – შენ ცდები!

შენ კი, ვინც აქ ერთხელ მაინც შემოხვედი იმიტომ, რომ უბრალოდ დაგაინტერესა, დატოვე კომენტარი იმიტომ, რომ გინდოდა და მართლაც მოგეწონა ის, რაც დადებითად შეფასე, თუ არ გიქმნის პრობლემას ჩემთან მეგობრობა ისე, რომ ვიზუალურად როგორი ვარ არ იცოდე, თუ ერთხელ მაინც მოგიყვანა ჩემმა პოსტმა განწყობაზე ან დაგაფიქრა რამეზე… – მინდა გითხრა, რომ მიყვარხარ! ხო, ასეა, არ ვთამაშობ, შენ ხომ არ მიცნობ და  არც მე ვიცი კონკრეტულად ვინ ხარ, რომ გეთამაშო… და კიდევ ერთი, მინდა იცოდე, რომ არასდროს მომიტყუებიხარ…

მიყვარს ყველა, ვინც ლინკის დაშეარების გარეშეც შემოდის ჩემთან, კითხულობს ჩემს სისულელეებს ჩუმად  ან კვალის დატოვებით. დიახ, ეს სასიამოვნოა. სწორედ ამიტომ, არ მჭირდება ტყუილი და მკითხველის მოზიდვა, ჩემთვის ის რამდენიმე ადამიანიც საკმარისია.

შენი საქმეა დამეთანხმები თუ არა, მაგრამ მე ხომ მაქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, როგორც შენ და სხვებს.

იქნებ ამ პოსტით რამდენიმე ადამიანი გავანაწყენო კიდეც, მაგრამ ხომ ვთქვი, მკითხველი არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი და თუ ამის მერე რამდენიმეს დავკარგავ, უვი, ასე ყოფილა საჭირო.

ვიცი, რომ კიდევ ბევრი რამ დამრჩა სათქმელი, მაგრამ… მოკლედ, თუ რამე, აქვეა კომენტარის ფუნქციაც 😉

და ბოლოს, ერთი კითხვარი, რომელიც მომცემს საშუალებას გავიგო რაღაც-რაღაცეები… Read the rest of this entry

ერთი წელი

ზუსტად ერთი წლის წინ, დაახლოებით დღის ამავე მონაკვეთში, სამსახურში ვიჯექი და რამდენიმე დღის წინანდელი ბანკეტის ამბები მიტრიალებდა თავში. გასახსენებელი კი არც ისე ბევრი იყო და ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჯგუფელებს მეორე დღის აღსანიშნავად “ჩანჩქერზე” წასვლა გადაეწყვიტათ. დიდხანს რომ არ გამიგრძელდეს, ვიტყვი, რომ დღე საკმაოდ დატვირთული გამოდგა და ამის მიზეზი მხოლოდ “ჩანჩქერი” არ ყოფილა. ხოდა, სწორედ ამაზე ვწერდი 2010 წლის 26 ივლისს, ბლოგის პირველ პოსტში.

ამ პირველი, მართლაც რომ სულელური პოსტით დავიწყე ე.წ. “ბლოგინგი” და ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო “სამყარო” აღმოვაჩინე.  გარდა იმისა, რომ რამდენიმე მეგობარი შევიძინე, ძველი პოსტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წერაც სკმაოდ დავხვეწე.

ფაქტია, რომ ამ დროში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ყველაფერს ბლოგს ვერ “დავაბრალებ”. “გვირილა” ჩემთვის არასდროს  ყოფილა სერიოზული საქმე და როგორც ერთი წლის წინ, დღესაც ვფიქრობ, რომ ბლოგი უპირველესად არის ჩემი და შემდეგ მკითხველის. შესაბამისად, ვწერ ჯერ საკუთარი თავისთვის და შემდეგ მკითხველისთვის. ვაღიარებ, რომ ხშირად ისეთ დროს დამხმარებია “გვირილა”, ვერაფრით რომ წარმოვიდგენდი. უბრალოდ ვწერდი და ვთავისუფლდებოდი რაღაცისგან. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ვწერ საკუთარი თავისთვის. თუმცა, მხატვრულ წერაზე აქცენტი არასადროს გამიკეთებია, ვწერ ისე, როგორც ვგრძნობ და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მიხარია თითოეული ახალი მკითხველი და მათი შეფასება, თუნდაც კრიტიკული. მაგრამ ვცდილობ ეს არასდროს გახდეს მკითხველის აზრზე ფიქრის საფუძველი, რადგან, როგორც კი ამაზე ვფიქრობ, საშინლად ვიკეტები და ვიზღუდები. ამიტომაც, ვცდილობ არ ვიფიქრო მკითხველზე და ვწერო ისე, როგორც მე მინდა.

გარდა იმისა, რომ ბლოგს “ვეუბნებოდი” იმას, რაზეც ზოგადად არ ვსაუბრობ, რამდენიმე თვის წინ სწორედ ის დამეხმარა გადამელახა არც ისე მარტივი პერიოდი, როცა სრულიად უცხო გარემოში, სრულიად მარტო აღმოვჩნდი. აქ ვამბობდი იმას და ისე, როგორც ვფიქრობდი. აქვე ვნახე რამდენიმე ბლოგი, რომელთა ავტორებთან ურთიერთობას ჰქვია ვირტუალური, მაგრამ უფრო მეტია. აქსიომა, შიო, თეა, ფინიკი, heart1ess, სანდრო, ნინიკო, მაცო, ჯესი, ნიკა და სხვები დღეს ჩემთვის სწორედ ასეთი მეგობრები არიან  და მათთვის მე დავთმე (ზოგ შემთხვევაში ჩემდაუნებურად :-)) ყველაზე ძვირფასი, რაც ბლოგზე მქონდა – საკუთარი ანონიმურობა. თუმცა, რამდენიმე მათგანიც ანონიმი იყო და საკუთარი თავის “გამჟღავნებით” ქვეცნობიერად მიბიძგეს ამისკენ. სხვა რამდენიმე ბლოგის ავტორთან ურთიერთობაშიც გავცდებოდი ალბათ ვირტუალურ სამყაროს, თუმცა თანაბარ პირობებში და ეს სწორედ მათი მხრიდან ანონიმურობის დათმობას გულისხმობს.

ხო, რაც შეეხება ანონიმურობას – ამაზე იმდენად ხშირად მეკითხებიან, მგონია გასაგებად ვერ ვხსნი. ანონიმურობის მიზეზი ორია: 1. ვარ ჟურნალისტი და პროფესიული ეთიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც,. საჯაროდ საკუთარი აზრების ფრქვევისგან თავს ვიკავებ. ანონიმურობა კი ამის საშუალებას მაძლევს. 2. პირადი მოტივი – უბრალოდ არ მინდა ჩემი პირადი სხვისთვის ხელმისაწვდომი იყოს, მით უმეტეს პოსტის ადრესატისთვის.

ხო, კიდევ რა მინდოდა მეთქვა… ის, რომ ბლოგმა ბოლო პერიოდში საკმაო მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის, თუმცა მე, როგორც ერთი წლის წინ, არც ახლა ვარ “ბლოგერი” და არ მივეკუთვნები “ქართველი ბლოგერების” ლამისაა კასტას 🙂 ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათთან არ ვმეგობრობ. რამდენიმე ბლოგის ავტორმა დამარწმუნა, რომ სრულიად უცნობი ადამიანი შეიძლება იყოს შენს მიმართ არანაკლებ ყურადღებიანი, ვიდრე რეალური მეგობრები. ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო ვანის ნახატები, აქსიომას პოსტი (და კიდევ უამრავი საყვარელი საჩუქარი, რომლებსაც არ ჩამოვთვლი), გიგოლის ფოტო-კოლაჟი, ნიკსოლოგის ყავა და შოკოლადი კომენტარებში, გრიოს ღია წერილი… გამაოცა მაცოს სურვილებმა და ნინიკოს წერილმა…

მოკლედ, მიხარია, რომ ერთი წლის წინ ნერვი მომიშალეს, მივვარდი ბლოგსპოტს (მერე გადმოვვორდპრესდი) და “გვირილა” დავარეგისტრირე.

ხოდა, ერთი წლისაა უკვე ჩემი ბლოგი და რავიცი, მომილოცეთ ახლა თუ გინდათ 😀

ერთი ცალი მკითხველი ♥

დაახლოებით ერთი თვის წინ facebook-ის PM-ში წერილი მივიღე ერთი გოგონასგან, რომელიც მწერდა, რომ ჩემი ბლოგის მკითხველი იყო და მოსწონდა ჩემი პოსტები – “სულ ვკითხულობ ხოლმე და დაკომენტარებას რაღაცნაირად ვერიდები, როცა რაღაც ძალიან მომწონს, მინდა კომენტარიც კარგი იყოს :))))”.

ვერ აღვწერ როგორ გამახარა ამ წერილმა. სასიამოვნო იყო ისიც, რომ პირადი ფოტოების ნახვას არ ითხოვდა, რა მნიშვნელობა აქვსო. მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს? მე ზოგიერთი ბლოგერი უკვე იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე უბრალო ინტერნეტ ნაცნობი და მგონია ვიცნობ კიდეც მათ.

ხოდა, რას ვამბობდი. მახსოვს ამ წერილისგან გამოწვეული სიხარული. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი ნაბჟუტურები ვიღაცას მოსწონდა, თან ისე, რომ მოეწერა კიდეც ამის შესახებ. უბრალოდ წერით საკუთარ ჭიას ვახარებდი, ესაა და ეს.

იმ დღის მერე თითქმის ყოველ დღე ვსაუბრობთ, ვკითხულობ მის პოსტებს და ვხვდები, რომ რაღაცნაირად ჩემნაირია. გრძნობები, ემოციები…

ამასწინათ კიდევ ერთი წერილი მივიღე მისგან, რომელმაც პირველზე მეტად გამაოცა. და როგორ შეიძლება არ დავთანხმდე? წარმოუდგენელია.

ხოდა, უკვე 12-ს გადაცდა საათი და მისი დაბადების დღე თენდება. მინდა ვუსურვო… არ ვიცი რა მინდა ვუსურვო, უბრალოდ ყველაფერი საუკეთესო მინდა ჰქონდეს.

რას გისურვებ იცი? შენმა პირველმა წერილმა რა ემოციაც გამოიწვია ჩემში, ისეთები გქონდეს უამრავი და მეორე წერილის მიერ გამოწვეული ემოციები კიდევ უფრო ბევრი.

ერთგულ მეგობრებს გისურვებ, ისეთივე თბილებს და საყვარლებს, როგორიც შენ ხარ.

გისურვებ დაფიქრების გარეშე დადებითად გეპასუხოს კითხვაზე – ხარ თუ არა ბედნიერი.

მიზნების და ოცნებების რეალიზება ხომ თავისთავად 😉

და კიდე იმას გისურვებ, რაც მე გამომრჩა, მარა შენ უსურვებდი საკუთარ თავს.

კაი ადამიანი ხარ და ბლოგერულად კიარა, ადამიანურად მიყვარხარ. ეს პოსტი გეძღვნება შენ და სხვა დანარჩენიც თავისთავად, რადგან ვიცი, რომ ჩემს ყოველ პოსტს ერთი მკითხველი მაინც ეყოლება. ძალიან კაი შეგრძნებაა ეს :-*

მინდოდა გამეხარებინე და იმედია ამ პოსტით ეს ცოტათი მაინც შევძელი, დანარჩენი ხვალ 😉

ხო, თუ არ გინდა, სულ არაა აუცილებელი დააკომენტარო და თქვა ვინ ხარ სინამდვილეში, მთავარია მიხვდე შენ გწერ და არა სხვას :-*

P.S. ხატვა რომ არ შემიძლია ამას ვაღიარებ, მარა არ მინდოდა ინტერნეტის ფოტოები დამედო მარტო, ხოდა ძალიან ვეცადე და რაცხა გამომივიდა მგონი 😀 არ დამცინოს არავინ!!! 😀

უემოციოდ…


უკვე მერამდენე დღეა თბილისში ვარ, უფრო სწორად ბათუმში აღარ ვარ… რამდენი დღეა არ ვიცი, მეზარება ახლა დათვლა, ერთი კვირა არ გასულა ჯერ…
უემოციო ყველდღიურობაა… ლექციები დღის მეორე ნახევარში მეწყება და მხოლოდ 2 საათს გრძელდება, ამიტომ მთელი დღე ან ვკითხლობ, ან ინტერნეტთან ვარ… რამდენიმე საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე და დავაკვდი კითხვას 🙂

ხო, დღეს დედის დღეა, დედაჩემს აქედან მივულოცე…

დილით მზის სხივმა გამაღვიძა, მიყვარს ასეთი დღეები…

ფინიკი, გაზაფხულიც ჩამოვიტანე თბილისში, აჰა!.. 🙂

გარეთ ყვავილების მოვაჭრეები “დაბანაკებულან”, მთელი დღეა ვუთვალთვალებ… ის ერთი თურმე სულ აქ დგას, მეორე გადმოვიდა სხვა ქუჩიდან და 10-15 მეტრის დაშორებით გამაგრდა… ჯერ ორი გოგო მივიდა წესით მეორე და უკვე პირველ მეყვავილესთან, ვერაფერი შეარჩიეს და აწ უკვე მეორესთან გადავიდნენ…
არასოდეს მიჩუქნია დედისთვის ყვავილები, მით უმეტეს ქუჩაში ნაყიდი. არა, უფრო სწორად ერთხელ ვაჩუქე, მისალოცი ბარათი გავაკეთე ჩემივე ხელით და იებიც დავუკრიფე, სოფელში ვიყავით, სულ პატარები…
სულ ვფიქრობდი, რისი ჩუქება გაუხარდება ყველზე მეტად? პატარა სუვენირის მიღებისასაც კი ბავშვივით უციმციმებს თვალები… მერე მივხვდი, რომ შვილის ნაჩუქარი ყველაფერი გაუხარდებათ… არ არის ეს უბრალო სენტიმენტალური ფრაზები. რამდენჯერ წარმომიდგენია, როგორ ჩნდება ჩემს სხეულში ცოცხალი არსება, იზრდება, ცოცხლობს… ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?! ვერასდროს გავუგებ იმ ადამიანებს, ვინც უკვე დაბადებულ თუ ჯერ კიდეც ჩანასახს სასიკვდილოდ იმეტებს. ეს ხომ შენია, შენში არსებობს რაღაც, მარტო წარმოდგენისას მაჟრიალებს…

არადა, ამ პოსტის დაწყებისას ნამდვილად არ ვფიქრობდი დედის დღეზე დაწერას, პრინციპში, არცაა მთლად “დედის დღე პოსტი”…

იმის თქმა ინდოდა, რომ მომენატრა ბლოგი, კაი ხანია არ დამიწერია ახალი პოსტი, რატომღაც არ მეწერინება, სხვა რაღაცეებით მაქვს თავი გამოტენილი. ახლა მხოლოდ ინფომაციის მიღებაზე ვფიქრობ და არა გაცემაზე…

აქ საინტერესოა, ოღონდ ჯერ უემოციოდ საინტერესო…
თბილისში ყოველთვის მისი სიდიდე მომწონდა, ნუ, ბათუმთან შედარებით…
დავხეტიალობ მარტო, არავინ მიცნობს, არავის ვიცნობ…
რამდენიმე უბანი ვიცოდი, რამდენიმეს ახლა ვსწავლობ და ვეგუები “ახალ ცხოვრებას”, რომლიც ჯერ არ დაწყებულ ფაქტიურად…

>”მე ვხედავ მზეს!”

>
მე რომ მზეს ვხედავ, ეს სოსოიამ უკვე იცის… მე დიდი ხნის წინ გავიგე, მანამდეც კი მქონდა ეჭვი, მარა მაშინ დავაზუსტე, სოსოიასთან ერთად…
მე ვხედავ მზეს!.. მერე რა, რომ ზოგჯერ ღრუბლებში იმალება, როგორც მაგალითად დრეს, უეცარი გაწვიმების შემდეგ… დიახაც, ვხედავ, მიუხედავად ყველაფრისა!..
ხოდა, სალოლას ბლოგზე შემთხვევით გავიგე თამაშის – ”მე ვხედავ მზეს” შესახებ. თამაშის იდეა თურმე Toma-ს ეკუთვნის და მდგომარეობს შემდგომში: ერთი თვის განმავლობაში ბლოგებზე უნდა ვწეროთ მხოლოდ კარგი ამბები., შევეცადოთ დავინახოთ პატარ-პატარა სასიამოვნო მომენტები ყოველდღიურ დაძაბულ ცხოვრებაში 😀 ხოდა რა დამაკავებდა აბა 🙂
გამომდინარე იქედან, რომ ბოლო დროს იმდენად დაკავებული ვარ, მხოლოდ მაშინ ვწერ რამეს, თუ გავბრაზდი, შესაბამისად, პოსტებიც ”გაბრაზებული” გამომდის… არადა, რა სასიამოვნოა წერო პოზიტიური პოსტი, იმაზე, ვინც გიყვარს და ვისაც უყვარხარ, ზოგადად ადამიანებზე და თუნდაც ცხოველებზე, ბუნებაზე და ბათუმზე…

ხო მართლა, მინდა ამ თამაშში მოვიწვიო ფინიკი და heart1ess ძალიან მინდა შემოგვიერთდეთ…

რაც შეეხება პირველ პოზიტიურ პოსტს, დღეს მთელი დღეა სიამოვნებით ვიხსენებ გუშინდელ საღამოს… მამაჩემს ძველი მეგობარი ეწვია, რომელიც მოსკოვის გარეუბანში ცხოვრობს და რამდენიმე დღით იყო ჩამოსული საქართველოში… მე რა თქმა უნდა გამოვამჟღავნე ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობა და კითხვები სხაპასხუპით მივაყარე 🙂 გვიყვებოდა რუსეთის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მგზავრობაზე (ისე, რომ მოგზაურობის სურვილმა ამაწიოკა), იმაზე, რომ საქართველო სულ სხვაგვარია… ბოლოს 11 წლის წინ იყო აქ და მისი შთაბეჭდილებები ცხადია, მნიშვნელოვანია… მერე ოჯახზეც გამოვკითხე… გარეუბანში დიდი სახლი აუშენებია, ცხოვრობს ბედნიერად, ოჯახთან ერთად… თურმე ქართულ კერძებს ამზადებენ ყოველ დღე, ამისთვის ბაღში მოიყვანა ლობიო, სხვადასხვა სახის მწვანილი, ტყემალიც დაურგავს და ბალიც… ტყემლის საწებელსაც ამზადებს მისი რუსი მეუღლე და ლობიოსაც… ვაზიც ჩაუყრია და რადგანაც იქ ძლიერი ყინვებია ზამთარში და შეიძლება დაზიანდეს, რთველის შემდეგ მიწაში მალავს თურმე მთელ ვაზს. ყოველ შემოდგომაზე აკეთებს ამას, იმისვის რომ ჰქონდეს ყურძენი, ისე როგორც საქართველოში. სამი წლის შვილიშვილი მყავსო და როგორც კი რთველი მოვა, პირველ მტევანს მას ვაჭმევო. დაბლარია და თავისი ხელით იღებს თურმე ბავშვი ”მოსავალს”… მხოლოდ ამის შემდეგ მიირთმევს მთელი ოჯახი ყურძენს… ვაზის რამდენიმე ჯიში აქვს თურმე და შვილივით უვლის…
როგორც კი ჩამოვიდა საქართველოში, სოფელში წავიდა თურმე, სადაც ბავშვობა გაატარა და ყველა ოჯახი მოინახულა. მერე შორს, ტყეში წასულა სასერნოდ, როგორც თვითონ თქვა, აქ ბავშვობისას ფეხშიშველა დარბოდა და სულ ვერ ხვდებოდა, სახლიდან ამხელა მანძილით თუ იყო დაშორებული… მერე ბავშვობა გაიხსენეს, რაც ჩემთვის ორმაგად საინტერესო იყო – სახალისო მოგონებბეი+მამაჩემის ისტორიები, რომლებზეც არც ისე ბევრს გვიყვება თვითონ 🙂

ვუსმენდი ამ კაცს და გული მებერებოდა რაღაცნაირად, სასიამოვნოდ… მომინდა ჩავხუტებოდი, იმიტომ კი არა, რომ ქართული ენა არ დავიწყებია, შვილებს ქართული სახელები დაარქვა და ქართულ კერძებს მიირთმევს… იმიტომ, რომ სიყვარული შეუძლია…

თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ ამ ყველაფერს რომ ყვებოდა, კინაღამ ამეტირა. მთელი დღეა ვფიქრობ მაგაზე რატომღაც, რაღაცნაირად სასიამოვნოა მაინც…

>რაც / ვინც მიყვარს

>

მანდარინი მიყვარს, ახალად შემოსული, ჯერ კიდევ მწვანე რომაა და ოდნავ სიყვითლეში გადადის, გემოც ასეთი აქვს, მჟავე და ოდნავ სიტკბოში გადასული 🙂

მეგობრები მიყვარს, განსაკუთრებით 2 ცალი ძალიან საყვარელი მეგობარი…

მიყვარს მათთან ერთად რომ ვსეირნობ, არსად გვეჩქარება და ხელიხელჩაკიდებულები დავბოდიალებთ აქეთ-იქით… მიყვარს პლაჟზე რომ ჩავდივართ ღამე, დავეგდებით ქვიშზე და ვარსკვლავებს ვუყურებთ რატომღაც… ამ დროს ან საერთოდ არ ვლაპარაკობთ, ან სისულელეებზე ვსაუბრობთ 🙂

გაზაფხულის სურნელი მიყვარს…

ბათუმი მიყვარს, თავისი პატარა ქუჩებითა და ჩიხებით, სულ ცოტა ხანში მთელი ქალაქის შემოვლა რომ შემიძლია…

ზღვა მიყვარს, ვგიჟდები ზღვაზე… დიდი ხნის შემდეგ პირველად რომ შედიხარ და ისე მიცურავ, გგონია ხელ-ფეხს არც აქანებ, ზღვას თავისით მიყავხარ…

მიყვარს დილით მზის სხივი რომ მაღვიძებს…

მშობლები მიყვარს ძალიან, და-ძმაც ასევე… (ეს ბუნებრივი მოვლენა მეგონა მე, მაგრამ თანდათან ვრწმუნდები, რომ იშვითობად იქცა…)

ჩემი ფისო მიყვარს…

ბიძაჩემი მიყვარს და მენატრება ძალიან…

კითხვა მიყვარს ძალიან და ის შეგრძნება, სახლში რომ მიგეჩქარება წიგნის კითხვის გამო, აუცილებელი საქმე რომ გაქვს და თითოეული წაკითხული აბზაცი ძვირფასია, საქმეზე წასული კიდევ წიგნის სიუჟეტზე რომ ფიქრობ და სული ერთი გაქვს როდის მიხვიდე სახლში… აივანზე ან ფანჯარასთან რომ კითხულობ, უკვე ბნელდება, არადა შუქის ჩართვა საშინლად გეზარება, ეს დრო საუკუნედ გეჩვენება და გგონია რაღაც გამოგრჩება ახლა რომ ადგე და ჩართო ეს შუქი… ნორმალურად რომ ვეღარ არჩევ რა წერია, მარა მაინც კითხულობ…

ნოდარ დუმბაძე მიყვარს, ზურიკელა და სოსოია, ხატია და ბეჟანა…

დომენიკო მიყვარს კიდე და ის კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ, ძლიერ უყვარდა… მისი ტერმინი მიყვარს _ ”მისალოცი”…

მოწმენდილი ცა მიყვარს, მის ფონზე ხეები და სახლები ფოტოშოპში დამუშავებულ სურათს რომ ჰგავს…

ერთი ყვავილი მიყვარს, სახელი არ ვიცი, მარა ბათუმში შემოდგომაზე სულ მისი სურნელი ტრიალებს… ყვავილი კი არა, ხეა, თეთრი პაწაწინა ყვავილებით. ახლოს რომ ჩაუვლი და იმდენად ღრმად ჩაისუნთქავ, გაბერილი დადიხარ მერე 🙂
ვარდები მიყვარს კიდე ძალიან და მათი სურნელი…

ვაშლი მიყვარს…

მიყვარს, ის დღე, როცა სარკეში საკუთარ გამოსახულებას ვუღიმი…

მიყვარს დიდხანს რომ ვეძებ რაღაცას ან მინდა რამე და ვპოულობ…

მიყვარს რამდენიმე ადამიანის დანახვისას გული რომ მეკუმშება სიხარულით…

მიყვარს ის ადამიანები ჩემთან შესახვედრად ბოლომდე გაბადრულები რომ მოდიან, სახეზე აწერიათ, რომ მართლა გაუხარდათ ჩემი ნახვა… გულწრფელად რომ ეღიმებათ და ვერ მალავენ ღიმილს…

ჩემი ბლოგიც მიყვარს, სხვისთვის შეიძლება უინტერესო და უაზროც კი, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აზრიანი…

გვირილები მიყვარს…

>ბლოგი – ”სვეცკობა”?!

>

ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა _ ”გაპაპსდა”, მაგრამ უნდა ვთქვა, სხვა გზა არაა 😦 აბა სხვა რა ქვია ამას?! ბლოგომანიაზე ვამბობ… არა, ისე კი არ გამიგოთ, თითქოს არ მომწონდეს ბლოგები რომ გახშირდა, პირიქით, ეს კარგია და მეც ახალი ვარ სხვათაშორის. მე ის არ მომწონს, ბლოგი მოდისთვის რომ აქვთ და არ იციან რა დაწერონ.
ბევრჯერ შევხვედრივარ მსგავს დიალოგს:
”- აუ, ბლოგი გაქვს?
– კი, მარა პოსტების დასაწერად ვერ ვიცლი… (ეს მესმის, მართლა…)
– მეც მინდა, მარა რაზე დავწერო არ ვიცი…
– ააა…”
თუ არ იცი რაზე დაწერო, ბლოგი რად გინდა?! მარა მოდაშია და რა ქნას… მოკლედ, არ მინდა იმ ადამიანებს მივეკუთვნებოდე, ვისაც ბლოგი იმიტომ აქვს, რომ ყველას აქვს… ჯერ იყო და ფოტოგრაფიაზე გაგიჟდა ყველა, მერე გიტარაზე და ბლოგამდეც მოვედით. საშინლად მაღიზიანებს ფოტოაპარატ/გიტარა/ლეპტოპ ჩამოკიდებული ცარილ თავიანი ახალგაზრდები. ერთი პერიოდი კითხვაც კი გახდა მოდური, რა თქმა უნდა კოელიო, მანველიძე და ა.შ., მარა როგორც ერთ-ერთ წიგნების მაღაზიაში მითხრეს – ”მანველიძემ იმას მაინც მიღწია, რომ ახალგაზრდები წიგნის მაღაზიაში შემოიყვანა და იქნებ სხვა რამესაც შეხედონ” – ო (მე ძალიან კი მეეჭვება, მარა მაინც). არა, იმას კი არ ვამბობ,რომ მე მთელი ცხოვრება მხატვრული ლიტერატურის შედევრებს ვკითხულობ, მეც უამრავი ნაგავი მაქვს წაკითხული, მარა იმიტომ კი არა, რომ ყველამ წაიკითხა და მოდურია, იმიტომ რომ იმ მომენტში სხვა არაფერი არ მქონდა. მახსოვს, პატარაობსას სოფელში საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა გვქონდა. შაბათ-კვირას ჩემი საყვარელი საქმიანობა წიგნების კარადის დალაგება იყო, ჯერ ერთი იმიტომ რომ ბევრი დრო ჭირდებოდა და სხვა ვეღარაფრის გაკეთებას ”ვასწრებდი” და მეორეც, რომელიმე წიგნს შემთხვევით გადავშლიდი და დაბნელებამდე ვკითხულობდი. ბოლოს დედაჩემი მახსენებდა, რომ დაღამდა და უკვე დროა დავამთავრო ”დაწყებული” დალაგება. ხოდა, იმას ვამბობდი, კითხვაც კი გახდა მოდური – მეთქი, მარა ჩვენთან ფეხი ვერ მოიკიდა 🙂
ბლოგის პოპულარობით დავიწყე და დავუბრუნდები ამ თმას. blogroll-ის საშუალებით ქართულ ბლოგოსფეროს, შეიძლება ითქვას, აქტიურად ვადევნებ თვალს და საშინლად გაწბილებული ვარ. არ მესმის, რატომ უნდა ეწეროს პირად ბლოგზე იმის შესახებ რომ ახალი, ”ნავაროჩენი” ტელეფონი გამოვიდა, რა სხვაგან არ წერია ამის შესახებ და ახალია რამე? ან იმაზე, რომ ”რუთავი 2” ბუკინების ანალოგიურ სერიალს იღებს. ახალი ამბავი!.. ხოდა, ერთ მშვენიერ დღეს თუ პოსტების თემა აღარ მექნება, გავაუქმებ კიდეც, აბა, რა ჯანდაბად მინდა ბლოგი?! ახალი ხალხის გაცნობა თუა ბლოგის მიზანი, ამისთვის სხვა უამრავი საშუალება არსებობს…
ახალი ხალხის გაცნობაზე გამახსენდა, ამასწინათ ერთ-ერთ ბლოგზე (არ მახსოვს რომელზე) ვკითხულობდი ქართველი ბლოგერების შეხვერდის შესახებ. ეს იდეა მართლა ძალიან მომეწონა, მით უმეტეს, შეხვედრაზე მისულ ბლოგერებს შორის, ბევრი ისეთის სახელი ამოვიკითხე, ვისი ბლოგიც მართლა ღირებულია. გარდა ამისა, რამდენიმე ცნობილი ბლოგერი, თუმცა, აქაც გამიცრუვდა იმედები 😦 მოკლედ, ბევრი ლაპარაკის გარეშე _ ეს ხალხი ვირტუალურად უფრო მომწონდა… არა, ცუდად არავინ მიიღოს, უბრალოდ ბევრიო მათგანი უფრო სხვანაირი წარმომედგინა, ესაა და ეს…

%d bloggers like this: