Blog Archives

BNG

რამდენიმე თვის წინ თეასთან და აქსიომასთან საუბარს ტრადიციულად, გვიანობამდე შემოვრჩი. ამიტომ დილითაც ტრადიციულად ჩამეძინა და ფეისბუქში მხოლოდ სამსახურში მისვლის შემდეგ შევიხედე.  ნოტიფიკაციებმა შემაშფოთა! აღმოჩნდა, რომ მოუსვენარ აქსიომას რაღაც ჯგუფი გაუკეთებია, სადაც ერთ-ერთი ადმინი ვარ.

ამ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა გვირილას პროფაილი, ჩემი ვინაობა კი სულ რამდენიმე ადამიანმა (ბლოგერმა ანუ) იცოდა. მათ შორის აქსიომამაც და პირადი პროფაილით გავხდი ჯგუფის ადმინი. აღარ მოვყვები იმაზე, კინაღამ ყველამ რომ გაიგო ვინ იყო გვირილა 🙂 ამიტომაც გადაწყდა ახალი პროფაილის გაკეთება, სპეციალურად BNG-სთვის. კ სტაწე, ჯგუფს თავიდან NEO ბლოგე(რე)ბი ერქვა.

ადრე ჯგუფში სულ ცოტანი ვიყავით, რამდენიმე ადამიანი. ვსაუბრობდით ყველაფერზე, ვკამათობდით, ფილოსოფიური მსჯელობებიც გვქონდა.  დროის გასვლას ვერ ვგრძნობდით და ბევრჯერ განთიადს შევხვედრივართ ერთად.

ჯგუფს ნელა, მაგრამ ახალი წევრები ემატებოდა. წამოვიდა ახალი იდეეები, შეიქმნა საერთო ბლოგიც. მერე პიარ-პროექტები გავაკეთეთ, გადავინაწილეთ ათ-ათი ბლოგი და დღის განმავლობაში ვაშეარებდით. რაღაცნაირი, შინაურული განწყობა იყო.

დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის ის, რომ თურმე სრულიად უცხო ადამიანებთან კარგად ვგრძნობ თავს, რომ არაა აუცილებელი საუკუნოვანი ნაცნობობა სითბოს გამოსახატავად, რომ შეიძლება ენდო და არც ინანო… და კიდევ ერთი და ყველაზე მთავარი – მაშინ მე ჩემდაუნებურად აღმოვჩნდი სრულიად მარტო უცხო გარემოში და უცხო ხალხში, ძალიან გამიჭირდა. ვთვლი, რომ ეს პერიოდი უმტკივნეულოდ რომ გადავიტანე, BNG-ის დამსახურებაცაა.

მერე მოვიდა ზაფხული და ყველა მიმოიფანტა. თითქოს გაცივდა აქაურობა. მაგრამ მოვიდნენ ახალი წევრებიც, მათ შორის ბევრი სკოლის მოსწავლე. მათ თავისებური მხიარულება შემოიტანეს ჯგუფში. რომ არ მოვიტყუო, თავიდან ცოტა გამიჭირდა შევგუებოდი რაღაც ცვლილებებს, ბევრი ახალი წევრი ერთგვარ გაუცხოებას ნიშნავდა თითქოს…

მაგრამ მოხდა საპირისპიროდ. ნელ-ნელა ყველა შეეგუა ერთმანეთს და ჯგუფში კვლავ დაბრუნდა ერთგვარი ოჯახური გარემო. ოღონდ ამჯერად ადმინის უფლება-მოვალეობების გამოყენებაც გახდა საჭირო რამდენჯერმე. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს რამდენიმე ადმინი ჰყავს, თავიდანვე ყველა ერთნაირად გრძნობდა თავს და ასეც უნდა იყოს. BNG ყველა წევრისაა და არა ადმინების, ჩვენ უბრალოდ რაღაც მოვალეობები გვაკისრია. ეს აუცილებელია ჯგუფში სიმშვიდისთვის.

ძალიან მიხარია, როცა ვგრძნობ, რომ ახალ წევრს ჯგუფში მოსწონს. რაღაცნაირად, მასპინძელივით ვგრძნობ თავს იქ და როგორც კაი დიასახლისს უხარია კმაყოფილი სტუმარი, ისე ვარ მეც.

ყველაზე მთავარი, რაც აქ მომწონს, სითბოა. ვეხმარებით ერთმანეთს, ვუზიარებთ რაღაც შთაბეჭდილებებს, ვერთობით, ვკამათობთ ან უბრალოდ ვსაუბრობთ… რამდენჯერმე ითქვა, რომ ჯგუფში ზედმეტი სითბოა,  ყველას “უყვარს” ერთმანეთი და ა.შ. ჯერ ვიფიქრე, რომ ეს სიყვარულები მართლაც შეიძლება ყოფილიყო თამაში, მაგრამ მერე რას მივხვდი იცი? თუ მე შემიძლია მიყვარდეს ჯგუფის წევრები, მართლაც კარგად ვგრძნობდე აქ თავს, რატომ არ უნდა დავიჯერო, რომ სხვაც ანალოგიურადაა?

მომწონს, რომ ჯგუფში ბევრი ახალბედა ბლოგერია, მომწონს, რომ მათ ეხმარებიან. მომწონს დილით ბევრი ნოტიფიკაცია რომ მხვდება და მომწონს კიდევ რომ ათენებენ ჯგუფში საუბრისას. მომწონს ჯგუფში ბევრი მკითხველიც რომაა. კიდევ რა მომწონს იცი? აქ ყველა რაღაცნაირად, თავისუფლადაა, არ თამაშობს “ძაან ბლოგერს” და თუ ვინმეზე მეტი იცის, უზიარებს ამ ცოდნას.

ყველაზე მეტად კი ის მომწონს, რომ სრულიად ექსპრომტად მოფიქრებული ფრაზა – “თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ ვოლზე”, ამართლებს.

ფაქტია, რომ გვირილას პროფაილი BNG-სთვის შეიქმნა და ამ ჯგუფის გარეშე წარმოუდგენელია პროფაილის არსებობაც.

მიხარია, რომ ეს თეგ-თამაშია და ჯგუფის ერთ-ერთმა ახალმა წევრმა, მელომოჰოლიკმა დაიწყო. არავის დავთაგავდი, ჯგუფის შექმნის იდეის ავტორის, აქსიომას აზრი რომ არ მაინტერესებდეს. ხოდა, აქსიომ, გისმენ 😉

შენ კი, თუ ამას კითხულობ და არ ხარ BNG-ში, გეპატიჟები: welcome!

Advertisements

პასუხი (ალბათ)

ალბათ ეს იქნება პირველი პოსტი ბლოგზე, რომელშიც მივმართავ მკითხველს და არ ვწერ მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

ბლოგი ერთ წელზე მეტია რაც გავაკეთე, თავიდან მინდოდა მეწერა საზოგადოებრივ პრობლემატურ თემატიკაზე, იმაზე, რაც მაწუხებს, იქნება ეს ადამიანის უფლებები, თავისუფლება, თუნდაც დემოკრატია და ა.შ. აქ იქნებოდა ჩემი აზრი კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებით.

სანამ ბლოგის სახელს მოვიფიქრებდი, საცდელი ვარიანტის გაკეთება ვცადე, ვინაიდან და რადგანაც, ბლოგის ბევრი არაფერი გამეგებოდა. ერთადერთი, რაც იმ წამს მომაფიქრდა, იყო “გვირილა”, რადგან ეს ყვავილი ძალიან მიყვარს. თან არ ვაპირებდი ბლოგი ვინმესთვის მეჩვენებინა და სახელის ამბავიც დიდად არ მადარდებდა.

შევარჩიე შესაბამისი თემა ბლოგსპოტზე, ვცადე რაღაც ვიჯეტების გამოყენება და  შედეგად საკმაოდ სიმპათიური ბლოგი გამოვიდა. დასაწყისისთვის მშვენიერი იყო.

და როცა ერთ დღეს პოსტის ფანჯარა გავხსენი, მომინდა რამე დამეწერა. ავდექი და დავწერე პირველი სისულელე. პირველს მეორე მოჰყვა, მესამე და ა.შ. თუმცა, ბლოგის თავდაპირველი იდეა ისევ ძალაში რჩებოდა.

მერე… მერე მოხდა ისე, რომ არც ისე მარტივი პერიოდი იყო (თუმცა არც ისე რთული) და უფრო ხშირად მიჩნდებოდა წერის სურვილი. ხოდა, მეც ვწერდი. მერე მივხვდი, რომ მომწონდა ასე და მივყევი “დინებას”. საზოგადოებრივ პრობლემატიკაზე წერა ამ ბლოგზე არ გამოდიოდა, თუნდაც სახელის გამო და ახალი ბლოგის გაკეთება შემეზარა რატომღაც. თან რას მივხვდი იცი? დროის უმეტეს ნაწილს სწორედ სამსახურს და ამ საზოგადოებრივ რაღაცეებზე ფიქრს და მსჯელობას ვუთმობდი, პირადი კი… მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ასე უკეთესად ვარ და ამიტომაც გავაგრძელე მორიგი სისულელეებუს წერა.

ბლოგს არასდროს არ ვუყურებდი მარკეტინგულად. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიცი, როგორ შეიძლება გავხადო პლოგი პოპულარული. უბრალოდ, არ მჭირდება პოპულარობა, სხვა საქმეც ბევრი მაქვს. ვწერ იმიტომ, რომ ასე კარგად ვარ, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. რვეულში რატომ არ წერო… ყველაზე სულელური კითხვაა რაც კი დაუსვამთ ბლოგთან დაკავშირებით. იმიტომ არ ვწერ, რომ ბლოგი და დღიური განსხვავდება. თუ მაქვს რაღაც პროტესტი, აქ ერთი მკითხველიც რომ არ შემოვიდეს, მაინც მექნება შეგრძნება, რომ ხმამაღლა ვთქვი სათქმელი. არავინ ამბობს, რომ ბევრი მკითხველი ცუდია, სხვა საქმეა, როგორ მოდის ის მკითხველი. ჩემთან რომ ერთი ადამიანი შემოვა და დააკომენტარებს გულწრფელად, ეს მირჩევნია მე სკანდალურ, პოპულარულ ბლოგს და მილიონ კომენტარს. შესაბამისად, არც არასდროს დავწერ პოსტს იმისთვის, რომ მკითხველი მოვიზიდო, სათაურში არ გამოვიყენებ გაყიდვად სიტყვებს და ა.შ.

რაც შეეხება ანონიმურობას, უკვე დავიღალე ამის ახსნით. პრინციპში, არც არავის საქმეა ეს ჩემს გარდა და  არავის უნდა ვუხსნიდე, მაგრამ რახან გადავწყვიტე, რომ ეს პოსტი იქნება მკითხველისთვის, ვითვალისწინებ იმასაც, რომ რამდენიმე მათგანს (არსებობის შემეთხვევაში) ალბათ აინტერესებს რატომ ვარ ანონიმური. ხოდა, სწორედ მათთვის დავასახელებ ორ მიზეზს:

1. ჟურნალისტი ვარ და პროფესიული ეთიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, საჯაროდ საკუთარი აზრების ფრქვევისგან თავს ვიკავებ, რადგან ეს ახდენს გავლენას და დღეს მკითხველს თუ ეცოდინება მე რომელი პარტიის მომხრე ვარ ან ის, რომ ვთქვათ, არ მევასება ჰომოსექსუალები, მე ხვალ არც ერთი ჰომოსექსუალი არ ჩამეწერება. ვერც სხვა პარტიის წარმომადგენელი დაინახავს ჩემში ჟურნალისტს, რადგან ქვეცნობიერად თუ ისე, მე მისთვის ვიქნები მხარე. ანონიმურობა კი მაძლევს საშუალებას ვწერო თავისუფლად.

2. პირადი მოტივი – უბრალოდ არ მინდა ჩემი პირადი სხვისთვის ხელმისაწვდომი იყოს, მით უმეტეს პოსტის ადრესატისთვის. გასაგებია, რომ აქ ბევრი ადამიანი კითხულობს ყველაფერს, მაგრამ ისინი ხომ ვერ მიხვდებიან კონკრეტულად რაზე ან ვისზე ვწერ.

კიდევ ბევრი მიზეზის მოყვანა შეიძლება და ამაზე ვრცლად საუბარი. მაგრამ არ ღირს… ერთია, ანონიმურობა ჩემთვის მნიშვნელოვანია და მხოლოდ ჩემი საქმეა გავამხელ თუ არა ვინაობას. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოსტებში ვიტყუები. ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში ბევრი ნიღაბის მორგება გვიხდება, თუნდაც იმიტომ, რომ სხვა ადამიანებმა კარგად იგრძნონ თავი. მიუხედვად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობ არ ვითამაშო რეალურ ცხოვრებაში, ხშირად ხდება ისე, რომ ყველაფერს ვერ იტყვი. ხოდა, ბლოგზე ვარ ზუსტად ის, რაც ვარ რეალურად, უნიღბოდ.

არ მიყვარს სტერეოტიპები. არადა, ანონიმი ბლოგერი თუ ხარ, ე.ი – იტყუები, უშნო ხარ, გარეგნობა გაკომპლექსებს, რაღაცის ან ვიღაცის გეშინია… ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. მე კიდე არც ერთი მათგანი არ მეხება. ანონიმი ვარ იმიტომ, რომ ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.

და ბოლოს, ალბათ ამ პოსტს ვინც წაიკითხავს, უმრავლესობამ იცის, რომ ფეისბუქზე მაქვს ბლოგის პროფაილი,  სადაც საკმაოდ ვაქტიურობ და ვმეგობრობ ანონიმ თუ არაანონიმ ბლოგერებთან. თუმცა, მათი უმრავლესობა მე არ დამიმატებია და თუ ვინმეს აწუხებს ის ფაქტი, რომ ჩემს გვერდზე რეალურ ფოტოს ვერ ხედავს, მარტივად შეუძლია ამომშალოს მეგობრებიდან. ეს ფრაზა არ ეკუთვნის ერთ ადრესატს, ვამბობ ყველას გასაგონად.

არ მჭირდება პოპულარული ბლოგი და ბევრი მკითხველი, რომელიც მიმზიდველი სათაურის გამო შემოვა ჩემთან, ერთიც მეყოფა, ერთგვარი სტიმულისთვის. არ ვიბრძვი კომენტარების და პოპულარობისთვის, არ მაინტერესებს და რა ვქნა. თუ ამ ბლოგს ჰყავს მკითხველი, იმან იცის, რომ მისთვის არ ვწერ. ვწერ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და თუ ვინმეს მოსწონს, ცხადია მიხარია.

თუ შენც იმ მკითხველის კატეგორიას მიეკუთვნები, რომლისთვისაც აუცილებელია სახელის და გვარის ცოდნა, რომელიც ელოდება, რომ პოსტს დავწერ იმიტომ, რომ მას ვასიამოვნო, რომელსაც ჰგონია, რომ თუ თბილად ველაპარაკები ფეისბუქზე ვიტყუები და ასე მკითხველს ვიზიდავ… – შენ ცდები!

შენ კი, ვინც აქ ერთხელ მაინც შემოხვედი იმიტომ, რომ უბრალოდ დაგაინტერესა, დატოვე კომენტარი იმიტომ, რომ გინდოდა და მართლაც მოგეწონა ის, რაც დადებითად შეფასე, თუ არ გიქმნის პრობლემას ჩემთან მეგობრობა ისე, რომ ვიზუალურად როგორი ვარ არ იცოდე, თუ ერთხელ მაინც მოგიყვანა ჩემმა პოსტმა განწყობაზე ან დაგაფიქრა რამეზე… – მინდა გითხრა, რომ მიყვარხარ! ხო, ასეა, არ ვთამაშობ, შენ ხომ არ მიცნობ და  არც მე ვიცი კონკრეტულად ვინ ხარ, რომ გეთამაშო… და კიდევ ერთი, მინდა იცოდე, რომ არასდროს მომიტყუებიხარ…

მიყვარს ყველა, ვინც ლინკის დაშეარების გარეშეც შემოდის ჩემთან, კითხულობს ჩემს სისულელეებს ჩუმად  ან კვალის დატოვებით. დიახ, ეს სასიამოვნოა. სწორედ ამიტომ, არ მჭირდება ტყუილი და მკითხველის მოზიდვა, ჩემთვის ის რამდენიმე ადამიანიც საკმარისია.

შენი საქმეა დამეთანხმები თუ არა, მაგრამ მე ხომ მაქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, როგორც შენ და სხვებს.

იქნებ ამ პოსტით რამდენიმე ადამიანი გავანაწყენო კიდეც, მაგრამ ხომ ვთქვი, მკითხველი არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი და თუ ამის მერე რამდენიმეს დავკარგავ, უვი, ასე ყოფილა საჭირო.

ვიცი, რომ კიდევ ბევრი რამ დამრჩა სათქმელი, მაგრამ… მოკლედ, თუ რამე, აქვეა კომენტარის ფუნქციაც 😉

და ბოლოს, ერთი კითხვარი, რომელიც მომცემს საშუალებას გავიგო რაღაც-რაღაცეები… Read the rest of this entry

ერთი წელი

ზუსტად ერთი წლის წინ, დაახლოებით დღის ამავე მონაკვეთში, სამსახურში ვიჯექი და რამდენიმე დღის წინანდელი ბანკეტის ამბები მიტრიალებდა თავში. გასახსენებელი კი არც ისე ბევრი იყო და ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჯგუფელებს მეორე დღის აღსანიშნავად “ჩანჩქერზე” წასვლა გადაეწყვიტათ. დიდხანს რომ არ გამიგრძელდეს, ვიტყვი, რომ დღე საკმაოდ დატვირთული გამოდგა და ამის მიზეზი მხოლოდ “ჩანჩქერი” არ ყოფილა. ხოდა, სწორედ ამაზე ვწერდი 2010 წლის 26 ივლისს, ბლოგის პირველ პოსტში.

ამ პირველი, მართლაც რომ სულელური პოსტით დავიწყე ე.წ. “ბლოგინგი” და ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო “სამყარო” აღმოვაჩინე.  გარდა იმისა, რომ რამდენიმე მეგობარი შევიძინე, ძველი პოსტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წერაც სკმაოდ დავხვეწე.

ფაქტია, რომ ამ დროში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ყველაფერს ბლოგს ვერ “დავაბრალებ”. “გვირილა” ჩემთვის არასდროს  ყოფილა სერიოზული საქმე და როგორც ერთი წლის წინ, დღესაც ვფიქრობ, რომ ბლოგი უპირველესად არის ჩემი და შემდეგ მკითხველის. შესაბამისად, ვწერ ჯერ საკუთარი თავისთვის და შემდეგ მკითხველისთვის. ვაღიარებ, რომ ხშირად ისეთ დროს დამხმარებია “გვირილა”, ვერაფრით რომ წარმოვიდგენდი. უბრალოდ ვწერდი და ვთავისუფლდებოდი რაღაცისგან. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ვწერ საკუთარი თავისთვის. თუმცა, მხატვრულ წერაზე აქცენტი არასადროს გამიკეთებია, ვწერ ისე, როგორც ვგრძნობ და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მიხარია თითოეული ახალი მკითხველი და მათი შეფასება, თუნდაც კრიტიკული. მაგრამ ვცდილობ ეს არასდროს გახდეს მკითხველის აზრზე ფიქრის საფუძველი, რადგან, როგორც კი ამაზე ვფიქრობ, საშინლად ვიკეტები და ვიზღუდები. ამიტომაც, ვცდილობ არ ვიფიქრო მკითხველზე და ვწერო ისე, როგორც მე მინდა.

გარდა იმისა, რომ ბლოგს “ვეუბნებოდი” იმას, რაზეც ზოგადად არ ვსაუბრობ, რამდენიმე თვის წინ სწორედ ის დამეხმარა გადამელახა არც ისე მარტივი პერიოდი, როცა სრულიად უცხო გარემოში, სრულიად მარტო აღმოვჩნდი. აქ ვამბობდი იმას და ისე, როგორც ვფიქრობდი. აქვე ვნახე რამდენიმე ბლოგი, რომელთა ავტორებთან ურთიერთობას ჰქვია ვირტუალური, მაგრამ უფრო მეტია. აქსიომა, შიო, თეა, ფინიკი, heart1ess, სანდრო, ნინიკო, მაცო, ჯესი, ნიკა და სხვები დღეს ჩემთვის სწორედ ასეთი მეგობრები არიან  და მათთვის მე დავთმე (ზოგ შემთხვევაში ჩემდაუნებურად :-)) ყველაზე ძვირფასი, რაც ბლოგზე მქონდა – საკუთარი ანონიმურობა. თუმცა, რამდენიმე მათგანიც ანონიმი იყო და საკუთარი თავის “გამჟღავნებით” ქვეცნობიერად მიბიძგეს ამისკენ. სხვა რამდენიმე ბლოგის ავტორთან ურთიერთობაშიც გავცდებოდი ალბათ ვირტუალურ სამყაროს, თუმცა თანაბარ პირობებში და ეს სწორედ მათი მხრიდან ანონიმურობის დათმობას გულისხმობს.

ხო, რაც შეეხება ანონიმურობას – ამაზე იმდენად ხშირად მეკითხებიან, მგონია გასაგებად ვერ ვხსნი. ანონიმურობის მიზეზი ორია: 1. ვარ ჟურნალისტი და პროფესიული ეთიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც,. საჯაროდ საკუთარი აზრების ფრქვევისგან თავს ვიკავებ. ანონიმურობა კი ამის საშუალებას მაძლევს. 2. პირადი მოტივი – უბრალოდ არ მინდა ჩემი პირადი სხვისთვის ხელმისაწვდომი იყოს, მით უმეტეს პოსტის ადრესატისთვის.

ხო, კიდევ რა მინდოდა მეთქვა… ის, რომ ბლოგმა ბოლო პერიოდში საკმაო მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის, თუმცა მე, როგორც ერთი წლის წინ, არც ახლა ვარ “ბლოგერი” და არ მივეკუთვნები “ქართველი ბლოგერების” ლამისაა კასტას 🙂 ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათთან არ ვმეგობრობ. რამდენიმე ბლოგის ავტორმა დამარწმუნა, რომ სრულიად უცნობი ადამიანი შეიძლება იყოს შენს მიმართ არანაკლებ ყურადღებიანი, ვიდრე რეალური მეგობრები. ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო ვანის ნახატები, აქსიომას პოსტი (და კიდევ უამრავი საყვარელი საჩუქარი, რომლებსაც არ ჩამოვთვლი), გიგოლის ფოტო-კოლაჟი, ნიკსოლოგის ყავა და შოკოლადი კომენტარებში, გრიოს ღია წერილი… გამაოცა მაცოს სურვილებმა და ნინიკოს წერილმა…

მოკლედ, მიხარია, რომ ერთი წლის წინ ნერვი მომიშალეს, მივვარდი ბლოგსპოტს (მერე გადმოვვორდპრესდი) და “გვირილა” დავარეგისტრირე.

ხოდა, ერთი წლისაა უკვე ჩემი ბლოგი და რავიცი, მომილოცეთ ახლა თუ გინდათ 😀

>შეცდომები

>
შეცდომებიო აქსიომამ.
ხოდა, დავფიქრდი სერიოზულად, რა შეცდომები დამიშვია? ის, რომ ამაზე ფიქრს დიდხანს მოვუნდი, უკვე ნიშნავს, რომ შეცდომას ვუშვებ! არამგონია არსებობდეს ადამიანი, ვისაც 22 წლის მანძილზე არ ჰქონდეს დაშვებული მნიშვნელოვანი შეცდომა. მე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ვერ გავიხსენე და ესაა სწორედ შეცდომა. ის, რომ კონკრეტული ფაქტი ან ჩემს შეცდომად ვერ აღვიქვი, ან საერთოდ არ მიმაჩნია შეცდომად, ძალიან დიდი შეცდომაა. (ეს ტავტოლოგიაც შეცდომაა ისე აქ :-)).

შეცდომაა იმაზე ფიქრიც, რომ შესაძლებელია სწორად და უშეცდომოდ ცხოვრება.

მივხვდი, რომ შეცდომაა მიხვიდე დათქმულ ადგილას დროულად, გქონდეს პასუხისმგებლობა და ნებისყოფა.

უკვე შეცდომაა ილაპარაკო იმაზე, რასაც ფიქრობ. შეცდომაა არ შეგეძლოს თამაში.

შეცდომაა წაიკითხო ყველაფერი, რაც ხელში მოგხვდება, მხოლოდ იმიტომ, რომ კითხვა გწყურია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. შეცდომაა, სწორედ იმიტომ, რომ საუკეთესო წლები გეხარჯება და წაკითხულ სისულელეებს მიღმა გრჩება ნამდვილად ღირებული წიგნები, მერე კი ელოდები თავისუფალ დროს, ნელ-ნელა რომ წაიკითხო ისინი.

შეცდომაა გქონდეს იმის იმედიც, რომ ვინმე რამეს დაგიფასებს.

შეცდომაა ყოველთვის ცდილობდე იყო უბრალოდ ადამიანი და არა ქალი, თავისი ქალური ლოგიკით.

შეცდომაა აპატიო მილიონჯერ.

შეცდომა იყო მოულოდნელად მოსულ მესიჯზე პასუხის გაცემა.

შეცდომა იყო რამდენიმე დღეში იგივე ადამიანთან შემთხვევით გაშვებული მესიჯიც (არადა, მართლა შემთხვევით იყო, მარა თვალები სად გაქვს ადამინო?!).

შეცდომაა დაიჯერო, რომ კონკრეტული ადამიანი შენთვის იდეალურია. მერე რა, რომ ზოგადად იდეალური ადამიანები არ არსებობენ, შენთვის იდეალური შეიძლება იყოს ვინმე. მე დღემდე მჯერა ამის, მერე რა, რომ შეცდომაა.

* * *
ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად ვფიქრობ იმაზე, არის თუ არა შეცდომა ბლოგების ავტორებთან პირადი ურთიერთობა. facebook-ს ვგულისხმობ რა თქმა უნდა. რადგან ამას აქვს ორი მხარე – დადებითი და უარყოფითი, ამიტომ ვერაფრით ვერ მივედი დასკვნამდე.

დავიწყებ უარყოფითით – მირჩევნია ვიყო სრულიად უცნობი და ვწერო იმაზე, რაზეც მინდა. საქმე იმაშია, რომ მე ბლოგი მაქვს არა იმისთვის, რომ წაიკითხონ, არამედ იმისთვის, რომ ვწერო. მკითხველზე არასდროს მიფიქრია, ვწერ ისე, როგორც მინდა და თუ ვინმეს არ მოეწონება, უბრალოდ აღარ შემოვა მეორეჯერ. თუმცა, თუ ვინმეს ჩემი ნაჯღაბნი მოეწონება, ძალიან მსიამოვნებს და მიხარია, ე.ი. რაღაც სისულელეებზე რომ ვწერ, მარტო არ ვარ 🙂 ახლა, როცა ვიღაცეებმა იციან ვინ ვარ რეალურად, ყველაფერს უბრალოდ ვერ დავწერ. მე მირჩევნია ვწერო რას ვგრძნობ იმ მომენტში და არ ვიფიქრო მკითხველის აზრზე, არადა ამ შემთხვევაში მეფიქრება, სხვა გზა არაა. თუმცა, ამას აქვს დადებითი მხარეც, წესით უფრო უნდა დაიხვეწოს ნაწერი. გარდა ამისა, რამდენიმე ბლოგის ავტორი მე მიცნობს, მე კი მათ ვერა. არა, იმაში კი არაა საქმე, რომ მე მინდა ვიღაცის სახე დავინახო ფოტოზე – სულაც არა. უბრალოდ, ეს ცალმხრივი ურთიერთობა გამოდის და დისკომფორტს მიქმნის.

ახლა რაც შეეხება ამ ყველაფრის დადებით მხარეს. მეგობრებში მყავს სულ რამდენიმე ბლოგის ავტორი, ათამდე ალბათ. მე ამ რამდენიმე ადამინათან დამალობანას მოვრჩი. საქმე იმაშია, რომ ეს ხალხი თავისი ბლოგებითურთ ძალიან მომწონს. მათთან ურთიერთობა ერთი სიამოვნებაა ❤ უკვე ისე მივეჩვიე რამდენიმე მათგანს, უცებ რომ გაქრენ facebook–დან, არ ვიცი რა მეშველება 🙂 ერთ-ერთის ნახვასაც ვაპირებ ამ დღეებში.

იმის მიზეზები, თუ რატომ არ ვამბობ facebook–ზე რომელი ბლოგის ავტორი ვარ, წესით ამ პოსტით გასაგები უნდა გახდეს. აუცილებელია იცოდეთ ვინ არის სინამდვილეში “გვირილა”? მგონი არც ისე.

საერთოდ, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როცა ვხვდები, რომ ვიღაცას ვაწყენინე. ზუსტად ამიტომ, ახლაც ვფიქრობ შეცდომა ხომ არაა ეს ყველაფერი რომ დავწერე. რატომღაც მგონია, რომ გაიგებს რამდენიმე მკითხველი მაინც, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ჩემს მსგავსად დამალვას ცდილობს.

P.S. ვთაგავ: სანდრო, ჯესი, ჭიამაია, კახი

>ბლოგი – ”სვეცკობა”?!

>

ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა _ ”გაპაპსდა”, მაგრამ უნდა ვთქვა, სხვა გზა არაა 😦 აბა სხვა რა ქვია ამას?! ბლოგომანიაზე ვამბობ… არა, ისე კი არ გამიგოთ, თითქოს არ მომწონდეს ბლოგები რომ გახშირდა, პირიქით, ეს კარგია და მეც ახალი ვარ სხვათაშორის. მე ის არ მომწონს, ბლოგი მოდისთვის რომ აქვთ და არ იციან რა დაწერონ.
ბევრჯერ შევხვედრივარ მსგავს დიალოგს:
”- აუ, ბლოგი გაქვს?
– კი, მარა პოსტების დასაწერად ვერ ვიცლი… (ეს მესმის, მართლა…)
– მეც მინდა, მარა რაზე დავწერო არ ვიცი…
– ააა…”
თუ არ იცი რაზე დაწერო, ბლოგი რად გინდა?! მარა მოდაშია და რა ქნას… მოკლედ, არ მინდა იმ ადამიანებს მივეკუთვნებოდე, ვისაც ბლოგი იმიტომ აქვს, რომ ყველას აქვს… ჯერ იყო და ფოტოგრაფიაზე გაგიჟდა ყველა, მერე გიტარაზე და ბლოგამდეც მოვედით. საშინლად მაღიზიანებს ფოტოაპარატ/გიტარა/ლეპტოპ ჩამოკიდებული ცარილ თავიანი ახალგაზრდები. ერთი პერიოდი კითხვაც კი გახდა მოდური, რა თქმა უნდა კოელიო, მანველიძე და ა.შ., მარა როგორც ერთ-ერთ წიგნების მაღაზიაში მითხრეს – ”მანველიძემ იმას მაინც მიღწია, რომ ახალგაზრდები წიგნის მაღაზიაში შემოიყვანა და იქნებ სხვა რამესაც შეხედონ” – ო (მე ძალიან კი მეეჭვება, მარა მაინც). არა, იმას კი არ ვამბობ,რომ მე მთელი ცხოვრება მხატვრული ლიტერატურის შედევრებს ვკითხულობ, მეც უამრავი ნაგავი მაქვს წაკითხული, მარა იმიტომ კი არა, რომ ყველამ წაიკითხა და მოდურია, იმიტომ რომ იმ მომენტში სხვა არაფერი არ მქონდა. მახსოვს, პატარაობსას სოფელში საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა გვქონდა. შაბათ-კვირას ჩემი საყვარელი საქმიანობა წიგნების კარადის დალაგება იყო, ჯერ ერთი იმიტომ რომ ბევრი დრო ჭირდებოდა და სხვა ვეღარაფრის გაკეთებას ”ვასწრებდი” და მეორეც, რომელიმე წიგნს შემთხვევით გადავშლიდი და დაბნელებამდე ვკითხულობდი. ბოლოს დედაჩემი მახსენებდა, რომ დაღამდა და უკვე დროა დავამთავრო ”დაწყებული” დალაგება. ხოდა, იმას ვამბობდი, კითხვაც კი გახდა მოდური – მეთქი, მარა ჩვენთან ფეხი ვერ მოიკიდა 🙂
ბლოგის პოპულარობით დავიწყე და დავუბრუნდები ამ თმას. blogroll-ის საშუალებით ქართულ ბლოგოსფეროს, შეიძლება ითქვას, აქტიურად ვადევნებ თვალს და საშინლად გაწბილებული ვარ. არ მესმის, რატომ უნდა ეწეროს პირად ბლოგზე იმის შესახებ რომ ახალი, ”ნავაროჩენი” ტელეფონი გამოვიდა, რა სხვაგან არ წერია ამის შესახებ და ახალია რამე? ან იმაზე, რომ ”რუთავი 2” ბუკინების ანალოგიურ სერიალს იღებს. ახალი ამბავი!.. ხოდა, ერთ მშვენიერ დღეს თუ პოსტების თემა აღარ მექნება, გავაუქმებ კიდეც, აბა, რა ჯანდაბად მინდა ბლოგი?! ახალი ხალხის გაცნობა თუა ბლოგის მიზანი, ამისთვის სხვა უამრავი საშუალება არსებობს…
ახალი ხალხის გაცნობაზე გამახსენდა, ამასწინათ ერთ-ერთ ბლოგზე (არ მახსოვს რომელზე) ვკითხულობდი ქართველი ბლოგერების შეხვერდის შესახებ. ეს იდეა მართლა ძალიან მომეწონა, მით უმეტეს, შეხვედრაზე მისულ ბლოგერებს შორის, ბევრი ისეთის სახელი ამოვიკითხე, ვისი ბლოგიც მართლა ღირებულია. გარდა ამისა, რამდენიმე ცნობილი ბლოგერი, თუმცა, აქაც გამიცრუვდა იმედები 😦 მოკლედ, ბევრი ლაპარაკის გარეშე _ ეს ხალხი ვირტუალურად უფრო მომწონდა… არა, ცუდად არავინ მიიღოს, უბრალოდ ბევრიო მათგანი უფრო სხვანაირი წარმომედგინა, ესაა და ეს…

%d bloggers like this: