Blog Archives

BNG

რამდენიმე თვის წინ თეასთან და აქსიომასთან საუბარს ტრადიციულად, გვიანობამდე შემოვრჩი. ამიტომ დილითაც ტრადიციულად ჩამეძინა და ფეისბუქში მხოლოდ სამსახურში მისვლის შემდეგ შევიხედე.  ნოტიფიკაციებმა შემაშფოთა! აღმოჩნდა, რომ მოუსვენარ აქსიომას რაღაც ჯგუფი გაუკეთებია, სადაც ერთ-ერთი ადმინი ვარ.

ამ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა გვირილას პროფაილი, ჩემი ვინაობა კი სულ რამდენიმე ადამიანმა (ბლოგერმა ანუ) იცოდა. მათ შორის აქსიომამაც და პირადი პროფაილით გავხდი ჯგუფის ადმინი. აღარ მოვყვები იმაზე, კინაღამ ყველამ რომ გაიგო ვინ იყო გვირილა 🙂 ამიტომაც გადაწყდა ახალი პროფაილის გაკეთება, სპეციალურად BNG-სთვის. კ სტაწე, ჯგუფს თავიდან NEO ბლოგე(რე)ბი ერქვა.

ადრე ჯგუფში სულ ცოტანი ვიყავით, რამდენიმე ადამიანი. ვსაუბრობდით ყველაფერზე, ვკამათობდით, ფილოსოფიური მსჯელობებიც გვქონდა.  დროის გასვლას ვერ ვგრძნობდით და ბევრჯერ განთიადს შევხვედრივართ ერთად.

ჯგუფს ნელა, მაგრამ ახალი წევრები ემატებოდა. წამოვიდა ახალი იდეეები, შეიქმნა საერთო ბლოგიც. მერე პიარ-პროექტები გავაკეთეთ, გადავინაწილეთ ათ-ათი ბლოგი და დღის განმავლობაში ვაშეარებდით. რაღაცნაირი, შინაურული განწყობა იყო.

დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის ის, რომ თურმე სრულიად უცხო ადამიანებთან კარგად ვგრძნობ თავს, რომ არაა აუცილებელი საუკუნოვანი ნაცნობობა სითბოს გამოსახატავად, რომ შეიძლება ენდო და არც ინანო… და კიდევ ერთი და ყველაზე მთავარი – მაშინ მე ჩემდაუნებურად აღმოვჩნდი სრულიად მარტო უცხო გარემოში და უცხო ხალხში, ძალიან გამიჭირდა. ვთვლი, რომ ეს პერიოდი უმტკივნეულოდ რომ გადავიტანე, BNG-ის დამსახურებაცაა.

მერე მოვიდა ზაფხული და ყველა მიმოიფანტა. თითქოს გაცივდა აქაურობა. მაგრამ მოვიდნენ ახალი წევრებიც, მათ შორის ბევრი სკოლის მოსწავლე. მათ თავისებური მხიარულება შემოიტანეს ჯგუფში. რომ არ მოვიტყუო, თავიდან ცოტა გამიჭირდა შევგუებოდი რაღაც ცვლილებებს, ბევრი ახალი წევრი ერთგვარ გაუცხოებას ნიშნავდა თითქოს…

მაგრამ მოხდა საპირისპიროდ. ნელ-ნელა ყველა შეეგუა ერთმანეთს და ჯგუფში კვლავ დაბრუნდა ერთგვარი ოჯახური გარემო. ოღონდ ამჯერად ადმინის უფლება-მოვალეობების გამოყენებაც გახდა საჭირო რამდენჯერმე. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს რამდენიმე ადმინი ჰყავს, თავიდანვე ყველა ერთნაირად გრძნობდა თავს და ასეც უნდა იყოს. BNG ყველა წევრისაა და არა ადმინების, ჩვენ უბრალოდ რაღაც მოვალეობები გვაკისრია. ეს აუცილებელია ჯგუფში სიმშვიდისთვის.

ძალიან მიხარია, როცა ვგრძნობ, რომ ახალ წევრს ჯგუფში მოსწონს. რაღაცნაირად, მასპინძელივით ვგრძნობ თავს იქ და როგორც კაი დიასახლისს უხარია კმაყოფილი სტუმარი, ისე ვარ მეც.

ყველაზე მთავარი, რაც აქ მომწონს, სითბოა. ვეხმარებით ერთმანეთს, ვუზიარებთ რაღაც შთაბეჭდილებებს, ვერთობით, ვკამათობთ ან უბრალოდ ვსაუბრობთ… რამდენჯერმე ითქვა, რომ ჯგუფში ზედმეტი სითბოა,  ყველას “უყვარს” ერთმანეთი და ა.შ. ჯერ ვიფიქრე, რომ ეს სიყვარულები მართლაც შეიძლება ყოფილიყო თამაში, მაგრამ მერე რას მივხვდი იცი? თუ მე შემიძლია მიყვარდეს ჯგუფის წევრები, მართლაც კარგად ვგრძნობდე აქ თავს, რატომ არ უნდა დავიჯერო, რომ სხვაც ანალოგიურადაა?

მომწონს, რომ ჯგუფში ბევრი ახალბედა ბლოგერია, მომწონს, რომ მათ ეხმარებიან. მომწონს დილით ბევრი ნოტიფიკაცია რომ მხვდება და მომწონს კიდევ რომ ათენებენ ჯგუფში საუბრისას. მომწონს ჯგუფში ბევრი მკითხველიც რომაა. კიდევ რა მომწონს იცი? აქ ყველა რაღაცნაირად, თავისუფლადაა, არ თამაშობს “ძაან ბლოგერს” და თუ ვინმეზე მეტი იცის, უზიარებს ამ ცოდნას.

ყველაზე მეტად კი ის მომწონს, რომ სრულიად ექსპრომტად მოფიქრებული ფრაზა – “თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ ვოლზე”, ამართლებს.

ფაქტია, რომ გვირილას პროფაილი BNG-სთვის შეიქმნა და ამ ჯგუფის გარეშე წარმოუდგენელია პროფაილის არსებობაც.

მიხარია, რომ ეს თეგ-თამაშია და ჯგუფის ერთ-ერთმა ახალმა წევრმა, მელომოჰოლიკმა დაიწყო. არავის დავთაგავდი, ჯგუფის შექმნის იდეის ავტორის, აქსიომას აზრი რომ არ მაინტერესებდეს. ხოდა, აქსიომ, გისმენ 😉

შენ კი, თუ ამას კითხულობ და არ ხარ BNG-ში, გეპატიჟები: welcome!

ერთი წელი

ზუსტად ერთი წლის წინ, დაახლოებით დღის ამავე მონაკვეთში, სამსახურში ვიჯექი და რამდენიმე დღის წინანდელი ბანკეტის ამბები მიტრიალებდა თავში. გასახსენებელი კი არც ისე ბევრი იყო და ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჯგუფელებს მეორე დღის აღსანიშნავად “ჩანჩქერზე” წასვლა გადაეწყვიტათ. დიდხანს რომ არ გამიგრძელდეს, ვიტყვი, რომ დღე საკმაოდ დატვირთული გამოდგა და ამის მიზეზი მხოლოდ “ჩანჩქერი” არ ყოფილა. ხოდა, სწორედ ამაზე ვწერდი 2010 წლის 26 ივლისს, ბლოგის პირველ პოსტში.

ამ პირველი, მართლაც რომ სულელური პოსტით დავიწყე ე.წ. “ბლოგინგი” და ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო “სამყარო” აღმოვაჩინე.  გარდა იმისა, რომ რამდენიმე მეგობარი შევიძინე, ძველი პოსტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წერაც სკმაოდ დავხვეწე.

ფაქტია, რომ ამ დროში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ყველაფერს ბლოგს ვერ “დავაბრალებ”. “გვირილა” ჩემთვის არასდროს  ყოფილა სერიოზული საქმე და როგორც ერთი წლის წინ, დღესაც ვფიქრობ, რომ ბლოგი უპირველესად არის ჩემი და შემდეგ მკითხველის. შესაბამისად, ვწერ ჯერ საკუთარი თავისთვის და შემდეგ მკითხველისთვის. ვაღიარებ, რომ ხშირად ისეთ დროს დამხმარებია “გვირილა”, ვერაფრით რომ წარმოვიდგენდი. უბრალოდ ვწერდი და ვთავისუფლდებოდი რაღაცისგან. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ვწერ საკუთარი თავისთვის. თუმცა, მხატვრულ წერაზე აქცენტი არასადროს გამიკეთებია, ვწერ ისე, როგორც ვგრძნობ და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მიხარია თითოეული ახალი მკითხველი და მათი შეფასება, თუნდაც კრიტიკული. მაგრამ ვცდილობ ეს არასდროს გახდეს მკითხველის აზრზე ფიქრის საფუძველი, რადგან, როგორც კი ამაზე ვფიქრობ, საშინლად ვიკეტები და ვიზღუდები. ამიტომაც, ვცდილობ არ ვიფიქრო მკითხველზე და ვწერო ისე, როგორც მე მინდა.

გარდა იმისა, რომ ბლოგს “ვეუბნებოდი” იმას, რაზეც ზოგადად არ ვსაუბრობ, რამდენიმე თვის წინ სწორედ ის დამეხმარა გადამელახა არც ისე მარტივი პერიოდი, როცა სრულიად უცხო გარემოში, სრულიად მარტო აღმოვჩნდი. აქ ვამბობდი იმას და ისე, როგორც ვფიქრობდი. აქვე ვნახე რამდენიმე ბლოგი, რომელთა ავტორებთან ურთიერთობას ჰქვია ვირტუალური, მაგრამ უფრო მეტია. აქსიომა, შიო, თეა, ფინიკი, heart1ess, სანდრო, ნინიკო, მაცო, ჯესი, ნიკა და სხვები დღეს ჩემთვის სწორედ ასეთი მეგობრები არიან  და მათთვის მე დავთმე (ზოგ შემთხვევაში ჩემდაუნებურად :-)) ყველაზე ძვირფასი, რაც ბლოგზე მქონდა – საკუთარი ანონიმურობა. თუმცა, რამდენიმე მათგანიც ანონიმი იყო და საკუთარი თავის “გამჟღავნებით” ქვეცნობიერად მიბიძგეს ამისკენ. სხვა რამდენიმე ბლოგის ავტორთან ურთიერთობაშიც გავცდებოდი ალბათ ვირტუალურ სამყაროს, თუმცა თანაბარ პირობებში და ეს სწორედ მათი მხრიდან ანონიმურობის დათმობას გულისხმობს.

ხო, რაც შეეხება ანონიმურობას – ამაზე იმდენად ხშირად მეკითხებიან, მგონია გასაგებად ვერ ვხსნი. ანონიმურობის მიზეზი ორია: 1. ვარ ჟურნალისტი და პროფესიული ეთიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც,. საჯაროდ საკუთარი აზრების ფრქვევისგან თავს ვიკავებ. ანონიმურობა კი ამის საშუალებას მაძლევს. 2. პირადი მოტივი – უბრალოდ არ მინდა ჩემი პირადი სხვისთვის ხელმისაწვდომი იყოს, მით უმეტეს პოსტის ადრესატისთვის.

ხო, კიდევ რა მინდოდა მეთქვა… ის, რომ ბლოგმა ბოლო პერიოდში საკმაო მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის, თუმცა მე, როგორც ერთი წლის წინ, არც ახლა ვარ “ბლოგერი” და არ მივეკუთვნები “ქართველი ბლოგერების” ლამისაა კასტას 🙂 ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათთან არ ვმეგობრობ. რამდენიმე ბლოგის ავტორმა დამარწმუნა, რომ სრულიად უცნობი ადამიანი შეიძლება იყოს შენს მიმართ არანაკლებ ყურადღებიანი, ვიდრე რეალური მეგობრები. ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო ვანის ნახატები, აქსიომას პოსტი (და კიდევ უამრავი საყვარელი საჩუქარი, რომლებსაც არ ჩამოვთვლი), გიგოლის ფოტო-კოლაჟი, ნიკსოლოგის ყავა და შოკოლადი კომენტარებში, გრიოს ღია წერილი… გამაოცა მაცოს სურვილებმა და ნინიკოს წერილმა…

მოკლედ, მიხარია, რომ ერთი წლის წინ ნერვი მომიშალეს, მივვარდი ბლოგსპოტს (მერე გადმოვვორდპრესდი) და “გვირილა” დავარეგისტრირე.

ხოდა, ერთი წლისაა უკვე ჩემი ბლოგი და რავიცი, მომილოცეთ ახლა თუ გინდათ 😀

დროებით…

“…და აი, მეგობრებო, დადგა ეს ნანატრი დღეც!” – თუ როგორ იწყებენ ხოლმე გამოსამშვიდობებელ საღამოებს 😀

მოკლედ, დღეს ღამით გვირილა მოკალათდება თბილისი-ბათუმის მატარებელში და დილით, როცა გაიღვიძებს და თვალებს მოიფშვნეტს, ზღვას დაინახავს. მერე ჩანთებს სადმე დაყრის და პირველი, რასაც გააკეთებს, ზღვაში ჩახტება.

მერე გააღვიძებს მეგობრებს და მაგრად ჩაეხუტება, მათთან ერთად იბოდიალებს მთელი დღე ბათუმში და საღამოსკენ სოფელში წავა სავარაუდოდ.

სოფელში იქნება მთელი ოჯახი და კიდე კავკასიური ნაგაზის მაგვარი ბარსა, რომელიც შეხვედრისას მხრებზე თათებს შემოაწყობს და მერე კუდის ქიცინს დაიწყებს.

მერე… მერე იქნება ყველაზე გემრიელი ძილი მთელ მსოფლიოში, ასე მხოლოდ ამ სოფელში რომ შეიძლება დაიძინო და დილით უგემრიელესი საუზმე, სავარაუდოდ ხაჭაპური.

მთელი დღეები ბევრი წიგნი, მონატრებული ადამიანები და ნებივრობა, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით.

… და გვირილა დაისვენებს ძალიან მაგრად. ივლის სოფელში, ზღვაზეც რა თქმა უნდა და იქნებ ბეშუმშიც.

* * *
ხო, საათები დარჩა მატარებლის გასვლამდე 🙂 რომ ვთქვა თბილისი არ მომენატრება-მეთქი, ალბათ არ ვიქნები მართალი. ვნახოთ, ჯერ ორი თვე წინაა. წასვლამდე კი ღამის თბილისში ვისეირნე, მეტროში ჩასვლაც მოვასწარი და ესკალატორზე ქვევით დაშვებისას ზემოთკენ მივტრიალდი 😀 მაგარი სასაცილოა, გგონია სადღაც უფსკრულში ეშვები. რა თქმა უნდა ლიანდაგის გასწვრივ, მაქსიმალურად ახლოს (ჩემი სიმაღლის შიში რამდენადაც მაძლევს საშუალებას, იმდენად) გავიარ-გამოვიარე და ამ დროს მომავალი მატარებლისგან წარმოქმნილი სასიამოვნო ქარიც ვიგრძენი.

რაც შეეხება გეგმებს ამ ზაფხულისთვის, საკმაოდ მაქვს. პირველი კვირა მხოლოდ ნებივრობას დაეთმობა. მერე მინდა რამე სეზონური სამსახურიც ვიშოვო, თითქმის ოთხი თვეა არ მიმუშავია და არ მინდა მოვდუნდე და უსაქმურობას მივეჩვიო.

პარალელურად წავიკითხავ ბევრს, რა თქმა უნდა ვნახავ მეგობრებს და თუ დრო დამრჩა, იქნებ ბეშუმშიც ავიდე ერთი კვირით.

ისე მიხარია წასვლის ამბავი, ვერ ვაზროვნებ და ვერ ვხვდები კიდევ რა შეიძლება დავწერო.

ხო, ინტერნეტთან ინტენსიურდ ალბათ ვერ ვიქნები, ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, ხანდახან შემოვივლი.

და სანამ მე იქ ვიქნები, ბლოგს ძალიან ნუ მომიწყენთ, ცოდოა 😦

რამდენიმე ბლოგის ავტორს ვეპატიჟები სტუმრად. სტუმართა სია დიდია, მაგრამ არაა აუცილებელი დაწეროთ რამე, თუ არ გინდათ. ისე კი, ნებისმიერი თქვენგანის მასპინძლობა გამიხარდება.

მოკლედ, ამ ორი თვის განმავლობაში გვირილა სტუმრად იწვევს:

მოლი ბლუმი

ჭიამაია

ნინიკო

ჯესი

შიო

ფინიკი

აქსიომა

TamaRa – რომლის ბლოგი მერამდენე თვეა ინახება და ვერა და ვერ წავიკითხე საფუძვლიანად, არადა უბრალოდ თვალის გადასავლები ბლოგი არაა აშკარად.

მაცო

სანდრო

თეა

ქეთუსი

ვანი

heart1ess

სია აშკარად დიდია, მარა არა აუცილებელი. თუ რომელიმეს მოგინდებათ დაწეროთ რამე გვირილას ბლოგზე, მე მზად ვარ მასპინძლობისთვის. გარდა ამისა, თუ სხვა ვინმესაც გაუჩნდება სურვილი, აქვე დააკომენტაროს და მალევე გახდება გესტ-ავტორი გვირილასთან.
ხო, წავედი ახლა მე და ისა… მომენატრებით ^_^ ოღონდ მართლა…

%d bloggers like this: