Blog Archives

იცი რა მაგარია როცა ზომაზე მეტად დაღლილს შეგიძლია სწრაფად სიარული და ამის ენერგიას მისი ჩახუტების  მოლოდინი გაძლევს? მე ვიცი და ბედნიერი ვარ…

image

მცირე მონოლოგი

გახსოვს რამდენს ვსაუბრობდი აწმყოზე? იმაზე, რომ მთავარია აწმყო არ დაივიწყო და თუ თითოეული წამით იცხოვრებ, მომავალშიც შეძლებ გზის გაკვლევას…

იმაზე, რომ უნდა შეძლო ბედნიერი იყო ახლა და მხოლოდ მომავლის ბედნიერებით არ იცხოვრო…

იმაზე, რომ უნდა გადახედო შენს კრიტერიუმებს ბედნიერებისთვის, იქნებ შეიცვალა რამე და ახალი პუნქტებია ჩასამატებელი, რამდენიმე ძველი კი აღარაა საჭირო…

იმაზე, რომ იცოდე რა არის შენთვის ბედნიერება ამ კონკრეტულ მომენტში…

სრულყოფილება გიგრძვნია? მე კი… იცი როდის? როცა ერთად ვართ, როცა მის მკლავებში ვარ და სული მეხუთება ბედნიერებისგან…

ადრე მეშინოდა…

მეშინოდა გრძნობების…

მეშინოდა რომ მეტკინებოდა და უფრო მეტად იმის მეშინოდა რომ ვატკენდი…

მერე ბედნიერების მეშინოდა, მეგონა რომ არ არსებობს ასე კარგად ყოფნა, რომ ეს ადრე თუ გვიან დამთავრდება…

ერთ რამეს მივხვდი – ყველაფერი აუცილებელი, რაც მჭირდება, უკვე მაქვს.

სითბო მაქვს, ჯერ კიდევ ზამთრიდან მომყვება და გაყინულ ხელებს მითბობს…

გრძნობა მაქვს, რომელიც არ ვიცი საიდან, როდის, ან რატომ მოვიდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს.

ადამიანი მყავს, ადამიანი რომელიც მაბედნიერებს…

ბედნიერი ვარ რომ ვიპოვე, რომ ზუსტად ის ვიპოვე და არა სხვა.

და მე ისევ იმ აზრზე ვარ – ჩემი სიყვარული არ იქნება მატერიალური.

მე მინდა ნულიდან დავიწყოთ და ჩვენი ხელით შევქმნათ ყველაფერი, ერთად…

მე არ ვგეგმავ მომავალს, არ ვიცი რა იქნება ხვალ. მხოლოდ ის ვიცი, რომ მინდა ჩემს მომავალში არსებობდეს, აუცილებლად…

მინდა ყოველი დღე მისი კოცნით იწყებოდეს და მთავრდებოდეს…

მინდა შემეძლოს მასზე ვიზრუნო, მინდა ჩემთან კარგად იყოს.

ხანდახან პატარა ბავშვივით მომეხუტება ხოლმე და მე მგონია რომ შემიძლია დავიცვა, გავაძლიერო…

და ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? მეც ასევე შემიძლია მივეხუტო, თავი პატარა ბავშვი მეგონოს, ვიბუზღუნო და ვიცი რომ ჩემს გვერდით იქნება…

მე არ ვიცი რა იქნება ხვალ, მაგრამ ძალიან მომწონს დღეს…

და ხვალ სრული სიცარიელეც რომ იყოს, ერთი რამ ნამდვილად ვიცი – დღეს იმდენად ლამაზია ყველაფერი, ეს ამად ღირს.

ვიცი რომ არ დავფრინავ ღრუბლებში და ამ ყველაფერს იმიტომ არ ვამბობ, რომ ახლა მეჩვენება ლამაზად და მერე შეიძლება სხვაგვარად იყოს. არანაირად…

ისიც ვიცი, რომ დატვირთული დღის შემდეგ ფაქტიურად ერთადერთი პოზიტივი მაქვს და ეს პოზიტივი იმხელაა, ყველა ნეგატივს ამარცხებს.

კიდევ ის ვიცი, რომ ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ.

და მინდა შენც იყო ასე… ხო, შენ, რატომღაც რომ შემოდიხარ ჩემს ბლოგზე, ამ ნაბჟუტურებს კითხულობ, გესმის ან არ გესმის ჩემი… ამას რა მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ მინდა შენც ასე იყო, ასე გიყვარდეს და ასე უყვარდე, იმიტომ რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, მართლა…

შენთან…

რა კაია შენთან…

სხვანაირად ვარ, სრულყოფილად…

რაღაცნაირად, მშვიდად…

აბა როგორ შეიძლება არ ვიყო კარგად, როცა ისე მიყურებ, თითქოს… თითქოს შეუფასებლად ძვირფასი ვიყო.

პატარა ბავშვივით რომ მაჭმევ სალათს და რაღაცებს მატყუებ რომ ბევრი ვჭამო 🙂

ახლა საშინლად მინდა წვიმაში ვისეირნო, შენთან ერთად… ჩემი ხელი გეჭიროს შენებურად, თბილად და ათას სისულელეზე ვსაუბრობდეთ.

ადრე მეგონა რომ ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და არ შეიძლებოდა ასე კარგად ყოფნა რეალური ყოფილიყო. ახლა მივხვდი რომ შესაძლებელია.

შესაძლებელია ჩახუტება საკმარისი იყოს ბედნიერებისთვის…

შესაძლებელია საათები ისე გავიდეს, ვერ გაიგო…

შესაძლებელია “სხივისი” ტკივილი გტკიოდეს და სიხარული გიხაროდეს…

შესაძლებელია გიყვარდეს ისე რომ… თითქოს სული გეხუთება…

შესაძლებელია სიმაღლის გეშინოდეს, მაგრამ ხიდიდან ჩახუტებული გადმოხტომა დიდი სიამოვნება იყოს 🙂

შესაძლებელია ისე გენატრებოდეს, ისე, რომ…

შესაძლებელია იყო ბედნიერი და აცნობიერებდე ამას, აწმყოში! და ეს გაძლევდეს სტიმულს იმისთვის, რომ მომავალში კიდევ უფრო ბედნიერი იყო.

შესაძლებელია გინდოდეს იზრუნო ვინმეზე, მოუარო, თბილად გყავდეს 🙂

მე მომწონს “ჩვენ”… და ყველაფერი ის, რაც ჩვენია.

გახსოვს, ადრე მინდოდა გავმქრალიყავი ცოტა ხნით, სხვა სამყაროში გადავსულიყავი… ახლაც ასეა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მინდა შენთან ერთად დავიკარგო სადმე…

რა კაია შენთან…

“ბედნიეროფობია” (?)

ადამიანებს ბედნიერების გვეშინია. უფრო ზუსტად, იმის აღიარების, რომ ბედნიერები ვართ.

ფსიქოლოგიურ დასკვნებს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, არ ვარ კომპეტენტური 🙂 მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც გვიდგას წინ, გვეღობება.

აბა რა, მაგარია, როცა ყველას ჰგონია, რომ უბედური ხარ, ეცოდები. თან არავის შურს შენი 🙂

მიხარია, რომ მე არ დამიკარგავს ბედნიერების შეგრძნება. და მიხარია, რომ მარტო მე არ ვარ ასე.

ადამიანები ძალიან ცოტას ვცხოვრობთ იმისთვის, რომ თუნდაც წამები დავუთმოთ უბედურებას. ცხადია, არის მომენტები, როცა რაღაცის შეცვლა ჩვენს ძალებს აღემატება. ჩვენ ვერ შევცვლით იმას, რომ ადამიანები მიდიან. და ეს ყველაზე დაუძლევენ წინაღობად მიმაჩნია ცხოვრებაში. სამაგიეროდ ახლები იბადებიან, ეს კანონზომიერებაა და ამას ვერ შევცვლით.

მაგრამ სხვა დანარჩენი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენს ცხოვრებას ჩვენვე ვქმნით. მე თუ რაღაც არ მომწონს ჩემს ყოველდღიურობაში, ეს ჩემი ბრალია. შემეძლო რაღაცეები უკეთესად გამეკეთებინა და სხვაგვარად იქნებოდა.

იმისთვის, რომ ბედნიერი იყო, ჯერ უნდა იცოდე როგორია შენთვის ბედნიერება. გინდა ბედნიერებით სავსე დიდი ყუთი ცხოვრების ბოლოს თუ ყოველდღიური პატარ-პატარა ბედნიერებები?

ყველა ვიბრძვით რაღაცისთვის, მთავარია ვიცოდეთ რაა ბოლოსდაბოლოს ეს რაღაცა. მე ვიცი რაა ჩემი ბედნიერების ყუთი, ოღონდ ცხოვრების ბოლოს არაფერში მჭირდება. რამდენმე ნაწილად დავყოფდი იმ ყუთს და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მექნებოდა საკმაოდ დიდი ბედნიერება. მინდა ვიცხოვრო ამ ბედნიერებით, ისე, როგორც ზღაპრებშია – მოთხრობა მთავრდება, მაგრამ ცხოვრება არა.

ვიცი, რომ ის დიდი ყუთი აუცილებლად დაიყოფა რამდენიმე მოზრდილ ნაწილად და მეც რამდენჯერმე ვიქნები სულის შეხუთვამდე ბედნიერი. თუმცა მანამდე მე პატარ-პატარა ბედნიერებებიც მაქვს, ყოველდღიური.

ძალიან მინდა მსოფლიოში ყველა ადამიანს შეეძლოს ბედნიერება და იმის აღიარებაც, რომ სინამდვილეში ბედნიერია. ბედნიერება ინდივიდუალურია და მე თუ ხელიხელჩაკიდებული სიარული მაბედნიერებს, ვიღაც შეიძლება პურის ერთი ნაჭერით უფრო გაბედნიერდეს. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია რომ ორივე ბედნიერებაა.

მიხარია, რომ ვგრძნობ ყოველდღიურ ბედნიერებებს.

მე ყოველ დღე ვარ ცოტათი ბედნიერი.

შენ ხარ ბედნიერი?

ბედნიერება

ბედნიერება ორი სახის არსებობს – ისეთი, როგორიც წარმოგიდგენია და ისეთი, როგორიცაა სინამდვილეში.

… შემოდგომაა. სუსტი, მაგრამ თბილი სიო იგრძნობა და ფეხქვეშ ხმელი ფოთლები ხრაშუნებენ. ცა ისეთია, როგორიც უნდა იყოს – ცის ფერი. ვუსმენ გემრიელ მელოდიას და მინდა მეც ვიღიღინო.

… პლიაჟზე მივსეირნობთ უხმოდ, ფეხქვეშ მოქცეული ქვიშის ხმა გვესმის. ზუსტად ის დროა, როცა მზეც ზღვაში ჩახტომას გადაწყვეტს და ცა წითელ შეფერილობას იღებს. ორივე ერთდროულად ვჩერდებით და მზეს ვაკვირდებით. ვგრძნობ, რომ სადღაც სხვა სამყაროში გადავდივარ და ხელზე ხელის მოჭერა მაფიქრებინებს, რომ იქ მარტო არ ვარ.

… ვხედავ შენს სახეს, მიხარია ღიმილს რომ ვერ იკავებ ჩემი დანახვისას და მეც მეცინება. ვუსმენ შენს ძველებურ, ვითომ საქმიან ტიტინს და რაღაც მიხარია.

… ხელიხელჩაკიდებულები მივდივართ და ათას სისულელეზე ვსაუბრობთ. ერთ ხელში რბილ და ფაფუკ ხელს ვგრძნობ, მეორეში თითქმის ძვლებს 🙂 ორივე ხელი თბილია, ძალიან თბილი და თითქოს ძალას მმატებს.

… ვსეირნობთ. გრანდიოზულად გაწვიმდა, სეტყვასაც ურევს. საკმაოდ ცივა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად სასიამოვნოა. ადამიანები ფანჯრებს მიღმა დგანან, ჩვენ კი გავრბივართ და რატომღაც ვიცინით.

… ვკითხულობ და თან მწარე ყავას ნება-ნება ვწრუპავ. გარედან წვიმის ხმა მესმის, ალბათ ცივა კიდეც, ჩემი პლედი ძალიან თბილია და ვერ ვგრძნობ სიცივეს. ფანჯრიდან ვიხედები. ვიღაცეები გარბიან და იცინიან. მეც რატომღაც მეღიმება…

… მზის სხივი მაღვიძებს, თვალებს ვიფშვნეტ და ფეხებს რატომღაც კედელზე ვაწყობ, ვაკვირდები თითების განლაგებას და ვფიქრობ არაფერზე.

… პატარა, მყუდრო ზღვისპირა ქალაქში ვარ. მსუბუქად წვიმს და ვიწრო ქუჩებში დავსეირნობ.

… ქუჩაში დავბოდიალებ და მუსიკას ვუსმენ. ვიტრინებში საკუთარ თავს ვათვალიერებ და ჩემდაუნებურად მეღიმება. რატომღაც ნაბიჯს ვუჩქარებ, ცაში ვიხედები და თითქოს გული იბერება, მოცულობაში იზრდება.

… გვიანი გაზაფხულია. ბათუმის პარკი იისფერია, რადგან დეკას მაგვარი ყვავილები აფეთქებულა. ფეხაკრებით მივდივარ ერთ-ერთ ბუჩქთან, “ვპარავ” ერთ ცალ ყვავილს, თმაში ვირჭობ და რატომღაც მიხარია.

… ღამეა. პლიაჟზე ვყრივართ. ვუსმენთ ზღვას, თან ერთ კონკრეტულ ვარსკვლავს მივჩერებივართ და ვფიქრობთ კვლავ არაფერზე.

… შემოდგომაა. ბათუმის ქუჩებში იმ ყვავილის სუნი ტრიალებს, მხოლოდ ამ ქალაქში რომაა და თამამად შეიძლება ეწოდოს ბათუმის სურნელი. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და იმ ხეს ვეძებ, საიდანაც ეს სურნელი მოდის.

… ისე ვარ, თითქოს შუშანიკის შვილმა ჩამიარა – რაღაცა რომ გიხარია და არ იცი რა (მარტო ამ ფრაზის გამოც ღირდა “შუშანიკის შვილების” წაკითხვა).

… ვრწმუნდები, რომ ვიღაცას შეუძლია ჩემთვის რაღაც, თუნდაც ელემენრატული გააკეთოს.

… დამშვიდობების დროა. ახლა გვახსენდება ყველა ძველი თუ ახალი ამბავი და მოყოლას ვიწყებთ. მერე ყველა სახის დასამშვიდობებელ სიტყვას ვამბობთ და რაღაცნაირად, თითქოს უკმაყოფილოდ, მაგრამ მაინც ბედნიერები ვშორდებით ერთმანეთს.

კი, ნამდვილად, ბედნიერება ორი სახის არსებობს – ისეთი, როგორიც წარმოგიდგენია და ისეთი, როგორიცაა სინამდვილეში.

%d bloggers like this: