Blog Archives

სახლი

უკვე მერამდენე დღეა დილით სახლის ხმები მაღვიძებს.

სახლის ხმები როგორია იცი? ფეხის ხმა რომ გესმის და იცი დედამ ჩაიარა, მამამ, დამ თუ ძმამ.

სამზარეულოდან ხმები რომ მოდის და დარწმუნებული ხარ გემრიელ საუზმეს გიმზადებენ.

კარების ხმით რომ ხვდები ვინ გამოვიდა ოთახიდან.

ონკანის ხმა რომ გესმის და ზუსტად იცი ვინაა სააბაზანოში.

ტელევიზორი რომ ხმაურობს და ხვდები რომელ არხზეა გადართული, რა გადაცემაა იქ და ვინ უყურებს საქმესთან შეთავსებით.

რომ გგონია თვალს გაახელ, მხარს იცვლი და მეორე საწოლს დაინახავ, რომლიც ტრადიციულად ცარიელი იქნება, იმიტომ რომ სალომემ უკვე გაიღვიძა.

ოთახში ვიღაც რომ შემოდის და დარწმუნებული ხარ უნდა გაგაღვიძონ და ფრთხილად გაგახსენონ,  რომ გაგვიანდება.

ხო, ესაა სახლის ხმები და უკვე მერამდენე დღეა, გავიღვიძებ თუ არა მესმის. მერე ვახელ თვალს, ვხვდები რომ ჭერი ჩემი სახლის არაა და არც ხმებია იქაური.

სოფელში თოვლი დადოო, მანქანები ვერ დადიანო… ახლა ალბათ “ფეჩთან” სხედან და ყველა თავის საქმეს აკეთებს – კითხულობს, წერს ან კროსვორდს ჩაჰკირკიტებს. ტელევიზორი ჩართულია, მაგრამ არავინ უყურებს. ალბათ ბარსა მოწყენილი ზის თავის სახლში…

__________________________________________

რაც ძალიან მენატრება, იმაზე ბევრს არ ვფიქრობ ხოლმე. სადღაც დალექილია ეს მონატრება და დროდადრო წამოტივტივდება. მანამდე კი მთელი დღეები თითქოს არც არსებობს. ასე უფრო მარტივია…

მაგრამ ხანდახან ძალიან მინდა იქ, ჩემს სახლში… მერე რა, რომ თითქოს არასდროს მომნატრებია სახლი და ყოველთვის შემძლო სხვაგან კომფორტულად ვყოფილიყავი. მერე რა, რომ ერთ კვირაზე მეტხანს ვეღარ გავძლებ ალბათ იქ და ისევ წამოსვლა მომინდება. უბრალოდ, მომენატრა…

და არ მინდა ხვალ დილითაც სახლის ხმა გავიგო…

რაცხა :)

ადრე ვამბობდი, როცა სადმე მიდიხარ, რაღაცას ტოვებ, ან რაღაც მიგაქვს თქო. მაშინ ყველაფერი მიმქონდა, ახლა ცოტას დავტოვებ 🙂

ისე, ჩუმად და რაღაცნაირად გავიდა ერთი წელი, ძალიან დატვირთული და საინტერესოც. წლის შეჯამებას არ დავწერ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ბევრი სირთულის მიუხედავად, მაინც თბილი წელი გამოვიდა.

ხანდხან მციოდა, ნოემბრის თოვლში განსაკუთრებით. ზაფხულშიც მციოდა, გაზაფხულზე კინაღამ გავიყინე. ზამთარში გავთბი სამაგიეროდ. თოვლში და ყინვაში მე არ მციოდა.

ახლაც თბილად ვარ. არადა, ცა ისეთი ნაცრისფერია, ახალ წელს თოვლი უნდა მოვიდეს. უხდება ახალ წელს თოვლი და დიდი, თეთრი ფიფქებიც საშინლად ლამაზია.

თუმცა, მე ახლა ბათუმის თოვლზე უნდა ვფიქრობდე. რამდენიმე საათში გავა თბილისი-ბათუმის მატარებელი, რომლის ერთ-ერთი მგზავრი მე ვიქნები.

ხვალ დილით უკვე ბათუმში გავიღვიძებ და სახეს იქაურ ქარს შევაგებებ, “თბილ”-ისის ქარზე უფრო თბილს.

ჯერ ზღვას დავინახავ, მანქანიდან კი ბათუმს დავაკვირდები და სადღაც გულში რაღაც გალღვება. მერე კვლავ სირბილით ავირბენ სამ სართულს, კარებთან ისევ დავისვენებ და შემდეგ დავაკაკუნებ.

ვიბოდიალებ მშვიდი ბათუმის თითქმის ცარიელ ქუჩებში, აივნებიდან ვიგრძნობ ახალი წლის სურნელს და მერე იაკოს და სალოს ჩავეხუტები გემრიელად.

საღამოს სოფელში წავალ. პირველად ბარსა შემომეგებება, ალბათ ვერც მიცნობს თავიდან, ერთი წუთის მერე კი აქეთ-იქით სირბილს დაიწყებს და მილიონჯერ დამეჯახება. ძლივს მოვახერხებ გასხლტომას და სახლში შევაბიჯებ. მოვივლი ყველა ოთახს და დავათვალიერებ. ახალი არც არაფერი დამხვდება, მაგრამ მაგისთვის არც შემოვსულვარ.

სამზარეულოდან ერთმანეთში არეული უამრავი გემრიელი სურნელი გამოვა. დედაჩემი და ჩემი და კვლავ იკამათებენ რომელიღაც კერძის რომელიღაც ინგრედიენტის თაობაზე. მე “ფეჩთან” დავჯდები და ჩემს ძმას ამბებს გამოვკითხავ. მერე ავდგებით და ახალ წლამდე ორი საათით ადრე ერთად მოვრთავთ ნაძვის ხეს.

მერე დავეხმარები მაგიდის გაწყობაში და ახალ წელს დაველოდები.

12-ს რამდენიმე წუთი რომ დააკლდება, ჩემი ძმა გაამზადებს შუშხუნას, რომლის ზომა და ფასი ჩემი ძმის ზრდის პარალელურად იკლებს. რომელიღაც მეზობელი აუცილებლად გაუშვებს შუშხუნებს უფრო ადრე, ვიდრე საჭიროა. 12 საათზე უკვე მთელი სოფელი ცეცხლისფერი გახდება. ფანჯარას გამოვაღებ და ცივი ჰაერი შემოვა, რომელსაც ახალი წლის სუნი მოყვება. როგორც ყოველ ახალ წელს, წელსაც გამკრავს გულში რაღაც უცნაური გრძნობა, რომელსაც არ ვიცი რა ჰქვია და რომელიც ყოველი 31 დეკემბრის ღამეს განწყობას მიფუჭებს.

ფანჯარას დავხურავ და მაგიდას მივუჯდები. მამაჩემი ჭიქას აიღებს ხელში და სადღეგრძელოს არატრადიციულად იტყვის. მაშინ ვგრძნობ, რომ შეიძლება სადღეგრძელო იყოს გულწრფელი და არა დაზეპირებული. ღვინოს ოდნავ გაუსინჯავს გემოს, ყველას სათითაოდ მოგვილოცავს და სუფრას ჩემს ძმას მიანდობს. ისიც იტყვის პირველ სადღეგრძელოს, ოღონდ უფრო დახვეწილად, ვიდრე წინა წლებში. ჭიქას ბოლომდე დაცლის და აივნიდან გრუხუნის ხმასაც გავიგებთ. ყველამ ვიცით, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი, მეზებელი და თან ბიძაშვილი მოვიდა. ყოველ წელს პირველი სტუმარია. თუმცა შარშან შუშხუნის ხმამ ბარსა შეაშინა და პირველი ის შემოვარდა, თან კარის შემომტვრევით 😀

პირველს მეორე და ა.შ. სტუმარი მოყვება, მერე ყველანი უკვე ჩემს ძმასთან ერთად გაყვებიან შემდეგი მეზობლისკენ. დედაჩემი და მამაჩემი რამდენიმე საათი დაელოდებიან სტუმრებს და მერე საძინებლისკენ გაიპარებიან. მე და ჩემი და რამე სისულელეს ვუყურებთ რომელიმე არხე და ერთმანეთს დაგროვილ ამბებს მოვუყვებით.

დილით მორიგი შუშხუნის ხმა გამაღვიძებს. გავბრაზდები და ბუზღუნს დავიწყებ. ჩემი და მეტყვის, რომ სტუმრებს თვითონ მიხედავს, ოღონდ მეც უნდა გამოვიდე. მე მაინც ვეწუწუნები, რომ ძილი მინდა, თორემ სუფრის გაშლა კი არ მეზარება 😀 მერე შემრცხვება და გამოვძვრები თბილი საწოლიდან იმ იმედით, რომ ხვალ დილით დიდხანს და გემრიელად ვიძინებ.

სამი დღე სახლიდან არ გავალ, დავჯდები “ფეჩთან” და რამეს წავიკითხავ. დროდადრო ფანჯარაში გავიხედავ, სადაც იმედია თოვლის ფანტელებს შევნიშნავ. აუცილებლად გამახსენდება თბილისი და აქაური თოვლი. და არამარტო. მერე მომენატრება ეს ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე. ტელეფონიც დროულად ახმაურდება და მესიჯის ტექსტის წაკითხვამდე გამეღიმება. მერე ალბათ პირველად ამ წლის მანძილზე, მომინდება მალე დავბრუნდე “თბილ”-ისში.

 

ორი დღე

როცა მთელი დღეები გარეთ ხარ, ზოგჯერ არასამუშაო საათებშიც კი მუშაობ (რატომღაც) და სახლში დაღლილი და ისეთი მოშიებული მიდიხარ, რომ მადა აღარ გაქვს, შაბათ-კვირა სოფელში სამოთხედ გეჩვენება. უკვე ორშაბათიდან ითვლი დღეებს შაბათამდე და პარასკევს, მთელი კვირის ტვირთჩამოხსნილი, მშვიდად მიემგზავრები ქალაქიდან არც ისე შორს, მაგრამ მაინც სოფელში.

აქაური ძილი მთელს მსოფლიოში ყველაზე გემრიელია. იძინებ და იღვიძებ მაშინ, როცა გინდა. არანაირი გეგმები, მთელი დღე დამოკიდებულია შენზე.

სოფელში ჩემი დილა 12:00 – 13:00 საათზე იწყება. საუზმედ რამე გემრიელობა მელოდება, რის შემდეგაც აუცილებლად ბაღჩას ვსტუმრობ და რომელიმე ხილს ვესხმი თავს. ამ შაბათ კვირას ყურძნის და ლეღვის გარდა არაფერი დამხვდა, მაგრამ არაუშავს.

ესეც ყურძენი ჩემი სოფლიდან :-)

ესეც ყურძენი ჩემი სოფლიდან 🙂 გადასარევი ხარისხის ვერაა, მარა გემრიელია ^_^ "ადესას" ეძახიან ამ ჯიშს.

მერე იწყება კალათბურთი. ვთამაშობ ძირითადად ჩემს ძმასთან ან ბარსასთან ერთად, ჩემი ძმა მითმობს და ბარსას ისედაც ვუგებ 😀 ხანდახან მარტოც ვთამაშობ, თამაშის წესები მაინც არ ვიცი და არც ბურთისთვის ბრძოლა შემიძლია, ამიტომ დიდი განსხვავება მაინც არაა. ფარში ჩაგდება ჩემდა გასაკვირად გამომდის, ამიტომაც ჩემი ღრმა რწმენით, კალათბურთში სწორედ ესაა მთავარი. ხოდა, დავსდევ მთელი დღე ბურთს 🙂

“კალათბურთს” რამდენიმე მიზეზით ვანებებ თავს – კითხვა/წერა მინდა, ჩემი და მეხუთედ მეუბნება, რომ სადილის დროა ან სტუმრები მოვიდნენ. ეს უკანასკნელი ამბავი ძალიან ხშირად ხდება (არადა, საშინლად არასტუმართმოყვარე ადამიანი ვარ), ძირითადად ჩემი დის გადაპატიჟება-გადმოპატიჟების წყალობით (როგორ არ ბეზრდება!). მეც ვაგდებ ბურთს და ვიწყებ ბავშვებთან თამაშს, რომლებიც აუცილებლად იქნებიან სტუმართა შორის. თუ გამიმართლა და ჩემი ბავშვობოს მეგობრის ოჯახი მოვიდა, ბავშვთან ერთად ვიპარები გარეთ და ვცეკვავთ. რატომ ვცეკვავთ არ ვიცი, ერთხელ ვერ იყო კაი განწყობაზე და ცეკვა მოეწონა, ხოდა, ახლა ისე მიეჩვია ამას, როგორც კი მხედავს, ცეკვას იწყებს, თან თმას იშლის და ფეხსაცმელებს იხდის, გამომდინარე იქედან, რომ მე მსგავს ფორმაში მხედავს 🙂 მერე ვრთავთ რამე მხიარულ მელოდიას და ვცეკვავთ მანამ, სანამ ორივე იატაკზე არ დავეყრებით (სხვათაშორის, ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი უკვე არსებობს და მისი ოპერატიული განადგურებისთვის საჭიროა ჩემი დის ტელეფონის ხელში ჩაგდება :-D). ზოგადად, ბავშვების გართობაში მონაწილეობის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ეს ბავშვი განსაკუთრებით მიყვარს, ჩემი ბავშვობის მეგობრის და პარალელურად “რაღაცნაირი ბიძაშვილის” შვილი რომაა ალბათ იმიტომ.

საღამოს ისევ ვუბრუნდები კალათბურთს და ახლადდამწიფებული ყურძნის სურნელის თანხლებით ვთამაშობ მანამ, სანამ ფარის დანახვა შესაძლებელია. მერე ბარსას ვათავისუფლებ (ვინაიდან და რადგანაც ძაღლი საკმაოდ დიდია, მეზობლებს ეშინიათ და დღის განმავლობაში ბარსას თავისუფლება აღკვეთილია უმეტესწილად) და მთელი სისწრაფით გავრბივარ სახლისკენ, რადგან მადლიერების ნიშნად აუცილებლად ჩამეხუტება.

ესეც ჩემი ბარსა. სავარაუდოდ მეუბნება - "გადი ქალო იქით, დამანებე თავი!" :-D

ესეც ჩემი ბარსა. სავარაუდოდ მეუბნება - "გადი ქალო იქით, დამანებე თავი!" 😀

ბარსას ხვევნა-კოცნას გადარჩენილი შევრბივარ სახლში, სადაც ყველა უკვე ტელევიზორთან მოკალათებულა. თუ რამე სასაცილოა, მეც ვრჩები, თუ არადა, ვიღებ წიგნს/ბლოკნოტს, ტელეფონს და გადავდივარ სხვა სამყაროში, რომელიც სადღაც ძილსა და სიფხიზლეს შორის მდებარეობს.

სოფელში

ერთხელაც გადავიღებ ფოტოებს ჩემ სოფელში ^_^

ერთხელაც გადავიღებ ფოტოებს ჩემ სოფელში ^_^

სიცივის შეგრძნება და წვიმის ხმა მაღვიძებს. ვცდილობ არ გამოვფხიზლდე, საბანს ვქაჩავ და მხრებს ვიფარავ. ჩემი დის ცარიელი საწოლი მაფიქრებინეს, რომ მალე საუზმეზე დამიძახებენ და ვცდილობ მაქსიმალურად დავტკბე ძილის ბოლო წუთებით.

კითხვის დაწყებას აზრი არ აქვს. ისევ ტელეფონს გადავწვდი. ერთი უმნიშვნელო მესიჯი, ახალი არაფერი. ძველისგანაც ვათავისუფლებ ტელეფონს და გონებას. 11-ს გადაცდა უკვე.

– გაცივდა ხაჭაპური! – მესმის დედაჩემის ხმა.

სასიამოვნო სიგრილეა. თბილად ვიცმევ და სასაუზმოდ გავდივარ.

დილის ყავის და უგემრიელესი მეგრული ხაჭაპურის შემდეგ სიამოვნებით ვალაგებ სახლს  MTV-ს მუსიკალური გაფორმების ფონზე.

დედაჩემს ახალი ატამი მოუტანია, მაგრამ სოფელში ხილს “ადგილზე მიტანით” იშვიათად ვჭამ. მირჩევნია თვითონ ვიშოვო “ბაღჩაში” (ბაღი აჭარულად :-)).

იმ მოტივით, რომ თითქმის მთელი ბავშვობა აქ გავატარე და თვითონაც ვიცი რაღაცეები, ყურადღებას არ ვაქცევ ჩემი დის რჩევას იმის შესახებ, რომ ფეხსაცმელი, რომელსაც ვიცმევ ბაღჩაში ჩასასვლელად, სრიალებს. ხოდა, პირველივე მოსახვევში მოვადინე ზღართანი 😀 ვერავინ მხედავს, მეც ჩუმად ვიფერთხავ მტვერს და გზას უფრო ფრთხილად ვაგრძელებ.

თითქოს ჩქარი ნაბიჯების ხმა და ქოშინი მესმის. უკვე ვიცი, რომ დაღმართზე ჩემი ძაღლი, ბარსა მორბის ენაგადმოგდებული და ბებერი მსხლის ხეს ვეყრდნობი. ეს თუ დამეჯახა, დამთავრებულია ჩემი საქმე 🙂

გადავრჩი.ვაგრძელებ გზას. ჯერ რამდენიმე თხილის ხეა, სულ ახლახანს დარგო მამაჩემმა და წელს პირველი მოსავალი აქვს. ამიტომ, მკაცრად ვართ გაფრთხილებული, რომ მთლად არ შევჭამოთ, რადგან რამე მეგრული გემრიელობა უნდა გააკეთოს დედაჩემმა პირველი მოსავლით.  რა ჩემი ბრალია, რომ ახალი თხილი ყველაზე მეტად მიყვარს და ხეებიც იმდენად დაბალია, ცდუნებას ვერ ვუძლებ.

ატმის ხეებთან უკვე თხილით ჯიბეებ გამოტენილი ჩავდივარ. რამდენიმე ახალი ჯიშიც გამოუყვანია მამაჩემს. ხელით ვამოწმებ ატმის სირბილის ხარისხს (გადამწიფებული ხილი არ მიყვარს) და მხოლოდ შემდეგ ვკრეფ.

დედაჩემი მეძახის დაფნა წამომიღეო. გადავდივარ იქ, სადაც მწვანილები მეგულება. ოხრახუში, ქინძი, კამა… – დაფნა არსად არ ჩანს. მერეღა მახსენდება, რომ დაფნა ხეა. მიხარია, რომ ვერავინ მხედავს.

ვეძახი ბარსას და ერთად მივდივართ უკვე აღმართზე, თან ატამს შევექცევი

– ბარსა, გინდა ატამი?

ბარსას თავი მარჯვნივ გადაუწევია, ენა გადმოუგდია და უხმოდ მიყურებს.

– არც თხილი?

ერთიც გამომხედა სახით “მთლად გააფრინე შენ!” და ზოზინით აუყვა აღმართს.

დაფნის ფოთლებს სამზარეულოს მაგიდაზე ვყრი და ვიძურწები, არ მინდა დედაჩემმა თხილით გაძეძგილი ჯიბეები შენიშნოს. ვპოულობ წიგნს, ბლოკნოტს და მეორე სართულზე მიმავალ კიბეს მივყვები. ვჯდები აივანზე და თხილს ვაკნატუნებ, თან წიგნში იმ ადგილს ვეძებს, სადაც შევჩერდი.

ქვემოდან დედაჩემის ხმა მესმის:

– თხილს კბილით ნუ ტეხავ!..

%d bloggers like this: