Blog Archives

Okay

We'll be okay :)

We'll be okay 🙂

ვერასდროს ვხვდებოდი რატომ იყო სანთლის შუქზე სადილობა რომანტიკული.

ვერც ახლა.

თუმცა, ზოგადად, ოდნავ განათებული სიბნელე რომანტიკასთან ახლოსაა.

ხოდა, მეც ვზივარ ოდნავ განათებულ სიბნელეში და სანთლის შუქს წარმოსახვაში ათასგვარ ლამაზ ფორმას ვაძლევ. მერე თვალებს ოდნავ ვხუჭავ და ნაწილებად დაშლილ სინათლეს ვაკვირდები.

ოთახი წამში დაცარიელდა. უშუქობა იმდენად უცხოა, ყველა ფანჯარას მივარდა. ალბათ ფანჯარასთან ატუზულები გადადიან სულ სხვა სამყაროში, წამოსახვითში და ირეალურში. ისე, რომ რეალურს წყდებიან კიდეც.

რომელიღაც სართულიდან ბეთჰოვენი აჟღერდა. ვერაფერს იტყვი, კარგად უკრავს. ისე უხდება სიბნელეს “მთვარის სონატა”, გადმოცემა რომ შეუძლებელია.

სანთელს მოვეშვი და კედელზე მოსიარულე ჩრდილებს დავუწყე თვალიერება. აივნის მოაჯირის გამოსახულება კედელზე ხან იზრდება, ხანაც მცირდება, გამვლელი მანქანის შუქის მიხედვით.

ვაკვირდები როგორ უცვლის ფერს ფანჯრიდან შემოსული შუქი უცნაური ფორმის, რომელიღაც ძვირფასი მინისგან დამზადებულ ლარნაკს.

მახსოვს, ბავშვობაში, უშუქობისას, ვერ ვიტანდი ნახევრად განათებულ ოთახებს. მაშინ მივეჩვიე თვალდახუჭული სიარულს. დღემდე არავს სჯერა, მაგრამ ძირითად საღამოებს თვალდახუჭული ვატარებდი. ოთახიდან ოთახშიც ასე დავდიოდი, მომწონდა რატომღაც სიბნელეში სიარული.

ერთი უცნაური ჩვევა მაქვს ბავშვობიდან – თითქმის ყოველთვის თავს მარტო ვგრძნობ. სინელეშიც ამიტომ ვიჯექი ალბათ, მარტო და შეუმჩნევლად. მარტო, მაგრამ ჩემს სამყაროში.

ახლაც ვხუჭავ თვალებს, ოღონდ ნელა, თან სანთლის შუქს ვშლი ნაწილებად. ჯერ კიდევ ციმციმებენ სიბნელეში მოძრავი წერტილები.

ცხრა, რვა, შვიდი, ექვსი, ხუთი… – ვითვლი დარჩენილ ვარსკვლავებს და ვემზადები ჩემს სამყაროში გადასასვლელად.

… მერე შენ მოდიხარ. მიყურებ ისე, თითქოს იმ ლარნაკივით ძვირფასი და მოსაფრთხილებელი ვიყო, წეღან ფერებს რომ იცვლიდა. მერე თბილად მიკრავ გულში და ვხვდები, რომ მარტო არ ვარ…

ვიღაც მეზობელი კი ისევ “მთვარის სონატას” უკრავს…

წერილი მშობლებს

თქვენ ალბათ ვერასდროს ნახავთ ამ წერილს და თუ მაინც მოხდა საოცრება, გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რომ ამას მე ვწერ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ რასაც აქ ვიტყვი, მაგაზე იშვიათად ვსაუბრობ (საერთოდაც, ჩვენ იშვიათად ვსაუბრობთ). მეორეც, ალბათ არც იცით რა არის ბლოგი და მით უმეტეს ვერ იფიქრებთ, რომ მე რარაცეებს ვწერ (გარდა სტატიებისა 🙂 ), თან ასე “საქვეყნოდ”.

თუ თქვენ ახლა ამას კითხულობთ, ე.ი. ძალიან, ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ჩემში და ზოგადად…

მოკლედ, დავიწყებ თავიდან – ეს ბლოგია, ჩემი პირადი ბლოგი. არ შეშინდეთ, ანონიმურია 🙂 ბლოგი სხვადასხვა სახის არსებობს, ჩემი პერსონალურია, დღიურივით. ბავშვობაში რომ მქონდა დღიური და საგულდაგულოდ ვმალავდი, დაახლოებით ისეთი. ოღონდ აქ ყოველდრიურობაზე არ ვწერ. ხანდახან მომაწვება რარაც ყელში და უნდა ამოხეთქოს. ხოდა, მოვდივარ და ვიწყებ ამ რაღაცის ბლოგზე გადმოტანას. გითხარით უკვე, რომ ანონიმური ბლოგი მაქვს, თუმცა ჩემდაუნებურად დავუმეგობრდი რამდენიმე ბლოგერს (ბლოგერი – ის, ვინც ბლოგზე წერს, ბლოგი აქვს, რავი…). ხოდა, ბლოგერებში ერთი ვირუსია გავრცელებული, სახელად “თეგ თამაშები”. დაიწყებს ერთი წერას რამე საინტერესო თემაზე და აყვება მთელი საბლოგეთი. “თეგ-თამაში” კიდე იმიტომ ქვია ამ ყველაფერს, რომ ერთმანეთს თაგავენ. დათაგვა მონიშვნას ნიშნავს. როგორ ხდება ნუ ამახსნევინებთ ახლა, არაა ეს თქვენთვის საინტერესო.

ხოდა, მეც დამთაგეს. კონკრეტულად მელმოჰოლიკმა. მის ბლოგს არ ვიცნობ კარგად, მაგრამ კაი ადამიანი ჩანს. საერთოდ, ვირტუალურ სამყაროში ბევრი კაი ადამიანი ვიპოვე. არ უნდა ახლა გაოცება 🙂 ამაზე მერე 😉 მოკლედ, მელმოჰოლიკმა დაწერა პოსტი (პოსტი – ის, რაც ბლოგზე იწერება. ახლა რასაც კითხულობთ პოსტია) – “წერილი მშობლებს” და მე დამთაგა. ახლა ჩემი რიგია, უნდა გავაგრძელო მარათონი და რამე მოგწეროთ.

რა მოგწეროთ? მაშინ, როცა ვთვლიდი, რომ ბევრი გვქონდა სალაპარაკო, უფრო მარტივად დავწერდი ალბათ ამ წერილს. ახლა ყველაფერი მეტ-ნაკლებად დალაგდა. პრინციპში, არც ადრე იყო აურზაური, ჩემ გამო პრობლემა რომ არ შეგქმნიათ, ჩემზე უკეთ იცით. ხანდახან ვფიქრობ, რომ ჭკვიანი ბავშვის სტატუსი სულ ტყუილად მქონდა, დებილი ვიყავი და მეტი არაფერი! აბა უპრეტენზიო ბავშვი გაგონილა?!

რა მინდა გითხრათ იცი? მადლობა! მიუხედავდ იმისა, რომ ხშირად არ გეთანხმებოდით, არ მომწონდა თქვენი “აღზრდის მეთოდები”, მერე მივხვდი, რომ ასე იყო საჭირო. ერთია მხოლოდ – ის, რაც თქვენ თეორიულად მასწავლეთ და ცდილობდით პრაქტიკულად არ შევჯახებოდი, მოგვიანებით ხომ მაინც მოხდა. არ ჯობდა თავიდანვე თვითონ მივმხდარიყავი რა იყო კარგი და რა ცუდი? იქნებ მერე არარ მტკენოდა, როგორმე დამეზღვია თავი ამისგან.

ეს არაფერი, მაგაზე ნუ ინაღვლებთ თქვენ. მე ხომ ვიცი, რომ გინდოდათ დაგეცავით. რთულია იყო მშობელი, ახლა უფრო ვხვდები. მაგრამ ბავშვმა თავიდანვე უნდა ისწავლოს ბრძოლა, გვიან რომ არ შეეჯახოს ელემენტარულ სირთულეებს, რომლებიც ბავშვობაში უნდა დაეძლია.

მიყვარხართ! ეს ალბათ ისედაც იცით, მაგრამ მე ხომ არ მითქვამს არასდროს ხმამაღლა. საშინლად მერთულება გრძნობების გამოხატვა და იმიტომ. ხოდა, ახლა გეუბნებით – ძალიან მიყვარხართ და მიხარია, რომ ჩემი მშობლები თქვენ ხართ და არა სხვა.

მადლობა იმისთვის, რომ დღეს პრანჭია, უტვინო და უგრძნობი ადამიანი არ ვარ. მადლობა, რომ მხარში მიდგახართ დღემდე და მაქსიმალურად მეხმარებით დასახული მიზნის მისაღწევად. ხომ ვიცი, როგორ არ გინდოდათ ჟურნალისტიკა ამერჩია, მაინც არ შემზღუდეთ. ისიც ვიცი, რომ არ ნანობთ ამას და ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია ეს ამბავი.

მადლობა, რომ მასწავლეთ ცოდნის ფასი. არ ვყოფილვარ განებივრებული ბავშვი ოფიციალურად მირებული კრიტერიუმებით, მაგრამ იმდენი რამ გავიგე ბავშვობაში, იმდენი ვისწავლე, ეს თავისთავად მანებივრებდა.

მიხარია, რომ თქვენი წყალობით მე ვიცი ადამიანობის, ურთიერთობების ფასი. მართალია, თეორიულად არ გისწავლებიათ ეს ყველაფერი, მაგრამ რასაც ვხედავდი, ის თავისთავად ჩაინერგა.

ვიცი, რომ თქვენთვის რთულია ძირითადად თქვენგან შორს რომ ვარ. მაგრამ ისიც ვიცი, როგორ გიხარიათ ჩემი თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი, თქვენ “წარმატებას” რომ ეძახით. ხოდა, სწორედ ამისთვის ვარ მტელი დღე გარეტ, სწორედ ამიტომ ვარ სახლში სტუმარივით…

მიხარია, რომ თქვენნაირი მშობლები მყავს, მართლა…

P.S. ნუ ნერვიულობთ, ვერავინ მიხვდება, რომ ამას მე ვწერ და ადრესატები თქვენ ხართ 🙂 ბევრი რამ გამომრჩა ალბათ. მაგრამ ხომ იცით ჩემი გრაფიკის ამბავი, სულ გადარბენებზე ვარ. ხოდა, ჩაწერაზე უნდა გავიქცე ახლაც. ხო, არ უნდა ახლა გამეორება, ვიცი რომ სტატია უნდა მოვიტანო და გაჩვენოთ 🙂 წავედი ახლა მე და მთლად ყველაფერსაც ნუ წაიკითხავთ, დამიტოვეთ ცოტა რამ. კომენტარებს თუ დაწერთ, სახელი არ მიაწეროთ ცემი, არ იცის უმრავლესობამ 🙂 ხო მართლა, სახელისთვისაც მადლობა 😛

ისევ ისე


სულ რამდენიმე წუთით დროში გიმოგზაურია? მისულხარ იქ, სადაც დიდი ხნის წინ იყავი და შეცვლილი არაფერი ყოფილა, ყველაფერი თავის ადგილას დაგხვედრია?

მტვრის და დამწვარი ევკალიპტის სურნელების ნაზავი, მხოლოდ აქ რომ შეიძლება იყოს და სხვაგან არსად დედამიწის ზურგზე.

გზის ჩაყოლებაზე ისევ ის აფთიაქია, კუთხეში ისევ საზამთროების დახლი. არც ერთი საზამთრო გაჭრილი და მაინც ისეთი სურნელი, მხოლოდ ბავშვობაში რომ იგრძნობოდა და საზამთროს ჭამის სურვილიც, მხოლოდ ბავშვობაში რომ იცის ისეთი.

რამდენიმე მეტრის მოშორებით ის ჩასახვევიც ისევ ადგილზეა, მილიონჯერ რომ ხარ ნამყოფი და ყოველ ჯერზე საშინლად გეუცხოვება. შესასვლელთან ისევ ისე დგას მორყეული ხის სკამი და მსხვილი ევკალიპტი, რომლის სქელი ტოტების დასაწყისში მოკალათებას ერთმანეთს ვასწრებდით.

მარჯვენა მხარეს ისევ ის ღობეა და მის მიღმა ისევ დგას რამდენიმე მანდარინის ხე, რომელსაც ვერასდროს წვდებოდი, არადა, საშინლად მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა პატარა, მწვანე და სულ ოდნავ შეყვითლებული მანდარინები. ღობე კუთხეში ისევ დაზიანებულია და ისევ მიჩნდება სურვილი შევძვრე საშინელი დისახლისის საშინელ ეზოში, სადაც აუცილებლად იქნება გასაშრობად დაყრილი სულ ახალი თხილი.

გვერდით ისევ მეორადი ტანსაცმლის მაღაზია და ავტომომსახურების უცნაური დაწესებულებაა, სადაც ისევ დაიარება მთლად გაჭაღარავებული ახალგაზრდა ღიპიანი კაცი.

მოპირდაპირე მხარეს ჩამწკრივებულ სკამებზე კვლავ ჩამწკრივებულან წყვილები. მშრალი, კომინისტების დროინდელი ფანტანიც თავის ადგილზეა. ასფალტიც ისევ ისეა ამოტეხილი და თითქოს ცხადში ვხედავ როგორ ვვარდებით ველოსიპედებით ამ პატარა ორმოებში.

ვბრუნდები უკან და აფთიაქთან ვუხვევ. მივყვები კორპუსებისკენ მიმავალ ბილიკს, რომელიც სულაც არაა ბილიკი და საკმაოდ ფართო, მოასფალტებული გზაა, მაგრამ ბავშვობიდან ბილიკთან ასოცირდება.

რამდენიმე წლის წინ, ამ ბილიკზე მიმავალს სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა და ჩემდაუნებურად მეღიმებოდა. საშინლად მენატრებოდა ის სახლი, რომელშიც თურმე მთელი ბავშვობა გამიტარებია  და ბავშვობასთან დაკავშირებული ყველა სასიამოვნო მოგონება კონკრეტულად ამ სახლს თუ არა, ამ უბანს მაინც უკავშირდება.

ისევ დამწვარი ევკალიპტის ფოთლების სუნი და ძველი ნაცნობები, ყოველ ნაბიჯზე რომ მხვდებიან. უკვე ვიცი კიდეც ვინ რომელ მონაკვეთში შემხვდება კონკრეტულად. ისიც ვიცი, ვინ იჯდება საავადმყოფოს ეზოში დარჩენილ ერთ სკამზე.

აქ ყველაფერი ძველებურია, არც ისე ლამაზი, მაგრამ მაინც საყვარელი და სასიამოვნო. მე ვარ უფრო დიდი და უკვე სხვა, აქაურობისთვის უცხო. ალბათ ამიტომაც მეფიქრება, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. არაფერი შეცვლილა ამდენ წელიწადში – ადამიანები, გარემო, განწყობა,  დამოკიდებულებები… 7 წლის წინ ვინც “ბირჟაზე” იდგა, ახლაც იქაა, ტერიტორიულადაც კი არ გადანაცვლებულა ეს “ბირჟა”.

… ცუდია უუნარობის, უსუსურობის შეგრძნება, როცა იცი, რომ არ შეგწევს ძალა რამე შეცვალო.

ხუთი წლის შემდეგ

ჩავიცვი, მოვწესრიგდი, შედარებით თბილი ზედა მხარზე მოვიგდე და სოფლის სამ კილომეტრიან გზას გავყევი, როგორც ძველად.

– ინგა, ინგა!.. – ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ გავძახე სკოლისდროინდელ მეგობარს. ისიც ძველებურად, სასაცილოდ გამოცუნცულდა აივანზე და სახლში მიმიპატიჟა. მეც, ძველებურად, დროის უქონლობის გამო უარი განვაცხადე და ჩვენ, კვლავ ძველებურად, მაინც გამოგვივიდა ნახევარი საათით კარებთან დგომა და ლაპარაკი.

ძლივს ვწყდებით ერთმანეთს და ვაგრძელებ გზას. ცოტა ხანში უკვე ძველი კლასელის და პარალელურად მეგობრის სახლს ვუახლოვდები.

– ნინო, ნინო!.. – მინდა დავიძახო ისევ ისე, მაგრამ სახლი მეცარიელება. რამდენიმე თვის წინ გათხოვდა და დღეს პირველად, ამდენი წლის შემდეგ, ისე ჩავუვლი ამ სახლს, რომ არ დავიძახებ.

სკოლას ვუახლოვდები, გადავდივარ ხიდზე, რომლის ბოლოში ძველებურად მელოდება ორი მეგობარი. შორიდანვე ვხედავთ ერთმანეთს და სიცილს ვერ ვიკავებთ.

– ოჰ,  ჯენტლმენები! – მიახლოებისას ვამბობ მე და სამივეს გვეცინება.

რესტორანი არც ისე შორსაა და ფეხით ვაგრძელებთ გზას. მათ შორის ვდგები და ხან ერთის ამბებს ვისმენ, ხან მეორისას. ერთმა სწავლა დაამთავრა და სამსახურს ეძებს, მაგისტრატურაში ჩაბარებასაც ფიქრობს. მეორე მეზღვაურია უკვე, რამდენჯერმე ყოფილა უკვე წასული ზვაში და ამ დღეებში კვლავ აპირებს.

მივუახლოვდით რესტორანსაც, თუმცა ჩვენიანი ჯერ არავინ მოსულა. საერთოდაც, სკოლის დამთავრებიდან ხუთი წლისთავის აღნიშვნა ყველას უნდოდა, მაგრამ უმრავლესობამ ვერ შეძლო. ოჯახები ჰყავთ უკვე, ქმრები/ცოლები და შვილები. ყველამ თავისი გზა იპოვა მეტ-ნაკლებად და ბავშვები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მშობლებს და მასწავლებლებს აბრაზებდნენ, ახლა უკვე დიდი კაცები და ქალები არიან, საკუთარი ოჯახებით და ფინანსებით.

სანამ სამსახურის მაძიებელი ჯენტლმენი ტელეფონზე საუბრობს და უცნაურად იღიმება, მეზღვაური თავგადასავლებს მიყვება. იმაზე, თუ როგორ გაძლო ორი თვე შუა ზღვაში, გაჩერებულ გემზე. რომ ამ ორიდან ერთი თვე თითქმის შიმშილობდა და ერთ ცალ მოხარშულ კარტოფილს ჭამდა შიმშილით რომ არ მომკვდარიყო. ვერ წარმოვიდგენდი ამხელა ნებისყოფა თუ ჰქონდა და ამ ყველაფრის მერე კვლავ ისურვებდა ზღვაში გასვლას. მიხარია კიდეც რაღაც სირთულე რომ შეხვდა, მთავარია გადალახა და სამაგიეროდ, ბევრი ისწავლა, თვითონაც ასე ამბობს. მიხარია ისიც, რომ ამდენი წლის შემდეგ ჩვენ ისევ ისე ვლაპარაკობთ. მეშინოდა, რომ მასთან რთული დასაძლევი იქნებოდა ის უხერხულობა, რაც მისმა გრძნობებმა გამოიწვია ადრე. კონტაქტი აღდგა, ჩვენ ისევ ბავშვობის მეგობრები ვართ, თითქოს არც ყოფილა ის ერთწლიანი მონაკვეთი ჩვენს ურთიერთობაში.

სხვებიც მოვიდნენ. ზოგი საცოლესთან ერთად, ზოგიც მარტო. აღმოჩნდა, რომ კლასელებიდან ვერც ერთი გოგო ვერ წამოვიდა ჩემ გარდა. და ამ ხალხთან ურთიერთობას სწორედ ის პლიუსი აქვს, რომ სულ ფეხებზე გკიდია ძველ დაქალს თუ ვერ ეჭორავები, სხვებთან ერთადაც მშვენივრად გაატარებ დროს და წამით არ მოიწყენ.

ალბათ კარგია ის, რომ ერთ-ერთი ჯენტლმენთაგანი იმდენად გენდობა, მის ტელეფონზე მოსული მესიჯის წაკითხვას გთხოვს. და ცუდია ის, რომ გახსნილი მესიჯის ავტორი შენი “დაქალი” აღმოჩნდება, რომელიც ადრესატს შენი იქ ყოფნის შესახებ ეკითხება რატომღაც და მერე არც ისე პოზიტიურ კონტექსტში მოგიხსენიებს. ვერაფრით ვერ ვიგებ საიდან ჩნდება ადამიანებში ამდენი ბოღმა და ნეგატივი. მით უმეტეს, რომ ამის არანაირი საფუძველი, მიზეზი არ არსებობს და თითქოს ვმეგობრობთ. რა საჭიროა თვალთმაქცობა? არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ. მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მტკივნეულია, თითქოს გულში რაღაც ჩუმად, უხმაუროდ ჩაწყდა, განადგურდა.

– ვინ იყო? – მეკითხება მეგობარი.

– ნინო…

– რაო?

– არაფერი, მოგიკითხა პროსტა.

– კაი, იყოს, მერე მივწერ.

… ვაბრუნებ ტელეფონს თავის ადგილას და ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო. ვცეკვავ, ვერთობი, ვიცინი და თან გამომაქვს განაჩენი (უფრო საკუთარი თავისთვის ალბათ) – ნაკლები სიახლოვე და კონტაქტები ადამიანებთან.

დრო უფრო სასიამოვნოდ გრძელდება. ერთმანეთს ვუყვებით რაღაცეებს, ცოტას ვსვამთ კიდეც. კლასის ყოფილი “დამრიგებელიც” თავის ამპლუაშაია  და მიდის სადღეგრძელოების ბრახა-ბრუხი.

დღე სასიამოვნოდ გრძელდება. თუმცა, ჩემი ბავშვობის მეგობარი კვლავ გაიჭყიპა ღვინით. ტრადიციისამებრ მოვახერხე სახლში წასვლაზე მისი დათანხმება და მანქანაშიც შეტენეს. მშვენივრად მოკალათდა უკანა სკამზე და თვლემს კიდეც. ჩემი ჯენტლმენები მანქანის კარებამდე მაცილებენ. ძველებურად ესალმებიან მამაჩემს და იკითხავენ. მეც ძველებურად მსიამოვნებს მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება.

მანქანა სოფლის ტალახიან გზაზე გაჭირვებით მიდის.

უკანა სკამიდან მონოტონური ხვრინვა ისმის.

“ნაუშნიკებს” ვირგებ და ვცდილობ წარსულიდან დაბრუნებას.

სირცხვილია? – იყოს!..

საპატარძლო კაბა ეცვა და მსუბუქად იღიმებოდა. საქმრო გვერდით ედგა, ქვევით კი გადარეული ბრბო ცეკვავდა. ღიმილი თითქოს მიხატული ჰქონდა, ხელები გადაეჯვარედინებინა და ჩაფიქრებულიყო…

სულ რამდენიმე წლის წინ ხელიხელჩაკიდებულები დავრბოდით და კლასობანას ვთამაშობდით, “კონცერტებს” ვმართავდით და მდინარეში ვჭყუმპალაობდით ზაფხულობით, ტყემლის ხეზე ვძვრებოდით და “ტურბო ზუაჩკების ნაკლეიკებს” ვაგროვებდით.

რამდენიმე წლის წინ ერთმანეთს პაემნის მაგვარ რაღაცეებზე დავყვებოდით, ერთმანეთის აზრებს ვხვდებოდით და უსიტყოდ ვუგებდით ერთმანეთს.

რამდენიმე წლის წინ ერთად ვიძინებდით და ერთად ვიღვიძებდით, ვერ წარმოგვედგინა, რომ შეიძლებოდა რამეზე გვეკამათა. ნათესაური კავშირი ყველაზე ნაკლებად გვაკავშირებდა, ერთად გაზრდილები ვიყავით და უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით.

სულ რამდენიმე წლის წინ ორივე ერთად ვსწავლობდით ველოსპიდის მართვას, არც ერთ ორმოს არ “ვმაზავდით” და მოხვევისას აუცილებლად ვვარდებოდით ველოსიპედიდან. ერთმანეთს დავყვებოდით და ვცდილობდით ორმოებს ავცდენოდით, მაგრამ ვერასდროს ვუვლიდით გვერდს და მერე ამაზე გვეცინებოდა 😀

რამდენიმე წლის წინ ავირჩიეთ ორივემ ერთი და იგივე პროფესიაც. ერთმა ჩააბარა, მეორე სხვაგან მოხვდა. ლექციებს შორის შესვენებაზე ხან ის მოდიოდა ჩემთან, ხან მე. ხო, ფიზიკურადაც ძალიან ვგავდით ერთმანეთს, ყოველ შემთხვევაში, ასე გვიმტკიცებდნენ გარშემომყოფები. ბევრჯერ ვმდგარვართ უნივერსიტეტის დიდ სარკეებთან ფრაზით – “ნუთუ ასე ვგავართ ერთმანეთს?”. მერე საკუთარ თავზე გვეცინებოდა ამ შედარების გამო. ერთხელ შემომხედა და შეცბუნებულმა მითხრა – უცებ ჩემი თავი მეგონეო 😀

იმდენი ვქენით, მგონი ჩვენს გამო დაუშვეს ერთი ფაკულტეტიდან მეორეზე გადასვლის პრეცედენტი და ორივე ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდით უკვე. კურსელებიც ვიყავით!..

ორი ლარით გვისადილია და ხანდახან სულ მშივრებიც დავრჩენილვართ. ლექტორისთვის მოგვიტყუებია, რომ სასწრაფო საქმე გვაქვს და მერე ცხელი შოთი გვიჭამია პლიაჟზე ან ბულვარში.

მერე… მერე არაფერი. მართლა არაფერი. ისე, უბრალოდ და უარაფროდ გაცივდა და მოკვდა ყველაფერი. ის სხვანაირი გახდა – ქარაფშუტა და მერე ფანატიკოსი. ალბათ მეც შევიძინე ის თვისებები, რაც მას არ მოსწონდა ჩემში, არ ვიცი. უბრალოდ გავცივდით. სიყვარული სირცხვილი გახდა საერთოდ და რაღა გასაკვირია. თუ გიყვარს ადამიანი და მასზე ზრუნავ, ესაა ახლა გასაკვირი. მივხვდი, რომ ცალმხრივად სიყვარული სამუდამოდ არ შემიძლია, არც მასეთი ძლიერი ვარ.

პირველი კამათი, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ ერთად აღარ გვებოდიალა, აღარ გვცოდნოდა ერთმანეთის აზრები და მით უმეტეს, სიმპათიის ობიექტები.

მესიჯი, უბრალო ტექსტით – “ერთ კვირაში ქორწილი მაქვს, აქით იქნები?”

ახლა ის პატარძალია და რაღაცაზე ფიქრობს… ძალიან ლამაზია, მინდა მივირბინო და მაშინდელივით ჩავეხუტო. ძველებური თავსაბურავი აქვს და ვარცხნილობაც შესაბამისი. სიძველის სიყვარული კიდევ შემორჩენია. ვერასდროს ვაპატიებდი თავს მის ქორწილში რომ არ ვყოფილიყავი.

ბედნიერი ჩანს… მიხარია. მაგრამ, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სამუდამოდ დავკარგე რაღაც, ჩამომძვრა გულიდან უბრალოდ. თუ აქამდე იყო რაღაც იმედი ღრმად გულში, რომ ყველაფერი ძველებურად იქნება, ახლა ისიც გაქრა. ის ვეღარასოდეს იქნება ის, ვინც იყო. მაგრამ მე ის მიყვარს, ისეთიც და ასეთიც. სირცხვილია? – იყოს!..

“რა გინდა გამოხვიდე?”


ბავშვობა მაგარი რამეა. რას არ გაფიქრებინებს ადამიანს 🙂

მე ახლაც ბავშვი მგონია თავი და თოჯინებით თუ ვეღარ, თეგ თამაშებს მაინც ვთამაშობ. ესეც მორიგი მათგანია, ჯერ სამნი ვართ, მე, თეა და შიო.

ბავშვობა ის დროა, როცა ხშირად დასმულ შეკითხვებში მართალია პირველი ადგილი “დედიკო უფრო გიყვარს თუ მამიკო”-ს უჭირავს, მარა რატომღაც “რა გინდა გამოხვიდე?”-ც საკმაოდ აქტუალურია.
არადა, მაგ დროს პროფესიები მარტო ის გგონია, რუსულის წიგნში რაცაა ჩამოთვლილი და მასწავლებელი გაკვეთილზე გარჩევენებს – აბა, შენ აქედან რა გინდა გამოხვიდეო.

არჩევანი იმ წიგნში არც ისე დიდი იყო. კოსმონავტობა მე არ მინდოდა და მუშაც არ ჟღერდა კარგად ბავშვის გონებაში. იმ დროს სტომატოლოგია კი იყო მოდაში, მარა ვერ გავრისკე ცხოვრების სხვის პირში გატარება (არადა, ამასწინათ, სტომატოლოგთან ვიზიტისას, დავფიქრდი, რომ საკმაოდ საინტერესო სპეციალობაა.)

ზედმეტად რეალისტი ბავშვი ვიყავი და მსახიობობაზეც არ მიოცნებია რატომღაც, სულ მიკვირდა რატომ უნდოდათ ბავშვებს მსახიობობა. სამაგიეროდ, იმისთანა სერიოზულ თემებში ჩავერთვებოდი და რაღაცას დავაბრეხვებდი, დამცინოდნენ შენ რა იციო, არადა მერე ისე ხდებოდა, როგორც მე ვთქვი, ოღონდ მართლა. რატომღაც, არ სჯერათ ახლა რომ ვახსენებ 😦

და დარჩა რა? დიიიიახ!.. მასწავლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი ალგებრა-გეომეტრიის სპეციალისტია და ვხედავდი სახლში ნახევრად მკვდარი რომ მოდიოდა, მაინც მინდოდა მასწავლებლობა. ალბათ, ამან პირიქით იმოქმედა და ერთგვარი მიბაძვა გამოიწვია.

რამდენიმე ბავშვი თუ შეიყრებოდა ეზოში, ურააა!.. გარბოდა ქალბატონი გვირილა (მაგ დროს სხვა სახელი ერქვა) წითელი “პასტით” და ძველისძველი სქელტანიანი რვეულით, სხვადასხვა ფერის ყდა რომ ჰქონდა და “საერთო რვეული” ეწერა ზედ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროინდელი.

იმ შემთხვევისთვის საუბედუროდ, სწავლა მიყვარდა და “მოსწავლეებსაც” სისხლს ვუშრობდი. რვეულებს წითლად “ვუფერადებდი” და არც ორებს ვიშურებდი, ორები და ხუთები იყო მაშინ.

ერთ დღეს მამაჩემმა დიიიიდი რვეული მოიტანა, დიდზე დიიიდი, ცისხელა, ჟურნალზე დიდიც. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, სულ სიის მიხედვით მეწერა “მოსწავლეები” და ორებიც შესაბამისად. ჟურნალს მშვენივრად ვავსებდი სხვათაშორის, დედაჩემისგან ვისწავლე.

გარდა ამისა, ერთხელ წამცდა ფეხი და მომღერლობაზეც წავიოცნებე. ყველაფერი კი ჩემი გადარეული ბიძაშვილის ბრალი იყო, რომელსაც ტელევიზორი ძალიან უყვარდა.

ეს ის პერიოდია, “ქალს, მშვენიერ ქალს” რომ მღეროდა ყველა. ამ ჩემი ბიძაშვილს გაუჩნდა იდეა გაგვემართა კონცერტი, თან უბრალო კიარა, ბილეთები “დავწერეთ” ქაღალდზე და სადარბაზოებში გავყიდეთ. მერე ფანჯარაზე ფარდებიც გავაქრეთ და აივანზე საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე გადავიტანეთ. გარდა სიმღერებისა, მოვამზადეთ “პაკაზიც”, უცებ გავაქრეთ სამოსი დეიდაჩემის კარადიდან, პომადებიც წავიცხეთ და დავიწყეთ!.. სტუმარი ბევრი მოვიდა და კონცერტიც მშვენიერი იყო, თუ არ ჩავთვლით ფარდის ჩამოვარდნას, 10 ზომით დიდი ფეხსაცმელი რომ წამოსდო პოდიუმზე გამოსვლისას ჩემმა ბიძაშვილმა.

კონცერტიდან შემოსული “თანხით” ლიმონათები, “სემიჩკა” და “ტურბო ზუაჩკები” მოგვივიდა. ამ დროს გამკრა წამით გულში, ხომ არ მეღალატა მასწავლებლობისთვის. კინაღამ გავიყიდე პროფესია ლიმონათზე 😀

ეს იყო და ეს, მერე სადღაციდან ამოვიჩემე, რომ ჟურნალისტიკაა ჩემი, რომ სულ გადარბენებზე უნდა ვიყო და ახალი ამბები ვუთხრა ხალხს. ტელევიზორში ყოფნაზე არ მიფიქრია ოღონდ 🙂 ხოდა, ბოლო ამოჩემება კი გახდა ჩემი პროფესია. მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

P.S. ვთაგავ მაცოს 🙂

ქუჩა ბავშვობიდან…

>

გინდა ბავშვობაში ვიმოგზაუროთ?

მაშინ გამომყევი. ხელი ჩამჭიდე ოღონდ. ხო, მასე…

* * *
უბრალო ქუჩაა, ოღონდ ძალიან ლამაზი. ისეთი კი არა, თანამედროვე და მოპირკეთებული. არა, თავისებური სილამაზე აქვს, რაღაცნაირად ბუნებრივი.

ქუჩა მოასფალტებულია, ოღონდ ჯერ კიდევ ძველ დროს. აქა-იქ ამოტეხილია ასფალტი და გზა ოღრო-ჩოღროა. სადღაც ზევით მიჰყავხარ გზას, ოდნავ აღმართია ოღონდ და არა ძალიან, როგორც ტრადიციული თბილისური აღმართები.

ქუჩის ორივე მხარეს აივნიანი კორპუსებია. ყველაზე მაღალი ხუთსართულიანი თუ იქნება.

კორპუსების აივნებზე ახალგარეცხილი თეთრეული და სამოსია გადმოფენილი, უღრუბლო ცის ფონზე საშინლად ლამაზია. სადარბაზოებთან ძველებური მანქანები დგას, ერთ-ორი, ისიც დანჯღრეული. როგორც ადრე იყო ისე.

ცა მოწმენდილია, მარა მზე ამინც არ აჭყიტებს. დაბურული მინებიდან იყურები თითქოს.

კერძო სახლებიც ჩაუდგამთ აქა-იქ. აგურით ნაშენები სახლები ხის მესერითაა შემოღობილი, რომლის უკან აყვავებული ხეები და მინდვრის ყვავილები მოჩანს, ალბათ დისახლისმა თუ ჩარგო.
ტროტუარის ერთი მხარე არ არის მოასფალტებული. წინა დღის ნაწვიმარ და ჩამუქებულ მიწას საშინლად უხდება ხეებიდან ჩამოცვენილი თეთრი ყვავილები.

მთელს ჩაყოლებაზე აყვავებული პატარა ხეებია. ისეთი სუნი ტრიალებს ირგვლივ, სიამოვნებისგან არ იცი რა ქნა.

“ნაუშნიკებიდან” ბავშვობის მელოდიები ისმის. არ აქვს მნიშვნელობა ვინ მღერის, არც იმას, კინოფილმიდან იქნება ეს მელოდია თუ მულტფილმიდან საერთოდ, მთავარია ბავშვობისაა.
მელოდიებს დროის მანქანის ეფექტი რომ აქვთ ეს ხომ იცი უკვე? ხოდა, მიდიხარ ბავშვობის დროინდელ ქუჩაზე, ბავშვობის მელოდიებით… და “იქ” ხარ ფაქტიურად.

ტროტუარის კიდეზე ადიხარ. აი, იქ, სულ კუთხეში და ფრთხილად დგამ ნაბიჯებს. მერე რა, რომ ახლა ეს დაბალია, ბავშვობაში მაღალი გეგონა და გეშინოდა არ “ჩამოვარდნილიყავი”.

მოიცა, მე ავალ, შენ ქვევით დადექი, ხელი ჩამჭიდე და ისე გამატარე ამ ვიწრო ზოლზე. ხო, მასე…

ამ დროს ცეკვა მოგინდება. ბავშვური ცეკვა ოღონდ, შენებური და სასაცილო, სხეულის ყველა ნაწილი რომ მოძრაობს ერთდროულად. არა, აქ არ ვცეკვავთ, გიჟები ვეგონებით. ნაბიჯს ვუჩქარებთ და თითქმის სირბილით მივდივათ, ასე ვიკლავთ ცეკვის ჟინს. სახეზე დებილურ და ბედნიერ ღიმილსაც მოვუხერხებთ რამეს, ცოტა ხანი იყოს ოღონდ.

* * *
ჰა, რას ფიქრობ, მოგეწონა “მოგზაურობა”?
არც ისე?

რას ვიზამთ, მე ასეთი მახსოვს ჩემი ბავშვობის ლამაზი ქუჩა.

არაუშავს, ხანდახან რთულია ნაწერით გადმოსცე გრძნობები.
სულ სხვაა, როცა იქ ხარ.
მე ვიყავი…

>ერთი საათი ბავშვობაში

>
სიხარულით მიმიღო, გამიღიმა და ბავშვობის კარიც გამიღო.

არ უსაყვედურია ამდენ ხანს რომ არ მივედი. მასზე უკეთესი არავინ იყო, მარა მაინც სხვაგან რომ დავდიოდი და არა მასთან.

გაზაფხული დამახვედრა, კარებთანვე. ერთი მერცხალი თუ ვერა, ერთი აყვავებული და ძალიან ლამაზი ხე მოიყვანს გაზაფხულს, კი.

შევაბიჯე ბავშვობაში.

ოლღა ბებია შემეგება ხაზარულას ვაშლებით, არამარტო ზურიკელას, ჩემი ბებიაც და ყველას ბებია რომაა.

ზურიკელაც იქ იყო, ილიკოც და ილარიონიც. მურადაც.

ხატიას ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნოდი. თვითონ ალბათ მხედავდა. არა, მზე არ ვარ, მარა მაინც.

სოსოიაც იქ იყო და მისი რუსიც, ბეჟანაც გაცოცხლებულიყო და მხიარულად ცხოვრობდა.

აქ იყო ბავშვობა, მეგობრობა მათთან, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება.

ცხოვრება, რომლითაც ისინი ცხოვრობდნენ ჩვენც მათთან ერთად. და ბედნიერება, მიუხედავად სირთულეებისა.

პირველად დაფიქრება ცხოვრების ნამდვილ სირთულეზე და თეიმურაზ ჭიჭინაძე. ქურთი მეეზოვე, აკაცია და დედა. ცხოვრებისეული სირთულეები, რომელიც პირველად ჩანს ასე ახლოს და ასე აშკარად.

მეც დავრბოდი მათთან ერთად მინდორზე, ხელიხელჩაკიდებული და სისულელეებზე ვლაპარაკობდი.

აქ, ქალაქს თითქოს მოწყვეტილი სხვა სამყარო, სადაც დრო ბრუნდება.

ყველაფერი ძველებურია, სეირნობა ალბათ არასდროს ყოფილა ასეთი გემრიელი.

საქანალებიც, ზუსტად ისეთი, ბავშვობაში რომ იყო.

დავჯექი. კვლავ ამიფართხალდა გული, ისე, როგორც ბავშვობაში.

სასაცილო რამეა მოგონებები, წამში შეუძლია ერთი სამყაროდან მეორეში გადაგისროლოს. იქ, სადაც პირველად შეხვდი ზურიკელას და მერის, ოლღა ბებიას, ილიკო ბრუციანს და ილარიონა შევარდნაძეს, მურადას… ხატიას და სოსოიას, ბეჟანას და დათიკოს… კუკარაჩას და მურტალოს, ინგას, 7 ტყვია რომ ესროლა მურტალოს და შვიდივე ააცილა… აკაკი-კაკო-კაკი… შოშია, ლიმონა, ნუნუ ექიმი და “ტანო, ტატანო…” ჯაყო, დადუნა… და “ჰელადოს”:
“- იანგული ლაწირაკი!.
– ჯემალ სკრიპკა.
– გოგოების მაჩალკა…”

ბავშვის ხმამ დამაბრუნა…

“- мама, мама!.. я хочу такие же!.
– что? что такие же?
– сережки, как у неё.
– ои, простите пожалуйсто. она недавно проколола уши и…
– хочешь, подарю.
– ???
– только, они серебряные. можна еи?
– нельзя, недавно проколола и только золото.”

დავბრუნდი…

დავბრუნდი და ამ ყველაფერთან ერთად მოუვლელი და მოუწესრიგებელი რაღაცეებიც შევნიშნე. გულში რაღაც ჩამწყდა.

მე დღეს პირველად ვნახე “მზიური” (კი, მრცხვენია. მაპატიებს ალბათ ზურიკელა.), მინდა ყოველ დღე ვიარო და მივიღო ის სიამოვნება, რაც დღეს. საწყენია, ასე მოუვლელი რომაა და ჭორები გავიგე, გაყიდულია და რაღაცის იგეგმება მის ადგილასო. ზუსტად არ ვიცი, ვერც დავიჩემებ. მარა გთხოვთ, ნუ წაგვართმევთ ბავშვობაში მოგზაურობის შანსს და საყვარელ გმირებთან “შეხვედრის” შესაძლებლობას. თუ არ იგეგმება რამე ისეთი, მოვუაროთ მაინც, მე დავასუფთავებ, ჩემი ხელით, ოღონდ არ “გავათანამედროვოთ”რა. იყოს ისეთი, ძველი და ბავშვობის დროინდელი, ოღონდ მოვლილი…

>რაცხა უცნაურობა :-D :-D

>
ისეთი ამინდია, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა და მაკიაჟის გაკეთება რომ მოგინდება.

მარა არსად ვარ წასასვლელი, კვირაა და მიხარიასავით.

აივანზე ვზივარ, მზე აჭყიტებს და განწყობაც არაა ურიგო…

ვკითხულობ… წინ პატარა ბაღია, სადაც იები და სასუტელები მოჰყავს ჩემს მასპინძელს… ულამაზესია, ყოჩივარდები აკლია მხოლოდ…

ვხედავ, ყოჩივარდებიც გამოჩნდა, ციცაბო კლდეა, ულამაზესია იქაურობა. გაზაფხულის სუნია, ისეთი გემრიელი, რომ რავიცი… ორი გოგო გამოჩნდა, სულ პატარები. ძვრებიან იმ ციცაბო კლდეზე და ყოჩივარდებს აგროვებენ, რატომ? – თვითონაც არ იციან. თან თითოეულ ყვავილს ყნოსავენ, თვალებს ნაბავენ სიამოვნებისგან. მერე სახლში მიიტანენ უშველებელ თაიგულს და ლარნაკში ჩადებენ.

საღამოა უკვე, ეზოში ერთი ტყემლის ხე დგას, ისე გადაპენტილა ყვავილებით, ისე, რომ, ჩაეხუტო მოგინდება. საღამოს მზეს, გაზაფხულისას, ეფიცხებიან ადამიანები, სასიამოვნო დღეა…

დავბრუნდი…

წიგნი… წიგნი…

კაი ხანია არ წამიკითხია. ჩემთვის არ წამიკითხია, თორემ ისე კი…

მზე ისე საყვარლად აჭყიტებს, რაღაცა რომ გიხარია და ვერ ხვდები კონკრეტულად რა, ის მომენტია. თან “შუშანიკის შვილების” კითხვა დავიწყე და იქაა ერთი კაი მომენტი – შუშანიკის შვილი გვერდით რომ ჩაგივლის, ვერ ხედავ, მარა რაღაცა რომ გიხარია და არ იცი რა, ე.ი. შუშანიკის შვილმა ჩაგიარაო – დაახლოებით ასეა.

მე რა მიხარია? არ ვიცი… შუშანიკის შვილი მიზის ალბათ გვერდით, უბრალოდ კი არ ჩამიარა…

გაზაფხულია, დილა, მივდივარ უნივერსიტეტში, ბათუმის…

იქ, ახლოს, პარკთან, ლამაზი ყვავილების ბუჩქია, სახელი რომ ვერა და ვერ გავიგე. იასამნისფერი ყვავილი აქვს და ფოთლები სულ არ ჩანს, იასამისფრ ბუჩქს ვხედავ ყოველ დღე. ყოველ დღე ერთ-ერთ ბუჩქს ერთი ყვავილი აკლდება და ჩემს თმაზე ინაცვლებს, რიტუალია უკვე. ასეთ ფორმაში უნივერსიტეტში შესული, გიჟი ვგონივარ ალბათ ბევრს, მარა ეს არაფერი.

უნივერსიტეტიდან ერთად გამოვალთ, ხელიხელჩაკიდებულები და პლაჟს გავყვებით ბოლომდე. მზე თვალებში გვაჭყიტებს და თვალებმოჭუტულები დავსეირნობთ. მერე რას ვიზამთ? – არ ვიცი. საღამომდე რომ ერთად ვიქნებით ვიცი.

… შუშანიკის შვილებო, სად ხართ?

წახვედით?

კაი…

>რა მოხდა 1989 წლის 17 მარტს?

>
მნიშვნელოვანი არაფერი…

ზუსტად 22 წლის წინ, 1989 წლის 17 მარტს არც ისე ახალგაზრდა აჭარელი მამაკაცისა და ცოტა უფრო ახალგაზრდა მეგრელი ქალის ლამაზ წყვილს შეეძინა პირველი ქალიშვილი. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, პირველი შვილი შეეძინათ!..

ბავშვს ულამაზესი სახელი დაარქვეს, რომელიც 22 წლის წინ არც ისე პოპულარული იყო, როგორც ახლა.

მშვიდი ბავშვი ყოფილა და მსოფლიოში საუკეთესო, ყოველ შემთხვევაში, უკვე სამი შვილის მშობლები ასე იხსენებენ. ეს ბავშვი ფაქტიურად არ ტიროდა თურმე, დედა მასწავლებელი იყო და შვილს ბებიას უტოვებდა. ბავშვი რომ გაიღვიძებდა, აკვნიდან ხელებს ამოუშლიდა ბებია და მორჩა, ის ღიღინებდა თავისთვის.

მამას ძალიან უყვარდა, სამსახურიდან რაც არ უნდა გვიან დაბრუნებულიყო, გააღვიძებდა და ჩაეხუტებოდა.

იზრდებოდა ბავშვი ასე, წყნარად და მშვიდად. სკოლიდან მოსული დიდი სიხარულით სწავლობდა გაკვეთილებს, მერე რუსულ მულტიკებს უყურებდა და “ერალაშს”. ყოველი წლის 17 მარტს დედა ტორტს უკეთებდა, იმ ბნელი წლების მიუხედავად, არც ერთი წელი არ ჩაუგდია.

თუმცა, არასდროს იყო უმცროს და-ძმაზე განსხვავებული, ერთმანეთი განსაკუთრებით უყვარდათ.

და 1989 წლის 17 მარტიდან ზუსტად 22 წლის მერე (შეიძლება ერთი-ორი სათით ადრე ან გვიან) ის ბავშვი პოსტს წერს, თან უკვე ჟურნალისტია, მთლად ჩამოყალიბებული არა, მარა სწავლობს კიდე. პარალეურად მუშაობს და ცხოვრებაში პირველად დაბადების დღეს ძალიან საყვარელი და ახლობელი ადამინების გარეშე შეხვდება, ფაქტიურად მარტო.

სადაცაა გადაცდება 12-ს და დადგება 17 მარტი, ეს კი ზის და სისულელეებს წერს. ცოტა ხანში რამდენიმე მესიჯი მოვა ტელეფონზე, ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანებისგან.

P.S. იცის ხოლმე ასე, ნუ მივაქცევთ ყურადღებას…

%d bloggers like this: