Blog Archives

რაცხა :)

ადრე ვამბობდი, როცა სადმე მიდიხარ, რაღაცას ტოვებ, ან რაღაც მიგაქვს თქო. მაშინ ყველაფერი მიმქონდა, ახლა ცოტას დავტოვებ 🙂

ისე, ჩუმად და რაღაცნაირად გავიდა ერთი წელი, ძალიან დატვირთული და საინტერესოც. წლის შეჯამებას არ დავწერ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ბევრი სირთულის მიუხედავად, მაინც თბილი წელი გამოვიდა.

ხანდხან მციოდა, ნოემბრის თოვლში განსაკუთრებით. ზაფხულშიც მციოდა, გაზაფხულზე კინაღამ გავიყინე. ზამთარში გავთბი სამაგიეროდ. თოვლში და ყინვაში მე არ მციოდა.

ახლაც თბილად ვარ. არადა, ცა ისეთი ნაცრისფერია, ახალ წელს თოვლი უნდა მოვიდეს. უხდება ახალ წელს თოვლი და დიდი, თეთრი ფიფქებიც საშინლად ლამაზია.

თუმცა, მე ახლა ბათუმის თოვლზე უნდა ვფიქრობდე. რამდენიმე საათში გავა თბილისი-ბათუმის მატარებელი, რომლის ერთ-ერთი მგზავრი მე ვიქნები.

ხვალ დილით უკვე ბათუმში გავიღვიძებ და სახეს იქაურ ქარს შევაგებებ, “თბილ”-ისის ქარზე უფრო თბილს.

ჯერ ზღვას დავინახავ, მანქანიდან კი ბათუმს დავაკვირდები და სადღაც გულში რაღაც გალღვება. მერე კვლავ სირბილით ავირბენ სამ სართულს, კარებთან ისევ დავისვენებ და შემდეგ დავაკაკუნებ.

ვიბოდიალებ მშვიდი ბათუმის თითქმის ცარიელ ქუჩებში, აივნებიდან ვიგრძნობ ახალი წლის სურნელს და მერე იაკოს და სალოს ჩავეხუტები გემრიელად.

საღამოს სოფელში წავალ. პირველად ბარსა შემომეგებება, ალბათ ვერც მიცნობს თავიდან, ერთი წუთის მერე კი აქეთ-იქით სირბილს დაიწყებს და მილიონჯერ დამეჯახება. ძლივს მოვახერხებ გასხლტომას და სახლში შევაბიჯებ. მოვივლი ყველა ოთახს და დავათვალიერებ. ახალი არც არაფერი დამხვდება, მაგრამ მაგისთვის არც შემოვსულვარ.

სამზარეულოდან ერთმანეთში არეული უამრავი გემრიელი სურნელი გამოვა. დედაჩემი და ჩემი და კვლავ იკამათებენ რომელიღაც კერძის რომელიღაც ინგრედიენტის თაობაზე. მე “ფეჩთან” დავჯდები და ჩემს ძმას ამბებს გამოვკითხავ. მერე ავდგებით და ახალ წლამდე ორი საათით ადრე ერთად მოვრთავთ ნაძვის ხეს.

მერე დავეხმარები მაგიდის გაწყობაში და ახალ წელს დაველოდები.

12-ს რამდენიმე წუთი რომ დააკლდება, ჩემი ძმა გაამზადებს შუშხუნას, რომლის ზომა და ფასი ჩემი ძმის ზრდის პარალელურად იკლებს. რომელიღაც მეზობელი აუცილებლად გაუშვებს შუშხუნებს უფრო ადრე, ვიდრე საჭიროა. 12 საათზე უკვე მთელი სოფელი ცეცხლისფერი გახდება. ფანჯარას გამოვაღებ და ცივი ჰაერი შემოვა, რომელსაც ახალი წლის სუნი მოყვება. როგორც ყოველ ახალ წელს, წელსაც გამკრავს გულში რაღაც უცნაური გრძნობა, რომელსაც არ ვიცი რა ჰქვია და რომელიც ყოველი 31 დეკემბრის ღამეს განწყობას მიფუჭებს.

ფანჯარას დავხურავ და მაგიდას მივუჯდები. მამაჩემი ჭიქას აიღებს ხელში და სადღეგრძელოს არატრადიციულად იტყვის. მაშინ ვგრძნობ, რომ შეიძლება სადღეგრძელო იყოს გულწრფელი და არა დაზეპირებული. ღვინოს ოდნავ გაუსინჯავს გემოს, ყველას სათითაოდ მოგვილოცავს და სუფრას ჩემს ძმას მიანდობს. ისიც იტყვის პირველ სადღეგრძელოს, ოღონდ უფრო დახვეწილად, ვიდრე წინა წლებში. ჭიქას ბოლომდე დაცლის და აივნიდან გრუხუნის ხმასაც გავიგებთ. ყველამ ვიცით, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი, მეზებელი და თან ბიძაშვილი მოვიდა. ყოველ წელს პირველი სტუმარია. თუმცა შარშან შუშხუნის ხმამ ბარსა შეაშინა და პირველი ის შემოვარდა, თან კარის შემომტვრევით 😀

პირველს მეორე და ა.შ. სტუმარი მოყვება, მერე ყველანი უკვე ჩემს ძმასთან ერთად გაყვებიან შემდეგი მეზობლისკენ. დედაჩემი და მამაჩემი რამდენიმე საათი დაელოდებიან სტუმრებს და მერე საძინებლისკენ გაიპარებიან. მე და ჩემი და რამე სისულელეს ვუყურებთ რომელიმე არხე და ერთმანეთს დაგროვილ ამბებს მოვუყვებით.

დილით მორიგი შუშხუნის ხმა გამაღვიძებს. გავბრაზდები და ბუზღუნს დავიწყებ. ჩემი და მეტყვის, რომ სტუმრებს თვითონ მიხედავს, ოღონდ მეც უნდა გამოვიდე. მე მაინც ვეწუწუნები, რომ ძილი მინდა, თორემ სუფრის გაშლა კი არ მეზარება 😀 მერე შემრცხვება და გამოვძვრები თბილი საწოლიდან იმ იმედით, რომ ხვალ დილით დიდხანს და გემრიელად ვიძინებ.

სამი დღე სახლიდან არ გავალ, დავჯდები “ფეჩთან” და რამეს წავიკითხავ. დროდადრო ფანჯარაში გავიხედავ, სადაც იმედია თოვლის ფანტელებს შევნიშნავ. აუცილებლად გამახსენდება თბილისი და აქაური თოვლი. და არამარტო. მერე მომენატრება ეს ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე. ტელეფონიც დროულად ახმაურდება და მესიჯის ტექსტის წაკითხვამდე გამეღიმება. მერე ალბათ პირველად ამ წლის მანძილზე, მომინდება მალე დავბრუნდე “თბილ”-ისში.

 

>Relax :-)

>
როცა პირველ იანვარს, შუადღის მერე გაღვიძებულს ხაჭაპურის საამო სურნელი შემეგება, ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, რომ მშვენიერი არდადეგები მელოდა წინ 🙂
გადავწყვიტე ახალ წელს სოფელში შევხვედროდი, ოჯახთან ერთად და ძალიან მშვიდად… ხოდა, 31 დეკემბერს გავუდექი გზას… საახალწლო განწყობა, როგორც ველოდი, არც 12 საათისთვის მოვიდა, რაღაცნაირი უცნაური ახალი წელია… რას ვეძახი საახალწლო განწყობას კონკრეტულად, არ ვიცი, თუმცა რაღაც არის რა… და ეს რაღაც ალბათ ბავშვობაში დარჩა, არ ვიცი…
მოკლედ, მართალია საახალწლო განწყობა არ იყო, მაგრამ დასვენება ხომ იყო 10დღიანი და ეს ისე მჭირდებოდააა…
ყოველ დღე 12-ის მერე გაღვიძება, დედაჩემის გემრიელი კერძები და კითხვა, ბევრი კითხვა – ამაზე ვოცნებობდი კაი ხანია და ამიხდა ბოლოსდაბოლოს. ერთადერთი, რაც მაკლდა, მეგობრები იყო, რომლებიც ვერ წამოვიდნენ ჩემთან ერთად 😦
ფაქტიურად შევწყვიტე კავშირი გარე სამყაროსთან, მერე კი იმ სამყაროსთანაც, სადაც ვიყავი… სულ სხვა სამყაროში გადავდივარ წიგნის კითხვისას, სადაც არაფერი მესმის და ვერაფერს ვხედავ გარდა წიგნის სიუჟეტისა, მეც იქ ვარ… მოკლედ, მთელი დღე დივანზე ვეგდე და ჯეკ ლონდონს სისხლი გავუშრე 🙂 ვკითხულობდი ”წინაპართა ძახილს”, ამბავს უსაყვარლეს და უერთგულეს ძაღლ ბეკიზე, მასში მომხდარ ცვლილებებზე და დაუნდობელ წეს-ჩვეულებებზე… ”მგლის შვილს” – ველურთა ტომში (რომლის ზუსტი სახელი არ მახსოვს…) მოხვედრილ თეთრკანიან მამაკაცზე, მის უპირატესობაზე და საბოლოო გამარჯვებაზე… გადავიკითხე ბავშვობის დროს წაკითხული ამბავი ”დიდი სახლის პატარა დიასახლისზე”, ვკითხულობდი დიკის და პაოლას ამბებს, ვბრაზდებოდი უეცრად გამოჩენილ გრეჰემზე და სულ სხვაგვარად აღვიქვამდი ახლა ამ ამბავს… პატარაობისას სხვაგვარად ჩანდა და მახსოვდა როგორც უბრალო, უარაფრო რომანი, მაგრამ ახლა რაღაც-რაღაცეები სხვაგვარად აღვიქვი და თურმე არც ასე ყოფილა საქმე… იქ ვიყავი, ფორესტების მამულში და მათთან ერთად განვიცდიდი ყველაფერს… დოჩანაშვილის სიტყვები გამახსენდა იმის შესახებ, რომ იყო მკითხველი-სასწაულია, შეგიძლია შეყვარებულებს შორის იწვე საძილე ტომარაში და სულაც არ იყო ზედმეტი, პირიქით, ეს აუცილებელიცაა, რადგან ავტორმა ასე ისურვა…
წავიკითხე კიდევ რამდენიმე მოთხრობა, ბოლოსდაბოლოს დავამთავრე წიგნი ჯეკ ლონდონის ცხოვრებაზეც… მოკლედ, გავუშრე სისხლი ამ კაცს და ალბათ რომ შეეძლოს ჩემი ნახვა, მეტყოდა დამანებე ქალო თავი, შემეშვიო 🙂
ერთადერთხელ გავედი სახლიდან გარეთ, სოფელში მყოფ ძველ მეგობარს ვესტუმრე და იქ ისე მებრდღვნა ერთი ქალი, კინაღამ გონება დავკარგე 🙂 ვიღაც სტუმრები ჰყავდა ჩემს მეგობარს და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ჩემი ძველი რესპოდენტი იყო, ხოდა, შევედი თუ არა, ვიღაცამ იკივლა ”ჩემი გოგოოოოოო”- ო და გამოქანდა, ძლივს გადავრჩი გაბრტყელებას 🙂 სულ 10 წუთით მყავდა ნანახი ის ქალი და როდის მოასწრო ჩემი ასე შეყვარება, არ ვიცი 🙂
მოკლედ, გადავურჩი ამ ქალს ცოცხალი როგორც იქნა და მერე სახლიდან ცხვირიც არ გამომიყვია გერეთ 🙂
ხანდახან მენატრებოდა გარესამყარო, ხალხი, ბლოგი და ტელეფონით ვიჭყიტებოდი ხოლმე, საკუთარ თავს ვატყუებდი 🙂 იმდენი ახალი პოსტი მაქვს წასაკითხი და დასაკომენტარებელიიიი, მიფრთხილდით კოლედ 🙂
ხო, არდადეგები მშვენიერი გამომივიდა – წაკითხული რამდენიმე ნაწარმოები, დასვენებული ორგანიზმი, რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი და მომავალი წლისთვის საკმარისი ენერგია დამიგროვდა ”ანგარიშზე”…

>ახალი წლის მოლოდინში (ამას თუ მოლოდინი ქვია)

>
დეკემბერი ისე შემოგვეპარა, ვერაფერს მივხვდი… გარეთ ისეთი ამინდებია, გაზაფხული უფრო გეგონება… მაგრამ УВЫ, ზამთარიც მოვიდა. საერთოდ, ზამთარი არ მიყვარს(და ამის ბევრი მიზეზი არსებობს)… მაგრამ ახლა წარმოვიდგინე ნანატრი სუსხი, მე ყური და ცხვირი მეყინება ხოლმე პირველ რიგში (და ხელები :-)), ქუდი მაქვს ჩამოფხატული თვალებამდე და შეფუთული დავდივარ, ერთი 10 კილოგრამით უფრო მეტი ვიქნები მაგ დროს 🙂 …და ახალი წელი, ახალი წელი …
გუშინ ღამე მივსეირნობდი სამსახურიდან სახლში, საახალწლო განათებები უკვე არამარტო დაამონტაჟეს, ჩართულია კიდეც და რაღაცნაირ შეგრძნებას იწვევს. თან წვიმდა, კიარადა ცრიდა, განათებების ფონზე კი წვიმის პაწაწუკა წვეთებს ვხედავდი… სამუშაო დღის შემდეგ გასეირნება საოცრად მშველის, თან ამ პატარა წვიმამ გამომაცოცხლა და წელს პირველად შემცივდა, სუსხი იყო გარეთ…
ბავშვები პატარა ”ბომბაჩკებს” აფეთქებენ უკვე (თან თითქოს იმალებიან, მოკუზულები გადარბიან ქუჩიდან ქუჩაზე :-)), მისი სპეციფიური და მძაფრი სუნი გუშინ პირველად მომხვდა ცხვირში და ალბათ ამიტომაც იყო რომ ახალი წლის მოახლოება ვიგრძენი…
არადა, სულ არ მაქვს წინა საახალწლო განწყობა, არ ვიცი ცხელი და გადარეული ამინდის ბრალია თუ ჩემი… რატომღაც უკვე ყველაფერი კარგავს აზრს, ყველაფერს ვეჩვევი და მგონი უკვე დაკიდებაც გამომდის…
არადა, დღეს წესით ნორმალური დღეა, გუშინ ათმა რესპოდენტმა მაინც მითხრა უარი ჩაწერაზე, ერთიც ვერ ვიპოვე… მერე ნაცნობ-მეგობრები ავაფორიაქე და დღეს უკვე მანანას რადიოსავით, რამდენიმე რესპოდენტი მომიგროვდა…:-) ხოდა, მაგიტომ ვამბობ, კაი დღე იქნება მგონია…

მალე ახალი წელი მოვა, ფერადი, ტკბილი და საჩუქრებიანი… მერე… მერე ორ თვეში წავალ…

%d bloggers like this: