Blog Archives

ილუზია

აივანი. რკინის მოაჯირი ცივია და თითებიც გამეყინა… ცაზე ძლივს მოჩანს ვარსკვლავები. მგონია, რამდენიმე მათგანს ძველი მეგობარივით ვიცნობ.

ახლა ალბათ რამდენი ადამიანი ზის ჩემსავით და აკვირდება იგივე ვარსკვლავებს. რაღაცნაირად მომწონს ეს მომენტი, თითქოს გვაახლოვებს…

იქაც ეს ვარსკვლავებია…

…უკვე ღამეა. დაღლილი მოვდივარ სამსახურიდან. როგორი დაღლილი იცი? რომ გშია და ვერ ხვდები რა გაწუხებს.

ვიბანაოთო. რამით არასდროს შევსულვარ ზღვაში. ამიტომ, არ მინდოდა ასე ექსპრომტად, უფრო ლამაზი შესავალი მინდოდა ჰქონოდა.

თურმე ეს ყველაფერი მაშინვე კარგავს მნიშვნელობას, როგორც კი ზღვის შეხებას იგრძნობ.

პლიაჟი ცარიელი, ცა ვარსკვლავებით სავსე. ზღვა ძალიან ახლობელი და ჩემიანი. შედიხარ ნელა, ზღვის შეხების წამები უფრო რომ გაიხანგრძლივო.

მერე ეშვები თავით სიღრმეში. რაღაცნაირია, სულ სხვანაირი. თავს თევზად გრძნობ და გინდა გაყვე ზღვას სადღაც შორს. მიყვები კიდეც, ნელი მოძრაობით და ტალღების დახმარებით. ხედავ განათებულ ბულვარს და როგორც არასდროს, ისე გინდა გახვიდე თითქოს უსასრულობამდე, ჰორიზონტს იქით.

წვები ზურგზე, აკვირდები ვარსკვლავებს და ემორჩილები ტალღების მოძრაობას. ამ დროს საკუთარი თავი მსუბუქი მოტივტივე ნავი გგონია, ნიჩბებიანი. ხოდა, ხელებსაც ნელა, ნიჩბებივით ამოძრავებ და ზურგზე დაწოლილი მიცურავ ნაპირისკენ. რაც უფრო სწარაფად მოძრაობ, მით უფრო კარგავ მოძრაობის შეგრძნებას და ვარსკვლავები ისე ცხადად დარბიან, გიკვირს კიდეც. თითქმის დარწმუნებული ხარ, რომ შენ კიარა, ვარსკვლავები გადაადგილდებიან.

უკვე ნაპირთან ახლოს ხარ. ტალღები განაგრძობენ ნელ მოძრაობას და ისევ იმ ნავივით ირწევი. თითქოს საიდანღაც ჩაგესმის:

“გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა –
უცხო სამოთხეები?
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?
მივდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი სადა ხარ
და რომელსა მხარესა.”

თვალებს ხუჭავ და ჩუმად, ძლივს გასაგონად აყოლებ ხმას…

… ისევ აივანი, ისევ ის ვარსკვლავები. გაბრაზებული ვარ, საკუთარ თავზე…

ხელი ავიღე და ლოყა ცივ მოაჯირს მივაბჯინე.
“გაგონდება თუ არა, კარაკეთის დღეები…”

Advertisements

სოფელში

ერთხელაც გადავიღებ ფოტოებს ჩემ სოფელში ^_^

ერთხელაც გადავიღებ ფოტოებს ჩემ სოფელში ^_^

სიცივის შეგრძნება და წვიმის ხმა მაღვიძებს. ვცდილობ არ გამოვფხიზლდე, საბანს ვქაჩავ და მხრებს ვიფარავ. ჩემი დის ცარიელი საწოლი მაფიქრებინეს, რომ მალე საუზმეზე დამიძახებენ და ვცდილობ მაქსიმალურად დავტკბე ძილის ბოლო წუთებით.

კითხვის დაწყებას აზრი არ აქვს. ისევ ტელეფონს გადავწვდი. ერთი უმნიშვნელო მესიჯი, ახალი არაფერი. ძველისგანაც ვათავისუფლებ ტელეფონს და გონებას. 11-ს გადაცდა უკვე.

– გაცივდა ხაჭაპური! – მესმის დედაჩემის ხმა.

სასიამოვნო სიგრილეა. თბილად ვიცმევ და სასაუზმოდ გავდივარ.

დილის ყავის და უგემრიელესი მეგრული ხაჭაპურის შემდეგ სიამოვნებით ვალაგებ სახლს  MTV-ს მუსიკალური გაფორმების ფონზე.

დედაჩემს ახალი ატამი მოუტანია, მაგრამ სოფელში ხილს “ადგილზე მიტანით” იშვიათად ვჭამ. მირჩევნია თვითონ ვიშოვო “ბაღჩაში” (ბაღი აჭარულად :-)).

იმ მოტივით, რომ თითქმის მთელი ბავშვობა აქ გავატარე და თვითონაც ვიცი რაღაცეები, ყურადღებას არ ვაქცევ ჩემი დის რჩევას იმის შესახებ, რომ ფეხსაცმელი, რომელსაც ვიცმევ ბაღჩაში ჩასასვლელად, სრიალებს. ხოდა, პირველივე მოსახვევში მოვადინე ზღართანი 😀 ვერავინ მხედავს, მეც ჩუმად ვიფერთხავ მტვერს და გზას უფრო ფრთხილად ვაგრძელებ.

თითქოს ჩქარი ნაბიჯების ხმა და ქოშინი მესმის. უკვე ვიცი, რომ დაღმართზე ჩემი ძაღლი, ბარსა მორბის ენაგადმოგდებული და ბებერი მსხლის ხეს ვეყრდნობი. ეს თუ დამეჯახა, დამთავრებულია ჩემი საქმე 🙂

გადავრჩი.ვაგრძელებ გზას. ჯერ რამდენიმე თხილის ხეა, სულ ახლახანს დარგო მამაჩემმა და წელს პირველი მოსავალი აქვს. ამიტომ, მკაცრად ვართ გაფრთხილებული, რომ მთლად არ შევჭამოთ, რადგან რამე მეგრული გემრიელობა უნდა გააკეთოს დედაჩემმა პირველი მოსავლით.  რა ჩემი ბრალია, რომ ახალი თხილი ყველაზე მეტად მიყვარს და ხეებიც იმდენად დაბალია, ცდუნებას ვერ ვუძლებ.

ატმის ხეებთან უკვე თხილით ჯიბეებ გამოტენილი ჩავდივარ. რამდენიმე ახალი ჯიშიც გამოუყვანია მამაჩემს. ხელით ვამოწმებ ატმის სირბილის ხარისხს (გადამწიფებული ხილი არ მიყვარს) და მხოლოდ შემდეგ ვკრეფ.

დედაჩემი მეძახის დაფნა წამომიღეო. გადავდივარ იქ, სადაც მწვანილები მეგულება. ოხრახუში, ქინძი, კამა… – დაფნა არსად არ ჩანს. მერეღა მახსენდება, რომ დაფნა ხეა. მიხარია, რომ ვერავინ მხედავს.

ვეძახი ბარსას და ერთად მივდივართ უკვე აღმართზე, თან ატამს შევექცევი

– ბარსა, გინდა ატამი?

ბარსას თავი მარჯვნივ გადაუწევია, ენა გადმოუგდია და უხმოდ მიყურებს.

– არც თხილი?

ერთიც გამომხედა სახით “მთლად გააფრინე შენ!” და ზოზინით აუყვა აღმართს.

დაფნის ფოთლებს სამზარეულოს მაგიდაზე ვყრი და ვიძურწები, არ მინდა დედაჩემმა თხილით გაძეძგილი ჯიბეები შენიშნოს. ვპოულობ წიგნს, ბლოკნოტს და მეორე სართულზე მიმავალ კიბეს მივყვები. ვჯდები აივანზე და თხილს ვაკნატუნებ, თან წიგნში იმ ადგილს ვეძებს, სადაც შევჩერდი.

ქვემოდან დედაჩემის ხმა მესმის:

– თხილს კბილით ნუ ტეხავ!..

გაწვიმდა…

(ამის ფონზე უკეთესად იკითხება წესით ;-))


გაწვიმდა…

ამ შუა თბილისში ბათუმურად გაწვიმდა.

გადარეული წვიმა წამოვიდა და გადასარევი განწყობა მოიტანა.

დღეს წვიმას თითქოს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – შექმნას სასიამოვნო განწყობა.

ბაღში სხვადასხვა ფერის ვარდებიც დასველდნენ, მაგრამ მაინც ამაყად უჭირავთ თავი და მსუბუქი სიოს დახმარებით კეკლუცად იბერტყავენ წვიმის წვეთებს.

ჰაერში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს, წვიმის და ყვავილების ერთგვარი სინთეზის შედეგად წარმოქმნილი. წვიმას სუნი აქვს?

ამშვიდებს ეს წვიმა.

არ ცივა.

მაინც ვიცმევ თბილად, ფეხმორთხმით ვჯდები აივანზე და ვაკვირდები წვიმას.

წვიმა – გიჟი და გადარეული.

ბათუმი – თბილი და ახლობელი.

ორივე ერთად ძალიან საყვარელი.

… ზაფხულია, ცხელა. მიდიხარ პატარა ქუჩაზე, მშვიდად და უარაფროდ. უცებ მოდის ისიც, ხმაურიანი და გიჟი. ყველა სადღაც გარბის, არც შენ გინდა დანებდე და ბოლომდე იბრძვი. არადა იცი, კარგად იცი, რომ ის ძლიერია, მაინც წამოგეწევა და სირბილს აზრი არ აქვს. მაგრამ წვიმაში სირბილი სხვანაირია, ვერც აცნობიერებ, მაგრამ მოგწონს ეს პროცესი და ამიტომაც გარბიხარ… მერე ისე გადადის სირბილი სეირნობაში, ვერც ხვდები. სასიამოვნოა სეირნობა, თბილა. ფეხსაცმელიც მნიშვნელობას კარგავს და უკვე მის გარეშე აგრძელებ გზას.
გამსუბუქებს წვიმა რაღაცნაირად. გინდა ირბინო, იცეკვო, იცინო…

წვიმა… სიცხე და ზღვა… ბანაობა წვიმაში, როცა ზღვა ისეთი თბილი გეჩვენება, როგორც არასდროს…

წვიმა… ბათუმი… საღამო და სეირნობა… მერე სირბილი, ვითომ სადარბაზო, კიდევ სირბილი… წვიმა, ბევრი წვიმა… და სახლი, სასიამოვნოდ დაღლილი და სველი რომ დაეგდები საწოლზე…

წვიმა… ჩვენ, სამივე… სახლი… ფილმი, შოკოლადი და ბევრი “სემიჩკა”, ძალიან ბევრი. თბილი პლედი და სისულელეებზე ლაპარაკი…

წვიმა… პლიაჟი… დალევა მაშველის “კოშკის” ქვეშ და მერე ტრენინგი. სიცილი, ბევრი სიცილი…

წვიმა და ბეშუმი… ცისარტყელა და მის ფონზე კითხვა. საღამოს კოცონი, სველ მიწაზე ძლივს გაცოცხლებული.
ხო, წვიმა…

გაწვიმდა თბილისში, ოღონდ ბათუმურად.

ვარდები ისევ ამაყად დგანან და ფოთოლზე ნელა მოსრიალებს წვიმის წვეთი.

ყველა სახლში შეყუჟულა, არავინაა გარეთ. ვხვდები განსხვავებას ბათუმის წვიმასა და თბილისის თუნდაც ბათუმურ წვიმას შორის.

და მაინც, თბილისში ბათუმურად გაწვიმდა, საშინლად რომანტიკულ განწყობაზე ვარ და გარეთ მინდა, წვიმაში…

კაია…

დილა…
ყავა და წიგნი საწოლში…
მონატრებული ნებივრობა…

მთელი დღე სახლში. სიამოვნებით მომზადებული საუნივერსიტეტო დავალებები და მერე უფრო სიამოვნებით წაკითხული დათო ტურაშვილი.

აივანი… წიგნი…
ვარდები უფრო დიდი რაოდენობით.
მზე… ცა… წიგნის ფურლები ირეკლავს სხივებს და ცალთვალმოჭუტული კითხულობ. მაინც სასიამოვნოა…

ბაღი აივანთან. თბილი მზე, ყვავილების სურნელი და პატარა შავი ფისო.

სიამოვნებით ჩაკითხული ბოლო გვერდიც და უკვე დახურულ წიგნზე რამდენიმე წამიანი ფიქრი, ერთგვარი გულის დაწყვტა იმაზე, რომ წიგნი მალე მიილია.

საღამო…
ინტერნეტი… მონატრებული მეგობრები, რეალურები და ვირტუალურები. მათთან კონტაქტი და უბრალო საუბრისგან მიღებული სიამოვნება.

წვიმა… შხაპუნა და მხიარული. სასიამოვნო ფილმი და არანაირი ახალი ამბები.
ვაკუუმი. შიში და გაურკვევლობა…

03:00 – პიკი. დრო, რომელსაც არ უნდა გადაცდე.

ვაკუუმი… არაუშავს.

საწოლი… გემრიელი და თბილი, წვიმაში განსაკუთრებით სასიამოვნო.

წვიმის მელოდია და ძილი ბაღიდან შემოტანილი იმ უცნაური ყვავილების სურნელში. მერე ისევ დილა… ისევ თავისუფალი დღე და ისევ წიგნი…

აკაციები…

მიყვარს აკაციები. თეიმურაზს მახსენებს და დეიდა ანიკოს, ქურთ მეეზოვეს კიდე…

სურნელი მიყვარს აკაციების, მაგრამ ამ ოთახში გადმონაცვლებულმა დაკარგა სადღაც.

რატომღაც ჩაკეტილად ვგრძნობ თავს, ვერ ვხვდები ოღონდ რატომ.

აივანი…

საშინლად სასიამოვნოა, როცა წვიმის მერე უეცრად გამოიდრის, ცა თავის ფერს დაიბრუნებს და მზე ათბობს, მიწა კი ისევ სველია.

სასიამოვნოა იჯდე აივანზე, უყურებდე ახადგაშლილ ვარდებს და უცნაურ ყვავილებს, მზე გაჭყიტებდეს და მაინც ცდილობდე გაუსწორო თვალი.

საშინლად სასიამოვნოა სურნელი, რომელსაც ამდენი ყვავილის სინთეზი ქმნის და ხვდები, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია აქ. შეგიძლია იყო მარტო და არ შეგაწუხოს მარტოობამ.

როცა მთელი დღე არაფერია, ნეგატივსაც რომ ვერ უწოდებ, უბრალოდ არაფერი და მორჩა; როცა გრძნობ, რომ ის “მშობლიური” რუხი მასა გიახლოვდება და შეიძლება ისევ შთანგთქოს; როცა 400-ოდე კილომეტრით შორს გინდა იყო აქედან და როცა გენატრება უბრალოდ სეირნობა საყვარელ ხალხთან ერთად; როცა ორ სამყაროს შუა ხარ გაჩხერილი და არ იცი საით წახვიდე; როცა იკეტები საკუთარ თავში და არავის უშვებ; როცა გაურკვევლობაში, ჰაერში ხარ ყველა მხრივ და ყოველი ნაბიჯის გეშინია; როცა ისე სწრაფად იცვლება რაღაცეები, გააზრებასაც ვერ ასწრებ; როცა გრძნობ რომ შენშიც ზუსტად ახლა რაღაც იცვლება, მაგრამ არ იცი კონკრეტულად რა და რატომ; როცა გინდა უბრალოდ დაისვენო და მოდუნდე; – უბრალოდ აქ უნდა გამოხვიდე…

როცა რეალური ცოტაღა დარჩი და მაინც კარგად გრძნობ თავს; როცა იმდენი სითბო გაჩნდა უცებ, გეშინია კიდეც; გეშინია იმისაც, რომ მეტისმეტად ეჩვევი არარეალურ ადამიანებს და შედეგი შეიძლება არც ისე სახარბიელო აღმოჩნდეს. გრძნობების გეშინია, უფრო სწორად იმის, რომ მერე გეტკინება.

როცა უკვე გბეზრდება ის იმიჯი, რომელიც შენდაუნებურად შეიქმენი და გეშინია ცუდი განწყობის, გეშინია რომ სხვაგვარი გამოჩნდები.

როცა გინდა უბრალოდ იფიქრო და ცოტა ხნით მოწყდე სამყაროს, უარაფრობას.

ამ დროს სასიამოვნოა აივანზე ჯდომა და თუნდაც ამოჩემებული, მაგრამ მაინც არ მობეზრებული მელოდიის მოსმენა. მზის სხივები და სიო, სულ ოდნავ რომ იგრძნობა.

საბოლოოდ ვწმუნდები, რომ ყოველი ადამიანისთვის საუკეთესო ფსიქოლოგი თვითონ ეს ადამიანია. შენზე კარგად არავინ არ იცის რა გაკლია და რა გჭირდება. საერთოდ, ადამიანს ბევრი რამე შეუძლია, მთავარია გაითავისოს ეს და მის სასარგებლოდ მოაბრუნოს როგორმე. კი, რთულია, ძალიან რთული თან, მაგრამ შესაძლებელი.

ცას ისევ თავისი ფერი აქვს, მიწას ოხშივარი ასდის და ვარდების და იმ უცნაური ყვავილების სუნი უფრო სასიამოვნოა.
ღრმად ჩაისუნთქავ და შედიხარ ოთახში, სადაც უკვე იგრძნობა ჯერ კიდეც დილით მოტანილი აკაციის ყვავილის სურნელი.

აკაცია ნოდარ დუმბაძეს მახსენებს რატომღაც (ვიცი რატომაც) და თეიმურაზს, დეიდა ანიკოს და ქურთ მეეზოვეს. მერე ის დრო მახსენდება, მათი ცხოვრებით რომ ვცხოვრობდი. მომენატრა, საშინლად მომენტარა.

ბევრი რამე და ვინმე მომენატრა, ალბათ მაგიტომაც მიტევს ის “მშობლიური” რუხი რაღაც. მაგრამ ადამიანი ხომ საკუთარი თავისთვის ყველაზე კაი ფსიქოლოგია და ეს რუხი უცნაურობაც ისევე გაქრება, როგორც წეღანდელი ღრუბელი ცაზე. ხო, ალბათ.

%d bloggers like this: