გა-დაღლა…

დავიღალე… უბრალოდ კი არა, ძალიან დავიღალე…

ვხვდები, რომ თანდათან ვკარგავ კონტროლს საკუთარ თავზე, რომ ნამდვილი ხატია ცოტაღა დარჩა ჩემში და საკუთარი თავის ნარჩენებიღა ვარ…

მთელი დღე სამსახურში და ერთი პოზიტიური ფიქრი – საღამოს ისევ ვნახავ, ისევ ისე თბილად ჩამეხუტება და ყველაფერი გამივლის.

არაფერი მინდა მასთან ყოფნის გარდა. მინდა ერთად გადავიკარგოთ სადმე ცოტა ხნით, მარტო ჩვენ.

კარგად მხოლოდ მაშინ ვგრძნობ თავს, როცა მასთან ვარ…

არ მინდა მინისტრობის კანდიდატები მესიზმრებოდეს. გემრიელი, ჩემებური ძილი მინდა, თუნდაც ძველებურად უსიზმრო…

ჩვენი შაბათი და კვირა მინდა…

სეირნობა მინდა საღამოს…

მინდა ამ სეირნობის ძალა მქონდეს და სამსახურის მერე უსულო საგანივით არ ვეგდო მანქანაში…

მინდა არ ვწუწუნებდე და არ ვბუზღუნებდე…

მინდა სამსახურში ისევ არ უკვირდეთ ჩემი ღიმილი, განსაკუთრებულ შემთხვევად არ თვლიდნენ. მინდა ისევ ისე ვიყო ღიმილის განწყობაზე, როგორც ადრე…

ბათუმი მინდა და სახლი, მაგრამ იქ მარტო ვიქნები, მის გარეშე და ვერ გავძლებ, ვერ შევძლებ…

სადმე ტყეში, მიკარგულში მინდა წასვლა მასთან ერთად…

ტყეში მასთან ერთად…

მინდა ერთად ვიძინებდეთ და ვიღვიძებდეთ…

მინდა ჩემს ხელში მის თბილ ხელს ვგრძნობდე, გული რომ მითბება ისე…

მარტო ჩვენ, ცოტა ხნით მაინც შორს ყველაფრისგან…

მინდა ორივემ დავისვენოთ და ადამიანების სახე დავიბრუნოთ.

მინდა მის ღიმილიან სახეს ვხედავდე და მეც არ მშორდებოდეს სახიდან ღიმილი, ღიმილი მისთვის…

ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ასე გვინდა… ვიცი, რომ მასთან ერთად სულ კარგად ვიქნები…

უბრალოდ რესტარტი მჭირდება ყველაფრისგან… ყველაფრისგან მის გარდა…

მცირე მონოლოგი

გახსოვს რამდენს ვსაუბრობდი აწმყოზე? იმაზე, რომ მთავარია აწმყო არ დაივიწყო და თუ თითოეული წამით იცხოვრებ, მომავალშიც შეძლებ გზის გაკვლევას…

იმაზე, რომ უნდა შეძლო ბედნიერი იყო ახლა და მხოლოდ მომავლის ბედნიერებით არ იცხოვრო…

იმაზე, რომ უნდა გადახედო შენს კრიტერიუმებს ბედნიერებისთვის, იქნებ შეიცვალა რამე და ახალი პუნქტებია ჩასამატებელი, რამდენიმე ძველი კი აღარაა საჭირო…

იმაზე, რომ იცოდე რა არის შენთვის ბედნიერება ამ კონკრეტულ მომენტში…

სრულყოფილება გიგრძვნია? მე კი… იცი როდის? როცა ერთად ვართ, როცა მის მკლავებში ვარ და სული მეხუთება ბედნიერებისგან…

ადრე მეშინოდა…

მეშინოდა გრძნობების…

მეშინოდა რომ მეტკინებოდა და უფრო მეტად იმის მეშინოდა რომ ვატკენდი…

მერე ბედნიერების მეშინოდა, მეგონა რომ არ არსებობს ასე კარგად ყოფნა, რომ ეს ადრე თუ გვიან დამთავრდება…

ერთ რამეს მივხვდი – ყველაფერი აუცილებელი, რაც მჭირდება, უკვე მაქვს.

სითბო მაქვს, ჯერ კიდევ ზამთრიდან მომყვება და გაყინულ ხელებს მითბობს…

გრძნობა მაქვს, რომელიც არ ვიცი საიდან, როდის, ან რატომ მოვიდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს.

ადამიანი მყავს, ადამიანი რომელიც მაბედნიერებს…

ბედნიერი ვარ რომ ვიპოვე, რომ ზუსტად ის ვიპოვე და არა სხვა.

და მე ისევ იმ აზრზე ვარ – ჩემი სიყვარული არ იქნება მატერიალური.

მე მინდა ნულიდან დავიწყოთ და ჩვენი ხელით შევქმნათ ყველაფერი, ერთად…

მე არ ვგეგმავ მომავალს, არ ვიცი რა იქნება ხვალ. მხოლოდ ის ვიცი, რომ მინდა ჩემს მომავალში არსებობდეს, აუცილებლად…

მინდა ყოველი დღე მისი კოცნით იწყებოდეს და მთავრდებოდეს…

მინდა შემეძლოს მასზე ვიზრუნო, მინდა ჩემთან კარგად იყოს.

ხანდახან პატარა ბავშვივით მომეხუტება ხოლმე და მე მგონია რომ შემიძლია დავიცვა, გავაძლიერო…

და ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? მეც ასევე შემიძლია მივეხუტო, თავი პატარა ბავშვი მეგონოს, ვიბუზღუნო და ვიცი რომ ჩემს გვერდით იქნება…

მე არ ვიცი რა იქნება ხვალ, მაგრამ ძალიან მომწონს დღეს…

და ხვალ სრული სიცარიელეც რომ იყოს, ერთი რამ ნამდვილად ვიცი – დღეს იმდენად ლამაზია ყველაფერი, ეს ამად ღირს.

ვიცი რომ არ დავფრინავ ღრუბლებში და ამ ყველაფერს იმიტომ არ ვამბობ, რომ ახლა მეჩვენება ლამაზად და მერე შეიძლება სხვაგვარად იყოს. არანაირად…

ისიც ვიცი, რომ დატვირთული დღის შემდეგ ფაქტიურად ერთადერთი პოზიტივი მაქვს და ეს პოზიტივი იმხელაა, ყველა ნეგატივს ამარცხებს.

კიდევ ის ვიცი, რომ ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ.

და მინდა შენც იყო ასე… ხო, შენ, რატომღაც რომ შემოდიხარ ჩემს ბლოგზე, ამ ნაბჟუტურებს კითხულობ, გესმის ან არ გესმის ჩემი… ამას რა მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ მინდა შენც ასე იყო, ასე გიყვარდეს და ასე უყვარდე, იმიტომ რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, მართლა…

მე მინდა

მე მინდა ვიყო ქარი,
რომ აგიწეწავს თმას,
ქვეყნად არ არის ქალი, –
შენ არ სჯობნიდე მას.

მე მინდა ვიყო ტოტი,
რომ ჩაეჭიდო შენ.
როცა გეძახი, მოდი,
მოგეფერები, მელ…

ზღაპარს ვაცოცხლებთ, იცი,
მე მინდა ვიყო ხე,
რომლის ჩრდილის ქვეშ სიცილს,
არასდროს შეწყვეტ შენ.

მინდა ლამაზი ,,ჩვენი”
გავაფერადოთ სულ,
როგორც მწვერვალის წვერი,
ისე წმინდავდეს სულს.

მინდა, რომ ვიყოთ ერთი,
ყველაზე დიდი ზღვა,
ტალღები, რომლის გვერდით
წვეთი იქნება სხვა…

ზღაპარი…

…გავჩერდი, ჩაკიდებული ხელი გავუშვი, მისკენ მივტრიალდი, ცერებზე დავდექი და კისერზე ვაკოცე… ვაკოცე ბევრჯერ, ისე, თითქოს ის წყალი იყო და მე მოწყურებული მგზავრი…

ძალიან მომენატრა, სულის შეხუთვამდე…

მივეწებე და ვეღარ მოვშორდი, ეს უბრალოდ აღემატებოდა ჩემს ძალებს…

მერე იყო ზღაპარი, მთელი სამი დღე…

მეოთხე დღეს არ მჯეროდა რომ ზღაპარი დროებით შეწყდა… არც შემწყდარა, ვირტუალურად გაგრძელდა უბრალოდ…

ორი დღე დაგროვილი ემოციით ვუმკლავდებოდი მონატრებას, მესამე დღეს ისევ ისე შემეკუმშა გული…

მერე არ ვიცი რამდენი დღე გავიდა ასე… ერთხელაც მივტრიალდი და ჩემს უკან იდგა, რეალური… წარმოგიდგენია?

ისე მაგრად მოვეხვიე, შემეშინდა არ დამეხრჩო…

ისევ ზღაპარი… ყველაზე ლამაზი დღე, ყველაზე დიდი სითბო…

ვსხედვართ ზღვასთან და მზესთან სულ ახლოს… მე ვირუჯები, ის მეხუტება და მიკვირს რატომ არ მაწუხებს ზაფხულის სიცხე… ძალიან რომ გცივა და ჩახუტება გათბობს ისე ვარ…

საღამოა და ისევ ზღვასთან ვართ… ისევ გულში მიკრავს და მე პატარა ბავშვი მგონია თავი, რომელსაც უვლიან და ცდილობენ სითბო არ მოაკლონ…

ტირილი მინდა… ამჯერად ბედნიერებისგან…

მიყვარს… ისე მიყვარს რომ… რომ ვერ ვამბობ, არ ვიცი როგორ ვთქვა…

მიხარია რომ არსებობს ჩემს ცხოვრებაში…

მე არ ვიცი რა არის სიყვარული… მე ვიცი როგორია ჩემი სიყვარული…

მე არ ვიცი რა არის ბედნიერება… მე ვიცი როგორია ჩემი ბედნიერება და ისიც ვიცი, რომ ჩემი ბედნიერება მის გარეშე არ არსებობს…

მაბედნიერებს და ვიცი, ყველანაირად ვეცდები მეც რომ გავაბედნიერო…

კარგად…

კარგად ვარ მეთქი…

ასე მოკლედო?

ხო, ამ ყველაფერს კარგად ყოფნა ჰქვია თქო…

ვერ მოვიფიქრე სხვაგვარად როგორ მეთქვა დიდი ხნის უნახავი მეგობრისთვის ჩემი ამბები.

ხოდა კარგად ვარ…

არის ცხოვრებაში მომენტები, როცა არ გჯერა ასე კარგად თუ ხარ…

და მაინც, მე კარგად ვარ.

მიუხედავად იმისა, რომ ისე მენატრება, ვერ გადმოვცემ; მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაზე მეტად ცხელ თბილისში ყოფნა მინდა; მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ყოფნის ყოველი დღე უფრო და უფრო რთულდება…

კარგად ვარ…

გახსოვს? ადრე ვამბობდი სადმე რომ მიდიხარ რაღაცას ტოვებ ან რაღაც მიგაქვს თქო… ადრე ბათუმში ვტოვებდი ყველაფერს და თბილისიდან ამ ყველაფრისთვის მოვდოდი. თბილისში არაფერს ვტოვებდი, ყველაფერი ბათუმში მომყვებოდა…

ახლა დავტოვე… ყველაფერი…

ის სამი დღე… შენ არ იცი როგორი სამი დღე მქონდა… ყველაზე ლამაზი მთელს მსოფლიოში… ზაფხული ყველაზე ლამაზი სამი დღე… მთელი დღე ერთად, წყალში და ხმელეთზე…

სითბო… იმდენი სითბო რომ გეშინია გული არ გასკდეს…

შენ იცი რა ბედნიერებაა როცა ის, ვინც გიყვარს, სიგიჟემდე შეყვარებული თვალებით გიყურებს?

როცა უბრალოდ ვერ ახერხებ ხმის ამოღებას და უყურებ, რეალურს…

ისე მენატრება, ისე რომ…

მაგრამ იცი რა? კარგად ვარ…

კარგად ვარ… იმიტომ რომ შემიძლია ასე მიყვარდეს; იმიტომ რომ შემიძლია ასე მენატრებოდეს; იმიტომ რომ მყავს ადამიანი, ვინც მეიმედება; იმიტომ რომ მხოლოდ ეს ურთიერთობაც მაბედნიერებს; იმიტომ რომ მასთან რაღაცნაირად ვარ, სრულყოფილად და მის გარეშე კი თითქოს სხეულის ნაწილი მაკლია…

და იცი კიდევ რატომ ვარ კარგად? იმიტომ რომ რამდენიმე დღეში ისევ ვიგრძნობ მის თბილ ჩახუტებას და ბედნიერებისგან ვიტირებ… და არასდროს, არასდროს წავალ ამდენი ხნით…

შენთან…

რა კაია შენთან…

სხვანაირად ვარ, სრულყოფილად…

რაღაცნაირად, მშვიდად…

აბა როგორ შეიძლება არ ვიყო კარგად, როცა ისე მიყურებ, თითქოს… თითქოს შეუფასებლად ძვირფასი ვიყო.

პატარა ბავშვივით რომ მაჭმევ სალათს და რაღაცებს მატყუებ რომ ბევრი ვჭამო 🙂

ახლა საშინლად მინდა წვიმაში ვისეირნო, შენთან ერთად… ჩემი ხელი გეჭიროს შენებურად, თბილად და ათას სისულელეზე ვსაუბრობდეთ.

ადრე მეგონა რომ ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და არ შეიძლებოდა ასე კარგად ყოფნა რეალური ყოფილიყო. ახლა მივხვდი რომ შესაძლებელია.

შესაძლებელია ჩახუტება საკმარისი იყოს ბედნიერებისთვის…

შესაძლებელია საათები ისე გავიდეს, ვერ გაიგო…

შესაძლებელია “სხივისი” ტკივილი გტკიოდეს და სიხარული გიხაროდეს…

შესაძლებელია გიყვარდეს ისე რომ… თითქოს სული გეხუთება…

შესაძლებელია სიმაღლის გეშინოდეს, მაგრამ ხიდიდან ჩახუტებული გადმოხტომა დიდი სიამოვნება იყოს 🙂

შესაძლებელია ისე გენატრებოდეს, ისე, რომ…

შესაძლებელია იყო ბედნიერი და აცნობიერებდე ამას, აწმყოში! და ეს გაძლევდეს სტიმულს იმისთვის, რომ მომავალში კიდევ უფრო ბედნიერი იყო.

შესაძლებელია გინდოდეს იზრუნო ვინმეზე, მოუარო, თბილად გყავდეს 🙂

მე მომწონს “ჩვენ”… და ყველაფერი ის, რაც ჩვენია.

გახსოვს, ადრე მინდოდა გავმქრალიყავი ცოტა ხნით, სხვა სამყაროში გადავსულიყავი… ახლაც ასეა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მინდა შენთან ერთად დავიკარგო სადმე…

რა კაია შენთან…

მზიანი წვიმა

გამარჯობა გვირილა!

მე ხატია ვარ და მე დავბრუნდი, მგონი…

იცი? მომენატრე.

ცუდად ვიქცევი უყურადღებოდ რომ გტოვებ ხშირად, მაგარამ იცი რამდენი საქმე მაქვს? ხუთასი! 😀

ამბობენ კარგად როცა ხარ წერა არ გამოდისო, ცუდად ყოფნაა აუცილებელიო…

არადა, იცი რამდენი რამ დამიგროვდა და იცი რა კარგად ვარ?

ხოდა ახლა მოგიყვები 😉

ა, მოიცა, ჯერ ეს ჩართე და ისე 🙂

ახლა მელოდიას აყევი და იღიღინე, მერე რა, რომ შეიძლება ტექსტი არ იცოდე…

. . .

იცი რა მაგარია როცა გიყვარს?

იცი რა მაგარია, როცა არ იცი რატომ გიყვარს, კონკრეტულად რა თვისების გამო? უბრალოდ გიყვარს, მიზეზი რა საჭიროა…

იცი რა მაგარია, როცა გრძნობის გადმოსაცემად სიტყვები და ემოციები არ გყოფნის?

მთელი დღე რაღაც რომ გაკლია და საღამოს ხვდები რომ ეს ჩახუტებაა. და ჩახუტება იცი როგორია? არ ვიცი როგორ გითხრა… უცებ ყველაფერი რომ გავიწყდება და გრძნობ რომ კარგად ხარ, ძალიან კარგად!

სადღაც თბილისის ზემოთ, მზიან წვიმაში ყოფილხარ? თბილი წვიმა რომ მოდის, მზე ანათებს და ჩახუტებული გადმოყურებ თბილისს… მე ვყოფილვარ…

გქონია შემთხვევა, როცა ხვდები, რომ ავტობუსში/მეტროში/“მარშუტკაში“ გაკრეჭილი ზიხარ, თითქოს სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო? მე კი…

გქონია ბედნიერების ჟრუანტელი? მე კი…

დაღლილი დღის შემდეგ გქონია იმის ძალა რომ რამდენიმე კილომეტრი გესეირნა? მე კი…

ისე მოგნატრებია რომ ლაპარაკი არ შეგძლებია? მე მომნატრებია…

გყვარებია ისე, რომ საკუთარი თავისგან გაგკვირვებია? მე კი… ახლა მიყვარს…

გახსოვს, მეგონა რომ სიყვარული ის ნიჭია, რომელიც მე არ გამაჩნია. ვცდებოდი. დიახ, სიყვარული ნიჭია, მაგრამ ის ყველას აქვს, უბრალოდ ზოგს უფრო დიდი ნიჭი აქვს, ზოგს მცირე.

ამიტომ არ დაიჯერო რომ შენ სიყვარული არ შეგიძლია, რომ გული გატკინეს და მერე ვეღარ შეიყვარებ. არა! უნდა გიყვარდეს. ვალდებული ხარ გიყვარდეს, იმიტომ რომ კარგად უნდა იყო, ცუდად ყოფნის უფლება უბრალოდ არ გაქვს. ადამიანი სიყვარულისთვისაა გაჩენილი და დედამიწას მართლა სიყვარული ატრიალებს, დამიჯერე.

მე ვხედავ მზეს! და მინდა შენც დაინახო… ხო, შენ, რაღაც უცნაური მიზეზით რომ შემოდიხარ აქ ყოველ დღე და მე უნამუსოდ გექცევი – არაფერს ვწერ ახალს.

ხოდა, მე დავბრუნდი, უფრო ხატია, ვიდრე გვირილა. თუმცა ორივე 🙂

მინდა ერთად ვხედავდეთ მზეს…

მინდა ყველა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ხედავდეს მზეს…

და მინდა ბედნიერებისგან ჟრუანტელი გივლიდეს…

ხმები

ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ…

საათის ისრის მოძრაობის ბანალური გახმოვანება.

უჩვეულო სიჩუმეა, მხოლოდ საათისა და კლავიატურის ხმა.

ხმები…

. . .

ეს არის ჩვენი გამარჯვება…

დილით მაიასთან, მერე ჯვრის მონასტერს მიმიხედე…

დამელოდეთ, დამელოდეთ, ნუ იქნებით სააკაშვილის ჟურნალისტები…

თქვენ მეტად ნიჭიერი ბრძანდებით…

წარმოადგინეთ ბილეთები…

შემდეგი გაჩერება – დელისი…

სააანაქებო სუფრა და პურმაააარილი, გემრიელი შეხვედრების ააააადგილი…

გააჩერეეეთ…

გავარდი საგარეოში…

ხატი, კონტროლის პალატას მიმიხედეთ…

ითამაშე ევროპაბეთის ონლაინკაზინოში…

აბონენტი მიუწვდომელია…

უნიქარდი – თქვენი სურვილები ბარათი…

ამ საკითხზე დღეს კომენტარი არ იქნება…

საჭმელად გავდივარ, ვინმეს რამე წამოგიღოთ?

მასალას მოვრჩი, შეიძლება ლექციაზე წავიდე?

ოპერატორს დაურეკეთ!..

აბა, მობრძანდით თათბირზე…

თბილისის დროით 21:00 საათია და თქვენ უსმენთ რადიო…

. . .

(გა)დავიღალე…

ყოველდღიური უაზრო ხმები, ერთი და იგივე…

სამსახური, ლექცია, სახლი, მეცადინეობა, ძილი. ისევ სამსახური, ისევ ლექცია, ისევ მეცადინეობა, ისევ ძილი.

თავი ნაგავით და პოლიტიკით გაივსო, ან იქნებ ერთი და იგივეა…

როცა დაღლილი იღვიძებ, მთელი დღე დარბიხარ, წერ, კიდევ დარბიხარ, კიდევ წერ…

ძლივს ასწრებ მეცადინეობას, ძლივს გაკეთებული დავალებით ფლეშკაზე და ერთი საათის დაგვიანებით მიდიხარ ლექციაზე და ჯგუფელები და ლექტორი კიბეებზე გხვდებიან, უკვე ლექციიდან მომავალი…

როცა ინტერნეტი გეზიზღება…

როცა ფეხებს ვეღარ გრძნობ…

როცა კივილი გინდა…

როცა კვირა საღამოს მომდევნო კვირა დღეზე ოცნებობ…

და როცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაღაც გაძლიერებს, ყოველ დღეს გილამაზებს და გრძნობ რომ ბედნიერი ხარ…

ალბათ ესაა სიყვარული.

. . .

Image

ბლოგმა მითხრა მომხედეო. მე ვუთხარი კაი მეთქი…

ხოდა უნდა მივხედო.

ჯერ მოვუყვები რაღაცებს, ჩუმად…

ვეტყვი, რომ სულაც არ დამვიწყებია და მასთან ურთიერთობა ისევ ისე მომწონს, როგორც ადრე. თავს გავიმართლებ იმით, რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს ბოლო დროს და ვეღარ ვიცლი მისთვის.

მერე ვეტყვი, რომ კარგად ვარ, რომ მიყვარს… ბლოგი კი არა… კიარადა, ბლოგიც 🙂

ვეტყვი რომ გულწრფელად წერა მომენატრა და მინდა დავწერო რამე.

იმასაც ვეტყვი, რომ ტყუილია, როცა ამბობენ მხოლოდ მაშინ შეუძლია ადამიანს წერა, როცა ცუდადააო. მე კარგად ვარ და შემიძლია წერა, თუ ჯღაბნა, რაცაა მოკლედ… მერე რა, რომ ბოლო დროს ვერ ვიცლი, როცა მოვიცლი ავანაზღაურებ 😉

გაზაფხულია, ფერადი… წავალ ახლა და უნივერსიტეტისკენ წავსეირნდები.

ხო, რაღაც უცნაური მიზეზით ამ ბლოგს რომ კითხულობს ის ხალხიც მომენატრა.

იცი რა? მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ მაქვს უფლება არ ვიყო ბედნიერი. ხოდა აუცილებლად ვიქნები ბედნიერი, პატარა-პატარა და დიდი ბედნიერებებით. და მინდა ბეეევრი ადამიანი იყოს ასე.

მეც გილოცავ

ყველაფერი კარგი შემთხვევით ხდებაო, ისევე, როგორც ჩემი მოხვედრა შენს ბლოგზე: ) კარგა ხანი ვკითხულობდი ჩუმად შენს პოსტებს და კომენტარს ვერ ვტოვებდი, ვერ ვხდებოდი, როგორ გამომეხატა ის, რა გრძნობაც მეუფლებოდა ჩანაწერების კითხვისას – ძალიან ახლობელი, თითქოს ჩემს თავზე დაწერილი…
მერე გაუბედავად წერილიც მოგწერე, მახსოვს, როგორ გაგიხარდა…
ჩვენი პირველი საუბარიც მახსოვს ფბ-ს ჩათში, მაშინვე ვიგრძენი, გამიმართლა შენ რომ გაგიცანი. იმდენად გულწრფელად ვისაუბრეთ, სახელიც კი გამიმხილე. იცი… მაშინ ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიყავი.
მერე ჩემი დაბადების დღე მოახლოვდა… შენი ერთგული მკითხველის მოპატიჟებას უარი ვერ უთხარი და ყველაზე გამორჩეულ დღედ უქციე. ჩემი პირველი რეაქცია გახსოვს? ბავშვივით ავხტი-დავხტი და გადაგეხვიე. ძალიან სასიამოვნო ემოცია მოდიოდა შენგან, თბილი და მსუბუქი… დაახლოებით ისეთი, როგორი თვალებიც გაქვს: ))
მერე ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მეგობრად იქეცი. მართალია, ახლა რობოტს ვგავარ და ვეღარ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს დროებითია და გამოცდებთან ერთად გაივლის. მერე ისევ ის ნინიკო გავხდები: )
იცი… მიჭირს წერა… იმდენად ბევრს ნიშნავ ჩემთვის, რომ თავდაპირველი განცდა მეუფლება – სიტყვები შეუფერებლად მეჩვენება. სამწუხაროდ, არ მაქვს უნარი, გავარღვიო ჩარჩოები და ზუსტად გადმოვცე ჩემი აზრები.
ხატი, ახლა შენი დაბადების დღეა, უზომოდ ლამაზი დღე… დღე, რომელიც მინდა მთელი სულითა და გულით მოგილოცო, გისურვო არ დაგეკარგოს ბედნიერება, რომელთანაც ახლა ძალიან ახლოს ხარ.

მიყვარხარ, მიყვარხარ, ძააალიან მიყვარხარ…

შენი მეგობარი ნინიტო….

%d bloggers like this: