Category Archives: Uncategorized

საწოლი

image

არეული საწოლი შემიყვარდა. მისი სუნი აქვს…

ერთი კვირა ძალიან ბევრია, ბევრი ერთი კვირა – უფრო. სამსახუროდან სახლში დაბრუნებულს მგონია, რომ დღეს კი არა, ძალიან დიდი ხნის წინ გაემგზავრა. ისე მენატრება, თითქოს წლებია არ მინახავს. მინდა მისი ჩახუტება, მოფერება, სუნი…

არ ვიცი რა ვაკეთო მის გარეშე. მივეჯაჭვე. როგორ ვარსებობდი აქამდე, რას ვაკეთებდი…

მივდივარ საწოლთან, რომელიც ისევ ისე მხვდება, როგორც დილით. მას სხვანაირად სძინავს, ისე, როგორც მხოლოდ მას სძინავს და საწოლიც ყოველთვის ერთნაირადაა არეული. ვწვები მის მხარეს, მის ბალიშში ჩავრგავ თავს და ვოცნებობ ერთი კვირა არ გამეღვიძოს.

არც მეღვიძება. მძინავს ერთი კვირა და ცუდი სიზმრები მესიზმრება – სამსახური, რუტინა, უპასუხისმგებლობა, უყურადღებობა, შური, ბოღმა…

მერე მეღვიძება… ვბრუნდები რეალობაში, სადაც უკვე ერთად ვართ და ადრე საბანზე შერჩენილ მის სუნს ახლა უკვე მძაფრად ვგრძნობ. ვკოცნი კისერზე და მერე მთელ სახეზე. ის ისევ ისე მიყურებს, როგორც 4 წლის წინ ამ დროს, მის თვალებში ისევ ვხედავ სიყვარულს და მიყვარს ეს სიყვარული.

ეს არ არის სიზმარი, ეს ჩემი რეალობაა. რეალობა, რომელიც ბოლო დროს პორციებად მომეწოდება. მაგრამ ეს რამდენიმე საათიანი პორციებიც კი ჯობია ლამაზ ზღაპრებს და ოცნებებს.

…ვიხდი ტანსაცმელს, რომელსაც ისევ მისი სუნი აქვს და ვწვები აშლილ საწოლში, ვიფარებ მისით გაჟღენთილ საბანს და ვიძინებ მორიგ გაღვიძებამდე…

იცი რა მაგარია როცა ზომაზე მეტად დაღლილს შეგიძლია სწრაფად სიარული და ამის ენერგიას მისი ჩახუტების  მოლოდინი გაძლევს? მე ვიცი და ბედნიერი ვარ…

image

ასე…

ასე მიყვარს…

Image

Read the rest of this entry

მე მინდა

მე მინდა ვიყო ქარი,
რომ აგიწეწავს თმას,
ქვეყნად არ არის ქალი, –
შენ არ სჯობნიდე მას.

მე მინდა ვიყო ტოტი,
რომ ჩაეჭიდო შენ.
როცა გეძახი, მოდი,
მოგეფერები, მელ…

ზღაპარს ვაცოცხლებთ, იცი,
მე მინდა ვიყო ხე,
რომლის ჩრდილის ქვეშ სიცილს,
არასდროს შეწყვეტ შენ.

მინდა ლამაზი ,,ჩვენი”
გავაფერადოთ სულ,
როგორც მწვერვალის წვერი,
ისე წმინდავდეს სულს.

მინდა, რომ ვიყოთ ერთი,
ყველაზე დიდი ზღვა,
ტალღები, რომლის გვერდით
წვეთი იქნება სხვა…

ისე…

გულისცემა მესმის, ჩემი არა ოღონდ. აჩქარებულია და არამონოტონური.

თავს უფრო კომფორტულად ვდებ და თან ისე, რომ გულისცემა უფრო კარგად გავიგო.

… აწმყო… რა მაგარია, როცა მას გრძნობ. გრძნობ, რომ ახლა, ამ წუთში კარგად ხარ და რაღაც გიხარია. გიხარია, რომ კარგად ხარ და გიხარია, რომ შეგიძლია სხვასაც დაეხმარო კარგად ყოფნაში.

ჩუმად, მაგრამ ისიც გიხარია, რომ გული ჩვეულებრივ არ ძგერს და აჩქარებულია 🙂

შიში… იმის, რომ ასე არ ხდება, ასე კარგად ვერ იქნები, არ არსებობს. და მერე უცებ იმის გააზრება, რომ სისულელეა! რას ჰქვია არ არსებობს?! ხომ ხარ ახლა კარგად? ე.ი. არსებობს.

სითბო… სითბო, რომელსაც ყოველ წუთს გრძნობ. გულიც თითქოს აქამდე გაყინული იყო და ნელ-ნელა ლღვება. რაც ყველაზე საინტერესოა, ამას გრძნობ კიდეც. გრძნობ, როგორ რბილდება და თბება შიგნით რაღაც. თბება ისე, რომ დეკემბრის სუსხიც აღარ იგრძნობა და გაზაფხულიც მოდის თითქოს…

სადღაც უკან, ღიად დარჩენილი კარი ნელ-ნელა იხურება, თავისით და ბუნებრივად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. სიცივეც აღარ შემოდის…

… სუნთქვაც მესმის. მერე თითქმის ჩურჩული:

–      რაზე ფიქრობ?

–      არაფერზე… 😀

გამოუსადეგარი

მებაღე ახლად დაკრეფილი ყვავილებით დატვირთულიყო და მაღაზიისკენ მიემართებოდა. ბაღიდან გამოსულმა, ღობის კუთხეში, ზედ ასფალტთან, გვირილაც შენიშნა, მტვრიანი იყო და აქა-იქ ფურცლებიც აკლდა. თუმცა ცოცხალად და მყარად იდგა. “იყოს, ამასაც წავიღებ” _ გაიფიქრა მებაღემ და უკვე მოგლეჯილი გვირილა სხვა ყვავილებთან ერთად მოათავსა.

მეყვავილე გოგონამ მებაღეს ფული ჩაუთვალა და თაიგულების შეკოწიწება დაიწყო. მინდვრის ყვავილებიანმა თაიგულმა დიდი საფიქრალი გაუჩინა – თითქოს სრულყოფილებისთვის რაღაც აკლდა. გვერდით გადადებული, ასფალტიდან მოგლეჯილი უხეშღეროიანი გვირილა ერთი შეხედვით უხდებოდა თაიგულს, დიდი ყვითელი გული ტონალობებსაც ავსებდა. მაგრამ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. არდა, ამ ყვავილის გარეშე თაიგული თითქოს უფერულდებოდა, ფერს კარგავდა.

პრობლემა არა მთლიანად თაიგულში, არამედ იმ ერთ გვირილაში იყო. კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩანდა, არადა, თითქოს აუცილებელი იყო ამ თაიგულისთვის.

… ეს გვირილაც ოდესღაც, სხვებთან ერთად, გაშლილ მინდორში იზრდებოდა. იქ ხშირად დადიოდნენ ლაშქობებზე და გვირილებით ერთობოდნენ – თაიგულებს აკეთებდნენ, გვირგვინებს ან სულაც “ვუყვარვარ – არ ვუყვარვარ”-ს თამაშობდნენ.

ლაშქრობიდან დაბრუნებულ მეგობრებს ყოველთვის მოჰქოდათ გვირილების დიდი თაიგულები. იმდენად დიდი, რომ ხელში ვერ ატევდნენ და უკვე ასფალტზე ტოვებდნენ გვირილებიან კვალს.

… ერთ-ერთმა გვირილამ ასფალტის კუთხეში მიწა იპოვა და ნელ-ნელა ფესვები გაიდგა. მინდვრის ყვავილი ასფალტს რთულად, მაგრამ მაინც ეგუებოდა. უფრო გაიზარდა და გაუხეშდა კიდეც, ქალაქის მტვერი და სიბინძურე რომ აეტანა. თეთრი ფურცლები თანდათან კარგავდნენ ფერს, ზოგი დაცვივდა კიდეც. მაინც მყარად და ამაყად იდგა.
ბევრჯერ გადაუარეს და გადათელეს, ისე, რომ უკან არც მოუხედავთ.

იყვნენ ისეთებიც, ვინც უვლიდა, წყალს უსხამდა და ეფერებოდა. მერე მათ ეჩვეოდა, ისინი კი უცერემონიოდ მიდიოდნენ. უცერემონიოდვე ბრუნდებოდნენ და სახეშევცლილი რომ ხვდებოდათ ყვავილი, ვეღარ იტანდნენ.
ეთამაშებოდნენ კიდეც, იმ სხვების მსგავსები რომ ყოფილიყვნენ, ვისაც მართლა უყვარდა. ჯერ გადაუვლიდნენ და შემდეგ მობრუნდებოდნენ, წელში გაასწორებდნენ და ფოთლებზე უხეშად გადაუსვამდნენ ხელს.

გვირილა არც აქამდე იყო ნაზი და სუსტი, მაგრამ თანდათან უფრო გაძლიერდა, შეიცვალა. ყვითელი გული გამაგრდა და გაუხეშდა. თუმცა ერთი შეხედვით არაფერი ეტყობოდა.

თითქოს ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული, არადა მებაღის ერთი ძალდაუტანებელი მოძრაობით ძირიანად ამოიგლიჯა.

… მეყვავილე გოგონამ მაინც მოახერხა მინდვრის ყვავილებისგან ლამაზი თაიგულის შეკვრა და გამოუსადეგარი, უხეში გვირილა ფანჯრიდან მოისროლა.

წამი

წამი გაგიჩერებია?

როცა ცა მთლიანად დაიფარება რუხი მასით და ერთგვარად ჩამობნელდება, სიოზე ოდნავ ძლიერი ქარი ქრის და ცოტა სუსხიცაა, მაშინ წამის შეჩერებისთვის საუკეთესო დროა.

ამ დროს ვერ გრძნობ, რომ შენ “შენ” ხარ და რომელიღაც ფილმის პერსონაჟი გგონია თავი, აი ისეთი, ყველაფერს შენელებული კადრით რომ ხედავს.

ხოდა, ნახევრად ყვითელი ჭადრიდან ერთი ცალი ყვითელი ფოთოლი მოფარფატებს და ქარი მიმართულებას ყოველ წამს უცვლის. თითქოს იმ ფილმის ის კადრია, დიდხანს რომ ამუღამებდნენ და ბოლოს დაიჭირეს.

გაზეთების ჯიხურში ქალს მაგიდაზე დაუწყვია ხელები და ნიკაპით დაყრდნობილი, ქუჩაში იყურება ცარიელი მზერით.

გოგო და ბიჭი ხელიხელჩაკიდებული მოდიან, ბიჭი უცებ ლოყაზე კოცნის გოგოს და იმას რაღაცნაირად ეღიმება.

ახალგაზრდა ქალს ბავშვი გულზე მიუხუტებია და თვალებში უყურებს.

სკამზე ჩაფსკვნილი კაცი ზის, ხელი ბეჭდებით აქვს დახუნძლული და ცილინდრის მაგვარი ქუდი ახურავს. გვერდით მჯდომ ქალს ერთი და იგივე ქსოვილის ლურჯი ზედა, ქუდი და ჩანთა ამშვენებს, ლურჯივე ჩექმები კი უკვე დასრულებულ იმიჯს ქმნის.

მწვანეთვალებიანი გოგონა 80-იანების ვარცხნილობით და დაახლოებით ამ დროინდელი სტილის მაგვარი ჩაცმულობით წინ მიდის და უკან ბიჭი მიყვება.

აღმართს ახალგაზრდა ქალი მიუყვება, გრძელ კაბაშიც კარგად ჩანს უნაკლო სხეული. მსუბუქი შარფი მსუბუქადვე შემოუხვევია და გაშლილი თმაც მოუყოლებია. ხელჩაკიდებული გოგონა რაღაცას ეტიტინება.

მოხუცი ქალი პირჯვარს იწერს.

სამი გოგო მოდის აჩქარებული ნაბიჯებით. ორი ირონიულად იღიმება, ერთი კი გაცხარებით საუბრობს, საუბრისას თვალებს ატრიალებს და სხვადასხვაფრად შეღებილ სახეს უცნაურად ჭმუხნის.

ერთ-ერთ სკამზე ის მწვანეთვალებიანი რეტრო გოგონა ფეხმორთხმით ზის და მუსიკას უსმენს.

ქალი ორი შვილით სადღაც მიიჩქარის. ყვავილების გვირგვინიანი ბავშვი “მაგთის” ოფისითან ჩერდება და “ბალი ბიჭს” ვერ აშორებს თვალს. დედა ხელზე ექაჩება და ბავშვს თვალები უკან რჩება.

“მაგთის” ოფისში კი სამუშაო დღე დასასრულს უახლოვდება და თანამშრომლები მორჩილად ელოდებიან შვიდ საათს. ერთ ბიჭს ყველა პროგრამა გამოურთავს და ცარიელი, ზედმეტად მოწესრიგებული დესკტოპი მოჩანს, ყველანაირი ფოტოს გარეშე. სკამიც ოდნავ გამოუწევია სამუშაო მაგიდიდან და ტელეფონს ჩაჰკირკითებს.

ორი მოხუცი ქალი სხვადასხვა ფერის გეორგინების დიდი, ერთნაირი თაიგულებით მოსეირნობს. ალბათ სამსახურში თუ აჩუქეს რამე დღესასწაულის ნიშნად.

პატრულს ქერად შეღებილი, ჩაფსკვნილი და ოქროებით დახუნძლული ქალი ეკამათება.

ნახევრად ყვითელი ჭადრიდან ერთი ცალი ყვითელი ფოთოლი მოფარფატებს და ქარი მიმართულებას სურვილისამებრ უცვლის…

წამი გაგიჩერებია?

P.S. სიმღერა აღებულია მერაბ ნუცუბიძის soundcloud გვერდიდან.

ლიტერატურა

ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ეპიზოდი ^_^

ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ეპიზოდი ^_^

“- ტომ!

პასუხი არ არის.

– ტომ!

პასუხი არ არის.

– რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!

მოხუცმა ცხვირზე ჩამოწია სათვალე და სათვალის ზემოდან მოათვალიერა მთელი ოთახი, მერე შუბლზე აიწია და ახლა სათვალის ქვემოდან მიიხედ-მოიხედა. სათვალეში თითქმის არასოდეს იყურებოდა, როცა ეძებდა ისეთ პაწაწკინტელა ნივთს, როგორიც, მაგალითად, ერთი ციცქნა ბიჭია. ეს სათვალე მისი სიამაყე იყო და უფრო სილამაზისათვის იკეთებდა; იქიდან დანახვა ისევე შეიძლებოდა, როგორც ქოთნის სარქველიდან. ერთ წამს მოხუცი დაიბნა, შემდეგ კი არც თუ გაჯავრებით, მაგრამ იმდენად ხმამაღლა, რომ ოთახის ავეჯს გაეგონა, თქვა:

– ჩამივარდები ერთი ხელში და…”

… ამ სიტყვების შემდეგ შეუძლებელი იყო გამეძლო ცდუნებისთვის და პატარა, ცელქი ბიჭუნას ისტორია ერთი ამოსუნთქვით არ წამეკითხა.

მერე უკვე აღარ მახსოვს რას ვკითხულობდი, სად ვშოულობდი და კონკრეტულად რა დროს ვუთმობდი კითხვას. მახსოვს ბალიშის ქვეშ დამალული წიგნი და დილით კითხვის სიამოვნება, შიმშილის გრძნობა შუადღემდე ლოგინში გდების გამო და ერთი ამოსუნთქვით ჩაკითხული გვერდები. საწოლიდან წამოდგომის მომენტიდან საუზმის დამთავრებამდე პერიოდში რომ ისევ იქ ვიყავი, იმ ხალხთან ერთად და მეც ვმონაწილეობდი მათ ცხოვრებაში, ისიც მახსოვს. წიგნთან გატარებული მთელი დღეები მახსოვს და დაღამება, როცა დღის სინათლე ძალას კარგავს და წამის დაკარგვაც არ გინდა იმისთვის, რომ წამოდგე და შუქი ჩართო. ფანჯრიდან შემოსულ სუსტ სინათლეში უფრო სხვაგვარად რომ იკითხება და სიტყვების გარჩევისთვის საკმაო ძალისხმევა გჭირდება. ამ დროს ოთახში შემოსული ცოცხალი არსების დანახვა მხოლოდ იმიტომ გიხარია, რომ შანსი გაქვს კითხვას არ მოწყდე და შუქიც ავტომატურად ირთვება ფაქტიურად. უფრო ხშირად კი “ლამფა” ან სანთელი ბჟუტავს და რაც შეიძლება ახლოს მიუცუცქდები.

კიდევ რა მახსოვს იცი? ყველა პერსონაჟისადმი საკუთარი, სუბიექტური დამოკიდებულება, ყველა მათგანის რაღაცნაირი სიყვარული და დროის გარკვეულ პერიოდში მათი არსებობით არსებობა. ვიცი როგორები არიან ვიზუალურად და მიჭირს დავიჯერო, რომ ისინი ვიღაც გამოიგონა და არარეალურები არიან.

მახსოვს რამდენიმე მიპატიჟების შემდეგ სადილისთვის მეორე ოთახში გასვლის სიმწარე და ამ დროს მხოლოდ პერსონაჟებზე ფიქრი, სადღაც რომ გეჩქარება და გგონია მოვლენები ვითარდება, შენ კი იქ არ ხარ და ჩამორჩი.

ისიც მახსოვს, დიდი ოთახის დალაგება რომ მიყვარდა განსაკუთრებულად, სადაც წიგნებით გაძეძგილი კარადა მეგულებოდა. ვიწყებდი წიგნების გადმოლაგებას და დღემდე ვერ ვხვდები რა მეთოდით, მაგრამ ამ დროს ვარჩევდი ერთ კონკრეტულ წიგნს, ფეხმორთხმით ვჯდებოდი უკვე ძირს დალაგებულ წიგნებს შორის და კითხვას შუა ნაწილიდან ვიწყებდი. თუ ჩამითრევდა სიუჟეტი, მერე უკვე თავიდან ვიწყებდი კითხვას. ყველა ახალი თავის დასაწყისში ვაძლევდი საკუთარ თავს პირობას, რომ ეს იქნებოდა ბოლო თავი და დალაგებას გავაგრძელებდი. ასე გრძელდებოდა საღამომდე, სანამ არ გამახსენებდნენ, რომ გადმოლაგებული წიგნები მაინც დამებრუნებინა თავის ადგილას.

მახსოვს ის ზაფხულიც, როცა მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები შემექმნა და კითხვა ამეკრძალა. ნათესავებთან გამიშვეს დასასვენებლად, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე თითქმის და დღემდე გული მიჩქარის იქ მისვლისას. და როცა ჩემი მეგობარი, ვის გამოც მივდიოდი იქ, სხვაგან აღმოჩნდა წასული და სხვები კიდე მთელი დღე სამსახურში იყვნენ, მომეცა შანსი კვლავ დავბრუნებოდი კითხვას. ხოდა, ვიჯექი იმ შემაღლებულ მაგიდაზე (-ზე და არა -თან), რომელიც ფანჯარასთან იდგა და  წიგნებისთვის იყო განკუთვნილი და ვკითხულობდი მთელი დღე. ერთხელ ისე ჩავერთე სიუჟეტში, რომ ნახევარი საათი აკაკუნებდნენ კარზე ნათესავები და სანამ განწირული კივილი არ დაიწყო ერთ-ერთმა (შიშით, რომ რაღაც მომივიდა, რადგან კარს არ ვაღებ), მანამ ვერაფერი გავიგე.

მახსოვს დოჩანაშვილის “კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” -ს წაკითხვის შემდგომი შთაბეჭდილება. ეს იყო სხვა, რაღაც განსხვავებული, თუმცა დღემდე არ ვიცი რა დავარქვა.

კითხვა სხვა სამყაროა, იქ თავს იდეალურად ვგრძნობ, მავიწყდება ყველა და ყველაფერი, სრულიად ვეთიშები ამ სამყაროს და გადავდივარ იქით. ამ დროს ვგრძნობ როგორ მემატება რაღაც შიგნით, ვიზრდები თითქოს რაღაცნაირად, თითოეული წაკითხული სიტყვა მსიამოვნებს და თითქოს გული ივსება. ვერ აღვწერ სხვაგვარად…

თუმცა ამ ყველაფერს აქვს ერთი დიდი მინუსი –  არასდროს წამიკითხავს წიგნი წინასწარი შერჩევით ან ვინმეს რჩევის გათვალისწინებით. ამიტომაცაა უამრავი ნაგავი რომ მაქვს წაკითხული და ბევრი მართლაც ღირებული უბრალოდ ვერ წავიკითხე. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ დრო ჯერ კიდევ მაქვს და ბევრის წაკითხვას მოვასწრებ. ამიტომაც ვცდილობ ვიკითხო ჯერ ძველი ლიტერატურა და მერე გადავწვდე ახალს, ძველი უფრო ღირებული მგონია. გარდა ამისა, არის წიგნები, რომლებიც წაკითხული მაქვს, მაგრამ არ მახსოვს. მეორედ კითხვისას ვხვდები, რომ სიუჟეტი აშკარად ვიცი. მაგალითად, “შავი ჭირი” მეხუთე კლასში წავიკითხე. და მომემატა რამე დავიჯერო?!

ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ვიყავი წიგნზე დამოკიდებული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა არ მახსოვს თოჯინებით თამაშის ეპიზოდი ბავშვობიდან. სკოლიდან დაბრუნებული მშიერი და დაღლილი დავეგდებოდი საწოლზე და საათობით ვკითხულობდი. და მაშინ, როცა მოხდა ისე, რომ უკვე დრო აღარ მქონდა ამდენი, უბრალოდ ვერ წავიკითხე. ვერ შევეგუე იმ აზრს, რომ ერთი წიგნი შეიძლება ერთი თვე იკითხო. ახლა ვცდილობ ავუწყო ფეხი დროს და შაბათ-კვირას მაინც ვიკითხო ისე, როგორც მინდა, დავბრუნდე სამყაროში, რომელიც ჩემია და სადაც თავს მარტოც იდეალურად ვგრძნობ. თუმცა მარტო არასდროს ვარ, ჩემთან ერთად ის პერსონაჟები არიან, რომელთა ცხოვრებიტაც ვცხოვრობ რამდენიმე დღის განმავლობაში.

მიუხედავად ლიტერატურისადმი ასეთი დამოკიდებულებისა, ვერ ვიტყვი ერთ კონკრეტულ მწერალს, რომელიც სულ ყველას მირჩევნია და მით უმეტეს ნაწარმოებს, რომელმაც კონკრეტული რამე მასწავლა და მისი წაკითხვის შემდეგ შეიცვალა რამე ჩემს ცხოვრებაში. წიგნები და ფილმები ცხოვრებას არ მიცვლიან. კითხვის პროცესი დიდი სიამოვნებაა, მაგრამ მეეჭვება კონკრეტულმა წიგნმა როგორმე შემცვალოს. სხვაგვარად ვუყურებ ლიტერატურას, უფრო პრაგმატულად.

P.S. ხოდა, რატომ ვიბოდიალე ახლა ამდენი 😀 ოთიუსმა დაწერა მსგავსი პოსტი და შენი აზრიც მაინტერესებსო. არ ვიცი რამდენად ჩავჯექი პოსტის იდეის ჩარჩოებში, მაგრამ ჩემთვის ესაა ლიტერატურა, მე ასე ვხედავ და აღვიქვამ…

★ იხუსაპ-ავხთიკ ★

თეგ-თამაშების დედოფალმა კიდევ ერთ თამაშში ჩამრთო და სანამ ცოტა ხანში პლაჟზე, ქვიშაში თამაშს დავიწყებ, მანამ თეგ-თამაშებით “გავერთობი”.

კითხვარი საყვარლად სასაცილოა, თუმცა გართობა “მოჟნა” და რას ვკარგავ, წავედი 😉

* ტანსაცმლით გძინავს თუ მის გარეშე? – მოკლე შორტით და “მაიკით”. ტანსაცმელია ეს თუ “მის გარეშე”? 😀

* შავი თუ ლურჯი კალამი? – კლავიატურა 😀 თუ მაინცდამაინც კალამი გახდა საჭირო, ფერი ამ დროს კარგავს მნიშნელობას.

* მოგწონთ მოგზაურობა? – არც ისე სხვათაშორის. უფრო სწორად, მოგზაურობის თანმხლები დისკომფორტები არ მიყვარს, თორემ ახალ-ახალი ადგილები, მით უმეტეს ჩემს ხალხთან ერთად ვარ, ნამეტანი მხიბლავს. “დაჟე” დიიიდი ჩანთის ჩალაგებაც მიყვარს, ვერაფერს რომ ვერ ვატევ შიგნით ერთი დღით თუ გავდივარ მაშინაც კი.

* მოგწონს ვინმე? – ამ ეტაპზე მხოლოდ ჯუდ ლოუ მესიმპათიურება ცოტა 😀 “ადნალიუბი” ვარ 😛 😀

* იცის? – ჯუდ ლოუმ? ნუ, ახლა, მე მაგის გიჟი ფანატი არ ვარ და “სიყვარულს” გულში ვიმარხავ, ცოცხალი თავით არ ვამჟღავნებ, პირველ ნაბიჯს ველოდები მისგან 😀

* ფიქრობ, რომ მიმზიდველი ხარ? – უf, არ იკითხო, ყველა გიჟს და გადარეულს ვიზიდავ 😀

* გინდა დაქორწილდე? – “დავქორწილდე” თუ “დავქორწინდე”?

* ვისზე? – რა ვისზე? ჯერ მითხარი უნდა “დავქორწილდე” თუ “დავქორწინდე”?

* კარგი სტუდენტი ხარ? – ნუ, არ მიყვარს ახლა თავის ქება, მარა… 😀

* ახლა ბედნიერი ხარ? – ახლა საცხა ზღვარზე ვარ მგონი 😀 “უბედური” და რაცხა ამდაგვარი არ ვარ ყოველ შემთხვევაში.

* მოგიტყუებია როდესმე? ან მოუტყუებიხარ ვინმეს? – გაბედონ!.. ჩემი და ყოფილი კარატისტია!

* დაბადების ადგილი – ბათუმი.

* შობა თუ ჰელოვინი? – ორივე არა? არ დამცხო ახლა, არ ვარ ათეისტი!..

* ფერადი თუ შავ–თეთრი ფოტო? – საიდან მოათრიე ეს დებილი კითხვები? “თუ”, “ან” და ჯანდაბა!.. ორივე არ იქნება?

* შორ მანძილზე ურთიერთობები ძლებს? – დიახთ ბატონო, ძლებს.

* ასტროლოგიის გჯერა? – კი, იმდენად, რომ ცაგარელის “პადიეზდთან” ვარ ყოველ დილით 😀

* გჯერა ერთი ნახვით სიყვარულის? – კი, წეღან ჩამირბინა ვიღაცამ და ბედითი ბნედა მჭირს 😀

* სვამ? – კი, მთვრალი ვარ ახლაც და ამ კითხვების ავტორი გავხიო უნდა ცემაში!..

* ხალხს ამხიარულებ? – ე, ახლა გავიხადე კლოუნის სამოსი.

* ფიქრობ რომ ოცნებები ხდება? – სად წავა აბა 😉

* საყვარელი გამოგონილი პერსონაჟი – ეს როგორ? პერსონაჟი ყველა გამოგონილია იდეაში, ნუ მაინცდამაინც დოკუმენტურ მასალებზე თუ არაა საუბარი. რაცხა ვერ ხარ შენ 😀

* მოგიპარავს ოდესმე რამე? – კი, წეღან გამოვათრიე ბანკიდან ოქროს ზოდები და მერე ლეპტოპში გადავცვალე უკლებლივ ყველა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კითხვებისთვის მეპასუხა.

* როგორი ამინდია ახლა? – რავიცი მე! სად მცალია მაგისთვის, კითხვებს ვპასუხობ ფრიად საინტერესოს 😀

* ბოლოს როდის შეიჭერით თმები? – ეეე ^_^ გაპატიე ყველა სულელური კითხვა, რახან ჩემს თმაზეც მკითხე. ორი წლის წინ შევიჭერი ბოლოს მგონი და ახლა ხელს არ ვაკარებ ^_^

* ბოლოს ვის ელაპარაკე ტელეფონზე? – მამაჩემს. რაზე ველაპარაკე ისიც უნდა გითხრა?

* როდის იბანავე ბოლოს? – საახალწლოდ ვბანაობ მხოლოდ 😀 გამოთვალე ახლა რამდენი თვე გავიდა მას მერე და მიპასუხე – როდის ვიბანავე ბოლოს?

* წყნარი თუ მშვიდი მუსიკა? – მდააა… დავიჯერო პახმელია მაქვს კიდე?!

* Mcdonalds თუ Burger King? – დედაჩემის გამზადებული ღომი, ხაჭაპური და ა.შ. ეს ქუჩის ნაგავი შენი იყოს თუ კაია 😀

* ღამე თუ დღე? – დღე-ღამე.

* ბალიშების რაოდენობა? – ორი ცალი დიიიდი ფუმფულა ბალიში.

* პიანინო თუ გიტარა? – ვერც ერთი… შენ “მოგზავნილი” ხარ? ორივე მიყვარს ძალიან და სწავლაც მინდოდა, მარა არც ერთი არ ვიცი. მომწყდი ახლა თავიდან!..

* მომავალი სამსახური – მოიცა, ლელა კაკულიას ვკითხავ და გეტყვი 😉

* ახლანდელი სამსახური – ჯანდაბა 😀

* ახლანდელი სიყვარული – არა რა, მაინცდამაინც უნდა გამოვტყდე, სხვა გზა არაა. “ის” შენ ხარ!.. მგონი ისე შევყევით საუბარს მე და შენ, ისე გავუგეთ და შევეჩვიეთ ერთმანეთს, გულში ჩამივარდი 😀

* ახლანდელი იმედგაცრუება – კითხვებს გადავხედე ჯერ კიდევ პასუხგაუცმელს და… 😀

* ახლანდელი გაბრაზება – მგონი მალე იქნება…

* ბოლო რაღაც რაც ჭამე – ოოო ^_^ საზამთრო, მართალია, არც ისე წითელი, მარა მაინც საზამთრო 😀 კიდე ნაყინი მომითრიეს წეღან, შოკოლადის თან ^_^ მანამდე კიდე ახალი ტყემალი ვჭამე ამ წელში პირველად. იცი როგორ მიყვარს? თან სოფელში აკეთებდა დედაჩემი და რაღაცნაირად ბავშვობასთანაც ასოცირდება თითქოს…

* ბოლო რაღაც რაც შეიძინე – გუშინ ვიყიდე ულამაზესი “მაიკა”. მწვანე ფერის ერთ-ერთი ტონალობაა და საყვარელი პატარა გოგო ახატია ^_^

* რა გესმით ახლა?ვინის ერთ-ერთი მელოდია, დღეს მილიონჯერ ვუსმინე მგონი, მარა საშინლად მომწონს და ვერ მოვშორდი.

* გაქვს გეგმები weekend-ისთვის? – კი, მშვენიერი გეგმები მაქვს. ამ შაბათ-კვირას ავიხდენ დიდი ხნის სურვილს და ვიყიდი ბილეთს თბილისი-ბათუმის მიმართულებით. ხოდა, ორშაბათ დილით ბათუმში უნდა ვიყო ლოგიკურად.

* რა ქენი დღეს? – ვიყავი ინგლისურზე, ცოტა წავიბოდიალე გზაში. მერე შევუარე ჯგუფელს, ბალი ვჭამე ბევრი 😀 საღამოსკენ ვნახე “ძველი” მეგობარი ერთ-ერთ შეკრებაზე. მერე მოვბოდიალდი სახლში, ცოტა დავისვენე, უფრო მეტი ვიმეცადინე, მერე წავიკითხე და ახლა თეგ-თამაშის გაგრძელება გადავწყვიტე, რომელსაც ბოლო არ უჩანს 😀

* გაიხედე უკან, რა არის? – ჩემი საწოლი მასზე მოთავსებული დიდი ჩანთით (“სტოპ! რა გაიგონეთ ამ წუთში” რატომ არ მკითხე? “მეგობრობის დღიურებში” კი იყო და… :-D).

* მინდა? – ლონდონში ვისეირნო წვიმიან დღეს.

* ვისურვებდი – დავიწყო ჩამოთვლა? 😛

* მაინტერესებს – რა მიზნით დაიწერა ეს კითხვები საერთოდ, ოღონდ მართლა. ვერც ერთ “მიზანში” ვერ გავაერთიანე.

* ახლა მაცვია – “ჩუსტები”, “მაიკა”, ჯინსი.

მერე… :-)

საღამოს სეირნობას სხვა ხიბლი აქვს, სულ სხვა…

ვგიჟდები ლამპიონებზე და ღამით განათებული თბილისი ყველაზე მეტად მომწონს.

მერე რა, რომ მანძილი დიდია და ბოლომდე ვერ მისეირნდები. ამ დროს მანქანიდან დაკვირვებაც კი სასიამოვნოა.

ფანჯარა ბოლომდეა ჩაწეული, ნელა მოძრავი მანქანა და მუსიკა… ქარი თმებს უცნაურ ფორმებს აძლევს, მაგრამ ამ დროს სასიამოვნოც კია სახეზე თმის შეხება…

თითქოს (ან იქნებ ასეცაა) ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ მიდიხარ, ან მანქანა ჭრის ჰაერს და ქარს წარმოქმნის (სადღა მახსოვს ფიზიკა :-))… რაღაცნაირად სასიამოვნოა…

მერე… მერე მატარებელი და ერთი დღით ნანახი ერთი საყვარელი ადამიანის გაცილება.

დაკვირვებიხარ? უფრო მარტივია შენ წახვიდე, ვიდრე შენგან წავიდნენ. წამოსვლაც გიჭირს, მაგრამ მაინც მხნედ ხარ. აი, შენ რომ აცილებ და მიდიან…

ალბათ ისიც რთულია, დატოვო უკვე შეჩვეული ქალაქი თითქმის მთელი ზაფხულით.

ამაზე ზუსტად ერთ თვეში ვისაუბრებ 🙂

მანამდე ვისეირნებ ღამის თბილისში და დავაკვირდები განათებულ ქალაქს.

ერთი თვე… მერე მატარებელი თბილისი-ბათუმი. გამთენიისას დანახული ზღვა, ზაფხულის დილის მზე და სითბო, სიცხე არა.

მერე უფრო ბევრი ზღვა, პატარა ქუჩები, საყვარელი ხალხი და სეირნობა უსასრულობამდე.

სოფელიც… მურადა არც მე დამხვდება, მაგრამ კავკასიური ნაგაზი, სახელად “ბარსა” (“ბარსელონას” ფან-კლუბი არ მაქვს სახლში და რატომ “ბარსა” დღემდე ვერ გამირკვევია) აუცილებლად. მანამ არ მოისვენებს, სანამ მხრებზე არ დამადებს დიდ თათებს და მერე კუდის ქიცინით არ გაიქცევა.

მაგრამ ამაზე მერე… ფაქტებით, და არა ვარაუდით 🙂

%d bloggers like this: