Category Archives: ვითომ “ჩანახატები” :-)

ზღაპარი…

…გავჩერდი, ჩაკიდებული ხელი გავუშვი, მისკენ მივტრიალდი, ცერებზე დავდექი და კისერზე ვაკოცე… ვაკოცე ბევრჯერ, ისე, თითქოს ის წყალი იყო და მე მოწყურებული მგზავრი…

ძალიან მომენატრა, სულის შეხუთვამდე…

მივეწებე და ვეღარ მოვშორდი, ეს უბრალოდ აღემატებოდა ჩემს ძალებს…

მერე იყო ზღაპარი, მთელი სამი დღე…

მეოთხე დღეს არ მჯეროდა რომ ზღაპარი დროებით შეწყდა… არც შემწყდარა, ვირტუალურად გაგრძელდა უბრალოდ…

ორი დღე დაგროვილი ემოციით ვუმკლავდებოდი მონატრებას, მესამე დღეს ისევ ისე შემეკუმშა გული…

მერე არ ვიცი რამდენი დღე გავიდა ასე… ერთხელაც მივტრიალდი და ჩემს უკან იდგა, რეალური… წარმოგიდგენია?

ისე მაგრად მოვეხვიე, შემეშინდა არ დამეხრჩო…

ისევ ზღაპარი… ყველაზე ლამაზი დღე, ყველაზე დიდი სითბო…

ვსხედვართ ზღვასთან და მზესთან სულ ახლოს… მე ვირუჯები, ის მეხუტება და მიკვირს რატომ არ მაწუხებს ზაფხულის სიცხე… ძალიან რომ გცივა და ჩახუტება გათბობს ისე ვარ…

საღამოა და ისევ ზღვასთან ვართ… ისევ გულში მიკრავს და მე პატარა ბავშვი მგონია თავი, რომელსაც უვლიან და ცდილობენ სითბო არ მოაკლონ…

ტირილი მინდა… ამჯერად ბედნიერებისგან…

მიყვარს… ისე მიყვარს რომ… რომ ვერ ვამბობ, არ ვიცი როგორ ვთქვა…

მიხარია რომ არსებობს ჩემს ცხოვრებაში…

მე არ ვიცი რა არის სიყვარული… მე ვიცი როგორია ჩემი სიყვარული…

მე არ ვიცი რა არის ბედნიერება… მე ვიცი როგორია ჩემი ბედნიერება და ისიც ვიცი, რომ ჩემი ბედნიერება მის გარეშე არ არსებობს…

მაბედნიერებს და ვიცი, ყველანაირად ვეცდები მეც რომ გავაბედნიერო…

. . .

Image

ბლოგმა მითხრა მომხედეო. მე ვუთხარი კაი მეთქი…

ხოდა უნდა მივხედო.

ჯერ მოვუყვები რაღაცებს, ჩუმად…

ვეტყვი, რომ სულაც არ დამვიწყებია და მასთან ურთიერთობა ისევ ისე მომწონს, როგორც ადრე. თავს გავიმართლებ იმით, რომ ძალიან ბევრი საქმე მაქვს ბოლო დროს და ვეღარ ვიცლი მისთვის.

მერე ვეტყვი, რომ კარგად ვარ, რომ მიყვარს… ბლოგი კი არა… კიარადა, ბლოგიც 🙂

ვეტყვი რომ გულწრფელად წერა მომენატრა და მინდა დავწერო რამე.

იმასაც ვეტყვი, რომ ტყუილია, როცა ამბობენ მხოლოდ მაშინ შეუძლია ადამიანს წერა, როცა ცუდადააო. მე კარგად ვარ და შემიძლია წერა, თუ ჯღაბნა, რაცაა მოკლედ… მერე რა, რომ ბოლო დროს ვერ ვიცლი, როცა მოვიცლი ავანაზღაურებ 😉

გაზაფხულია, ფერადი… წავალ ახლა და უნივერსიტეტისკენ წავსეირნდები.

ხო, რაღაც უცნაური მიზეზით ამ ბლოგს რომ კითხულობს ის ხალხიც მომენატრა.

იცი რა? მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ მაქვს უფლება არ ვიყო ბედნიერი. ხოდა აუცილებლად ვიქნები ბედნიერი, პატარა-პატარა და დიდი ბედნიერებებით. და მინდა ბეეევრი ადამიანი იყოს ასე.

არ ვიცი…

შემთხვევით ჩემთვის უცნობ ბლოგს გადავაწყდი. უცნობს, მაგრამ საინტერესოს. ვკითხულობდი უშუალო და ძალიან მარტივ პოსტებს, ადამიანურს და არა კუდაბზიკურს.

სხვისი მოსმენის შემდეგ შენც გინდება საუბარი.

მეც ასე ვარ ახლა. მინდა საუბარი… კარგა ხანია მინდა თან, მაგრამ არ თუ ვერ გამოდის. გავხსნი პოსტის ფანჯარას და ხან სხვა საქმე მიჩნდება, ხან არ მეწერინება, ხანაც უბრალოდ არ მინდა დავწერო.

არც ახლა ვიცი რა დავწერო, მაგრამ მჭირდება ეს.

არეული ვარ…

რეალური ადამიანები მჭირდება.

ხანდახან უბრალოდ მინდა ვიტირო, ხანდახან არ მინდა და თავისით მოდის ცრემლები.

სულ მგონია რომ მარტო ვარ, ბავშვობიდან…

ახლა არ ვიცი, იქნებ არც ვარ მარტო…

არ ვიცი, არაფერი არ ვიცი…

არ ვიცი რა მჭირს…

უბრალოდ… მჭირდები… მჭირდები და მაკლიხარ…

ალბათ ბევრს ვითხოვ ადამიანებისგან…

თოვს… ალბათ ლამაზადაც… თუმცა მხოლოდ სიცივე იგრძნობა.

გაზაფხული მინდა და სითბო…

იები რომ აყვავდება ხომ წამიყვან მათ სანახავად?

 

წავალ, დავიძინებ…

ხვალ ახალი დღე იქნება და მზიანი. მერე რა რომ თოვს? თოვლში მზე არ გინახავს? იცი რა ლამაზია მზე და თოვლი? თოვლი ბრწყინავს და მზეც ისეთი თბილია, როგორიც შენი ჩახუტება.

მე ვხედავ მზეს. შენც დაინახე რა…

Okay

We'll be okay :)

We'll be okay 🙂

ვერასდროს ვხვდებოდი რატომ იყო სანთლის შუქზე სადილობა რომანტიკული.

ვერც ახლა.

თუმცა, ზოგადად, ოდნავ განათებული სიბნელე რომანტიკასთან ახლოსაა.

ხოდა, მეც ვზივარ ოდნავ განათებულ სიბნელეში და სანთლის შუქს წარმოსახვაში ათასგვარ ლამაზ ფორმას ვაძლევ. მერე თვალებს ოდნავ ვხუჭავ და ნაწილებად დაშლილ სინათლეს ვაკვირდები.

ოთახი წამში დაცარიელდა. უშუქობა იმდენად უცხოა, ყველა ფანჯარას მივარდა. ალბათ ფანჯარასთან ატუზულები გადადიან სულ სხვა სამყაროში, წამოსახვითში და ირეალურში. ისე, რომ რეალურს წყდებიან კიდეც.

რომელიღაც სართულიდან ბეთჰოვენი აჟღერდა. ვერაფერს იტყვი, კარგად უკრავს. ისე უხდება სიბნელეს “მთვარის სონატა”, გადმოცემა რომ შეუძლებელია.

სანთელს მოვეშვი და კედელზე მოსიარულე ჩრდილებს დავუწყე თვალიერება. აივნის მოაჯირის გამოსახულება კედელზე ხან იზრდება, ხანაც მცირდება, გამვლელი მანქანის შუქის მიხედვით.

ვაკვირდები როგორ უცვლის ფერს ფანჯრიდან შემოსული შუქი უცნაური ფორმის, რომელიღაც ძვირფასი მინისგან დამზადებულ ლარნაკს.

მახსოვს, ბავშვობაში, უშუქობისას, ვერ ვიტანდი ნახევრად განათებულ ოთახებს. მაშინ მივეჩვიე თვალდახუჭული სიარულს. დღემდე არავს სჯერა, მაგრამ ძირითად საღამოებს თვალდახუჭული ვატარებდი. ოთახიდან ოთახშიც ასე დავდიოდი, მომწონდა რატომღაც სიბნელეში სიარული.

ერთი უცნაური ჩვევა მაქვს ბავშვობიდან – თითქმის ყოველთვის თავს მარტო ვგრძნობ. სინელეშიც ამიტომ ვიჯექი ალბათ, მარტო და შეუმჩნევლად. მარტო, მაგრამ ჩემს სამყაროში.

ახლაც ვხუჭავ თვალებს, ოღონდ ნელა, თან სანთლის შუქს ვშლი ნაწილებად. ჯერ კიდევ ციმციმებენ სიბნელეში მოძრავი წერტილები.

ცხრა, რვა, შვიდი, ექვსი, ხუთი… – ვითვლი დარჩენილ ვარსკვლავებს და ვემზადები ჩემს სამყაროში გადასასვლელად.

… მერე შენ მოდიხარ. მიყურებ ისე, თითქოს იმ ლარნაკივით ძვირფასი და მოსაფრთხილებელი ვიყო, წეღან ფერებს რომ იცვლიდა. მერე თბილად მიკრავ გულში და ვხვდები, რომ მარტო არ ვარ…

ვიღაც მეზობელი კი ისევ “მთვარის სონატას” უკრავს…

თოვლი ^_^

თოვს. არა, კი არ თოვს, ჰაერში პატარა, თეთრი უცნაურობები ტრიალებს.

ცას მოძრავი და თეთრი ვარსკვლავები ფარავს.

ვარსკვლავები ჰაერში, ასფალტზე, ლამპიონის შუქის ირგვლივ და ჩემს თმაში.

ცივი ვარსკვლავები სახეზე და ხელში.

ფიფქის ფორმის ვარსკვლავები და ვარსკვლავის ფორმის ფიფქები.

როცა რაღაც ძალიან გინდა, მოხდება კიდეც. თუნდაც სულ არ იყოს შენზე დამოკიდებული.

სახე გამეყინა, მაგრამ მაინც ვუშვერ თოვლს და მაინც მსიამოვნებს თითოეული ფიფქის შეხება. ხელებიც სიცივისგან გაწითლდა უკვე, მაგრამ ცდუნებას – დეტალურად შევისწავლო ერთი ცალი ფიფქის ვიზუალი, ვერ ვუძლებ. ვაკვირდები ფიფქს და ვხვდები, რომ ის ისეთია, როგორიც ნახატზე.

და არც ისე ცივია, როგორც თავიდან გგონია. ან მე მეჩვენება ასე. სითბო მინდა და თოვლი…

თოვს. არა, კი არ თოვს, ჰაერში პატარა, თეთრი უცნაურობები ტრიალებს.

To be :)

მაშინ, როცა რომელიმე ენის მასწავლებელი დროებზე გვესაუბრებოდა, მეგონა ეს მხოლოდ სიტყვებს შეეხებოდა, იმას, თუ როგორ დაწერ და ისაუბრებ ამა თუ იმ დროში. ხოდა, მეც ქართულად, რუსულად თუ ინგლისურად ვიმახსოვრებდი შესაბამის სიტყვებს.

არ ვიცი როდის და როგორ, მაგრამ მივხვდი, რომ ეს უბრალოდ სიტყვები კი არა, ჩვენი მდგომარეობაა. მდგომარეობა წარსულში, აწმყოსა თუ მომავალში.

წარსული მაგარია! ყველაზე მაგარი, თუნდაც მაშინ, აწმყოში არც არაფერი ყოფილიყო. გახსენდება კონკრეტული დრო, ადამიანები და რაღაცნაირი სიამოვნება გეღვრება გულში. იქნებ მერე ის ადამიანებიც გაქრნენ და დრო ხომ თავისთავად, მაგრამ იყო რაღაც, რაც გიზიდავს და გაიძულებს მათი გახსენებისას შენდაუნებურად გაიღიმო.

მაგრამ ეს რაა, მომავალში უკეთესი იქნება! აი, იმ მომავალში, როდის დადგება რომ არ იცი. ხოდა მიდიხარ მისკენ, ხან ნელა და შეფერხებით, ხანაც პირიქით. ამ დროს ერთადერთი, რაც იცი, არის ის, რომ იქ, სადღაც უკეთესია. უკეთესია წარსულზე და აწმყოზეც, იმაზე, რაც ახლა გაქვს.

ახლა რა გაქვს? არაფერი! გარდა პრობლემებისა, დაულაგებელი პირადი ცხოვრებისა, აწეწილი გეგმებისა და რავი, კიდევ ათასი უბედურებისა. ამ დროს ერთადერთი, რაზეც ფიქრობ, დასვენებაა და ამ ყველაფრისგან გათავისუფლება.

რამდენიმე დღის წინ თითქმის ერთი თვის მუშაობა წყალში ჩამეყარა – “ფლეშკა” დამივირუსდა და დედლაინის წინა დღით ყველა ფაილი წამეშალა. მაშინ, როცა მასალის დასკვნით ნაწილზე ვფიქრობდი არხეინად, აღმოჩნდა, რომ შესავალიც აღარ მაქვს.

იმ საღამოს მივხვდი, რომ სუსტი ვარ, იმდენად სუსტი რომ შემიძლია დავყარო ყველაფერი, შევეშვა და უბრალოდ ვიტირო. ვიტირე კიდეც, მთელი ნახევარი საათის განმავლობაში 🙂 მაგრამ ამით რა? ცოდო ვარ? შემიცოდებს ვინმე? თუნდაც ლექტორი?

ყველაზე ცუდად მაშინ ხარ, როცა საკუთარი თავი გეცოდება. მეც შემცოდებია საკუთარი თავი. იმ დღესაც შემეცოდა. საზიზღობაა! საკუთარი თავის შეცოდება დანებების ტოლფასია. დანებდები ერთ წაშლილ მასალას, მერე ცუდ შეფასებას, ყოველდღიურობას და ბოლოს მთლიანად ცხოვრებას.

… მაგარი შეგრძნებაა, როცა განთიადის მოახლოებას იგრძნობ, ღამე გაფერმკრთალდება და მონიტორზე უკვე მზა მასალა გეგულება. წელში გაიმართები, ოდნავ გაიღიმები და რამდენიმე საათით დაიძინებ.

მერე ახალი დღე იწყება, მზიანი. დილის სუსხი სასიამოვნოდ გაფხიზლებს, მზის სხივი კი სითბოს გიღვრის მთელ სხეულში. ხვდები, რომ ყოველ დღეს აქვს თავისი პლიუსი, პოზიტივი და რატომ არ უნდა დაინახო? რატომ უნდა გაუშვა ხელიდან მარტივად და რატომ არ უნდა მიიღო სიამოვნება მათგან?

ხოდა მეღიმება… მეღიმება, იმიტომ, რომ ჭადრის ფოთლების ფერის ჩიტი ძალიან ლამაზია; მეღიმება, იმიტომ რომ სასიამოვნო მუსიკას ვუსმენ; მეღიმება, იმიტომ რომ დილა სასიამოვნოდ იწყება; მეღიმება, იმიტომ რომ იმ მოხუც ქალს გაეღიმა, ადგილი რომ დავუთმე ავტობუსში; მეღიმება, იმიტომ რომ ხელები თბილად მაქვს და მეღიმება იმიტომ, რომ სითბოს ვგრძნობ;

მეღიმება, იმიტომ რომ წამის შეგრძნება შევძელი… და მიხარია… მიხარია, რომ შემიძლია ვიცხოვრო აწმყოთი.

გაზაფხული (?)

ცივა, საშინლად ცივა. მოკუნტული ვზივარ თბილი პლედის ქვეშ, მაგრამ სითბო არ მეკარება. ყველაფერს ორპირ ქარს ვაბრალებ, მაგრამ უკან მდებარე ნახევრად ღია კარის ბოლომდე დახურვა მიჭირს, წინა კარის დახურვა კი რატომღაც არ მინდა, თან იქედან თბილი ქარი მოდის და რაღაცნაირად მსიამოვნებს კიდეც მისი შეხება.

არა, ორივე თუ არა, ერთი მაინც უნდა დაიხუროს! – ვფიქრობ და პლედიდან ვძვრები. ჯერ უკანა კართან მივდივარ, გარეთ ვიხედები. ცივი ქარი ქრის და ჭადრის ფოთლებს ჰაერში ატრიალებს. მიმზიდველია აქაურობა და შთამბეჭდავი, წამით გარეთ გასვლაზეც ვფიქრობ…

მაინც ვბრუნდები, მაგრამ კარს ოდნავ ღიად ვტოვებ და მეორე კართან გადავდივარ, რომელიც აივანზე გადის. აივანს მიღმა ახლად აყვავებული იები და ყოჩივარდებია, რამდენიმე გვირილაც და საიდანღაც აკაციის სურნელიც მოდის. მოაჯირს ვეყრდნობი და კარგად ვაკვირდები გარემოს. ეზოში ჩასვლა ვერ გადამიწყვეტია, მეშინია ყვავილებთან ახლოს მისულმა არ აღმოვაჩინო, რომ ეს ილუზიაა, არარსებულია. აბა ვის გაუგია შუაგულ შემოდგომაზე გაზაფხული და სითბო?

… რამდენიმე წლის წინ, შუა ზამთარში, სოფელში ახლად ამოსული იების მთელი ჯგუფი შევნიშნე. თბილოდა იმ ზამთარს და გაზაფხული ეგონათ ალბათ. ვიცოდი, რომ მალე თოვლი იქნებოდა და იებიც ვერ გადარჩებოდნენ. არადა, იმ წელს თოვლი საერთოდ არ მოსულა, ის ზამთარი ყველაზე თბილი იყო მათ შორის, რაც მახსოვს.

…ახლაც ვზივარ აივანზე, ვაკვირდები თითქოს უდროოდ მოსულ ყვავილებს და მეშინია ზამთრის მოახლოების. იქნებ წელსაც არ იყოს თოვლი, მაგრამ ოდესღაც ხომ მოვა? მე კიდე მეშინია, რომ შევეჩვევი ამ ყვავილებს, გარემოს, ამ სამყაროს მთლიანად და მისი დამსხვრევა ტკივილს მომაყენებს. თან არამარტო მე…

მაგრამ მგონი მომწონს ეს სამყარო და სანამ შესაძლებელია მისი არსებობა, რატომაც არა? მარადიული ხომ არაფერია და ერთ დღეს ჩვენც აღარ ვიქნებით. ხოდა, სანამ ვართ და სანამ შეგვიძლია შევიგრძნოთ რაღაცეები, რატომ უნდა დავკარგოთ? ეს ყველაფერი ხვალ შეიძლება აღარ იყოს, მაგრამ ჩვენ ხომ დღეს ვცხოვრობთ? – ვუსვამ ამ კითხვებს საკუთარ თავს და დამაჯერებელ საწინააღმდეგო არგუმენტებს ვერ ვპოულობ.

ვბრუნდები ოთახში და კარს თითქმის ბოლომდე ვტოვებ ღიად. ვეხვევი ჩემს პლედში და ნელ-ნელა, მაგრამ მაინც შევიგრძნობ სითბოს. უკანა კარიდან ქარი კიდევ უბერავს, მაგრამ წინა კარი უფრო ფართოდაა ღია და სითბოც საგრძნობლად აღწევს.

გამოუსადეგარი

მებაღე ახლად დაკრეფილი ყვავილებით დატვირთულიყო და მაღაზიისკენ მიემართებოდა. ბაღიდან გამოსულმა, ღობის კუთხეში, ზედ ასფალტთან, გვირილაც შენიშნა, მტვრიანი იყო და აქა-იქ ფურცლებიც აკლდა. თუმცა ცოცხალად და მყარად იდგა. “იყოს, ამასაც წავიღებ” _ გაიფიქრა მებაღემ და უკვე მოგლეჯილი გვირილა სხვა ყვავილებთან ერთად მოათავსა.

მეყვავილე გოგონამ მებაღეს ფული ჩაუთვალა და თაიგულების შეკოწიწება დაიწყო. მინდვრის ყვავილებიანმა თაიგულმა დიდი საფიქრალი გაუჩინა – თითქოს სრულყოფილებისთვის რაღაც აკლდა. გვერდით გადადებული, ასფალტიდან მოგლეჯილი უხეშღეროიანი გვირილა ერთი შეხედვით უხდებოდა თაიგულს, დიდი ყვითელი გული ტონალობებსაც ავსებდა. მაგრამ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. არდა, ამ ყვავილის გარეშე თაიგული თითქოს უფერულდებოდა, ფერს კარგავდა.

პრობლემა არა მთლიანად თაიგულში, არამედ იმ ერთ გვირილაში იყო. კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩანდა, არადა, თითქოს აუცილებელი იყო ამ თაიგულისთვის.

… ეს გვირილაც ოდესღაც, სხვებთან ერთად, გაშლილ მინდორში იზრდებოდა. იქ ხშირად დადიოდნენ ლაშქობებზე და გვირილებით ერთობოდნენ – თაიგულებს აკეთებდნენ, გვირგვინებს ან სულაც “ვუყვარვარ – არ ვუყვარვარ”-ს თამაშობდნენ.

ლაშქრობიდან დაბრუნებულ მეგობრებს ყოველთვის მოჰქოდათ გვირილების დიდი თაიგულები. იმდენად დიდი, რომ ხელში ვერ ატევდნენ და უკვე ასფალტზე ტოვებდნენ გვირილებიან კვალს.

… ერთ-ერთმა გვირილამ ასფალტის კუთხეში მიწა იპოვა და ნელ-ნელა ფესვები გაიდგა. მინდვრის ყვავილი ასფალტს რთულად, მაგრამ მაინც ეგუებოდა. უფრო გაიზარდა და გაუხეშდა კიდეც, ქალაქის მტვერი და სიბინძურე რომ აეტანა. თეთრი ფურცლები თანდათან კარგავდნენ ფერს, ზოგი დაცვივდა კიდეც. მაინც მყარად და ამაყად იდგა.
ბევრჯერ გადაუარეს და გადათელეს, ისე, რომ უკან არც მოუხედავთ.

იყვნენ ისეთებიც, ვინც უვლიდა, წყალს უსხამდა და ეფერებოდა. მერე მათ ეჩვეოდა, ისინი კი უცერემონიოდ მიდიოდნენ. უცერემონიოდვე ბრუნდებოდნენ და სახეშევცლილი რომ ხვდებოდათ ყვავილი, ვეღარ იტანდნენ.
ეთამაშებოდნენ კიდეც, იმ სხვების მსგავსები რომ ყოფილიყვნენ, ვისაც მართლა უყვარდა. ჯერ გადაუვლიდნენ და შემდეგ მობრუნდებოდნენ, წელში გაასწორებდნენ და ფოთლებზე უხეშად გადაუსვამდნენ ხელს.

გვირილა არც აქამდე იყო ნაზი და სუსტი, მაგრამ თანდათან უფრო გაძლიერდა, შეიცვალა. ყვითელი გული გამაგრდა და გაუხეშდა. თუმცა ერთი შეხედვით არაფერი ეტყობოდა.

თითქოს ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული, არადა მებაღის ერთი ძალდაუტანებელი მოძრაობით ძირიანად ამოიგლიჯა.

… მეყვავილე გოგონამ მაინც მოახერხა მინდვრის ყვავილებისგან ლამაზი თაიგულის შეკვრა და გამოუსადეგარი, უხეში გვირილა ფანჯრიდან მოისროლა.

ბედნიერება

ბედნიერება ორი სახის არსებობს – ისეთი, როგორიც წარმოგიდგენია და ისეთი, როგორიცაა სინამდვილეში.

… შემოდგომაა. სუსტი, მაგრამ თბილი სიო იგრძნობა და ფეხქვეშ ხმელი ფოთლები ხრაშუნებენ. ცა ისეთია, როგორიც უნდა იყოს – ცის ფერი. ვუსმენ გემრიელ მელოდიას და მინდა მეც ვიღიღინო.

… პლიაჟზე მივსეირნობთ უხმოდ, ფეხქვეშ მოქცეული ქვიშის ხმა გვესმის. ზუსტად ის დროა, როცა მზეც ზღვაში ჩახტომას გადაწყვეტს და ცა წითელ შეფერილობას იღებს. ორივე ერთდროულად ვჩერდებით და მზეს ვაკვირდებით. ვგრძნობ, რომ სადღაც სხვა სამყაროში გადავდივარ და ხელზე ხელის მოჭერა მაფიქრებინებს, რომ იქ მარტო არ ვარ.

… ვხედავ შენს სახეს, მიხარია ღიმილს რომ ვერ იკავებ ჩემი დანახვისას და მეც მეცინება. ვუსმენ შენს ძველებურ, ვითომ საქმიან ტიტინს და რაღაც მიხარია.

… ხელიხელჩაკიდებულები მივდივართ და ათას სისულელეზე ვსაუბრობთ. ერთ ხელში რბილ და ფაფუკ ხელს ვგრძნობ, მეორეში თითქმის ძვლებს 🙂 ორივე ხელი თბილია, ძალიან თბილი და თითქოს ძალას მმატებს.

… ვსეირნობთ. გრანდიოზულად გაწვიმდა, სეტყვასაც ურევს. საკმაოდ ცივა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად სასიამოვნოა. ადამიანები ფანჯრებს მიღმა დგანან, ჩვენ კი გავრბივართ და რატომღაც ვიცინით.

… ვკითხულობ და თან მწარე ყავას ნება-ნება ვწრუპავ. გარედან წვიმის ხმა მესმის, ალბათ ცივა კიდეც, ჩემი პლედი ძალიან თბილია და ვერ ვგრძნობ სიცივეს. ფანჯრიდან ვიხედები. ვიღაცეები გარბიან და იცინიან. მეც რატომღაც მეღიმება…

… მზის სხივი მაღვიძებს, თვალებს ვიფშვნეტ და ფეხებს რატომღაც კედელზე ვაწყობ, ვაკვირდები თითების განლაგებას და ვფიქრობ არაფერზე.

… პატარა, მყუდრო ზღვისპირა ქალაქში ვარ. მსუბუქად წვიმს და ვიწრო ქუჩებში დავსეირნობ.

… ქუჩაში დავბოდიალებ და მუსიკას ვუსმენ. ვიტრინებში საკუთარ თავს ვათვალიერებ და ჩემდაუნებურად მეღიმება. რატომღაც ნაბიჯს ვუჩქარებ, ცაში ვიხედები და თითქოს გული იბერება, მოცულობაში იზრდება.

… გვიანი გაზაფხულია. ბათუმის პარკი იისფერია, რადგან დეკას მაგვარი ყვავილები აფეთქებულა. ფეხაკრებით მივდივარ ერთ-ერთ ბუჩქთან, “ვპარავ” ერთ ცალ ყვავილს, თმაში ვირჭობ და რატომღაც მიხარია.

… ღამეა. პლიაჟზე ვყრივართ. ვუსმენთ ზღვას, თან ერთ კონკრეტულ ვარსკვლავს მივჩერებივართ და ვფიქრობთ კვლავ არაფერზე.

… შემოდგომაა. ბათუმის ქუჩებში იმ ყვავილის სუნი ტრიალებს, მხოლოდ ამ ქალაქში რომაა და თამამად შეიძლება ეწოდოს ბათუმის სურნელი. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და იმ ხეს ვეძებ, საიდანაც ეს სურნელი მოდის.

… ისე ვარ, თითქოს შუშანიკის შვილმა ჩამიარა – რაღაცა რომ გიხარია და არ იცი რა (მარტო ამ ფრაზის გამოც ღირდა “შუშანიკის შვილების” წაკითხვა).

… ვრწმუნდები, რომ ვიღაცას შეუძლია ჩემთვის რაღაც, თუნდაც ელემენრატული გააკეთოს.

… დამშვიდობების დროა. ახლა გვახსენდება ყველა ძველი თუ ახალი ამბავი და მოყოლას ვიწყებთ. მერე ყველა სახის დასამშვიდობებელ სიტყვას ვამბობთ და რაღაცნაირად, თითქოს უკმაყოფილოდ, მაგრამ მაინც ბედნიერები ვშორდებით ერთმანეთს.

კი, ნამდვილად, ბედნიერება ორი სახის არსებობს – ისეთი, როგორიც წარმოგიდგენია და ისეთი, როგორიცაა სინამდვილეში.

Dancing

“თბილისის დროით 18 საათი და 25 წუთია და შეგახსენებთ, რომ დღეს გარეთ საკმაოდ ცივა, მოგვიანებით მოსალოდნელია წვიმაც” – ლაპარაკობს ყურსასმენში ერთ-ერთი რადიოწამყვანი.

გარეთ მართლაც საკმაოდ ცივა. მოულოდნელი, თუმცა ალბათ დროული სიცივე ძვლებში ატანს. ავტობუსის გაჩერებაზე თავმოყრილი ხალხი პირიდან ორთქლს უშვებს. ერთი ქალი ცდილობს ქარს წინააღმდეგობა გაუწიოს და დაუმორჩილებელი თმა დაიმორჩილოს; წყვილი ერთმანეთს ეხუტება და ასე ცდილობს გათბობას; ახალგაზრდა ბიჭი ფეხების მოძრაობით ცდილობს გახურებას; მოხუცი კაცი ხელებს იფშვნეტს და საყელოს ბოლომდე იწევს; ახალგაზრდა გოგოს ხელის მტევნები თხელი “მაიკის” სახელოებით დაუფარავს და პირთან მიაქვს მონაცვლეობით; მეც წამებში ვახერხებ მარცხენა და მარჯვენა ფეხის შენაცვლებას და ცეკვის მაგვარი მოძრაობა გამომდის.

ცივი ქარი ქრის და ცდილობს ჭადრებს ნაადრევად ჩამოაცალოს არც ისე ყვითელი ფოთლები. ფოთლები კი მტვერთან ერთად დაფრინავენ და გაჩერებას როგორც კი უახლოვდებიან, იქ მდგომნი მაშინვე თვალებს ხუჭავენ და ზურგს აქცევენ.

“ახლა კი იმისთვის, რომ ცოტა გავმხიარულდეთ ამ სევდიან ამინდში, ერთ ძველ სიმღერას შემოგთავაზებთ. მაშ ასე, ჯგუფი “აბბა” სიმღერით “Dancing Queen”. ”

ამის ჩართვა აუცილებელია პოსტის გაგრძელებისთვის 😉

ქუჩაზე მოხუცი კაცი გადმოდის, ცდილობს მწვანეზე მოასწროს და ჯერ ნაბიჯს უჩქარებს, შემდეგ მორბის, ბოლოს კი ჰაერში ხტება და ცეკვას იწყებს.

შუქნიშანთან გაჩერებული “ჯიპიდან” ღიპიანი კაცი გადმოდის და ყვირილს იწყებს, თან ხელების მოძრაობას აყოლებს. მალევე ცალი ხელის საჩვენებელი და შუა თითი სახესთან მიაქვს და ნელი მოძრაობით ატარებს თვალების ირგვლივ.

შუქნიშანზე უკვე წითელი აენთო ფეხით მოსიარულეთათვის, თუმცა მანქანები მაინც გაჩერებულან და იქედან მგზავრები ნელ-ნელა გადმოდიან. ცეკვა-ცეკვით მიდიან შუა ქუჩისკენ და ყველა ერთად ცეკვავს.

გაჩერებაზე მდგომი გოგონა მაიკის სახელოებს იდაყვებამდე იწევს და შეკრულ ხელებს ერთმანეთის ირგვლივ ატრიალებს. ნელ-ნელა სხეულის სხვა ნაწილების ამოძრავებასაც იწყებს და მოცეკვავეებისკენ გარბის.

მოხუცი კაცი საყელოს იხსნის, ძველებურ ქუდს ჰაერში იქნევს და თითქოს ახალგაზრდობა გახსენებული და ახალი ძალებით გარბის ქუჩის შუაგულისკენ.

ქალი თმის დამორჩილებას აღარ ცდილობს და თავს ხან მარჯვნივ გაწევს, ხან მარცხნივ. მოძრაობას ნელ-ნელა რიტმი ემატება.

მხრებში მოხრილი ახალგაზრდა ბიჭი აგრძელებს ფეხების მოძრაობას, მაგრამ უფრო რიტმულად და სხეულის სხვა ნაწილებსაც რთავს.

წყვილი ისევ ისე, ჩახუტებული მიდის ქუჩისკენ და ასევე ცეკვავს.

მეც ვუერთდები ხალხს და ყველა ერთად, რიტმულად ვცეკვავთ. ქურთუკები, ქუდები და “კაშნები” ჰაერში მოფარფატე, მტვერშერეულ ყვითელ ფოთლებს უერთდება.

… “და ჩვენ კვლავ დაგიბრუნდით… იმედია შევძელით სასიამოვნო განწყობის შექმნა.”

… ავტობუსის კარები გაიღო, ბილეთის აღებით გამოწვეული სუსტი წრიპინი გაისმა და დახურული კარის მიღმა კვლავ ჰაერში მოფარფატე ფოთლები გამოჩნდა.

 

%d bloggers like this: