Category Archives: გესტ-პოსტი

მეც გილოცავ

ყველაფერი კარგი შემთხვევით ხდებაო, ისევე, როგორც ჩემი მოხვედრა შენს ბლოგზე: ) კარგა ხანი ვკითხულობდი ჩუმად შენს პოსტებს და კომენტარს ვერ ვტოვებდი, ვერ ვხდებოდი, როგორ გამომეხატა ის, რა გრძნობაც მეუფლებოდა ჩანაწერების კითხვისას – ძალიან ახლობელი, თითქოს ჩემს თავზე დაწერილი…
მერე გაუბედავად წერილიც მოგწერე, მახსოვს, როგორ გაგიხარდა…
ჩვენი პირველი საუბარიც მახსოვს ფბ-ს ჩათში, მაშინვე ვიგრძენი, გამიმართლა შენ რომ გაგიცანი. იმდენად გულწრფელად ვისაუბრეთ, სახელიც კი გამიმხილე. იცი… მაშინ ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიყავი.
მერე ჩემი დაბადების დღე მოახლოვდა… შენი ერთგული მკითხველის მოპატიჟებას უარი ვერ უთხარი და ყველაზე გამორჩეულ დღედ უქციე. ჩემი პირველი რეაქცია გახსოვს? ბავშვივით ავხტი-დავხტი და გადაგეხვიე. ძალიან სასიამოვნო ემოცია მოდიოდა შენგან, თბილი და მსუბუქი… დაახლოებით ისეთი, როგორი თვალებიც გაქვს: ))
მერე ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მეგობრად იქეცი. მართალია, ახლა რობოტს ვგავარ და ვეღარ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს დროებითია და გამოცდებთან ერთად გაივლის. მერე ისევ ის ნინიკო გავხდები: )
იცი… მიჭირს წერა… იმდენად ბევრს ნიშნავ ჩემთვის, რომ თავდაპირველი განცდა მეუფლება – სიტყვები შეუფერებლად მეჩვენება. სამწუხაროდ, არ მაქვს უნარი, გავარღვიო ჩარჩოები და ზუსტად გადმოვცე ჩემი აზრები.
ხატი, ახლა შენი დაბადების დღეა, უზომოდ ლამაზი დღე… დღე, რომელიც მინდა მთელი სულითა და გულით მოგილოცო, გისურვო არ დაგეკარგოს ბედნიერება, რომელთანაც ახლა ძალიან ახლოს ხარ.

მიყვარხარ, მიყვარხარ, ძააალიან მიყვარხარ…

შენი მეგობარი ნინიტო….

იუბილარს

დაფანტავს ღრუბლებს ზღვისპირა ქარი,
არც გაზაფხულის რწმენა დავკარგეთ,
შენა ხარ ჩემთვის ის ერთი ქალი,
რომლის სინაზით უნდა დავკავდე.

შენი ღიმილით გამთბარი ბაგე,
შეხედულება სამივე დროზე,
იძულებულს მხდის გავცოცხლდე, ავგდე
და რეალურად მოვიდე გონზე.

თუმცა თვალების ასეთი მზერა
თითების თბილი შეხება, მწველი,
გონებას ბინდავს და ვფიქრობ: ,,ვერა,
როგორ ვატკინო, ხომ არ ვარ გველი..”

ეცდები მეც რომ გამიგო, ვიცი,
ეგ გული რომ ცემს, მიყვება ამბებს;
ჩვენ არ გვჭირდება ტყუილი ფიცი,
იმის გარეშეც გადარებ ამელს.

ოციოდ წლის წინ ჩვიდმეტი მარტი,
ყველაზე თბილი დღე იყო ალბათ,
ის დღე, როდესაც ამ ქვეყნად გაჩნდი
და სილამაზემ მიგიღო ხარბად.

ვხედავ, გაგზარდა თავის წესებით
რომ აფერადო მუდმივად მიწა,
დღეს შენი დღეა, შენ მზეს ვეხებით,
ბედნიერებად ჩვენთვის ეს იქცა!

ქარის მოტანილი წერილი…

“არაუშავს, კალენდარს გადავწევთო.. და მეც ვწერ!… ”   ^_^

მოდი, ვიფიქროთ, რომ დღეს ქარის მოტანილი წერილების დღეა...  და წერილი უნდა მისწერო ადამიანს, რომელსაც არ იცნობ..

სიტყვებს არჩევ.. ფრთხილობ…

ცდილობ, მოაწონო, დააფიქრო…  გააღიმო და..

უბრალოდ რომ ვთქვათ, იპრანჭები!

ამიტომაც, ვივიწყებ, რომ ვწერ…

…და უბრალოდ ვწერ!   ^_^
…………………………………………………………………………………………..

“-ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ.. .

ვუყვარვარ,  არ ვუყვარვარ…

ვუყვარვარ!.. “

ხშირად ვაცლიდი გვირილას თეთრ ფურცლებს და მიხაროდა…

და თან მიკვირდა – ყოველთვის “ვუყვარვარ” ფურცელი მრჩებოდა უკანასკნელი…

მერე გავიზარდე.

დავუჯერე გვირილას მაშინ.. მერე მტკიოდა.

და აღარ მიკვირდა საკუთარი ლოგიკური დასკვნების იმედად დარჩენილს: ყველა გვირილას კენტი რაოდენობის ფურცელი აქვს, ამიტომაც ყოველთვის რჩება “ვუყვარვარ!..”

ყველაფერი იყო ჩვეულებრივ. ვაცლიდი ფურცლებს და უკანასკნელი თეთრი ფურცლის ქარს გატანებისას, როცა გულში რაღაც ოდნავ, ძლივს შესამჩნევად გამკრავდა რაღაც, მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ლოგიკური, და ყველა გვირილას კენტი რაოდენობის ფურცები ჰქონდა…

ყველაფერი იყო ჩვეულებრივ.

მაგრამ მე რაღაც მაკლდა…

მერე უფრო მეტად გავიზარდე…

და ერთხელ, როცა ჩვეულებრივ მომიშვირა თავისი ყვითელი გული და მე ხელი ისევ მისი თეთრი ფურცლებისკენ გავაპარე… მივხვდი.

და გამეღიმა ჩემს ბავშვურ სისულელეზე…

   თუნდაც, ყველა გვირილას კენტი რაოდენობის ფურცლები ჰქონდეს!

ის მაინც სიყვარულის ყვავილია.. 

იმიტომ, რომ გჩუქნის და გაჯერებს!

მიწის მზე…

ჩემი…

სუფთა და წრფელი…

………………………………………………………………………………………….

არ ვიცი რა მინდოდა ამით მეთქვა..

უბრალოდ შენ მის სიყვარულში ასე აშკარად და სახალხოდ მეცილები 🙂

არ მწყინს.. პირიქით!

გვაახლოვებს ^_^

 

წერილი მშობლებს

თქვენ ალბათ ვერასდროს ნახავთ ამ წერილს და თუ მაინც მოხდა საოცრება, გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რომ ამას მე ვწერ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ რასაც აქ ვიტყვი, მაგაზე იშვიათად ვსაუბრობ (საერთოდაც, ჩვენ იშვიათად ვსაუბრობთ). მეორეც, ალბათ არც იცით რა არის ბლოგი და მით უმეტეს ვერ იფიქრებთ, რომ მე რარაცეებს ვწერ (გარდა სტატიებისა 🙂 ), თან ასე “საქვეყნოდ”.

თუ თქვენ ახლა ამას კითხულობთ, ე.ი. ძალიან, ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ჩემში და ზოგადად…

მოკლედ, დავიწყებ თავიდან – ეს ბლოგია, ჩემი პირადი ბლოგი. არ შეშინდეთ, ანონიმურია 🙂 ბლოგი სხვადასხვა სახის არსებობს, ჩემი პერსონალურია, დღიურივით. ბავშვობაში რომ მქონდა დღიური და საგულდაგულოდ ვმალავდი, დაახლოებით ისეთი. ოღონდ აქ ყოველდრიურობაზე არ ვწერ. ხანდახან მომაწვება რარაც ყელში და უნდა ამოხეთქოს. ხოდა, მოვდივარ და ვიწყებ ამ რაღაცის ბლოგზე გადმოტანას. გითხარით უკვე, რომ ანონიმური ბლოგი მაქვს, თუმცა ჩემდაუნებურად დავუმეგობრდი რამდენიმე ბლოგერს (ბლოგერი – ის, ვინც ბლოგზე წერს, ბლოგი აქვს, რავი…). ხოდა, ბლოგერებში ერთი ვირუსია გავრცელებული, სახელად “თეგ თამაშები”. დაიწყებს ერთი წერას რამე საინტერესო თემაზე და აყვება მთელი საბლოგეთი. “თეგ-თამაში” კიდე იმიტომ ქვია ამ ყველაფერს, რომ ერთმანეთს თაგავენ. დათაგვა მონიშვნას ნიშნავს. როგორ ხდება ნუ ამახსნევინებთ ახლა, არაა ეს თქვენთვის საინტერესო.

ხოდა, მეც დამთაგეს. კონკრეტულად მელმოჰოლიკმა. მის ბლოგს არ ვიცნობ კარგად, მაგრამ კაი ადამიანი ჩანს. საერთოდ, ვირტუალურ სამყაროში ბევრი კაი ადამიანი ვიპოვე. არ უნდა ახლა გაოცება 🙂 ამაზე მერე 😉 მოკლედ, მელმოჰოლიკმა დაწერა პოსტი (პოსტი – ის, რაც ბლოგზე იწერება. ახლა რასაც კითხულობთ პოსტია) – “წერილი მშობლებს” და მე დამთაგა. ახლა ჩემი რიგია, უნდა გავაგრძელო მარათონი და რამე მოგწეროთ.

რა მოგწეროთ? მაშინ, როცა ვთვლიდი, რომ ბევრი გვქონდა სალაპარაკო, უფრო მარტივად დავწერდი ალბათ ამ წერილს. ახლა ყველაფერი მეტ-ნაკლებად დალაგდა. პრინციპში, არც ადრე იყო აურზაური, ჩემ გამო პრობლემა რომ არ შეგქმნიათ, ჩემზე უკეთ იცით. ხანდახან ვფიქრობ, რომ ჭკვიანი ბავშვის სტატუსი სულ ტყუილად მქონდა, დებილი ვიყავი და მეტი არაფერი! აბა უპრეტენზიო ბავშვი გაგონილა?!

რა მინდა გითხრათ იცი? მადლობა! მიუხედავდ იმისა, რომ ხშირად არ გეთანხმებოდით, არ მომწონდა თქვენი “აღზრდის მეთოდები”, მერე მივხვდი, რომ ასე იყო საჭირო. ერთია მხოლოდ – ის, რაც თქვენ თეორიულად მასწავლეთ და ცდილობდით პრაქტიკულად არ შევჯახებოდი, მოგვიანებით ხომ მაინც მოხდა. არ ჯობდა თავიდანვე თვითონ მივმხდარიყავი რა იყო კარგი და რა ცუდი? იქნებ მერე არარ მტკენოდა, როგორმე დამეზღვია თავი ამისგან.

ეს არაფერი, მაგაზე ნუ ინაღვლებთ თქვენ. მე ხომ ვიცი, რომ გინდოდათ დაგეცავით. რთულია იყო მშობელი, ახლა უფრო ვხვდები. მაგრამ ბავშვმა თავიდანვე უნდა ისწავლოს ბრძოლა, გვიან რომ არ შეეჯახოს ელემენტარულ სირთულეებს, რომლებიც ბავშვობაში უნდა დაეძლია.

მიყვარხართ! ეს ალბათ ისედაც იცით, მაგრამ მე ხომ არ მითქვამს არასდროს ხმამაღლა. საშინლად მერთულება გრძნობების გამოხატვა და იმიტომ. ხოდა, ახლა გეუბნებით – ძალიან მიყვარხართ და მიხარია, რომ ჩემი მშობლები თქვენ ხართ და არა სხვა.

მადლობა იმისთვის, რომ დღეს პრანჭია, უტვინო და უგრძნობი ადამიანი არ ვარ. მადლობა, რომ მხარში მიდგახართ დღემდე და მაქსიმალურად მეხმარებით დასახული მიზნის მისაღწევად. ხომ ვიცი, როგორ არ გინდოდათ ჟურნალისტიკა ამერჩია, მაინც არ შემზღუდეთ. ისიც ვიცი, რომ არ ნანობთ ამას და ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია ეს ამბავი.

მადლობა, რომ მასწავლეთ ცოდნის ფასი. არ ვყოფილვარ განებივრებული ბავშვი ოფიციალურად მირებული კრიტერიუმებით, მაგრამ იმდენი რამ გავიგე ბავშვობაში, იმდენი ვისწავლე, ეს თავისთავად მანებივრებდა.

მიხარია, რომ თქვენი წყალობით მე ვიცი ადამიანობის, ურთიერთობების ფასი. მართალია, თეორიულად არ გისწავლებიათ ეს ყველაფერი, მაგრამ რასაც ვხედავდი, ის თავისთავად ჩაინერგა.

ვიცი, რომ თქვენთვის რთულია ძირითადად თქვენგან შორს რომ ვარ. მაგრამ ისიც ვიცი, როგორ გიხარიათ ჩემი თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი, თქვენ “წარმატებას” რომ ეძახით. ხოდა, სწორედ ამისთვის ვარ მტელი დღე გარეტ, სწორედ ამიტომ ვარ სახლში სტუმარივით…

მიხარია, რომ თქვენნაირი მშობლები მყავს, მართლა…

P.S. ნუ ნერვიულობთ, ვერავინ მიხვდება, რომ ამას მე ვწერ და ადრესატები თქვენ ხართ 🙂 ბევრი რამ გამომრჩა ალბათ. მაგრამ ხომ იცით ჩემი გრაფიკის ამბავი, სულ გადარბენებზე ვარ. ხოდა, ჩაწერაზე უნდა გავიქცე ახლაც. ხო, არ უნდა ახლა გამეორება, ვიცი რომ სტატია უნდა მოვიტანო და გაჩვენოთ 🙂 წავედი ახლა მე და მთლად ყველაფერსაც ნუ წაიკითხავთ, დამიტოვეთ ცოტა რამ. კომენტარებს თუ დაწერთ, სახელი არ მიაწეროთ ცემი, არ იცის უმრავლესობამ 🙂 ხო მართლა, სახელისთვისაც მადლობა 😛

წადი სახლში


გამოსავალს არ მიტოვებ,   
მუზა უნდა ვიხმარო.
შენი სახლში წასვლის ფასად,
ბლოგმაც ამით იხაროს.
მერე არ თქვა გესტ პოსტები, 
ცხოვრებაში გაკლია.
ნერვებისთვის ნუ მოცდები,
თვალებისთვის კარგია.
გვირილების ქვეყანაში,
გაიხარა ფუთკარმა
შენც ღიმილით ეთამაშე,
არ ანახო მუქარა.
მეც ერთ-ერთი მათთაგანი,
აქ ბზუილით მოვედი,
გადმოვსერე მთა და განი,
მტვერის, ქარის მორევი.
დაგიტოვებ ცოტა თაფლსა
ბზუილითვე გავქრები,
მიაშურებ შენც შენს სახლსა,
ძილად მშვიდად დაწვები.
მგონი დროა აქ გავჩერდე
რედაქტორმა არ გნახოს ,
პოსტს რომ ძალიან მიაჩერდე
და ხელფასით გაგლახოს …

ზღვარი

თავიდან ვიფიქრე, რომ აუცილებელი იყო პოსტის წერა განმარტებით დამეწყო, მეთქვა ვინ ვარ, რა მინდა ან/და აქ რა მინდა და ა.შ. თუმცა შემდეგ გადავიფიქრე, მივხვდი, რომ ეს არც თავად პოსტს მოუხდება და არც ახსნა-განმარტებითი ბარათის აუცილებლობა არსებობს. მიუხედავად ამისა თავს მაინც უხერხულად ვგრძნობ, აი პირველად რომ ხარ სტუმრად, სავარძლის კიდეზე რომ ჩამოჯდები და საზურგეზე მიყრდნობას ვერ ბედავ, ფეხები მორცხვად ერთმანეთზე რომ გაქვს მიბჯენილი და ხელები სამაგალითო მოსწავლესავით, რომ გიწყვია, კითხვებს ორი სიტყვით, რომ პასუხობ და უაზროდ იღიმები კეთილგანწყობის ხაზგასასმელად.
ოთახში შესულს მისთვის ჩვეული კეთილი ღიმილით მხვდება, ხელით მანიშნებს, რომ დავჯდე, მეც ვუღიმი საპასუხოდ, ვეკითხები თავს როგორ გრძნობს, თავს ოდნავ დაბლა ხრის და თვალებს ხუჭავს იმის ნიშნად, რომ კარგად. მის წინ ვჯდები, ნერვიულად ვიფშვნეტ ხელებს და არ ვიცი საიდან დავიწყო საუბარი. მოთმინებით აღსავსე თვალებით მიყურებს. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ მეკითხება – ”მოხდა რამე?” უეცარ შვებას ვგრძნობ, თითქოს მისგან ველოდი ნებართვას რათა საუბარი დამეწყო – ”წუხელ თვალი არ მომიხუჭავს. საწოლის გვერდით სანთელი დავიდგი, საკუთარ თავს მილიონჯერ მაინც გავუმეორე, რომ შეუძლებელი არაფერია, არაფერი, არაფერი, არაფერი… მთავარია დავიჯერო. ჰოდა გამთენიისას დავიჯერე, შემიძლია დავიფიცო, რომ დავიჯერე, მაგრამ სანთელი ვერ ავანთე, არ აინთო, არ აინთო მანამ სანამ არ ავდექი და ასანთით არ ავანთე.” ვჩუმდები და ველოდები როდის მიპასუხებს, მაკანკალებს და ვერაფრით გამიგია ეს უძილობის ბრალია თუ ნერვების. პასუხს არ ჩქარობს, მდუმარე შემომცქერის, მე თვალს ვერ ვუსწორებ და ისევ ნერვიულად ვიფშვნეტ ხელებს, ყოველი წუთი საუკუნედ მეჩვენება და ვგრძნობ, რომ ცოტაც და ვეღარ შევძლებ თავის მოთოკვას, მოთმინება მეწურება, ზუსტად ამ დროს იწყებს: ”დიახ, შეუძლებელი არაფერია. მთავარია გჯეროდეს, გწამდეს, უეჭველად იყო დარწმუნებული, რომ შენ შეძლებ ყველაფერს და მაშინ ყველაფერი გამოვა. ერთ ღამეში არ შეიძლება უარყო ყველაფერი რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გასწავლიდნენ. თანაც ის რის დაჯერებასაც ცდილობ, უნდა გინდოდეს, იწვოდე ამის სურვილით, ყველაფერს გერჩიოს. სანთლის ანთება კი ფოკუსი უფროა, ამიტომაც ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.” არ ვიცი რა ვუპასუხო, ვემშვიდობები და მივდივარ.
სახლში მისული ახალი რომანის კითხვას ვიწყებ, მთელ წიგნს ლაიტმოტივად ”მთავარია დაიჯერო” გასდევს. ვგრძნობ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და დასაძინებლად ვწვები, ჩემი საწოლის მოპირდაპირე მხარეს განთავსებულ წიგნების თაროს ვუყურებ, თვალში ბიბლია მხვდება, მაშინვე მდოგვის მარცვალი, მთის გადადგმა და ისევ რწმენა მიტივტივდება თავში. სწრაფად ვდგები, ვიცვამ და მივდივარ.
უკვირს ჩემი დანახვა, ბოდიშს ვიხდი, რომ დღეს უკვე მეორედ ვაწუხებ, მეუბნება, რომ შემიძლია დავჯდე, სიგარეტს ვუკიდებ, თვალს იატაკს ვუშტერებ და ვეკითხები: ”ვისი უნდა მჯეროდეს? რისი უნდა მწამდეს?”. ოთახში ისევ სიჩუმე ისადგურებს, ვხვდები, რომ პასუხის გაცემას არ ჩქარობს და ვუხსნი: ”ჰო, ვისი? ღმერთის? თუ ღმერთის რომელის? ან იქნებ ღმერთი ერთია და სხვადასხვა სახელით მოვიხსენიებთ? არა, რა თქმა უნდა ერთია მაგრამ, რომელი რელიგიით უნდა მწამდეს? თუ ამას არ აქვს მნიშვნელობა? თქვენ გწამთ ღმერთის? თუ დედამიწის, სამყაროს ძალის გწამთ? ან იქნებ მეუბნებით, რომ საკუთარი თავის უნდა მწამდეს? საკუთარი ძალების მჯეროდეს?” ვჩუმდები, დაღლილობას ვგრძნობ, ველოდები როდის მიპასუხებს, ის კი რა თქმა უნდა არ ჩქარობს. ”რა მნიშვნელობა აქვს რისი ან ვისი მწამს მე?! ყველას საკუთარი რწმენა გააჩნია, მთავარია თავად გადაწყვიტო რისი დაჯერება გინდა და რისი არა. ვისი გინდა, რომ გწამდეს და ვისი არა. რა მიგაჩნია უდავო ჭეშმარიტებად და რა არა. საამისოდ უტყუარი რეცეპტი არ არსებობს.” ვხვდები, რომ ზუსტ პასუხს მისგან ვერაფერზე მივიღებ, სიგარეტს ვაქრობ, კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს და სახლში მივდივარ.
***
სანიტარი სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის აბებს მაწვდის, მადლობის ნიშნად ვუღიმი, წყალს ვაყოლებ და პალატაში ვბრუნდები, ვწვები და არ მასვენებს ფიქრი იმაზე, რომ ხელოვნურად ვკლავ იმას, რის მიღწევაზეც ამდენ ხანს ვიშრომე.
სამი საათი ხდება, ვდგები, ვიცვამ და მივუყვები გრძელ დერეფანს, კაბინეტში შესული ვხვდები, რომ არ ვარ საუბრის განწყობაზე, თუმცა კარგად ვიცი, რომ მომიწევს:
”მხოლოდ იმიტომ ვარ აქ რომ მჯერა ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. მჯერა და ამას ვერც თქვენი პრეპარატები უშველის რამეს, ვერც ყოველდღიური ფსიქოთერაპიის სეანსები, ვერც ფიზიკის კანონების ხაზგასმა.” – ხმა სიბრაზისგან მიკანკალებს.
”ადამიანების შესაძლებლობები შეზღუდულია. თავად ნახეთ თუ ახლა ამ კალამს ავიღებ და ხელს გავუშვებ ის იატაკზე დაეცემა, როგორ ძალიანაც არ უნდა მინდოდეს მისი ჰაერში გამოკიდება. თუმცა ეს ტრაგედია არ არის.”
არა, კალამი მხოლოდ იმიტომ დაეცემა მიწაზე, რომ თქვენ დარწმუნებული ხართ ამაში.”
”თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ?”
”დიახ, მე მჯერა, რომ მისი ჰაერში ტივტივი შესაძლებელია”.
პასუხს არ მცემს, იღებს კალამს და ხელს უშვებს, წამის მეათასედში ის უკვე იატაკზეა.
”ის რის დაჯერებასაც ცდილობ, უნდა გინდოდეს, იწვოდე ამის სურვილით, ყველაფერს გერჩიოს. ეს კი ფოკუსი უფროა, ამიტომაც ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.” – ვპასუხობ სხაპასხუპით.
თქვენ რისი სურვილით იწვით?”
”ადრე მინდოდა ორიგინალური ვყოფილიყავი, სხვების სურვილები უკუმეგდო და საკუთარი შემექმნა, რაღაც განსხვავებული მდომებოდა. ახლა ვხვდები, რომ ადამიანები ძირითადად ფრენისკენ ილტვიან. მე მინდა ავიდე ძალიან მაღლა, ერთი ნაბიჯით წინ წავიწიო და გავფრინდე”.
***
დერეფანში ხალხმრავლობაა, დედაჩემის ტირილისგან მოგუდული ხმა ისმის ოთახებში. ჩემი ფსიქიატრი და მასწავლებელი ხვდებიან ერთმანეთს.
”ე.ი. მთავარია დაიჯერო, გწამდეს, ხომ?!
”მას არ სწამდა, ის ავად იყო”.

მე და შენ

         ის იმ დიდმა სითბომ და ნეტარებამ გააჩინა, რომელსაც– სიყვარული ქვია.  რამდენიმე დღე თვალების გახელაზე არც უფიქრია. ასე თვალდახუჭული იწვა დედის მკერდს ჩახუტებული და მთელი სამყარო იმ სათამაშო ოთახად გადაიქცა რომელში მოხვედრის გამო, ანგელოზებსაც კი სიხარულის ჟრუანტელი უვლით ხოლმე.

აი ასეთია ახლად დაბადებული სიცოცხლის შეგრძნება.

როდესაც მზისგან გავარვარებულ მიწაზე ორფუთიანი ხმლით ხელში მტრის ლაშქარისკენ გამძვინვარებული გარბოდა მთელი მისი აზრები მეგობრების, სამშობლოს და საერთოდ მისი ძვირფასი სათამაშოების ოთახის დაცვას დასტრიალებდა გარშემო.  მას და კიდევ უამრავ მის მოძმეს: ისე აათალეს მარჯვენა და ისე გაუპეს თავი, რომ სიკვდილი–ნეტარების ეიფორიამ შეცვალა მყისიერად.

ალბათ ასეთია მოტივირებული სიკვდილი.

Read the rest of this entry

ასეც უყვართ

გამარჯობა დამსწრე საზოგადოებავ, ეს ჭიამაია მოგესალმებათ გვირილას ბლოგიდან. თავიდან როცა აქაურობის ერთ-ერთ განმგებელად დამტოვეს ძალიან გამიხარდა, მაგრამ ამავე დროს ცოტათი ვინერვიულე. არ მინდოდა ამ დროს ისე გაევლო რომ აქ ჩემი კვალი არ დამეტოვებინა. რაღაც “ჩანახატის” მსგავსი იდეა მომივიდა და დავწერე კიდევაც, მისი შეფასება კი თქვენთვის მომინდვია. წინასწარ გეტყვით რომ  Publish ღილაკზე დაჭერის თანავე ალბათ ნერვიულობა პიკს მიაღწევს, ეს ხომ ჩემი ბლოგი არაა. ეს სხვისი ტერიტორიაა სადაც ვიჭრები და ჩემი აზრების ნაცოდვილარს მოურიდებლად ვაქვეყნებ. მითუმეტეს, რომ ჩანახტების წერა საოცრად არ გამომდის. დაე, იყავით კრიტიკულები. 🙂 ჰო, მართლა, “ამბავი” რომელსაც ვყვები გვირილასა და ჭიამაიაზეა, თუმცა მისი პროტოტიპები არცერთი ვართ, თუ რატომ მიხვდებით ტექსტიდან.


    ჯერ სულ პატარა იყო, ისეთი პატარა რომ ფერებსაც ვერ არჩევდა კარგად, ის კი არადა ფრთებიც არ გაზრდოდა ბოლომდე. სადღაც ყური მოჰკრა, კოპლების რაოდენობა ასაკს განსაზღვრავსო, ნეტავ თვითონ რამდენი ლაქა აჩნდა, ნეტავ თუ გამოიყურებოდა დიდივით. როცა დედას ეკითხებოდა, პასუხად მხოლოდ თბილი ღიმილი და ასეთივე სიტყვები მოდიოდა “ჩემო პატარა”. დღე-დღეს მისდევდა და პატარა ჭიამაიაც გრძნობდა ცვლილებებს, მის პატარა სამყაროში ფერები გამკვეთრდა, სილამაზის აღქმა დაიწო, სმენა გაუმძაფრდა- ის სიცოცხლეს იწყებდა.

ერთ დღესაც ჭიამაია მიხვდა რომ უნდოდა მეტი ენახა, უნდოდა მიფრენილიყო მინდვრის ბოლომდე, იქ სადაც ქვეყნიერების კიდე ეგულებოდა. ჩუმად გაიპარა ნაცნობი ადგილებიდან და მალევე ჰაერში აფრინდა, აი გასცდა იას, ეხლა ბაბუაწვერამდეც მალე მივა… უფრო ძლიერად მოიქნია პატარა ფრთები და უკვე ზემოდან მოექცა მინდორს. -” აბა კიდევ მითხრან პატარა ხარო”- ჩაიცინა ჭიამაიამ. ო, როგორ უნდოდა ეხლა ყველას დაენახა, ყველას ერწმუნა რომ ის დიდია. სულ წინ და წინ მიიწევდა პატარა არსება, სამყაროს კიდისკენ.. ის იყო მიაღწია კიდევაც მიზნამდე, რომ ჰაერში შედგა. ფრთები მოეკვეთა- ვეღარც წინ მიდიოდა, ვეღარც უკან, უახლოეს ფოთოლზე ჩამოჯდომაც კი არ შეეძლო.

ამ დღის შემდეგ ყოველდღე მოდიოდა ჭიამაია გვირილასთან, ჯერ ხეებს უკან იმალებოდა და იქიდან უმზერდა, მერე მის თავზე დაფარფატებდა, ბოლოს ფოთლებთან მიახლოებაც გაბედა. მაშინ, ცხოვრებაში პირველად იყო მადლიერი თავისი ზომის გამო. დიდი რომ ყოფილიყო მის ღეროებზე ჩამოჯდომის უფლება ხომ აღარ ექნებოდა- გვირილას კი ის ვერ ატკენდა. თეთრმა ყვავილმაც სითბოთი და კეკლუცი ღიმილით მიიღო ახალი სტუმარი და ამით გათამამებული ჭიამაიაც ყოველდღე თამაშობდა მასთან.

     გადიოდა დრო, მალე სუსხიანი ზამთარიც დადგა. ჭიამაიამ მყუდრო და თბილი თავშესაფარი მოძებნა ნაძვის ძირში, გვრილა კი სიცივეში მარტო დარჩა, სციოდა, სიცივისგან წელში იხრებოდა და ფოთლები სცვიოდა. ამჯერად, ჭიამაია აღარ იყო მადლიერი თავისი ზომის გამო. ახლა უნდოდა ყოფილიყო ძალიან დიდი, რომ შესძლებოდა მისი ფრთების ქვეშ საყვარელი არსება გაეთბო. ბევრს ცდილობდა ჭიამაია როგორმე ეშველა გვირილასთვის, მის ახლოს ტრიალებდა, ფოთლებზე ახოხდებოდა რომ როგორმე თავისი სითბო მიეწოდებინა.

გაზაფხულის მზემ  გამოაცოცხლა ბუნება, გვირილაც მალე გაიშალა წელში, ახალი ფოთლები გაუღვივდა, უფრო კაშკაშა თეთრი გახდა, მაგრამ ჭიამაია მასთან აღარ დაბრუნებულა. ზამთრის სიცივემ ის ნაძვის ძირში, გვირილაკენ მომზირალი დატოვა სამუდამოდ.

იცით? ჭიამაიას უყვარდა გვირილა, უყვარდა სიცოცხლეზე მეტად, უყვარდა ისე რომ ერთხელაც არ უკითხავს რა ერქვა, არც კი გამოლაპარაკებია. უყვარდა უსიტყვოდ, უანგაროდ და თავდავიწყებით. ის ბედნიერი იყო, ასეთი რამ ხომ მხოლოდ ასწლეულში ერთხელ ხდება.


გესთ პოსტი

ავტორმა ამა ბლოგისამა  დამნიშნა დროებით ხელმწიფედ მის მინდორში, სანამ თავად ნებივრობს აქედან შოორს.. და დამაკისრა მოვალეობა, რომ  მივუხედო აქოურობას…
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე (და ამ დროს არც მიფიქრია ამდენი 😀 ) გადავწყვიტე გვირილას ერთი ისეთი პოსტი დავუწერო როგორსაც ან-იშვიათად წერს, ან-არ წერს საეერთოდ.. ია ნი პომნიუ კაკტა ნუ 😀 საინტერესო ფაქტები მინდა მოვუყვე კაი მოსწავლესავით და ეავიცი მოკლედ… ! მაშ ასე, მოიჩოჩეთ უფრო ახლოს და დავიწყე…
1. პირველი კოცნა ფილმში 1886 წელს გამოჩნდა. თომას ედისონის 30 წამიან ფილმს “კოცნა” ერქვა. (რა ინტრიღა ჩადო ავტორმა დააფიქსირეთ?? 😀 )
2. 1995 წელს, პირველად მსოფლიოში, იაპონელებმა უფრო მეტი ხორცი ჭამეს, ვიდრე ბრინჯი..
3. ალიასკის დროშა 13 წლის ბავშვმა შექმნა.
4. პირველ ათასწლეულში 365 250 დღე იყო, მეორეში 365 237 და მესამეში იქნება 364 242..
5.2738 წლის 28 ნოემბერს შესრულდება მემილიონე დღე (ქრისტეს შობიდან მემილიონე დღე). ( თუ ვინმე იქით მოხვდით-დაგვირეკეთ  😀 )
6.ვაშლის არაყს კალვადოსი ჰქვია.
7. მსოფლიოში 20 000 ზე მეტი ლუდის სახეობაა.
8.მონაკოს ნაციონალურ ორკესტრში უფრო მეტი ადამიანია, ვიდრე მონაკოს ჯარში.
9. სიტყვა შახმატი წარმოიშვა სპარსული ფრაზისგან “შახ მატ”, რაც ნიშნავს “მმართველი მოკვდა”.
10. კანადა ბოლო 5 წლის განმავლობაში 4 ჯერ იქნა აღიარებული “გაეროს” მიერ საცხოვრებლად ყველაზე საუკეთესო ქვეყნად.. აბა ჰე, ერთი კაციც და… 🙂
11. ყოველდღიურად დიდ ბრიტანეთში 185 მილიონი ფინჯანი ჩაი ისმევა.
12.მწვანე ჩაი 50 %-ით მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი, შავი ჩაი.
13. ყველაზე მეტ იოდს შეიცავს ბარდა (“გაროხი” -უვიცებისთვის 😀 )… 211 მიკროგრამი 1 კგ-ში. მას მოსდევს პილპილი, 135 მიკროგრამი, შემდეგ ხახვი (19).
14. დონ კიხოტის ნამდვილი სახელია- ალონსო კეხადა.
15. ჯორჯიის შტატის მიკრობიოლოგების აზრით დედამიწაზე 5 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 (5 ნონილიონი) ბაქტერიაა. (საიდან დაადგინეს ნეტავ.. მ? )
16. 1950 წელს იაპონელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 35 წელი იყო, ხოლო 2000 წლისთვის ეს მაჩვენებელი 70-ს მიუახლოვდა.
17. “ბოინგი-737″ – ეს არ არის ერთი ცალი თვითმფრინავი… ეს თვითმფრინავების მთელი კომპლექტია, რომელშიც სულ 7 მოდელი შედის. მათგან ყველაზე პატარა – “737-500″ იტევს მხოლოდ 98 ადამიანს, ხოლო “737-900″ – 189-ს.
18. შვედეთში 735 კინოთეატრია, სადაც 1200 კინოდარბაზია.
19. პირველი ბურთულიანი კალმები გაყიდვაში 1945 წელს შემოვიდა.. თითოეულის ფასი 12 დოლარს შეადგენდა.
20. პირველი “როლს-როისის” ფასი 600 ათასი დოლარი იყო… ხოლო დღეს ყველაზე ძვირი “როლს-როისის” 200 000 დოლარი ღირს.
21.“NBA”-ს კალათბურთელების დაახლოებით 30 %-ს აქვს ტატუ.
22. ქაღალდის ნორმალური ზომა (A4) “გამოიგონა” ჯეიმსონ სმიტმა.
23. ბოქსი სპორტად 1900 წელს ოფიციალურად დაამტკიცეს.
24. კინემატოგრაფიაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ბოქსია.
25. კომპაქტ-დისკებზე ინფორმაცია იკითხება შუა ნაწილიდან გვერდებზე, ხოლო ჩაწერისას პირიქით.
26.გრამაფონის პირველ ფირფიტაზე ჩაწერილი იყო ლაიოს კოშუტის ხმა.
27. ყველაზე ცოტა ბავშვი არის გერმანიაში (15 % ) , ხოლო ყველაზე ბევრი – კენიაში (51 %).
28. პაპაფობია – ეს არის რომის პაპების შიში.
29. პირველი პროდუქტი, რომელსაც ჰქონდა შტრიხკოდი, იყო Wrigley’s-ის საღეჭი რეზინი. ლოოლ  😀
30. პირველი ნამდვილი რესტორანი გაიხსნა პარიზში, 1746 წელს.
31. პოგონოფობია – ეს არის წვერების შიში.

ზი ენდ… 😀 😀
ესეც ჩემი პირველი (და იმედია არაუკანასკნელი) გესთ პოსტი ამ ბლოღზე…
ჰოუფ იუ ინჯოიდ.
გვირილ, მოდი და მოხედე სახელმწიფოს! :* 🙂
მივათაგავ ეხლა ჩემს თავს, რომ იყოს გასაგები ვინ დათარეშობს აქ…
თქვენი თეა. 

გვირილ, ესეც შენ! ♥♥♥♥

%d bloggers like this: