Category Archives: бывает и так…

გა-დაღლა…

დავიღალე… უბრალოდ კი არა, ძალიან დავიღალე…

ვხვდები, რომ თანდათან ვკარგავ კონტროლს საკუთარ თავზე, რომ ნამდვილი ხატია ცოტაღა დარჩა ჩემში და საკუთარი თავის ნარჩენებიღა ვარ…

მთელი დღე სამსახურში და ერთი პოზიტიური ფიქრი – საღამოს ისევ ვნახავ, ისევ ისე თბილად ჩამეხუტება და ყველაფერი გამივლის.

არაფერი მინდა მასთან ყოფნის გარდა. მინდა ერთად გადავიკარგოთ სადმე ცოტა ხნით, მარტო ჩვენ.

კარგად მხოლოდ მაშინ ვგრძნობ თავს, როცა მასთან ვარ…

არ მინდა მინისტრობის კანდიდატები მესიზმრებოდეს. გემრიელი, ჩემებური ძილი მინდა, თუნდაც ძველებურად უსიზმრო…

ჩვენი შაბათი და კვირა მინდა…

სეირნობა მინდა საღამოს…

მინდა ამ სეირნობის ძალა მქონდეს და სამსახურის მერე უსულო საგანივით არ ვეგდო მანქანაში…

მინდა არ ვწუწუნებდე და არ ვბუზღუნებდე…

მინდა სამსახურში ისევ არ უკვირდეთ ჩემი ღიმილი, განსაკუთრებულ შემთხვევად არ თვლიდნენ. მინდა ისევ ისე ვიყო ღიმილის განწყობაზე, როგორც ადრე…

ბათუმი მინდა და სახლი, მაგრამ იქ მარტო ვიქნები, მის გარეშე და ვერ გავძლებ, ვერ შევძლებ…

სადმე ტყეში, მიკარგულში მინდა წასვლა მასთან ერთად…

ტყეში მასთან ერთად…

მინდა ერთად ვიძინებდეთ და ვიღვიძებდეთ…

მინდა ჩემს ხელში მის თბილ ხელს ვგრძნობდე, გული რომ მითბება ისე…

მარტო ჩვენ, ცოტა ხნით მაინც შორს ყველაფრისგან…

მინდა ორივემ დავისვენოთ და ადამიანების სახე დავიბრუნოთ.

მინდა მის ღიმილიან სახეს ვხედავდე და მეც არ მშორდებოდეს სახიდან ღიმილი, ღიმილი მისთვის…

ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ასე გვინდა… ვიცი, რომ მასთან ერთად სულ კარგად ვიქნები…

უბრალოდ რესტარტი მჭირდება ყველაფრისგან… ყველაფრისგან მის გარდა…

ხმები

ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ…

საათის ისრის მოძრაობის ბანალური გახმოვანება.

უჩვეულო სიჩუმეა, მხოლოდ საათისა და კლავიატურის ხმა.

ხმები…

. . .

ეს არის ჩვენი გამარჯვება…

დილით მაიასთან, მერე ჯვრის მონასტერს მიმიხედე…

დამელოდეთ, დამელოდეთ, ნუ იქნებით სააკაშვილის ჟურნალისტები…

თქვენ მეტად ნიჭიერი ბრძანდებით…

წარმოადგინეთ ბილეთები…

შემდეგი გაჩერება – დელისი…

სააანაქებო სუფრა და პურმაააარილი, გემრიელი შეხვედრების ააააადგილი…

გააჩერეეეთ…

გავარდი საგარეოში…

ხატი, კონტროლის პალატას მიმიხედეთ…

ითამაშე ევროპაბეთის ონლაინკაზინოში…

აბონენტი მიუწვდომელია…

უნიქარდი – თქვენი სურვილები ბარათი…

ამ საკითხზე დღეს კომენტარი არ იქნება…

საჭმელად გავდივარ, ვინმეს რამე წამოგიღოთ?

მასალას მოვრჩი, შეიძლება ლექციაზე წავიდე?

ოპერატორს დაურეკეთ!..

აბა, მობრძანდით თათბირზე…

თბილისის დროით 21:00 საათია და თქვენ უსმენთ რადიო…

. . .

(გა)დავიღალე…

ყოველდღიური უაზრო ხმები, ერთი და იგივე…

სამსახური, ლექცია, სახლი, მეცადინეობა, ძილი. ისევ სამსახური, ისევ ლექცია, ისევ მეცადინეობა, ისევ ძილი.

თავი ნაგავით და პოლიტიკით გაივსო, ან იქნებ ერთი და იგივეა…

როცა დაღლილი იღვიძებ, მთელი დღე დარბიხარ, წერ, კიდევ დარბიხარ, კიდევ წერ…

ძლივს ასწრებ მეცადინეობას, ძლივს გაკეთებული დავალებით ფლეშკაზე და ერთი საათის დაგვიანებით მიდიხარ ლექციაზე და ჯგუფელები და ლექტორი კიბეებზე გხვდებიან, უკვე ლექციიდან მომავალი…

როცა ინტერნეტი გეზიზღება…

როცა ფეხებს ვეღარ გრძნობ…

როცა კივილი გინდა…

როცა კვირა საღამოს მომდევნო კვირა დღეზე ოცნებობ…

და როცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაღაც გაძლიერებს, ყოველ დღეს გილამაზებს და გრძნობ რომ ბედნიერი ხარ…

ალბათ ესაა სიყვარული.

სახლი

უკვე მერამდენე დღეა დილით სახლის ხმები მაღვიძებს.

სახლის ხმები როგორია იცი? ფეხის ხმა რომ გესმის და იცი დედამ ჩაიარა, მამამ, დამ თუ ძმამ.

სამზარეულოდან ხმები რომ მოდის და დარწმუნებული ხარ გემრიელ საუზმეს გიმზადებენ.

კარების ხმით რომ ხვდები ვინ გამოვიდა ოთახიდან.

ონკანის ხმა რომ გესმის და ზუსტად იცი ვინაა სააბაზანოში.

ტელევიზორი რომ ხმაურობს და ხვდები რომელ არხზეა გადართული, რა გადაცემაა იქ და ვინ უყურებს საქმესთან შეთავსებით.

რომ გგონია თვალს გაახელ, მხარს იცვლი და მეორე საწოლს დაინახავ, რომლიც ტრადიციულად ცარიელი იქნება, იმიტომ რომ სალომემ უკვე გაიღვიძა.

ოთახში ვიღაც რომ შემოდის და დარწმუნებული ხარ უნდა გაგაღვიძონ და ფრთხილად გაგახსენონ,  რომ გაგვიანდება.

ხო, ესაა სახლის ხმები და უკვე მერამდენე დღეა, გავიღვიძებ თუ არა მესმის. მერე ვახელ თვალს, ვხვდები რომ ჭერი ჩემი სახლის არაა და არც ხმებია იქაური.

სოფელში თოვლი დადოო, მანქანები ვერ დადიანო… ახლა ალბათ “ფეჩთან” სხედან და ყველა თავის საქმეს აკეთებს – კითხულობს, წერს ან კროსვორდს ჩაჰკირკიტებს. ტელევიზორი ჩართულია, მაგრამ არავინ უყურებს. ალბათ ბარსა მოწყენილი ზის თავის სახლში…

__________________________________________

რაც ძალიან მენატრება, იმაზე ბევრს არ ვფიქრობ ხოლმე. სადღაც დალექილია ეს მონატრება და დროდადრო წამოტივტივდება. მანამდე კი მთელი დღეები თითქოს არც არსებობს. ასე უფრო მარტივია…

მაგრამ ხანდახან ძალიან მინდა იქ, ჩემს სახლში… მერე რა, რომ თითქოს არასდროს მომნატრებია სახლი და ყოველთვის შემძლო სხვაგან კომფორტულად ვყოფილიყავი. მერე რა, რომ ერთ კვირაზე მეტხანს ვეღარ გავძლებ ალბათ იქ და ისევ წამოსვლა მომინდება. უბრალოდ, მომენატრა…

და არ მინდა ხვალ დილითაც სახლის ხმა გავიგო…

არ ვიცი…

შემთხვევით ჩემთვის უცნობ ბლოგს გადავაწყდი. უცნობს, მაგრამ საინტერესოს. ვკითხულობდი უშუალო და ძალიან მარტივ პოსტებს, ადამიანურს და არა კუდაბზიკურს.

სხვისი მოსმენის შემდეგ შენც გინდება საუბარი.

მეც ასე ვარ ახლა. მინდა საუბარი… კარგა ხანია მინდა თან, მაგრამ არ თუ ვერ გამოდის. გავხსნი პოსტის ფანჯარას და ხან სხვა საქმე მიჩნდება, ხან არ მეწერინება, ხანაც უბრალოდ არ მინდა დავწერო.

არც ახლა ვიცი რა დავწერო, მაგრამ მჭირდება ეს.

არეული ვარ…

რეალური ადამიანები მჭირდება.

ხანდახან უბრალოდ მინდა ვიტირო, ხანდახან არ მინდა და თავისით მოდის ცრემლები.

სულ მგონია რომ მარტო ვარ, ბავშვობიდან…

ახლა არ ვიცი, იქნებ არც ვარ მარტო…

არ ვიცი, არაფერი არ ვიცი…

არ ვიცი რა მჭირს…

უბრალოდ… მჭირდები… მჭირდები და მაკლიხარ…

ალბათ ბევრს ვითხოვ ადამიანებისგან…

თოვს… ალბათ ლამაზადაც… თუმცა მხოლოდ სიცივე იგრძნობა.

გაზაფხული მინდა და სითბო…

იები რომ აყვავდება ხომ წამიყვან მათ სანახავად?

 

წავალ, დავიძინებ…

ხვალ ახალი დღე იქნება და მზიანი. მერე რა რომ თოვს? თოვლში მზე არ გინახავს? იცი რა ლამაზია მზე და თოვლი? თოვლი ბრწყინავს და მზეც ისეთი თბილია, როგორიც შენი ჩახუტება.

მე ვხედავ მზეს. შენც დაინახე რა…

“თბილი”სამდე…

ზღვა და ცა თითქოს გაერთიანდა, გაერთფერდა. ზღვის ჰორიზონტის ხაზი სადღაც გამქრალა და მანქანის მინიდან გაშლილი სივრცე ჩანს, თითქოს უკიდეგანო, რომელსაც კოპლებივით ამჩნევია თოლიები. მოძრავი, თეთრი კოპლებივით.

ასფალტზე ხეების და შენობების ჩრდილები არც სიმაღლის მიხედვითაა ჩალაგებული და არც ფორმის. ისე, უბრალოდ.

მანქანაში რომელიღაც რადიოს რომელიღაც წამყვანის მონოტონური ხმა ისმის, მინის იქით კი ხეები საწინააღმდეგო მიმართულებით გარბიან. მგზავრობა და ეს ყველაფერი თვლემას იწვევს…

… რომ გამეღვიძა, სიზმარში მეგონა თავი. ფანჯრის მინის მიღმა დათოვლილი ნაძვები ჩანდა, ტყისკენ მიმავალი ბილიკი კი ჯერ კიდევ გაუკვალავი თოვლით იყო დაფარული.

“სიზმარი” მალევე ცხადად იქცა, რადგან ეს ყველაფერი გზის განაპირა მხარეს იყო და თვალების კარგად მოფშვნეტის გარეშეც კი ცხადი იყო, რომ მანქანა ასე კომფორტულად მხოლოდ გაწმენდილ ასფალტზე ივლიდა.

ხოდა, მე და ჩემი თანამგზავრები მინაზე ცხვირმიჭყლეტილები ვიყურებოდით ტყისკენ და ფიქრებით ვმოგზაურობდით საკმაოდ ახლო ტერიტორიაზე 🙂

სადღაც სურამთან თოვლი უფრო ახლოს იყო გზასთან და ჩვენც იმდენი ვიწუწუნეთ, მანქანა გააჩერეს და საგუნდაოდ ჩავედით. ის-ის იყო სუფთა და ხელ-ფეხ შეუხებელ თოვლში გადავედით და გუნდების გამზადება დავიწყეთ, რომ ფრაზა ავისმომასწავლებელი ფრაზა გავიგეთ – “ხომ გინდოდათ გუნდაობა?” და რამდენიმე წამში თოვლში ჩაფლულები აღმოვჩნდით 😀 გუნდაობაც დაწყებული არ იყო, ისე მორჩა, რადგან როგორც კი ფეხზე წამოვდექით, წივილ-კივილით შევცვივდით მანქანაში. საოცარია, მარა თოვლი ცივი იყო 😀

ვერც ერთი დელიკატესი ვერ შეედრება გაყინული ხელებით დაგლეჯილ თბილ ნაზუქებს 😀 ასე გემრიელად არასდროს მიჭამია, მით უმეტეს ნაზუქები.

შიმშილ და სიცივე დაძლეულებს სიმღერა და ცეკვაც მოგვინდა, იმ იგავ-არაკის არ იყოს. ხოდა, უბედური “ოპელის” (თურმე :D) სკამებზევე დავიწყეთ ცეკვა, მერე კი გაგვიმართლა (!) – მანქანაში ბენზინი გათავდა. ამ დროს ვართ სადღაც წეროვანის ტერიტორიაზე, მაგისტრალთან. ბენზინგასამართი სადგური ახლოს არ არსებობს. მძღოლი ბუზღუნით დაეშვა ბენზინის საძებნელად, ჩვენ კი უკვე მანქანასთან გავაგრძელეთ ცეკვა.

ზოგადად, გამოვტყდები და, მსგავსი რაღაცეებით ვერ ვერთობი 🙂 და არამარტო ვერ ვერთობი, სხვას დავცინებდი კიდეც. მაგრამ განწყობის ამბავია ალბათ და იმ მომენტში სულ არ მიქმნიდა დისკომფორტს ის ფაქტი, რომ შუა მაგიტრალზე ვცეკვავდით და გამვლელი მანქანის ფანჯრებიდან ისევე გვაკვირდებოდნენ, როგორც ჩვენ სურამის თოვლს ცოტა ხნის წინ 😀

სამაგიეროდ, ნახევარი საათის განმავლობაში ვისწავლეთ და დავხვეწეთ რამდენიმე ახალი ჰიტი (აქამდე მხოლოდ ერთ მათგანს ვიცნობდი თან :D) და ჯგუფი “კენზოს” მოძრაობები 😀 რუსულები და ჩქარები არ იყო რეპერტუარში სამწუხაროდ 😀

ბოლოს ბენზინიც მოიტანეს, მაგრამ ახალი გასართობი გაგვიჩნდა – მანქანა არ იქოქებოდა. რატომ გვიხაროდა ასე არ ვიცი, მარა კი ჩავცვივდით ბიჭებზე სწრაფად და მანქანას ვაწვებოდით 😀 არ ვიცი რამდენ ხანს ვათრიეთ, მაგრამ ბოლოს დაღლილი და ბედნიერი სახეებით ჩავეყარეთ მანქანაში, თითქოს საოცრება მოგვეხდინოს.

მერე გამოჩნდა თბილისის მონაცრისფრო ცა და გამიხარდა კიდეც. მერე რა, რომ ცასთან ახლოს ზღვა არ ჩანს. სამაგიეროდ, “თბილი”სშიც თბილა უკვე. ან მე მგონია ასე 😀 რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ თბილად ვარ ^_^

 

“სიყვარულები და უწი პუწები”

როცა თითქმის უცნობი ადამიანი თავისით, ყოველგვარი თხოვნის გარეშე მოდის და მხარში ამოგიდგება, ეს უფრო სასიამოვნოა, ვიდრე იმ თანადგომის შედეგი.

ბევრი ნეგატივის და აგრესიის შემდეგ, ხანდახან ჩემდაუნებურად ვფიქრობ, რომ ისე, მშვიდად ვერაფერს მიაღწევ. პირიქით, დაიჩაგრები კიდეც. მაგრამ ფიქრი დასრულებული არ მაქვს, როცა საწინააღმდეგოში ვრწმუნდები.

ვრწმუნდები იმაშიც, რომ დედამიწას მართლა სიყვარული ატრიალებს.

ჩვენ, ადამიანებს, ყველაფერი შეგვიძლია თანადგომის შედეგად.

არ მესმის, რატომ არ უნდა დაეხმარო ადამიანს, როცა ეს შენთვის არაფერია, არანაირ სირთულეს არ უკავშირდება. კაი, ქუჩაში მათხოვარს ფულს არ აძლევ, არ გაქვს, ან პრინციპია შენი ასეთი. მესმის. მაგრამ რა გიშლის ხელს მოხუცს ადგილი დაუთმო ან ავტობუსში ამოსვლაში დაეხმარო?

იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს სითბო ვაჩუქოთ, გავუღიმოთ და შევეცადოთ პოზიტივები შევიტანოთ ხშირად ძალიან რუხ ცხოვრებაში, პირიქით ვიქცევით. დავდივართ მოღუშულები, მხარს ვკრავთ გამვლელებს, ვილანძღებით და ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში რომ არ გვყოფნის, ვირტუალურშიც გადაგვაქვს. ხშირად არც კი ვიცნობთ ერთმანეთს და ლამისაა მტრებად მოვიაზრებით. და ყველაფერი იმიტომ, რომ კონკრეტული პოსტი არ მოგვეწონა ფეისბუქზე, მერე რა, რომ ჩვენ არ გვეხებოდა და არც ზოგადად შეურაცხყოფდა ვინმეს, აზრის დაფიქსირებისგან თავი რომ ვერ შეგვეკავებინა.

“სიყვარულები და უწი პუწები” არ მოგვწონს და იმის დამტკიცებას, რომ მაგრები ვართ, სხვისი შეურაცხყოფით ვცდილობთ.

მესმის, რომ ყველა სუბიექტური არსებაა, სხვაგვარად ვერც იქნება. მეც არ მომწონს ბევრი ვინმე, მაგრამ მის კედელზე არ ვაკომენტარებ პოსტს, რომელიც სულ არ მეხება მე და არც სხვას შეურაცხყოფს, ჩემი გამოსარჩლება რომ გახდეს აუცილებელი.

მე არაფერი მაკლდება ვიღაცის პოსტის ქვემოთ კომენტარად სტილისტური შეცდომის შესახებ თუ არ მივუთითებ. თუ ნამეტანი ავღელდი, პირადად მივწერ. არც ისაა ჩემი საქმე, ვიღაც ჩემი აზრით უგემოვნო მუსიკას თუ უსმენს და თავის კედელზე აშეარებს.

ეს თითქოს უწყინარი მოქმედებები მართლა ტკენს ადამიანებს გულს, რომ არაფერი ვთქვათ უფრო სერიოზულ რაღაცეებზე. ხოდა, რატომ? როცა შეგიძლია ადამიანს პოზიტივი აჩუქო, რატომ მიდიხარ ნეგატივისკენ?

უბრალოდ, რას ვერ ვიგებ იცი? რატომ უჩნდებათ ადამიანებს აგრესიის სურვილი. არა, ღრუბლებში არ დავფრინავ და ყველას არც მე ვეფერები, მაგრამ საიდანღაც მოსული აგრესიების არ მესმის.

ძალიან მინდა ქუჩაში რომ გავივლი გაღიმებული, სხვასაც გაეღიმოს და წარბშეკრულმა არ შემომხედოს, სახეზე რომ აწერია – “რა აცინებს!”.

ბევრი ღიმილი მინდა და ბევრი სითბო.

კომა

მკერდიდან რომ ამოვიგლიჯე, ჯერ ისევ ფეთქავდა. მეჭირა ხელში თითქოს ცოცხალი არსება და ვფიქრობდი იმაზე, თუ რა პატარა ყოფილა სინამდვილეში, არადა რამდენ ნაგავს იტევს. ერთი წამით ისიც გავიფიქრე, რომ ნახატებში და წარმოდგენებში სულ სხვაგვარია, ასე კი ერთი უბრალო ორგანო, თითქოს არაფრით მნიშვნელოვანი, მაგრამ სიცოცხლისთვის აუცილებელი.

ჯერ მშვიდად ვუყურებდი, ვაკვირდებოდი როგორ მცირდებოდა მისი მოძრაობის რიტმი. თითქმის უსიცოცხლო რომ ვნახე, ერთგვარი სიამოვნებაც კი ვიგრძენი.

გადაწყვეტილება წამის მეასედში მოვიყვანე სისრულეში და თითქმის მკვდარი მთელი ძალით მოვისროლე. სანამ გაცრეცილ კედელს მიენარცხებოდა, იმის გაფიქრებაც მოვასწარი, რომ იქნებ ის შუშის იყო და წარმოვიდგინე კიდეც როგორ ცვიოდა ნამსხვრევები აქეთ-იქით.

არა, შუშის არ იყო. სულ ოდნავ დაზიანდა და სუსტად, მაგრამ მაინც ფეთქავდა. შემეცოდა. ხო, შემეცოდა… სანამ მე გადაწყვეტილების შეცვლაზე ვფიქრობდი, საიდანღაც გაჩენილმა ხალხმა გადათელა. რიგრიგობით გადაუარეს და ფეხები შეიწმინდეს მასზე.

მკერდში გამოთავისუფლებულ ადგილას რაღაცნაირი ტკივილი ვიგრძენი. “ალბათ ბოლომდე ვერ ამოვგლიჯე…” – გავიფიქრე და საშინლად გავბრაზდი საკუთარ უსუსურობაზე. ვხვდებოდი, რომ ტკივილისგან სახე მემანჭებოდა, მოვიკუნტე და ფეხზე დგომაც აღარ შემეძლო. მაინც მოვიკრიბე ძალები და უკანასკნელი დარტყმა სწორედ ჩემი იყო. ზედ შევდექი, გამალებით ვცდილობდი გამესრისა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. ეს უფრო მამწარებდა და ძალებს არ ვიშურებდი საბოლოოდ განადგურებისთვის. ტკივილი იზრდებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ კიდევ ცოტაც და საბოლოოდ მოკვდებოდა ეს ტკივილიც და თითქმის უმოძრაო საგანიც ფეხქვეშ.

… ალბათ ტკივილმა თუ დამაკარგვინა გონი, მეტი აღარაფერი მახსოვს. ყველაფერი ისე გაგრძელდა, თითქოს ეს დღე არც ყოფილიყოს. ვერც ვგრძნობდი, რომ სადღაც, მკერდთან სიცარიელე იყო. და როცა შემთხვევით აღმოვაჩინე კომაში მყოფი, მაშინღა მივხვდი, რომ ის ჩემი ნაწილი იყო.

არ ვიცი გადარჩება თუ არა. არც ის ვიცი, მინდა თუ არა მისი გადარჩენა. იქნებ უკეთესია ჰოლივუდის ფილმების სცენარის მსგავსად, ერთ დღესაც მივიპარო და სასუნთქი აპარატი გავთიშო?!

ქოხი ზღვის პირას

რა მინდა იცი? სახლი სანაპიროზე. არა, სახლიც არა, უფრო ქოხი, ხისგან დამზადებული და თივის სახურავით.

ქოხს დიდი ფანჯრები მინდა ჰქონდეს. კარგ ამინდში მოწმენდილ ცას და ლურჯ ზღვას ვხედავდე ოთახის ყველა კუთხიდან, გაწვიმებისას კი წვეთებიანი ფანჯრის მიღმა აზვირთებულ ტალღებს, მათ სინქრონულ მოძრაობას ვაკვირდებოდე.

მინდა დილით მზის სხივმა გამაღვიძოს, ფეხშიშველმა ჩავირბინო პლიაჟზე და ფეხქვეშ მოქცეული ქვიშის ხმა გავიგო. ჯერ ნელა შევცურო ზღვაში, მერე სწრაფად ვამოძრაო ხელები და ბოლოს თითქმის უმოძრაოდ, სხეულის მსუბუქი რხევით გავცურო. გავიდე შორს, ისე, რომ ქოხს ძლივს ვხედავდე. წყალში დიდხანს გავჩერდები, პირაღმა წამოვწვები და ჩუმად, ძლივს გასაგონად ვიღიღინებ:

“გაგონდება თუ არა,
კარალეთის დღეები
მთების ლურჯი კამარა,
უცხო სამოთხეები.
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები,
თუ დრომ გადაურა
და ჩაუქრო ალები…”

მერე ტალღას გამოვყვები ნაპირამდე, ზღვის წყალი წურწურით ჩამოვა სხეულზე და თბილი მზის შეხება საშინლად მესიამოვნება. ნელი ნაბიჯით გავყვები პლიაჟს და უკან სველ ნაფეხურებს დავტოვებ. ცერებით შევალ ქოხში და რატომღაც შევეცდები ნაკვალევი არ დავტოვო ხის იატაკზე. ფეხაკრებით შევალ სამზარეულოსთვის განკუთვნილ პატარა ოთახში, მაგიდიდან დიდ ვაშლს ავიღებ და მერე მწარე ყავას მოვამზადებ.

შემდეგ ფანჯრის რაფაზე დავჯდები, დავაკვირდები ზღვის მოძრაობას და თან უკვე მომზადებული ყავის არომატს შევიგრძნობ. ნელ-ნელა, ნება-ნება დავლევ არომატულ სასმელს და თან ზღვას არ მოვაშორებ თვალს.

შუადღით, როცა დაცხება, ხის ქვეშ გაბმულ ჰამაკზე წამოვწვები და რამეს წავიკითხავ. ნელ-ნელა თვლემა მომერევა და გემრიელად ჩამეძინება.

საღამოს მინი კინოთეტრს მოვიწყობ ღია ცის ქვეშ, ფეხმორთხმით დავჯდები ქვიშაზე, დიდი თეფშით ბატი-ბუტს (და არა პოპ-კორნს) ჩავიდებ კალთაში და რამე გემრიელ ფილმს ვუყურებ.

როცა კარგად დაღამდება და ცა ვარსკვლავებით მოიჭედება, ზღვაში ვიბანავებ და მერე, დაღლილი, ქვიშაზე დავეგდები, ხელებს თავქვეშ ამოვიდებ და ვარსკვლავებს დავაკვირდები, თან ზღვას მოვუსმენ. ვერ მივხვდები დროის გასვლას და სანამ რული არ მომერევა, მანამ არ წამოვდგები. მერე ზოზინით ავალ ქოხში და უკვე საკმაოდ შეციებულზე საშინლად მესიამოვნება თბილი საწოლი. დავიძინებ ყველაზე ტკბილი ძილით, რაც კი არსებობს და დილით ისევ დიდ ფანჯარაში შემოჭრილი მზის პირველი სხივები გამაღვიძებს.

არ მექნება ტელეფონი და ინტერნეტი, მხოლოდ წიგნები და ფილმები დიდი რაოდენობით. და მე იქ ვიქნები მარტო, შენს გარეშე. საერთოდაც, მე მარტო უნდა ვიყო. ასე იყო და ასეც იქნება, რადგან ურთიერთობები იმ სახით, როგორიც მე მინდა და მჭირდება, უბრალოდ არ არსებობს.

მომენატრა…

რა მომენატრა იცი? შებინდებისას ნაწვიმარ და შეშრობა დაწყებულ ასფალტზე სეირნობა. როცა უბრალოდ მიდიხარ ხელიხელჩაკიდებული და გრძნობებს საუბარი არ სჭირდება.

ჩახუტება მომენატრა და სითბო. ხო, სითბო. მომბეზრდა ცივი და კედელი ადამიანები.

როგორი დღე მომენატრა იცი? სრულიად თავისუფალი, ექსპრომტად დაგეგმილი და ურთიერთობის სიამოვნებისგან გული რომ გებერება ისეთი.

კაი ფილმი და მისგან მიღებული  შთაბეჭდილება – დამუნჯება მომენატრა.

ზღვაც მომენატრა, არა ტურისტული და მხოლოდ ჩემი. მოღრუბლულ ამინდში რომ უნდა გაისეირნო და სახე ქარს შეაგებო, ისეთი.

საღამო მომენატრა და ღამის ბათუმში სეირნობა უსიტყვოდ.

წვიმა მომენატრა, გიჟი და გადარეული, მხირული და განწყობის გადამდები.

სალოს სახლი მომენატრა, მეორე სართულის ბუნებრივი სიგრილე. გათიშული გონებით პირაღმა გდება საწოლზე და მერე ნადირობა ტყემალზე ან მანდარინზე, სეზონის მიხედვით.

მომენატრა შეგრძნება, რომ ვიღაცისთვის სულ ერთი არაა ჩემი არსებობა. თეორიული ცოდნა ფეხებზე მკიდია ამ ეტაპზე, მინდა ვიგრძნო ეს.

მომენატრა ღამით პლიაჟზე პირაღმა წოლა, უსიტყვოდ ცქერა ცაში და ზღვის ხმაზე მიყურადება.

მომენატრა დილა, როცა მზის სხივი მაღვიძებს.

უსიტყვოდ საუბარი მომენატრა.

სარკეში საკუთარ გამოსახულებას რომ უღიმი ის შეგრძნება მომენატრა.

მომენატრა ვიყო სუსტი და ვიღაცის იმედი მქონდეს.

ყურადღება მომენატრა, მომაბეზრებელი კიარა, უბრალო, ადამიანური ყურადღება, შიგნიდან რომ გათბობს ისეთი.

გრძნობების გამოხატვა რომ შეუძლიათ ისეთი ადამიანები მომენატრა. მე არ შემიძლია იგივე, ამიტომ სხვებს მაინც უნდა შეეძლოთ. ადრე ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, ახლა აქვს.

კიდევ რა მომენატრა იცი? როცა გგონია, რომ ყველა წინაღობის დაძლევას შეძლებ. როცა შეგიძლია იარო წინ და წვრილმანები ფეხებზე დაიკიდო – ეს შეგრძნებები მომენატრა, თანაც იმდენად, რომ უკვე ახლოს ვარ მათთან.

აწმყო

იშვიათად მაქვს სურვილი ვინმეს საკუთარ თავზეც ველაპარაკო, გავიხსნა, შედეგად კი ცოტა მომეშვას. მარტივად ვერ ვლაპარაკობ პირად რაღაცეებზე და ალბათ ბლოგიც ამიტომ მაქვს.

იშვითად, მაგრამ ხდება ისეც, რომ მინდა ადამიანს ველაპარაკო და არა ბლოგს, ის რაღაც წინაღობაც თავისთავად ქრება და ვიხსნები. მაგრამ ამ დროს კედელს ვეჯახები ძირითადად, რომელიც არ მიშვებს იქით და იძულებული ვარ უკან დავიხიო. იმის გაცნობიერება, რომ როცა შენ გჭირდება მაშინ არავინაა გვერდით, ვინც უბრალოდ მოგისმენს, დაინტერესდება რა გიჭირს და ა.შ., არც ისე მარტივია.

ადამიანები აწმყოთი იშვიათად ვცხოვრობთ, ან წარსულია ჩვენი ცხოვრება, ან მომავალი, აწმყო ყველაზე ნაკლებად. ხომ შეიძლება უბრალოდ მივყვეთ საკუთარ თავს, სურვილებს და არ ვიფიქროთ წარსულზე და მომავალზე, ვიყოთ ისეთები, როგორებიც ახლა ვართ, ვიცხოვროთ ისე, როგორც გვინდა.

წარსულით იშვიათად, მაგრამ თითქმის მთელი ცხოვრება მომავლით ვცხოვრობ, მომავალზე ვფიქრობ და არა აწმყოზე. და როცა შევძელი ფეხებზე დამეკიდა რა მოხდებოდა მომავლში კონკრეტული შემთხვევების გამო, სხვებმა არ დაიკიდეს.

და რა არის ურთიერთობები? ნებისმიერი სახის ურთიერთობა იმიტომაა, რომ აწმყოში მიიღო მისგან სიამოვნება, მომავალში რა მოხდება არავინ იცის. დრო ძალიან სწრაფად გადის და ერთი ხელის მოსმით ანგრევს ყველაფერს, სამაგიეროდ ქმნის ახალს, ხშირად ძველზე უკეთესს, ხშირად კი პირიქით.

ხომ ვთქვი, იშვიათად მაქვს სურვილი ავდგე და რამე მოვყვე, ყველაფერთან მარტო გამკლავებას მივეჩვიე და იმიტომ ალბათ. მაგრამ როცა მეც მინდა ვიყო სუსტი, ერთხელ მაინც და ვილაპარაკო იმაზე, რაზეც ზოგადად არ ვსაუბრობ, ყველა სადღაც მიდის. ხოდა, ბედნიერი მგზავრობა!..

წასვლა მეც შემიძლია, მეტკინება, მაგრამ მაინც. ერთადერთი, რამაც შეიძლება შემაჩეროს, ისევ ის ხალხია, ვისთვისაც მეც შეიძლება ვიყო ძვირფასი და ჩემი წასვლით ვატკინო. მთავარია იმათ არ ვატკინო, ვინც მიყვარს, საკუთარ ტკივილს გადავიტან. და თუ მათ არ ეტკინებათ, რა პრობლემაა, ახლავე წავალ!.. ხო, აარიდო თავი საყვარელი ადამიანების ტკივილისგან გამოწვეულ საკუთარ ტკივილს – ეს ეგოიზმის ყველაზე მაღალი საფეხურია ალბათ, მაგრამ დაე!..

ხოდა, მე ვიქნები ძლიერი! ჩემი ცხოვრებაა და რასაც მინდა იმას ვუზამ. მერე რა, რომ მეტკინება, ფეხებზე მკიდია!.. შემიძლია გავუმკლავდე, ეს არაფერია. მალე გადამივლის და ყველაფერი დალაგდება, თავის ადგილს დაუბრუნდება.

%d bloggers like this: