ისევ ისე


სულ რამდენიმე წუთით დროში გიმოგზაურია? მისულხარ იქ, სადაც დიდი ხნის წინ იყავი და შეცვლილი არაფერი ყოფილა, ყველაფერი თავის ადგილას დაგხვედრია?

მტვრის და დამწვარი ევკალიპტის სურნელების ნაზავი, მხოლოდ აქ რომ შეიძლება იყოს და სხვაგან არსად დედამიწის ზურგზე.

გზის ჩაყოლებაზე ისევ ის აფთიაქია, კუთხეში ისევ საზამთროების დახლი. არც ერთი საზამთრო გაჭრილი და მაინც ისეთი სურნელი, მხოლოდ ბავშვობაში რომ იგრძნობოდა და საზამთროს ჭამის სურვილიც, მხოლოდ ბავშვობაში რომ იცის ისეთი.

რამდენიმე მეტრის მოშორებით ის ჩასახვევიც ისევ ადგილზეა, მილიონჯერ რომ ხარ ნამყოფი და ყოველ ჯერზე საშინლად გეუცხოვება. შესასვლელთან ისევ ისე დგას მორყეული ხის სკამი და მსხვილი ევკალიპტი, რომლის სქელი ტოტების დასაწყისში მოკალათებას ერთმანეთს ვასწრებდით.

მარჯვენა მხარეს ისევ ის ღობეა და მის მიღმა ისევ დგას რამდენიმე მანდარინის ხე, რომელსაც ვერასდროს წვდებოდი, არადა, საშინლად მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა პატარა, მწვანე და სულ ოდნავ შეყვითლებული მანდარინები. ღობე კუთხეში ისევ დაზიანებულია და ისევ მიჩნდება სურვილი შევძვრე საშინელი დისახლისის საშინელ ეზოში, სადაც აუცილებლად იქნება გასაშრობად დაყრილი სულ ახალი თხილი.

გვერდით ისევ მეორადი ტანსაცმლის მაღაზია და ავტომომსახურების უცნაური დაწესებულებაა, სადაც ისევ დაიარება მთლად გაჭაღარავებული ახალგაზრდა ღიპიანი კაცი.

მოპირდაპირე მხარეს ჩამწკრივებულ სკამებზე კვლავ ჩამწკრივებულან წყვილები. მშრალი, კომინისტების დროინდელი ფანტანიც თავის ადგილზეა. ასფალტიც ისევ ისეა ამოტეხილი და თითქოს ცხადში ვხედავ როგორ ვვარდებით ველოსიპედებით ამ პატარა ორმოებში.

ვბრუნდები უკან და აფთიაქთან ვუხვევ. მივყვები კორპუსებისკენ მიმავალ ბილიკს, რომელიც სულაც არაა ბილიკი და საკმაოდ ფართო, მოასფალტებული გზაა, მაგრამ ბავშვობიდან ბილიკთან ასოცირდება.

რამდენიმე წლის წინ, ამ ბილიკზე მიმავალს სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა და ჩემდაუნებურად მეღიმებოდა. საშინლად მენატრებოდა ის სახლი, რომელშიც თურმე მთელი ბავშვობა გამიტარებია  და ბავშვობასთან დაკავშირებული ყველა სასიამოვნო მოგონება კონკრეტულად ამ სახლს თუ არა, ამ უბანს მაინც უკავშირდება.

ისევ დამწვარი ევკალიპტის ფოთლების სუნი და ძველი ნაცნობები, ყოველ ნაბიჯზე რომ მხვდებიან. უკვე ვიცი კიდეც ვინ რომელ მონაკვეთში შემხვდება კონკრეტულად. ისიც ვიცი, ვინ იჯდება საავადმყოფოს ეზოში დარჩენილ ერთ სკამზე.

აქ ყველაფერი ძველებურია, არც ისე ლამაზი, მაგრამ მაინც საყვარელი და სასიამოვნო. მე ვარ უფრო დიდი და უკვე სხვა, აქაურობისთვის უცხო. ალბათ ამიტომაც მეფიქრება, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. არაფერი შეცვლილა ამდენ წელიწადში – ადამიანები, გარემო, განწყობა,  დამოკიდებულებები… 7 წლის წინ ვინც “ბირჟაზე” იდგა, ახლაც იქაა, ტერიტორიულადაც კი არ გადანაცვლებულა ეს “ბირჟა”.

… ცუდია უუნარობის, უსუსურობის შეგრძნება, როცა იცი, რომ არ შეგწევს ძალა რამე შეცვალო.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/08/20, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. … ცუდია უუნარობის, უსუსურობის შეგრძნება, როცა იცი, რომ არ შეგწევს ძალა რამე შეცვალო. < იცი, არა. როცა ილუზია გაქვს🙂

    • ახლა უფრო კონკრეტულად🙂 ვერ გავიგე ანუ😦

      • როცა ამბობ, რომ იცი, არაფერი შეგიძლია, ეს სრული სასოწარკვეთაა, ოღონდ საკუთარი თავის მოტყუების სედეგად ხდება ეს. რეალურად კი ჩვენ ი ცხოვრება ჩვენს ხელთაა, მაესტროები ჩვენ ვართ🙂

        • გივი, სრულიად გეთანხმები.
          მეც ზუსტად მასე ვფიქრობ. მაგრამ საქმეც სწორედ მაგაშია, ჩვენი ცხოვრებაა ჩვენს ხელთ და არა სხვისი.
          მე აქ სხვის ცხოვრებაზე მაქვს საუბარი, რომლის მართვის არც უფლება გვაქვს და არც შესაძლებლობა. არადა, როცა გიყვარს რაღაც ან ვიღაც და იცი, რომ დახმარება სჭირდება, მაგრამ არ შეგიძლია, ძალიან მტკივნეულია. აი, ამ უსუსურობაზე მაქვს საუბარი.

          • გასაგებია🙂 ეგ ისედაც ვიცი🙂 ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ შევიძლია ადამიანს, ვისი დახმარებაც გვსურს, გავათავისებინოთ ეს🙂

            • კი, შეგვიძლია, მაგრამ ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. რაც არ უნდა ახლობელი იყოს, ხშირად მხოლოდ მხოლოდ საკუთარ მეს ენდობა და არავის სხვას. არ გინახია ხალხი, რომლებსაც საკუთარი სამყარო აქვთ და ჟიუტად, კბილებით იცავენ თუნდაც არარეალურ რამეს? როცა გინდა დახმარება და კედელი გხვდება, ესაა პრობლემა, თორემ…

              ზოგადად მართალი ხარ რა თქმა უნდა, აქ კონკრეტული შემთხვევები იგულისხმება უბრალოდ და გამონაკლისები.

  2. კარგია როცა ძველ მოგონებებს უბრუნდები ადამიანი. ეს რაღაცეების გადაფასების და დაფიქრების საშუალებას გაძლევს . ასე უფრო ხვდები რა გზა გაიარე და კიდევ რამდენი გაქვს გასავლელი. რაც შეეხება უუნარობას, ამაში მეც გეთანხმები. სამწუხაროა როცა არ შეგწევს ძალა დაეხმარო…
    პარადოქსია და სხვა ადამიანები ცუდი ზრახვებით უფრო იოლად ახერხებენ მართონ შენი ცხოვრება, კეთილი საქმის ჩარევა სხვის პირადში კი ყოველთვის რთულია.

    • სხვათაშორის, მაგ პარადოქსზე ბევრი არ მიფიქრია არასდროს, ალბათ ისევ და ისევ ოპტიმიზმის გამო არადა, ფაქტია, რომ მასეა.

      ხო, მართალი ხარ, ასე ხვდები რა გზა გაიარე და კიდევ რა დაგრჩა წინ…

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: