ხუთი წლის შემდეგ

ჩავიცვი, მოვწესრიგდი, შედარებით თბილი ზედა მხარზე მოვიგდე და სოფლის სამ კილომეტრიან გზას გავყევი, როგორც ძველად.

– ინგა, ინგა!.. – ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ გავძახე სკოლისდროინდელ მეგობარს. ისიც ძველებურად, სასაცილოდ გამოცუნცულდა აივანზე და სახლში მიმიპატიჟა. მეც, ძველებურად, დროის უქონლობის გამო უარი განვაცხადე და ჩვენ, კვლავ ძველებურად, მაინც გამოგვივიდა ნახევარი საათით კარებთან დგომა და ლაპარაკი.

ძლივს ვწყდებით ერთმანეთს და ვაგრძელებ გზას. ცოტა ხანში უკვე ძველი კლასელის და პარალელურად მეგობრის სახლს ვუახლოვდები.

– ნინო, ნინო!.. – მინდა დავიძახო ისევ ისე, მაგრამ სახლი მეცარიელება. რამდენიმე თვის წინ გათხოვდა და დღეს პირველად, ამდენი წლის შემდეგ, ისე ჩავუვლი ამ სახლს, რომ არ დავიძახებ.

სკოლას ვუახლოვდები, გადავდივარ ხიდზე, რომლის ბოლოში ძველებურად მელოდება ორი მეგობარი. შორიდანვე ვხედავთ ერთმანეთს და სიცილს ვერ ვიკავებთ.

– ოჰ,  ჯენტლმენები! – მიახლოებისას ვამბობ მე და სამივეს გვეცინება.

რესტორანი არც ისე შორსაა და ფეხით ვაგრძელებთ გზას. მათ შორის ვდგები და ხან ერთის ამბებს ვისმენ, ხან მეორისას. ერთმა სწავლა დაამთავრა და სამსახურს ეძებს, მაგისტრატურაში ჩაბარებასაც ფიქრობს. მეორე მეზღვაურია უკვე, რამდენჯერმე ყოფილა უკვე წასული ზვაში და ამ დღეებში კვლავ აპირებს.

მივუახლოვდით რესტორანსაც, თუმცა ჩვენიანი ჯერ არავინ მოსულა. საერთოდაც, სკოლის დამთავრებიდან ხუთი წლისთავის აღნიშვნა ყველას უნდოდა, მაგრამ უმრავლესობამ ვერ შეძლო. ოჯახები ჰყავთ უკვე, ქმრები/ცოლები და შვილები. ყველამ თავისი გზა იპოვა მეტ-ნაკლებად და ბავშვები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მშობლებს და მასწავლებლებს აბრაზებდნენ, ახლა უკვე დიდი კაცები და ქალები არიან, საკუთარი ოჯახებით და ფინანსებით.

სანამ სამსახურის მაძიებელი ჯენტლმენი ტელეფონზე საუბრობს და უცნაურად იღიმება, მეზღვაური თავგადასავლებს მიყვება. იმაზე, თუ როგორ გაძლო ორი თვე შუა ზღვაში, გაჩერებულ გემზე. რომ ამ ორიდან ერთი თვე თითქმის შიმშილობდა და ერთ ცალ მოხარშულ კარტოფილს ჭამდა შიმშილით რომ არ მომკვდარიყო. ვერ წარმოვიდგენდი ამხელა ნებისყოფა თუ ჰქონდა და ამ ყველაფრის მერე კვლავ ისურვებდა ზღვაში გასვლას. მიხარია კიდეც რაღაც სირთულე რომ შეხვდა, მთავარია გადალახა და სამაგიეროდ, ბევრი ისწავლა, თვითონაც ასე ამბობს. მიხარია ისიც, რომ ამდენი წლის შემდეგ ჩვენ ისევ ისე ვლაპარაკობთ. მეშინოდა, რომ მასთან რთული დასაძლევი იქნებოდა ის უხერხულობა, რაც მისმა გრძნობებმა გამოიწვია ადრე. კონტაქტი აღდგა, ჩვენ ისევ ბავშვობის მეგობრები ვართ, თითქოს არც ყოფილა ის ერთწლიანი მონაკვეთი ჩვენს ურთიერთობაში.

სხვებიც მოვიდნენ. ზოგი საცოლესთან ერთად, ზოგიც მარტო. აღმოჩნდა, რომ კლასელებიდან ვერც ერთი გოგო ვერ წამოვიდა ჩემ გარდა. და ამ ხალხთან ურთიერთობას სწორედ ის პლიუსი აქვს, რომ სულ ფეხებზე გკიდია ძველ დაქალს თუ ვერ ეჭორავები, სხვებთან ერთადაც მშვენივრად გაატარებ დროს და წამით არ მოიწყენ.

ალბათ კარგია ის, რომ ერთ-ერთი ჯენტლმენთაგანი იმდენად გენდობა, მის ტელეფონზე მოსული მესიჯის წაკითხვას გთხოვს. და ცუდია ის, რომ გახსნილი მესიჯის ავტორი შენი “დაქალი” აღმოჩნდება, რომელიც ადრესატს შენი იქ ყოფნის შესახებ ეკითხება რატომღაც და მერე არც ისე პოზიტიურ კონტექსტში მოგიხსენიებს. ვერაფრით ვერ ვიგებ საიდან ჩნდება ადამიანებში ამდენი ბოღმა და ნეგატივი. მით უმეტეს, რომ ამის არანაირი საფუძველი, მიზეზი არ არსებობს და თითქოს ვმეგობრობთ. რა საჭიროა თვალთმაქცობა? არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ. მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მტკივნეულია, თითქოს გულში რაღაც ჩუმად, უხმაუროდ ჩაწყდა, განადგურდა.

– ვინ იყო? – მეკითხება მეგობარი.

– ნინო…

– რაო?

– არაფერი, მოგიკითხა პროსტა.

– კაი, იყოს, მერე მივწერ.

… ვაბრუნებ ტელეფონს თავის ადგილას და ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო. ვცეკვავ, ვერთობი, ვიცინი და თან გამომაქვს განაჩენი (უფრო საკუთარი თავისთვის ალბათ) – ნაკლები სიახლოვე და კონტაქტები ადამიანებთან.

დრო უფრო სასიამოვნოდ გრძელდება. ერთმანეთს ვუყვებით რაღაცეებს, ცოტას ვსვამთ კიდეც. კლასის ყოფილი “დამრიგებელიც” თავის ამპლუაშაია  და მიდის სადღეგრძელოების ბრახა-ბრუხი.

დღე სასიამოვნოდ გრძელდება. თუმცა, ჩემი ბავშვობის მეგობარი კვლავ გაიჭყიპა ღვინით. ტრადიციისამებრ მოვახერხე სახლში წასვლაზე მისი დათანხმება და მანქანაშიც შეტენეს. მშვენივრად მოკალათდა უკანა სკამზე და თვლემს კიდეც. ჩემი ჯენტლმენები მანქანის კარებამდე მაცილებენ. ძველებურად ესალმებიან მამაჩემს და იკითხავენ. მეც ძველებურად მსიამოვნებს მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება.

მანქანა სოფლის ტალახიან გზაზე გაჭირვებით მიდის.

უკანა სკამიდან მონოტონური ხვრინვა ისმის.

“ნაუშნიკებს” ვირგებ და ვცდილობ წარსულიდან დაბრუნებას.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/08/08, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 13 Comments.

  1. სოფელი კარგია, ძალიან კარგი🙂

  2. რა ვქნა წავიდე….?!😕🙂

    • უი, შენც ხო?🙂 კი, წადი. მეც არ მინდოდა, პირდაპირ ვიტყვი და – მეზარებოდა საშინლად, მარა უცებ დამარტყა თავში😀 ხოდა, კიდე კაი, ერთი სასიამოვნო დღე იყო. შენთანაც ასე იქნება დარწმუნებული ვარ. დავიჯერო ერთი ადამიანი მაინც არ გეგულება იქ ისეთი, ვინც გენატრება?

  3. რა კარგია კლასელების შეხვედრა,უფრო სწორედ ალბათ კარგია🙂,17 წელია სკოლა დავამთავრე და ერთხელაც არ შევკრებილვართ,მეტიწილი კლასელებისა რუსეთში არიან და იქ რამდენჯერმე კი შეხვდნენ ერთმანეთს,საქართველოში ცოტანი ღა ვართ და რამდენი მოვიწადინე,იმდენი ხან რა მიზეზით და ხან რითი–ჩაიშალა.
    ხო,და ადამიანი როგორ ძნელად იცნობა არა?კიდევ კარგი მომენტი ჩაგივარდა და თვითმხილველი იყავი მისი რეალური სახის(იმ გოგოს მესიჯს ვგულისხმობ),გაგიმართლა! შეიძლება მთელი ცხოვრება იცხოვრო და ადამიანი ვერ ამოიცნო.

    • ხო, მართალი ხარ… მარა მტკივნეულია მაინც.

      კლასელების შეკრებას რაც შეეხება, 5 წლის მერ გაგვიჭირდ ჩვენ, ძლივს მოვაბით თავი და ნახევარი არ იყო კიდე🙂 ასე რომ, რთული საქმეა, თუმცა ღირს ამად😉

  4. ეჰ, არადა მე და ჩემი კლასი ვითომ ძალიან შეკრულები ვიყავით, მაგრამ 4 წელია რაც დავამთვარეთ და 90% თვალით არ მინახავს და არც მოგიკითხავს ერთმანეთი, რა შეკრებაზეა ლაპარაკი.
    რას ვიზამთ:)

    • უი, ჩემი კლასი იყო ყველაზე საშინელი კლასი მთელს მსოფლიოში. მილიონი ჯგუფისგან შედგებოდა🙂

      ჩვენ თუ მოვახერხეთ, თქვენ მით უმეტეს შეძლებთ😉

      • რომც მოხერხდეს მე არ წავალ მიზეზთა გამო :):):)
        ენივეი, აი დონთ ქეარ :))))))))

  5. ჩემს კლასს არ მგონია მაგ მხრივ რამე ეშველოს..ჯერ კიდევ ექსკურსიებზე წასასვლელად 3 თვე ვუნდებოდით თავის მობმას და ეხლა მითუმეტეს… თუმცა რაც არ უნდა ნეგატიური იყოს ძველ კლასელებთან შეხვედრა,მაინც სხვანაირ სასიამოვნო გრძნობას იწვევს ცოტა ხნით წარსულში დაბრუნება..ეს ხომ ყოველდღე არ ხდება :):):)

    • აჰა, სწორედ ამ მიზეზის გამო წავედი მეც, თორემ საშინელი კლასი ვიყავით, სკოლა რომ დავამთავრე კაი ხანს საერთოდ არ მინდოდა მაგათი ნახვა (რამდენიმე ძალიან ახლო მეგობრის გამოკლებით)😀 თუმცა, მერე ბავშვობა მთავრდება და იწყება ახალი ეპატი, მართლაც უფრო რთული, სადაც ყველაფერი ბავშვობისდროინდელი ძალიან ძვირფასი ხდება, მათ შორის კლასიც.

  6. მეხუთე წელია რაც ჩემმა კლასმა დაამთავრა, მე კი 2 წლით ადრე გამოვექეცი. ახლაც იმიტომ არ მინდა მათთან შეხვედრა, რატომაც გადავედი სკოლიდან კოლეჯში. ძალიან ცუდ მოგონებად დამრჩა სკოლა.

    P.S.შენმა “დაქალმა” კი ძალიან გამაოცა O-o წარმოვიდგინე, როგორ გეწყინებოდა

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: