“დევუშკა, მანი, მანი!..” ანუ როგორ მოვიარე სვანეთი

სვანეთში ყოფილხარ? თუ არა, აუცილებლად უნდა წახვიდე. შენი თვალით უნდა ნახო ის მთები, კოშკები, მცენარეები…

დილით ხუთ საათზე უკვე ტრანსპორტთან უნდა ვყოფილიყავით. ძლივს მივათრიე ჩანთა, რომელშიც ყველა სეზონის შესაბამისი სამოსი ჩავყარე, როგორი ამინდი იქნებოდა ვერავინ გვითხრა ზუსტად.
და რადგანაც ფაქტების ქრონოლოგიას აქედან აზრი ეკარგება, უკეთესია პუნქტებად დავყო.

გზა – მზის ამოსვლა ჯერ კიდევ ბათუმის მიდამოებში ვნახეთ. რაღაცნაირი შეგრძნებაა ქალაქიდან რომ გადიხარ, სხვადასხვაგვარი ემოცია გეუფლება. მე ამ დროს მუსიკას ვრთავ და ფანჯარაში ვიყურები.
მგზავრობას გამორჩეული და მით უმეტეს სახალისო არ შეიძლება ეწოდოს. რამდენიმე თანამგზავრმა სცადა სიმღერის დაწყება და გიტარაც ააჟღერეს, მაგრამ მალევე მიჩუმდნენ და ყველა სადღაც, საკუთარ სამყაროში გადავიდა.
ზუგდიდში ჩასვლის შემდეგ დავინახეთ ერთმანეთი ფაქტიურად პირველად, ახლა შევნიშნეთ ზოგი ნაცნობი და ზოგიც უცნობი სახე. სვანეთის გზებზე კი უკვე ლაპარაკიც დავიწყეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთ-ერთმა თანამგზავრა ღვინის კასრები ხრამში გადაყარა დაუდევრობით😀
ენგურის სიდიდე და სილამაზე ასე, ერთი სიტყვით არ შეიძლება თქვა. იმაზე დიდი და ლამაზია, ვიდრე წარმოგიდგენია. მდინარე ამწვანებული მთების შუაშია და ვერც შენიშნავ თუ მოძრაობს საერთოდ. ისეთი სილამაზეა აქ, რამდენიმე წამით სუნთქვას წყვეტ. საერთოდ, პატრიოტიზმზე იშვიათად ვფიქრობ, მეტისმეტად აბსტრაქტული ცნებაა და იმიტომ. პატრიოტიზმს ფიქრი იშვიათად სჭირდება, ის უფრო კონკრეტული მოქმედებებია. მაგრამ აქ შეუძლებელია არ იფიქრო ამაზე. აი, სულ პატარა რომ იყავი, ჯერ კიდევ “მე პატარა ქართველი ვარ”-ს რომ გასწავლიდნენ და შენც სიამაყით ამბობდი ამ ლექსს, გახსოვს? მაშინ როგორი წარმოგედგინა საქართველო? უცებ დაფიქრდი და ჩამოყარე ასოციაციები. ხოდა ზუსტად ასეთია აქ საქართველო. ამიტომაც, აქ რაღაცნაირად, სხვანაირად გრძნობ თავს. თან გტკივა რაღაც გულში და თან იბღინძები სიამაყით იმის გამო, რომ ეს ყველაფერი შენია და შენი მოსავლელიც.
გზებს აკეთებდნენ და ამიტომ საშინელი მტვერი იყო. რაც უფრო მაღლა მივდიოდით, მით უფრო მეტად გვევსებოდა ფილტვები სვანეთის ნატურალური მტვერით. ერთ მონაკვეთში კი გზა საერთოდ არ იყო გაყვანილი და ერთი საათი ველოდეთ, სანამ ტრაქტორი გაწმენდდა. ზემოდან დიდი კლდე გვიყურებდა და ქვემოთ კიდე უშველებელი ხრამი იყო.
როგორც იქნა, მივაღწიეთ მესტიასაც, მაგრამ ემოციებისთვის არ გვეცალა, დავბინავდით სასტუმროში და გავითიშეთ. მარა ჯერ დილა იყო მაინც და მერე გასვლაც მოვასწარით.

მესტია – პირველი სვანური კოშკის დანახვა რომ გაგვიხარდა, ისე მესტიაში ასვლა არ გაგვხარებია მგონი. მით უმეტეს, რომ მოლოდინი სულ სხვა იყო და მესტია თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი დაგხვდა.
საოჯახო სასტუმროც არაფრით განსხვავდებოდა ბათუმის ყველაზე მაგარი საოჯახო სასტუმროსგან და რაც მთავარია, მასპინძლები დაგვხვდნენ ძალიან კარგად.
იმავე დღეს მოვასწარით მხოლოდ სვანურ კოშკში ასვლა და რამდენიმე ფოტოს გადაღება. იგეგმებოდა კოცონიც, ბიჭებს გიტარაც ჰქონდათ და არაუშავს მღეროდნენ, მაგრამ ისეთი დაღლილები ვიყავით, კოშკიდან ჩამოსვლის შემდეგ ჭამისთვის ძლივს გვეყო ძალა. მერე უკვე ძილის დრო იყო, მით უმეტეს, რომ მეორე დღეს კი უშგული გველოდა.

მესტია. ხედი სვანური კოშკიდან.

მესტია. ხედი სვანური კოშკიდან.

ძილი/უძილობა – როგორც უკვე ვთქვი, დილით ხუთ საათზე გავედით ბათუმიდან. აზრიც არ ჰქონდა ძილს, მაინც ვერ გამოვიძინებდი და სამსახურის მერე (რომელიც იმ დღეს 11 საათზე დამიმთავრდა სტატიის ძლივს ჩამთავრების გამო) ცოტა დავისვენე უბრალოდ. მგზავრობაზე ვამყარებდი იმედებს, ტრასპორტშიც მშვენივრად შემიძლია გამოძინება. მაგრამ ვერ გავთვალე, რომ სვანეთის გზებზე ეს შეუძლებელი იყო, ნუ, თუ გინდოდა ჯანმრთელი ასულიყავი და არა თავგადაპობილი😀
გზაში სულ ცოტა ხნით ვიძინე ამიტომ, მაგრამ წინ სასტუმრო იყო და გემრიელად გამოვიძინებდი. როგორც კი გახდა შესაძლებელი, ოთახისკენ გავიძურწე და დავიძინე, მაგრამ რამდენიმე საათში კარზე კაკუნი მოგვესმა. აღმოჩნდა, რომ ბიჭების ნაწილი ეხუმრა ერთს და თავისი საწოლით გადმოიყვანეს ჩვენს კარებთან. დააკაკუნეს კარებზე, ჩვენ გავიხედეთ და არავინაა, ძირს კი ვიღაც გდია თავისი საწოლითურთ.
დილით კიდე გაისმა იდუმალი კაკუნი, კიარადა ბრახუნი, მაგრამ ვინ იყო ვერ გავიგეთ დღემდე. მიზანი ერთი იყო – ჩვენი გაღვიძება და კი მიაღწია.
მერე იყო უშგული და ისევ დაღლილ-დაქანცულები მივედით სახლში (სასტუმროდ აღარ გვეჩვენებოდა უკვე, უცებ მეტისმეტად ახლობელი გახდა :-D). აღმოჩნდა, რომ დილით ხუთ საათზე უნდა წამოვსულიყავით ბათუმისკენაც, ამიტომ ძილს აზრი აღარ ჰქონდა და დავლიეთ ცოტა. ვისთვის ცოტა, ვისთვის კიდე სიმთვრალისთვის საკმარისი. ხოდა, კი მერეოდა ნაბიჯები, მარა მაგას შევიმჩნევდი ახლა მე?! (© მიშა ანდღულაძე – ინტონაციური პოეზია :-D).
ბათუმისკენ რომ მოვდიოდით მაშინ დავიძინე სამაგიეროდ ისე გემრიელად, სახლში რომ ვერ მძინავს ხანდახან. ჩემს გვერდით სკამი გათავისუფლდა და ორ სკამზე ისე გემრიელად ვიყავი მოკუნტული, ჩაქვს სანამ არ გამოვცდით, ვერავინ გაბედა ჩემი გაღვიძება😀

უშგული. ქვემოთ ჩანს ის პატარა სოფელი, უკან კიდე მყინვარია.

უშგული. ქვემოთ ჩანს ის პატარა სოფელი, უკან კიდე მყინვარია.


უშგული – წასვლისას მითხრეს, მეორე მაგისთანა ადგილს ვერ ნახავო და მართლაც ასე აღმოჩნდა. ავედით სადღაც, მთების გასწვრივ. ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული და პატარა მდინარეც მოედინება. მდინარეზე ხის პატარა ხიდით გადადიხარ და იქით სოფელია, რომელშიც ძველებური სახლები, სასტუმროები, სვანური კოშკები და ერთი კაფეა. სოფელი ძალიან პატარაა და ნახევარ საათში ფეხით შეიძლება შემოვლა.
უამრავი უცნაური ყვავილებია აქ და გვირილებიც, სხვადასხვა ზომის და სახეობის. ჩუმად გამოვეყე სხვებს და მარტომ მოვიარე მთელი სოფელი, გადავიღე რაღაცეები და გვირილებიც. მართალია, სულ ახლოს მყინვარი იყო, მაგრამ მაინც საკმაოდ ცხელოდა და შემაღლებულ ადგილას ერთ-ერთი კოშკი სამოთხედ მომეჩვენა. იქვე ვიპოვე ჩემი თანამგზავრები და რამდენიმე საათი უბრალოდ ვეგდეთ კოშკის ძირს, ჩრდილში და სუფთა ჰაერის თანხლებით. აქვე დამიწნეს გვირილების თაიგული და სხვა რაღა მინდოდა ბედნიერებისთვის😀
უშგული ძალიან ლამაზია, მესტიაში განადგურბული ასოციაციები აქ დაბრუნდა. უშგული ისეთია, როგორიც წარმოგიდგენია, ოღონდ სვანური ქუდით იშვიათად ნახავ ვინმეს (ჩემი ასოციაციები ამასაც გულისხმობდა რატომღაც :-D).

დადიანების სახლ-მუზეუმი
– ვინაიდან და რადგანაც უმრავლესობას ნანახი არ გვქონდა, ბათუმისკენ მომავალ გზაზე დადიანების სახლ-მუზეუმშიც შევიარეთ. მუზეუმი ნამდვილად შთამბეჭდავია. სასახლეა ძველებური და იმ ფართო კიბეებზე ჩამოსვლისას რამდენჯერმე მოვასწარი საკუთარი თავის წარმოდგენ დიდი, გრძელი კაბით😀 ყველა ძველისძველ სარკეშიც ჩავიხედე (რაღაც მისტიკური ვიპოვე, მარა ვერ მივხვდი რა, ამიტომ არც ერთი არ გამოვტოვე) და წამებში დროში ვიმოგზაურე. სიამოვნება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან მუზეუმის ქალი ყველა ახალ ფრაზას კივილით იწყებდა რატომღაც და კონცენტრირება შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, მუზეუმის ექსპონატების დიდი ნაწილი საცხა ჯანდაბაში გადაუნახავთ და ყველაფრის ნახვა არ შეიძლება თურმე, არც ფანჯრიდან უნდა გაიხედო და შენობაში ფოტოს გადაღებაში ორი ლარი უნდა მისცე. არ მიყვარს ხალხის განსხავება ეროვნების და მით უმეტეს, უბრალოდ კუთხის მიხედვით, შესაბამისად, ამ ფაქტებს არ მინდა მოვუძებნო ერთადერთი ახსნა, რომელიც სამეგრელოს და მეგრელებს უკავშირდება.

დაღლილი გვირილა მესტიაში :-D

დაღლილი გვირილა მესტიაში😀

“დევუშკა, მანი, მანი!..” – ეს ფრაზა გავიგეთ პირველად დადიანების სახლ-მუზეუმიდან გამოსულებმა, ეზოში მდებარე ტუალეტს რომ ჩავუარეთ. იქედან სასიამოვნო გარეგნობის უცხოელი გოგო გამოდიოდა და ეტყობა, არც დაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ იმ ტუალეტში შესვლისთვის ფული უნდა გადაეხადა. ამიტომაც კიოდა ის ქალი – “დევუშკა, მანი, მანი!..”. გოგო აშკარად ვერ მიხვდა ფრაზა მას თუ ეკუთვნოდა და გზა გააგრძელა, ქალმა კი შემდეგი ფრაზა მიაძახა – “ალო, ალო, ტი კუდა, მანი, მანი!..”. არ ვიცი ადრესატი მიხვდა რომ მას ეძახოდნენ თუ ინტერესის გამო მოტრიალდა, მაგრამ დაბნეული სახე კი ჰქონდა. ამ დროს მოხდა კიდევ ერთი უცნაურობა – ჩვენმა თანამგზავრმა გადაწყვიტა, რომ თვითონ უნდა გადაეხადა ის ოცი თეთრი. თუმცა, უცხოელი ლამაზმანის ტუალეტში დაპატიჟება არ გამოუვიდა და იმ გოგომ თვითონ მიაწოდა რკინის ლარიანი. და მეორე უცნაურობა – ტურისტს ხურდაში მოატყუეს და ზედმეტი ათი თეთრი აიღეს. მე ძალიან, ძალიან მიხარია, რომ კონკრეტულად ეს ფაქტი თვითონ ვერ შევნიშნე.
ჩვენ გვახლდა 13 წლის ბავშვი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და ზაფხულობით ისვენებს ბათუმში, ბებიასთან და ბაბუასთან. ხოდა, ტუალეტში შესვლამდე გავაფრთხილეთ, რომ გარეთ ყოფნისას ღრმად ჩაისუნთქოს და იქ არ ისუნთქოს საერთოდ. კი ჩავიდა გაბერილი ფილტვებით, მაგრამ იქედან სიცილის ხმა მოგვესმა. დავინტერესდით რა ხდებაო ცხადია და რას ვხედავთ – დგას კარებთან და კვდება სიცილით. საშინლად მომხვდა გულზე, მაგრამ რა, სასაცილო და დასაცინია და გაიცინა ბავშვმა. გამოსვლისას კიდე მშვიდად თქვა – “აქ შემოსვლისთვის ფულს იქით უნდა მიხდიდნენო”.

ხოდა ასე, ესეც ჩვენი სვანეთი და დადიანების სახლ-მუზეუმი. შთაბეჭდილება ზოგადად დადებითია რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ იმის მიმართ, რაც ბუნებამ მოგვცა. ჩვენ არ ვართ სტუმართმოყვარე ერი, ჩვენ საშინელი მასპინძლები ვართ.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/08/02, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 16 Comments.

  1. 1. მეც მინდა სვანეთში და ერთხელ აუცილებლად ავალ (იმედია, კამერაც მექნება მაგ დროისთვის)
    2. მომეწონა შენი სვანეთური თავგადასავალი… ამას ქვია სასიამოვნოდ დროის გატარება… ის დაღლა და გზაში ძილიც მაგარი იქნებოდა, მჯერა…
    3. “დევუშკა, მანი, მანი!”– ეს(ეც) საქართველოა, რას ვიზამთ…

    • 1.ახვალ😉 მე თითქმის ვერ ვახერხებდი წასვლას და სწორედ იმ მიზეზით შევეცადე ძალიან, რომ მეორედ მეეჭვება ავიდე. ხოდა, შენც გამოგიჩნდება ერთხელ მაინც ასეთი შანსი😉
      2. გზაში ძილი ყველაზე გემრიელი ძილია სოფელში ძილის შემმდეგ. მთელი სტუდენტობა “მარშუტკაში” მძინავს😀
      3. რას ვიზამთ და გამოვასწორებთ😉

  2. ძაან ჟურნალისტური ბლოგ პოსტია🙂
    ცოტა ხნით ყოფილხარ და ალბათ ბევრი რამ კიდევ სვანეთის სიდიადეთაგან კვლავ სანახავი დაგრჩა.

  3. სამწუხაროდ არასოდეს ვყოფილვარ სვანეთში, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ კი კიდევ უფრო მეტად მომინდა წასვლა.
    დადიანების სახლ-მუზეუმში ნამყოფი ვარ, ესეც ერთ-ერთი ოცნება იყო, ვინაიდან დავით დადიანის დიდი მოტრფიალე ვარ და იქაურობა მასთან და ეკატერინე ჭავჭავაძესთან ასოცირდებოდა🙂
    დევუშკა მანი მანი-ზე კომენტარს არ გავაკეთებ, სამწუხაროა როდესაც კმაყოფილება (რომ ეს შენი ქვეყანაა) და გულის წყვეტა (რომ ესეც შენი ქვეყანაა) ასე ხშირად ცვლიან ერთმანეთს.

    • მიხარია სვანეთში წასვლა თუ მოგანდომე ^_^ აუცილებლად უნდა წახვიდე😉

      დადიანების სახლ-მუზეუმი მართლა შთამბეჭდავია…

  4. shen ivargebdi turistuli marshrutebis shesadgen-agsawerad😀 moandomeb adamians wasvlas sacxa jandabashi😀😀😀 auuuu… svanetshi ramdeni xania minda wasvla da ver vabam tavs…😦 martla ulamazesia🙂 ^_^ , ^_^

    • ჯანდაბაა გოგო სვანეთი?😀😀 ტურისტული მარშრუტების შესადგენად ვრიატლი, შენ რავა გაგიწევ კონკურენციას😛😀

  5. mshvenieri postia!

    • მადლობა ^_^

      შენი პირველი კომენტარი და ჩემი პირველი მასპინძლობა შენთვის🙂 გელოდები კვლავაც😉

  6. როგორ მინდა სვანეთის ნახვა…
    :შ
    როგორ მინდა მთაში, სადმე ძალიან მაღალ მთაში!\
    მინდა!

    • მეც დავრჩებოდი უშგულში რამდენიმე დღით დიდი სიამოვნებით, მარტო და წიგნებთან ერთად. იმ კოშკის ძირას ავბობღდებოდი ყოველ დღე, წამოვწვებოდი ჩრდილიან მინდორში და წავიკითხავდი…

  7. სვანეთში მოგზაურობის მსურველებს ვურჩევ, რომ ბოლოსთვის შემოინახონ🙂
    იმიტომ, რომ სვანეთის მერე აღარაფერი გაგაკვირვებთ🙂

    • ჰეჰ, ვინ მოვიდა ^_^
      მე ხევსურეთი და იქაური ტერიტორიები არ მინახავს და ვერ გამიკვირდება იქ ვერაფერი?😦

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: