სანზონა – უცნობი უბანი :-)

საათი 13:40-ს აჩვენებს და სანზონაში მზიანი ამინდია.

რეპორტაჟი უნდა გავაკეთო უცნობი უბნიდან და მეც სანზონაში ამოვყავი თავი.

სარეპორტაჟო მასალა აშკარად უხვადაა.

მეტროდან ამოსვლისთანავე გრძელ ქუჩაზე ხვდები, რომლის გადაკვეთისთვის, თბილისის სხვა უბნების მსგავსად, აქაც კიბეზე ასვლა დაგჭირდება. კიბესთან “სატელეფონო ჯიხური” დგას, რომლის დანიშნულება ახლა მხოლოდ ნაგვის შენახვაა. “ჯიხურს” ძველისძველი ტელეფონები ამშვენებს, რომლებიც გამოტენილია სიგარეტის ყუთებით.

ვუხვევ პირველივე აღმართზე, სადაც კორპუსების და ჭადრების მწკრივი ჩანს.

ქუჩაზე უამრავი ჯიხურია და არც ერთი “სუპერმარკეტი”. ჯიხურები სხვადასხვა დანიშნულებისაა – მეორადი საქონელი, ხილ-ბოსტნეული, სამკერვალო სალონი, პურ-ფუნთუშეული. ერთ-ერთის აბრა იტყობინება, რომ პური 0,45 თეთრი ღირს. ჯიხური დაკეტილია.
აქვეა” მარკეტი ანი”, რომელიც არაფრით განსხვავდება ძველებური მაღაზიებისგან, გარდა “კოკა-კოლას” სარეკლამო აბრისა. ცარიელ, ჩამტვრეულმინებიან მაღაზიას ჟანგისფერი წითელი გისოსები და დიდი რკინის ბოქლომი იცავს.

ვუბრუნდები ცენტრალურ გრძელ ქუჩას და კიბეზე გადავდივარ.

პირველივე ჩიხს მივყვები ქვევით. პატარა ქუჩაა. კორპუსების ეზოებში “გარაჟებია” და ერთ-ერთ მათგანთან მოხუცები ნარდს თამაშობენ.
თითქმის ყველა აივანზე ვიღაც დგას, მამაკაცები ეწევიან, ქალები უბრალოდ მოაჯირს დაყრდნობიან და ქვევით იყურებიან.
ამავე ქუჩაზე რუხ კორპუსებს შორის ზედმეტად წითელი შ.პ.ს. “ლილე”-ს შენობა და პატარა სახლი, რომელსაც ერთსართულიანსაც ვერ უწოდებ თამამად. მაგრამ მფლობელს აშკარად უზრუნია მის გალამაზებაზე. პატარა სახლი მოყვითალოდ შეუღებია, რომელსაც ვარდების ბუჩქი შესანიშნავად ერწყმის.

პარალელური ქუჩებიც პატარაა. ერთ-ერთი მათგანის ბოლოში პატარა სკვერია, დახეთქილი და ამომშრალი მიწით, თითქმის გამხმარი ძირშეთეთრებული ნაძვებით და რამდენიმე აკაციით. მემორიალური დაფა იტყობინება, რომ ვახტანგ ელიაძის სახელობის სკვერში ვიმყოფები. წინ 133-ე სკოლაა და სავარაუდოდ ეს სკვერიც სკოლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი.

სკვერში რკინის ძველებური საქანელები და სავარჯიშოებია, საბჭოთა კავშირის დროინდელ ფილმებში რომ მინახავს ისეთი. სკამები მეჩხერადაა და სკოლის მოსწავლეები მოაჯირზე წამოსკუპებულან. ერთ ნაძვზე ვიღაცას შავი მარკერით გული დაუხატია და “ბექა” ჩაუწერია.
ამავე ქუჩაზეა “გარაჟების” მწკრივი, ერთ-ერთს რკინის ნაცვლად ხის დიდი, შუშებიანი კარები აქვს, რომლის მიღმა ნაცრისფერი ჯიპი ჩანს.
აქვეა მოდების ატელიე “კოკეტკა”, გვერდით კი სილამაზის სალონი, რომლის სარეკლამო აბრა გვატყობინებს, რომ თმის შეჭრა, დავარცხნა და ნაწნავის გაკეთება სამი ლარი ღირს.

შემდეგ ქუჩაზე სოფელში რომ სახლებია, ზუსტად ისე ჩაუდგამთ პატარა ქოხები. ვცდილობ გავიჭყიტო ღობეებს მიღმა, რომლებიც საკმაოდ კარგად ფარავს სახლებს. რამდენიმე მომცრო ეზოში მავთულებია გაბმული და მათზე ლეიბები გადმოუფენიათ. დიასახლისებს პატარა ეზოს გაფორმებაზეც უზრუნიათ და “კოკა-კოლას” გადაჭრილ ბოთლებში სხვადასხვა სახის ლამაზი ყვავილი ხარობს.
ერთ-ერთის ჭიშკართან შავებში ჩაცმული მოხუცი ქალი ზის, მზესუმზირას ყიდის. მზესუმზირის რაოდენობას და ცარიელ ქუჩას ეტყობა, რომ მყიდველი ბევრი არ უნდა ჰყავდეს. გვერდით სახლთან ამაყად დგას შელამაზებული “ჟიგული”.

მოგვინებით ვხვდები, რომ მეორე მხრიდან შემოვუარე 133-ე სკოლას და სკვერს. სკოლის შენობას ამ კედელზე აწერია “უნივერსიტეტი აჭარა” ქვევით უფრო მცირე ასოებით მიუმატებიათ “და კოლეჯი”. უნივერსიტეტის და კოლეჯის სინთეზის ეზოში მუქსათვალიანი რამდენიმე ბიჭი დგას, ეჭვი მაქვს, რომ რომელიმე სტუდენტ გოგონას უნდა ელოდებოდნენ.

მოხუცი ქალი ვიღაც რუს ქალ ვერაზე უყვება გოგონას, დავინტერესდი და ვცდილობ გავიგო უფრო მეტი, ამ დროს მოხუცი უცებ ამბობს – “ნახე რამხელა ბურძღლი აქვს ამ ხეს, ჩემს საწვალებლადაა გაჩენილი” და საუბარს ჩვეულებრივ აგრძელებს რუს ვერაზე. რუსი ვერა დიდი ვერაფერი საინტერესო ქალი ყოფილა და გზას ვაგრძელებ.

ამავე ქუჩაზე ორი პატარა ჯიხური, ერთ-ერთის კარებზე მიკრულია გაფრთხილება ვიდეო კონტროლის თაობაზე და მეორეში იპოთეკური სესხებით და ბინების ყიდვა-გაყიდვით მომსახურებას გვთავაზობენ.

ისევ ცენტრალური ქუჩა და პარკი მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ მოხუცები შეკრებილან და რაღაცას განიხილავენ ცხარედ.
პარკის სიღრმიდან გოგო და ბიჭი გამოდიან ხელიხელჩაკიდებულები, გოგოს მოკლე კაბა საშინლად არ უხდება ჩემი სუბიექტური შეხედულებით. ხუჭუჭა ბავშვი მიწაზე მოკალათებულა და ბალახს გულმოდგინედ პუტავს.

ბილიკზე დედა-შვილი გამოჩნდა. დედას ბავშვის პატარა, ვარდისფერი ჩანთა უჭირავს და ვარდისფერივე ჯემპრი. ბავშვი უკან მოსეირნობს, მისი შავი სამოსი მაფიქრებინებს, რომ ცეკვიდან უნდა მოდიოდეს. ერთჯერად პარკში გახვეულ ფენოვან ხაჭაპურს შეექცევა.
მეორე ბილიკზე შუახნის შემელოტებული კაცი მიდის და თან “ლელოს” კითხულობს, გაზეთს ქარი აფრიალებს. კუბოკრული მაისური აცვია და მხარზე შავი ჩანთა გადაუკიდია.

ჩანთებიანი გოგო და ბიჭი შემოვიდნენ, რაღაცაზე საუბრობენ და თან მაკდონალდსის საკვებს მიირთმევენ გემრიელად.

სადარბაზოდან სპორტულ სამოსში გამოწყობილი კაცი გამოვიდა, შავი კეპი ახურავს და ტელეფონზე საუბრობს.

ბალახებში მსუქანი რუხი კატა დასეირნობს.

ლამაზია პარკი და სასიამოვნოა აქ ჯდომა. მაგრამ უკვე წასვლის დროა და მეც დავეშვი ქვევით, სადაც წარწერა “თბილისის მეტროპოლიტენის სადგური ღრმაღელე” მეუბნება, რომ ვტოვებ თითქოს არაფრით გამორჩეულ, მაგრამ ძალიან საინტერესო ადგილს. ჩანიშნულ მასალას თუ გავითვალისწინებთ, რეპოსრტაჟი ვრცელი და საინტერესო უნდა გამოვიდეს.

15:26-ს აჩვენებს საათი და სანზონაში ისევ მზიანი, ოღონდ უფრო ნაცნობი ამინდია.

“ღრმაღელე. კარები იკეტება, შემდეგი სადგური დიდუბე”.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/05/28, in ჩვეულებრივ ასეა..., Uncategorized and tagged , , , , . Bookmark the permalink. 22 Comments.

  1. მანდვე ახლოს ჩემი სეხნია და თან მოგვარე ცხოვრობს🙂

  2. არა მართლა🙂 მაგაზე მერე გაკაიფებ😉

  3. 🙂 ყოჩაღ გვირილ. აი მართლაც რომ ბრავოო🙂 მე ასე მთელი ცხოვრება ვერ ავღწერდი რომელიმე ქალაქს, გარეუბანს ან სოფელს. მომეწონა, მიუხედავად იმისა რომ სანზონაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი ამდენი წვრილმანი ერთად პირველად აღმოვაჩინე :დ:დ:დ ლაიქ

    • ვუი, მართლა მოხვედი შენ?😀
      მადლობა კახი, მიხარია შენი შეფასება ^_^
      წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება ჟურნალისტიკამ მასწავლა ცოტა და თან პირველად როცა ხარ უფრო აკვირდები ასეთ რაღაცეებს. რომ მიეჩვევი არ ჩანს🙂 ხოდა, შენც რომ მოხვდე რომელიმე უბანში პირველად, დარწმუნებული ვარ, ბევრ საინტერესო რამეს დაინახავ😉

  4. მეგონა წინს ვკითხულობდი : )
    თან ისეთ წიგნს მე რომ მივარს❤

  5. მმ, საყვარელო, შენ ნამდვილი ჟურნალისტი ხარ.
    ნეტავ, ყველა შენნაირად საინტერესოდ და გამარჸთულად წერდეს. მხოლოდ კარგ წიგნებში თუ წააწყდები – გარემოს ასეთ აღწერას. :ბრავო:

  6. ჩემი გულწრფელი აღტაცება, ქალბატონო გვირილა🙂

    უგემრიელესი რეპორტაჟია.

    • ჩემი გულწრფელი მადლობა ქალბატონო მოლი, ძალიან გამიხარდა და მესიამოვნა შეფასება ^_^

  7. სანზონა :):):):) მაშ ეზიარეთ ჭეშმარიტ სამოთხეს? :):):) თან რა ახლოს ყოფილხართ ჭიამაიას სამყოფელთან ( თუმცა არა სახლთან❤ )

    • აჰა, ვეზიარე🙂 კიდევ გავივლიდი ერთ-ორჯერ, ბევრი კაი რაღაცის “წამოღება” შეიძლება😉
      ჭიამაიას სამყოფელი და არა სახლი როგორ გავიგო?😀 ანუ მაქ ძირითადად ჭიამაიები ხართ, მარა არ ცხოვრობთ?😀 თუ სამსახურია შენი მაქ და ძირითადად იქ ხარ? ვაიმე, დავიბენი!.. მიშველე ^_^

      • ზოგადად ჭიამაიები ყველა უბანში გვხვდება, ალბათ🙂 :დ
        ანუ, სამსახური მაქვს მანდ,,, მაგრამ არ ვცხოვრობ სანზონაში :):) გიშველე :*

  8. არა რა, ძალიან მიყვარს შენს მიერ აღწერილი ქალაქი :)) (მმ)

    • ჯესი მოვიდააა!.. :-*
      მა კიდევ შენი კომენტარები მიყვარს ^_^
      ერთხელაც ერთად გავისეირნოთ ჯეს😉 :-*

  9. დიდი ხანია რაც ბათუმი და ქობულეთი “გაარემონტეს”?>:D

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: