დილით…

როგორი დილაა იცი? ბავშვობაში რომ იყო, დილაადრიან რომ წამოგაგდებდა ფეხზე. კი გეძინებოდა, მარა მზის სხივი ისე გეთამაშებოდა, სასწრაფოდ წამოდგებოდი და ეზოსკენ გავარდებოდი. დილაადრიან ეზოში თამაშს არაფერი სჯობდა, რაღაცნაირი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მუხლის დაზიანებები ყველაზე ხშირად სწორედ ამ დროს ხდებოდა, მაინც ყველაზე მეტად მიმზიდველი იყო ეზო დილით და უდროო დროს საუზმეზე მოხმობაც ნერვებს გიშლიდა.

დღესაც მასეთი ამინდია. გინდა გარეთ გახვიდე, სადაც ბავშვობის მეგობრები გელოდებიან და მათთან ერთად ითამაშო ათასგვარი სისულელე. მაგრამ ამის უფლებას არც ასაკი გაძლევს და არც ბავშვობის მეგობრების სიშორე.

გარეთ გასვლა იმდენად გინდა, გიხარია კიდეც დილის ლექცია. მუსიკის თანხლებით გადიხარ სადარბაზოდან და თითქმის გალურჯებულ ცას უყურებ უკვე ამწვანებული ჭადრების ფონზე.

შორიახლოს მდებარე ყვავილების მაღაზიასთან ახალი ყვავილები გამოუტანიათ. თეთრი კალათი სავსეა, არა, დახუნძლულია დიდი გვირილებით. რაც მომენტალურად იწვევს ღიმილს, ჟრუანტელი გივლის სიამოვნებისგან და აგრძელებ გზას.

გეჩვენება თითქოს, მაგრამ ხალხი ლაღად დადის ქუჩაში. ეს ის დროა, როცა ყველა გამოდის სახლიდან და სამსახურში, უნივერსიტეტში, სკოლაში და ა.შ. მიემართება. იგრძნობა, რომ ამინდს ჯადოსნური ძალა აქვს და ყველას განწყობაზე იმოქმედა დილაადრიან. ყველა გამვლელი ტოვებს სასიამოვნო განწყობას და დილით მიპკურებული სუნამოს სურნელს.

სილამაზის სალონთან ისევ ტრიალებენ გამოპრანჭული თანამშრომლები, ჯერ არავინ მისულა და ერთმანეთს უკეთებენ ვარცხნილობებს. სალონის თანამშრომლების ვარცხნილობა მუდამ ფორმაშია.

ვიღაც ქალი გადაგიხტა წინ, პირს აფჩენს რატომღაც. რამდენიმე წამით გაკვირვებული უყურებ, მერე ხვდები – “ნაუშნიკი”! იშორებ გარე სამყაროს ხმის დამხშობ საშუალებას და უკვე პირის ფჩენად არ გეჩვენება, ლაპარაკობს ქალი – “შვილი, დღეს სწავლა არი?”

მოხუცი კაცი მისეირნობს. გაზეთი დაუხვევია და ისე უჭირავს ხელში. ძველებური შარვალ-კოსტიუმი აცვია და როგორია იცი? რომ იტყვიან აკურატულიო, ზუსტად ისეთი, სხვა სიტყვას ვერ შეურჩევ.

ქალი ტრანსპორტს ელოდება, ერთი ხელით მზეს იჩრდილავს, მეორეში მიხაკების “თაიგული” უჭირავს, თითქოს გახუნებულა ყვავილები. სულ რამდენიმე მიხაკს ისე უღიმღამოდ აქვს გამჭვირვალე პარკი შემოხვეული, ცოცხალიაო ვერ იფიქრებ, ყველანაირ სილამაზეს კარგავს. ეს ყვავილებიანი ხელიც თავზე შემოუდვია ქალს და ერთიანობაში საინტერესო სანახავია.

გოგო მიხტუნაობს მაღალ ქუსლებზე. არა, ცუდად კი არ დადის, უბრალოდ ნაბიჯებს თითქოს ნახტომში აკეთებს, რაც უფრო ეფექტურს ხდის.

საათი დაჟინებით გეუბნება, რომ გაგვიანდება და დროა ნაბიჯს მოუჩქარო, მაგრამ იმდენად კომფორტულად გრძნობ თავს ასე, ისევ იმ ტემპით აგრძელებ გზას.

კორპუსის ქვემოთ პატარა სკვერია, სამი სკამი დგას სულ. ერთ-ერთზე ახალგაზრდა ქალი მოკალათებულა ბავშვით ხელში.

მეტრო. ბოლო წამს ასწრებ ვაგონში შეხტომას და ამის გამო გაურკვეველი რამდენიმე წამიანი სიხარული გეუფლება. ვაგონის კარებთან მიყუჟული განაგრძობ ამოჩემებული სიმღერის მელოდიით ტკბობას. კარებში უეცრად დაჭერილი დაჟინებული მზერა, გვერდით მდგომ ახალგაზრდას რომ ეკუთვნის. ამჯერად დისკომფორტს არ გრძნობ, გიხარია კიდეც, რადგან ჩუმად შენიშნე მზერა, რომელიც პატრონს ფარული ეგონა.

რუსთაველი – ყველაზე საყვარელი, მაგრამ ყველაზე ნაკლებთბილისური ქუჩა. ლამაზია, თბილისთან ასოცირდება, მარა არ უხდება ამ ქალაქს დიდი და ფართო ქუჩები.

ბიჭმა ჩამირბინა, შარვალ-კოსტუმიანმა, უნიფორმა უნდა იყოს აშკარად. ქარი ამ კოსტუმს აფრიალებს და წამით ჰალსტუხსაც მოკრავ თვალს, მისი ფერის მიხედვით რწმუნდები, რომ არ შემცდარხარ და ბიჭი ერთ-ერთ ბანკში მუშაობს. გოგოს წამოეწია, ჩაეხუტა თბილათ. უცებ გგონია დეჟავიუ გაქვს, ეს თითქოს უკვე იყო. მერე ხვდები, რომ უბრალოდ ძალიან ჰგავს კადრს ძველებური ფილმიდან. წინ მისეირნობს წყვილი და აკვირდები, იგრძნობა სიყვარული. ერთი კვარტალის შემდეგ ბიჭი ემშვიდობება, ჯერ თბილად იკრავს გულში, მერე ხელს უქნევს და უკან მოდის, ოღონდ სახე აქვს საოცრად ბედნიერი, ძველ ფილმებში შეყვარებული ბიჭები გინახავს? აი, ისეთი. მიხარია.

სკამზე მოხუცი კაცი ზის, ფეხი ფეხზე გადაუდვია და გაზეთს ჩაჰკირკიტებს.

არც ისე სუსტი სიოა და ხედავ, რომ ქუჩაში მოძრავ ყველა მდედრს ერთი პრობლემა აერთიანებს – ვარცხნილობა. ამის გამო ვარაუდობ რაოდენ საინტერესო შეიძლება იყოს იმ მაღაზიებში მუშაობა, რომლის ვიტრინებშიც ესენი იყურებიან.

ახლადმოჭრილი ბალახის სუნია რუსთაველზე. დილით მოსასმენი ბოლო სიმღერაც დაიწყო და საათი 10:54-ს აჩვენებს. ცხადია, რომ დააგვიანე, მაგრამ კიდევ არ გენაღვლება რატომღაც, საინტერესო კადრების მოლოდინში აგრძელებ გზას. დაე, დაიწყოს ფლეილისტმა მოქმედება თავიდან!..

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/05/10, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink. 21 Comments.

  1. უკვე შუადღეა მაგრამ მერე რა? ახლა რომ გავალ ვიფიქრებ რომ ასეთი დილაა :)))

    • ახლა შენ ჩემს ნეტს დაანებე თავი😀
      მეც რომ გავალ ახლა კი არ ვიფიქრებ, იქნება ასეთი დილა. შენთანაც ასევე😉

  2. უი ეგეთი დილები დაიწყო უკვე? :)))
    როგორ მიყვარს ეგ შეგრძნება. მე კიდევ დღეს გამოცდაზე მაგვიანდებოდა ისეთი დაფეთებული წამოვვარდი რომ ამინდი თუ კარგია ჯერაც ვერ მოვდივარ აზრზე, თან არც ისე წარმატებულად ვწერე გამოცდა. …
    მიხარია სხვა ადამიანები მაინც თუ გრძნობენ სითბოს და კარგ ხასიათზე არიან❤

    • გამოცდას ეშველება😉
      მე მინდა რომ შენც იგრძნო სითბო და კაი ხასიათზე იყო😉 ჰა, ჭიამაია? ვის გაუგია ჭიამაია ცუდ განწყობაზე? ^_^

  3. ვეცდები გვირილა, აი ვცდილობ უკვე. და ისიც შევამჩნიე რომ შენს ავატარზე გავიელვებ❤
    და მეღიმება :))))

    • ხო, ჩემს ავატარზეც ხარ და ბექრაუნდზეც, მიყვარს მე ჭიამაიები ^_^
      მიხარია რომ ცდილობ, წარმატებები აბა😉

  4. ძალიან საყვარელი პოსტია.
    მართლაც კარგი ამინდი იყო.
    გაზაფხული სულ სხვაა ^^

    • მადლობა ქეთუსი ^_^
      მე მიყვარს ამისთანა ამინდები და შემომებჟუტურება ხოლმე თავისით😀

  5. ნამდვილი რეპორტიორი ხარ ნუ…😀

  6. დილა მშვიდობისა ძვირფასო გვირილა.. ^_^ ერთი როგორ უნდა მოვკვდე, რომ შენთან ერთად ერთხელ რუსთველზე არ გავიარო… უვკე რამდენი თვეა მინდა :))))

    ძალიან კარგი პოსტია, საგაზაფხულოოო

    • მადლობა ჯეს, მიხარია შენი შეფასება :-*
      რუსთაველზე სეირნობას რაც შეეხება, ერთხელაც ვისეირნებთ, აბა რას ვიზამთ კაცო😉

  7. აუჰჰ..
    მზიანი დილა მეც ძალიან მიყვარს (მართალია, დილაადრიან იშვიათად მეღვიძება,მაგრამ..)…
    დილის მზე, რომ გათბობს და არ აცხუნებს.. თან, დილაობით, ჩვეულებრივ, სიწყნარეა.. „უხალხობაა” და ჰაერიც არაა დახუთული და გაჟღენთილი მანქანის გამონაბოლქვით..
    რა ჯობია, ზაფხულში დილის მზეს რომ მიეფიცხები ^^


    ~ ეს განწყობისათვის..

    პ.ს.. კარგი პოსტი იყო ^_^

    • რა კაია რომ მოხვედი, გამიხარდა ^_^
      კი, კი, კი, დილაზე ზუსტად გიწერია, მწველი მზე კიარა, უბრალოდ მზე, რომელიც ათბობს🙂
      ვიდეოსთვის მადლობა :-* ნუ, პოსტის შეფასებისთვის ხომ საერთოდ🙂 მიხარია რომ მსტუმრობ :-*

  8. ჰეჰე.. ამას შევიფერებ ^^ ;**
    ..
    მიხარია, რომ გიხარივარ
    :>

  9. miyvarxar dzalian ♥

    • ვინ მოსულა ჩემთან :-*
      მეც მიყვარხარ სხვათაშორის და ვოცნებობ ჩენს ბლოგზე პოზიტიური პოსტის გამოჩენის დღეზე :-* რაც თავისთავად იმის ნიშანი იქნება, რომ ცხოვრებაშიც მოვიდა პოზიტივი, კიარადა, შეძელი დანახვა😛 :-*
      ♥♥♥♥

      • ჰაჰა🙂🙂🙂 მაგიტომ არ ვწერ ხშირად, რომ ძალიან არ გავანეგატიურო მკითხველი.🙂 ხოდა, მეც მინდა, რომ მალე მვიდეს ჩემი ცხოვრების კარგი პერიოდ, რამდენიმე წელია იგვიანებს😦

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: