ლიტერატურა

ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ეპიზოდი ^_^

ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ეპიზოდი ^_^

“- ტომ!

პასუხი არ არის.

- ტომ!

პასუხი არ არის.

- რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!

მოხუცმა ცხვირზე ჩამოწია სათვალე და სათვალის ზემოდან მოათვალიერა მთელი ოთახი, მერე შუბლზე აიწია და ახლა სათვალის ქვემოდან მიიხედ-მოიხედა. სათვალეში თითქმის არასოდეს იყურებოდა, როცა ეძებდა ისეთ პაწაწკინტელა ნივთს, როგორიც, მაგალითად, ერთი ციცქნა ბიჭია. ეს სათვალე მისი სიამაყე იყო და უფრო სილამაზისათვის იკეთებდა; იქიდან დანახვა ისევე შეიძლებოდა, როგორც ქოთნის სარქველიდან. ერთ წამს მოხუცი დაიბნა, შემდეგ კი არც თუ გაჯავრებით, მაგრამ იმდენად ხმამაღლა, რომ ოთახის ავეჯს გაეგონა, თქვა:

- ჩამივარდები ერთი ხელში და…”

… ამ სიტყვების შემდეგ შეუძლებელი იყო გამეძლო ცდუნებისთვის და პატარა, ცელქი ბიჭუნას ისტორია ერთი ამოსუნთქვით არ წამეკითხა.

მერე უკვე აღარ მახსოვს რას ვკითხულობდი, სად ვშოულობდი და კონკრეტულად რა დროს ვუთმობდი კითხვას. მახსოვს ბალიშის ქვეშ დამალული წიგნი და დილით კითხვის სიამოვნება, შიმშილის გრძნობა შუადღემდე ლოგინში გდების გამო და ერთი ამოსუნთქვით ჩაკითხული გვერდები. საწოლიდან წამოდგომის მომენტიდან საუზმის დამთავრებამდე პერიოდში რომ ისევ იქ ვიყავი, იმ ხალხთან ერთად და მეც ვმონაწილეობდი მათ ცხოვრებაში, ისიც მახსოვს. წიგნთან გატარებული მთელი დღეები მახსოვს და დაღამება, როცა დღის სინათლე ძალას კარგავს და წამის დაკარგვაც არ გინდა იმისთვის, რომ წამოდგე და შუქი ჩართო. ფანჯრიდან შემოსულ სუსტ სინათლეში უფრო სხვაგვარად რომ იკითხება და სიტყვების გარჩევისთვის საკმაო ძალისხმევა გჭირდება. ამ დროს ოთახში შემოსული ცოცხალი არსების დანახვა მხოლოდ იმიტომ გიხარია, რომ შანსი გაქვს კითხვას არ მოწყდე და შუქიც ავტომატურად ირთვება ფაქტიურად. უფრო ხშირად კი “ლამფა” ან სანთელი ბჟუტავს და რაც შეიძლება ახლოს მიუცუცქდები.

კიდევ რა მახსოვს იცი? ყველა პერსონაჟისადმი საკუთარი, სუბიექტური დამოკიდებულება, ყველა მათგანის რაღაცნაირი სიყვარული და დროის გარკვეულ პერიოდში მათი არსებობით არსებობა. ვიცი როგორები არიან ვიზუალურად და მიჭირს დავიჯერო, რომ ისინი ვიღაც გამოიგონა და არარეალურები არიან.

მახსოვს რამდენიმე მიპატიჟების შემდეგ სადილისთვის მეორე ოთახში გასვლის სიმწარე და ამ დროს მხოლოდ პერსონაჟებზე ფიქრი, სადღაც რომ გეჩქარება და გგონია მოვლენები ვითარდება, შენ კი იქ არ ხარ და ჩამორჩი.

ისიც მახსოვს, დიდი ოთახის დალაგება რომ მიყვარდა განსაკუთრებულად, სადაც წიგნებით გაძეძგილი კარადა მეგულებოდა. ვიწყებდი წიგნების გადმოლაგებას და დღემდე ვერ ვხვდები რა მეთოდით, მაგრამ ამ დროს ვარჩევდი ერთ კონკრეტულ წიგნს, ფეხმორთხმით ვჯდებოდი უკვე ძირს დალაგებულ წიგნებს შორის და კითხვას შუა ნაწილიდან ვიწყებდი. თუ ჩამითრევდა სიუჟეტი, მერე უკვე თავიდან ვიწყებდი კითხვას. ყველა ახალი თავის დასაწყისში ვაძლევდი საკუთარ თავს პირობას, რომ ეს იქნებოდა ბოლო თავი და დალაგებას გავაგრძელებდი. ასე გრძელდებოდა საღამომდე, სანამ არ გამახსენებდნენ, რომ გადმოლაგებული წიგნები მაინც დამებრუნებინა თავის ადგილას.

მახსოვს ის ზაფხულიც, როცა მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები შემექმნა და კითხვა ამეკრძალა. ნათესავებთან გამიშვეს დასასვენებლად, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე თითქმის და დღემდე გული მიჩქარის იქ მისვლისას. და როცა ჩემი მეგობარი, ვის გამოც მივდიოდი იქ, სხვაგან აღმოჩნდა წასული და სხვები კიდე მთელი დღე სამსახურში იყვნენ, მომეცა შანსი კვლავ დავბრუნებოდი კითხვას. ხოდა, ვიჯექი იმ შემაღლებულ მაგიდაზე (-ზე და არა -თან), რომელიც ფანჯარასთან იდგა და  წიგნებისთვის იყო განკუთვნილი და ვკითხულობდი მთელი დღე. ერთხელ ისე ჩავერთე სიუჟეტში, რომ ნახევარი საათი აკაკუნებდნენ კარზე ნათესავები და სანამ განწირული კივილი არ დაიწყო ერთ-ერთმა (შიშით, რომ რაღაც მომივიდა, რადგან კარს არ ვაღებ), მანამ ვერაფერი გავიგე.

მახსოვს დოჩანაშვილის “კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” -ს წაკითხვის შემდგომი შთაბეჭდილება. ეს იყო სხვა, რაღაც განსხვავებული, თუმცა დღემდე არ ვიცი რა დავარქვა.

კითხვა სხვა სამყაროა, იქ თავს იდეალურად ვგრძნობ, მავიწყდება ყველა და ყველაფერი, სრულიად ვეთიშები ამ სამყაროს და გადავდივარ იქით. ამ დროს ვგრძნობ როგორ მემატება რაღაც შიგნით, ვიზრდები თითქოს რაღაცნაირად, თითოეული წაკითხული სიტყვა მსიამოვნებს და თითქოს გული ივსება. ვერ აღვწერ სხვაგვარად…

თუმცა ამ ყველაფერს აქვს ერთი დიდი მინუსი –  არასდროს წამიკითხავს წიგნი წინასწარი შერჩევით ან ვინმეს რჩევის გათვალისწინებით. ამიტომაცაა უამრავი ნაგავი რომ მაქვს წაკითხული და ბევრი მართლაც ღირებული უბრალოდ ვერ წავიკითხე. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ დრო ჯერ კიდევ მაქვს და ბევრის წაკითხვას მოვასწრებ. ამიტომაც ვცდილობ ვიკითხო ჯერ ძველი ლიტერატურა და მერე გადავწვდე ახალს, ძველი უფრო ღირებული მგონია. გარდა ამისა, არის წიგნები, რომლებიც წაკითხული მაქვს, მაგრამ არ მახსოვს. მეორედ კითხვისას ვხვდები, რომ სიუჟეტი აშკარად ვიცი. მაგალითად, “შავი ჭირი” მეხუთე კლასში წავიკითხე. და მომემატა რამე დავიჯერო?!

ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ვიყავი წიგნზე დამოკიდებული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა არ მახსოვს თოჯინებით თამაშის ეპიზოდი ბავშვობიდან. სკოლიდან დაბრუნებული მშიერი და დაღლილი დავეგდებოდი საწოლზე და საათობით ვკითხულობდი. და მაშინ, როცა მოხდა ისე, რომ უკვე დრო აღარ მქონდა ამდენი, უბრალოდ ვერ წავიკითხე. ვერ შევეგუე იმ აზრს, რომ ერთი წიგნი შეიძლება ერთი თვე იკითხო. ახლა ვცდილობ ავუწყო ფეხი დროს და შაბათ-კვირას მაინც ვიკითხო ისე, როგორც მინდა, დავბრუნდე სამყაროში, რომელიც ჩემია და სადაც თავს მარტოც იდეალურად ვგრძნობ. თუმცა მარტო არასდროს ვარ, ჩემთან ერთად ის პერსონაჟები არიან, რომელთა ცხოვრებიტაც ვცხოვრობ რამდენიმე დღის განმავლობაში.

მიუხედავად ლიტერატურისადმი ასეთი დამოკიდებულებისა, ვერ ვიტყვი ერთ კონკრეტულ მწერალს, რომელიც სულ ყველას მირჩევნია და მით უმეტეს ნაწარმოებს, რომელმაც კონკრეტული რამე მასწავლა და მისი წაკითხვის შემდეგ შეიცვალა რამე ჩემს ცხოვრებაში. წიგნები და ფილმები ცხოვრებას არ მიცვლიან. კითხვის პროცესი დიდი სიამოვნებაა, მაგრამ მეეჭვება კონკრეტულმა წიგნმა როგორმე შემცვალოს. სხვაგვარად ვუყურებ ლიტერატურას, უფრო პრაგმატულად.

P.S. ხოდა, რატომ ვიბოდიალე ახლა ამდენი :-D ოთიუსმა დაწერა მსგავსი პოსტი და შენი აზრიც მაინტერესებსო. არ ვიცი რამდენად ჩავჯექი პოსტის იდეის ჩარჩოებში, მაგრამ ჩემთვის ესაა ლიტერატურა, მე ასე ვხედავ და აღვიქვამ…

About these ads

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/08/04, in Uncategorized. Bookmark the permalink. 16 Comments.

  1. გრილი წიგნი გაასწორებდა :)))))))))

    • ერთი ცდისპირელი ოცნებობდა ხელთათმანიან საბანზე, კითხვისას ხელებზე რომ არ შემცივდესო და შენ კონდიციონერიანი წიგნი მოინდომე ახლა :-D :-D

      • მოთხოვნა ბადებს მიწოდებას ჩემო გვირილა ასე რომ არაა გამორიცხული მალე რამე მსგავსი საგნები ვიხილოთ :))))))

        • მოთხოვნა-მიწოდების კანონის საწინააღმდეგო არც არაფერი მაქვს და პრინციპში, ვერც შევძლებ დავასაბუთო :-D ხოდა, ველოდოთ მაშინ კონდიციონერიან წიგნს :-)

  2. რა ნაცნობი განცდებია გვირილა! ბავშვობის ტკბილი მოგონებები ამიშალე…,,ტომ სოიერი’’ და კიდევ ბეევრი წიგნი ერთი ამოსუნთქვით რომ წავიკითხე… წიგნების კარადის დალაგებისას მთელი დღე გადმოლაგებულ წიგნებში ვიჯექი და ვიქექებოდი, მერე მეც ან შუა ნაწილს ან კიდევ ბოლოს გადავიკითხავდი და რამდენიმე წიგნს გადავდებდი წასაკითხად..დედაჩემის საყვედურები… თვალის პრობლემები…მამაჩემმა რომ დამიმალა ჰიუგოს ,,კაცი, რომელიც იცინის’’ და დღემდე ვეღარ დავასრულე :( ოო რამდენი რამ გამახსენდა!
    ძალიან კარგად გიწერია, ჩვეული გულწრფელობით ..ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი პოსტია… მართალი ხარ, მომწონს შენეული ხედვა ლიტერატურისა.. ადრე მეც ასე აღვიქვამდი ლიტერატურას, ოღონდ ახლა უფრო სხვა თვალით ვუყურებ … ჩემთვის ლიტერატურა კითხვის დროს დაკარგული თავზე და მიღებულ სიამოვნებაზე მეტი გახდა…(რაღაც ვერ ვთქვი კარგად) ლიტერატურამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა..გამზარდა, ჩამომაყალიბა…
    მადლობა გვირილა, ძალიან სასიამოვნო პოსტი <3 <3 :*

    • მადლობა შენ ასეთი სასიამოვნო კომენტარისთვის. მიხარია, რომ შენც ჩემსავით ყოფილხარ,
      ‘ჩემთვის ლიტერატურა კითხვის დროს დაკარგული თავზე და მიღებულ სიამოვნებაზე მეტი გახდა” – ეს ფრაზა კიდე პირიქით, ძალიან კარგად თქვი. ახლა უკვე ჩემთვისაც სხვაა ლიტერატურა, მაგრმა ისევ ისე მირჩევნია, იქ დაბრუნება მინდა…

  3. არაფრის საყვარელო, იცი სიმართლე გითხრა, მეც ისევ ისე მირჩევნია…იქ დაბრუნება..როცა კითხვა მხოლოდ განცდილი სიამოვნებისთვის იყო..იმ დიდი სიამოვნებისთვის რასაც კითხვის პროცესი მანიჭებდა…

    • ხო… მაგრამ მგონი დროსთან ერთად იკარგება ის შთაბეჭდილებები. ყოველ შემთხვევაში, მე კაი ხანია არ მგონია მსგავსი შეგრძნება.

      • პირველი წაკითხვის სიამოვნება :) აჰმ :)

        • არც თუ ისე. ამ შემთხვევაში მაგაზე არაა საუბარი, პირველი წაკითხვის სიამოვნებაც სხვაგვარია ახლა, ადრე სხვა იყო…

  4. gmadlob gvirila, rom sheni postiT masiamovne :)) :*

    • მადლობა შენ ამ ფრაზისთვის ^_^ და კიდევ იმისთვის, რომ მშვენიერ თემაზე დამაწერინე პოსტი.

  5. ზუსტად ასე ვარ კითხვისას. გადავშლი და იმ სამყაროში ვარ. საშინლად ვერ ვიტან თუ ვინმე კითხვას მაწყვეტინებს, გეგონება ვენარცხები მიწაზე და სხვათაშორის მტკივნეულადაც.
    მიყვარს ძალიან წიგნი რა ვქნა… <3
    ხის ჩრდილი, ჰამაკი და წიგნი….

    • ეჰ… რომ მაწყვეტინებენ მეც არ მიყვარს, თუმცა დიდი ძალისხმევაა საჭირო ამისთვის, როგორც წესი, ათჯერ მაინც უნდა დამიძახონ რომ გავიგო ხმა მაგ დროს :-D :-D

  6. გვირილიკო, იმდენად გულწრფელი პოსტი იყო, რომ საკუთარი ბავშვობა (ისე ახლაც არ მეთქმის დიდი) გამახსენა… კარადის გადმოლაგებაზე ვიხალისე მაგრად :)
    ახლა მეც მიჭირს ნაწყვეტებად კითხვა… მინდა ხოლმე, რომ დრო გაჩერდეს, როცა მე წიგნამდე მივდივარ და როცა მოვრჩები კითხვას, მერე გააგრძელოს ტრიალი დედამიწამ :) ამიტომაც, ალბათ, თითქმის სულ ვეღარ ვკითხულობ ახლა…
    ახლა ვაპირებ გამოვსწორდე…
    ერთადერთი, რაც სხვანაირად იყო-ხოლმე ჩემთან, აუცილებლად თავიდან ვიწყებდი კითხვას და ერთადერთი წიგნი მახსოვს, რომელიც მივატოვე (ისიც სხვისი რჩევით დავიწყე. მე ყდა და წარწერა ცუდ აურას გადმომცემდა რატომღაც :)

    • მე კიდე არც ერთი წიგნი არ მიმიტოვებია და არც ერთი აღწერა (გარეგობის თუ ბუნების), ყველაფერს ვკითხულობდი :-D :-D თურმე ხალხი ტოვებს :-D

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 587 other followers

%d bloggers like this: