შარშან და წელს
შარშან ამ დროს მზიან წვიმაში დავდიოდი, წელს ყოველდღიურ პრობლემებს ვებრძვი;
შარშან ამ დროს ვვარჯიშობდი და ფორმაში ვიყავი, წელს დიეტაზე ერთ დღესაც ვერ ვძლებ;
შარშან ამ დროს ისევ მქონდა მოთმინების დიდი უნარი, წელს ყოველ დღე მგონია რომ ქრონიკული ნევროზი მაქვს;
შარშან ამ დროს უმიზეზოდ მეღიმებოდა, წელს სერიოზული მიზეზი მჭირდება;
შარშან ამ დროს გაზაფხულის სუნს ვგრძნობდი, წელს გაზაფხულსაც ვერ ვგრძნობ;
შარშან ამ დროს წვიმაში ვსეირნობდი, წელს მეშინია არ გავცივდე;
შარშან ამ დროს მყარად მჯეროდა რომ ყველაფერი კარგად იქნება, წელს მეშინია – ვაითუ ასე არ იყოს.
ადამიანები არ იცვლებიან, კონკრეტულ თვისებებს დროებით კარგავენ ან იძენენ. არ შევცვლილვარ არც მე. უბრალოდ ზედმეტი მომივიდა, ზედმეტი დატვირთვა და ნაკლები განტვირთვა.
მარა ერთი რამე ვიცი – სანამ გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ოდესმე სიყვარული წარმომედგინა, კარგად იქნები. და თუნდაც ყოველი დღე იყოს ბრძოლა და შეტაკება, მე კარგად ვიქნები.
მე ისევ შეყვარებული ვარ, ისევ ვიცი, რომ ამ გრძნობით ყველაფერს შევძლებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. ხო, ახლა უკვე ფრაზა “რაც ჩვენზეა დამოკიდებული” გაჩნდა…
მარა ყველაზე მთავარი იცი რაა? შარშან ამ დროსაც კარგად ვიყავი და ახლაც კარგად ვარ.
ისევ ისე მივლის ჟრუანტელი მთელ სხეულში, როცა თვისებურად, რაღაცნაირად მეხუტება. ხანდახან პატარა ბავშვივით მომეხუტება და მგონია რომ უნდა ვიზრუნო მასზე, დავიცვა… ხანდახან კიდე მე მაგრძნობინებს თავს ბავშვად და თვითონ ზრუნავს ჩემზე.
იცი რა კარგად ვარ მასთან?
იცი რა ბედნიერებაა როცა დილით მისი კოცნა მაღვიძებს? მერე თვალებში მიყურებს ხოლმე ისე თბილად, მე ხმის ამოღების ძალა აღარ მაქვს…
ხოდა მეც ვუყურებ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ მე ხატია ვარ და მე ვხედავ მზეს. მზეს და ჩემს სოსოიას… თუმცა ხშირად ეს ერთი და იგივეა…
ცოცხალი კადრი
ზღვა, უღრუბლო ცა და შენ…
ვხედავ შენს სახეს ცის ფონზე, ბედნიერ ღიმილს და მინდა დავაფიქსირო.
და მერე ეს ფოტო სულ თან მქონდეს…
ვიღებ ბევრ ფოტოს და შენ გგონია ვმაიმუნობ. არადა არც ერთი არ გამომდის ისეთი, როგორიც მინდა…
მზე, ზღვა, უღრუბლო ცა და შენ…
თბილი ღიმილი ცის ფონზე…
მინდა ეს კადრი გადავიღო, მაგრამ სხვანაირი გამოდის…
გეხუტები და ვხვდები, რომ არაფერია თუ ასეთი ფოტო არ მექნება. სამაგიეროდ, ვეცდები ასეთი კადრი მქონდეს სულ, ცოცხალი კადრი…
ჩვენი ჩრდილი ქვიშაზე და ზღვის ხმა…
მე ის კადრი მაქვს…
ერთად…
მის სახეს სახით ვეფერები…
სადღაციდან ზემფირას მელოდია ისმის…
თბილი შეხება…
ვეხები სახის ყველა ნაწილს ერთად და ცალ-ცალკე, სახის ყველა ნაწილით, ერთად და ცალ-ცალკე…
მისი სუნი… ყველაზე მეტად მენატრება ხოლმე…
ზემფირას მელოდია ძალებს იკრებს, მე თვალებს ვხუჭავ და სადღაც, სხვა სამყაროში გადავდივარ…
სახით ვეფერები მის სახეს…
. . .
შარშან შემოდგომაზე პირველად ჩამკიდა ხელი… არა, ერთმანეთს ჩავკიდეთ ხელი…
მერე ზამთარი იყო… იმ ხელიდან წამოვიდა სითბო, ჯერ ხელები გაათბო და მერე მთლიანად მე…
გვეშინოდა… ზამთრის, სიცივის… ზაფხულის და სიცხისაც კი… ნელი და ფრთხილი ნაბიჯებით დავიწყეთ…
მაშინ, როცა კუს ტბიდან ვეშვებოდით ქალაქისკენ… მაშინ პირველად შემეცვალა განწყობა დადებითიდან უარყოფითისკენ… მახსოვს… ცალი ხელით საჭე ეჭირა და მეორე მე ჩამკიდა…
და დღემდე, სახლში წასვლისას იცვლება ჩემი განწყობა, თუმცა მე ახლაღა მივხვდი რატომ… უბრალოდ არ მინდა მასთან ყოფნის დრო ამოიწუროს, მერე რა რომ მეორე დღემდე, მაინც…
მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი…
მაშინ ვერც იმას ვხვედებოდი, რომ ასე შემეძლო მყვარებოდა, რომ რეალურად შემიცვლიდა ეს ყველაფერს და რომ რეალობა ზღაპარი იქნებოდა, ან პირიქით…
და ახლაც, როცა სახლში წასვლისას თავისით, სადღაციდან მომეპარება უაზრო განწყობა, ის ისევ იჭერს ჩემს ხელს და მე ვიცი, რომ ხვალ უკვეთესი იქნება, რომ „ხვალ“ ჩემი და მისია, ჩვენი…
. . .
ზემფირა ისევ მღერის საიდანღაც და მე ისევ ვეფერები მის სახეს სახით… მერე რა, რომ ეს მელოდია და ტექსტი არანაირად არ შეეფერება ჩვენს ახლანდელ მდგომარეობას.
კისერზე ვკოცნი და მის სუნს ვგრძობ, რომლითაც მილიონში ამოვიცნობ. მის სუნს და მის შეხებას…
სახით ვეფერები მის სახეს…
გა-დაღლა…
დავიღალე… უბრალოდ კი არა, ძალიან დავიღალე…
ვხვდები, რომ თანდათან ვკარგავ კონტროლს საკუთარ თავზე, რომ ნამდვილი ხატია ცოტაღა დარჩა ჩემში და საკუთარი თავის ნარჩენებიღა ვარ…
მთელი დღე სამსახურში და ერთი პოზიტიური ფიქრი – საღამოს ისევ ვნახავ, ისევ ისე თბილად ჩამეხუტება და ყველაფერი გამივლის.
არაფერი მინდა მასთან ყოფნის გარდა. მინდა ერთად გადავიკარგოთ სადმე ცოტა ხნით, მარტო ჩვენ.
კარგად მხოლოდ მაშინ ვგრძნობ თავს, როცა მასთან ვარ…
არ მინდა მინისტრობის კანდიდატები მესიზმრებოდეს. გემრიელი, ჩემებური ძილი მინდა, თუნდაც ძველებურად უსიზმრო…
ჩვენი შაბათი და კვირა მინდა…
სეირნობა მინდა საღამოს…
მინდა ამ სეირნობის ძალა მქონდეს და სამსახურის მერე უსულო საგანივით არ ვეგდო მანქანაში…
მინდა არ ვწუწუნებდე და არ ვბუზღუნებდე…
მინდა სამსახურში ისევ არ უკვირდეთ ჩემი ღიმილი, განსაკუთრებულ შემთხვევად არ თვლიდნენ. მინდა ისევ ისე ვიყო ღიმილის განწყობაზე, როგორც ადრე…
ბათუმი მინდა და სახლი, მაგრამ იქ მარტო ვიქნები, მის გარეშე და ვერ გავძლებ, ვერ შევძლებ…
სადმე ტყეში, მიკარგულში მინდა წასვლა მასთან ერთად…
ტყეში მასთან ერთად…
მინდა ერთად ვიძინებდეთ და ვიღვიძებდეთ…
მინდა ჩემს ხელში მის თბილ ხელს ვგრძნობდე, გული რომ მითბება ისე…
მარტო ჩვენ, ცოტა ხნით მაინც შორს ყველაფრისგან…
მინდა ორივემ დავისვენოთ და ადამიანების სახე დავიბრუნოთ.
მინდა მის ღიმილიან სახეს ვხედავდე და მეც არ მშორდებოდეს სახიდან ღიმილი, ღიმილი მისთვის…
ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ასე გვინდა… ვიცი, რომ მასთან ერთად სულ კარგად ვიქნები…
უბრალოდ რესტარტი მჭირდება ყველაფრისგან… ყველაფრისგან მის გარდა…
მცირე მონოლოგი
გახსოვს რამდენს ვსაუბრობდი აწმყოზე? იმაზე, რომ მთავარია აწმყო არ დაივიწყო და თუ თითოეული წამით იცხოვრებ, მომავალშიც შეძლებ გზის გაკვლევას…
იმაზე, რომ უნდა შეძლო ბედნიერი იყო ახლა და მხოლოდ მომავლის ბედნიერებით არ იცხოვრო…
იმაზე, რომ უნდა გადახედო შენს კრიტერიუმებს ბედნიერებისთვის, იქნებ შეიცვალა რამე და ახალი პუნქტებია ჩასამატებელი, რამდენიმე ძველი კი აღარაა საჭირო…
იმაზე, რომ იცოდე რა არის შენთვის ბედნიერება ამ კონკრეტულ მომენტში…
სრულყოფილება გიგრძვნია? მე კი… იცი როდის? როცა ერთად ვართ, როცა მის მკლავებში ვარ და სული მეხუთება ბედნიერებისგან…
მეშინოდა გრძნობების…
მეშინოდა რომ მეტკინებოდა და უფრო მეტად იმის მეშინოდა რომ ვატკენდი…
მერე ბედნიერების მეშინოდა, მეგონა რომ არ არსებობს ასე კარგად ყოფნა, რომ ეს ადრე თუ გვიან დამთავრდება…
ერთ რამეს მივხვდი – ყველაფერი აუცილებელი, რაც მჭირდება, უკვე მაქვს.
სითბო მაქვს, ჯერ კიდევ ზამთრიდან მომყვება და გაყინულ ხელებს მითბობს…
გრძნობა მაქვს, რომელიც არ ვიცი საიდან, როდის, ან რატომ მოვიდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს.
ადამიანი მყავს, ადამიანი რომელიც მაბედნიერებს…
ბედნიერი ვარ რომ ვიპოვე, რომ ზუსტად ის ვიპოვე და არა სხვა.
და მე ისევ იმ აზრზე ვარ – ჩემი სიყვარული არ იქნება მატერიალური.
მე მინდა ნულიდან დავიწყოთ და ჩვენი ხელით შევქმნათ ყველაფერი, ერთად…
მე არ ვგეგმავ მომავალს, არ ვიცი რა იქნება ხვალ. მხოლოდ ის ვიცი, რომ მინდა ჩემს მომავალში არსებობდეს, აუცილებლად…
მინდა ყოველი დღე მისი კოცნით იწყებოდეს და მთავრდებოდეს…
მინდა შემეძლოს მასზე ვიზრუნო, მინდა ჩემთან კარგად იყოს.
ხანდახან პატარა ბავშვივით მომეხუტება ხოლმე და მე მგონია რომ შემიძლია დავიცვა, გავაძლიერო…
და ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? მეც ასევე შემიძლია მივეხუტო, თავი პატარა ბავშვი მეგონოს, ვიბუზღუნო და ვიცი რომ ჩემს გვერდით იქნება…
მე არ ვიცი რა იქნება ხვალ, მაგრამ ძალიან მომწონს დღეს…
და ხვალ სრული სიცარიელეც რომ იყოს, ერთი რამ ნამდვილად ვიცი – დღეს იმდენად ლამაზია ყველაფერი, ეს ამად ღირს.
ვიცი რომ არ დავფრინავ ღრუბლებში და ამ ყველაფერს იმიტომ არ ვამბობ, რომ ახლა მეჩვენება ლამაზად და მერე შეიძლება სხვაგვარად იყოს. არანაირად…
ისიც ვიცი, რომ დატვირთული დღის შემდეგ ფაქტიურად ერთადერთი პოზიტივი მაქვს და ეს პოზიტივი იმხელაა, ყველა ნეგატივს ამარცხებს.
კიდევ ის ვიცი, რომ ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ.
და მინდა შენც იყო ასე… ხო, შენ, რატომღაც რომ შემოდიხარ ჩემს ბლოგზე, ამ ნაბჟუტურებს კითხულობ, გესმის ან არ გესმის ჩემი… ამას რა მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ მინდა შენც ასე იყო, ასე გიყვარდეს და ასე უყვარდე, იმიტომ რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, მართლა…
მე მინდა
მე მინდა ვიყო ქარი,
რომ აგიწეწავს თმას,
ქვეყნად არ არის ქალი, -
შენ არ სჯობნიდე მას.
მე მინდა ვიყო ტოტი,
რომ ჩაეჭიდო შენ.
როცა გეძახი, მოდი,
მოგეფერები, მელ…
ზღაპარს ვაცოცხლებთ, იცი,
მე მინდა ვიყო ხე,
რომლის ჩრდილის ქვეშ სიცილს,
არასდროს შეწყვეტ შენ.
მინდა ლამაზი ,,ჩვენი”
გავაფერადოთ სულ,
როგორც მწვერვალის წვერი,
ისე წმინდავდეს სულს.
მინდა, რომ ვიყოთ ერთი,
ყველაზე დიდი ზღვა,
ტალღები, რომლის გვერდით
წვეთი იქნება სხვა…
ზღაპარი…
…გავჩერდი, ჩაკიდებული ხელი გავუშვი, მისკენ მივტრიალდი, ცერებზე დავდექი და კისერზე ვაკოცე… ვაკოცე ბევრჯერ, ისე, თითქოს ის წყალი იყო და მე მოწყურებული მგზავრი…
ძალიან მომენატრა, სულის შეხუთვამდე…
მივეწებე და ვეღარ მოვშორდი, ეს უბრალოდ აღემატებოდა ჩემს ძალებს…
მერე იყო ზღაპარი, მთელი სამი დღე…
მეოთხე დღეს არ მჯეროდა რომ ზღაპარი დროებით შეწყდა… არც შემწყდარა, ვირტუალურად გაგრძელდა უბრალოდ…
ორი დღე დაგროვილი ემოციით ვუმკლავდებოდი მონატრებას, მესამე დღეს ისევ ისე შემეკუმშა გული…
მერე არ ვიცი რამდენი დღე გავიდა ასე… ერთხელაც მივტრიალდი და ჩემს უკან იდგა, რეალური… წარმოგიდგენია?
ისე მაგრად მოვეხვიე, შემეშინდა არ დამეხრჩო…
ისევ ზღაპარი… ყველაზე ლამაზი დღე, ყველაზე დიდი სითბო…
ვსხედვართ ზღვასთან და მზესთან სულ ახლოს… მე ვირუჯები, ის მეხუტება და მიკვირს რატომ არ მაწუხებს ზაფხულის სიცხე… ძალიან რომ გცივა და ჩახუტება გათბობს ისე ვარ…
საღამოა და ისევ ზღვასთან ვართ… ისევ გულში მიკრავს და მე პატარა ბავშვი მგონია თავი, რომელსაც უვლიან და ცდილობენ სითბო არ მოაკლონ…
ტირილი მინდა… ამჯერად ბედნიერებისგან…
მიყვარს… ისე მიყვარს რომ… რომ ვერ ვამბობ, არ ვიცი როგორ ვთქვა…
მიხარია რომ არსებობს ჩემს ცხოვრებაში…
მე არ ვიცი რა არის სიყვარული… მე ვიცი როგორია ჩემი სიყვარული…
მე არ ვიცი რა არის ბედნიერება… მე ვიცი როგორია ჩემი ბედნიერება და ისიც ვიცი, რომ ჩემი ბედნიერება მის გარეშე არ არსებობს…
მაბედნიერებს და ვიცი, ყველანაირად ვეცდები მეც რომ გავაბედნიერო…
კარგად…
ასე მოკლედო?
ხო, ამ ყველაფერს კარგად ყოფნა ჰქვია თქო…
ვერ მოვიფიქრე სხვაგვარად როგორ მეთქვა დიდი ხნის უნახავი მეგობრისთვის ჩემი ამბები.
ხოდა კარგად ვარ…
არის ცხოვრებაში მომენტები, როცა არ გჯერა ასე კარგად თუ ხარ…
და მაინც, მე კარგად ვარ.
მიუხედავად იმისა, რომ ისე მენატრება, ვერ გადმოვცემ; მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაზე მეტად ცხელ თბილისში ყოფნა მინდა; მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ყოფნის ყოველი დღე უფრო და უფრო რთულდება…
კარგად ვარ…
გახსოვს? ადრე ვამბობდი სადმე რომ მიდიხარ რაღაცას ტოვებ ან რაღაც მიგაქვს თქო… ადრე ბათუმში ვტოვებდი ყველაფერს და თბილისიდან ამ ყველაფრისთვის მოვდოდი. თბილისში არაფერს ვტოვებდი, ყველაფერი ბათუმში მომყვებოდა…
ახლა დავტოვე… ყველაფერი…
ის სამი დღე… შენ არ იცი როგორი სამი დღე მქონდა… ყველაზე ლამაზი მთელს მსოფლიოში… ზაფხული ყველაზე ლამაზი სამი დღე… მთელი დღე ერთად, წყალში და ხმელეთზე…
სითბო… იმდენი სითბო რომ გეშინია გული არ გასკდეს…
შენ იცი რა ბედნიერებაა როცა ის, ვინც გიყვარს, სიგიჟემდე შეყვარებული თვალებით გიყურებს?
როცა უბრალოდ ვერ ახერხებ ხმის ამოღებას და უყურებ, რეალურს…
ისე მენატრება, ისე რომ…
მაგრამ იცი რა? კარგად ვარ…
კარგად ვარ… იმიტომ რომ შემიძლია ასე მიყვარდეს; იმიტომ რომ შემიძლია ასე მენატრებოდეს; იმიტომ რომ მყავს ადამიანი, ვინც მეიმედება; იმიტომ რომ მხოლოდ ეს ურთიერთობაც მაბედნიერებს; იმიტომ რომ მასთან რაღაცნაირად ვარ, სრულყოფილად და მის გარეშე კი თითქოს სხეულის ნაწილი მაკლია…
და იცი კიდევ რატომ ვარ კარგად? იმიტომ რომ რამდენიმე დღეში ისევ ვიგრძნობ მის თბილ ჩახუტებას და ბედნიერებისგან ვიტირებ… და არასდროს, არასდროს წავალ ამდენი ხნით…
შენთან…
რა კაია შენთან…
სხვანაირად ვარ, სრულყოფილად…
რაღაცნაირად, მშვიდად…
აბა როგორ შეიძლება არ ვიყო კარგად, როცა ისე მიყურებ, თითქოს… თითქოს შეუფასებლად ძვირფასი ვიყო.
პატარა ბავშვივით რომ მაჭმევ სალათს და რაღაცებს მატყუებ რომ ბევრი ვჭამო
ახლა საშინლად მინდა წვიმაში ვისეირნო, შენთან ერთად… ჩემი ხელი გეჭიროს შენებურად, თბილად და ათას სისულელეზე ვსაუბრობდეთ.
ადრე მეგონა რომ ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და არ შეიძლებოდა ასე კარგად ყოფნა რეალური ყოფილიყო. ახლა მივხვდი რომ შესაძლებელია.
შესაძლებელია ჩახუტება საკმარისი იყოს ბედნიერებისთვის…
შესაძლებელია საათები ისე გავიდეს, ვერ გაიგო…
შესაძლებელია “სხივისი” ტკივილი გტკიოდეს და სიხარული გიხაროდეს…
შესაძლებელია გიყვარდეს ისე რომ… თითქოს სული გეხუთება…
შესაძლებელია სიმაღლის გეშინოდეს, მაგრამ ხიდიდან ჩახუტებული გადმოხტომა დიდი სიამოვნება იყოს
შესაძლებელია ისე გენატრებოდეს, ისე, რომ…
შესაძლებელია იყო ბედნიერი და აცნობიერებდე ამას, აწმყოში! და ეს გაძლევდეს სტიმულს იმისთვის, რომ მომავალში კიდევ უფრო ბედნიერი იყო.
შესაძლებელია გინდოდეს იზრუნო ვინმეზე, მოუარო, თბილად გყავდეს
მე მომწონს “ჩვენ”… და ყველაფერი ის, რაც ჩვენია.
გახსოვს, ადრე მინდოდა გავმქრალიყავი ცოტა ხნით, სხვა სამყაროში გადავსულიყავი… ახლაც ასეა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მინდა შენთან ერთად დავიკარგო სადმე…
რა კაია შენთან…












